QronikaPlus
მსოფლიო ბანის რეფრენი: „„ჩვენ ხელისუფლებაში მოვდივართ!”

მსოფლიო ბანის რეფრენი: „„ჩვენ ხელისუფლებაში მოვდივართ!”

2016-06-03 08:32:20

28 მაისს, სპორტის ახალ სასახლეში მსოფლიო ბანის, პოლიტიკური მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფიციალურად დაფუძნდა. ყრილობის დელეგატებმა მოძრაობის ლიდერი აირჩიეს, რომელმაც, პოლიტიკური ძალის ახალი წევრები წარადგინა. იყო აპლოდისმენტები, მგზნებარე შეძახილები, დროშების ფრიალი, მქუხარე ტაში და საზეიმო განწყობა, თუმცა ყველაზე მეტად, ალბათ, მაინც ის არის საინტერესო, ხალხით გადაჭედილ უზარმაზარ დარბაზში რას ფიქრობდნენ რიგითი ადამიანები და რა დაპირებებს აძლევდნენ მათ ახალი პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები?   დიდი ავტობუსებით, მიკროავტობუსებით და მსუბუქი მანქანებით ყრილობაზე ხალხი საქართველოს თითქმის ყველა რაიონიდან ჩამოვიდა. დარბაზში მათი ადგილები წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული, რადგან გუნდურად მიდიოდნენ და სხდებოდნენ. მათი რეგიონების სახელები თვალსაჩინოდ გამოკიდებულ ბანერებზე ეწერა. ირგვლივ თეთრ მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები ირეოდნენ, რომელთაც მაისურებზეც „პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისთვის“ ეწერა. სანამ ყრილობა დაიწყებოდა გადავწყვიტეთ, დარბაზში მყოფებს გავსაუბრებოდით. „შემოვლა“ ჩემი მშობლიური კუთხის _ კახეთის წარმომადგენლებიდან დავიწყე: _ პაატა ბურჭულაძე ძალიან მოგვწონს, ასევე მისი აზრებიც. სიღნაღის რაიონიდან 100 ადამიანი ჩამოვედით, 6 თვის ორსულიც კი გვყავს წამოყვანილი. _ რას ამბობს ბურჭულაძე ისეთს, რაც აქამდე არავის უთქვამს? _ რასაც ამბობს, თითქმის ყველაფერი მისაღებია. ახლა უშუალოდაც მოვუსმენთ და უფრო მეტს გავიგებთ, _ მითხრა ნანა გოგოლაშვილმა. აქვე ვიტყვი, რომ დარბაზში არაერთი ორსული ქალბატონი დავინახე, რამაც თავიდან ძალიან გამაკვირვა, თუმცა შემდგომ, როცა მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად გინეკოლოგი და ერთ დროს თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელი ლადო კახაძე დაასახელეს, მივხვდით, რაც ხდებოდა. კობა ცაგურია სამეგრელოდან _ აბაშიდან ჩამოვიდა. მისი თქმით ამ კუთხიდან დელეგატები 4 მიკროავტობუსით გამოემგზავრნენ. ბატონი კობას თქმით, ბურჭულაძე ყველა პოლიტიკოსისგან განსხვავებულად საუბრობს და ხალხზე ზრუნვასაც სხვანაირად ჰპირდება: _ ის ფიზიკური შეხედულებით არ შეგვირჩევია. პატიოსნად იცხოვრა და ვფიქრობთ, რომ არც ახლა შეირცხვენს თავს. აქამდე „ოცნების“ იმედი მქონდა, მაგრამ მან არ გაამართლა. რკინიგზაში ვმუშაობდი და „ნაციონალების“ დროს გამომიშვეს. შემცირებებში ჩემ გარდა უამრავი ადამიანი მოჰყვა, თუმცა ჩვენს სამსახურებზე ახალ ხელისუფლებას არ უზრუნია, მაგრამ გვპირდებოდნენ. ქვეყანა კიდევ უფრო უკან წაიყვანეს. ახლა კვლავ გაჩნდა იმედი და ამ პარტიასაც მოვსინჯავთ. ამხელა მანძილიდან ბურჭულაძის მხარდასაჭერად ჩამოვედით. ზოგი რომ ამბობს, „ნაციონალების“ სატელიტიაო, მე ეს არ მჯერა. ესეც თუ „ნაციონალების“ მხარეს გადავიდა, არ ყოფილა ჩვენი საშველი და ეგაა. 4 მიკროავტობუსით ვართ აბაშიდან ჩამოსულები. ფოიეში ყავარჯნიანი ქალბატონი შევნიშნე და მასთანაც მივედი. ასეთ მდგომარეობაში ხალხის თავყრილობაზე რომ წახვიდე, ალბათ, ძალიან უნდა გწამდეს იმისა, იქ რასაც ამბობენ. ნინო ჯაფარიძე: „მე თავადაც ხელოვნების სფეროდან ვარ და ძალიან მიყვარს პაატა ბურჭულაძე. მისი იმიტომ მჯერა, რომ თვითონ პატიოსანი, დიდსულოვანი ადამიანია და მას იმის გაჭირვება არ აქვს, ხალხის მოტყუებით რამე რომ აკეთოს. მსოფლიო ბანია, ბოლოს და ბოლოს. მინდა, გვერდში დავუდგე ყველანაირად. პოლიტიზებული არ ვარ, აქამდე ჩვეულებრივად მივყვებოდი დინებას, მაგრამ პაატამ რადგან ასეთი არჩევანი გააკეთა, მეც გადავწყვიტე, მხარი დავუჭირო და ასეთ მდგომარეობაში მყოფი მაინც წამოვედი“. ხულოდან ჩამოსულები სცენის წინ იდგნენ და ღონისძიების დაწყებას ასე ელოდებოდნენ: „მომავლის იმედმა ჩამოგვიყვანა, გვინდა, საქართველოს ეშველოს. არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის იმედი მქონდა. სამწუხაროდ, მისი არც ერთი სიტყვა არ გამართლებულა. მიტინგზე პირველად ვარ. ახლა უპატიოსნესი კაცი მოვიდა, ნაღდი, გულით ქველმოქმედი, რომელიც მდიდრებს კი არ ეხმარებოდა, გაჭირვებულებს ეხმარებოდა და ბინებს აძლევდა. არ გამიგია, ბიძინა გაჭირვებულებს დახმარებოდეს. ის ეხმარებოდა მხოლოდ მსახიობებს, ლექტორებს, პროფესორებსა და იმათ, ვინც მერე კარგად გამოიყენა ხალხის მოსატყუებლად. ბურჭულაძე ფულზე დახარბებული არასდროს ყოფილა და დარწმუნებული ვარ, ასეთი ადამიანი საქმეს გააკეთებს, ხალხს უპატრონებს. ივანიშვილმა უცოდინარი ხალხი შეყარა საჯარო სამსახურში, საერთოდ არაფრის აზრზე რომ არ არიან და იმას ფიქრობენ, ფული საიდან გააკეთონ. ნებისმიერ სამინისტროსა და გამგეობაში ასეა. ხულოშიც იგივე ხდება, გამგებლიდან დაწყებული, ბოლოში გასული, ყველა ასეთია. რომელი საქმე გააკეთეს, ეგ თქვან. არაფერი მაგათ არ გაუკეთებიათ. 45 კაცი ვართ ხულოდან ჩამოსული“, _ გვითხრა ანზორ ჩოგაძემ, თავის ჩამოყვანილ ხალხთან ერთად სურათიც გადამაღებინა და დასძინა, _ აბა, ვნახავთ, როგორ იცით სიტყვის შესრულება, თუ დაბეჭდავ ჩვენს ფოტოს გაზეთშიო. იქვე, ხალხში მდგომი, შავებში ჩაცმული ბებო დავინახე. ვიღაცას გამწარებით ესაუბრებოდა... მივედი და მოვეფერე. ვკითხე, საიდან იყო და აქ რამ ჩამოიყვანა? მისმა მონათხრობმა კინაღამ ამატირა და შევპირდი, რომ, შეძლებისდაგვარად, დავეხმარებოდი. მითხრა, მზია ჭელიძე ვარ, წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთიდან რძალთან და მეზობლებთან ერთად ჩამოვედიო: _ გაჭირვებამ ჩამომიყვანა აქ. ქმარი _ მკვდარი, შვილი _ მკვდარი, ორი ობოლი შვილიშვილი მყავს. უმუშევარი ვარ, უმუშევარია ჩემი რძალიც და სოციალური დახმარებაც მოგვიხსნეს. _ რატომ მოგიხსნეს? _ ბევრი ვიწვალე, ვიჯახირე, ვირბინე, ჯანდაცვის სამინისტროში ჩამოვედი და ვიკითხე, დახმარება რატომ მომიხსენით-მეთქი? მითხრეს, სახლი გაქვს დიდიო. შვილო, სახლი კომუნისტების დროს ავაშენეთ. დღე და ღამე გასწორებული მქონდა, თუ ჩაი, თუ ფაბრიკა. ახლა აღარც ჩაია, აღარც ფაბრიკაა, არაფერი ქვეყანაზე ჩვენთან აღარ არსებობს, ხალხი უმუშევარია ახალგაზრდები შეგეცოდებიან, დაუსაქმებლობის გამო ვერ ქორწინდებიან, ბიჭს ქალი ვერ მოჰყავს, გოგო ვერ თხოვდება, ისეთი მდგომარეობაა. შეშა ვერ მოგვიტანია, რადგან ტყეში აღარ გვიშვებენ. აღარ არის ჩვენი და მიტომ. მე რა ვიცი, ახლა ვისია, ალბათ, მთავრობისაა, ან მთავრობის კაცისა. ამგენს ყველაფერი აქვს, საწყალ და გაჭირვებულ ხალხს _ არაფერი. ეს არის ჩვენი გულისწუხილი, რამაც აქ ჩამოგვიყვანა. _ სოციალური დახმარება როდის მოგიხსნეს? _ შვილი სარკომით მომიკვდა. მაშინაც ძალიან გვიჭირდა, რადგან ის ავად იყო და ვერ მუშაობდა. მისი დაღუპვის შემდეგ დაგვინიშნეს დახმარება, რამდენიმე თვის წინათ კი შეგვიწყვიტეს, თუმცა, ხომ გითხარით, არც რაიმე შეგვიძენია და არც სამსახური დაგვიწყია, უარეს გაჭირვებაში ვართ. ახლა ბურჭულაძის იმედი გვაქვს და ღმერთმა ნუ ქნას, რომ მისი იმედიც გადაგვეწუროს. ამასობაში ყრილობა ოფიციალურად გახსნა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და სახემ, ხათუნა ლაგაზიძემ: „დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავიწყოთ ახალი სახელმწიფოს შენება _ „სახელმწიფო ხალხისათვის“. ჩვენ შევქმნით შესაძლებლობებს ახალი თაობისთვის, დავიცავთ უფროს თაობას და ვიზრუნებთ სიღატაკის დასამარცხებლად. დღეს ხალხი მოდის ხელისუფლებაში. ჩვენ ვიცხოვრებთ წარმატებულ და მდიდარ საქართველოში, რომლის მშენებლებიც თავად ვიქნებით. მოდით, დღეს დავიწყოთ ცხოვრება თავიდან... სწორედ ამ მიზნით იქმნება ეს ახალი პოლიტიკური მოძრაობაც“. ამის შემდეგ სიტყვა გადასცეს ახალგაზრდული მოძრაობის ხელმძღვანელს, გიორგი თაქთაქიშვილს, რომელმაც თქვა, რომ მათ აქვთ ძალაც და ამბიციაც, რადიკალურად შეცვალონ ქვეყნის ცხოვრება და გადამწყვეტი როლი შეასრულონ საქართველოს ისტორიაში, ანუ შექმნან სახელმწიფო ხალხისთვის. შემდგომ მოძრაობის ასევე ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი რუხაძე გამოვიდა სიტყვით და ისიც იქ მყოფებს ნათელ მომავალსა და ბედნიერ ცხოვრებას შეჰპირდა. სცენის გვერდით ორი დიდი ეკრანი იყო დამონტაჟებული, რომელშიც დარბაზის სხვადასხვა ხედს აჩვენებდნენ. ხათუნა ლაგაზიძე დარბაზში მყოფ რეგიონების წარმომადგენლებს სათითაოდ მიმართავდა კითხვით: ვის ირჩევთ მოძრაობის ლიდერად? რეგიონების წარმომადგენლების პასუხებს კი ყველა ერთად, სწორედ, ამ ეკრანებიდან ვისმენდით. ცხადია, საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელმა მოძრაობის ლიდერად პაატა ბურჭულაძე დაასახელა, მათ გამოსვლებს კი დარბაზის აპლოდისმენტები, ტაში და სტვენა მოსდევდა. როდესაც ყრილობაზე ყველა კუთხის წარმომადგენელმა გამოხატა საკუთარი აზრი, მოედნის შუაგულში, შემაღლებულ ადგილზე, სასწრაფოდ დადგეს თეთრი ტრიბუნა და დარბაზში, მუსიკის ფონზე, მოძრაობის ლიდერი _ პაატა ბურჭულაძეც გამოჩნდა. იგი ნელი სვლით მოდიოდა ხალხის მიერ მოწყობილ დერეფანში და იქ მყოფებიდან ზოგს ხელს ართმევდა, ზოგსაც _ ჰკოცნიდა. ტაშისა და ოვაციების შემდეგ მან ხალხს სიტყვით მიმართა. გთავაზობთ ფრაგმენტს პაატა ბურჭულაძის სიტყვიდან: „მე ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ. ბოლო რამდენიმე თვეა, ფეხით შემოვიარე საქართველო. ვიყავი კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, ქვემო ქართლში. ბევრი პირადად გავიცანი, ბევრს ხელი ჩამოვართვი. ჩემი სურვილი ნამდვილად არ არის, რომ ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი პოლიტიკოსი შევმატო ჩემი სახით. ჩვენ უნდა შევცვალოთ საქართველო, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ახალი სახელმწიფო, რომელიც ნამდვილად იქნება ხალხისთვის, ამიტომ ჩვენ მარტო პოლიტიკაში კი არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და ეს გარდაუვალია! ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტური, ვიდრე წინა მთავრობები! ჩვენ ვიქნებით უფრო კაცთმოყვარე და სამართლიანი, ვიდრე წინა მთავრობები! მე მწამს, რომ ეს მნიშვნელოვანი წუთებია თითოეული ჩვენგანის ისტორიაში, რადგან დღეს იბადება მოძრაობა, რომელიც გამოაღვიძებს მიძინებულ საქართველოს, რადგან დღეს იბადება ძალა, რომელიც არა შუღლით და მტრობით და ერთმანეთის შეურაცხყოფით, არამედ სიყვარულითა და ერთმანეთის პატივისცემით შექმნის ახალ სახელმწიფოს, სახელმწიფოს ხალხისთვის!“ ახალი პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი იქ მყოფ ხალხს დასაქმებას, მცირე ბიზნესის აღორძინებას, სამართლიან სასამართლოსა და „მურუსიძეებისგან“ მის გაწმენდას შეჰპირდა. კიდევ ბევრი იმედიანი დაპირება მისცა საზოგადოებას ამ დღეს მსოფლიო ბანმა. აღარ მეგონა, ქართველებს დაპირებებით ვინმე კიდევ თუ გააოცებდა, მაგრამ ყრილობის დასრულების შემდგომ იქ მყოფები ამბობდნენ, რომ დიდი იმედი აქვთ, ბურჭულაძე თავის სიტყვას რომ შეასრულებს და აუცილებლად გადაარჩენს ქვეყანასა და ხალხს. ბოლო ათწლეულებია, ქართველი ხალხი პოლიტიკური ძალებისგან მხოლოდ დაპირებებს ისმენს, თუმცა მათი შემდგომი საქმე ამ პირობას არ ესადაგებოდა. კარგი იქნება, ამჯერადაც იგივე თუ არ მოხდება და პაატა ბურჭულაძე დარბაზში მყოფი საზოგადოების სიყვარულსა და ნდობას ბოლომდე შეინარჩუნებს. როგორც მოძრაობა წინასწარ აანონსებდა, მათ ლიდერებად მოჰყავდათ ისეთი ხალხი, რომლებიც არ იყვნენ პოლიტიკურად „გასვრილები“ და პარტიულ საქმიანობაში აქამდე არ ყოფილან. სიტყვაში გამოსვლის შემდგომ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ, საზოგადოებას თავისი გუნდი წევრები ცალ-ცალკე გააცნო: ზაზა მეფარიშვილი – იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, მენეჯერი; ნინო ნადირაძე-კუზანოვა _ კარდიოლოგი; გიორგი თაქთაქიშვილი _ მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი; ლაშა დვალიშვილი _ სპორტული ჟურნალისტი; ლადო კახაძე _ ექიმი; მერაბ მეტრეველი _ ჟურნალისტი; გიორგი რუხაძე _ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; ხათუნა ლაგაზიძე _ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი; ქეთი ნიჟარაძე _ ფილოლოგიის პროფესორი და მწერალი; ალექსანდრე ბაკურაძე _ ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ტარიელ ჭულუხაძე _ პოლიტოლოგი; გოჩა ჭელიძე _ ეკონომისტი; ბექა ჟვანია _ მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი; გიგა ფერტენაძე _ აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი; კობა ჩიხლაძე _ ქუთაისის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი; ირმა დაუშვილი _ ბიზნესმენი; ირაკლი ყიფიანი _ ეკონომისტი; გიორგი პაპავა _ ეკონომისტი; არტიომ ჰამბარცუმიანი; ორხან პირვერდიევი და გიორგი პაპელაშვილი. ყრილობა ფოიერვერკებითა და ზარზეიმით დასრულდა. დარბაზში იყო „ვიპ ლოჟაც“, სადაც იმყოფებოდნენ მოწვეული, საპატიო სტუმრები. იქ ჩვენმა თვალმა და შემდგომ ფოტოკამერამაც საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები დააფიქსირა: პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი და მისი ქალიშვილი, ადვოკატი თემურ გოგსაძე, დარბაზში კი შევარდნაძის ხელისუფლებისდროინდელი ქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი _ სოსო ალავიძე იმყოფებოდა... ასე რომ, პაატა ბურჭულაძის გარშემოკრებილი საზოგადოების ბევრი წევრი ახალი კი არა, კარგად დავიწყებული ძველი კადრია.      

                                                                  ნელი ვარდიაშვილი

გაზიარება