QronikaPlus
ზაზა ხატიაშვილი: ,,შს მინისტრი, რომელსაც ჰყავს მხოლოდ სკოლადამთავრებული გამომძიებლები, უნდა წავიდეს თუ არა თანამდებობიდან?“

ზაზა ხატიაშვილი: ,,შს მინისტრი, რომელსაც ჰყავს მხოლოდ სკოლადამთავრებული გამომძიებლები, უნდა წავიდეს თუ არა თანამდებობიდან?“

2016-05-30 12:19:39

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გვითხრა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში ყურადღება გამახვილდა პოლიციურ ძალადობებზე, თუმცა გამომწვევ მიზეზებზე არაფერი თქმულა. „თუ გვექნება ეფექტიანი გამოძიების მექანიზმი, ასეთი ფაქტები ნელ-ნელა შემცირდება. გამომწვევი მიზეზი კი პოლიციაში ისეთი ადამიანების დასაქმებაა, რომელთაც არ აქვთ სათანადო განათლება, ანდაც ეს ადამიანები დაკავებულებთან მიმართებით გამოირჩეოდნენ გადამეტებული ძალის გამოყენებით, მაგრამ სასჯელს გადაურჩნენ და მუშაობას აგრძელებენ. ყველაზე სავალალო ის არის, რომ პოლიციაში შეიმჩნევა პროფესიონალიზმის დეფიციტი. გამომძიებლის თანამდებობაზე მყოფ ადამიანს ბაკალავრიატის 4-წლიანი უმაღლესი განათლება მაინც უნდა ჰქონდეს. ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები აბარებენ გამოცდებს და თუ პოლიციის გამომძიებლებიც ჩააბარებენ, სავალდებულო იქნება, დიპლომი წარადგინოს. სახელმწიფო სპეციალურად არ მიდის იმაზე, რომ ასეთი გამოცდა დააწესოს, რადგან, ჩემი ინფორმაციით, გამომძიებლების 80%-ს არ აქვს უმაღლესი განათლება და საშუალო განათლებით არიან. ევროპის ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ იმას, რომ გამომძიებელს არ ჰქონდეს უმაღლესი, ან სპეციალური კოლეჯი  დამთავრებული. საქართველოში უამრავი იურისტია, რომელიც სიხარულით წავა პოლიციაში გამომძიებლად და მათ, ასე თუ ისე, ის მაინც იციან, რომ ადამიანი არ უნდა აწამონ. სახელმწიფო კი რას აკეთებს?! _ უმაღლეს დამთავრებულს სამსახურს არ აძლევს და იქ სკოლადამთავრებულს იღებს იმიტომ, რომ რასაც უნდა, იმას დაავალებს. ეს არის სახელმწიფო ბოროტება! სახალხო დამცველი როცა 1200-გვერდიან განცხადებას წერდა და იქ არ დაწერა, რომ ასეთი რამ ხდება, ესეც შეცდომაა. უნდა გვინდოდეს ასეთი პრობლემის აღმოფხვრა. ვსვამ კითხვას, _ შს მინისტრი, რომელსაც ჰყავს მხოლოდ სკოლადამთავრებული გამომძიებლები, უნდა წავიდეს თუ არა თანამდებობიდან? ცხადია, უნდა წავიდეს. სისხლის სამართლის კოდექსი ადამიანს წაკითხული არ აქვს და გამომძიებლად იღებენ. შს მთელი ხელმძღვანელობა ამის გამო საბრალდებო სკამზე უნდა დასხდეს და გვერდით ყველა ის ხალხი უნდა მიუსვა, რომლებმაც ეს ყველაფერი იციან და გაჩუმებულები არიან. უჩა ნანუაშვილმა მოიკვლიოს, რამდენი სკოლადამთავრებული გამომძიებელია შს სამინისტროს სისტემაში. როცა ადამიანს აძლევ იარაღს და გარკვეული მოქმედებების ჩასატარებლად უშვებ ისე, რომ მას სისხლის სამართლის კოდექსი წაკითხულიც არ აქვს, ხარ თუ არა დამნაშავე?! გენერალურ ინსპეციაში ხალხი ხელფასს რისთვის იღებს, იქნებ, აგვიხსნან? ადვოკატები მეუბნებიან, რომ ასობით ადამიანია შს სამინისტროში გამომძიებლის თანამდებობებზე მხოლოდ საშუალო, სკოლის განათლებით და  იურიდიული განათლების მქონე ადამიანები კარტოფილს ყიდიან ბაზარში. ეს არის სამართლიანი ქვეყანა?! ვიცი, ახლა მეტყვით, ფაქტები და დოკუმენტებიო. ადვოკატი ლავრენტი სუხიშვილი მონაწილეობს საქმეში, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს სწორედ  მხოლოდ სკოლადამთავრებულმა გამომძიებლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, თავად სუხიშვილზე კი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს“, _ განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.   ამის შემდგომ „ქრონიკა+“ ადვოკატ გიორგი სუხიშვილს დაუკავშირდა და მასთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა.  ლავრენტი სუხიშვილი: _ 2015 წლის მაისიდან ვიცავ ახალგაზრდა კაცს, ნოდარ ტატუნაშვილს, რომლის მიმართაც სასამართლო ორ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს. ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2015 წლის 22 მაისს ნოდარი მის მეგობართან ერთად ქობულეთში სამუშაოდ მიემგზავრებოდა. იქ ის ბარმენად წინა წელსაც მუშაობდა და თან წვრილ ბიზნესსაც აწარმოებდა. მისი გადმოცემით, შეგროვილი ჰქონდა გარკვეული თანხა, რომელიც ასევე მიჰქონდა ქობულეთში. „ზეემკის დასახლებიდან“ ისინი ტაქსით უნდა გასულიყვნენ დიდუბეში, რათა სამარშრუტო ტაქსს გაჰყოლოდნენ ქობულეთში. ჩასხდნენ თუ არა ტაქსში, მათ პოლიციის ავტომანქანა მიადგა, საიდანაც გადმოვიდნენ ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილების მოადგილე შოთა ჯანგირაშვილი და კიდევ ერთი თანამშრომელი, რომლის გვარ-სახელიც ამ დრომდე უცნობია. რამდენიმე დღის წინათ ჯანგირაშვილი დაიკითხა, რომელსაც ვკითხე, თუ ვინ ახლდა ტატუნაშვილთან პირველი შეხვედრის დროს? ჯერ მითხრა, _ არ ვიტყვიო, მერე, _ არ მახსოვსო. 22 მაისს ტაქსიდან გადმოიყვანეს ორივე ახალგაზრდა, როგორც ჯანგირაშვილმა განმიმარტა, ოპერატიული შემოწმების მიზნით. მან ასევე თქვა, რომ როცა ახალგაზრდების ვინაობა და მგზავრობის მიმართულება ვიკითხე, მათმა პასუხებმა ჩემში ეჭვი აღძრა და ტატუნაშვილის დათვალიერება ამიტომ მოვახდინეო. ის უარყოფდა, რომ ეს იყო ჩხრეკა, თუმცა მას ამ ე. წ. დათვალიერების დროს აღმოუჩინეს თანხა, რომლის ოდენობასაც პოლიციელი არ ასახელებდა და მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ უკან დაუბრუნა. სინამდვილეში, ჯანგირაშვილმა ტატუნაშვილს მისი ჯიბიდან ამოღებული ფული შუა ქუჩაში დააკავებინა ხელში და ღამის 2 საათზე გადაუღო რამდენიმე ფოტო, რომელიც, რატომღაც, 22 მაისის მაღაზიის ქურდობის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ჩადო. _ ანუ პოლიციელებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ტატუნაშვილმა მაღაზია გაქურდა, ეს ფულიც იქიდან ჰქონდა და ის ამიტომ გააჩერეს? _ როცა ჯანგირაშვილმა ტატუნაშვილს ფოტოები გადაუღო, მასთან ერთად მყოფი პირი აფაქიძეც დაათვალიერა. ამის შემდეგ პოლიციელები მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. ორმა ახალგაზრდამაც გააგრძელა თავისი გზა, მაგრამ, მოგვიანებით, ტატუნაშვილმა ფული დათვალა და ნახა, რომ 750 ლარი აკლდა. ჩავიდნენ თუ არა ქობულეთში, ტატუნაშვილს დედამ დაურეკა და უთხრა, _ პოლიციაში გიბარებენო. მანამდე კი პოლიციაში დედამისი მოწმედ დაკითხეს მაღაზიის ქურდობის ფაქტზე და მასვე მოსთხოვეს შვილის იქ მიყვანა. მაშინვე დაბრუნდნენ ახალგაზრდები თბილისში და პირდაპირ პოლიციას მიაკითხეს. ტატუნაშვილი მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით მოწმედ დაკითხეს, რომლის შესახებაც მან იქ შეიტყო. შემდგომ, სასამართლოში, დაკითხვის დროს ჯანგირაშვილს ვკითხე, _ ყველა მოქალაქეს ასე აჩერებთ და ეუბნებით, რომ უნდა დაგკითხოთ ამა თუ იმ დანაშაულზე? ალბათ, რაღაც ინფორმაცია გქონდათ და თქვენი მითითებით ხომ არ დაიბარეს ტატუნაშვილი პოლიციაში-მეთქი? მან არ უარყო, რომ ახალგაზრდა მისი ინფორმაციისა და ეჭვის საფუძველზე დაიბარეს _ შუაღამისას გარეთ იყვნენ და ფული ჰქონდათო. როცა ტატუნაშვილი მოწმედ დაკითხეს, მას სუნის ნიმუში აუღეს. სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილიც უნდა დაეთვალიერებინათ და იქიდანაც აეღოთ სუნის ნიმუშები ერთმანეთთან შესადარებლად, მაგრამ ტატუნაშვილის სუნის ნიმუში 22 მაისის ქურდობის საქმეში კი არა, სრულიად სხვა საქმეში მოხვდა. 23 მაისის დაკითხვის შემდგომ ტატუნაშვილმა ჯანგირაშვილს უთხრა, რომ დაბრუნებულ ფულს თანხა აკლდა. აქედან დაიწყო პოლიციელების ღია ნადირობა ამ ახალგაზრდაზე. ბოლოს ჩემ მიმართაც დაიწყეს გამოძიება და ყველა რუბიკონი გადალახეს. _ ტატუნაშვილზე დაწყებულ „ღია ნადირობაში“ რას გულისხმობთ? _ ყველაფერი გააკეთეს, რომ ტატუნაშვილი რაიმე გზით გაეგზავნათ ციხეში. დავიწყებ იმით, რომ შეიძლება სანქციის გარეშე ჩაუტარო პიროვნებას ჩხრეკა, მაგრამ მერე ის უახლოეს განყოფილებაში უნდა წარადგინო, შეადგინონ სათანადო საბუთი და შეატყობინონ სასამართლოს, მაგრამ ასე არ მოქცეულან და 22 მაისის მაღაზიის ქურდობის სისხლის სამართლის საქმეც კვლავ გაუხსნელია. ნოდარ ტატუნაშვილი 28 მაისს, გვიან ღამით დააკავეს და მას ცემა-წამებით გამოსძალეს ჩვენება. სცემდნენ ისანი-სამგორის მე-5 პოლიციის განყოფილებაში. ის პირდაპირ ადებს ხელს განყოფილების უფროს ამირან ქრისტესიაშვილს, შოთა ჯანგირაშვილსა და კიდევ სამ პოლიციელს. საქმე ის არის, რომ ორივე სისხლის სამართლის საქმის ეპიზოდში ფიგურირებს სამ-სამი ინსპექტორ-გამომძიებელი, რომელთაც აქვთ მხოლოდ სკოლის განათლება. ესენი არიან ისპექტორ-გამომძიებლები _ დავით მურმანიშვილი, მამუკა გიორგაშვილი და ზურაბ ხატიაშვილი. ეს რომ შევიტყვე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განყოფილებას დავუკავშირდი და ვკითხე, შეიძლება, საშუალო განათლების მქონე პიროვნება დაინიშნოს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე-მეთქი? მითხრა, _ არა, რას ბრძანებთო? არადა, მათი დაკითხვის ოქმებშიც წერია, რომ ისინი საშუალო განათლებით არიან. ეს დოკუმენტები თქვენც მოგიტანეთ. როგორც გითხარით, 28 მაისს დაკავებული ნოდარ ტატუნაშვილი ბრალდებულის სტატუსით დაკითხეს, სადაც მას ღირსების შემლახველი საქციელით და ცემა-წამებით აღიარებინეს, რომ მან და მისმა მეგობარმა გოგა აფაქიძემ სასურსათო მაღაზიები 28 მაისსა და 22 მაისს გაქურდეს. აფაქიძე არის არასრულწლოვანი და ის დაკითხეს 29 მაისს, დედამისთან, ადვოკატთან და პროკურორთან ერთად. მან აღიარა 28 მაისს ჩადენილი ქურდობის ფაქტი, თუმცა გამოძიებამ არ ჰკითხა, მართლაც 22 მაისს ტატუნაშვილთან ერთად ჩაიდინე ქურდობაო? არადა, ტატუნაშვილს ძალით აღიარებინეს, რომ პირველი ქურდობა აფაქიძესთან ერთად ჩაიდინა. ეს ფაქტი არ უნდა განვიხილოთ ისე, რომ გამოძებას რაიმე გამორჩა. ეს კითხვა მიზანმიმართულად არ დაისვა, რადგან თავადაც იციან, რომ ჩვენება, რომელიც ტატუნაშვილს გამოსძალეს, არარეალურია. ახლა რაც შეეხება იმას, რატომ აღიარა არასრულწლოვანმა 28 მაისის ქურდობა. საქმე ის არის, რომ აფაქიძე სხვადასხვა საქმეში ფიგურირებს. 28 მაისის საქმეში ასევე ფიგურირებს კიდევ ერთი არასრულწლოვანი _ ლევან ჯიქია, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო გაასამართლეს. 28 მაისის ქურდობის ფაქტზე ნოდარ ტატუნაშვილს ბრალი წაუყენეს, მაგრამ თქვენ გაჩვენებთ დადგენილებას პირის ბრალდების შესახებ, რომელიც ისანი-სამგორის პროკურორმა, ამირან ხუციშვილმა გამოიტანა და გააყალბა. _ როგორ, თუ გააყალბა? _ იქ წერია, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე წარედგინა ბრალი ნოდარ ტატუნაშვილს. ჩამონათვალში არის დაფიქსირებული შემთხვევის ადგილის დათვარიელების ოქმი. ეს ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტია, თუმცა ამ შემთხვევაში, გამოძიებას საერთოდ არ აქვს შემთხვევის ადგილი დათვალიერებული და ასეთი დოკუმენტი-მტკიცებულებაც ბუნებაში არ არსებობს. 28 მაისის მაღაზიის ქურდობის ფაქტზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი არ შემდგარა და ამას მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად კი, რიმლითაც ტატუნაშვილს სს კოდექსის 177-ე მუხლით ქურდობის ფაქტზე ბრალი წაუყენეს, სწორედ ეს ოქმი ითვლება. სამი მიკერძოებული პოლიციელისა და არარსებული ოქმის საფუძველზე არის დაპატიმრებული ეს ადამიანი. შემდგომ ნაცემ-ნაგვემი ტატუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დღის 2 საათზე გაატარეს, არადა, თავადვე აფიქსირებენ, რომ დანაშაული მოხდა ღამით და აღკვეთის ღინისძიებად შეუფარდეს პატიმრობა. პირველ ინსტანციაში მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა საქმე ზერელედ განიხილა და ტატუნაშვილს პარიმრობა მიუსაჯა. თან განაცხადა, მისი ადგილი იქ არისო. გავასაჩივრე. პროკურატურაშიც და სასამართლოშიც საბედნიეროდ არიან პატიოსანი და სამართლიანი ადამიანებიც. საქმე სააპელაციო სასამართლოში გიორგი მიროტაძემ სკრუპულოზურად განიხილა და პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მოვლენებს ცოტა გავუსწრებ და ვიტყვი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე განიხილა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც ახლა ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარეა და 500 ლარით დააჯარიმა ტატუნაშვილი. გავასაჩივრეთ და სააპელაციომ 2016 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ეს გადაწყვეტილება გააუქმა. საშუალო განათლების მქონე ინსპექტორ-გამომძიებელმა, დავით მურმანიშვილმა, გაყალბებული ჩვენება მისცა ხატიაშვილთან და გიორგაშვილთან ერთად. მათ თქვეს, რომ თითქოს სამივე იყო ფეხით და ოპერატიულ შემოვლას აწარმოებდნენ სამოქმედო ტერიტორიაზე, როცა მათ შუშის მტვრევის ხმა მოესმათ. ერთ-ერთ სამრეწველო მაღაზიაში მათ შენიშნეს მამაკაცი, ახლოს მისულებმა კი ტატუნაშვილი შეიცნეს. როცა მან პოლიციელები დაინახა, შუშის დამტვრეული კარიდან გადმოხტა და გაიქცა. ბარბაცით გარბოდა, რამდენჯერმე წაიქცა და სხეულზე დაზიანებები ამიტომ აქვსო, არადა, ტატუნაშვილი ნაცემი იყო. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს. სამრეწველო მაღაზია მართლაც ჰგავდა ნაომარს და ყველაფერი ძირს ეყარა. შუშის ჩამსხვრევა და ქონების დაზიანება ნამდვილად მოხდა, მაგრამ ვის მიერ, დღესაც ეს კითხვა და ეჭვი მაწუხებს. _ ვისზე ეჭვობთ? _ მე ამ შემთხვევაშიც გამოვავლინე და ოფიციალურად გამოვკითხე ნეიტრალური მოწმე, სუპერმარკეტ „ბუმის“ მოლარე _ სოფიო ტყემალაძე. მან თქვა, რომ 12 სექტემბერს 12-საათიანი განრიგით მორიგე იყო. სადღაც ღამის 12 საათი იქნებოდა, როცა ნოდარ ტატუნაშვილი სუპერმარკეტში მეგობართან ერთად შევიდა, რომელსაც ის კარგად იცნობდა და ლუდი შეიძინა. ტყემალაძე მოწმის სახით სასამართლოზე ახლახან, 17 მაისს დაიკითხა და იქ კურიზული სიტუაცია შეიქმნა. მისი ნებით შევადგინე გამოკითხვის ოქმი, სადაც ასეთი რამ დააფიქსირა: გამთენიისას მაღაზიაში კლიენტურა საერთოდ აღარ იყო, ყავა მოვადუღე, ჰაერზე გამოვედი, კიბის საფეხურზე ჩამოვჯექი და მობილურით ვერთობოდი, როცა გზის მოპირდაპირედ, სამრეწველო მაღაზიის მხრიდან შუშის მტვრევის ხმა გავიგონე. დაახლობით 10 წუთში დავინახე, რომ ჩემგან 2-3 მეტრში მუქი ფერის ავტომანქანა გაჩერდა და მასში მსხდომი პოლიციის თანამშრომლებიც შევიცანი. მე ამ ხალხს სახეზე ვცნობდი, რადგან ისინი ხშირად დადიოდნენ ჩვენს სუპერმარკეტში. მანქანიდან არ გადმოსულან, ისე მომესალმნენ. მოკლე ხანში ისევ გაისმა შუშის მტვრევის ხმა. პოლიციელებს ფორმა არ ეცვათ, ავტომანქანის შუშები ჩაწეული ჰქონდათ და ისინიც იქით იყურებოდნენ. მყისიერად დავინახე მამაკაცის სილუეტი, რომელიც გაიქცა და პოლიციელებიც ავტომანქანით გამოეკიდნენ. საითაც წავიდნენ, იქით ბარაკული სისტემის ორსართულიანი კორპუსებია და მერე აღარაფერი დამინახავსო. ტატუნაშვილის სახლი ამ მიმართულებით არ არის და ის იმ ტერიტორიაზე არც დაუკავებიათ, საითაც მამაკაცის სილუეტი გაიქცა და პოლიციელები გაყვნენ. ტატუნაშვილი ამტკიცებს, რომ მას თავდაპირველად თავს დაესხა ორი პოლიციელი, რომელთაც ფორმა არ ეცვათ და ესენი იყვნენ დავით მურმანიშვილი და ზურაბ ხატიაშვილი. დაკითხვის დროს მამუკა გიორგაშვილს ტატუნაშვილმა ჰკითხა, _ რატომ ცრუობთ, თქვენ არ ყოფილხართ ჩემი დაკავების დროს და მერე მოხვედით, როცა განყოფილების ქვედა სართულზე ჩამიყვანეს და ჩემთვის ნარკოტიკების ჩადებას ესწრებოდითო. არადა, მას ჩვენება აქვს მიცემული, რომ დაკავების დროს იქ იმყოფებოდა. ბრალდებულმა დაკითხვის დროს პირდაპირ დაადო ხელი, ვინ სცემა და ვინც ჩაუდო ნარკოტიკი, რასაც პროკურორი სიყმაშვილიც ესწრებოდა. გამომძიებელმა გენადი იოსებაშვილმა სასწრაფოდ დაწერა ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, თუმცა იქ არც ტატუნაშვილი წაუყვანიათ და არც კიდევ ის პოლიციელები, რომელთაც ის დააკავეს. 12 სექტემბრის ქურდობის გამოძიების მთელი საქმე გაყალბებულია. _ ტატუნაშვილი ამჯერად რა მუხლით დააკავეს? _ მას ორი ბრალდება წაუყენეს: 28 მაისს და 12 სექტემბერს მაღაზიების ქურდობები. ისინი მიხვდნენ, რომ ტატუნაშვილის გარეთ ყოფნა მათთვის საშიში იყო, ამიტომ მის დასაკავებლად და ციხეში გამოსაკეტად სცენები დადგეს. 13 ივლისს ტატუნაშვილმა წერილობითი საჩივრით მიმართა მთავარ პროკურორს _ გიორგი ბადაშვილს, სადაც დააფიქსირა, რა მოხდა 22 მაისს, როგორ განახორციელეს მის მიმართ პოლიციის თანამშრომლებმა ძარცვა და მისი კუთვნილი თანხა მიითვისეს. ეს საჩივარი ქალაქის პროკურატურაში გადაიგზავნა, იქიდან ისანი-სამგორის პროკურატურაში და 22 ივლისს წარმოებაში დაეწერა პროკურორ ამირან ხუციშვილს, ვის მიმართაც ტატუნაშვილი ამ საჩივარში სერიოზულ პრეტენზიებს გამოთქვამდა. ეს არის ცინიზმის უმაღლესი ფორმა. პროკურატურა სერიოზული სახელმწიფო უწყებაა და ვალდებულია, წერილობით განცხადებაზე პასუხი გასცეს, მაგრამ ტატუნაშვილი ამის ღირსადაც არ ჩათვალეს. ამიტომაც სხდომაზე ხუციშვილის აცილება დავაყენე. ტატუნაშვილმა პოლიციის თანამშრომლები ამხილა თანხის მიტაცებაში, ცემაში და წამებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, იგივე პროკურორი, რომელიც ამ საქმეში გაყალბებულ მტკიცებულებებს აფიქსირებს, ვერანაირად ვერ იქნება ობიექტური. პროკურორმა სიყმაშვილმა კი 28 მაისისა და 12 სექტემბრის სისხლის სამართლის საქმეების გაერთიანების შუამდგომლობა დააყენა, რის წინააღმდეგაც წავედი. რამდენიმე ათეულზე მეტი სხდომა ჩატარდა 28 მაისის ქურდობის საქმეზე, მაგრამ დღემდე მოწმეებიც არ არიან დაკითხულნი, პროკურორიც არ ცხადდებოდა სხდომებზე და საქმე ვერ დაიწყეს. ახლა კი ამ საქმეების გაერთიანება იმიტომ უნდოდათ, რომ მოწმე აგიაზაროვის დაკითხვა ზარავთ. კარგად იციან, რომ ამის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგება. რა უნდა თქვან, როცა ნივთმტკიცება სხვაგან არის ნაპოვნი და ამათ სხვაგვარად უწერიათ ყველაფერი? ხომ გაგიგონიათ, „მღვრიე წყალში თევზი ადვილად დაიჭირებაო“. ბრალდების მხარეს იმედი აქვს, რომ 12 სექტემბრის საქმეს გაათრევენ და მას ლოკომოტივად ჩაუბამენ 28 მაისის საქმესაც, ასე დააყენებენ გამამტყუნებელ განაჩენს ტატუნაშვილის მიმართ, მაგრამ მოსამართლემ არ გააერთიანებინა.  კიდევ სხვა მტკიცებულებებიც არსებობს, რომლითაც დგინდება, რომ მათ ტატუნაშვილის დაკავების ინტერესი ჰქონდათ. _ ახლა ის მითხარით, თქვენ რაღას გედავებიან? _ საპროცესო კოდექსით, წინა სასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 5 დღისა, დაცვისა და ბრალდების მხარის მტკიცებულებები იცვლება. 22 დეკემბერს, პროკურორ ზურაბ სიყმაშვილის სამუშაო ოთახში, 14 საათზე ამ საქმის მტკიცებულები გაცვალეს. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარისთვის ცნობილი გახდა ჩემ მიერ მოძიებული პოტენციური მოწმის _ სოფიო ტყემალაძის არსებობა. იმავე დღეს, 16 საათსა და 30 წუთზე, ჩემი მოწმე პოლიციამ სამსახურიდან ძალისმიერი მეთოდებით მოიტაცა და დაკითხა. თავად პოლიციას არც ერთ საქმეში ნეიტრალური მოწმე არ მოუძიებია და ამიტომ ყველგან მოწმეებად არის სამი პოლიციელი, რომლებსაც მხოლოდ სკოლის განათლება აქვთ. საშინლად არის გაყალბებული ოქმები. ექვს ადგილზე წერია საათი და არც ერთი არ ემთხვევა. ჯერ კიდევ ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ, როცა ეს პერიოდი მითითებულია ოქმის დაწერის დროდ, შოთა ჯანგირაშვილის რეზოლუცია კი ბევრად ადრე ადევს, ვიდრე ოქმია დაწერილი. მოსამართლეებიც ვითომ ვერ იგებენ ამას. 23 დეკემბერს გამომძიებელი დიმიტრი საბაშვილი უსირცხვილოდ მოვიდა და მითხრა, _ გავცვალოთ მტკიცებულებებიო. გავოცდი, წინა დღით გავცვალეთ და რაღა უნდა გამეცვალა? მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი მოწმე დაკითხეს. ცხადია, მე ეს ოქმი არ ჩავიბარე. სოფიო ტყემალაძის დაკითხვის ოქმში კი წერია, რომ თითქოს მე ის დავკითხე არა 20 დეკემბერს, არამედ ნოემბერში და ჩემი გამოკითხვის ოქმი არც წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი. სოფიო სასამართლოზე თანმიმდევრულად დავკითხე და სხვა გზა რომ აღარ დავუტოვე, დამიდასტურა ის, რაც თავდაპირველად მითხრა. არსებობს ვინმე სულიკო ბოლქვაძე, სუპერმარკეტ „ბუმის“ მენეჯერი, რომელიც პოლიციასთან სერიოზულ ალიანსშია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით სოფიო ტყემალაძე 22 დეკემბერს სამსახურში იყო. მან თავად თქვა, რომ დირექტორმა, სულიკო ბოლქვაძემ, მობილურზე დაურეკა და უთხრა, _ პოლიცია გიბარებს და უნდა წახვიდეო. ტყელამაძეს, მისივე თქმით, უწყება განყოფილებაში გადასცეს და იქ მოაწერინეს ხელი. ანუ ამ გოგონამ დამიდასტურა, რომ ის პოლიციაში ბოლქვაძის მითითებით წავიდა. მოსამართლესთან მანამდეც მქონდა ბოლქვაძის მოწმედ დაკითხვის შუამდგომლობა დაყენებული. სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ამ ადამიანმა ტყემალაძეს უთხრა, _ ან იმუშავებ ჩემთან მოლარედ და პოლიციაში იმას იტყვი, რაც ჩვენ გვინდა, ანდაც სამსახურს დატოვებო. ეს მენეჯერისგან ზეწოლის კლასიკური ნიმუშია, რაც ამ ადამიანისთვის პირველი ნამდვილად არ არის და სხვა ფაქტებიც უკვე მოძიებული გვაქვს. როგორც ჩანს, ამ ოდიოზურ სულიკო ბოლქვაძეს პოლიცია „კრიშავს“ და ასე ამიტომ იქცევა. სხვანაირად რა უფლება აქვს, თანამშრომლები პოლიციას დასაკითხად გაუგზავნოს?! 12 სექტემბერს გაქურდულ მაღაზიაში აგური ოპოვეს, რომელსაც სისხლის ლაქები ეტყობოდა. გამოძიება უთითებდა, რომ ტატუნაშვილმა ამით მაღაზიის კარი გატეხა და შიგნით შეაღწია, მაგრამ ამ სისხლის ლაქაზე, რატომღაც, ბიოლოგიურ-გენეტიკურ ექსპერტიზას და დნმ-ის ანალიზს არ ნიშნავდნენ. რამდენჯერმე დავაყენე შუამდგომლობა და ბოლოს მაინც დავანიშნინე, რითაც აღმოჩნდა, რომ სისხლის ლაქა, მართალია, მამრობითი სქესის ადამიანს ეკუთვნოდა, მაგრამ ის არ იყო ტატუნაშვილის. საქმეში ოდოროლოგების ერთადერთი დასკვნა უდევთ, თითქოს 28 მაისს აღებული ტატუნაშვილისა და მასთან მყოფი ორი პიროვნების სუნის ნიმუში დაემთხვა, მაგრამ, რატომღაც, დაკავებული მხოლოდ ტატუნაშვილია. აბსურდის თეატრია! ადრე თუ გვიან, აუცილებლად წავლენ პასუხისგებაში ე. წ. ოდოროლოგ-ექსპერტები (კრიმინალური ექსპერტიზის კინოლოგიის სამსახურის თანამშრომლები, _ ავტ.). ამის მერე იერიში მოიტანეს ჩემზე, რადგან იციან, რომ ჩემი ჩამოშორებით ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და ტატუნაშვილიც „ტომარაში“ ეყოლებათ. კიდევ უამრავი მამხილებელი ფაქტი მაქვს ამ ადამიანების წინააღმდეგ.  სოფიო ტყემელაძის ჩვენება, რომელიც მე მომცა, თავდაყირა აყენებს დავით მურმანიშვილის, ხატიაშვილისა და გიორგაშვილის ჩვენებებს. ჩემზე გამოძიება 2016 წლის 3 თებერვალს დაიწყეს, თითქოს მე სოფიო ტყემალაძე დავკითხე არა 20 დეკემბერს, არამედ ნოემბერში, რიცხვი გავაყალბე და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია მოვახდინე. ტყემალაძე სასამართლოში რომ დავკითხე, მითხრა, 20-ში კი ვიყავი თბილისში, მაგრამ მერე რუსთავში წავედიო, ანუ „არც მწვადი დაწვა და არც შამფური“. პოლიციელებმა რუბიკონი გადალახეს, მაგრამ თუთაშხია რომ ამბობს, ისეთი ლუკმა უნდა ჩაიდო, რომლის გადაყლაპვასაც შეძლებო, ისეა მაგათი საქმე. ვნახოთ! მე პრეცედენტს დავდებ ადვოკატის კეთილსინდისიერებისა არა იმიტომ, რომ ეტალონი ვარ, არამედ ყველას ვაჩვენებ, როგორი კეთილსინდისიერებით უნდა დაიცვა შენი დაცვის ქვეშ მყოფი და კლიენტი არ გაყიდო. ადრე თუ გვიან, განაჩენი ამ საქმეებზე სწორედ ისეთი დადგება, როგორიც უნდა დადგეს. ბინძური მეთოდებით მებრძვიან მათთვის ურჩ ადვოკატს, მაგრამ ვერ დამიმორჩილებენ, რადგან მხოლოდ კანონს ვემორჩილები! „ქრონიკა+“-მა შს სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა. როგორც ნინო ცხადაძემ გვითხრა, სამინისტრო მართლაც იღებს საშუალო განათლების მქონე პიროვნებებს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, მაგრამ სანამ სამსახურს დაიწყებენ, ისინი გადამზადებას პოლიციის აკადემიაში გადიან. რაც შეეხება ისანი-სამგორის პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომელთა მიმართ  ტატუნაშვილისა და მისი ადვოკატის ბრალდებებს, ნინო ცხადაძემ მოგვიანებით გვთხოვა პასუხის გაცემა, თუმცა ამ დრომდე არ შეგვხმიანებია.

                                                                                                       ნელი ვარდიაშვილი

     

გაზიარება