QronikaPlus
მოსახლეობა დეველოპერულ კომპანია „აქსისს” უპირისპირდება

მოსახლეობა დეველოპერულ კომპანია „აქსისს” უპირისპირდება

2016-05-30 12:39:03

  თბილისის ცენტრში, ყაზბეგის ქუჩაზე, 24 გ ნომერში მდგარი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, ერთი შეხედვით, თვალს მოგჭრით, შენობის მასშტაბი და გარე დიზაინი ყურადღებას კი იპყრობს, თუმცა იქაურების გარდა, ალბათ, ცოტამ თუ იცის, რა საყოფაცხოვრებო პრობლემებს აწყდებიან ადგილობრივები. წლების წინ დეველოპერული კომპანია „აქსისის“ მიერ აგებულ ბინაში სამასამდე ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ მათი დიდი ნაწილი დღემდე იმდენად უკმაყოფილოა აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული საქმიანობით, რომ ამდენი ხნის შემდეგ ჩვენ მოგვმართეს. ირინა მჟავანაძე: _ აქ 2008 წლიდან ვცხოვრობ. მახსოვს, რემონტის კეთება რომ დავიწყე, სულ ორი-სამი ოჯახი იყო გადმოსული. არც კიბე იყო გაკეთებული, არც შუქი შემოყვანილი. ვიფიქრე, რომ ნაკისრ ვალდებულებებს ეტაპობრივად შეასრულებდნენ, მაგრამ მოტყუებულები აღმოვჩნდით. _ თუმცა ამჟამად ელექტროენერგიაც გაქვთ, წყალიც და სადარბაზოც კეთილმოწყობილია, ერთი შეხედვით. უფრო კონკრეტულად რომ აგვიხსნათ, რა პრეტენზიები გაქვთ იმ კომპანიის მიმართ? _ სანამ ბინას შევიძენდი, ბუნებრივია, სხვადასხვა კომპანიის შემოთავაზებულ წინადადებებს გავეცანი, „აქსისმა“ იმით მომხიბლა, რომ ძალიან კარგი პირობები იყო: კონტრაქტში ეწერა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დასრულებული იქნებოდა, ტიხრები ამოყვანილი დამკვეთის სურვილისამებრ, ექსტერიერზე ალუმინის კარ-ფანჯარა, კანალიზაციის მდგარები მიყვანილი, შენობის ფასადი მოპირკეთებული და შეღებილი უნდა ყოფილიყო, რომელიც შვიდი წლის მერე მთლიანად გადაცლილია, შენობა გარედან შავი იყო, ახლა კი ნაცრისფერია, საღებავი ჩამოსცილდა და ნარჩენები ძირს ყრია. ასევე სადარბაზოს მოპირკეთება და შეღებვა... _ საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია, რა ვერ გააკეთეს დაპირებისამებრ? _ კონტრაქტით გათვალისწინებული ჩამონათვალიდან ნახევარზე მეტი რამ ჩვენი ჯიბიდან გავაკეთეთ მცხოვრებლებმა, დამაფონებს და ვიდეოსისტემას ვინ ჩივის? თუმცა მაგაშიც მოგვატყუეს, შემდეგ გავიგეთ, რომ „შახტაში“ წყალი ყოფილა. თავიდან გვეგონა, რომ ეს ჩამდინარე წყლები იყო. როგორღაც, კოლექტორები გავაკეთეთ, მაგრამ წყალი მაინც დგას. ახლა თქვეს, გრუნტის წყლებიაო. _ ამ წლების განმავლობაში თუ მიმართეთ „აქსისის“ წარმომადგენლებს და რას გპასუხობდნენ? _ მათი ოფისი ამ კორპუსის პირველ სართულზეა, რამდენჯერ მივმართეთ აღმასრულებელ დირექტორს - ჭოხონელიძეს, აღარც მახსოვს. ბოლოს რომ ვერ მოგვიცილეს, გვითხრეს, თქვენ გააკეთეთ რაცაა გასაკეთებელი და ჩვენ ნაწილ-ნაწილ აგინაზღაურებთო. გავაკეთეთ ხარჯთაღრიცხვა, ჯამში 5460 ლარი გამოვიდა. დოკუმენტს მობინადრეების ხელმოწერები დავურთეთ და ავუტანეთ, დაგვპირდნენ, რომ ამ თანხას ეტაპობრივად გადაგვიხდიდნენ, მაგრამ ტყუილი _ ჩონჩხის შემდეგ ერთი აგურიც არ დაუდევთ არაფერზე. იმდენად უხარისხო იყო კანალიზაციის მილები, რამდენჯერმე გასკდა. თავიდან გაგვიხდა ყველაფერი გასაკეთებელი. ხალხი 10-15 წელიწადში ერთხელ აკეთებს კოსმეტიკურ რემონტს, ხარისხიანი გაკეთებული კი ოც წელსაც ძლებს და მეტ ხანსაც. რვა წლის აშენებულ სახლში ასე უნდა ზიანდებოდს გაყვანილობა? რაც შეეხება ეზოს კეთილმოწყობას, რომელიც ერთ-ერთი პირობა იყო, რითაც ვიყავით მოხიბლულები, _ გარე ეზო წინა სადარბაზოების მცხოვრებლებმა გააკეთეს თავისი ხარჯებით, მეორე, შიდა ეზო, რომელიც ნაგავსაყრელად იქცა, ეზოს გარდა ყველაფერია, აქ გააკეთეს აქსის-შოპინგი, მაგათი რაღაც კომპანია, ამ აქსის-შოპინგმა ეზოსთვის გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განათავსა კონდიციონერები და აგრეგატები, რომელიც 24 საათის განმავლობაში გუგუნებს. ჩემი საძინებლის ფანჯარა ამ „ეზოს“ მხარეს გადის. ეს დანადგარები, ღამის საათებში, საშინელ ხმას გამოსცემს, მაგრამ მთავარი წინაა: ცენტრალური წყლის მილები, კანალიზაცია და სატუმბი. სამასბინიან კორპუსს არ უნდა ჰქონდეს ცენტრალური წყლის სისტემა? მოიტანეს ხუთი რეზერვუარი, ამ ხუთიდან მხოლოდ ერთი მუშაობს! მოიყვანეს სპეციალისტები, გააკეთეს ხარჯთაღრიცხვა, სატუმბოების გამოცვლა 50 000 ლარი ჯდება, ეს თანხა ჩვენს რესურსებს აღემატება. გადავწყვიტეთ, რომ შევარემონტოთ ის, რაც გვაქვს, იქნებ, რაღაც პერიოდი იმუშაოს. _ გაქვთ იმედი, რომ „აქსისი“ საკუთარ თავზე აიღებს უკვე ჩაბარებულ კორპუსში ცენტრალური გაყვანილობის სისტემის შეცვლას? _ სანამ ჩაბარებულ კორპუსზე გადავალ, გეტყვით: იმდენადაა გამოსული სისტემა მწყობრიდან, რომ ეჭვი მაქვს, უხარისხო მილები დაამონტაჟეს თავის დროზე. ასეთი რამ „ხრუშჩოვკებშიც“ არ ხდება. საშინელ მდგომარეობაშია კანალიზაციაც, ამ ყველაფრის შეკეთება კოლოსალური თანხები გვიჯდება. დავიწყეთ თანხების შეგროვება, ზოგი ვერ დებს, ზოგიც პრინციპულად არ იხდის, რა ვქნათ?! მოკლედ, მაინც იძულებულები ვართ, მთლიანი სისტემა გამოვცვალოთ, რადგან „აქსისთან“ რამდენჯერმე მივედით და უშედეგოდ. კორპუსის მცხოვრებთა საერთო ზარალი კი ათიათასობით ლარს შეადგენს. _ წეღან ჩაბარებული ბინა ვახსენე და ამაზე აქცენტი გააკეთეთ... ეს კიდევ სხვა რამეა? _ ამ ბინის ჩაბარება ცალკე ისტორიაა, აგერ, ლევანი მოგიყვებათ.   _ ინტერვიუს ჩაწერამდე ამბობდით, _ მიუხედავად იმისა, ნამდვილად აქ ვცხოვრობთ, ეს ფაქტი ოფიციალურად დადასტურებული არ არისო. იქნებ, დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?.. _ რამდენჯერაც ვცადე აქ ჩაწერა, იმდენჯერ მივიღე პასუხი რეესტრიდან: ვინაიდან თქვენს საკუთრებას ჯერ კიდევ მშენებარეს სტატუსი აქვს, ვერ ჩაეწერებითო. ბოლოს, 2015 წლის სექტემბერში შევიტანე განცხადება, თუმცა იგივე პასუხი მივიღე. ამიტომაც, ჯერჯერობით, სხვა მისამართზე ვარ რეგისტრირებული. _ რეალურად, რამდენი წელი ცხოვრობთ ამ კორპუსში? _ რემონტი 2008 წლის ივლისში დავიწყეთ, შემდეგ ომმა მოგვისწრო, თუმცა იმავე წლის ნოემბერში უკვე აქ გადმოვედით. ფაქტობრივად, 8 წელია. _ დედაქალაქის ცენტრში, ამხელა კორპუსში, ამდენი ადამიანი ცხოვრობთ და ოფიციალურად ეს არსადაა დაფიქსირებული? _ შეგვიძლია, ახლაც შევიდეთ ინტერნეტში და ერთად ვნახოთ. _ ვინმემ რომ იკითხოს, ამ წლების განმავლობაში რატომ არავინ ამოიღეთ ხმაო, რა პასუხს გასცემთ? რვა წელი არც ისე ცოტა დროა. _ უამრავჯერ ვიყავით „აქსისში“ _ დაპირებების გარდა პასუხად არაფერი მიგვიღია, მოპასუხე მხარეა ისევ და ისევ „აქსისი“. რამდენჯერაც მივედით ჩვენი სადარბაზოდან და მთლიანათ კომპლექსიდან, ვიღებდით დაპირებას, რომ რამდენიმე თვეში ჩაბარდებოდა, რამდენიმე თვეში ამას ვიზამთ, რამდენიმე თვეში იმას ვიზამთ, საბოლოო ჯამში კი არაფერი ხდებოდა.   მზია რეხვიაშვილი: _ მართალია, ყაზბეგის ქუჩა დედაქალაქის პრესტიჟული უბანია, თუმცა ჩვენ მაშინ კვ.მ.-ში ძვირი გადავიხადეთ, იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა ერთიანად შევიტანე, ვიფიქრე, რომ ეს ისეთი კორპუსი იქნებოდა, სიბერეში პრობლემებს მოვიხსნიდი. ცენტრალური გათბობაც უნდა ყოფილიყო, პირველ წელს არ იყო, მეორე წელს ჩართეს, მაგრამ ისეთი გადასახადები მოგვივიდა, რაღაც კატასტროფული ციფრები!.. პლუს ზედმეტად დაგვადებინეს 500 ლარი ცენტრალური გათბობის ფარგლებში, იმ გათბობამ არ იმუშავა, ამიტომ ჩავჭერით. სისტემა აწყობილი არ ჰქონდათ. 400-500 ლარი მოდიოდა ყოველთვიურად პატარა ბინებზე. მერე გათბობის გაკეთება ჩვენი სახსრებით მოგვიწია. სულ რაღაცა ფუჭდება, ხან კანალიზაციის მილი, ხანაც წყლის მილი. მერიასა და ამათ შორის, ალბათ, შეთანხმებაა! _ რა გაძლევთ ამის მტკიცებით ფორმაში თქმის საშუალებას? _ ეს კორპუსი რომ ჩაბარებული იყოს, მაშინ ჩვენ ამხანაგობა გვექნებოდა, თავმჯდომარეს ავირჩევდით. რვა წელია, აქ ვცხოვრობთ და აბა, ასეთი რამ შეიძლება? წყლის 75 ლარს დამატებით იხდის ჩვენი სადარბაზო, „თელასში“ მითხრეს, ეს რომ ჩაბარებული იყოს, ამ თანხას მერია გადაიხდიდა, იმიტომ რომ თქვენ გადაიხდიდით სულადობაზეო. თუმცა 75 ლარის ზარალს გადავიტანთ, სხვა პრობლემები რომ არ იყოს... რამე რომ გაფუჭდება, „აქსისი“ არაფერს აკეთებს, ჩვენ ვაკეთებთ. მიკვირს ეს რვა-ათი წელია, ჩაბარებული არაა და რატომ აძლევს სახელმწიფო მათ კიდევ ახალი კორპუსების აშენების უფლებას?! იპოდრომთან აშენებენ ახლა დიდ კომპლექსს.   *** რესპონდენტებთან საუბრის შემდეგ „ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, უშუალოდ დაეთვალიერებინა შენობის ქვედა სართული, რათა დაზიანებული მილებისთვის ფოტოები გადაგვეღო და შემდეგ იმავე შენობაში განთავსებულ „აქსისის“ ერთ-ერთ ოფისსაც ვეწვიეთ. მეგზურობა ჩვენმა მასპინძელმა, ქალბატონმა ირინე მჟავანაძემ გაგვიწია. ავტოფარეხში ჩასულებმა წყლის პატარა ღელეები შევნიშნეთ, იქვე მდგარი ავტომობილიდან შუა ხნის მამაკაცი გადმოვიდა.   _ გვაინტერესებს, რა პრობლემები გაქვთ აქ მცხოვრებლებს? ავტოფარეხშიც არაა მთლად სახარბიელო სიტუაცია, კომენტარს გააკეთებთ? _ სახელსა და გვარს ვერ გეტყვით, ისეთ ადგილზე ვმუშაობ, არ მაწყობს. _ კი ბატონო, თავად პრობლემებზე ვისაუბროთ, აგერ, სადაც მანქანა გააჩერეთ, მილები დაზიანებულია და წყალი ჟონავს... _ აქ თავისით გაიხვრიტა, თუ რა მოხდა, არ ვიცი, ჟანგიანი წყალი მოდიოდა, იმდენი იდინა, რომ მანქანას „პალიროვკა“ დასჭირდა, ერთ ღამეში დაზიანდა, დილით რომ ვნახე, გაფუჭებული იყო. _ გაფუჭებულ მილებს თქვენი ხარჯით აკეთებთ? _ კი, ჩვენი ხარჯით ვაკეთებთ. მე როგორც ვიცი, ყველა ვერ იხდის, ზოგი არ ცხოვრობს, ზოგს გაქირავებული აქვს. კომპანიას არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ არაფერი.   ავტოფარეხიდან გამოსულები კიდევ ერთ ადგილობრივს შევხვდით, მანაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა: _ თითო ოჯახს სამასი ლარი გამოგვდის ამ დაზიანებული სისტემის შეკეთება, თან ამისთვის ფული არაერთხელ დავდეთ, თუმცა უშედეგოდ. ათასი რაღაც შევცვალეთ, ხან ერთი მილი გაფუჭდება, ხან _ მეორე. ახლა რაღაც წყლის საქაჩ მილებზეა პრობლემა, ისე უნდა გაეკეთებინათ, რომ ოცი წელიწადი ემუშავა. ამის მიუხედავად კიდევ აქეთ აქვთ პრეტენზიები ჩვენთან, _ მაშინ ის დრო იყო და კიდევ იაფად იყიდეთ ბინებიო. მაშინდელი ორასი და ოთხასი დოლარი დიდი ფული იყო.   მასპინძელი „აქსისის“ ერთ-ერთ სათავო ოფისში შევიდა, რომელიც მისივე საცხოვრებელი კორპუსის წინა მხარესაა განთავსებული. ირინე მჟავანაძემ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა უარის მიღების შემდეგ კატეგორიულ ტონალობაში თქვა: _ ვერ გავიგეთ ახლა, ვინაა ამისთანა თქვენი უფროსი, რომ ერთი კვირა ველოდოთ? პრეზიდენტს შევხვდებოდი ამ დროში, რომ მომენდომებინა! _ თუ გინდათ, მენეჯერის ნომერს მოგცემთ... _ უპასუხა ქალბატონ მჟავანაძეს იქვე, სარეგისტრაციო მაგიდასთან მჯდარმა დაცვის თანამშრომელმა, რომელიც შენობაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის პარალელურად სატელეფონო ზარებსაც პასუხობდა. _ მობილურის ნომერი გვინდა, ეს ნომრები ხომ მეც მიწერია? არასდროს არავინ პასუხობს აქ. დუმილი... აღნიშნულ ნომერზე რამდენჯერმე ვცადეთ დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.   მოგვიანებით `ქრონიკა+”-ს თავად დაუკავშირდა `აქსისის” პიარ-მენეჯერი ნინი ერისთავი, რომელმაც კომენტარის ჩაწერაზე თანხმობა განცხადა, თუმცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შეიკავებდნენ.  

                                                                                                                    ზაზა სვანაძე

 

გაზიარება