გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##11-17.
ჩემ წინ 1937 წლით დათარიღებული სისხლის სამართლის საქმეა, რომელსაც ნაცრისფერ ყდაზე გაკრული ხელით 9241 ნომერი აქვს მინიჭებული. ყდაზე იმავე ხელით, რუსულად საქმის ფიგურანტის გვარი, სახელი და მამის სახელია მიწერილი _ ვარდანაშვილი დიმიტრი მიხეილის ძე. სულ ერთი ტომია, სადღაც, 50-მდე გვერდი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო განყოფილებაში იგი ათასობით მსგავს საქმესთან ერთად ინახება. ვარდანაშვილის გვარი არაფერს მეუბნება. ტერორის პერიოდში უამრავი სისხლის სამართლის საქმეა გახსნილი და თუ პატიმარი, მეტ-ნაკლებად, ცნობილი პიროვნება არ გახლდათ, საზოგადოება მის ისტორიას საერთოდ არ იცნობს.
არადა, დიმიტრი ვარდანაშვილის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ ნამდვილად უნდა იცოდეს. ის არც პარტიული ოპოზიციის წევრი იყო, არც უცხო ქვეყნის ჯაშუში და არც მავნებელი. ვარდანაშვილი ანტისაბჭოთა აგიტაციისა და კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით დააკავეს. მისი შემთხვევა, ალბათ, ერთ-ერთ იმ უიშვიათეს გამონაკლისს წარმოადგენს, როდესაც გამოძიებას არაფრის გამოგონება არ უწევდა. ანუ ვარდანაშვილის საქმე არ გახლდათ ფალსიფიცირებული _ იგი საბჭოთა ხელისუფლების იდეური მოწინააღმდეგე იყო და 1937 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას აპირებდა.
წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ტოტალური დასმენების, საყოველთაო შიშისა და ყოვლისმომცველი ტერორის დროს დამოუკიდებელ საქართველოზე ფიქრობდა და სტალინის მიერ შექმნილ რეპრესიულ სისტემას შეგნებულად უპირისპირდებოდა.
სისხლის სამართლის საქმეში პირველი დოკუმენტი მისი დაპატიმრების ორდერია. დადგენილება 1937 წლის 23 მაისს, შინსახკომის მეოთხე განყოფილების (ანტისაბჭოთა ელემენტების წინააღმდეგ მებრძოლი ორგანო) ოპერრწმუნებულის, ნაცვლიშვილის მიერ არის ხელმოწერილი. საფუძველი სტანდარტულია: `ვარდანაშვილი აწარმოებს არალეგალურ, კონტრრევოლუციურ საქმიანობას~.
შემდეგ გვერდზე უკვე პატიმრის პირადი ანკეტაა, სადაც წერია, რომ ვარდანაშვილი 1916 წლის 20 დეკემბერს ქუთაისში დაიბადა. დაკავების მომენტში კი იგი თბილისში, მარტის ქუჩის 4 ნომერში ცხოვრობდა. ანკეტიდანვე ირკვევა, რომ 1931 წლიდან ვარდანაშვილი კომკავშირის წევრი იყო და სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსზე სწავლობდა.
ვარდანაშვილი ორდერის გაცემიდან ორი დღის შემდეგ, 26 მაისის ღამეს დააპატიმრეს. სტუდენტის ბინის ჩხრეკისას, რომელსაც შინსახკომის თანამშრომელი ოდიშარია აწარმოებდა, შემდეგი ნივთმტკიცებები ამოიღეს: ტიპოგრაფიული საბეჭდი ყუთი; ტიპოგრაფიული შრიფტი; საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ბეჭდური პროკლამაცია; მენშევიკური ლიტერატურა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას პორტრეტი; ცნობილი ქართველი მენშევიკის კაკი ჩხეიძის პორტრეტი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრის, ნოე რამიშვილის წიგნი `ისტორიული მატერიალიზმი~; ნოე ჟორდანიას წიგნი `ნაციონალურ საკითხებთან დაკავშირებით~; 1919 წელს გამოცემული ჟურნალი; სამხედრო რუკა და სმიტ-ვენსონის სისტემის რევოლვერი.
მხოლოდ ტიპოგრაფიული შრიფტის შენახვა იქნებოდა საკმარისი ვარდანაშვილის დასაპატიმრებლად, მის სახლში კი მენშევიკური ლიტერატურა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პროკლამაციაც კი აღმოჩნდა. შინსახკომის გამომძიებელი ჯიბლაძე, რომელსაც ვარდანაშვილის საქმე მიჰყავდა, მისთვის უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1937 წლის რეპრესიების დროს ხელმძღვანელობა შინსახკომის თანამშრომლებს ტროცკისტული ოპოზიციის ვრცელ სიებს და დაკავებულთა ანტისაბჭოთა საქმიანობის დამამტკიცებელ აღიარებით ჩვენებებს ითხოვდა. ამ მოთხოვნის შესასრულებლად გამომძიებლები, როგორც წესი, პატიმრების წინააღმდეგ ფიზიკური და მორალური წამების მეთოდებს იგონებდნენ. ისინი ხშირად პატიმრების ნაცვლად წერდნენ `აღიარებით ჩვენებებს~ და ცემისგან დაოსებულ ტუსაღებს ოქმზე ხელის მოწერას აიძულებდნენ.
ვარდანაშვილის შემთხვევა კი უჩვეულო იყო. ჯიბლაძის წინ 21 წლის ახალგაზრდა ბიჭი იჯდა, რომელიც არც მალავდა, რომ საბჭოთა წყობას ვერ ეგუებოდა და კომუნისტური რეჟიმის დამხობაზე ოცნებობდა. მთელი გამოძიება მხოლოდ ფორმალური დაკითხვით შემოიფარგლებოდა. ვარდანაშვილის წინააღმდეგ ფიზიკურ ზემოქმედებას აზრიც არ ჰქონდა _ გამოძიებას აკრძალული ლიტერატურისა და პროკლამაციის სახით უტყუარი სამხილი ჰქონდა, ვარდანაშვილი თავად ყვებოდა საკუთარ ისტორიას და ჯიბლაძეს მხოლოდ მისი მონათხრობის ოქმში გადატანა დარჩენოდა.
პირველი დაკითხვა დაპატიმრებიდან 3 დღის შემდეგ, 28 მაისს შედგა. გამოძიებას აინტერესებდა, თუ საიდან აღმოჩნდა ვარდანაშვილის ხელში ტიპოგრაფიული შრიფტი და ბეჭდვისთვის აუცილებელი ტიპოგრაფიული ყუთი?
დაკითხვის ოქმიდან:
კითხვა: `თქვენს ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას ტიპოგრაფიულ მოწყობილობას მიაკვლიეს, რომლის საშუალებითაც 1937 წლის 26 მაისისთვის სპეციალური მოწოდების დაბეჭდვას აპირებდით. აგრეთვე ვიპოვეთ ტიპოგრაფიული შრიფტი და ხის ყუთი ამ შრიფტებისთვის. სიმართლე თქვით, როდის და ვისგან მიიღეთ ეს შრიფტი?
პასუხი: 1937 წლის თებერვლის ბოლოს, თუ იანვრის დასაწყისში, ზუსტად არ მახსოვს, პარტგამომცემლობის ეზოში ვიყავი, სადაც შემთხვევით შრიფტის რამდენიმე ფრაგმენტი ვიპოვე. ვიფიქრე, რომ ეს ძველი შრიფტი იყო გადაგდებული და შესაძლოა, ეზოში კიდევ ყოფილიყო სხვა ფრაგმენტებიც. გავიფიქრე, რომ თუ გადაყრილ შრიფტებს მოვაგროვებდი, სახლში მცირე სტამბის მოწყობას შევძლებდი. ტიპოგრაფიის ეზოში ბავშვები თამაშობდნენ და მათ დახმარება ვთხოვე. ბავშვებს ვუთხარი, რომ თუ ისინი ეზოში გაფანტულ შრიფტს შემიგროვებდნენ, ფულს მივცემდი. ბავშვებს იმავე დღეს ვაჩუქე 2 მანეთი. საბოლოოდ, რაღაც დროის შემდეგ, როდესაც მათ შრიფტის ყველა ფრაგმენტი შემიგროვეს, მე ამ დახმარების სანაცვლოდ 20 მანეთი გადავუხადე~.
გასაბჭოების შემდეგ საქართველოში სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდზე ღია საუბარი საშიში იყო. რა თქმა უნდა, ხალხს ახსოვდა 26 მაისიც და სამფეროვანი დროშაც, მაგრამ ბოლშევიკების მიერ შექმნილ რეპრესიულ-ტოტალიტარულ სახელმწიფოში ამ საკითხზე არავინ საუბრობდა. დამოუკიდებლობის პერიოდზე ნებისმიერი ინფორმაცია მკაცრი ცენზურის ქვეშ ტარდებოდა, ხოლო ვინც კომუნისტების მიერ გაყალბებულ ისტორიას არ ეთანხმებოდა, იგი ციხეში ხვდებოდა. ამიტომ ახალი თაობა მხოლოდ ოფიციალური პროპაგანდის გარემოში იზრდებოდა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს ადგილი არ იყო.
მსგავსი ვითარება გახლდათ ვარდანაშვილების ოჯახშიც. დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ დიმიტრის მხოლოდ ყურმოკვრით ჰქონდა გაგონილი და ისიც მაშინ, როდესაც მშობლები და ნაცნობები ერთმანეთში ამ თემას შემთხვევით ახსენებდნენ. მან მხოლოდ ის იცოდა, რასაც ოფიციალური პროპაგანდა გადმოსცემდა და რასაც სკოლაში ასწავლიდნენ. ისტორიის სახელმძღვანელოში კი ეწერა, რომ საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობა 1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ დაიწყო, როდესაც საქართველოს მშრომელთა კლასმა, რუსეთის ძმური დახმარებით, საძულველი მენშევიკური მთავრობა მოიშორა.
მაგრამ ერთხელ, როდესაც დიმიტრი 18 წლის იყო, სახლის სხვენში შემთხვევით მიგდებული დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდის რამდენიმე გაზეთი აღმოაჩინა. მათი წაკითხვის შემდეგ დაასკვნა, რომ საქართველო რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული. იგი ამ თემით დაინტერესდა და სპეციალური ლიტერატურის ძებნა და კითხვა დაიწყო. აქტიურად ეცნობოდა სოციალ-დემოკრატთა იდეოლოგიას. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ 25 თებერვალს საქართველომ დამოუკიდებლობა სწორედ ბოლშევიკთა სამხედრო აგრესიის შედეგად დაკარგა და კომუნისტური პროპაგანდა სრული სიცრუე იყო.
პირველი ანტისაბჭოთა აქცია ვარდანაშვილმა 1934 წელს ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მოაწყო, სადაც იგი პირველ კურსზე სწავლობდა. დეკემბერში სერგეი კიროვის მკვლელობასთან დაკავშირებით ინსტიტუტმა სამგლოვიარო მიტინგი გამართა. სტუდენტები და პედაგოგები კიროვის მკვლელის, ნიკოლაევის სიკვდილით დასჯას ერთხმად ითხოვდნენ. ვარდანაშვილი მიტინგს არ დასწრებია. მან წინა დღეს, ყველასგან მალულად, სპეციალური პროკლამაცია დაწერა და სანამ ინსტიტუტის მთელი შემადგენლობა ნიკოლაევის ლანძღვით იყო დაკავებული, ანტისაბჭოთა შინაარსის ხელნაწერი აუდიტორიებსა და კედლებზე გააკრა: `ნიკოლაევი მხეცი კი არა გმირია~.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მთელი ქუთაისის პარტორგანიზაცია ფეხზე დადგა. რა თქმა უნდა, პროკლამაციების შესახებ ინფორმაციამ თბილისამდეც ჩააღწია. დაიწყო გამოძიება. დაკითხვაზე დაიბარეს ინსტიტუტის რექტორი, პედაგოგები, სტუდენტები. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, შინსახკომმა პროკლამაციის ავტორი ვერ იპოვა. ვარდანაშვილს მაშინ გაუმართლა და დაპატიმრებას გადაურჩა.
თუმცა დიმიტრი ამაზე არ შეჩერდა. მან ინსტიტუტში თანამოაზრეების ძებნა დაიწყო, მაგრამ, როგორც დაკითხვის ოქმებიდან ჩანს, მისი მცდელობა ქუთაისში უშედეგოდ დასრულდა.
ვარდანაშვილის დაკითხვის ოქმიდან: `1935 წელს, როდესაც ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ვსწავლობდი, ჩემს მეგობარს, კალენიკე ჩანკვეტაძეს, მენშევიკური აზრები გავუზიარე. მას ვუთხარი, რომ ბოლშევიკებმა რევოლუცია ნაადრევად მოაწყვეს, რომ საქართველოში კაპიტალიზმი არ იყო განვითარებული და რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. ჩანკვეტაძე არ დამეთანხმა და კატეგორიულად მეწინააღმდეგებოდა. ამის შემდეგ სასწავლებლად მე თბილისში ჩამოვედი და მასთან კონტაქტი აღარ მქონია~.
ერთი წლის შემდეგ დიმიტრიმ ქუთაისიდან თბილისში გადასვლა გადაწყვიტა. მშობლებს განუცხადა, რომ პედაგოგობაზე მეტად მას მედიცინა აინტერესებდა და საბუთები თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში გადაიტანა. რატომ გადაწყვიტა მან პროფესიის შეცვლა, ამის შესახებ სისხლის სამართლის საქმეში არაფერი წერია. შესაძლოა, პროკლამაციების ისტორიისა და ჩანკვეტაძესთან საუბრის შემდეგ მან რაღაც საფრთხე იგრძნო და ქუთაისს გაერიდა, ან მიიჩნია, რომ ბოლშევიკებთან ბრძოლისთვის დედაქალაქი უფრო მოსახერხებელი ადგილი იყო. ყოველ შემთხვევაში, იგი 1935 წელს სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა და სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა.
თბილისში დიმიტრი ბუკინისტებს დაუახლოვდა, რომლებსაც, ჯერ კიდევ, ჰქონდათ შემორჩენილი სოციალ-დემოკრატების ძველი წიგნები და მათი ნდობის მოპოვება შეძლო. გარდა ამისა, იგი აკრძალულ ლიტერატურას ქუთასიდანაც იღებდა. დაკითხვის ოქმიდან:
კითხვა: `საიდან აღმოჩნდა თქვენთან მენშევიკური ლიტერატურა?
პასუხი: ნოე რამიშვილის `ისტორიული მატერიალიზმი~ 1935 წელს ქუთაისელმა პედაგოგმა, არჩილ გერაძემ მათხოვა, რომელიც ქუთაისის რაიონის სოფელ ქვითკირში ცხოვრობს. გერაძემ ეს წიგნი თავისი ძმის, პავლეს ხელით გამომიგზავნა. დანარჩენი ლიტერატურა 1935-36 წლებში თბილისელი ბუკინისტებისგან შევიძინე. ერთი ბუკინისტი, რომლისგანაც წიგნი ვიყიდე, გარდაიცვალა, მეორე კი ამჟამად წიგნის მაღაზიაში მუშაობს ჯორჯაძის ქუჩაზე~.
ვარდანაშვილი მენშევიკური ლიტერატურის საფუძვლიან შესწავლას შეუდგა, მაგრამ ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში, სადაც ერთ ოთახში ოთხი სტუდენტი ცხოვრობდა, აკრძალული წიგნების კითხვა სახიფათო იყო, ამიტომ დიმიტრიმ საერთო საცხოვებელი მიატოვა და მარტის ქუჩაზე ოთახი იქირავა.
1937 წელს ვარდანაშვილმა გადაწყვიტა, რომ იგი უკვე მზად იყო არალეგალური ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად და სტუდენტების წრეში თანამოაზრეების აქტიურ ძებნას შეუდგა. ანტისაბჭოთა ორგანიზაციის შექმნის თაობაზე საკუთარი გადაწყვეტილება ვარდანაშვილმა პირველად თავის მეგობარს _ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტს, სანდრო ქომეთიანს გაანდო.
დაკითხვის ოქმიდან: `ქომეთიანი სამედიცინო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში გავიცანი. მასთან რამდენჯერმე მქონდა საუბარი მენშევიკებზე, მაგრამ მან მითხრა, რომ პოლიტიკა არ აინტერესებს. 22 მაისს მე მას მენშევიკურ ჯგუფში გაწევრიანება კვლავ შევთავაზე, მაგრამ მისგან კატეგორიული უარი მივიღე~.
რა მიზნები უნდა ჰქონოდა ორგანიზაციას, ამის შესახებ ვარდანაშვილმა გამოძიებასთან საკმაოდ გულახდილად ისაუბრა: `ეს ორგანიზაცია წარმოადგენდა არალეგალურ, საინიციატივო მენშევიკურ ჯგუფს, რომელიც მიზნად ისახავდა მენშევიკური ლიტერატურის შესწავლას, მის აგიტაციას მოსწავლე-ახალგაზრდობის წრეში და ახალი წევრების ჯგუფში გაწევრიანებას. ორგანიზაციის ძირითადი ამოცანა იყო მომავალში შეიარაღებული აჯანყების მოწყობა, საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და საქართველოში დამოუკიდებელი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული წყობის დამყარება~.
1937 წლის აპრილში ვარდანაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის წინასწარი სამზადისი დაიწყო და თავისი განზრახვა სამედიცინო ინსტიტუტის კიდევ ორ სტუდენტს _ დავით ცერაძეს და ანდრია ცისკარიშვილს გაუზიარა.
დაკითხვის ოქმიდან: `29 აპრილს ცერაძეს ოპერის ბაღში შევხვდი. ცერაძემ მითხრა, რომ არალეგალურ მუშაობას ვერ შევძლებდით და დაგვიჭერდნენ. მისი აზრით, უმჯობესი იყო მოგვეცადა, მენშევიკების არალეგალური ორგანიზაცია მოგვეძებნა და მასში გავწევრიანებულიყავით. ამაზე ვუპასუხე, რომ ჩვენ უნდა შეგვექმნა საკუთარი ორგანიზაცია და თან პარალელურად არალეგალური ჯგუფი მოგვეძებნა, ხოლო როდესაც მოვძებნიდით, მასში გავწევრიანებულიყავით. ამაზე ცერაძე დამეთანხმა~.
ცერაძის მსგავსად არალეგალური ჯგუფის შექმნაზე ორჭოფობდა ანდრია ცისკარიშვილიც. როდესაც დიმიტრიმ მას მენშევიკთა ჯგუფის ჩამოყალიბება შესთავაზა, ცისკარიშვილმა საერთო საცხოვრებელში მასთან ერთ ოთახში მცხოვრებ ვინმე გრიგოლ სეფერთელაძეს ჰკითხა რჩევა. სეფერთელაძემ მას შინსახკომში ყველაფრის აღიარება ურჩია. ცისკარიშვილი დასმენაზე არ წავიდა, მაგრამ ინფორმაციამ ორგანოებში მაინც გაჟონა.
არალეგალური ჯგუფის წევრები ერთმანეთს 26 მაისს კიროვის პარკში დღის 3 საათზე უნდა შეხვედროდნენ, სადაც სამომავლო გეგმებზე უნდა ესაუბრათ. თუმცა ამ დროისთვის ვარდანაშვილი უკვე დაკავებული იყო. დიმიტრის დაპატიმრებიდან რამდენიმე დღეში შინსახკომმა ცისკარიშვილი და ცერაძეც აიყვანა. დაკითხვაზე სტუდენტებმა ყველაფერი აღიარეს:
ცისკარიშვილის დაკითხვის ოქმიდან: `ვადასტურებ, რომ ვარდანაშვილის არალეგალური საქმიანობის შესახებ ვიცოდი, მაგრამ არ მქონდა საკმარისი ფაქტები, რომ შინსახკომისთვის მეთქვა. ამიტომ გადავწყვიტე, 26 მაისის შეკრებაზე ყველაფერი გამეგო და შინსახკომში მერე მივსულიყავი. 26 მაისს მე და ცერაძე უნდა მივსულიყავით კიროვის პარკში. ჩვენ მივედით, მაგრამ ვარდანაშვილი არ მოვიდა. შემდეგ ცოტა ხანი დავუცადეთ და მას სახლში ავაკითხეთ. იქაც რომ არ დაგვხვდა, დავიშალეთ~.
ცერაძის დაკითხვის ოქმიდან: `როდესაც კიროვის პარკში მივედი, ცისკარიშვილმა შეკრების ნამდვილი მიზეზი მითხრა. ამაზე მე აღვშფოთდი. მერე რახან ვარდანაშვილი არ მოვიდა, ჩვენ მას სახლში ავაკითხეთ, მაგრამ იგი არც იქ აღმოჩნდა. თავს დამნაშავედ ვთვლი, რომ ორგანოებს ამის თაობაზე დროზე არ ვაცნობე~.
სტუდენტების საქმის გამოძიება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და იგი 14 სექტემბერს დასრულდა. იმავე დღეს ვარდანაშვილს საბრალდებო დასკვნა გააცნეს, სადაც ეწერა, რომ საქართველოს შინსახკომმა აღმოაჩინა სტუდენტების მიერ შექმნილი კონსპირაციული, არალეგალური, კონტრრევოლუციური, მენშევიკური ორგანიზაცია, რომელსაც ვარდანაშვილი ხელმძღვანელობდა. გამოძიებამ აგრეთვე დაადგინა, რომ ეს ჯგუფი საბჭოთა ხელისუფლების ძირის გამოთხრას კონტრრევოლუციური აგიტაციისა და პროკლამაციების გავრცელების გზით აპირებდა. შინსახკომის ვერსიით, ორგანიზაციის მიზანი იყო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და ბურჟუაზიულ-დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა.
19 სექტემბერს ვარდანაშვილის, ცერაძისა და ცისკარიშვილის საქმე საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ განიხილა, რომელსაც მატულევიჩი ხელმძღვანელობდა. სასამართლო სულ 20 წუთი გაგრძელდა. ვარდანაშვილმა აღიარა, რომ პროკლამაციები მან დაწერა და დამნაშავედ ცნო თავი. ბოლო სიტყვაში დიმიტრი სასამართლოს სთხოვდა გაეთვალისწინებინა, რომ იგი ახალგაზრდა იყო და მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ.
1937 წელს, როდესაც მოქალაქეებს გამოგონილი ბრალდებებისა და ანონიმური დასმენების საფუძველზე ხვრეტდნენ, ვარდანაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნება, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო. დიმიტრის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. იგი 1937 წლის 20 სექტემბრის ღამეს, სასამართლოს დასრულებიდან რამდენიმე საათში, დახვრიტეს. შედარებით იოლად გადარჩნენ ცისკარიძე და ცერაძე, რომლებიც 10 წლით ციმბირის ბანაკებში გადაასახლეს.
ვარდანაშვილის ოჯახს დიმიტრის დახვრეტის ამბავი არავინ აცნობა. როდესაც მამამისი _ მიხეილი თბილისში ჩამოვიდა, შვილის ბინა დალუქული დაუხვდა. მას უთხრეს, რომ დიმიტრი წაიყვანეს. მიხეილი ქუთაისში დაბრუნდა და შვილის დახვრეტის ამბავი მეუღლესაც არ უთხრა. დიმიტრის გარდა მიხეილს ხუთი შვილი ჰყავდა. მას ეშინოდა, რომ ამ ამბავს მთელ ოჯახს გადააყოლებდნენ.
ვინმემ, შესაძლოა, ვარდანაშვილის ისტორია ბავშვურ მიამიტობად მიიჩნიოს და თქვას, რომ მან სიცოცხლე საკუთარი გულუბრყვილობის გამო დაკარგა. მაგრამ, სავარაუდოდ, დიმიტრი ამას გააზრებულად აკეთებდა. ტოტალური რეპრესიების პერიოდში წარმოუდგენელია, რომ ვარდანაშვილს არ სცოდნოდა, რა შედეგით დასრულდებოდა მისი აქტიურობა და დამოუკიდებელი საქართველოს იდეების გავრცელება. რასაკვირველია, მან ეს ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც შეგნებულად დაუპირისპირდა კომუნისტურ სისტემას.
***
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი ვარდანაშვილის მსგავს კიდევ ერთ ისტორიას ინახავს. ამჯერად საქმე ეხება სასულიერო პირს, რომელიც სიცოცხლეს საკუთარი მრწამსის ერთგულების გამო გამოასალმეს.
არქიმანდრიტი პავლე დაშნიანი. დაშნიანების ხუთი თაობა სასულიერო პირი იყო. ცაგერის რაიონის სოფელ ჩხუტელში დაშნიანი მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიაში წირავდა. კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ საბჭოთა კავშირში მღვდლების საყოველთაო დევნა დაიწყო. მღვდლებს წვერის გაპარსვას და საკუთარი მრწამსის საჯაროდ დაგმობას აიძულებდნენ. ბევრმა სასულიერო პირმა ხელისუფლების ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლო და ღვთისმსახურებაზე უარი თქვა.
დაშნიანი იმათ რიცხვს ეკუთვნოდა, რომელმაც წვერი არ გაიპარსა. ამის გამო, 1933 წელს, 72 წლის მამა პავლე შინსახკომის ცაგერის რაიონულ განყოფილებაში დაიბარეს. შინსახკომმა დაშნიანის მოღვაწეობა რელიგიურ პროვოკაციად შეაფასა და მას ღვთისმსახურებაზე ხელის აღება მოსთხოვა.
შინსახკომის მოთხოვნის მიუხედავად, მამა პავლე სოფელში მაინც ანაფორით დადიოდა, ეკლესიის ეზოში აშენებულ ფიცრულში განმარტოებით ცხოვრობდა და ღვთიმსახურებას ფარულად მაინც ატარებდა.
კონსპირაციის მიუხედავად, ხელისუფლებამ მამა პავლეს ფარული საქმიანობის შესახებ გაიგო. დაშნიანის მხილებაში შინსახკომს ჩხუტელის მკვიდრი, ევგენი კვირიკაშვილი დაეხმარა. ჩხუტელი, რომელიც ცაგერიდან 2 კილომეტრში მდებარეობს, მცირემიწიანი სოფელია. ამის გამო, გლეხები მიწას მთის დამრეც ფერდობებზეც კი ამუშავებენ. როდესაც სოფელში კოლექტივი ჩამოყალიბდა, გლეხთა საკუთრებაში მყოფი ისედაც პატარა ნაკვეთები კიდევ უფრო შემცირდა. მიწის ნაკვეთებზე სოფლელები ხშირად დაობდნენ. ასეთი დაპირისპირება კვირიკაშვილს თავის მეზობელთან, ლადიკო მერცხვილაძესთან ჰქონდა. მერცხვილაძე ჩხუტელში ჩვეულებრივი გლეხი არ იყო _ იგი პარტიის წევრი გახლდათ. ლადიკოსთან მორიგი კონფლიქტის შემდეგ კვირიკაშვილმა მერცხვილაძეზე შინსახკომში დასმენა დაწერა:
ვალიკო კვირიკაშვილის განცხადება: `ვაცხადებ, რომ ჩხუტელში ცხოვრობს პარტიის წევრი მერცხველაძე ლადიკო, რომელიც არის ძველი რელიგიის ზეგავლენის ქვეშ მოყოლილი. მაგალითად, მღვდელმა დაშნიანმა მის ოჯახში მონათლა მისი 3 წლის შვილი. ნათლია იყო ნინა ჩარკვიანი~.
ურჩი მღვდლის დასასჯელად ჩხუტელში ცაგერის რაიონის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი და აქტივისტები ამოვიდნენ. მამა პავლე სასტიკად სცემეს, ხოლო მაცხოვრის ჯვარცმის ხის ეკლესია დაშალეს. დანგრეული ეკლესიის მასალისგან მაღაზია აშენდა, რომელიც სურსათით და წვრილმანით ვაჭრობდა.
ცაგერის განყოფილებაში პავლე დაშნიანზე საქმე #1845 გაიხსნა. მოწმეების დაკითხვა მთელი კვირა მიმდინარეობდა. პირველ რიგში პარტიის წევრი მერცხვილაძე გამოიძახეს.
ლადიკო მერცხვილაძის დაკითხვის ოქმიდან: `მე, როგორც პარტიის წევრს, არც ერთი შვილი არ მომინათლავს. უფროსი შვილი 1925 წელს დაიბადა. მაშინ რელიგიური ჩვევები გავრცელებული იყო, მაგრამ მაინც არ მომინათლავს. მგონი, ამ ცილისწამებას კვირიკაშვილი გეტყოდათ, რომელიც ჩემზე განაწყენებულია იმისთვის, რომ მე არ დავანებე მას მეზობლის დაჩაგვრა მიწის დავის საკითხში. ამისათვის განაწყენდა და ჭორებს მიყრის~.
სხვა გლეხები ბავშვების ნათლობის ფაქტებს არ უარყოფდნენ, მაგრამ თავს იმით იმართლებდნენ, რომ ეს ყველაფერი მათდა უკითხავად ხდებოდა. ქმარი ცოლს აბრალებდა, ცოლი _ დედამთილს, დედამთილი კი _ სიძეს.
ცაგერის შინსახკომის ოპერ-რწმუნებულმა ჭაბუკიანმა, რომელიც დაშნიანის საქმეს იძიებდა, მოწმეების დაკითხვის შემდეგ სპეციალური ცნობა შეადგინა:
`დაშნიანი პავლე სამუილის ძე _ ეწეოდა მოსატყვილებელი(!) მოქმედებით ხალხში ცრუმორწმუნეობის გავრცელებას. რელიგიური წესების გამოყენებით ხელს უწყობდა მოსახლეობაში რელიგიური ჩვევების მასიურად გავრცელებას. დაიარებოდა ცაგერის რაიონის ყველა სოფელში, ნათლავდა ბავშვებს, მოზარდებს და მათ რიცხვში მოწაფე-პიონერებს, ხშირ შემთხვევაში მოსამსახურე და პარტიულ ამხანაგების ბავშვებსაც, რითაც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს~ (სტილი დაცულია, _ რედ.).
ამ ცნობის საფუძველზე მოხუცი ღვთისმსახური დააკავეს და შინსახკომის განყოფილებაში მიიყვანეს. 18 აპრილს ოპერ-რწმუნებულმა ჭაბუკიანმა დაკავებულის ანკეტა შეავსო და მის დაკითხვას შეუდგა.
პავლე დაშნიანის დაკითხვის ოქმიდან: `ბავშვებს ვნათლავდი 10-11 წლამდე და მე არც ერთისთვის არ მიკითხავს, ის მოწაფე იყო თუ არა და არც ვიცოდი, თუ ეს ხელისუფლების საწინააღმდეგო დანაშაულად ჩამეთვლებოდა. ახლა, როგორც მოხუცს, თუ მაპატიებთ უკანასკნელად ამ შეცდომას, პირობას მოგცემთ, რომ მომავალში არ გავიმეორებ~.
შინსახკომმა ის რვეულიც იპოვა, რომელშიც დაშნიანი მონათლული ბავშვების სახელებს წერდა. რვეულიდან ირკვეოდა, რომ მამა პავლემ 1936 წლის გაზაფხულზე 111 ბავშვი მონათლა.
პავლე დაშნიანის დაკითხვის ოქმიდან: `ბავშვების ნათვლა 1936 წლის მარტში დავიწყე. პირველად ჩემთან მოვიდა ახვლედიანი სერგო, ჩემი სოფლელი და მთხოვა, ბავშვი მომენათლა. შემდეგ უკვე ცაგერის ყველა სოფლიდან მოდიოდნენ ნათლობისთვის. მონათლული ბავშვების სიას რვეულში ვწერდი. ვასრულებდი სხვა წესსაც, თუკი ვინმე მთხოვდა _ მიცვალებულის წესის აგება, ჯვრისწერა და ა. შ.~
1936 წლის 18 აპრილს პავლე დაშნიანს სოფლიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს და გაათავისუფლეს. თუმცა მღვდელი ხელისუფლებას არ ეპუებოდა და ფარულ ღვთისმსახურებას მაინც განაგრძობდა. ბავშვების მოსანათლად მასთან მთელი რაიონიდან დადიოდნენ.
1937 წელს, როდესაც რეპრესიების მასშტაბური ტალღა აგორდა და ხელისუფლების მითითებით შინსახკომმა საბჭოთა წყობის მიმართ არალოიალურად განწყობილი ყველა მოქალაქის დაპატიმრების ბრძანება მიიღო, მამა პავლე კვლავ ცაგერის შინსახკომში გამოიძახეს. ზერელე დაკითხვის შემდეგ დაშნიანი აღარ გაუთავისუფლებიათ და მისი საქმე საქართველოს შინსახკომთან არსებულ საგანგებო სამეულს გადასცეს.
არქიმანდრიტის საკითხი სამეულმა 1937 წლის 27 ოქტომბერს განიხილა. საქმეზე მოხსენება შინსახკომის თანამშრომელმა, ვინმე ყრუაშვილმა წარადგინა: `დაშნიანს ბრალი ედება მასზედ, რომ იგი არის ანტისაბჭოთა ელემენტი, რომელიც მუდმივ პროვოკაციებს აწყობდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, ავრცელებდა საბჭოთა ხელისუფლების საზიანო ჭორებს, მოუწოდებდა მოქალაქეებს კონტრრევოლუციური, რელიგიური წესით მოენათლად ბავშვები. 1936 წელს და შემდეგაც დაიარებოდა სოფლებში და მასობრივად ნათლავდა ხალხს. მოუწოდებდა მოსახლეობას კოლმეურნეობების დაშლისკენ და აწარმოებდა მავნე აგიტაციას, რომ კოლმეურნეობა არის არარენტაბელური საქმე„.
ამ მოხსენების საფუძველზე შინსახკომის სამეულმა პავლე დაშნიანს დახვრეტის განაჩენი გამოუტანა. 72 წლის მოხუცი, რომლის დანაშაული ის იყო, რომ ბავშვებს ნათლავდა, იმავე დღეს გამოასალმეს სიცოცხლეს.
გაგრძელება მომდევნო ნომერში
მიხეილ ბასილაძე