QronikaPlus
თინა ხიდაშელი ,,ლეგიონის ქალაქის“ წინააღმდეგ?!

თინა ხიდაშელი ,,ლეგიონის ქალაქის“ წინააღმდეგ?!

2016-05-30 12:25:06

  რა ხდება თელავის სამხედრო ქალაქში ამჟამად? ვინ და რატომ აპირებს იქ მცხოვრები ადამიანების გასახლებას? დიდი პოლიტიკის კულუარებიდან პატარა ქალაქის დიდ პრობლემამდე, _ რა პროცესი ვითარდება კახეთის მთავარ ქალაქში? 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, თელავის სამხედრო ქალაქში მცხოვრებ გარკვეულ ნაწილს, სიმბოლურ ფასად გადასცა ფართები. სამხედრო ქალაქში განთავსებული 12 კორპუსიდან სამი კორპუსის მცხოვრებლებს ბინები ერთ ლარად დაუკანონდათ კერძო საკუთრებაში. წინა მთავრობის წარმომადგენლები დანარჩენსაც იგივეს დაჰპირდნენ, უბრალოდ, ეს ყველაფერი მას შემდეგ იყო დაგეგმილი, რაც ყველას აღწერდნენ და სრულად შეისწავლიდნენ არსებულ ვითარებას. კითხვაზე, _ რატომ მაშინვე არ დაუკანონდა იქ მცხოვრებ ყველა ოჯახს ფართი? არაერთი პასუხი არსებობს. თავად თელავში ყველაზე აქტიურად ორ ვერსიას განიხილავენ. პირველი ვერსიის თანახმად, მართლაც რომ ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებდა თითოეული ოჯახის საქმის გადახედვა და პროცესი დროში ამიტომაც გაიწელა; მეორე ვერსიით, „ნაცებმა“ ერთგვარი წინასაარჩევნო ხრიკი გამოიყენეს, მოსახლეობის ერთი ნაწილის მაგალითზე მეორე ნაწილს აჩვენეს, რომ ამ ტიპის ჩუქება სახელმწიფოს მხრიდან სავსებით რეალურია და ასეთი ქმედებით ცხრა კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეთა ხმები, ფაქტობრივად, ჯიბეში ჩაიდეს, _ აგვირჩევთ? ჩვენს დაწყებულს ჩვენვე დავასრულებთ, დაკანონება გაგრძელდება. არ აგვირჩევთ? _ შეიძლება, ქუჩაში დარჩეთ! ის პროცესები კი, რომელიც დღეს თელავის სამხედრო ქალაქში ხდება, ალბათ, საუკეთესო სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინათ კახელ „ნაცებს“. ამ სამაისოდ „ლეგიონის ქალაქში“ თინათინ ხიდაშელის ინიციატივით დაწყებული პროცედურები სხვა არაფერია, თუ არა წინასაარჩევნოდ დენთის კასრთან თამაში. კითხვაზე, _ რატომ უნდა დაეწყო თავდაცვის სამინისტროს, მაინცდამაინც ახლა, ამ პრობლემური თემის ასე მწვავედ გადაწყვეტა? _ ასევე არაერთი პასუხი არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე კულუარული, ტაბუდადებული, თუმცა ყველაზე ლოგიკური ვერსია (ჩვენი წყაროს მტკიცებითაც) გახლავთ ის, რომ ქალბატონმა მინისტრმა ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა: პირველი, _ შური იძია ღარიბაშვილისა და ლექსო თამაზაშვილის მეგობარ პლატონ კალმახელიძეზე, ე. ი. ღარიბაშვილის კლანის ბოლო ბასტიონებს ცეცხლი გაუხსნა, თან ისე, რომ ამ შიდაპარტიული რევანშისთვის იურიდიული ნიადაგი პროფესიულ დონეზე მოამწიფა; და მეორე, _ წარმოაჩინა საკუთარი თავი, როგორც ჯარისკაცებზე მზრუნველი მინისტრი. დიდი ალბათობით, ქალბატონმა ხიდაშელმა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, პლატონ კალმახელიძის გასაწირი დანა უკვე ალესა, ამ ქმედებითვე სატკივარი გაუჩინა, როგორც დევნილთა სამინისტროს და ირაკლი სესიაშვილს, ასევე, ზოგადად, თელაველ „მეოცნებეებს“. აბა, მასხრობა ხომ არაა, 90-ზე მეტ ოჯახს, თან სოციალურად დაუცველს, აფხაზეთიდან დევნილებს, მრავალშვილიანებს, უკიდურესად გაჭირვებულებს ბინებს რომ დაულუქავ იმ მიზეზით, თითქოს იქ ფოთიდან, ჩხოროწყუდან და სხვა რაიონებიდან სამხედროებს ვასახლებთო, მე სამხედროებზე და მათ ოჯახებზე ვზრუნავო, სხვებმა კი თავის ხალხს მიხედოსო, _ ეს იყო შინაარსი თინათინ ხიდაშელის კომენტარიდან, რომელიც მან შაბათს, 21 მაისს გააკეთა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ფოთიდან და ჩხოროწყუდან კახეთში გადმობარგების მსურველი არც ჯარისკაცები გვანახვეს, და არც მათი წერილობითი მიმართვები. ყოველ შემთხვევაში, სამხედროებს რომ დაფასება და კომფორტი უნდათ, ამაზე, მგონი, არავინ კამათობს. იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველაზე ძვირფასს _ სიცოცხლეს დებენ სასწორზე, ნამდვილად უნდა შევუქმნათ ღირსეული გარემო, თუმცა რატომ, მაინცდამაინც ძველი დასახლება? რატომ მაინცდამაინც თელავი? თან რის ფასად? წინასაარჩევნოდ კამერების წინ მოტირალი დედები, გამოყრილი ბარგის დეტალები ახლო ხედზე, გაღიზიანებული კაცები, გულწასული მოხუცები და ეს კადრები ენმ-ს წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ომახიანი განცხადებების ფონზე, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ ურტყამს, თუმცა, როგორც ჩანს, თანამდებობრივად დაწინაურებულ ხიდაშელს ნაკლებად აღელვებს როგორც რიგითი ამომრჩევლების, ასევე თანაპარტიელების ბედი. ალასანიას მინისტრობის დროს ამ ბინების დაკანონება ვერ მოესწრო, მან თანამდებობა მალე დატოვა. მის შემდეგ დანიშნულმა ჯანელიძემ კი, როგორც ამბობენ, არც მწვადი დაწვა და არც შამფური, მას საერთოდ არ განუხილავს თელავის სამხედრო ქალაქის მცხოვრებთა საქმე. სამაგიეროდ თინათინ ხიდაშელმა გადაწყვიტა ათობით ოჯახის აღრიცხვა, მათ წერილობითი შეტყობინებები დაეგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ბინები დროულად უნდა დაცალოს ადამიანთა უმრავლესობამ, რომელიც აღნიშნულ ადგილზე 15-20 წლის განმავლობაში ცხოვრობს. მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა, რამდენიმე ბინას ლუქი დაადეს. უკვე შაბათს (21 მაისი) წამყვანი არხების საინფორმაციო გამოშვებებში ამ თემამ გაკვრით, თუმცა ნიშანდობლივად გაიჟღერა. თავის მხრივ, „ქრონიკა+“ ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებულ ანალიზთან ერთად, თითქმის, ყველა მხარის კომენტარების მოპოვებას შეეცადა. „ქრონიკა+“ ქალაქ თელავის საკრებულოს წევრს _ ბადურ რევაზიშვილს დაუკავშირდა: _ ბატონო ბადურ, რა იცით სამხედრო დასახლებაში არსებულ ვითარებაზე? ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, თავდაცვის სამინისტროს მითითებით, ბინების დალუქვას დაიწყებენ. _ საამისო ნიადაგი ცოტა ხნის წინ მოამწიფეს, რამდენიმე ოჯახი უკვე გაასახლეს, პროცესი დაწყებულია, დღესაც ვიყავით ჩასულები, ადგილობრივებს რამდენიმე საათის წინ შევხვდით, მათი ნაწილი გაურკვევლობაშია. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გაჟღერდა ასეთი რამ: თუ ბინებში ამჟამად არ ცხოვრობენ, დაკეტილ ბინებს ჩვენ განვკარგავთო. მოქალაქეებს თავიანთ სახლებში შესვლის საშუალება არ ეძლევათ, ამ წუთასაც დამირეკეს, ბინებში შესვლა უნდათ და ვერ შედიან. ინფორმირებულები არ არიან, არ იციან, ასეთ შემთხვევაში რა უნდა მოიმოქმედონ, ზოგს ბარგი აქვს, პირადი ნივთები. იქ არიან თელაველები, რომლებმაც ბინები დაკარგეს, არიან ჩამოსულებიც, რომლებიც მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, ძირეულად თუ ჩავეძიებით, საერთო სურათი ასეთია: არსებობს სხვა სამართლებრივი და ცხოვრებისეული ნიუანსები, ზოგან დიდი ოჯახია, ვერ ეტევიან და ნაწილი აქ გადმოვიდა. თელავის მერის პასუხად კი გეტყვით, _ 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ და 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნების წინ, პლატონ კალმახელიძე და ირაკლი სესიაშვილი მოსახლეობას ჰპირდებოდნენ, რომ ამ ფართებს დაგიკანონებთო. შესაბამის განცხადებებს თქვენც მოიპოვებთ, დარწმუნებული ვარ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის 30 სექტემბერს დაიწყო ეს პროცესი, თუმცა მეორე ეტაპი ვერ დასრულდა, ხელისუფლებაში ესენი მოვიდნენ და ხედავთ, რა სიტუაციაცაა. მადლობას გიხდით, რომ დაგვიკავშირდით, თქვენი გვერდით დგომა მნიშვნელოვანია. იქნებ, ეს ხალხი ქუჩაში არ დარჩეს.   გიორგი ბოტკოველი _ ენმ-ს კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი: _ ალბათ ოცი დღეა გასული მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროდან თელავში ამ საქმეზე ჩამოვიდნენ და „ლეგიონის დასახლებაში“ არსებული ბინების აღწერა დაიწყეს. თან ჰქონიათ რაღაც ბლანკები, რომელზედაც ადგილობრივებს ხელს აწერინებდნენ. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ხელმოწერილი ფურცლების ასლი არ დაუტოვებიათ, თავად დოკუმენტის შესახებ კი მწირ ინფორმაციებს იძლეოდნენ. _ თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო გიორგი, რაზე მოაწერინეს ხელი სამხედრო ქალაქში ჩასახლებულ ადამიანებს? _ ტექსტის შინაარსი ნამდვილად არ ვიცი. როგორც ჩანს, ალბათ, იმაზე, რომ წინააღმდეგობას არ გაუწევენ. რაღაცა მაგის მსგავსი მგონია. როცა ვიკითხე, _ ასე ბრმად რატომ მოუწერეთ ხელი-მეთქი? ზოგმა თქვა, _ არ გვქონდა წაკითხვის დროო. შემდეგ ისევ დაიწყეს დასახლებაში სიარული, ინფორმაციები შეუშვეს, ვიღაცებს გავასახლებთო და გეგმის სისრულეში მოყვანა დაიწყეს, _ ერთი კვირის წინ ხუთშვილიანი ოჯახი გამოასახლეს. კანონით ამის უფლება არ აქვთ. _ ამჟამად რა ვითარებაა? _ სიტუაცია ნელ-ნელა იძაბებოდა, უკვე წუხელ ვიცოდი, რომ სახლების დალუქვას დაიწყებდნენ. ეს ინფორმაცია რომ გავიგეთ, დღეს დილით ტელევიზიებთან ერთად მივედით. დაზუსტებულ ინფორმაციას ვფლობთ, _ ყველას გამოასახლებენ! ხიდაშელი რომ ამბობს, თავისუფალი თუ რამე არსებობს, იმას დავლუქავთო, ვინ უშლის? გაარემონტონ თავისუფალი ფართები. ჩვენ იმას არ ვეწინააღმდეგებით, რომ სამხედროებს ბინები ჰქონდეთ, მაგრამ არა სხვების გაუბედურების ხარჯზე, _ თავისუფალი ბინა აქ, ფაქტობრივად, არაა, რამდენიმე კორპუსია, სადაც არავინ ცხოვრობს, იმიტომ რომ გაპარტახებულია, ხოლო იქ, სადაც ცხოვრობენ, ახალმოსახლე არავინაა. ზოგი 10 წლის წინათ შევიდა, ზოგი 15 წლის წინ დაფუძნდა. ამ ხალხმა თვითონ გაარემონტა, თვითონ მოაწესრიგა ცენტრალური სისტემები და თავდაცვის სამინისტრო ახლა ედავება. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათთვის სიმბოლურ ფასად _ ერთ ლარად გადაფორმების პროცესი დაიწყო, მაგრამ შემდეგ ესენი მოვიდნენ. 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ისევ უთავმოყვარეოდ მიადგნენ ამ ხალხს და ისევ უნამუსოდ დაჰპირდნენ, ოღონდაც კალმახელიძე გაეყვანათ. ახლა, როცა ეს ადამიანები მერიაში მიდიან და დანაპირებს ახსენებენ, მათ პასუხობენ, რომ თქვენი ბინები თავდაცვის სამინისტროს საკუთრებააო.   ვინაიდან ზემოთ ხსენებულმა რესპოდენტებმა ჩვენთან საუბრისას არაერთხელ ახსენეს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის სახელი და გვარი, „ქრონიკა+“, ბუნებრივია, მასთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ, _ ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვურეკავდით და ვწერდით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ბატონ სესიაშვილს, მაგრამ მან რეაგირება არ მოახდინა, რის შემდეგაც თავდაცვის სამინისტროს შევეხმიანეთ.   ,,ქრონიკა+“-თან კომენტარი გააკეთა თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა: _ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ათობით საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის არის განკუთვნილი. თუმცა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, აღნიშნულ ბინებში, რიგ შემთხვევებში, მოქალაქეები საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ცხოვრობდნენ. თავდაცვის სამინისტრომ საჭიროებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართები) აღრიცხვა დაიწყო. მიუხედავად ამისა თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არც ერთი მცხოვრების იძულებით გამოსახლება არ იგეგმება. თელავის დახურულ სამხედრო ქალაქ #1-ში 26 დალუქული ბინაა. ამ ბინებში მცხოვრებმა ხალხმა ბინები ნებაყოფლობით დატოვა და საცხოვრებლად მათ საკუთრებაში არსებულ სხვა ბინებში გადავიდა. ამჟამად თელავის ე. წ. ლეგიონის დასახლებაში კვლავ რჩებიან ოჯახები, მათ შორის არიან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები. მეორე მხარეს დგანან ჯარისკაცები და მათი ოჯახები, რომლებიც წლებია, სრულიად სამართლიანად ითხოვენ კუთვნილ ბინებს. მათ ხელში უჭირავთ სასამართლოს მიერ დადგენილი გადაწყვეტილება, აღსრულების ფურცლები და კანონის აღსრულებას ელიან. საცხოვრებელი ფართის იდენტიფიცირების პროცესში ყოველი სამხედრო მოსამსახურის ინტერესი ისევეა გასათვალისწინებელი, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა მოქალაქის. სწორედ ამ ინტერესთა ბალანსით და ყველა მხარესთან კოორდინაციით მივიღებთ გადაწყვეტილებას. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება უგულებელყოფილი თუნდაც ერთი ადამიანის კანონიერი ინტერესი.  

                                                                                                            ზაზა სვანაძე

   

გაზიარება