უახლოეს დღეებში ადვოკატი თეიმურაზ მაისურაძე გენინსპექციაში გარდაბნის სოციალური სამსახურის იურისტის, ლაშა პარასტაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. საქმე ეხება არასრულწლოვანის ინტერესების დაცვას, რის გამოც სოციალური სამსახური სასამართლო პროცესებზე მესამე პირადაა ჩართული. ადვოკატი აცხადებს, რომ სოციალური სამსახურის იურისტი მიკერძოებულია, ის ცდილობს, ბავშვი სრულფასოვან დედას წაართვან და გასაზრდელად მამას გადასცენ.
„ქრონიკა+“-ს თეიმურაზ მაისურაძე ესაუბრება:
_ ვიცავ სერვენიკ გ.-ს ინტერესებს, რომელიც სომხეთის მოქალაქე გახლავთ და არ ფლობს ქართულ ენას. 2 წლის წინათ ეს ქალბატონი საქართველოში, ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში გათხოვდა. მას და მის მეუღლეს შეეძინათ გოგონა, რომელიც ახლა ერთი წლისაა. მეუღლეები ერთმანეთს ვერ შეეგუენ და ოჯახში პრობლემები ჰქონდათ. ქალბატონის მშობლები ჩამოვიდნენ და ამ საქმეში ჩაერივნენ, რის შემდეგაც ქმრის ოჯახმა ეს ქალბატონი სახლიდან გააგდო, ბავშვი კი არ გაატანა. რომც გაეტანებინათ, საზღვარზე ვერ გადაიყვნადა. ერთი თვის შემდეგ ჩამოვიდა, ბავშვი მაშინ 5 თვის იყო, მიაკითხა სახლში და შვილი პოლიციის ძალით წამოიყვანა. იმის გამო, რომ ბავშვის მამის ნებართვის გარეშე საზღვარზე ვერ გაიყვანს, ქალბატონი ახლა თბილისში, ნათესავთან ცხოვრობს. ის ოჯახი მოკრძალებულია და ეს ქალბატონი ბავშვთან ერთად რომ შეეფარებინათ, ოჯახის რამდენიმე წევრი საცხოვრებლად ნათესავთან გადავიდა. სერვენიკ გ. ჩვენთან სომხეთის საელჩომ გამოაგზავნა და გადავწყვიტეთ, სასამართლოში გვედავა. საქმეს იხილავს რუსთავის სასამართლო. სერვენიკ გ. იმას ჩივის, რომ ბავშვთან ერთად უნდა სომხეთში წასვლა. ბავშვი საქართველოს მოქალაქეა და მამის თანხმობის გარეშე ვერც პასპორტს გაუკეთებს და ვერც საზღვარზე გადაიყვანს. მამის უფლების შეჩერებას ამ ნაწილში ვითხოვთ, რომ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი _ სომხეთი. პლუს ბავშვს დაენიშნოს ალიმენტი. მამის უფლების შეჩერებასაც იმიტომ ვითხოვთ, სხვაგვარად ვერ გადაიყვანს ბავშვს, მამა კიდევ არ აძლევს თანხმობას. მეორე მხარემ შეგებებული სარჩელი შემოიტანა და ითხოვს, რომ ბავშვი საცხოვრებლად მათ წაიყვანონ, სერვენიკი თბილისში დარჩეს, მოვიდეს და თავისი შვილი ინახულოს. ამ ქალბატონმა არც ენა იცის, არც საქართველოს მოქალაქეა, სად უნდა იმუშაოს?!
_
რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს საქმე პრესის მეშვეობით გაგეხმაურებინათ?
_ მოგახსენებთ: სასამართლო პროცესებზე მესამე პირად, რა თქმა უნდა, სოციალური სამსახური ჩაერთო. მშობლები რომ განქორწინებულები არიან, ისინი გვეთანხმებიან და ამ ნაწილში ჩვენი სარჩელი ცნეს. როცა მშობლები განქორწინებულები არიან, მზრუნველობის ორგანო არის სოციალური სამსახური და ბავშვის ბედს ის განაგებს. როგორც აღვნიშნე, ისინი ჩართულები არიან მესამე პირად, მათ შეისწავლეს ქალბატონის საცხოვრებელი ადგილი და დამაკმაყოფილებლად შეაფასეს. მამაკაცს საკუთარი სახლი არ გააჩნია, მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად ცხოვრობს. ჩვენ გვაქვს იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ქალბატონს საკუთარი საცხოვრებელი აქვს კარგი პირობებით, ავეჯით აღჭურვილი და ა. შ. ეს არ გახდა საკმარისი მოსამართლისთვის და ცალკე მოითხოვა საცხოვრებელი პირობების შესწავლა. ამ შემთხვევაშიც დადებითი დასკვნა მოვიდა. მეორე მხარე შეგებებული სარჩელით შემოვიდა, სადაც მითითებულია, რომ ბავშვი დედას წაართვან და მამასთან იცხოვროს. მამაკაცი მუშაობს, მთელი დღე სახლიდან გასულია, დამხმარეებად კი დედას და დას მოიაზრებს. ე. ი. ბავშვი სრულფასოვან დედას უნდა მოგლიჯონ და ბებიამ გაზარდოს?! სამოქალაქო კოდექსში არის დროებითი განკარგულება, რომელსაც მოსამართლე იღებს. ამათ დროებითი განკარგულებით მოითხოვეს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მამასთან. საინტერესო ის არის, რომ გარდაბნის სოციალური სამსახური, კერძოდ, იურისტი ლაშა პარასტაშვილი, ეთანხმება, რომ ერთი წლის ბავშვის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს მამასთან. სასამართლო პროცესზე მოწვეულია რუსთავის ზონის ფსიქოლოგი, რომელმაც აღნიშნა, რომ ერთი წლის ბავშვისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა დედასთან მოშორება და არ შეიძლებაო. სოციალურ სამსახურს მყარი პოზიცია რომ არ გამოეხატა, დედას ბავშვს წაართმევდნენ! მოსამართლემ რომ ფსიქოლოგის წინააღმდეგობა დაინახა, დროებითი განკარგულება არ მიიღო, მეორე მხარემ პოზიცია შეცვალა და უკვე ბავშვთან ურთიერთობა 3 დღით წაყვანით მოითხოვა. ფსიქოლოგმა თქვა, რომ ბავშვის ღამე დედის გარეშე დარჩენა არ არის მიზანშეწონილი. კიდევ შეცვალეს პოზიცია და ბავშვის ნახვა 12-დან 6 საათამდე მოითხოვეს. ამ ყველაფერში სოციალური სამსახური ეთანხმება! ბოლოს მოსამართლემ დროებითი განკარგულება მიიღო, რომ ბავშვი 2 დღე _ პარასკევი და შაბათი 12-დან 6 საათამდე უნდა მოენახულებინა მამას. თუმცა ამ პერიოდში ბავშვის მამა სანახავად მხოლოდ ერთხელ მივიდა. ამასობაში საქმეში თბილისის ზონის ფსიქოლოგი ჩაერთო, რომელსაც მამისა და ბავშვის ურთიერთობები უნდა შეესწავლა, მის წინაშე დასმული იყო შეკითხვა, _ რამდენად არის მიზანშეწონილი ბავშვის წაყვანა და დატოვება? ფსიქოლოგმა დასკვნის საფუძველზე თქვა, რომ ბავშვი დედასთანაც იყო მიჯაჭვული და მამასთანაც, ღამით ბავშვის მამასთან დარჩენა ამ ასაკში მიზანშეწონილი იქნებაო, თუმცა იმავე დასკვნაში წერია, რომ ძილის წინ ბავშვმა შეიძლება დედა მოითხოვოსო. ახლა მოითხოვეს, ბავშვს ერთი დღით წავიყვანთ და საღამოს დავაბრუნებთო. მერე საკითხი დავაყენეთ, ბავშვს დღის განმავლობაში ხომ სჭირდება დაძინება და დედას ხომ კიდევ მოითხოვსო?! სოციალურმა სამსახურმა ისევ მამის მხარე დაიჭირა! ამ ამბის გახმაურების მიზეზიც სწორედ ეს არის და სასამართლოზეც აღვნიშნე, რომ სოციალური სამსახური ბავშვის ინტერესებიდან კი არ გამოდის, არამედ, მამის ინტერესების განმხორციელებელია. მოვითხოვეთ სოციალური სამსახურის წარმომადგენლის, კონკრეტულად პარასტაშვილის აცილება, მაგრამ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ჩემი აზრით, პარასტაშვილი ან არაკომპეტენტურია, ან მიკერძოებული, ან ორივე ერთად! ამის დადასტურება შეუძლებელია, მაგრამ მისი საქციელი იმასაც მაფიქრებინებს, რომ მას ამ საქმიდან გარკვეული ინტერესი აქვს! ფსიქოლოგს ჯერ საკუთარი პოზიცია არ ჰქონდა დაფიქსირებული, როცა მან მხარი დაუჭირა იმას, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი მამასთან განსაზღვრულიყო. პარასტაშვილი პირველად იყო სასამართლო პროცესზე და არ იცოდა, რომ ფსიქოლოგები ყოველთვის ამბობენ, მიზანშეუწონელია 2 წლამდე ბავშვის დედის გარეშე ღამე დარჩენა?! სრულფასოვან ქალბატონს, მზრუნველ დედას რომ შვილს ართმევს და ბებიას აძლევს გასაზრდელად, ეს არის ბარბაროსობა და ასეთი რამე ჯერ არსად მინახავს!
_ რას აპირებთ?
_ გადაწყვეტილი მაქვს, განცხადება გენერალურ ინსპექციაში შევიტანო და პარასტაშვილის კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენო, რომ სამსახური დაატოვებინონ. ის თუ ყველას ასე ექცევა და ბავშვის ინტერესებს არ იცავს, დედას ართმევს და ბებიას აძლევს გასაზრდელად, მისი ადგილი არ ყოფილა ამ სამსახურში! ერთი წლის ბავშვია! დედა არ არის წინააღმდეგი, რომ ბავშვმა მამასთან ურთიერთობა გაწყვიტოს. რატომ უნდა უპირისპირდებოდეს დედას?! არაქართველი რომ არის, ამიტომ შვილი უნდა წაართვან?! საერთოდ, ანალოგიური საქმეების დავებში, თუ დედა უღირსი არ არის და კანონში განსაზღვრულია სხვადასხვა გარემოება, არ შეიძლება ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს სხვა საცხოვრებელი ადგილი. აქ რა პრობლემაა?! საერთოდ, ამას როგორ აკადრებენ ამ ქალბატონს და საზოგადოებას?! ეს მიკვირს! სოციალურ სამსახურს ბავშვის ინტერესების დაცვა ევალება და დედისთვის ბავშვის წართმევა მიზანშეუწონელია! სასამართლოზე ვიკითხე, რის საფუძველზე ითხოვთ, რომ ბავშვი მამასთან იზრდებოდეს-მეთქი? მიპასუხეს, _ უკეთესი პირობები აქვსო. ჯერ ერთი, რომელ პირობებზეა საუბარი და მეორეც ეს არის საფუძველი, რომ დედას შვილი წაართვა?!
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის ლაშა პარასტაშვილს დაუკავშირდა:
_ მე როგორც ვუყურებ, ამ საქმეში თქვენი რესპონდენტები არიან მიკერძოებულნი და იქნებიან კიდეც, რადგან მხარის წარმომადგენლები არიან. მე ვხელმძღვანელობ საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგის დასკვნით, რომელიც პროცესზე განვიხილეთ, აგრეთვე, მანამდე ფსიქოლოგის მიერ მოცემული ახსნა-განმარტებებით. მე ვარ იურისტი, მაგრამ ვინაიდან საქმე ეხება 14 თვის ბავშვს, შესაბამისად, მხოლოდ კანონიდან გამომდინარე ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას. კონკრეტული საკითხი, რამაც ადვოკატის გაღიზიანება გამოიწვია არის ის, რომ ჩვენ გვქონდა სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი განკარგულება. კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, როგორც მახსოვს, შაბათ-კვირას 12-დან 6 საათამდე შეეძლო მამას ბავშვი დედის თანდასწრებით ენახა. ამის შემდგომ ფსიქოლოგის მიერ დაიწერა დასკვნა, რომელიც საქმეში იქნა წარმოდგენილი. ფსიქოლოგმა განაცხადა, რომ საჭიროა ამ უკვე არსებული ურთიერთობის ეტაპობრივი გაზრდა. მე დავაყენე საკითხი ასეთი, რომ სასამართლოს შეეცვალა მის მიერ გამოტანილი დროებითი განკარგულების პირობები და დაემატებინა ერთი დღე. კვირაში ხომ არის 168 საათი, მამა სარგებლობდა 12 საათით, წარმოიდგინეთ, რამხელა განსხვავებაა. კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეებს აქვთ თანაბარი უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ. ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ ბავშვი ძალიან პატარაა, მაგრამ დროც ძალიან მცირეა. ფსიქოლოგმა დაასკვნა, რომ ეს დრო ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს, შესაბამისად, ჩავთვალე, რომ 12 საათს 6 საათი თუ კიდევ დაემატებოდა, ეს იქნებოდა ფსიქოლოგის მიერ გაწეული რეკომენდაციის აღსრულება. ეს შუამდგომლობა რომ დავაყენე, სასამართლოს თავისი დროებითი განკარგულების პირობები შეეცვალა, ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა ჩემი აცილების შესახებ, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს მესამე პირის აცილების შუამდგომლობას, ანუ მხარე ჩემ წინააღმდეგ ასეთ შუამდგომლობას ვერ დააყენებს, ვინაიდან კანონით არ არის გათვალისწინებული. როგორც ჩანს, ეს მხარემ არ იცოდა. მოსამართლესაც ისე დავუთვალე საათები, როგორც თქვენ დაგითვალეთ და ჩემი პოზიცია გაიზიარა, მით უმეტეს, ეს პოზიცია გამყარებული იყო იმ ფსიქოლოგის დასკვნაზე, რომელიც სააგენტოს წარმომადგენელია. მოსამართლემაც მიიჩნია, რომ ეს არის საფუძვლიანი, გამომდინარეობს ბავშვის კანონიერი ინტერესებიდან და დააკმაყოფილა. ჩავთვალოთ, რომ მათი აზრით, მე მიკერძოებული ვარ, საქმეშია ფსიქოლოგის დასკვნა და ეს ხომ გაიზიარა მოსამართლემ, მე ხომ არ გადამიწყვეტია ამ დროის გაზრდა?! რატომ არის ბავშვისათვის ცუდი ის, რომ დრო გაიზარდოს, ამას ვერ ასაბუთებენ და მარტო ის, რომ მათ ასე უნდათ, ეს არ არის კანონიდან გამოსული პოზიცია. როცა ჩემი აცილების შუამდგომლობა დააყენეს, იმით დაასაბუთეს, ფსიქოლოგს რაღაცა გადაუჩურჩულაო. ის ფსიქოლოგი, პირველ რიგში, ჩემი თანამშრომელია და პროცესზე მინდა გადავუჩურჩულებ, მინდა განცხადებას დავუწერ, ეს მათი საქმე არ არის. მე როგორც არ უნდა მიჩივლონ, ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ზემდგომის განსახილველია, მაგრამ ისე მივუდგები საქმეს, როგორც ინსტრუქცია მავალებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, ძირითადად, ფსიქოლოგის დასკვნა.
თამარ ბატიაშვილი