21 მაისს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან „კაბელების საქმის“ ფიგურანტების დაკავება, „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად, საზოგადოების წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს.
სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც გრიფი საიდუმლო ედო, კარგა ხანია, პოლიტიკურ საქმედ გადაიქცა. საქმის დეტალებზე პირდაპირ ეთერებში ხან ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, ხანაც უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გვიყვებოდნენ, სასამართლო პროცესი კი, საბოლოოდ, ხელისუფლების განწყობის ნოტარიუსად გადაიქცა.
საქართველოს მეთერთმეტე და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან მოვიდა. მას პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდა. ბიძინა ივანიშვილის უპირობო მხარდაჭერა კი თანამდებობისა და გავლენების შენარჩუნების ერთადერთი გარანტია იყო.
საქმეში ჩახედული, კარგად ინფორმირებული ადამიანები ამბობენ, რომ ღარიბაშვილს პირველობის ამბიცია, ჯერ კიდევ, „ქართუში“ აწუხებდა. კარის ინტრიგების წყალობით ამ გზაზე მან ბევრი ადამიანი ჩამოიცილა, მათ შორის, მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც. კონკურენტების ჩამოშორება იყო მისი მთავარი ამოცანა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზეც. სწორედ ინტრიგებისა და ცოლის ნათესავების დახმარებით მოახერხა მან საკუთარი პირველი მოადგილის, გელა ხვედელიძის სისტემიდან ჩამოშორება (ამ თემაზე „ქრონიკა+“ დეტალურად უკვე წერდა). სახელმწიფო კანცელარიაში გადანაცვლების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს უკვე პოლიტიკური მტრები გაუჩნდნენ, ერთი მხრივ, დასავლეთის საყრდენი მთავრობაში ნამდვილად იყო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. გარდა საერთაშორისო კავშირებისა ალასანიას აქტიური მხარდამჭერები ჰყავდა საზოგადოებაშიც და მასთან მიმართებით ღარიბაშვილს სოციალური კომპლექსებიც სტანჯავდა.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ ირაკლი ალასანიას გუნდში აქტიურად განიხილებოდა მისი საპრეზიდენტო კანდიდატად დაყენების საკითხი. ხმები ალასანიას საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ ბიძინა ივანიშვილამდე სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა მიიტანა. ისედაც ეჭვიანი პრემიერი კიდევ უფრო დაფრთხა და კარის შეთქმულების ძიებაში ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვება დაიწყო. ალასანიას თანაგუნდელმა ნინო გოგუაძემ ეს ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ღიად დაადასტურა.
თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ალასანია აქტიურად ალაგებდა ურთიერთობებს დასავლეთთან და, ამავდროულად, ინტენსიური მუშაობა დაიწყო საფრანგეთთან თავდაცვითი შეიარაღების შესახებ მემორანდუმის გასაფორმებლად. ხანგრძლივი და საკმაოდ შრომატევადი პროცედურების შემდეგ, რომელშიც საფრანგეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული, მათ შორის, პრეზიდენტიც კი, მემორანდუმი ხელმოსაწერად მომზადდა და ირაკლი ალასანია საფრანგეთში გაფრინდა. მემორანდუმის ხელმოწერის წინ მას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სახელით კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, მინდია ჯანელიძე დაუკავშირდა, რომელმაც თავდაცვის მინისტრს ხელმოწერის გადადება მოსთხოვა. ირაკლი ალასანიამ პრემიერის დავალების შესრულებაზე უარი განაცხადა და სწორედ იმ ღამით, გამთენიისას, თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი დააკავეს.
ასე დაიწყო ე. წ. კაბელების საქმე.
არადა, ჯერ კიდევ, 2013 წლის მიწურულს პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე საკუთარ მინისტრებს უთხრა, რომ საბიუჯეტო სახსრების ნაწილი აუთვისებელი რჩებოდა და სწორედ ამიტომ დამატებითი პრიორიტეტები მთავრობის უახლოესი სხდომისთვის უნდა წარედგინათ. ასე გაჩნდა თავდაცვის სამინისტროში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესყიდვის დაფინანსებისთვის ხუთი მილიონი ლარის დამატებით მოთხოვნის პროექტის განხორციელების იდეა.
2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოსცა განკარგულება #2176 საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის შესახებ.
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოუყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი ლარი) ოპტიკური ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით;
2. დაევალოს საქართვლოს ფინანსთა სამინისტროს: საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი გაზარდოს 5 მილიონი ლარით და აღნიშნული თანხით შეამციროს საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები.
მოგვიანებით, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია, იტყვის, _ თუ ამ საქმეში გაფლანგვა მოხდა, მაშინ ეს დანაშაული მე და ირაკლი ღარიბაშვილს უნდა ჩაგვედინა, დასაჭერებიც ჩვენ ვართო.
განკარგულების მიუხედავად, არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ნოდარ ხადური და არც ირაკლი ალასანია კაბელების საქმეზე დაკითხულები საერთოდ არ არიან, ხოლო მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებულმა თანამშრომლებმა ფინანსთა მინისტრი და მთავრობის ხელმძღვანელი შეცდომაში შეიყვანეს. ირაკლი შოთაძის განცხადებით, არსებობს სატელეფონო საუბრები, ელექტრონული ფოსტის მიმოწერები და „სილქნეთის“ წარმომადგენლებთან დაკავებული პირების შეხვედრების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. დაკავებულის ადვოკატი ლევან სამუშია მთავარი პროკურორის ამ განცხადებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ 40-ტომიან სისხლის სამართლის საქმეში მსგავსი არაფერი მოიპოვება.
სამაგიეროდ, საქმეში დევს წერილი, რომელსაც ერთ-ერთი დაკავებული, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, გიზო ღლონტი აწერს ხელს.
წერილი სხვა კომპანიებთან ერთად შპს „დელტაკომსაც“ ეგზავნება, რომელიც კაბელების საქმეზე ერთ-ერთი მომჩივანი კომპანიაა.
გიგზავნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ დანაყოფებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მიყვანის, ქსელური აპარატურის შეძენისა და მონტაჟის მოთხოვნას.
გთხოვთ, არაუგვიანეს 2013 წლის 3 სექტემბრის 15:00 საათისა წარმოადგინოთ დახურული პაკეტით თქვენი პროექტი და დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვა წერილის დანართში მოცემული მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩადების, ტექნიკური პირობებისა და დასამონტაჟებელი ქსელური აპარატურის ჩამონათვალის მიხედვით.
აღნიშნული წერილი იმითაა საინტერესო, რომ თავდაცვის სამინისტრო მაგისტრალის გაყვანას, მშენებლობას და ა. შ. არ ითხოვს, პირობა მხოლოდ კაბელების მიყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენაა.
მას შემდეგ, რაც წინადადებათა პაკეტები გაიხსნა და აღმოჩნდა, რომ კომპანია „სილქნეტს“ ოთხი სახის სხვადასხვა წინადადება ჰქონდა წარმოდგენილი, თავდაცვის სამინისტრომ გონივრული ვადა მისცა ფასთა გამოკითხვაში მონაწილე სხვა კომპანიებს, მათ შორის, „დელტაკომსაც“, რომ საკუთარი წინადადებების კორექტირება მოეხდინათ და დამატებითი მონაცემები წარმოედგინათ, რაც არც ერთი სხვა კომპანიის მხრიდან აღარ მომხდარა. მართალია, „დელტაკომი“ ამტკიცებდა, რომ მან თავდაცვის სამინისტროს უფასო მომსახურება შესთავაზა, მაგრამ ამის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი სისხლის სამართლის საქმეში არ დევს. მეტიც, სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა „კაბელების საქმის“ სასამართლო პროცესზე ელექტრონულ ფოსტაზე „დელტაკომის“ მიერ გაგზავნილი შეთავაზება წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული კომპანია მომსახურებისთვის, დღგ-ს ჩათვლით, ყოველთვიურად, 80 000 ლარს ითხოვს.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ძაღლის თავი სწორედ „დელტაკომისა“ და ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ნათესავების კავშირებშია დამარხული. ჯერ კიდევ ღარიბაშვილის შს მინისტრობისას დალაგდა ურთიერთობები „დელტაკომსა“ და ზვიად ჯანყარაშვილს შორის. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღემდე საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდის აღნიშნულ კომპანიას მომსახურებაში, მაშინ როცა თავდაცვის სამინისტროს „სილქნეტის“ მომსახურება, 21-წლიანი ხელშეკრულების მიხედვით, თვეში მხოლოდ 1000 ლარი უჯდება.
„კაბელების საქმეში“ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნოდარ ხადურის გარდა კიდევ ერთი პირი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ფიგურირებს. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით ირაკლი სესიაშვილმა ვინმე ალექსანდრე ჭოლოკავა პირადად მიუყვანა თავდაცვის მინისტრ ალასანიას და მისი პროექტის ლობირება სთხოვა, რომელიც ჭოლოკავას სამინისტროში არც კი წარმოუდგენია, ხოლო სესიაშვილი დღემდე აცხადებს, _ მას გული სწყდება იმის გამო, რომ ჭოლოკავას პროექტი არ განხორციელდა(!!!). მართალია, ალექსანდრე ჭოლოკავას პროექტი ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ არსებობს ცნობები იმის თაობაზე, რომ იგი ადრე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და ანალოგიური დანაშაულისთვისაა ნასამართლევი, რასაც ახლა დაკავებულ პირებს ედავებიან.
მთავარი კითხვა, რომელიც „კაბელების საქმეზე“ არსებობს, _ გაიფლანგა თუ არა საბიუჯეტო სახსრები?
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გვიმტკიცებს, რომ კი, მაგრამ დანაშაულის ჩადენის მოტივს ვერ ასახელებს და იქვე აცხადებს, _ დაკავებულ პირებს ფული რომ მიეღოთ, მაშინ მათზე საქმე ქრთამის აღების მუხლით იქნებოდა აღძრულიო. ხოლო დაკავებულის ადვოკატი ლევან სამუშია ამბობს, რომ თანხა „საქართველოს ბანკის“ მყარი საბანკო გარანტიითაა გადარიცხული და ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თავდაცვის სამინისტრო მოისურვებს, შეუძლია იგი დაიბრუნოს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილმა ხუთი უდანაშაულო სამხედრო მოსამსახურის დაკავებით მასზე შური იძია. გაგრძელდება თუ არა „კაბელების საქმე“ და მივა თუ არა კვალი ირაკლი ალასანიამდე? მთავარმა პროკურორმა ამ თემაზე „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ არსებობს კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც „კაბელების საქმეს“ გამოეყო და ცალკე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა სხვა მინიშნებები აღარ გაუკეთებია.
პოლიტიკური ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. „თავისუფალი დემოკრატების“ მორიგი საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება. პარალელურად, დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების შეწყალების მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება იწყება.
ელისო კილაძე