QronikaPlus
პაციენტი ცნობილი ქირურგების წინააღმდეგ!

პაციენტი ცნობილი ქირურგების წინააღმდეგ!

2016-06-04 08:24:17

დავით ფერაძე: „ამ ქვეყანაში ექიმების სოლიდარობა უფრო წინ დგას, ვიდრე უბრალო ადამიანის უფლება!“ დედაქალაქში მცხოვრები დავით ფერაძე საქართველოში ცნობილ ექიმებს პაციენტების მიმართ დანაშაულებრივ ქმედებაში სდებს ბრალს. საქმე ეხება მის დედას, პენსიონერ ლეილა ფერაძეს, რომელმაც ერთი თვალიდან მხედველობა სრულად დაკარგა. ის ექიმიდან ექიმთან დადიოდა, რომ გაეგო, ვისი მიზეზით მიიღო ზიანი, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ექიმებს შორის პროფესიული სოლიდარობა უფრო მეტი ღირებულების აღმოჩნდა, ვიდრე პაციენტის უფლება. ფერაძეებს აუდიომასალის სახით ექიმების დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ, ისინი ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.   „ქრონიკა+“-ს დავით ფერაძე ესაუბრება: _ ყველაფერი დაიწყო 2 წლის წინათ, დედაჩემს დასჭირდა კატარაქტის ოპერაციის გაკეთება. საყოველთაო დაზღვევის პროგრამით ვისარგებლეთ და გადავწყვიტეთ, რომ „ახალი მზერისთვის“ მიგვემართა. გლდანის ფილიალში მივედით, მაგრამ ქირურგი საზღვარგარეთ მიდიოდა და ოპერაციის გაკეთება ვერ მოახერხა, ამიტომ ვაკეში, ცენტრალურ კლინიკაში მივედით. გლდანის ფილიალში ანკეტა გაიხსნა, ოპერაციაზე თანხმობა გვქონდა, სადაც არ იყო ნათქვამი, ისეთი დაავადება გჭირს, ხელი მოაწერე, რომ შესაძლებელია, ოპერაციას დაბრმავება მოჰყვესო, რაც შემდგომში მოხდა. საქმე ის არის, რომ რამდენიმე წელია, დედაჩემს თვალისა და პირის სიმშრალე აქვს, ბევრი გამოკვლევა ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ შეგრენის სინდრომი იყო, აუტოიმუნური დაავადებაა და განუკურნებელია, ამიტომ ექიმმა თვალის ხელოვნური წვეთები დაუნიშნა. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ვთქვით, ექიმმა ონისე ცერცვაძემ დედაჩემს უთხრა, _ ოპერაცია გაიკეთე, მხედველობა დაგიბრუნდება და თვალის წვეთების ჩაშვება გააგრძელეო. ეს ანკეტა ხომ გაიხსნა გლდანის ფილიალში, ვაკეში რომ მივედით, იქაც ხელმეორედ ჩატარდა პაციენტის გამოკითხვა, მოვხვდით მთავარ ექიმ ია ვარდანაშვილთან. ამ დაავადების შესახებ, რა თქმა უნდა, იქაც ვუთხარით, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევიათ. მოკლედ, 21 მაისს კლინიკის დირექტორმა მერაბ დვალმა და მთავარმა ექიმმა ია ვარდანაშვილმა ოპერაცია გაუკეთეს, 15 ივნისს კი თვალი გაეხვრიტა. მეორე დღეს კლინიკაში მივედით. ვარდანაშვილმა თვალში ჩახედა, შეწუხდა და დვალთან შეიყვანა. კარი დახურული იყო, მაგრამ ხმა მაინც გავიგე, ვარდანაშვილს უყვიროდა, _ რატომ გაუკეთე ოპერაციაო?! დავეჭვდი და ტელეფონით საუბრების ჩაწერა გადავწყვიტე. აბსოლუტურად ყველა ჩანაწერი მაქვს. გამოვიდნენ დვალის კაბინეტიდან და ვარდანაშვილი მეუბნება, _ პატარა პერფორირებული უბანია და მალამოები სჭირდებაო. წამოვედით სახლში, შუადღისას ვარდანაშვილმა ისევ დამირეკა, _ ერთ ქირურგს კიდევ მინდა ვანახოო. მივედით კლინიკაში და დასდევს ექიმ ნიკო ლაბაურს, რომელიც გაცილებით რთულ ოპერაციებს აკეთებს, ეხვეწება და ეკითხება, რა გავაკეთოო? მეორე დღესაც დაგვიბარა, ნიკომ უთხრა, _ ია, სერიოზულად არის საქმე და აუცილებლად უნდა დაიხუროს, თვალი გახვრეტილიაო. პროცესი რომ დროებით შეეჩერებინა, თვალში რაღაც წებო ჩაასხა, მერე თვალზე ლინზა დააფარა, დედაჩემს საშინელი ტკივილები დაეწყო, წნევამ აუწია... კერა დროებით დაილუქა, რომ ინფექცია არ წასულიყო. ექიმმა ლაბაურმა თქვა, _ აუცილებელია რქოვანის გადანერგვაო. ის დღეები ნიკოსთან გვატარეს, ოპერაციის დღე დაინიშნა. მენეჯერთან რაღაც სტანდარტებზე მაწერინებენ ხელს, შემომიცურეს თაბახის ფურცელი, სადაც წერია, რომ პირობას ვიძლევი, სექტემბრამდე მივიტან 6200 ლარს. გადავხიე ეს ფურცლები, ჯერ გასარკვევია, თვალი რატომ გაიხვრიტა, მერე პირობას ვიძლევი, რომ ამათ ათასები უნდა მოვუტანო! მეკითხებიან, _ რას არ ეთანხმებით, რომ ფულია თქვენი გადასახდელიო? ეს ნერვების ფასად დამიჯდა, მაგათთან ბრძოლა საშინელებაა. მოიტანეს სხვა ფურცელი, სადაც წერია, _ მსურს გავიკეთო რქოვანის გადანერგვა, ვაცნობიერებ, რომ ამას შეიძლება თვალის დაკარგვაც მოჰყვეს, რის შემდეგაც არ დავადანაშაულებ არც ექიმს და არც მატერიალურ საკითხებზე მექნება პრეტენზია... ავდექი და ხელით მივაწერე, _ აქ კატარაქტის ოპერაციაზე მოვედი და არა რქოვანის გადანერგვაზე, რომელ სურვილზეა საუბარი, ან რას ჰქვია, პრეტენზია არ მექნება-მეთქი? გამოუვალ მდგომარეობაში ვარ, რაღაც შეგეშალათ და იძულებული გავხდი, ასე მოვიქცე, როგორ გეკადრებათ, პრეტენზიები ახლაც მაქვს და მერეც მექნება-მეთქი. ჩამოვიდა ია, დათო მეუბნება, _ ხელი მოაწერე, დედა არ გიყვარს, ხალხი გველოდებაო... ვითომ ისინი ზრუნავენ, მე კიდევ დედაჩემს არ ვუშვებ საოპერაციოდ. _ ბოლოს ჩატარდა ოპერაცია? _ მოკლედ, ეს ოპერაციაც გაკეთდა და თვალი რამდენიმე დღეში იმავე ადგილას ისევ გაიხვრიტა. კლინიკაში ყოველდღე დავდიოდით, რამდენჯერმე საოპერაციოშიც ჰყავდათ შეყვანილი, 23 ივლისს ღამის 12 საათი დაიწყო, ანესთეზიოლოგი გამოვიდა, მერე ია გამოჰყვა, დავეჭვდი. მეორე დღეს ვიკითხე, _ რა გაუკეთეთ-მეთქი? _ ნაკერებია მოშვებული და ის გავუკვანძეთო. 2 საათი იყვნენ შიგნით! მოკლედ, დამიმალეს და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, რქოვანის გადანერგვა მეორედ გაუკეთეს. ამათ შემხედვარე დედაჩემი სხვადასხვა ექიმებთან დამყავდა. ორთაჭალაშიც მყავდა მიშა ომიაძესთან. თქვა, ძალიან სერიოზული პაციენტიაო, ხელი არ მოჰკიდა. ვუთხარი, _ სპეციალიტი თქვენც ხომ ხართ და რისი ბრალია, მითხარით-მეთქი? _ ექიმის გაფუჭებული რომც იყოს, კოლეგიალობიდან გამომიდნარე, არ გეტყვითო. ვაკეში კლინიკა „გიდმედში“ ექიმ ლიზა ვარაზთან მივიყვანე. ის ექიმი წამალს დანიშნავდა, ია ეწინააღმდეგებოდა, _ მაშინ პასუხისმგებლობა იმან აიღოსო. ლიზა ექიმმა მითხრა, _ თუ არ გამთქვამ, გეტყვი, რქოვანა კიდევ არის გადანერგილიო, მაგრამ რომ მიხვიდეთ და პოზიციის დაფიქსირება სთხოვოთ, ხმას არ ამოიღებს. მითხრა, _ შენი ჭირიმე, მაგათთან ომის თავი არ მაქვსო. _ დავუბრუნდეთ ოპერაციას... _ კიდევ გაფუჭდა რქოვანა, „კურაციოში“ ექიმ ბახტაძესთან მივიყვანე და თქვა, _ თვალი სასწრაფოდ ამოსაღებიაო. ისევ მივედით „ახალ მზერაში“, ვაჩვენე ბახტაძის დასკვნა, _ ახლა რა გავაკეთოთ-მეთქი? დვალი მეუბნება, _ აღარ ვიცი, რა ვქნა, „ოფთალმიჯში“ გიორგი ჯავრიშვილთან მიდითო. დვალმა ტექნიკურად მოგვიშორა, ერთი სული ჰქონდა, ვიღაცას მოეკიდა ხელი. მერე ამბობდა, ყველაფერი კარგად გავაკეთე, სხვაგან წავიდნენ და რა ვიცი, იქ რა გაუკეთესო? ჯავრიშვილმა თქვა, გადარჩენის შანსი 10%-ია, მაგრამ ფული ღირსო. მივედი ამ პასუხით ისევ დვალთან და ვუთხარი, _ ბატონმა გიორგიმ ბრძანა, რომ გააკეთებს ოპერაციას და ფულია გადასახდელი-მეთქი. იმ პერიოდისთვის 2800 ლარი ჩაგვირიცხა ჯანდაცვის სამინისტრომ, _ ამ თანხას ჯავრიშვილს გადაურიცხავთ და დანარჩენსაც თქვენ დაამატებთო. _ მე საშუალება არ მაქვს-მეთქი. კლინიკის დირექტორთან გამიშვა, შელაპარაკება მომივიდა. მმოძღვრავდა, _ თუ სასამართლო დაამტკიცებს, რომ ჩვენი გადასახდელია, მაშინ გადავიხდითო. დავემუქრე, _ კაბინეტიდან არ გამოგიშვებთ-მეთქი! და მეორე დღეს იურისტს დაარეკინეს, _ დაწყნარდი, თანხას გადაგირიცხავთო. ჯავრიშვილმა თავიდან მითხრა, _ თუ კლინიკა ფულს გადაიხდის, 1500 ლარს დავუკლებ ჩემს ჰონორარსო. მერე მივხვდი, ეს იმიტომ გააკეთა, რომ თავის კონკურენტს, რომელთანაც ძალიან ცუდად არის, აჩვენა, ოპერაციას გავაკეთებ და ჩემს ჰონორარსაც არ ავიღებ, შენზე მაგარი ვარო... 1500 ლარი დაუკლო, სამინისტროდან გადარიცხული 2800 ლარი ჯავრიშვილს გადაურიცხეს, 2500 ლარი კიდევ იყო გადასარიცხი და ამაზე ლამის ინსულტი დამმართა. ბოლოს ოპერაცია ჯავრიშვილმა გააკეთა. ამ დღეს შემოდის პალატაში, მოჰყვება დედაჩემის მკურნალი ექიმი მაია თოთლაძე, მანამდე ჯავრიშვილი დერეფანშიც შემხვდა და მითხრა, _ ბროლი ამოვიღე, მაგის ბრალი იყოო. მერე პალატაში იგივე გაიმეორა, _ ბროლი იყო მოკეცილი, შიგნიდან თვალს აწვებოდა და ეს ხვრეტდა ერთსა და იმავე ადგილასო. ჩაწერილი მაქვს, ოპერაცია დაწვრილებით აღწერა. რად უნდა ამას პროფესორობა, ძალიან მარტივია ეს ყველაფერი, ექსპერტობა რა საჭიროა? _ ჯანდაცვის სამინისტროს არ მიმართეთ? _ დიახ, ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება დავწერე. შეისწავლეს აღნიშნული საქმე, მაგრამ დასკვნამ ძალიან დააგვიანა. ბოლოს, როდესაც დასკვნა დაიდო, იქ ცალსახად იყო აღნიშნული, რომ დედაჩემს აქვს სიმშრალე, რაც იწვევს რქოვანის დაზიანებას. დვალს უწერია, რომ კეთილი ნების საფუძველზე მოხდა თანხის გადარიცხვა „ოფთალმიჯში“ და დედაჩემის ოპერაციის დაფინანსება. „ოფთალმოლოგთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ოლეგ გოლოვაჩოვმა ცალსახა გადაწყვეტილება მიიღო და ექიმი გაამართლა, პაციენტის მდგომარეობით კი არავინ დაინტერესებულა. არაფერ შუაში რომ არ იყო სიმშრალე კატარაქტასთან, ჯავრიშვილმაც მითხრა, ჩიჩუამაც და თითქმის ყველა ოფთალმოლოგმა. სამინისტრომ გაითვალისიწანა, რომ, თურმე, დვალი ქველმოქმედი ყოფილა და ოპერაციებს აფინანსებს, შენ კიდევ ინტრიგანი ხარ, წადი, მოუსვი სახლში, აი, ეს არის... ჯავრიშვილმა ბოლოს ჩვენც შეგვაქცია ზურგი, რის შედეგადაც დედაჩემისთვის წნევების დარეგულირება ვერ მოხერხდა. თვალში სინათლე რომ დაკარგა, სხვა ექიმმა გვითხრა, თქვენი ბრალია, წვეთებით უნდა დაგერეგულირებინათო. ჯავრიშვილს ვთხოვე, რომ დასკვნა დაეწერა, რა მდგომარეობაში იყო პაციენტი, როდესაც მის კლინიკაში შევიდა და რა გაუკეთდა. 2 დღე აქეთ-იქით მატარა, მერე დედაჩემის მკურნალ ექიმთან მივედი და ის მეუბნება, _ არ უნდა დაწერა, ასე თქვა, მე რომ მომსვლოდა, იმას უნდა დაეწერაო?! რა გააკეთოს დედაჩემმა?! მოქალაქე დავით და ლეილა ფერაძეებო, წადით, დასხედით სახლში, აქ „ცეხი“ გვაქვს, ყოველ თვე მილიონებს ვაკეთებთ, შენნაირები გამოხტებიან, იხტუნავებენ, წადი, რა, არ გვინდა... ეს დამოკიდებულება მაგიჟებს! ბოლოს მივხვდი, რა წრე შეიკრა: ჯავრიშვილი ჩემ გვერდით რომ იდგა და ზრუნავდა, იმათ შეეკრა და ეს გზა აირჩია. საბოლოოდ, უარი გვითხრა. მერე ადვოკატი ავიყვანე და მასთან ერთად მივედი, მამობრივი დარიგებები დაგვიწყო. ადვოკატი ეკითხება, _ რისი მსხვერპლნი ვართო? და გვიპასუხა, _ ამას საქართველოში ვერ დაადგენთ, ამ ქვეყანაში არის ნაცნობობა, ამ ქვეყანაში არის პრინციპი, რომ ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს, თვალის სულ 5 ქირურგი ვართ საქართველოშიო... ადვოკატი ეუბნება, _ სასამართლო პროცესები რომ გაიმართება, ექსპერტიზა დასჭირდებაო. პასუხობს, _ ზუსტად მაგას გელაპარაკებით, სად არის მერე აქ ექსპერტიზაო? მწარე სიმართლე ილაპარაკა და სწორედ ამით არიან გათავხედებულები. სასამართლოს ექსპერტიზა რომ დასჭირდეს, უნდა წახვიდე სამხარაულის ბიუროში, იმათ უნდა მოიწვიონ ალექსანდრე (შურა) ჩიჩუა, ლიცენზია მაგას აქვს. ჩიჩუას სიტყვებიც ჩაწერილი მაქვს, „არამიანცის“ საავადმყოფოში აქვს კლინიკა „მზერა“, მრავალპროფილიანია, იმას უფრო „ნავაროჩენი ცეხი“ აქვს, ჩიჩუას სიტყვებია, _ ექიმი ექიმზე არასოდეს დაგიწერს კომპრომატსო. აქ დედაჩემი სად არის, რა გვეშველება?! ეს სისტემა აბსოლუტურად გახრწნილია. შეიძლება, ჯანდაცვის სამინისტრო ზრუნავს და მადლობელი ვარ, 2800 ლარი ჩაგვირიცხა, მაგრამ რისთვის? ამათი „ცეხები“ რომ ამუშაოს?! შარშან დედაჩემს მეორე თვალზეც დასჭირდა კატარაქტის ოპერაცია და ჩიჩუას შვილმა გაუკეთა „მზერაში“. თუ ეს შეგრენის დაავადება თვალებს ხვრეტს, გაყალბებულ დოკუმენტებში რომ უწერიათ და სასაცილოდ არ ჰყოფნის არავის, აბა, მარცხენა თვალზე რატომ ჩატარდა ოპერაცია კარგად?! ვერ გაშალეს, თუ არ გაიშალა ლინზა, ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს! რომ ეთქვათ ასეთი რაღაც,  ყველანაირად ვეცდებით გამოსწორებასო, ადამიანი დაბრმავდა, მაგრამ შეიძლება არ მქონოდა ასეთი აგრესია. ინვალიდობის ჯგუფის დადგენა გვინდოდა. გვითხრეს, რომ ჩიჩუას კლინიკაში კეთდებოდა. მივედით, 200 ლარი გადაგვახდევინეს, მეორე დღეს მივედით, დაიწყო გადარეკვა-გადმორეკევები და უარი გვითხრეს. ექსპერტი ირინა მიხსნის, რომ თურმე ჯუნგლების კანონია, ყურს საიდანაც გინდა, მოაბამ. ყველგან ვჩხუბობ, თქვენ დამრჩით-მეთქი. ხმა რომ ამოვიღე, მითხრეს, უკან აიღეთ თქვენი ფულიო. 167 ლარი დააბრუნეს, 33-ლარი პანღური რომ ამომარტყეს, იმაში გამიქვითეს. ავედი ჩიჩუასთან და მეუბნება, _ დედაშენმა მეორე თვალზე რომ გაიკეთოს ოპერაცია, მე-3 ჯგუფის ინვალიდი იქნება, ახლა პირველი ჯგუფიაო. მომეცი-მეთქი მესამე ჯგუფი და ახლა მეუბნება, დამიჭერენო. გამოვედი გამწარებული და იმ ექსპერტთან მივედი, ჯუნგლების კანონზე რომ მელაპარაკებოდა. ვუთხარი, _ რამე პრობლემა რომ შეგვექმნას, თქვენი ბრალი იქნება-მეთქი. თითით მანიშნა, _ მე კი მოგცემდით ჯგუფს, მაგრამ ის არ მრთავს ნებასო... ჩიჩუა იგულისხმა. „ცეხავიკი“ შურა ქურდად ზის და გამოპანღურებაში 33 ლარს გახევს. ვეუბნები, _ თქვენ წინაშე დგას ადამიანი, არის თუ არა ინვალიდი-მეთქი? მპასუხობს, _ კი. _ მომეცი საბუთი-მეთქი! მეუბნება, _ ვერ მოგცემ! მოკლედ, ყური მოაბეს იქიდან და მე დავრჩი აქეთ. მერე იურისტთან ერთად მივედი და რომ დაინახეს, სერიოზულად მივუდექი ამ საქმეს, ბოლოს მოგვცეს მე-3 ჯგუფის ინვალიდობა. თუ წინა დღით იჭერდნენ `პატიოსან~ შურას, მერე აღარ დაიჭერდნენ?! _ ახლა რა ეტაპზე ხართ? _ სარჩელი სასამართლოშია შეტანილი ყველას წინააღმდეგ. მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ვითხოვთ. იცით, რატომ მაქვს დიდი გული? ამ ყველაფერს ვამტკიცებ, ამ სიბინძურის წრეში რომ ვტრიალებდი, გამოძიებაც კი არ უნდა, იმდენი მასალა შევაგროვე! ვითხოვ, რასაც განვითარებულ ქვეყნებში მოითხოვდა უბრალო ადამიანი. იმ თვალს უკვე არაფერი ეშველება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში საშინელი პრობლემაა _ ექიმების სოლიდარობა უფრო პირველ ადგილას დგას, ვიდრე უბრალო, პენსიონერი ადამიანის უფლება! მერე რა, რომ დაბრმავდაო, _ სწორედ ამას არ შევარჩენ! პროკურატურაშიც გვინდა საჩივრის შეტანა. ეს კი ჩვენი ოჯახის პრობლემაა, მაგრამ მე ასე ვუყურებ, ზუსტად პრეცედენტი უნდა დადგეს იმისა, რომ ამათ პასუხი აგონ! ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასე მოხდეს! ექიმები კი არა, პრეზიდენტები ჩამოუგდიათ და ციხეში გაუშვიათ! „ქრონიკა+“ კომენტარისთვის იმ უწყებებსა და კლინიკებს დაუკავშირდა, რომელიც მასალაშია მოყვანილი. მერაბ მაჭავარიანი – სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი: _ „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლოს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოქალაქე დავით ფერაძის განცხადების (79959. 04.08.14 წ.) საფუძველზე  სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე. მოსამართლის ბრძანების (15/99-14. 11.08.14 წ.) საფუძველზე რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილ იქნა შპს „ახალ მზერაში“ პაციენტ ლეილა ფერაძის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი. სამედიცინო დოკუმენტაცია სარეცენზიოდ გადაეგზავნა „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას“ (02/79965. 01.10.14 წ.). შესწავლის შედეგები და რეცენზენტთა დასკვნის ქსეროასლები (02/87737. 30.10. 2014 წ.)   გადაეგზავნა განმცხადებელს.   გიორგი ჯავრიშვილი _ კლინიკა „ოფთალმიჯის“ ხელმძღვანელი: _ ჩემთან როდესაც მოვიდნენ, საუბარი იყო თვალის კაკლის გადარჩენაზე და რქოვანის გამოცვლაზე. ჩვენ ეს ოპერაცია გავაკეთეთ და თვალის კაკალი გადარჩა. რაც მე შევძელი, ის გავაკეთე და შედეგი იყო. მხედველობა რომ არ არის, ავუხსენით, რომ შეიძლება რქოვანა ვერ შეთვისებოდა. რაც შეეხება მიზეზს, ვერ გეტყვით, როდესაც რქოვანას გადანერგვა მოხდა, რაც შემხვდა, ის ყველაფერი დავწერეთ. დანარჩენი რა იყო, მე სხვის ოპერაციებზე როგორ გეტყვით?! რაც ვნახე, ის დავწერეთ და რაც გასაკეთებელი იყო, ის გავაკეთეთ. შედეგი მივიღეთ ის, რომ თვალის კაკალი გადარჩა. ვადასტურებ, რომ ბროლი ნამდვილად იყო დეფორმირებული, დანარჩენს ვერ გეტყვით, რისი ბრალია. საერთოდ, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ექსპერტიზა. ჩემი ფუნქცია ექსპერტობა არ არის. ჩემი ფუნქციაა ის, რაც დამხვდა დავწერო და რაც გასაკეთებელია _ გავაკეთო.   მაია თოთლაძე _ კლინიკა „ოფთალმიჯის“ ექიმი: _ ამ საქმესთან დაკავშირებით, კომენტარი არ მაქვს. „ქრონიკა+“ კომენტარისთვის დაუკავშირდა „ახალ მზერას“. როგორც კლინიკის იურისტმა განაცხადა, კლინიკის ხელმძღვანელი მერაბ დვალი ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს. „ქრონიკა+“ ასევე დაუკავშირდა კლინიკა „მზერას“ დირექტორს, ალექსანდრე ჩიჩუას, რომელმაც ჩვენი ვინაობის გაგების შემდეგ ტელეფონი გაგვითიშა. მან არც შემდგომ უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარს. დაკავშირებას ვცდილობდით კლინიკა „გიდმედთან“, მაგრამ მათ ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულ ნომრებზე პასუხობენ, რომ ასეთი ნომრები არ არსებობს.  

                                                                                                          თამარ ბატიაშვილი

   

გაზიარება