QronikaPlus
ქართული პოლიტიკური ძალადობის ანთოლოგია

ქართული პოლიტიკური ძალადობის ანთოლოგია

2016-06-04 08:19:29

1992 წელს საქართველოს ისტორიაში ერთადერთი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ძალადობისა და სამოქალაქო დაპირისპირების გზით ჩამოაგდეს. 1992 წლის 6 იანვრიდან იწყება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ახალი ძალმომრეობის ეპოქა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ,,სამხედრო საბჭოს“ მიერ იარაღით ჩამოგდება იყო ის მთავარი და პირველი ძალმომრეობითი დანაშაული, რომელიც ჩვენმა სულ ახლად დაბადებულმა სახელმწიფომ ჩაიდინა. რა თქმა უნდა, ამაში კრემლიც იყო დაინტერესებული იმხანად და ვაშინგტონიც. კარგად გვახსოვს ელცინისა და უფროსი ბუშის რემარკები და აგრეთვე ის ფაქტი, რომ ამერიკის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი `მხედრიონს~ ესტუმრა იმ დროს, როდესაც სამეგრელოში, თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა წერტილში ანტიზვიადისტური ტერორი მძვინვარებდა. უდანაშაულო მოქალაქეებს უმოწყალოდ ხოცავდნენ და ამ ყველაფრის უკან სახელმწიფოს ,,ლეგიტიმური ძალაუფლების გამოყენების უფლება“ იდგა. მთლიანად მმართველი ძალა _ იმ შემთხვევაში სამხედრო საბჭო, ,,მხედრიონი“, ,,გვარდია“ და სხვა პარამილიტარული დაჯგუფებები ყველა სხვანაირად მოფიქრალ ადამიანს ატერორებდა 1996 წლამდე. 1996 წლის შემდეგ უკვე კახა თარგამაძის შინაგან საქმეთა სამინისტრო დაერია ,,მხედრიონს“ და მათი ,,ლიკვიდაცია“ დაიწყო. ,,მოქალაქეთა კავშირის“ მიერ გამოცხადებული ტერორი ამჯერად უკვე არა მხოლოდ ზვიადისტებზე ვრცელდებოდა, არამედ ანტიზვიადისტებზეც, _ კახა თარგამაძის პოლიცია თავის ,,ლეგიტიმურ ძალადობას“ ყველა იმის წინააღმდეგ მიმართავდა, ვინც მას, უბრალოდ, არ მოეწონებოდა. მოკლედ, საქართველოში ჩამოყალიბდა სისტემური ტერორისტული წყობა. ამ ტერორს ათასობით უდანაშაულო ადამიანი შეეწირა და ასეულ ათასობით ემიგრაციაში აღმოჩნდა. 2003 წელს ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად უთხრა უარი ედუარდ შევარდნაძის კორუმპირებულ რეჟიმს ,,ვარდების რევოლუციით“. ეს იყო მშვიდობიანი პოლიტიკური ცვლილების კარგი მაგალითი, მაგრამ ამ რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა, პრაქტიკულად, ერთადერთმა ძალამ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით ვერ გაუძლო ცდუნებას და პირველი ორი წლის შედარებით მშვიდობიანი მმართველობის შედეგად საკუთარ მოსახლეობასვე ომი გამოუცხადა. ბუტა რობაქიძისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობებისა და მათი სამარცხვინო დაფარვის შემდეგ საქართველოში სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობის პერიოდი დაიწყო. ამ დროსაც ათასეულობით ადამიანი მოკლეს, დააპატიმრეს და აწამეს და ამაზე პასუხი არავის უგია. მეტიც, მვლელებს ხელი დააფარეს და ლამის, ეროვნულ გმირებად გამოაცხადეს. 2012 წელს მშვიდობიანი პოლიტიკური ცვლილების კიდევ ერთი მცდელობა იყო. `ქართულმა ოცნებამ~ არჩევნები კი მოიგო, მაგრამ სიტუაცია ვერ შეცვალა. ხალხს ისევ და ისევ უსამართლობის განცდა აწუხებს. დამნაშავეებსა და მკვლელებს კვლავინდებურად ვერ ან არ სჯიან. სამაგიეროდ, წვრილმან დანაშაულზე იჭერენ ადამიანებს და ატყავებენ. ქუთაისში ბატონი აბზიანიძე პოლიციამ მარიხუანის მოხმარების გამო სიკვდილამდე მიიყვანა. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ეროსი კიწმარიშვილის, თავთუხაშვილის, იური ვაზაგაშვილის, ბესო ხარძიანის მკვლელობების თავიდან აცილება _ მან ვერ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები. ამის მერე უზენაეს სასამართლოში დაამტკიცეს სანდრო გირგვლიანის მკვლელების მფარველი მურუსიძე და, სამწუხაროდ, მას უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. პოლიციური და ოლიგარქიული სახელმწიფოს პრაქტიკა გრძელდება. ახლა უკვე ქვეყანაში მრავალპარტიული ზონდერების ხანა დადგა. ,,ქართული ოცნებისა“ და `ნაციონალური მოძრაობის~ ზონდერბრიგადები ერთმანეთს საშინელი ძალადობით უსწორდებიან და ესეც უკვე ამ სიძულვილის ციკლის ნაწილია. ფაქტია, რომ ხალხი სამოქალაქო ომის ზღვარზეა მისული და ეს არა მარტო ,,ქოცებისა“ და ,,ნაცების“ დაქირავებულ ზონდერებს ეხება. უამრავი რიგითი მოქალაქე შეურაცხყოფილი და გამწარებულია. ძალიან მნიშვნელოვანია ის სამწუხარო ფაქტი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პოლიტიკურ ძალადობას მხარს უჭერს. ახლაც გიგა ბოკერიას ნაცემი სახის დანახვა საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს გაუხარდა. ბევრი პირდაპირ ფეისბუქზე წერს, რომ ბოკერიასა და ნაცპარტიის ლიდერების ნაცემი სახეების ნახვით ,,გული მოიფხანა“. ასევე, 2007 წელს, როდესაც ზუგდიდში ,,ნაცების“ მიერ დაქირავებულმა მოძალადეებმა გოგა ხაინდრავას დაუნაყეს სახე, იქაც ბევრი იყო გახარებული. და ასე შემდეგ. რატომ? ამაზე პასუხი ის კი არ არის, რომ ქართველი ხალხი ბოროტია და მას უხარია გიგა ბოკერიას, ან გოგა ხაინდრავას ნაცემ მდგომარეობაში ნახვა, არა! _ ხელისუფლებების მიერ ხალხზე ძალადობამ იმ დონეს მიაღწია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი გამწარებულია. ჯერ კიდევ ბევრს კარგად ახსოვს 1992 წლის მერე გამეფებული ძალმომრეობა, რომელზედაც პასუხი არავის უგია. იგივე გოგა ხაინდრავაც და ნაწილობრივ გიგა ბოკერიაც ამ ძალმომრეობრივ რეჟიმთან ასოცირდება და აქედან გამომდინარე, რიგითი მოქალაქეების მხრიდან მათზე გამწარება აბსოლუტურად ლოგიკურია. ცნობილი ამერიკელი სოციოლოგის, ტედ რობერტ გურის აზრით, იარები თუ არ მოშუშდა, პოლიტიკური ძალადობა ყოველთვის გადაიზრდება სისხლისღვრის განუწყვეტელ ციკლში, რომელსაც მხოლოდ სიმართლისა და შერიგების პროცესი თუ გააჩერებს. საქართველოში 1992 წლიდან არ არის არც პოლიტიკური და, მით უმეტეს, არც სოციალური სამართლიანობა. ჩანს თუ არა ამ კრიზისიდან გამოსავალი? დიახ, ასეთი საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს: 1990 წლებში სამხრეთ აფრიკაში სხვადასხვა დროს კი ჩილეში, არგენტინასა და სხვა ქვეყნებში წარმატებულად ჩაიარა ,,სიმართლისა და შერიგების კომისიის“ მუშაობამ. სამხრეთ აფრიკაში ამ პროცესს არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ უძღვებოდა. მისი ავტორიტეტის წყალობით სამხრეთ აფრიკამ იმ საუკუნეების დაგროვილი სიძულვილი დაძლია, რომელიც ჩვენდაგვარ ძალადობებში ვლინდებოდა. ამ კომისიაში ავტორიტეტული სამოქალაქო და რელიგიური ლიდერები შედიოდნენ. და სწორედ მათმა ჩაბმულობამ უზრუნველყო ამ კრიზისის დაძლევა. შეუძლია თუ არა საქართველოს, რომ ეს გამოწვევა დაძლიოს? რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შეგვიძლია. პირველი, რომ ჩვენ არქიეპისკოპოს დესმონდ ტუტუზე არანაკლები მნიშვნელობის რელიგიური ლიდერებიც გვყავს. დესმონდ ტუტუსაც ბევრი ჰყავდა კრიტიკოსი, მაგრამ მან ეს საქმე ძალიან კარგად გააკეთა; მეორე: ჩვენს საზოგადოებაში, ჯერჯერობით, ბევრია ისეთი ზნეობრივი ავტორიტეტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას შერიგების პროცესში დაეხმარება. ჩვენთვის აუცილებელია შერიგება. ჩვენ ყველამ უნდა ვილაპარაკოთ საერთო ენაზე, რომ ძალადობა არის უდიდესი ბოროტება საზოგადოებაში და რომ პირდაპირ ძალადობას სოციალური და პოლიტიკური უსამართლობა, იერარქია და დომინაცია ბადებს. ჩვენს საზოგადოებას იმის რესურსი აქვს, რომ ძალადობა გადაძლიოს. ამ ძალადობის გადაძლევისათვის არა მარტო დიალოგის დაწყებაა საკმარისი, თუმცა ეს აუცილებელია. სტრუქტურულად მოძალადე მხარემ აუცილებლად უნდა აღიაროს საკუთარი სისტემური დანაშაული _ აქ ლაპარაკი არ არის რიგით სისხლის სამართლის საქმეზე, აქ ლაპარაკია სისტემურ დანაშაულზე, რომელიც გულისხმობს ადამიანების ერთი ჯგუფის მიერ ადამიანების სხვა ჯგუფების სტრუქტურულ თუ კულტურულ ჩაგვრას, დომინაციას. ნებისმიერი ასეთი იერარქიული სისტემა არის სწორედ ძალმომრეობის საწყისი. კონკრეტულად სტრუქტურული ძალმომრეობა ვლინდება სოციალური და ეკონომიკური ბენეფიტების მოძალადე მხარისათვის არაპროპორციულ გადანაწილებაში. მაგალითად: 1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ გოგა ხაინდრავას თანამებრძოლმა პარამილიტარულმა დაჯგუფებებმა არალეგიტიმური ,,პრივატიზაციის“ საშუალებით ბევრი ობიექტი ჩაიგდეს ხელში და, მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, სრულიად უსამართლოდ ,,სისხლზე გამდიდრდნენ“. ისევე როგორც ,,ნაცების“ დამნაშავე რეჟიმის ბევრმა წევრმა ,,ნულოვანი ტოლერანტობის“ დროს დიდძალი ქონება დააგროვა და დღეს საკმაოდ მსხვილი ოლიგარქი გახდა. მოსახლეობა გიგა ბოკერიასა და მის თანაგუნდელებს, გარდა პირდაპირი ძალადობისა, ამ სახის ძალადობაშიც სდებს ბრალს. პირდაპირი ძალადობა, რაც გამოიხატება უდანაშაულო მოქალაქეების ცემაში, წამებაში, დაპატიმრებებსა და დახოცვაში, შემდეგ უკვე გადადის სტრუქტურულ ძალადობაში, რაც მოძალადეებს უკანონებს დიდ ქონებას, როგორც ამ ძალმომრეობრივ ბრძოლაში გამარჯვებულ ჯგუფს, ეს კი მოსახლეობაში აუცილებლად აჩენს დიდ პროტესტს. სწორედ ამიტომაცაა, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი, მაინცდამაინც, დიდ პროტესტს არ გამოთქვამს გიგა ბოკერიას, ან გოგა ხაინდრავას ცემის ფაქტთან დაკავშირებით. პირიქით, მათი რეაქციაა: ,,აბა, კარგი იყო?“ _ ეს ჩვენს საზოგადოებას ძალადობის უწყვეტ ციკლში აბამს და მას მშვიდობიანი განვითარების საშუალებას უსპობს. დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის შემდეგ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ერთი ფუნდამენტური ფაქტი _ მიუხედავად ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელი მამების უაღრესად კეთილშობილური იდეალებისა _ ჩვენი სახელმწიფო დღესდღეობით პირდაპირი, სტრუქტურული და კულტურული ძალადობის სახელმწიფოა და თუ ეს არ შევცვალეთ, მაშინ წინ ვერ წავალთ. ეს ცვლილება მოითხოვს ადამიანურ მიდგომასაც, ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით გულწრფელ სინანულს, რომ ხალხის სისხლსა და ოფლზე გარკვეული დაჯგუფებები გამდიდრდნენ. ამ ადამიანებმა ეს საქციელი უნდა მოინანიონ, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სამართლიანობის დამკვიდრება! როგორ უნდა დავამკვიდროთ ეს სამართლიანობა? როგორ უნდა დაუბრუნდეს ხალხს ის ქონება, რომელიც, თავის დროზე, ან ანაბრების ქურდებმა, ან ყაჩაღებმა, ან შსს-პროკურატურის ლეგალურმა მოძალადეებმა წაართვეს?!! ეს, რა თქმა უნდა, არ არის ადვილი, მაგრამ ამის გარკვეული მექანიზმებიც არსებობს. სხვადასხვა საზოგადოებაში ეს, მეტნაკლებად, წარმატებულად განხორციელებულა. მთავარია, ხალხმა იგრძნოს, რომ ხელისუფალი დაინტერესებულია მისი მოქალაქეების ღირსების აღდგენით!  

                                                                                                           ირაკლი კაკაბაძე

 

გაზიარება