გაგრძელება. დასაწყისი იხ. `ქრონიკა+~ ##11-18.
1921 წლის 27 მარტს საბჭოთა საქართველოს საგანგებო კომისიამ, რომელსაც სხვანაირად `ჩეკას~ უწოდებდნენ, სპეკულაციისა და ეკონომიკური საბოტაჟის ბრალდებით ვინმე რაჟდენ მირინაშვილი დააპატიმრა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მირინაშვილი ვაჭარი იყო და მას თბილისში რამდენიმე დუქანი ჰქონდა.
გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა საქართველოში ვაჭრების ქონების ექსპროპრიაცია დაიწყეს და ვინც წინააღმდეგობას უწევდა, ყველას აპატიმრებდნენ. დაპატიმრებულთა შორის ერთ-ერთი პირველი მირინაშვილი აღმოჩნდა, რომელსაც საკვები პროდუქტის გადამალვაში დასდეს ბრალი. ჩხრეკისას ,,ჩეკისტებმა“ რაჟდენის დუქნიდან რამდენიმე ლიტრი ღვინო, ლორი, ფქვილის ტომრები და სხვადასხვა სამრეწველო საქონელი ამოიღეს. ფორმალური გამოძიება სულ რამდენიმე დღე გაგრძელდა. 1921 წლის 30 მარტს ,,ჩეკამ“ მირინაშვილზე აღძრული საქმე #21352 დაასრულა და განაჩენიც გამოიტანა. თბილისელ ვაჭარს სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა მიესაჯა. განაჩენი მეორე დღესვე მოიყვანეს სისრულეში. ეს იყო პირველი საქმე, რომელიც არქივში მოხვდა. სწორედ ამ საქმით იწყება საქართველოს უშიშროების არქივის ისტორია.
სუკის არქივი მოიცავდა საგანგებო კომიტეტის (,,ჩეკა“), სახელმწიფო პოლიტ-სამმართველოს (,,გპუ“), შინსახკომის (,,ნკვდ“) და სუკის (,,კგბ“) მიერ წარმოებულ საქმეებს. ეს არის დაკითხვის ოქმებისა და სისხლის სამართლის საქმეების მეშვეობით გადმოცემული საბჭოთა საქართველოს შეულამაზებელი ისტორია.
უშიშროების არქივში იყო მასალები, რომელიც დოკუმენტურად ასახავდა კომუნისტურ პერიოდში ქვეყნის ყველა საკვანძო მომენტს, ინახავდა ცნობებს ყველა მნიშვნელოვან ფიგურასა თუ საზოგადო მოღვაწეზე. 1924 წლის აჯანყება, 1937 წლის რეპრესიები, 1956 წლის გამოსვლები. საქმეები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაზე, ქართულ ემიგრაციაზე, მწერლებზე, ხელოვნებზე, სახელმწიფო მოღვაწეებზე.
საიდუმლო დოკუმენტაციაში თავმოყრილი იყო მთელი ეპოქა, რომელიც 1921 წელს XI არმიის შემოსვლით დაიწყო და 1990 წელს ეროვნული მოძრაობის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს არსებული ქაოსის გამო, დღეს ამ არქივის მხოლოდ 20 პროცენტია შემორჩენილი.
XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა და ეროვნული მოძრაობა ძალას იკრებდა, თბილისში უშიშროების მთავარ შენობასთან უამრავი მიტინგი იმართებოდა, რომლის დროსაც დემონსტრანტები უშიშროების არქივში დაცული საიდუმლო მასალების გასაჯაროებასა და საბჭოთა სპეცსამსახურების აგენტთა მხილებას ითხოვდნენ. 1990 წლის სექტემბრის დასაწყისში უშიშროების კომიტეტთან, ერთ-ერთი ასეთი საპროტესტო აქციის დროს, დემონსტრანტებმა სუკის დაცვის თანამშრომელთა წინააღმდეგობის დაძლევა შეძლეს და შენობაში შევიდნენ.
ისინი სწორედ იმ საიდუმლო დოკუმენტაციას ეძებდნენ, რომელიც სუკის აგენტთა მუშაობას ასახავდა. აგენტთა კარტოთეკას ვერ მიაგნეს, თუმცა აქციის მონაწილეთა ხელში უშიშროების ბუღალტერიაში არსებული ფინანსური დოკუმენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა.
გელა სულაძე _ თადარიგის პოლკოვნიკი, სუკი-ს ყოფილი თანამშრომელი: ,,პირველ სართულზე განლაგებული საბუღალტრო განყოფილებიდან დემონსტრანტებმა საბუღალტრო დოკუმენტაციის წაღება შეძლეს. ამ დოკუმენტებში ჩანდა საიდუმლო პირების, იმ კატეგორიის ადამიანების აღრიცხვიანობა, რომელთაც პერიოდულად ფულადი წახალისება ეძლეოდათ აგენტურული საქმიანობის სანაცვლოდ. მართალია, იქ მხოლოდ აგენტთა ფსევდონიმები იყო მითითებული, მაგრამ ესეც საკმაოდ საგანგაშო მოვლენა გახლდათ“.
თუ საიდუმლო სამსახურზე მომუშავე აგენტთა სახელებს საზოგადოება გაიგებდა, ამით საბჭოთა ხელისუფლებას უდიდესი ზიანი მიადგებოდა. გარდა ამისა, ხელისუფლება გრძნობდა, რომ საბჭოთა კავშირში სულ მალე კარდინალური ცვლილებები დაიწყებოდა და ყველა ღონეს ხმარობდა, რათა მოკავშირე რესპუბლიკების უშიშროების კომიტეტებში დაცული საიდუმლო მასალები საჯარო არ გამხდარიყო. ამიტომ საბჭოთა სპეცსამსახურმა ამ მასალების უფრო უსაფრთხო ადგილას, ანუ რუსეთში გატანისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ყველა მნიშვნელოვანი საქმე დაილუქა, ტომრებში მოთავსდა და ისინი ბუნკერში გადაიტანეს. სულ 800 ტომარა იყო, რომელშიც მოთავსდა ოპერატიული აღრიცხვის საქმეები, ლიტერული საქმეები, სპეცკონტინგენტთან მუშაობის საქმეები.
საბჭოთა სისტემაში უშიშროების სამსახურს გამორჩეული ადგილი ეკავა. ეს იყო კომპარტიის მებრძოლი ორგანო, რომელიც ყველასა და ყველაფერს აკონტროლებდა. სწორედ ამ სტრუქტურის გამართულ მუშაობაზე იყო დამოკიდებული ტოტალიტარული მმართველობის მდგრადობა.
უშიშროების სამსახურში კი ყველაზე მეტად მეხუთე განყოფილება გამოირჩეოდა, რომელიც, ძირითადად, იდეოლოგიური მიმართულებით მუშაობდა. ამ განყოფილებას საკუთარი აგენტები თითქმის ყველგან ჰყავდა. თუმცა განსაკუთრებული ყურადღების ობიექტს მაინც ინტელიგენცია წარმოადგენდა, ანუ ის სფერო, სადაც ანტისაბჭოთა აზროვნების ალბათობა ყველაზე მაღალი იყო.
ვახტანგ ქუთათელაძე _ უშიშროების ექსმინისტრი: ,,მე-5 განყოფილება ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობდა: ეს იყო ინტელიგენცია და აგრეთვე იმ ობიექტების დამუშავება, სადაც დასაქმებულები იყვნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები. ეს შეიძლება ყოფილიყო, მაგალითად: თეატრი, უმაღლესი სასწავლებელი, სამხატვრო აკადემია, ლიტერატურის მუზეუმი. თავისთავად, ამ განყოფილების საქმიანობის ინტერესების სფეროში შედიოდა სხვაგვარად მოაზროვნე ხალხის აღრიცხვა და მათ მიმართ აგენტურული სახის მუშაობის წარმოება“.
მე-5 განყოფილებაში ინახებოდა ხელწერილები ფარულ თანამშრომლობაზე, მოხსენებითი და საინფორმაციო ბარათები, სპეც-კარტოთეკა, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი პირებიც ფიგურირებდნენ. გარკვეულწილად, ამ აგენტების მეშვეობით ხდებოდა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და თავად საზოგადოების მართვაც, ამიტომ მათი გვარების გასაჯაროება საბჭოთა სისტემისთვის უმძიმესი დარტყმა იქნებოდა.
1990 წლის 19 სექტემბრის ღამეს საქართველოს უშიშროების სარდაფში შენახული საიდუმლო მასალებით სავსე 800 ტომარა რუსეთში გაიტანეს. ამ ოპერაციას უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი ედუარდ ვოიციცკი ხელმძღვანელობდა, მის მითითებებს კი უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსი იგორ გიორგაძე ასრულებდა. ცალკე გაიტანეს არქივები აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდანაც.
გელა სულაძე _ თადარიგის პოლკოვნიკი, სუკის ყოფილი თანამშრომელი: ,,19 სექტემბრის ღამეს უშიშროების შენობას რამდენიმე სამხედრო მანქანა მოადგა. ჯარისკაცებმა ბუნკერებში დაცული 800 ტომარა გამოიტანეს და მანქანებში დატვირთეს. შემდეგ ეს ტომრები ვაზიანის აეროპორტში წაიღეს, იქიდან კი სპეცთვითმფრინავით ჯერ ვიტებსკში, შემდეგ კი სმოლენსკში გადაიტანეს. საქართვლოდან წაიღეს მოქმედი საქმეები, ანუ მოქმედი აგენტურის საქმეები. რაც შეეხება ძველ საქმეებს, რომლებშიც ძველი, უკვე არამოქმედი აგენტურა ფიგურირებდა, ისინი ადგილზე დარჩა. აგრეთვე გაიტანეს ყოველდღიური ოპერატიული აღრიცხვის საქმეები. სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოს უშიშროებიდან ყველაზე ღირებული მასალები წაიღეს“.
1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში უზენაესი საბჭოს არჩევნები ჩატარდა და ქვეყნის სათავეში პოლიტიკური ბლოკი ,,მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო“ მოვიდა, რომლის ლიდერიც ზვიად გამსახურდია იყო. საქართველოში კომუნისტური ეპოქა დასრულდა.
გამსახურდიას მთავრობამ საკავშირო უშიშროების ცენტრალურ უწყებასთან თბილისიდან გატანილი საქმეების დაბრუნება სცადა, მაგრამ მოლაპარაკების პროცესში მოსკოვმა ამაზე უარი განაცხადა. თუმცა ალეტრანიტივის სახით კრემლმა ქართულ სპეცსამსახურს სმოლენსკში მუშა-ჯგუფების გაგზავნა და იქ არსებულ მასალებთან მუშაობა შესთავაზა. სმოლენსკში ჩასვლის მთავარ მიზანს მაკომპრომეტირებელი მასალების ლიკვიდაცია წარმოადგენდა. მოტივი შემდეგი იყო: არ უნდა დარჩენილიყო ისეთი დოკუმენტები, რომელსაც შემდეგ ვინმე შანტაჟისთვის, ან საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებდა. 1991 წელს თბილისიდან სმოლენსკში სამუშაოდ ორი ჯგუფი გაემგზავრა.
გელა სულაძე _ თადარიგის პოლკოვნიკი, სუკის ყოფილი თანამშრომელი: ,,ძირითად პრობლემას მე-5 განყოფილების მასალები წარმოადგენდა. არ უნდა დაგვეშვა, რომ აგენტთა სახელები საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო. ეს რომ მომხდარიყო, საზოგადოებაში უმართავი პროცესები დაიწყებოდა. ეს განსაკუთრებით ინტელიგენციას ეხებოდა. შესაძლოა, ერთმანეთს ოჯახები, ძველი მეგობრები, დიდი ხნის თანამშრომლები წაკიდებოდნენ“.
ამ ჯგუფების მუშაობის შედეგად საქმეებიდან ამოღებული იყო ყველა ის ოქმი და ცნობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდებოდა აგენტის იდენტიფიცირება. ძირითადად ეს იყო პირადი საქმეები, სადაც სუკთან მათი ფარული თანამშრომლობა დოკუმენტურად დასტურდებოდა. ეს იყო დოკუმენტები, რომელიც შეიცავდა აგენტების მიერ ვინმეზე, ან რომელიმე მოვლენაზე საკუთარი ხელით დაწერილ ინფორმაციას. სწორედ ეს იყო ფასეული და სწორედ ხელნაწერით დასტურდებოდა აგენტთა თანამშრომლობა სპეცსამსახურებთან.
გელა სულაძე _ თადარიგის პოლკოვნიკი, სუკის ყოფილი თანამშრომელი: ,,მასალა გადავარჩიეთ, ამოვიღეთ ყველა მსგავსი დოკუმენტი, ჩავაწყვეთ ტომრებში და სმოლენსკიდან, სადღაც, 200 კილომეტრის მანძილზე მდებარე რომელიღაც ქარხანაში მივიტანეთ. შემდეგ ტომრების მთელი შიგთავსი ბრძმედში ჩავყარეთ და თავად ვუყურებდით, როგორ ნადგურდებოდა ეს მასალები“.
უშიშროების არქივიდან მასალების გატანის მეორე ეტაპი უკვე 1990 წლის შემოდგომაზე დაიწყო და, ამ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა უკვე 1937 წელს რეპრესირებული ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების არქივს. ამ პროცესში მოსკოვს მონაწილეობა არ მიუღია და იგი ადგილობრივ დონეზე წყდებოდა. 1990 წლის ოქტომბერში საქართველოს უშიშროების კომიტეტსა და ლიტერატურის მუზეუმს შორის აქტიური მოლაპარაკება დაიწყო. ლიტერატურის მუზეუმი და, კერძოდ, მისი დირექტორი იზა ორჯონიკიძე უშიშროების არქივში დაცული იმ საქმეების გადმოცემას ითხოვდა, რომელიც რეპრესირებულ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს ეხებოდა.
ამონარიდი წერილიდან:
,,1990 წლის 2 ოქტომბერი.
საქართველოს სსრ უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ტარიელ ლორთქიფანიძეს.
...მუზეუმი დაარსებიდან იღვწოდა და დღესაც იღვწის სამუზეუმო ფონდების შესავსებად. თქმულიდან გამომდინარე, უკვე ორჯერ წერილობით _ 1989 წლის 8 დეკემბერს და 1990 წლის 23 აგვისტოს მოგმართეთ თქვენ და გთხოვეთ თქვენს არქივში დაცული იმ მასალების ქსეროასლების გადაღება, რომლებიც უკავშირდება ქართველ მწერლებსა და, საერთოდ, ქართულ კულტურას.
მუზეუმის დირექტორი იზა ორჯონიკიძე“.
მიმართვას თან ერთვოდა სამ გვერდზე გაწერილი რეპრესირებულ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სია. ლიტერატურის მუზეუმი აგრეთვე ითხოვდა 1924 წლის აჯანყების მასალებს, პარიტეტული კომიტეტის საქმიანობის ამსახველ დოკუმენტებსა და ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებულ მასალებს.
უშიშროების კომიტეტმა ლიტერატურის მუზეუმის მოთხოვნა დააკმაყოფილა:
,,19 დეკემბერი. 1990 წელი.
გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ იზა ორჯონიკიძეს. თქვენი თხოვნისა და წერილობითი მომართვების საპასუხოდ, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი გადმოგცემთ მასალას დანართში მოცემული ნუსხის მიხედვით.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატიაშვილი“.
ლიტერატურული მუზეუმისთვის რეპრესირებულ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საქმეების მუდმივ მფლობელობაში გადაცემის პროცესი 1991 წლის მაისში დაიწყო, იგი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და მთლიანად იმავე წლის სექტემბერში დასრულდა. მუზეუმმა მიიღო: მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, ნიკოლო მიწიშვილის, ოლღა ოკუჯავას, სანდრო ახმეტელის, მემედ აბაშიძის, პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის, ვახტანგ კოტეტიშვილის, ლევან გოთუას, დიმიტრი შევარდნაძის, ევგენი მიქელაძის საქმეები. სულ გადაცემული იყო 50-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე და, აგრეთვე, უშიშროების არქივში დაცული ემიგრანტული ლიტერატურა და ფოტოალბომი.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ წერილში ლიტერატურის მუზეუმი ამ საქმეების მხოლოდ ქსეროასლებს ითხოვდა, უშიშროების კომიტეტმა მათ ორიგინალები ისე გადასცა, რომ არქივში არაფერი დაუტოვებია.
ვახტანგ ქუთათელაძე _ უშიშროების ექსმინისტრი: ,,ამ მასალების სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი მხოლოდ ლიტერატურის მკვლევრებისთვის იყო საინტერესო. ეს სისხლის სამართლის საქმეები არ შეიცავდა კონტრდაზვერვით, ან სხვა რაიმე ღირებულებას ჩვენთვის. ამიტომ მივიჩნიეთ, რომ ლიტერატურის მუზეუმისთვის ორიგინალების გადაცემა შესაძლებელი იყო. რა თქმა უნდა, უშიშროების სამინისტროს აქვს მასალები, რომლებიც კონტრდაზვერვის, ან დაზვრევითი კუთხით სპეციფიკურ და საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: 37 წლის რეპრესიების საქმეები ასეთ ღირებულს არ წარმოადგენდა“.
ლიტერატურის მუზეუმისთვის რეპრესირებულთა საქმეების გადაცემამ ქართული საზოგადოების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ამ მასალების მიხედვით, რეალურად შეიძლებოდა იმის დადგენა, თუ როგორ და რა მეთოდებით მოქმედებდა საბჭოთა სისტემა არასასურველი პირების წინააღმდეგ.
მაგრამ ლიტერატურის მუზეუმმა ეს საქმეები ვერ შეინარჩუნა. ვინაიდან მასალები მუზეუმს მუდმივ მფლობელობაში ჰქონდა გადაცემული, თანამშრომლები მის დახარისხებას არ ჩქარობდნენ და საერთო წესს იცავდნენ. ამ წესის მიხედვით, დოკუმენტები რიგითობის მიხედვით მუშავდებოდა. იმ პერიოდში კი მუზეუმს, გეგმის მიხედვით, სხვა მასალები ჰქონდა შესასწავლი. უშიშროების არქივის ტომები თავის რიგს მუყაოს დიდ ყუთებში ელოდა. ამიტომ მწერლების საქმეებზე ლიტერატურულ მუზეუმში არც კატალოგი იყო შედგენილი და არც მათი აღწერილობა არსებობდა.
ნინო ვადაჭკორია _ ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელი: ,,25 ოქტომბერს ლიტერატურის მუზეუმმა კულტურის მინისტრის ბრძანება მიიღო. ბრძანება მუზეუმში ქალბატონმა ჯულიეტა მილდიანმა მოიტანა, რომელიც მინისტრის მოადგილე იყო. ის მოვიდა სახელმწიფო მანქანით და თან შეიარაღებული ხალხი ახლდა. ქალბატონი ჯულიეტა ძალიან ჩქარობდა. იგი მოითხოვდა, რაც შეიძლება სწრაფად გადაეცათ მისთვის ეს მასალები, რათა შემდეგ ისინი პრეზიდენტის კანცელარიაში წაეღო“.
ამონარიდი წერილიდან:
,,საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო.
25 ოქტომბერი, 1991 წელი.
საქართველოში შექმნილი რთული სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გამო არის საშიშროება მუზეუმიდან მნიშვნელოვანი მასალების გატაცებისა. ამასთან დაკავშირებით გ. ლეონიძის სახელობის საქართველოს ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში სუკის მიერ გადმოცემული რეპრესირებულ ქართველ მწერალთა არქივები საქართველოს პრეზიდენტის მითითებით გადაეცეს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცელარიას.
მინისტრი ე. კალანდაძე“.
მუზეუმმმა ამ მასალების ასლების გადაღებაც კი ვერ მოასწრო. ხელისუფლების მიერ მუზეუმიდან არქივის გაცემის მოთხოვნის არგუმენტი არ იყო საკმარისად დამაჯერებელი: მუზეუმში უამრავი მასალა ინახებოდა, რომელიც ისტორიული თვალსაზრისით არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მათ შესახებ კულტურის მინისტრის წერილში ნახსენები არაფერი იყო. ხელისუფლებას მხოლოდ სუკის არქივები აინტერესებდა. მუზეუმის თანამშრომელთა პროტესტმა არ გაჭრა _ მასალები პრეზიდენტის კანცელარიაში უნდა გადაეტანათ.
მუზეუმის თანამშრომლებმა 37 წელს რეპრესირებული საზოგადო მოღვაწეების სისხლის სამართლის საქმეები დაცვის თანხლებით პრეზიდენტის კანცელარიაში წაიღეს. კანცელარიაში ამ მასალების აღრიცხვას და დახარისხებას პირადად პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ესწრებოდა. ყველა საქმე ცეცხლგამძლე სეიფში მოთავსდა და პრეზიდენტმა თავად დაარწმუნა მუზეუმის თანამშრომლები, რომ როდესაც ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება მოხდებოდა, ეს მასალები კვლავ ლიტერატურის მუზეუმს დაუბრუნდებოდა.
1991 წლის 22 დეკემბერს თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. ზვიად გამსახურდიას მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ იგი ქუჩის ბრძოლებში გადაიზარდა. ოპოზიციის შეიარაღებულმა რაზმებმა რუსთაველის გამზირზე სტრატეგიული წერტილები დაიკავეს და უზენაესი საბჭოს შენობის შტურმი წამოიწყეს. მათ წინააღმდეგობას უწევდნენ პრეზიდენტის ერთგული ეროვნული გვარდიის ნაწილები, რომლებიც, ძირითადად, უზენაეს საბჭოში იყვნენ გამაგრებულები.
ინტენსიური სროლების შედეგად დაიწვა პირველი საჯარო სკოლის შენობა, კავშირგაბმულობის სახლი, ცისფერი გალერეა, სასტუმრო თბილისი. ცეცხლი გაუჩნდა უშიშროების შენობასაც, რომელიც რუსთაველის გამზირის სიახლოვეს, ლესია უკრაინკის ქუჩაზე მდებარეობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლების ეპიცენტრში მდებარე შენობა წინასწარი განზრახვის გარეშეც შეიძლებოდა დამწვარიყო, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ამ ვერსიის მაინც არ სჯერა. ამ უნდობლობას თავისი საფუძველი აქვს: როგორც ოპოზიციაში, ასევე ზვიად გამსახურდიას გარემოცვაში მრავლად იყვნენ პირები, რომლებსაც სუკის არქივში დაცული მასალების გასაჯაროების ეშინოდათ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, იმ ვერსიასაც ჰქონდეს არსებობის უფლება, რომლის მიხედვითაც სუკის არქივი განზრახ გაანადგურეს.
ხანძრისა და სამოქალაქო ომის შედეგად სამუდამოდ დაიკარგა უშიშროების არქივში დაცული შემდეგი უნიკალური საარქივო მასალები: 1924 წლის აჯანყება; მეგრელთა საქმე; 1956 წლის 9 მარტის გამოსვლების ამსახველი დოკუმენტაცია; ქართველ ემიგრანტთა ორგანიზაციების მოღვაწეობა საზღვარგარეთ და მათი ფოტოალბომები; იაპონური, თურქული, ირანული, გერმანული და იტალიური დაზვრევის მოქმედება საქართველოში; სოციალ-დემოკრატიული და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიების მოღვაწეობა; კუნძულ ტექსელზე ქართველ ტყვეთა აჯანყების მასალები; უშიშროების თანაშრომელთა პირადი კარტოთეკა და კიდევ უამრავი სხვა მასალა.
თუმცა უშიშროების არქივის ზარალი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. სამოქალაქო ომის დროს წარმოქმნილი ქაოსის შედეგად დაიკარგა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ის ტომები, რომელიც ლიტერატურის მუზეუმიდან პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას კანცელარიაში გადაიტანეს. ლიტერატურის მუზეუმის ახალმა ხელმძღვანელმა გურამ შარაძემ და მუზეუმის რამდენიმე თანამშრომელმა დანგრეული უზენაესი საბჭოს შენობაში ამ მასალების მოძებნა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. სეიფი, სადაც მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საქმეები ინახებოდა, მუზეუმის თანამშრომლებს ამოყირავებული და გამოცარიელებული დახვდათ.
გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს საქმეები შესაძლოა, ზვიად გამსახურდიას კოლხურ კოშკში გადაეტანა, თუმცა მათი აღმოჩენის იმედი კვლავ ხანძარმა მოსპო: 1992 წლის 15 მარტს, როდესაც ზვიად გამსახურდიას საქართველო უკვე დატოვებული ჰქონდა, კოლხურ კოშკს ვიღაცამ ცეცხლი წაუკიდა. ცეცხლმა სარდაფამდე ჩააღწია და მთლიანად გაანადგურა ზვიად გამსახურდიას ოთახი და მისი არქივი. დაიწვა კონსტანტინე გამსახურდიას ბიბლიოთეკა და სამუშაო კაბინეტიც.
არ დასტურდება ვერსია იმის შესახებაც, რომ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საქმეები ზვიად გამსახურდიამ ემიგრაციაში გაიტანა. 1992 წლის 6 იანვარს, როდესაც საქართველოს ტოვებდა, პრეზიდენტმა უშიშროების არქივის რაღაც ნაწილი მართლა წაიღო, მაგრამ ეს სხვა ტიპის არქივი გახლდათ. სომხეთში გადასული პრეზიდენტი და მისი გარემოცვა იჯევანში გაჩერდა. სწორედ აქ გაირკვა, თუ რა ტიპის არქივი გაიტანა ზვიად გამსახურდიამ ქვეყნიდან. იჯევანში საქართველოს პრეზიდენტის ესკორტი სომხეთის წარმომადგენლებმა გაჩხრიკეს. ჩხრეკის ოფიციალურ მიზეზად ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოდან განძის წამოღება დასახელდა.
სოსო თორია _ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის წევრი: ,,არქივი ტელევიზორის დიდ ყუთში კომპაქტურად იყო ჩალაგებული და, სადღაც, 40 კილოგრამამდე იქნებოდა. ეს იყო მოქმედი აგენტურული ქსელის კარტოთეკა და უშიშროების ბუღალტერია. ბუღალტერია, რომელიც უტყუარი დამამტკიცებელი საბუთია იმისა, თუ ვინ რამდენს, როდის და რისთვის იღებდა გასამრჯელოს უშიშროების სამსახურიდან“.
გელა სულაძე _ თადარიგის პოლკოვნიკი, სუკის ყოფილი თანამშრომელი: ,,აგენტთა კარტოთეკა მცირე მოცულობის იყო და იგი სმოლენსკში არ გაუტანიათ. საუბარია არა აგენტურულ საქმეებზე, არამედ უბრალო კარტოთეკაზე. მუყაოს ყავისფერ ფურცლებზე, სადაც მხოლოდ აგენტთა სახელი გვარი, მეტსახელი და გადაბირების თარიღი წერია. ეს კარტოთეკა რუსეთში ისედაც ჰქონდათ და ამიტომ თბილისში დატოვეს. შემდგომ, როდესაც ქვეყნის სათავეში გამსახურდია მოვიდა, მან სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსს, ოთარ ხატიაშვილს, ამ კარტოთეკის ჩვენება მოსთხოვა. უშიშროებაში ამან აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი ამბობდა, რომ ის პრეზიდენტია და ვალდებულია იცოდეს ეს ინფორმაციაო, ნაწილი ამბობდა, რომ არ უნდა ვაჩვენოთ, ვინაიდან იგი ყოფილი დისიდენტია და როგორ გამოიყენებს ამ ინფორმაციას, უცნობიაო. ამბობდნენ, რომ გამსახურდია თავს ვერ შეიკავებდა და შეიძლებოდა არასწორი გადაწყვეტილებები მიეღო. მოკლედ, ხატიაშვილმა არ გადასცა გამსახურდიას ეს არქივი. სხვათა შორის, ხატიაშვილი თანამდებობიდან სწორედ ამის შემდეგ გადადგა. მაგრამ, როგორც ჩანს, აღმოჩნდნენ პირები, რომლებმაც ეს კარტოთეკა გამსახურდიას მიაწოდეს. შემდეგ უკვე, ამ კარტოთეკის მიხედვით, პრეზიდენტს საკმაოდ უსიამოვნო საუბარი ჰქონდა თავისი გარემოცვის ზოგიერთ წევრთან“.
1991 წლის მონაცემებით სუკის არქივში 230 ათასზე მეტი საქმე ინახებოდა. სამოქალაქო ომის, ქაოსისა და ხანძრის შედეგად ამ მასალის, დაახლოებით, 80% განადგურდა.
არქივის ნაწილი, რომელიც ცეცხლს გადაურჩა, შემდეგ უკვე ხანძრის ჩაქრობისას წყლით დაზიანდა. ხანძრის შემდეგ უშიშროების არქივი რამდენიმე დღე საერთოდ ღია დარჩა. ამ ტერიტორიას არავინ იცავდა და ამის გამო გადარჩენილი დოკუმენტაციის გარკვეული ნაწილი მოსახლეობამ დაიტაცა. ამდენად, დღეს უშიშროების არქივში მხოლოდ 20 ათასამდე საქმეა შემორჩენილი. საქართველომ ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. ეს არ იყო მხოლოდ დაკითხვის ოქმები _ ეს იყო მასალა, რომელიც საბჭოთა პერიოდის საქართველოს კვლევის უნიკალურ საშუალებას იძლეოდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
მიხეილ ბასილაძე