QronikaPlus
დიანა ქართლელიშვილი: „მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი პროკურატურის დავალებებს ასრულებს!“

დიანა ქართლელიშვილი: „მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი პროკურატურის დავალებებს ასრულებს!“

2016-06-03 08:13:06

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდას მკვიდრი დიანა ქართლელიშვილი ღვინის ქარხნებისგან დაზარალებული მევენახეების საქმეზე ბრძოლას აგრძელებს და აცხადებს, რომ ქარხნის მეპატრონეებს ერთი დაჯგუფება იცავს, რომლის წევრები პროკურატურისა და სასამართლოს წარმომადგენლები არიან. ამ ამბავს „ქრონიკა+“-მა ვრცელი მასალა უკვე მიუძღვნა. პროკურატურასთან გარიგებაში და უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში ქართლელიშვილი, ამჯერად, მოსამართლე ნანა ჩალათაშვილს ამხელს.   „ქრონიკა+“-ს დიანა ქართლელიშვილი ესაუბრება: _ „ქრონიკა+“-ში დაზარალებული მევენახეების შესახებ მასალა გამოქვეყნდა თუ არა, ძალიან მალე პროკურორი ლევან ღვედაშვილი გაათავისუფლეს. ოფიციალურად რის გამო გაუშვეს, ჩემთვის ცნობილი არ არის. ის ვიცი, რომ ე. წ. ყურძნის საქმეში რა პრობლემის წინაშეც მე ვდგავარ, ასეთი საქმე პროკურატურაში ბევრი იყო და სწორედ აქ აღმოუჩინეს დარღვევები. მოკლედ, ამ საქმეს შეეწირა. კონკრეტულად ჩემი საქმის გაჭიანურებაში და არასწორად გამოძიებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა უკვე ყოფილმა პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა და ჩემი საქმის პროკურორმა სანდრო გიორგაშვილმა. მოგეხსენებათ, კონკრეტულად ჩემს საქმეს უკვე სასამართლო იხილავს და მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, რითაც დგინდება, რომ ქარხანამ ჩემი ვალი უნდა გადაიხადოს. მაკლერმა იოსებ ხუტიაშვილმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რადგან მის რძალს ჩაბარდა. თუმცა მოსამართლემ მანამდე ეს დასაშვებად ცნო და ამიტომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შემდეგ კი გადაწყვეტილება გააუქმა. ხუტიაშვილმა გადაწყვეტილება რომ გაასაჩივრა, 3 თებერვალს ხელახალი პროცესი ჩაინიშნა, მანამდე, 26 იანვარს, საბჭოს მდივანს მიმართა და 17 თებერვლამდე შვებულება ითხოვა. სანამ სასამართლო პროცესი ჩაინიშნებოდა, რამდენიმე დღით ადრე მიმართა განცხადებით, საბჭოს მდივანმა მოთხოვნა დაუკმაყოფილა და 17 კალენდარული დღე, 12 თებერვლის ჩათვლით,  შვებულებაში გავიდა. 12 თებერვლის შემდგომ, როცა ქალბატონი მოსამართლე შვებულებიდან დაბრუნდა, ახლა მული გარდაეცვალა და შვებულება გაიგრძელა. დიდი მოთხვნისა და დავის შემდეგ სხდომა 9 მარტს ჩაინიშნა, სწორედ ამ დღეს გაგვიუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. რა წუთშიც ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა, ჩალათაშვილმა თავიდანვე იცოდა, რომ უნდა გაეუქმებინა, ეს იყო დადგმული სცენა, 2 თვე მოიგო. შემდეგი სხდომა 25-27 მაისს ჩანიშნა. კითხვა რომ დავსვი, _ რატომ იყო სხდომებს შორის ამხელა პერიოდი-მეთქი? მიპასუხეს, რომ სხვა პროცესები ჰქონდათ ჩანიშნული, რაც აბსურდია! ძალიან კარგად ვიცი ნანა ჩალათაშვილის გრაფიკი, ისიც ვიცი, კვირაში რამდენ პროცესს ატარებს, რამდენი დღე აქვს დაკავებული და როგორ. ჩემი საქმე 3 წელია, მიმდინარეობს და დროის გაყვანაზე და გაჭიანურებაზეა გათვლილი. მოწინააღმდეგე მხარეს 25 მაისამდე ხელახლა გაეგზავნა სარჩელი, შესაგებელი შემოიტანეს და როცა ჩაგვბარდა, იქ ასეთი რამ წერია: სასამართლოს სხდომის ოქმებში არის მტკიცებულება, რომ ეს თანხა თქვენი არ არისო. ახლა ვდაობთ 27 000 ლარზე, რაც ძირითადი გადასახდელია და 10 000-ია ზიანის ანაზღაურება, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დამიკმაყოფილა. _ რა მტკიცებულებებზე საუბრობენ, გამოძიებით ხომ დადასტურებულია, რომ ეს თანხა თქვენ გეკუთვნით? _ ასეთი საკითხი შემოაგდეს, მაკლერის პირველი ჩვენებაა, რომ ეს იყო გრემის ყურძენი. მე მაქვს ვენახი და იქ 11 ტონა მოვკრიფეო; მეორე ჩვენებაა, ყვარლის სოფლებში მოვაგროვე ეს ყურძენი და ჩავაბარეო; მესამეა ის, რომ თითქოს ყურძენი ჩვენგან იყიდა და წაიღო, მაგრამ გამოძიებით დადგენილია, რომ კი არ იყიდა, მან მიიტანა ქარხანაში და ჩააბარა, იმ დღეს მამაჩემის სახელზე ქვითრები იყო გამოწერილი. რადგან აქ გამტყუნდნენ, იძულებულები გახდნენ, სხვა მიმართულებით წასულიყვნენ, თითქოს ეს თანხა მაკლერმა გამომიგზავნა. რა თქმა უნდა, არც ჩემთვის და არც მამაჩემისთვის ეს თანხა არავის გამოუგზავნია, ამის არც მტკიცებულება არსებობს. სასამართლო სხდომის ოქმებით დავინტერსდი, ვის შეიძლებოდა ეს დაედასტურებინა? 27 000 ლარი არ არის პატარა თანხა, რომ გამომიგზავნოს, ან რატომ უნდა დასჭირვებოდა ხუტიაშვილს ამ თანხის ისე გამოგზავნა?! ვისესხე და ისე გამოგიგზავნეო. არანაირი ქონება არ გააჩნია, ძალიან გაჭირვებულია, ან სესხის ხელშეკრულება სად არის, ვინ ენდო ასეთ ღარიბ და ღატაკ ადამიანს, რომ 27 000 ასესხა?! რა აუცილებლობა იყო იმისი, რომ თანხა თვითონ არ მოიტანა და სხვას გამოატანა, თან არც იმ შუამავალმა მოითხოვა ხელწერილი თანხის გადაცემაზე? ეს ხომ ზღაპარია?! რადგან ეს წავიკითხეთ, ჩემმა ადვოკატმა მოსამართლის თანაშემწეს დაურეკა და სხდომის ჩანაწერების დისკების ასლი მოითხოვა. 3 თვის განმავლობაში, მაისამდე, მოსამართლე უარს ამბობდა და სასამართლოს სხდომის ჩანაწერები არ მოგვცეს. იძულებული გავხვდი, სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილისთვის მიმემართა, რომელიც ჩაერია და მისი დახმარებით მოვიპოვე ეს დისკები. _ რატომ ამბობდა უარს მოსამართლე ჩალათაშვილის დისკების მოცემაზე? _ პრეტენზია მაქვს, რომ მოსამართლე ასრულებდა და დღემდე ასრულებს პროკურატურის დავალებებს! მნიშვნელობა არ აქვს, ვინმე განთავისუფლდება თუ თანამდებობაზე დარჩება, ეს ერთი საქმეა, რომელშიც თანხაა გადახდილი და ყველა ჩართულია. პირველი მოსამართლე იყო მიტო ხინაშვილი, რომელიც ჩემი საქმის პროკურორის, სანდრო გიორგაშვილის თანაკურსელია. იმან დაიწყო და 7 პროცესი ლამის ერთი წელი გაწელა ისე, რომ საქმის განხილვას არ იწყებდა. იუსტიციის საბჭოს მდივნის ჩარევა დამჭირდა, რომ განხილვა დაწყებულიყო, ახლა უკვე სამოქალაქო წესით. ნანა ჩალათაშვილი ვერ გამოეხსნება პროკურორების ბრჭყალებს. _ რატომ? _ იმიტომ, რომ ნანა ჩალათაშვილის მეუღლემ დანაშაული ჩაიდინა, რომელიც პატიმრობაში საკმაოდ სერიოზული ბრალდებით იყო. რის სანაცვლოდ გაათავისუფლა პროკურატურამ და როგორ გაათავისუფლა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ეს ქალბატონი, პრაქტიკულად, მძევალია. ის წლებია, პროკურატურასთან შეთანხმებით მუშაობს. ჯერ ლაგოდეხის სასამართლოს თავმჯდომარე იყო, მერე მოსამართლე... ლაგოდეხში და გურჯაანში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა გეტყვით ნანა ჩალათაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, რა გარიგებებში შედის, თუ საქმეში დაინტერესება ნახა და რა გადაწყვეტილებები გამოაქვს... არ მაქვს ჩალათაშვილის იმედი, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არაერთხელ მითქვამს სასამართლოს თავმჯდომარე ნარიმანიშვილისთვისაც, წერილობითაც მიმიმართავს, რომ ოფიციალურად ყოფილიყო დადასტურებული. მისი პასუხის ციტირებას მოვიყვან _ შევისწავლი სასამართლოში საქმის გაჭიანურების მიზეზებს, შესაბამის მასალებს წარვუდგენ იუსტიციის საბჭოს. ასევე მოსამართლეს მითითება მივეცი, თავიდან აიცილოს ყველა გარემოება, რამაც შეიძლება საქმის განხილვის გაჭიანურება გამოიწვის და შემჭიდროვებულ ვადებში მიიღოს გადაწყვეტილებაო. მაინტერესებს, რა მასალა გადაუგზავნა იუსტიციის საბჭოს? 3 წელია, სასამართლო მიმდინარეობს და ნარიმანიშვილის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მინახავს! როდესაც ადამიანი მედავება იმას, რომ სხდომის ოქმში არის ჩემი საწინააღმდეგო მტკიცებულება, ხომ უნდა ვნახო?! ბურუსით მოცული საქმეა, სასამართლო სხდომაზე არ გამოიყენებდა ჩანაწერებს, ზეპირსიტყვიერად გამოიტანდა გადაწყვეტილებას, რომ თითქოს 27 000 ლარი გამომიგზავნეს. რადგან ნარიმანიშვილის ჩარევით გადმოგვცეს დისკები, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი, არანაირი მოწმე არ არსებობს, არსებობს განაჩენი, სადაც წერია, რომ ხუტიაშვილმა 22 ტონა ყურძენი გაგვიყალბა და ის თანხა, რაც დარჩენილია, არის ჩვენი. ეს არის მტკიცებულება, რაზე ვდაობთ?! ვის გამოატანა? ვინ გადმოგვცა? აქ უნდა იყოს მტკიცებულება. მე თვითონ იურისტი ვარ, სასამართლო უტყუარ მტკიცებულებებს ეყრდნობა და სად არის ეს მტკიცებულება?! ვინაიდან ჩალათაშვილი მიხვდა, რომ კუთხეში იყო მიმწყვდეული და სხდომის ჩანაწერები გავშიფრეთ, თუ ვინმეა დაკითხული, ყველა ადასტურებს, რომ ეს ჩვენი ყურძენი იყო, საკრებულოდან ამოღებულია ქვითრები, რომელიც გაწერილია მამაჩემის სახელზე და რომელიც ადასტურებს, რომ ყურძენი ჩვენ გვეკუთნოდა. ესენი არიან ჩიხში და ჩალათაშვილს ერთი გზა დარჩა _ ან უნდა გამოიტანოს ის გადაწყვეტილება, რომ ქარხანამ თანხა ამინაზღაუროს, ან უნდა გამოიტანოს არასწორი გადაწყვეტილება და ერთ სიტყვას დაეყრდნოს, რომ თურმე ჩვენთან თანხა ვიღაცას გამოატანეს. ამის გაკეთებას ვერ ბედავს და, ფაქტობრივად, სასამართლო პროცესებს დებს ამის გამო. ამ დროს დარჩენილია მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ ახლა ასეთი რამ მოიფიქრეს: 3 წელია, ქარხნის დირექტორი როზმან რუსია დაკარგულია და ამდენი წლის განმავლობაში მესმის, რომ საზღვარგარეთ არის წასული. მჯერა თუ არა, ეს სხვა თემაა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ხომ იმალება?! ახლა გამოჩნდა და მაკლერთან აღიარა, რომ ხუტიაშვილის 20 000 ლარი მართებს. ხუტიაშვილმა ამის გამო შეიტანა სარჩელი, ამინაზღაუროსო, იგივე ქვითრებზეა საუბარი. ეს საქმე აწერია მოსამართლე რომან კუპატაძეს. გუშინწინ მოითხოვეს, 12-დღიანი ვადა მოგვეცით, კუპატაძემ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ქარხანას მაკლერის სასარგებლოდ ვალი დააკისროს და შემდეგ გაარჩიეთ ჩვენი საქმეო. რუსია არანაირ თანხას არ მისცემს ხუტიაშვილს, ერთ თამაშს თამაშობენ, განაჩენში წერია, რომ 15 გაყალბებული ქვითარი აქვს, საკრებულოს თავმჯდომარეც არის დაკითხული, აღიარებითი ჩვენება აქვს. არ ვიცი, აქ რა იყო ჩადებული, ის, რომ დაზარალებულად არ ვიყავი ცნობილი, არ მიმიწვდებოდა მასალებთან ხელი და ამიტომ, მაგრამ ეს მალე გავიგე და საოლქო და მთავარ პროკურატურაში გადავინაცვლე. ამიტომ სიტუაცია ვეღარ მართეს, არ იყო იქ ჩადებული, რომ ქარხანას ჩემთვის თანხა უნდა გადაეხადა. ძალიან რომ გახმაურდა, სიტუაცია უმართავი გახდა, მთავარი პროკურატურა და გენინსპექცია ჩაერთო. სამსახურიდან განთავისუფლება არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოიხსნა. ახლა ვაპირებ, მოსამართლე კუპატაძეს მივმართო, რომ ამ საქმეში ჩამრთოს. ამის შემდეგ ნანა ჩალათაშვილი უკვე რა მიმართულებით წავა, აღარ ვიცი. _ მოსამართლის მიმართ თქვენი პრეტენზიის თაობაზე იუსტიციის საბჭოს მიმართეთ? _ როგორ არ მივმართე, წერილობითაც და პირადადაც შევხვდი. რატომ არ ახდენს რეაგირებას საბჭოს მდივანიო. კი მაგრამ, ამ საბჭოს თავმჯდომარე ხომ ჰყავს?! მასაც მივმართე წერილობით და პასუხი მივიღე, რომ ვერ ჩაერეოდა, რადგან ეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კომპეტენციაში არ შედიოდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ამავდროულად, არის იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე, გამოვყოთ ცალ-ცალკე, ლევან მურუსიძე არის მდივანი, თავმჯდომარეს რა ევალება?! განცხადებას რეაგირება არ უნდა მოჰყვეს?! დაწყებულია მოკვლევაო და რამდენი ხანი უნდა გაგრძლდეს?! ნინო გვენატაძემ ძალიან კარგად იცის, რა არ ევალება, მაგრამ რაც ევალება, იმას აკეთებს?! თუ იცის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციები, რომ მოსამართლე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, არც არავინ ახვევს თავს აზრს ნანა ჩალათაშვილს, რომ ჩემ სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება, მასალებს უნდა დაეყრდნოს, მაგრამ ამას 3 წელი დასასრული რომ არ აქვს, 3 თვეში ერთხელ რომ ინიშნება პროცესი, გასაგებია, ამის კონტროლი რომ არ ევალება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მაგრამ იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს რატომ არ ევალება?! ვინ უნდა გააკონტროლოს ეს სიტუაცია?!  

                                                                                                            თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება