ლარის კურსი ახალ კალაპოტს ეძებს. ქვეყნის მთავრობა წლის ბოლომდე ლარის კიდევ უფრო გამყარებაზე საუბრობს. ამას იმპორტირებული პროდუქტის გაიაფება და ინფლაციის შემცირება მოჰყვება.
იმ მაკროეკონომიკური მონაცემებით, რომელიც გლობალურ სურათს ხატავს, ლარის კურსის სწრაფი გამყარების საფუძველი, ფაქტობრივად, არ არსებობს. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, იანვარ-აპრილში საგარეო ვაჭრობაში კატასტროფული დისბალანსი აღინიშნა. უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 63%-ს მიაღწია, ანუ იმპორტმა ექსპორტის მოცულობას 2 მილიარდი დოლარით გადააჭარბა.
წინა თვეს გაიზარდა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის აპრილში საქართველოში 94,8 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც 4%-ით (3,7 მილიონი დოლარით) მეტია 2015 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. თუმცა, ექსპერტების თქმით, ასეთი ზრდა ვერ იქნება ლარის კურსის გამყარების სერიოზული საფუძველი. ეკონომისტ ვახტანგ ხომიზურაშვილის თქმით, ვერ ვიტყვით იმასაც, რომ ლარზე მოთხოვნა განპირობებულია რეალური ბიზნეს-სექტორის განვითარებით, პირიქით _ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი დღეს ძალიან დიდ სირთულეებს განიცდის და საინვესტიციო ნაკადების ოდენობა ეკონომიკის საწარმოო სექტორში სულ უფრო და უფრო მცირდება.
მაშ, რა მიზეზით მყარდება ეროვნული ვალუტა და ხდება თუ არა მისი ხელოვნურად გამაგრება, ამასთან დაკავშირებით საუბრები არ წყდება.
სოსო არჩუაძე _ ექსპერტი, ეკონომისტი:
_ ამ პროცესში, გარკვეულწილად, სუბიექტური ფაქტორები მონაწილეობს, მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენადაა იგი განმსაზღვრელი. უფრო ობიექტურ ფაქტორებთან გვაქვს საქმე და ეს ტენდენცია ჩვენი ეკონომიკის კი არა, გარე ფაქტორების დამსახურებაა, რომელშიც საქართველოა ჩართული.
აკაკი ცომაია _ ექსპერტი:
_ მიმდინარე მაკროეკონომიკური, როგორც ფისკალური, ისე მონეტარული პოლიტიკა გაუფასურებას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე გამყარებას. ასე რომ, ლარი ხელოვნურად არ მყარდება. გვაქვს გამყარების რამდენიმე მიზეზი:
ა) მთავარი მიზეზი: მთლიანად რეგიონში, ანუ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში სიტუაცია, მეტ-ნაკლებად, დასტაბილურდა. მეტიც, მათი ვალუტებიც მყარდება აშშ დოლართან მიმართებით, ასე რომ, ჩვენი ნომინალური გაცვლითი კურსიც ისე კორექტირდება, რომ ჩვენი ფასების დონე მოერგოს ფასების შესაბამის დონეს აღნიშნულ ქვეყნებს შორის;
ბ) წმინდა ექსპორტი იზრდება, ანუ სავაჭრო დეფიციტი მცირდება. ბოლო ოთხი თვის მონაცემებით, სამკურნალო საშუალებების იმპორტის გამოკლებით (რომელშიც არ ვიხდით უცხოურ ვალუტას), იმპორტი უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე ექსპორტი, რამაც უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა შეამცირა;
გ) ტურიზმიდან უცხოური სავალუტო შემოდინებები იზრდება და სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად გაიზრდება;
დ) მოლოდინია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებისა და ზოგადად იმისა, რომ ლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდება, რაც ზოგიერთ ეკონომიკურ სუბიექტს უბიძგებს, რომ დოლარში განთავსებული რეზერვები ლარში გადაიყვანოს.
ეროვნული ვალუტის გამყარების ორ ძირითად მიზეზს ასახელებს ვახტანგ ხომიზურაშვილი:
_ ლარი საკმაოდ სწრაფად მყარდება და ეს ფაქტია. ლარის გამყარება ნაწილობრივ განპირობებულია (და აქ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს) ისეთი საგარეო ფაქტორებით, როგორიცაა:
_ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება (აზეიბარჯანში ნავთობის ფასების დარეგულირება);
_ ფულადი გზავნილებისა და ტურისტული ნაკადების ზრდა და ა. შ.
მაგრამ ლარის გამყარება, ძირითადად, განპირობებულია ლარის კურსის კორექციით (სწრაფი დევალვაციის შემდეგ), ანუ ლარის დევალვაციის პერიოდში მსგავი მკვეთრი გაუფასურება მიღწეული იყო „დევალვაციის მოლოდინების“ ფონზე, როდესაც აშშ დოლარზე მოთხოვნა „თავის დაცვის“ მიზნით იყო განპირობებული. ეს ბუნებრივიც არის, იქიდან გამომდინარე, რომ ვალუტით ვაჭრობის პროცესი, ჯერ ერთი, არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და მეორეც _ სავალუტო კურსის ფორმირების მექანიზმი წარმოდგენილია დამახინჯებული ფორმით, რომელიც არ იძლევა ობიექტური და „სამართლიანი“ სავალუტო კურსის ფორმირების საშუალებას.
განსჯის საგანია ასევე ეროვნული ბანკის პოლიტიკაც ლართან მიმართებით. საზოგადოებისა და ექსპერტთა ნაწილი გამართლებულად მიიჩნევს სებ-ის პოლიტიკას.
ვახტანგ ხომიზურაშვილი:
_ მას შეეძლო, შეენელებინა ლარის გამყარების ტემპი, მაგრამ ფაქტია, რომ ლარი თავის „წონასწორობის წერტილს“ უბრუნდება. ერთი რამ უნდა აღინიშნოს _ ვალუტის კურსი მაშინ ითვლება „სტაბილურად“, როდესაც ის გარკვეულ დიაპაზონში მერყეობს. ცალმხრივი კურსის ცვლილების ტრენდები მიუთითებს ვალუტის „არაჯანსაღ“ მდგომარეობაზე. ვალუტის კურსის ერთი მიმართულებით ცვლილება გრძელვადიან პერიოდში ნეგატიურად მოქმედებს ნებისმიერ ბიზნესზე, რომელსაც, პრაქტიკულად, არ შეუძლია გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება და, აქედან გამომდინარე (როგორც წესი), საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე უარს ამბობს, რაც იმას ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, ზარალდება ეროვნულ (და საექსპორტო) წარმოებაზე ორიენტირებული ბიზნესი, რასაც მოჰყვება უმუშევრობის ზრდა, მოხმარებისა და ცხოვრების დონის შემცირება.
თუმცა საზოგადოებისა და ექპერტების ნაწილი ვერ თანხმდება ეროვნული ბანკის პოლიტიკის მართებულობაზე...
აკაკი ცომაია:
_ ეროვნული ბანკი უფრო სათავისოდ ზრუნავს, რეზერვებს შავი დღისთვის ივსებს. სებ-ს ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედების გზით ეკონომიკის სტიმულირების მცდელობა აქვს, იგი პერიოდულად ატარებს ინტერვენციებს და ზრდის ლარის აქტივების გამოყენებაზე ხელმისაწვდომობას. ასევე ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ შეინიშნება გარკევული ნიშნები დედოლარიზაციის წინააღმდეგაც. ამის მაგალითია ლარზე სავალდებულო რეზერვების შემცირება და დოლარზე სავალდებულო რეზერვების გაზრდა. ერთია, რა სურს სებ-ს, მეორეა, როგორ რეაგირებს ამაზე საზოგადოება? სურს კი საზოგადოებას უფრო მეტი ლარის გამოყენება დღეს, რადგან იგი უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა? გაიზრდება კი დაკრედიტების რაოდენობა ამით სინამდვილეში? გაიზრდება კი მოხმარების რაოდენობა? მოუნდებათ კი ადამიანებს უფრო მეტი დანაზოგის განთავსება ლარში, ვიდრე დოლარში? საზოგადოება, რომელიც ცალკეული სუბიექტებისგან შედგება, გადაწყვეტილებებს იღებს მოლოდინების საფუძველზე და, ასე თუ ისე, ცდილობს, რომ რაციონალური იყოს.
სებ-ის მიმდინარე პოლიტიკა არაფერს აშავებს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ მოცემულ პირობებში სანიმუშოდ იქცევა, ანუ იმ პირობებში, როდესაც ლარის გამყარების ტრენდი მომავალშიც შენარჩუნებულია. მაგრამ თუ საგარეო ფაქტორები ჩვენ საწინააღმდეგოდ მოულოდნელად ისევ შემობრუნდება (და ეს არავინ იცის, ისევე როგორც არ ვიცოდით ორი წლის წინათ), სებ-ის მიმდინარე პოლიტიკა შეიძლება შევადაროთ ცეცხლთან თამაშს. სახელდობრ, დედოლარიზაციის მიმართ კი ძალზე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან მიმაჩნია, რომ:
1) დოლარიზაცია არ ქმნის პრობლემას საზოგადოებაში. მიმდინარე სიტუაციაში ეს საზოგადოების არჩევანია და ადამიანების რაციონალურ გადაწყვეტილებებზეა დაფუძნებული, მაგრამ დოლარიზაცია ნამდვილად არის თავის ტკივილი სებ-ისთვის;
2) თუ ეს მივიჩნიეთ პრობლემად, მაშინ დედოლარიზაციის უზრუნველყოფა შეიძლება მხოლოდ სწრაფი და შეუქცევადი ეკონომიკის ზრდის პირობებში და ისიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სებ-ის ნებისმიერ მცდელობას ამ მიმართულებით არ ექნება შედეგი, ხოლო ნებისმიერი ტიპის ინტერვენციას ან გადაწყვეტილებას ამ მიმართებით თავისი ფასი აქვს.
ეროვნული ვალუტის გამყარება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაზრდაზე აისახება, თუმცა ამან შეიძლება დამატებითი ბარიერები წარმოქმნას ექსპორტისთვის. აქაც ბევრი ფიქრია საჭირო და სწორი გადაწყვეტილების მიღება. ზოგადად, მოძრავ სავალუტო რეჟიმში ნომინალური გაცვლითი კურსი მხოლოდ იმისთვის იცვლება, რომ ფასების დონე დაასტაბილუროს.
აკაკი ცომაია:
_ დავუშვათ, რუსული რუბლი გაუფასურდა დოლართან მიმართებით, ხოლო ლარი იგივე დარჩა დოლართან მიმართებით. რუსეთში ნაყიდი საქონელი გაიაფდება საქართველოში, რადგან ახლა ერთი რუბლით ნაკლები რაოდენობის ლარის ყიდვა შეიძლება, ხოლო ქართული საქონელი რუსეთში გაძვირდება, რადგან ერთი ლარით მეტი რუბლის ყიდვა შეიძლება ახლა. ე. ი. ფასებზე იმოქმედებს და კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებადს გახდის სიტუაციას მოკლევადიან პერიოდში. მაგრამ თუ რუბლთან ერთად ლარიც გაუფასურდება, მაშინ ქვეყნების საქონლის შედარებით ფასებს შორის სტატუს-კვო შენარჩუნდება. მხოლოდ ეს არის ნომინალური გაცვლითი კურსის ამოცანა და ეს ამოცანა კარგად მიიღწევა მცურავი სავალუტო რეჟიმის პირობებში; ხოლო რუსული რუბლი ჩვენთვის მანამდეა აქტუალური, სანამ რუსეთი ჩვენი სავაჭრო-პარტნიორი ქვეყანაა. ძირითადი სავაჭრო-პარტნიორები რომ ყოფილიყვნენ ევროკავშირის ქვეყნები, აშშ ან/და სამხრეთ აზიის ქვეყნები, ლარი დღეს გაცილებით სტაბილური ვალუტა იქნებოდა და ეკონომიკური მდგომარეობა და ზრდის პირობები ჩვენთვის უფრო სახარბიელო. ასე რომ, პრობლემის მოგვარების გზა ეკონომიკის დივერსიფიკაციაშია, რისი მიღწევაც შეიძლება აღნიშნულ ბაზრებზე მოთხოვნადი პროდუქციის წარმოებაში, რამაც უნდა მოგვიტანოს სწრაფი, შეუქცევადი და გრძელვადიანი ეკონომიკის განვითარება. ასე რომ, გასაღები სებ-ის მონეტარულ გადაწყვეტილებებში ნამდვილად არ დევს. საუკეთესო შემთხვევაში ის არაფერს ცვლის. უფრო მავნეა, ვიდრე სასარგებლო.
პროგნოზი ვალუტასთან მიმართებით რთულია. ამ ეტაპზე, მსოფლიო ტენდეციებიდან გამომდინარე, ლარი შეიძლება კიდევ გამყარდეს, თუმცა ეს პროცესი, რა თქმა უნდა, უსასრულო არ იქნება.
ვახტანგ ხომიზურაშვილი:
_ ეროვნულ ბანკს მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში შეუძლია ოპერირება მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებით. რაც შეეხება გრძელვადიან პერიოდს, ეს მხოლოდ სამთავრობო ეკონომიკური გუნდის ხელშია. მთავრობამ უნდა იფიქროს (და არ ფიქრობს) იმაზე, თუ როგორ შეაჩეროს „დოლარიზაციის“ პროცესი და როგორ გაზარდოს „პორტფელური“ და პირდაპირი ინვესტიციები _ ეკონომიკის რეალურ სექტორში. თუ ჩვენ სავალუტო-საინვესტიციო ნაკადების მზარდ ტენდენციას მივაღწევთ, მხოლოდ ამის შემდეგ ლარის კურსი უფრო მდგრადი და (პირობითად) პროგნოზირებადი გახდება. ამას კი ესაჭიროება „საინვესტიციო რეფორმა“, რომლის დაწყებასაც ჯერ „პირი არ უჩანს“.
თავად ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ შემდგომში ინფლაცია ზომიერად შემცირდება და მიმდინარე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება. რეალურად, არავინ იცის, რას უნდა ველოდოთ მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ეროვნულმა ვალუტამ ისეთ შოკში აღარ ჩააგდოს ქვეყნის ეკონომიკა, რომლის კრიზისიდანაც საზოგაოება თვეების მანძილზე იძვრენდა თავს.
ნინო ტაბაღუა