QronikaPlus
„ესეც ჩემი მეჩვიდმეტე!“ _ ოკუპანტის ბოლო სიტყვები, რომელიც ხურჩაში დაცხრილულმა გიგა ოთხოზორიამ სიკვდილის წინ გაიგონა

„ესეც ჩემი მეჩვიდმეტე!“ _ ოკუპანტის ბოლო სიტყვები, რომელიც ხურჩაში დაცხრილულმა გიგა ოთხოზორიამ სიკვდილის წინ გაიგონა

2016-05-30 12:12:24

ზუგდიდის რაიონის სოფელი ხურჩა მეორე ისეთი სოფელია, რომელიც ენგურსგაღმა მდებარეობს, მაგრამ ზუგდიდის რაიონს ეკუთვნის. ოფიციალურად ეს სოფელი არც არსებობს, ის კოკის თემში (დავით ნარმანიას მშობლიური სოფელი) შედის. კიდევ ერთი სოფელი, სადაც ენგური ბუნებრივი ადმინისტრაციული საზღვარი არ არის გალისა და ზუგდიდის რაიონებს შორის, განმუხურია. ხურჩას დიდი და ძველი ისტორია აქვს: არსებობს ვერსია, რომ ეს ტერიტორია აფხაზეთის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა და სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა სიმამრს, აფხაზეთის მთავარ შერვაშიძეს ნარდში მოუგო და სამეგრელოს შეუერთა. როგორც ჩანს, შერვაშიძის მემკვიდრეებად ბედის ირონიით მოსული სეპარატისტები მის აზარტულობას დიდად არ სცემდნენ პატივს და არც წაგებულის ჩაბარების აუცილებლობას იზიარებდნენ. სწორედ ამიტომ ხურჩაზე მათ ოდითგან აქვთ პრეტენზია და ეს პრეტენზია მისი მიტაცებისა და გალის რაიონისთვის მიერთების მცდელობაში რამდენჯერმე გამოიხატა, ჯერ კიდევ, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს. ვინ იცის, რამდენჯერ მომხდარა ისე, რომ აფხაზი „ბოევიკები“ ხურჩაში გადმოსულან, ენგურის ადგილობრივი ხიდის გასწვრივ აღუმართავთ ტრაფარეტი: „ხურჩა, გალსკი რაიონ“ და სოფლის თავში რომელიმე სახლში ბანაკიც დაუციათ, ადგილობრივ გამგეობად სახელდებული. როგორც წესი, ამგვარი გამოხტომა მათ მუდამ ძვირად უჯდებოდათ. დიახ, შევარდნაძის მმართველობის დროსაც კი ხან პარტიზანების აქტიურობის, ხან კი შინაგანი ჯარის პოსტების ხარჯზე, ადგილობრივი მოსახლეობა ბევრად უფრო დაცულად გრძნობდა თავს, ვიდრე ახლა: აფხაზი „ბოევიკების“ თვითნებობა, მაქსიმუმ, რამდენიმე დღეს გრძელდებოდა და შემდეგ, როცა შტაბს პარტიზანები დაადუღებდნენ, უკან იხევდნენ და ხურჩის მიტაცების მცდელობაზე ხელს იღებდნენ. თუმცა ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე, სადაც წყალგამყოფად პატარა ღელეა მიჩნეული, სულ დაძაბულობა იყო, რადგან გაღმა-გამოღმა დაპისრისპირებული, შეიარაღებული მხარეები იდგნენ _ ორივე მხარის შეიარაღებული პირები სანგრებში ისხდნენ და სროლის ხმა იქ ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. ბოლოს აფხაზმა სეპარატისტებმა ხურჩისა და განმუხურის მიტაცება 2008 წლის ომის შემდეგ სცადეს, მაგრამ, საბოლოოდ, ვერც ეს შეძლეს. ამის შემდეგ გალის აფხაზურმა ადმინისტრაციამ მიდგომა შეცვალა და ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ ზოლზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დაიწყო. ცხადია, იქვე იყო ე. წ. სასაზღვრო პუნქტიც _ რუსი ოკუპანტების მთელი ჯგუფით. სულ მალე ეს პუნქტი „საზეიმოდ“ გაიხსნა და ამ ამბავს აფხაზურმა ტელევიზიამ ერთი დიდი სიუჟეტიც მიუძღვნა. ახალგახსნილ პუნქტში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, ადგილობრივებს გაესაუბრნენ, კონტროლის პროცესი შეამოწმეს. სწორედ ამ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, 2016 წლის 19 მაისს, 33 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. გიგა აფხაზეთიდან დევნილია, მაგრამ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან, გალში გადასვლისა და უკან დაბრუნების კუთხით, მანამდე შეხება არასდროს ჰქონია. იმ დღესაც ახლობლის ქელეხი იყო გალში და ავტობუსთან მიდიოდა, რომ ზუგდიდში ნაყიდი პროდუქტები იქით გაეტანებინა ვინმესთვის. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აფხაზი და რუსი ე. წ. მესაზღვრეები ხან კეთილი, ხან ავი მოხელეების როლებს თამაშობენ. ადგილობრივებმა და მათ, ვისაც ამ პუნქტის გავლა თითქმის ყოველდღე უხდება, ძალიან კარგად იციან, რომელი ჯგუფის მორიგეობაა შედარებით მსუბუქი და რომლის _ მძიმე. სამწუხაროდ, 19 მაისი ის დღე იყო, როცა პუნქტზე „მძიმე“, ქართველთმოძულე ჯგუფი იდგა. ავტობუსამდე მისასვლელად პუნქტის გავლაა აუცილებელი. ყოფილა შემთხვევები, როცა აფხაზ და რუს ე. წ. მებაჟეებს (უფრო სწორად, როლები ასეა გადანაწილებული: დგანან აფხაზი ე. წ. მებაჟეები და რუსი ე. წ. მესაზღვრეები) ადგილობრივი მცხოვრები საბუთების შეუმოწმებლადაც გაუტარებიათ შლაგბაუმს მიღმა, ავტობუსის მგზავრისთვის რაიმე შეკვრის ან ჩანთის მისაცემად. ზოგიერთს ხომ სახეზეც სცნობენ და სცნობენ, ამიტომ თუ კარგ ხასიათზე არიან, მათ გამოარჩევენ ხოლმე და ურიგოდ, შეუმოწმებლად უშვებენ _ ადგილობრივი გლეხების პატიოსან ბუნებას ისინიც კარგად იცნობენ და აღიარებენ. გიგა ოთხოზორიამ, თვითმხილველთა თქმით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ქართული ID ბარათი გაუწოდა. პირველი აგრესია მის მიმართ სწორედ ამ დროს წამოვიდა: აფხაზმა ე. წ. მებაჟეებმა სსრკ-ს, ან ახალი აფხაზური პასპორტი მოითხოვეს, რაც გიგას არ ჰქონდა. მაშინ მას კატეგორიულად განუცხადეს, რომ ნაბაკევისკენ არ გაუშვებდნენ. ახლა ადვილია თქმა, გიგა რომ გამობრუნებულიყო, არაფერი მოხდებოდაო, მაგრამ მის გზავნილს გალში ელოდებოდნენ და ამიტომაც ოთხოზორიამ განმეორებით სცადა ბედი: მან ოკუპანტების დამუნათება დაიწყო, რაც მათ აშკარად არ ეპიტნავათ. მერე ყველაფერი ელვისებური სისწრაფით მოხდა: ერთ-ერთმა ოკუპანტმა იარაღი ამოიღო და პირდაპირ ფეხში ესროლა ოთხოზორიას. გაწევ-გამოწევაში, რა დროსაც გიგა რამდენიმე მამაკაცმა ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა, სავარაუდოდ, ოთხოზორიას არც უგრძნია, რომ დაჭრილი იყო, ხოლო როცა შეატყო, რომ ფეხიდან სისხლი სდიოდა, მიბრუნდა და ოკუპანტებს თავიანთი მოქმედების შედეგი აჩვენა, რასაც კიდევ რამდენიმე გასროლა მოჰყვა. კადრებში, რომელიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო, გიგა სწორედ ამ დროიდან ჩანს _ როცა უკვე დაჭრილია, კოჭლობს და ხურჩის ბოლოს მდგარი კაფისკენ მოჰყავთ. ჩანს ისიც, რომ დროდადრო გიგა პოსტის მხარეს ბრუნდება, სავარაუდოდ, იქიდან წამოსულ რეპლიკებს პასუხობს. ეს დეტალი მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდა ოკუპანტებისთვის: მათგან ოთხმა, იცოდა რა, რომ არავითარი საფრთხე არ ელოდა, გიგა ოთხოზორიას თითქმის კაფემდე მისდია და კიდევ რამდენჯერმე ესროლა. ერთმა, სავარაუდოდ, უკვე იდენტიფიცირებულმა რაშიდ კანჯიოღლიმ კი უკვე წაქცეულ ოთხოზორიას ტყვია თავში დაახალა, რის შემდეგაც დანარჩენებთან ერთად ისევ ნაბაკევისკენ ქნა პირი და გაუჩინარდა. კადრში ისიც ჩანს, როგორ აბრუნებს თავს მკვლელი, სანამ პატარა ბოგირს გადაივლის. ერთ-ერთი ვერსიით ეს ყოფილი „ბოევიკი“ ქართველების მიმართ აგრესიულობით ადრეც გამოირჩეოდა. ზოგი იმასაც ამბობს, რომ როცა ოთხოზორიას თავში ტყვია დაახალა, ხმამაღლა, რუსულად თქვა: „ესეც, ჩემი მეჩვიდმეტე!..“ ამ დროისთვის გიგა უკვე მიწაზე გდია, მას ექვსი ტყვია აქვს მოხვედრილი. ადამიანები, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ, შოკში არიან და მიშველებასაც კი ვერ ბედავენ, მხოლოდ ერთი ადამიანი იხრება გიგასკენ და მის შველას ცდილობს. ვიღაცამ სასწარფოში დარეკა, რომელიც ოც წუთში მოვიდა. გიგა ცოცხალია, მაგრამ გონებადაკარგული. ის გზაში გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით, ექსპერტიზის შემდეგ გაირკვა, ერთი ტყვიის გარდა, თითქმის ყველა სასიკვდილო იყო, ასე რომ, თავში მიღებული ჭრილობა რომც არ ჰქონოდა, გიგა ოთხოზორიას გადარჩენის შანსი, პრაქტიკულად, ნულს უტოლდებოდა _ ის არაკაცურად და სასტიკად, დაუნდობლად დაცხრილეს... გიგა ოთხოზორიას ორი შვილი დარჩა. შვილებზე უზომოდ შეყვარებული მამა, კარგი მეუღლე და უიშვიათესი ბუნების, ძალიან კარგი ადამიანი, კიდევ ერთი პატრიოტი ქართველი აღარ არის. მას 26 მაისს დაკრძალავენ, მანამდე კი მის სახლში, ზუგდიდში, არ წყდება ნაცნობთა თუ უცნობთა თანაგრძნობის გამოხატვა _ იქ ყოველდღე უამრავი ხალხია. ოთხოზორიას ოჯახს ერთ-ერთმა პირველმა მიხეილ სააკაშვილმა მიუსამძიმრა _ მის მიერ გამოგზავნილი დეპეშა იმ ოთახში, ჭირისუფლების გასაგონად, ხმამაღლა წაიკითხეს, სადაც მოკლული იყო დასვენებული. დეპეშის ტექსტის კითხვისას მხოლოდ ქვითინი ისმოდა, ხოლო გიგა ოთხოზორიას დედამ, რომელიც პედაგოგია და რამდენიმე თაობა ჰყავს აღზრდილი, დეპეშის გადაცემის შემდეგ მხოლოდ ეს ჩაილაპარაკა: „გიგა ყოფილიყოს უკანასკნელი მსხვერპლი...“ რა მოხედება შემდეგ? რა ეტაპზეა გამოძიება? რა ბერკეტები აქვს ქართულ მხარეს, დამნაშავეების დასჯა მოითხოვოს? მკვლელობის შემდეგ უამრავი ვერსია გავრცელდა. ერთი ვერსიით, აფხაზურმა მხარემ იმ საღამოსვე დააკავა ოთხი პირი და სოხუმის ციხეში გადაიყვანა, რაც ფრიად საეჭვოა იმის გათვალისწინებით, რომ ქართველმა Iთ სპეციალისტებმა მკვლელობის ღამეს ეჭვმიტანილი გაშიფრეს და ისიც დაადგინეს, რომ ის ინტერნეტში მობილურით იყო შესული. თუ პაატა ზაქარეიშვილს დავუჯერებთ, ეს „გამონაკლისი და არასისტემური მკვლელობაა, რომელსაც განგრძობითი ხასიათი არა აქვს და არ მეორდება“, აუცილებლად უნდა გავაპროტესტოთ საერთაშორისო დონეზე, მაგრამ სახელმწიფო მინისტრის თქმით, არა რუსეთის წინააღმდეგ. მისი განცხადებით, რუსეთისგან ვერაფერს მოითხოვენ, რადგან აზრი არ აქვს. ამ ფონზე სულაც არაა გასაკვირი, რომ აფხაზური და რუსული მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები ერთმანეთზე ცინიკურია. ასე მაგალითად, რუსულმა მხარემ პირდაპირ თითი დაგვიქნია და გვირჩია, კი ნუ სპეკულირებთ ამ „ინციდენტით“, ოთხმხრივი შეხვედრის განახლებაზე იზრუნეთო, აფხაზურმა მხარემ კი გვირჩია, _ დასკვნები წინასწარ ნუ გამოგაქვთ, ჩვენი გამოძიების შედეგებს და ჟენევის შეხვედრის ფორმატს დაელოდეთო.  

                                                                                                              ლაშა ბერულავა

 

გაზიარება