QronikaPlus
მამუკა ნოზაძე: ,,ბუგიანაშვილი იმ დაჯგუფების წევრია, რომელსაც მურუსიძის კლანი მართავს!“

მამუკა ნოზაძე: ,,ბუგიანაშვილი იმ დაჯგუფების წევრია, რომელსაც მურუსიძის კლანი მართავს!“

2016-05-30 12:49:51

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ბესიკ ბუგიანაშვილმა ერთი კვირის წინათ ე. წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და 6 ადამიანი ციხეში თვალის დაუხამხამებლად გაუშვა. განაჩენის სამოტივაციო ნაწილი ჯერაც არავის უნახავს. „ქართული ოცნების“ ფანატიკური მომხრეები იმაზე აპელირებენ, რომ გადაწყვეტილება ჯერ უცნობია და არავინ იცის, რა ფორმით არის იქ დასაბუთებული განაჩენი და ეს ადამიანები ნამდვილად იყვნენ თუ არა ასეთი დასჯის ღირსნი? ამბობენ, ჯერ ნახეთ ეს დოკუმენტი და პრეტენზია მერე განაცხადეთო. საზოგადოების მეორე ნაწილი კი ცალსახად ამბობს, რომ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ადვოკატი მამუკა ნოზაძეც საზოგადოების იმ ნაწილს განეკუთვნება, რომელიც აცხადებს, რომ ამ საქმეში თავიდანვე იყო გამოკვეთილი პოლიტიკური ნიშნები. თავდაპირველად გაგაცნობთ ბესიკ ბუგიანაშვილის ბიოგრაფიას, საიდანაც, ბევრი საინტერესო მომენტი იკვეთება: დაიბადა 1980 წლის 7 აპრილს ქ. თბილისში; 1997 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 174-ე საშუალო სკოლა; 2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით; 2003-2004 წლებში ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში; 2006 წლის 7 ოქტომბერს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში; 2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში წამყვან სპეციალისტად. 2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად; 2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად; 2008 წლის პირველი დეკემბრიდან 2010 წლის 19 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსად (კუბლაშვილის დროს, _ ავტ.); 2009-2010 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ; 2012 წლის 19 მაისიდან მივლინებულ იქნა თეთრი წყაროს რაიონულ სასამართლოში, ამავე წლის 25 ივნისიდან დაევალა თეთრი წყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება; 2012 წლის 14 ნოემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.   ადვოკატ მამუკა ნოზაძის თქმით, ყველასთვის ცნობილია, რა ხდებოდა ამ უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში იმ წლებში, როცა ბუგიანაშვილი სწავლობდა. სასწავლებლის ბევრი კურსდამთავრებული თავადაც არ მალავს, რომ გადაიხადეს ფული და ასე მიიღეს დიპლომები, _ ბუგიანაშვილის საქციელებიდან გამომდინარე არ გამოვრიცავ, რომ ისიც სწორედ ასეთი სტუდენტი იყო. მამუკა ნოზაძე: _ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, წინა სასამართლო სხდომაზე, პროკურატურას უარი უთხრა გარკვეული სახის მტკიცებულებების მიღებაზე და დაცვის მხარის მტკიცებულებები მიიღო, მაგრამ მერე სასამართლოში გაასაჩივრეს და სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა. ასეთი ობიექტური გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლე დავით ჯუღელი შემდგომ სასამართლო ხელისუფლებაში მოკალათებული „ბოსების“ დანაშაულებრივი დაჯგუფის მსხვერპლი გახდა. მას დაუმთავრდა მოსამართლეობის უფლებამოსილების ვადა და იუსტიციის საბჭოს მიერ მხარდაჭერა ვეღარ მიიღო და მოსამართლე ვეღარ გახდა. აქედანაც ჩანს, რომ ეს საქმე ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული დაინტერესების სფეროს განეკუთვნებოდა. შემდგომში დიდი პრეტენზიები იყო ადვოკატების მხრიდანაც, რომ მათ არ გადაეცათ სახელმწიფოს მხრიდან გასაიდუმლოებული დოკუმენტები. ამის მოტივად დაუსახელეს ის, რომ ოფისში დამცავი ოთახი არ ჰქონდათ და შესაძლებელი იყო, ეს დოკუმენტები დაკარგულიყო, ან გამჟღავნებულიყო. ეს გახლდათ საკითხის მიმართ დანაშაულებრივი მიდგომა, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში წერია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობა უნდა იყოს დაცული და აქედან გამომდინარე, მხარეები ვალდებულნი არიან, მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები გადასცენ ერთმანეთს: დაცვის მხარემ _ ბრალდებას და პირიქით. აღნიშნული ვალდებულება პროკურატურამ არ შეასრულა. ცხადია, პროკურატურას არავინ ჰკითხავდა, საადვოკატო ბიურო, რომელიც ამ საქმეზე მუშაობდა, იყო თუ არა დაცვით უზრუნველყოფილი. თუ ეს დოკუმენტები ვინმეს ხელში აღმოჩნდებოდა, ბუნებრივია, ამაზე პასუხისმგებელი თავად დაცვის მხარე იქნებოდა და არა პროკურატურა. ყველამ კარგად დაინახა ისიც, რომ პროკურატურა ადვოკატებს აიძულებდა, დამამცირებელ სიტუაციაში ემუშავათ. ეუბნებოდნენ, ჩვენ შესაბამის პირობებს შეგიქმნით, მოდით პროკურატურაში და აქ გაეცანით საქმეებსო. რადგან დაცვისა და ბრალდების მხარე ამაზე ვერ შეთანხმდა, დაცვის მხარის უფლება დაირღვა, რადგან მას მტკიცებულებები არ გადაეცა. თუმცა ამის შემდეგ საქართველოს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და ღიად მოჰყვა ამ საქმის გარემოებებს. ივანიშვილი ქვეყნის ფორმალური ხელმძღვანელიც რომ ყოფილიყო, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, ეს ინფორმაცია მას ჰქონოდა. ასეთი რამ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში გახდებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი იმ პირის მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბრებდა და რომელიც მას კანონით არ უნდა სცოდნოდა. გარდა ამისა, ამ საქმის დეტალებზე ჰყვებოდნენ იმ პერიოდში უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და უმრავლესობის დეპუტატები. ყველამ კარგად იცის, რომ პროკურატურა არ არის დამოუკიდებელი. ვისაც ეს სხვაგვარად ჰგონია, უნდა ვიფიქროთ, რომ მას სერიოზული პრობლემა აქვს ფსიქიკასთან დაკავშირებით. ყველას გვახსოვს ფარცხალაძის ისტორიაც, თუ როგორ დაინიშნა ის მთავარ პროკურორად და მერე როგორ გაირკვა, რომ  გერმანიაში ქურდობისა და სხვადასხვა დანაშაულისთვის იყო ნასამართლები. გერმანიასა და დასავლეთ ევროპაში ბოტასების ქურდობისთვის და საჭმლის მოპარვისთვის თავდაპირველად არავის აპატიმრებენ, ცხადია, თუ ამას სისტემური ხასიათი არ აქვს. რადგან ფარცხალაძე დააპატიმრეს, ე. ი. მან რამდენჯერმე ჩაიდინა ასეთი ქმედება. ფარცხალაძის დანაშაულს სისტემური ხასიათი ჰქონდა და გერმანიის სახელმწიფოც იძულებული გახდა, ის პასუხისგებაში მიეცა. ასეთი პიროვნება, რომელიც იურისპრუდენციაში არაფრით გამოირჩეოდა და ერთი ჩვეულებრივი ფინანსური პოლიციელი იყო, მთავარ პროკურორად დანიშნეს, სადაც მას თავისი დაჯგუფების წევრები გადაჰყვნენ _ შოთაძე და სხვები. ამჯერად კი მთავარი პროკურორი არის შოთაძე, რომელიც ღარიბაშვილისგან იმართებოდა, ახლა კი მართულია ივანიშვილისგან და „ქართული ოცნების“ ელიტის წარმომადგენლებისგან და ასეთი პროკურატურისგან სხვას რას უნდა ველოდეთ? _ ისევ ბუგიანაშვილის შესახებ ვისაუბროთ, მას სხვა დროსაც გამოჰქონდა უკანონო გადაწყვეტილებები? _ ეს არის რეზიუმე ბუგიანაშვილის ქმედებასთან დაკავშირეებით. იმ ხალხს, ვინც განაჩენის სამოტივაციო ნაწილს ელოდება, იმედებს წინდაწინვე გავუცრუებ და ვეტყვი, რომ ამ საქმის განაჩენი ვერ იქნება დასაბუთებული იმიტომ, რომ საქმეში არ არის მტკიცებულებები და მოსამართლეც თავის განაჩენს ვერაფრით დაადასტურებს. კარგად ვიცით, რომ მოსამართლეები განაჩენებსა და გადაწყვეტილებებს ხშირად ვერ ასაბუთებენ და ამიტომ მოკლე მიმოხილვით შემოიფარგლებიან და მხოლოდ ბრალდების მხარის პოზიციას იმეორებენ. ბუგიანაშვილიც, როგორც ბევრი სხვა მოსამართლე, ყოველთვის იყო ხელისუფლების მითითებების აღმსრულებელი, რადგან თავისი ბუნებით მონა ადამიანი გახლავთ და არც სამართლებრივ სფეროშია დიდად განსწავლული. ის ყოველგვარი დამსახურების გარეშე აღმოჩნდა მოსამართლედ. როგორც მისი ბიოგრაფიიდან ჩანს, ბუგიანაშვილი უზენაეს სასამართლოში ერთ-ერთი სექტორის უფროსი იყო და მას კოტე კუბლაშვილი მფარველობდა. სწორედ კუბლაშვილის დროს დაინიშნა ის მოსამართლედ. საგულისხმოა ისიც, რომ ის გახლავთ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი მოსამართლე _ იური ტყეშელაშვილის ნათესავი. ტყეშელაშვილი ამჟამად მოსამართლე აღარ არის, მაგრამ მან მოასწრო და ნათესავები გახადა მოსამართლეებად, რადგან კოტე კუბლაშვილის კარზე დიდი გავლენით სარგებლობდა. საგულისხმოა ისიც, რომ ბესიკ ბუგიანაშვილის ძმაც _ ვალერი ბუგიანაშვილიც, ამჟამად სიღნაღის რაიონში მოსამართლეა. მანამდე, „ნაცმოძრაობის“ დროს, ეს ადამიანი სახელმწიფო კანცელარიაში, იურიდიულ სამსახურში მუშაობდა და, რა თქმა უნდა, იურიდიულად „აპრავებდა“ იმ ხელისუფლების საქმეებს და უკანონო გადაწყვეტილებებს, რიმელსაც მაშინ იღებდა საქართველოს მთავრობა. დღეს სასამართლო სისტემაში ასეთი ტენდენცია არსებობს _ ძმები, ნათესავები და ოჯახის წევრები არიან თანამდებობებზე, ამიტომაც ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის ერთი დაჯგუფება და ამ სფეროში ისინი უცხოს და ახალს არ უშვებენ. ბესიკ ბუგიანაშვილი შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, თუმცა ის მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებს არ განიხილავდა, _ განხილული აქვს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეებიც. ერთი პერიოდი ასევე მუშაობდა თეთრი წყაროს რაიონულ სასამართლოშიც. _ იქნებ, გაიხსენოთ კონკრეტული საქმეები, სადაც ბუგიანაშვილმა ასევე გამოამჟღავნა მიკერძოებულობა, ან ე. წ. პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა? _ თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობის დროს მან განიხილა ერთ-ერთი სამოქალაქო საქმე, სადაც დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო, _ მან ადამიანს საკუთრების უფლება შეუზღუდა. ეს ადამიანი იყო თბილისში ერთ-ერთი ქონების, საცხოვრებელი ბინის კეთილსინდისიერი შემძენი. აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში გადაფორმდა. სამართლებრივად ყოველმხრივ დადასტურებული იყო, რომ ამ პიროვნებამ ბინა კანონიერად შეიძინა, მაგრამ მამანდე იქ ასევე ცხოვრობდა და მფლობელობის უფლება ძველი კანონმდებლობით ჰქონდა მინიჭებული უწინდელი მფლობელის რძალს. ახალმა მფლობელმა მოითხოვა, ეს ადამიანი ბინიდან გამოესახლებინათ, რადგანაც კანონის ძალით მხოლოდ ის იყო მესაკუთრე და ეს დასტურდებოდა კიდეც საჯარო რეესტრის ჩანაწერით. ძველ მეპატრონეს თუ ჰქონდა ამ ქალბატონთან რაიმე ვალდებულებები, ახალი მეპატრონე ამასთან არაფერ შუაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი დასაბუთებული გახლდათ, ბესიკ ბუგიანაშვილმა მის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ, თურმე, ძველი მესაკუთრის ვალდებულებები ამ ადამიანის მიმართ, ახალ მესაკუთრეზეც გადმოვიდა. საქმე გვაქვს ძალიან ალოგიკურ შემთხვევასთან და სწორედ ასეთ უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა ბუგიანაშვილი სამოქალაქო საქმეების განხილვის დროსაც. როცა 2012 წლის ოქტომბერში არჩევნები ჩატარდა, ბუგიანაშვილი თეთრი წყაროს რაიონულ სასამართლოში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებამ“ ხმების საკმაო რაოდენობა მიიღო, სასამართლოებში კიდევ მიმდინარეობდა დავები მაჟორიტარებთან მიმართებით და მაინც არ იყო ბოლომდე გამოკვეთილი, რა და როგორ იქნებოდა, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობდა შედეგებს, თუ კონფრონტაციაზე წავიდოდა? თეთრი წყაროს რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ხაჭაპურიძე იყო. მან საოლქო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, ეს საქმე ბუგიანაშვილმა განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის _ ბეჟუაშვილისა და არა სამართლიანობის სასარგებლოდ. სხვა ბევრი ფაქტიდანაც ჩანს, რომ ეს ადამიანი ყოველთვის მიკერძოებულია. არადა, მოსამართლეს არ უნდა ემჩნეოდეს, რომ ის დაინტერესებულია რომელიმე მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებაში, ან მოწოდებული იმისთვის, რომ ხელისუფლების ინტერესი გაატაროს. ის მოსამართლის თანამდებობას ნამდვილად არ იმსახურებს და ვერც გახდებოდა მოსამართლე, რომ არა მისი ახლობელი ტყეშელაშვილი. ახლა კი მისი არაერთი ნათესავია სასამართლო ხელისუფლებაში მოკალათებული და, როგორც იტყვიან, „თავი ქუდში აქვს“. ამჟამად ბუგიანაშვილი იმ დაჯგუფების წევრია, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას მართავს. საუბარი მაქვს ცერცვაძე-მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე. რეალურად, ამ სფეროში პრობლემა მხოლოდ მურუსიძეში არ არის, რადგან მხოლოდ ის არ მართავს სასამართლოს. მის უკან დგას თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე _ ჩინჩალაძე. _ ვალერი ცერცვაძის შესახებ „ქრონიკა+“-ში ხომ უკვე ვწერდით?.. _ თქვენი გაზეთი ერთადერთი იყო, რომელმაც სიმართლე დაწერა, თუ ვინ არის ცერცვაძე და როგორ მოიხვეჭა მან ქონება. ყველაზე საგულისხმო კი მაინც ის არის, რომ იგი გახლდათ მარჯვენა ხელი ყოფილი გენპროკურორის _ ზურაბ ადეიშვილის. იყო ადეიშვილის მეგობარი და ყოველთვის ატარებდა იმ პოლიტიკას, რასაც ის ავალებდა. ადეიშვილის ძალისხმევით გახდა ის მოსამართლეც. კონკრეტული საქმეები ვიცი, სადაც ცერცვაძემ გავლენა მოახდინა სასამართლოზე, რათა ამა თუ იმ მხარის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიღებულიყო. ახლა წარმოიდგინეთ, კაცი რომელიც არის ზურაბ ადეიშვილის მონა, დღეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. ნინო გვენეტაძეს, ფაქტობრივად, არაფერი შეუძლია და სასამართლოს კვლავ ეს კლანი მართავს. როგორ გგონიათ, ადეიშვილის ასეთი ახლობელი „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს არ აწვდის მისთვის საინტერესო ინფორმაციას სასამართლოდან, ან არ არის მიკერძოებული მათ მიმართ? დარწმუნებული ვარ, რომ ადეიშვილი დღესაც ყველაფრის საქმის კურსშია, რა ხდება სასამართლოში. როცა მამუკა ახვლედიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბევრი მისამართლე და კოლეგიის თავმჯდომარე იყო გაქცეული და ზოგიც ქალაქში ვერ ჩნდებოდა, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდაო, ჩემი აზრით, მან ასევე იგულისხმა ცერცვაძე. სანდო წყაროს საშუალებით ვიცი, რომ ის მართლაც გაქცეული იყო საქართველოდან. მას თავისი საქმიანობიდან გამომდინარე თავად გაუჩნდა ეჭვი, რომ ახალი ხელისუფლება შესაბამის ღონისძიებებს გაატარებდა და მას პასუხისგებაში მისცემდნენ, მაგრამ ის კოჰაბიტირებულ იქნა ახალ ხელისუფლებასთან, გაურიგდა მას და, აქედან გამომდინარე, მიეცა  გარანტიები, რომ თავის დაჯგუფებასთან ერთად მიემსახურებოდა მას და უზრუნველყოფდა პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანებისთვის გამამტყუნებელი განაჩენების გამოტანას. ამას წინათ ცინიზმით ცნობილი თეა წულუკიანი გამოვიდა და საჯაროდ განაცხადა, რომ არსებობს მეორე და მესამე სასამართლო ინსტანციები, სადაც შეგიძლიათ სიმართლისთვის იბრძოლოთო, მაგრამ, რეალურად, საქართველოში არავითარი ზემდგომი ინსტანცია არ არსებობს და ამ ერთი კლანის მეშვეობით იმართება ყველა სასამართლო. სამწუხაროდ, უზენაესში ვერ მოხერხდა ახალი მოსამართლეების გამწესება, რათა მათ მაინც შეცვალონ სიტუაცია და პირველ და მეორე ინსტანციებში დაშვებული შეცდომები გამოასწორონ. _ ბუგიანაშვილის მიერ განხილული სხვა საქმეების შესახებ რა იცით? _ მე გესაუბრეთ იმ საქმეებზე, რომელზედაც თავად მქონდა შემხებლობა, თუმცა იურიდიულ სფეროში ის ცნობილი არის დაკვეთების შემსრულებელ მოსამართლედ, რომელიც ყველაფერზე წავა, რათა საკუთარი სკამი შეინარჩუნოს. ეს კაცი, თავისი ბუნებიდან და მენტალობიდან გამომდინარე, შემდგომ ხელისუფლებასაც კარგად მოერგება და მათ დაკვეთებსაც სიამოვნებით შეასრულებს. სამწუხაროდ, ადვოკატების დიდი ნაწილი ასეთი მოსამართლეების მიმართ შემგუებლური პოზიციით გამორჩევა, მაგრამ ასე თუ ყველაფერს შევეგუებით, უკეთესი ქვეყანა არასდროს გვექნება. P. S. „ქრონიკა+“-ში ერთი წლის წინათ დაიბეჭდა ადვოკატ ზურაბ როსტიაშვილის ინტერვიუ, სადაც ასევე საუბარი იყო მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილის მიერ განხილული საქმის უარყოფით დეტალებზე. ადვოკატის თქმით, კახაბერ ჯმუხაძე და დავით კალატოზი პატიმრობაში 9 თვე იმყოფებოდნენ. კანონის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში სასამართლოს უნდა გამოეტანა განაჩენი _ გაეგრძელებინა პატიმრობის ვადა, ან გაეთავისუფლებინა ისინი, რაც ასე არ მოხდა. როსტიაშვილი ამ საქმეში არსებული დარღვევების ცალკეულ დეტალებზე ვრცლად ვგვესაუბრა, თუმცა ჩვენ ამ საქმიდან მხოლოდ იმ მომენტებს შეგახსენებთ, სადაც მან ბუგიანაშვილზე ისაუბრა. ამბავი კი, რის გამოც ამ ორ ადამიანს  ასამართლებდნენ, ასე დაიწყო: „სპორტის სასახლესთან არის კაფე-ბარი „საბვეი“, სადაც კახა და დავითი შაურმას მიირთმევდნენ. როგორც თავად განმარტავენ, ამ დროს ბარში ორი თურქი შევიდა და ერთ-ერთმა, რატომღაც, კახას შაურმას დაადო ხელი. ამის გამო მოუხდათ კამათი, ეს იყო უმნიშვნელო კონფლიქტი, თუმცა ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა. თავდაპირველად დაცვის პოლიცია მოვიდა. დაცვის პოლიციელ გოგოლიანს ჯმუხაძისთვის უთქვამს, _ დაგაჩოქებ და იარაღს შეგტენიო! ჯმუხაძისგანაც მიუღია პასუხი, რის შემდეგაც კრიმინალური პოლიცია გამოიძახეს. მათ ჯმუხაძე და კალატოზი დააკავეს და ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, რომელიც ტელევიზიის გვერდით არის. ჩაიყვანეს სარდაფში, სადაც პოლიციის ორმა თანამშრომელმა, ღიღელიანმა და ჩუბინიძემ, ტანზე მაისურები შემოიხიეს და დაპატიმრებულებს უთხრეს, _ ეს იქნება იმის მტკიცებულება, პოლიციას წინააღმდეგობა რომ გაუწიეთო! ჯმუხაძე და კალატოზი ამტკიცებენ, რომ როცა კაფე-ბართან კრიმინალური პოლიცია მივიდა, ისინი კალატოზს ეუბნებოდნენ, შენთან საქმე არ გვაქვს და წადიო, მაგრამ მან მეგობარი არ მიატოვა და მერე მასაც შეუთხზეს არა მარტო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდება, არამედ თურქი მოქალაქის ძარცვა. დაწერეს, რომ საფულეს ართმევდაო. ორივე დაპატიმრებული პოლიციის სამმართველოში სასტიკად სცემეს. `კაპეზეს~ დაფიქსირებული აქვს ეს ფაქტი, როცა ისინი იქ გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა მათ დაპატიმრებას მოითხოვდა, მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანმა არც ერთს არ შეუფარდა პატიმრობა და გირაოდ თითოეულ მათგანს 8 ათასი ლარი დაუწესა. ისეთი გაჭირვებული ოჯახებიდან არიან, იცოდნენ, რომ ამ თანხას ვერ გადაიხდიდნენ, ამიტომ პატიმრობა მოითხოვეს“. როგორც ზურაბ როსტიაშვილი ამბობდა, საქმეში, პოლიციელების მხრიდან, უამრავი უზუსტობა და დარღვევა იყო, რაც მოსამართლეს აუცილებლად უნდა დაენახა, მაგრამ ასე არ მომხდარა. სასამართლო პროცესზე მოწმეებად გამოვიდნენ პოლიციელები და მოქალაქეები, რომელთა ჩვენებებიც ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან. 12 მაისს 9-თვიანი ვადა გადის და ამ ეტაპისთვის მხოლოდ 3 მოწმე ჰყავთ დაკითხული. ამჯერად საქმეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილი იხილავს, რომელმაც წინა პროცესზე პროკურორს უთხრა, _ პატიმრობის ვადა გადის და დროულად მოიყვანეთ მოწმეებიო. პროკურატურა რას გააკეთებს, ეს მოსამართლის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს, მაგრამ სამწუხარო რეალობა ასეთიაო. ასე რომ, ბესიკ ბუგიანაშვილისთვის ტენდენციური გადაწყვეტილების მიღება არც უცხო ყოფილა და არც ერთადერთი. დანარჩენზე კი დასკვნა საზოგადოებამ გამოიტანოს.  

                                                                                                                ნელი ვარდიაშვილი

     

გაზიარება