QronikaPlus
რატომ არ არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან წინასაარჩევნოდ პროვოკაციები გამორიცხული?!

რატომ არ არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან წინასაარჩევნოდ პროვოკაციები გამორიცხული?!

2016-05-30 12:08:54

19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც, მოგვიანებით, ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს საგარეო უწყებამ მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა რუსეთს, როგორც ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ ძალას დააკისრა.   „ქრონიკა+“ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უშიშროების ყოფილ მინისტრს, ექსპერტ ლევან კიკნაძეს ესაუბრება: _ აფხაზებს თავს გაუვიდათ და ქართველი კაცი უკვე ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს?! ამას ვერც პროვოკაციას და ვერც სხვა რამეს ვუწოდებთ. უბრალოდ, თავს გაუვიდათ! აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე კარგა ხანია, ასეთი რამ არ ხდებოდა. ამიტომ ეს რაღაცის მანიშნებელია. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი?! ცხინვალის რეგიონის შემდეგ ახლა მანდ თუ დაიწყო მსგავსი ამბები, ალბათ, შესაბამისი ორგანოები ჩაერთვებიან და რაღაც პრევენციულ ზომებს მიიღებენ, რათა ასეთი რამ კიდევ არ მოხდეს. პრინციპში, დამნაშავემ პასუხი ხომ უნდა აგოს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთ საზარელ მკვლელობას სჩადის?! ეს ტერიტორიები სულ ჩვენია და ეს გასაგები ამბავია, მაგრამ ამით თავი ვიმშვიდოთ, რომ ისიც ჩვენია და ესეც? მაგრამ აქეთ ხომ სრულად ჩვენი კონტროლირებადია? რადგან ასეა, ამ ტერიტორიაზე მაინც უნდა გავატაროთ აუცილებელი ღონისძიებები, რათა მათ ხალისი დავუკარგოთ შემდეგში ასეთი ქმედებების ჩასადენად. _ თავს რატომ გაუვიდათ, ამის მიზეზი რა არის? _ მიზეზებზე საუბარი რთულია. აგერ ოპოზიცია გამოდის და ჩვენი მხრიდან უსუსურობასა და მსგავს პრობლემებზე საუბრობს... მაგრამ ადრე ამაზე უარესებიც ხდებოდა. რადგან აღარ ხდებოდა და ისევ მოხდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამის შემდეგ მაინც მსგავსი ტრაგედია აღარ დატრიალდეს. _ ჩვენი მხრიდან რამდენად სათანადო კონტროლი ხორციელდება? _ მე იმ გადასასვლელზე ნამყოფი ვარ, ჩვენები ცოტა აქეთ, ხიდთან არიან. რუსის მესაზღვრეები პირდაპირ იმ ადმინისტრაციულ საზღვართან დგანან. იქ მდინარის ერთი შტო ჩამოდის და პატარა გადასასვლელია, ხიდსაც ვერ დაარქმევ, უფრო სწორად, ბეტონის გადასასვლელია. ჰოდა, რუსები იქვე დგანან და ჩვენები ცოტა მოშორებით არიან. ახლა ცოტა გარიდებული, აქეთ არიან, ამასაც თავისი ახსნა აქვს. იქ ერთმანეთის პირისპირ რომ დადგე და ცხვირი ცხივრს მიადო, პროვოკაციები ასეთ დროს უფრო მეტი მოხდება. _ თბილისში ხელისუფლების ორგანოების რეაქციები რამდენად ადეკვატური იყო? _ ამაზე შეფასებას არ გავაკეთებ, რადგან მოქმედი მუშაკი არ ვარ, მაგრამ ჩვენს დროს მაგდენს ვერ გაბედავდნენ და თუ გაბედავდნენ, აუცილებლად მიიღებდნენ სამაგიეროს. როგორ მიიღებდნენ, ეს უკვე სხვა საკითხია. მაგალითს მოგიყვანთ: თავის დროზე რაულ ხაჯიმბა (ე.წ. პრეზიდენტი) ჩემი თანამშრომელი იყო. ის ტყვარჩელში უფროსი ოპერრწმუნებული იყო, ხოლო მე თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. ასეთი ამბები ხშირად ხდებოდა მათი მხრიდან და ჩვენი მხრიდანაც. მათ „ბოევიკებს“ ჩვენი ხალხი იქით გადაჰყავდათ, ზუგდიდის რაიონიდან. მერე ჩვენს პარტიზანებს იქიდან გადმოჰყავდათ და ა. შ. სულ ასეთი გაწევ-გამოწევა და დაძაბული სიტუაცია იყო. რასაკვირველია, ეს არ იყო ნორმალური მდგომარეობა. მე არ ვიტყვი, რომ ის სიტუაცია სჯობდა ამას, მაგრამ მაშინ შეხვედრაზე ვნახე რაულ ხაჯიმბა, ზუსტად არ მახსოვს, პრემიერი იყო თუ პირველი მოადგილე. შევხვდი და პირდაპირ წინადადება დავუყენე, _ არ გააკეთებთ ამას, არც ჩვენი პარტიზანები გააკეთებენ. გააკეთებთ და ჩვენც იგივეს ვიზამთ. მორჩა! გინდათ ომი? მიიღებთ ომს! არადა, ძალიან რთული მდგომარეობა იყო შექმნილი. ჩვენს ხალხს იტაცებდნენ და ჩვენი პარტიზანებიც იგივეს აკეთებდნენ. _ დაახლოებით რომელ პერიოდზეა საუბარი? _ სადღაც, 2000-2001 წლები იყო. _ მაშინ წამოვიდნენ ერთგვარ თანამშრომლობაზე? _ თანამშრომლობაზე არასოდეს მოდიოდნენ, მაგრამ ისინი მიხვდნენ, რომ ცხვირში მოხვდებოდათ და ამის გამო შეჩერდნენ. სულ შეჩერებულები იყვნენ-მეთქი, საქმე არც ასე ყოფილა. _ ანუ დღეს ჩვენი მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ ხდება მეორე მხარის გამოხდომებზე? _ იმის თქმა, რომ დღევანდელ რეალობაში ჩვენც იგივე ზომას უნდა მივმართოთ, რასაკვირველია, ეს სწორი არ იქნება. მერე ისევ დაიწყება გაუთავებლად გატაცება-გამოტაცებები და ა. შ., მაგრამ ზომები მისაღებია. ამასთან დაკავშირებით მეორე მხარე მკაცრად გასაფრთხილებელია, ამას წყალი არ გაუვა. არ ვიცი, ამ სიტუაციაში მათ ვინმე თუ ხვდება? ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვქონდა სეპარატისტებთან. საუბარია პირდაპირ კონტაქტებზე გალის შეხვედრების სახით. ამიტომ რაც უნდა დაუჯდეთ, აღდგეს ეს გალის შეხვედრები. ორმხრივი იქნება, სამმხრივი თუ ოთხმხრივი, მთავარია, ჩვენ აფხაზებს შევხვდეთ და ყველა ასეთ ინციდენტზე მკაცრი რეაგირება მოვახდინოთ. _ მსგავსი განცხადება უკვე გაკეთდა და საუბარი მართლაც მიდის გალის შეხვედრების აღდგენაზე... _ ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ განცხადება ერთია და მეორე მხარეს რომ შეხვდები და დაელაპარაკები, ეს მეორეა. _ მკაცრ პასუხში კონტროლის გაძლიერებასაც გულისხმობთ მიმდებარე ტერიტორიაზე? _ იცით, რა ხდება? თუ მას პროვოცირება სურს, რაც უნდა კონტროლი გაამკაცრო, აღნიშნულს მაინც მოგიწყობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ სადღაც სნაიპერი ჩაჯდება, გაისვრის და კაცს მოგიკლავს. ამიტომ ეს გამოსავალი არ არის, არ მიმაჩნია, რომ იქ რაღაც ჩვენი დამატებით ნაწილები უნდა ჩავაყენოთ და ა. შ. ეს, თავის დროზე, ჩაყენებული იყო, მაგრამ შედეგი არ ჰქონდა. ყველაზე კარგი შედეგი მაშინ იყო, როდესაც ჯუბურხინჯის შეხვედრები დაიწყო. აღარ მახსოვს პერიოდულობა, ორ კვირაში ერთხელ იყო თუ თვეში ერთხელ, მაგრამ მუდმივი შეხვედრები ტარდებოდა. ახლაც ადგილზე გავარჩევდით არსებულ სიტუაციას. ამ შემთხვევაში ფაქტები დაიდება და მეორე მხარეს თავის გასამართლებელი არაფერი რჩება. ამიტომ ეს ფორმატი უნდა აღდგეს, იქ რუსებიც იყვნენ, გაეროს დამკვირვებლებიც. შეიძლება იყოს გაერო ან ეუთო, ესეც გადასაწყვეტია. რასაკვირველია, პირდაპირ შეხვედრებს ალტერნატივა არ აქვს. _ აფხაზური მხარის ე. წ. საგარეო უწყების განცხადება როგორ უნდა განვიხილოთ, იქ მკვლელობის ფაქტზე გარკვეული თანამშრომლობის სურვილიც გამოითქვა... _ არ მგონია, ჩვენებმა ამაზე უარი თქვან. მთავარია, ეს შეხვედრები დაიწყოს და მას სისტემატური სახე მიეცეს. მერე იქ ისეთი ადამიანები უნდა ჩავიდნენ, რომლებიც არსებულ სიტუაციას ფლობენ, გარკვეული ავტორიტეტი აქვთ. კონკრეტულ ფაქტებს რომ დაულაგებენ, იქ შეიძლება ცოტა სხვა ტიპის საუბრებიც წავიდეს. საგაზეთოდ ბევრს ვერ იტყვი, მაგრამ ბევრი საკითხის მოგვარებაც შეიძლება, რომელსაც ასე დეკლარირებულად, განცხადებებით ვერ გააკეთებ. _ რა შედეგი უნდა იყოს მიღწეული იმ პიროვნებასთან დაკავშირებით, ვინც ეს სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა? _ ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ აღნიშნულ მკვლელს აქეთ გადმოსცემენ, ანდა თვითონ მიუსჯიან, სათანადოდ  დასჯიან. ახლა ისინი ათასგვარ მიზეზს მოძებნიან, თუ რატომ გახდა ის „იძულებული“, რომ ესროლა. არადა, როგორც მე ვიცი, არავინ აპირებდა იქით გადასვლას, არც მეორე მხრიდან გამოქცევას. თუნდაც ეს საკითხი განვიხილოთ, _ რახან ეს კაცი გადადიოდა და არ დაემორჩილა, ამისთვის უნდა ესროლოს? _ იქითა მხრიდან ამას რამე სასჯელი არ უნდა მოყვეს? მათივე მხრიდან გადაწყვეტილების მიღება რამდენად წარმოსადგენია? _ ძნელად წარმოსადგენი ამბავია. თუ დასჯიან, სასამართლო იქნება, ყველაფერს განიხილავენ და რაღაც აღკვეთის ღონისძიებას მიმართვენ, კიდევ მესმის. მაგრამ ჩემი აზრით, ამდაგვარს არაფერს გააკეთებენ. _ რუსული მხარის განცხადებაც შევაფასოთ... _ ადგილობრივ სიტუაციაზე გადაბრალება იქნებოდა, აბა, სხვა რა იქნება? რუსი ხომ გრძნობს, რომ აფხაზური მხარეა დამნაშავე. და ის ყველაფერს შექმნილ სიტუაციას მიაწერს. ჰოდა, რუსი საითკენ მიდის, იცით? იქითკენ, რომ ე. წ. საზღვარი საერთოდ ჩაკეტოს. _ ეს საბოლოო ანექსიისთვის სჭირდება? _ რასაკვირველია, საბოლოო კონტროლის დამყარებისთვის. _ გამოსავალი ამ სიტუაციაში? _ ჩვენთვის მთლიანად სასარგებლო გამოსავალს ვერ მივაღწევთ, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ეს შეხვედრები აღდგეს. შეიძლება ბევრს აღარ ახსოვს, თავის დროზე, ორმხრივი საგამოძიებო ჯგუფიც კი იყო შექმნილი, როდესაც სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ თავიანთი „ბოევიკების“ თარეში მათაც ყელში ამოუვიდათ გალის ტერიტორიაზე, ამიტომ დათანხმდნენ იმას, რომ ორმხრივი საგამოძიებო ჯგუფი შექმნილიყო. ახლა ის მაინც მოხდეს, რომ აღდგენილ შეხვედრებზე ეს ყველაფერი გავარჩიოთ. და ფაქტებს რომ დავულაგებთ, მოწმეთა ჩვენებები იქნება და ა. შ. გაჩუმდებიან მაინც და ასეთ სულელურ რაღაცებს აღარ განაცხადებენ.   ირაკლი მენაღარიშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ექსპერტი: _ მკვლელობის უშუალო მიზეზი და ყველა გარემოება ძიების თემაა, მაგრამ ერთი რამ უეჭველია, _ ის არანორმალური სიტუაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შემდგომ (ორივე რეგიონში, როგორც შიდა ქართლში, ასევე აფხაზეთში) ამგვარი და სხვა სახის დანაშაულის ჩადენისთვის წინაპირობას ქმნის. ვფიქრობ, რომ ეს მაინც პრინციპული მნიშვნელობის თემა გახლავთ. _ რამდენად ადეკვატური რეაქციები მოჰყვა აღნიშნულ დანაშაულს? _ ადეკვატური რეაქცია უნდა იყოს მაქსიმალურად ყველა ზომის მიღება, რათა ეს შემთხვევა ბოლომდე გამოიძიებული და ობიექტურად შეფასებული იყოს. ამ შემთხვევაში ეს როგორც ქართული მხარის პასუხისმგებლობაა (რადგან ჩვენს მოქალაქეზეა საუბარი), ასევე რუსული მხარისაც. ისინი, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიზე ფაქტობრივი სიტუაციის მაკონტროლებელი მხარე, პასუხს აგებენ ყველაფერზე, მათ შორის, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, საიდანაც და ვინც არ უნდა იყოს ის. ჯერჯერობით გამიჭირდება საუბარი, ადეკვატური და საკმარისია თუ არა ამაზე რეაქციები, რადგან არ ვიცი, კონკრეტულად რა კეთდება. პირველ ეტაპზე, მოკვლევა საგამოძიებო ღონისძიებების აფიშირების გარეშეც შეძლება ტარდებოდეს, მაგრამ, ალბათ, რამდენიმე დღეში ნათელი გახდება, თუ რამდენად ადეკვატურად და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით იმოქმედეს მხარეებმა. _ გალის შეხვედრების აღდგენა სასურველ შედეგს რამდენად მოიტანს? _ რასაკვირველია, ეს ინციდენტებს არ გამორიცხავს, მაგრამ ეს ინციდენტები რეალურად მხარეების რეაქციის გარეშე რომ რჩება (როგორც ოკუპაციის შედეგი), იმის ერთ-ერთი პირობაა, რომ შემდგომში სიტუაციის გართულებას ხელი ეწყობა. ამიტომ ამგვარი იციდენტების თავიდან აცილების ადრე არსებული მექანიზმი სასწრაფოდ უნდა აღდგეს. ეს საკითხი დიდი ხანია, ისმება და მის გადაწყვეტას დღემდე საშველი არ დაადგა. ერთადერთი შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მორიგი ტრაგედია აიძულებს პასუხისმგებელ მხარეს, რომ თემა მკვდარი წერტილიდან დაიძრას. _ წინასაარჩევნოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რაიმე სახის პროვოკაციებს ხომ არ უნდა ველოდოთ? _ სამწუხაროდ, საფუძველი არ მაქვს ვთქვა, რომ წინასაარჩევნოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რაიმე სახის პროვოკაციები  გამორიცხული და შეუძლებელია, რადგან მხარე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიტუაციას აკონტროლებს, მათ შორის, ამ პროცესში პოლიტიკური ინტერესების მქონეა. ამიტომ დღეს რაიმე კონკრეტულის მტკიცება შეუძლებელია, მაგრამ თქვენს კითხვას პირდაპირ ვუპასუხებ, _ ამის გამორიცხვა არ შეიძლება.  

                                                                                                   გელა მამულაშვილი

 

გაზიარება