QronikaPlus
სოციალური აგენტები და ადამიანები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ

სოციალური აგენტები და ადამიანები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ

2016-05-29 08:21:49

  ყველა იმ ადამიანს, რომელთა შესახებაც ახლა უნდა მოგიყვეთ, იმედი ჰქონდა, რომ, დაპირებისამებრ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მეოთხე წელი მათთვის მართლაც საუკეთესო იქნებოდა. სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში ახლად დაფუძნებულია „ქალთა სახლი“, რომელიც არის არასამთავრობო ორგანიზაცია _ „ქალები სამართლიანობისათვის“ სტრუქტურული ერთეული.   ნანა ნანობაშვილი _ „ქალები სამართლიანობისათვის“ ხელმძღვანელი: _ იმდენად ბევრი პრობლემა აწუხებს ამ ხალხს, რომ როცა გაიგეს, მოსახლეობის სამართლიანობის აღდგენისთვის ვართ მოწოდებული, ხშირად გვაკითხავს და დახმარებას გვთხოვს. რაც უფრო ახლოს მივედი მათთან, უფრო მეტად ვნახე, რა საშინელ მდგომარეობაშია ხალხი. ბევრი იმის გამო წუხს, რომ სოციალური დახმარება უსამართლოდ მოუხსნეს და მათი ცხოვრების პირობები არაფრით გაუმჯობესებულა. სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში სოციალური ფონი ძალიან მძიმეა.   მკითხველისთვის უფრო სარწმუნო რომ ყოფილიყო ის, რაზედაც „ქალთა სახლის“ ხელმძღვანელი გვესაუბრა, „ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, სოფელ ვაქირში ჩასულიყო და თავად მოენახულებინა ადამიანები, რომელთათვისც ბოლო წლები საუკეთესი კი არა, უსაშინელესი აღმოჩნდა.   ქიტესა ხუციშვილი: _ სამი წლის ვიყავი, ავტოავარიაში რომ მოვყევი და მარჯვენა ბარძაყის ტრავმული ამპუტაცია ჩამიტარეს. მას მერე ინვალიდი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ფეხი არ მაქვს, კომუნისტების დროს, რატომღაც, მაინც მესამე ჯგუფის ინვალიდად მიმიჩნიეს. ფეხი მუხლიდანვე მაქვს მოჭრილი და ხის ფეხს ვატარებ. პროთეზიც კომუნისტების დროინდელი მაქვს _ რუსული, რომელიც საშინლად გაუბედურებულია _ დამტვრეულ-დამსხვრეული. პროთეზის გამოცვლას აღარ მოვითხოვ, მაგრამ რაც მაქვს, ის რომ შევაკეთებინო, სოლიდური თანხა სჭირდება, ამიტომ თოკებით მაქვს საკუთარი ხელით გადაბმული. რადგან სამი წლისას დამემართა ეს უბედურება, ფეხის ზედა ნაწილი, ბარძაყი ვეღარ განვითარდა და ფაქტობრივად, ფეხის პატარა ნაწილი მიდგას პროთეზზე. სოციალური დახმარება 4-5 წელი გვქონდა, რომელშიც სამედიცინო პოლისიც შედიოდა და მე და ჩემი ცოლი ფულსაც ვიღებდით _ 108 ლარს, რომელიც ძალიან გვადგებოდა. მერე ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა, რომელმაც გვითხრა, ოთხი წელი გავიდა და უნდა შეგამოწმოთო. გლეხის თვალითაც შევატყვე, რომ სოციალური აგენტი არაპროფესიონალი იყო და არც ის ჰქონდა გაცნობიერებული, ადამიანის ბედს რომ წყვეტდა. სოციალური აგენტები წინათ რომ მოდიოდნენ, გულდასმით გვისმენდნენ მაინც და ეტყობოდათ, რომ ჩვენს ვარამს იზიარებდნენ, მაგრამ ახლა, ახალგაზრდა კაცი, რომელიც სოციალურ აგენტად გაგვეცნო, სკამზეც არ დამჯდარა და სერთოდ არ მოუსმენია ჩვენი ყოფის შესახებ. ვიღაც ნათესავთან ერთად მოვიდა, რომელიც გარედან ურეკავდა და ეს ეუბნებოდა, ახლავე დავასრულებ და გამოვალო. გაქცევაზე იყო და ფეხზე დგომით რაც გააკეთა, ფაქტია. ქვითრებისთვის ზედაც არ დაუხედავს. ტელევიზორი არ მუშაობს, მაცივარი არ გვაქვს, გადაიწვა და ჯართში ჩავაბარეთ. ცხენი და „ტაჩკაა“ ჩემი ინვალიდი სხეულის სავარძელი და ასე ვახერხებ ზოგჯერ გადაადგილებას. ელექტროენერგიას ეკონიმიურად ვწვავთ. წინა თვეს ლარი და 20 თეთრი მოგვივიდა. გაზი 3 ლარის დავწვი... გაზი ინვალიდთა ასოციაციამ უფასოდ შემოგვიყვანა, მაგრამ ხეირიანად ვერ ვიყენებთ, _ ვიცით, ვერ გადავიხდით. პენსიას მხოლოდ მე ვიღებ და წამალი რომ მეყიდა, 5 თვის პენსია წინასწარ გამოვიტანე. ერთი თვის შემდგომ კიდევ შეგვიძლია თანხის გამოტანა, მაგრამ რადგან წინა თანხები დაფარული ჯერ არ გვაქვს და 4 თვის თანხით მთავრობის ვალში ვართ, საპროცენტოს 19 ლარს გვიკავებენ. საბოლოოდ, ყოველთვიურად ვიღებ 51 ლარს და მთელი თვე ეს ჩვენი შემოსავალია. ასეთ მდგომარეობაში მყოფმა სად უნდა ვიშოვო პროთეზის გარემონტების 500 ლარი? იმის საშუალებაც არ მაქვს, რომ სოფლიდან გავიდე და ტრანსპორტში თანხა გადავიხადო. წინათაც გამიტყდა პროტეზი, მაგრამ  მინდორში მიწის ნაკვეთი მქონდა, გავყიდე და გავაკეთებინე, ახლა კი მე ხომ არ ვაფერისტობ, აგერ ნახეთ, ყველაფერი სახეზეა. _ 51 ლარი როგორ გყოფნით? _ შვილებს გეფიცებით, ახლა ჩემმა მეუღლემ მარტო მწვანილი დაჭრა და ის ვჭამეთ, აგერ გაჩვენებთ, პური რამდენი გვაქვს და რა უნდა ვიმყოფინოთ. აგენტმა გვითხრა, _ მესმის, რომ გიჭირთ, მაგრამ ყოველთვის ასე ხომ არ იქნებით, ზოგჯერ ხომ გაქვთ რაღაც, რომ შეჭამოთ, ხშირად კიდევ ყველას უჭირსო. წინათ მოჭრილი ფეხისთვის მაძლევდნენ ინვალიდის სპეციალურ „ჩიხოლს“, რომელშიც ფეხს ვსვამდი და ისე ვადებდი პროთეზს. ამის საშუალება რომ არ გვაქვს, ცოლი ტანსაცმელს ჭრის, თავად კერავს და იმას მაცმევს ფეხზე. რკინის „ვინტებზე“ მიდგას ფეხი. მოჭრის ადგილი გაღიზიანებული მაქვს. „ნაციონალების“ დროს სოფლის დეპუტატი ავთო სიყმაშვილი მოვიდა და შემოგვთავაზა, _ წაგიყვან ჩემი მანქანით პროთეზის გასაკეთებლად, თქვენი გზის ფული არ მინდა, ისე მოგემსახურებითო. ახლა კი ხომ გითხარით რაც მიქნეს, დამღუპეს და ბოლომდე გამანადგურეს. სოფელში არის ხალხი, რომელთაც სოციალური დახმარების ფული ბანკში შეაქვს, მე კიდევ საარსებო საშუალება შემიწყვიტეს. მაცივარი რომ არ გვაქვს, წყალსაც ვერ ვაცივებთ და მეზობლებთან დაგვაქვს, ცივი წყალი მაინც რომ დავლიოთ.   რუსუდან კუპრაშვილი: _ სამი შვილი მყავდა, მაგრამ ერთი გარდამეცვალა, ერთი პატიმარია, გოგო კიდევ გათხოვდა და მე როგორ დამეხმარება, თავადაც უჭირს. მეუღლე მძიმე ავადმყოფი იყო და 9 თვის წინ დამეღუპა. მისი სიკვდილის შემდეგ სოციალური დახმარებაც შემიწყვიტეს. მანამდე კი დახმარებას ვიღებდით.  მეუღლესთან ერთად სარჩოც დავკარგე და მართლაც რომ ცას გამოვეკიდე. მეზობლები მაცოცხლებენ საკვებით, მაგრამ ეს საცოდავი ქოხიც მენგრევა და მერე რა მეშველება, არ ვიცი. თავადაც ხომ ხედავთ, სახლს ნახევარი ჭერი აღარ აქვს, შიშით ოთახიდან ვერ გამოვდივარ, თავში კრამიტი, შიფერი ან ხე რომ არ დამეცეს. ფიზიკური შრომა არ შემიძლია, რადგან ბავშვობიდან ავად ვარ, თუმცა მიწებიც აღარ მაქვს. ბოლოს თიაქრის ოპერაცია გავიკეთე, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამიმძიმა, მაგრამ როცა სოციალური დახმარების სააგენტოში მივედი, უფროსმა მითხრა, გულის ოპერაცია უნდა გქონდეს გაკეთებული, დახმარება რომ მიიღოთო. რამდენჯერმე მუნიციპალიტეტის გამგეობაში შევიტანე განაცხადი სახლის შერემონტების თაობაზე, მაგრამ უარი მივიღე _ სტიქიით უნდა იყოს დაზიანებული, დახმარება რომ გაგიწიოთო. წელს დიდი თოვლი იყო და ჭერის კოჭი მაშინ ჩამოტყდა. როგორც გარეთ წვიმს, ისე წვიმს შიგნითაც. მთელს სახლში ერთადერთი ნათურა მაქვს, რომელსაც არ ვანთებ, რადგან რამდენიმე თვის 20 ლარი მაქვს გადასახდელი და ვერ ვიხდი. პენსიასაც არ ვიღებ, რადგან ჯერ პენსიონერი არ ვარ. ციხეში მყოფი შვილი 2 წელია, არ მინახავს, რუსთავში წასასვლელი თანხის არქონის გამო. სრულიად უპარტონოდ ვარ დარჩენილი დასანგრევად გამზადებულ ქოხში. სოფლის რწმუნებულმა ილია  ხატიაშვილმა მომცა შიფერი, მაგრამ ეზოში მიწყვია, რადგან ხის მასალაც არ მაქვს, ჭერი რომ გავაკეთო და შიფერი დავაწყო. წინათ სოციალურ დახმარებას ვიღებდი, მაგრამ გასული წლის ოქტომბერში მოვიდა შესამოწმებლად სოციალური აგენტი. მერე იანვარშიც შემომიარა, თითქოს სულ ნული ქულები დაწერა, მაგრამ საბოლოოდ მაღალი ქულა გამოვიდა _ 60 ათასზე მეტი. მოკლედ, მეუღლეც დავკარგე და მასთან ერთად საარსებო წყაროც.   ლადო ბატიაშვილის ოჯახს სახლში 22 წლის ინვალიდი გოგონა ჰყავს _ ლალი. მას ცერებრული დამბლა და ეპილეფსია აქვს და ოფიციალურად პირველი ჯგუფის ინვალიდია. ვენერა ქოქიაშვილი, ლადო ბატიაშვილის მეუღლე: _ ბავშვი პენსიას იღებს, მაგრამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი მუდმივად მასთან ერთად უნდა ვიყოთ ოთახში. არც ჩემს მეუღლეს და არც მე ოფიციალური სამუშაო არ გვაქვს და ერთადერთი შემოსავალი ბავშვის პენსიაა. დღიურად რაიმე სამუშაო თუ გამოჩნდება, მეუღლე მაშინ მუშაობს, მაგრამ ესეც ძალიან იშვიათად არის. სოციალურად დაუცველები ვიყავით და დახმარება დაგვინიშნეს, მაგრამ 6 თვეში ისევ მოგვიხსნეს. _ რატომ მოგიხსნეს? _ არ ვიცი. აგენტები ჩემი შვილის შესამოწმებლად ხშირად მოდიოდნენ სახლში და კარგად იციან, როგორც ვცხოვრობთ. 2013 წლის ივლისში შეგვამოწმეს და დახმარება შეგვიწყვიტეს. ჩაწერეს, რომ არაფერი მაქვს, ვარ ღატაკი, უშემოსავლო, პირველი ჯგუფის ინვალიდის პატრონი, მაგრამ როგორ გამოვიდა მეტი ქულები, გაუგებარია. ტელევიზორი გვაქვს, ლალი ამის გარეშე ვერ ძლებს. სახალხო დამცველს მივაკითხე. მან სარეკომნდაციო წერილი გამოუგზავნა სოციალური დახმარების სააგენტოს უფროს ზურაბ ზურაბაშვილს. მისწერა, ამ ოჯახს დახმარება ესაჭროებაო, მაგრამ ამ წერილის შემდგომ ქულები უფრო მეტად გამიზარდეს 65 ათასიდან 93 ათასამდე. ამიყვანეს. ახლაც მეშინია, თქვენ რომ გელაპარაკებით, როცა ეს წერილი დაიბეჭდება, შეიძლება კიდევ უფრო გაგვიზარდონ ქულები სიმართლის თქმისთვის. ბოლოს როცა სოციალური აგენტი მოვიდა ოჯახში, მითხრა, ბავშვი წაიყვანე საავადმყოფო „არქიმედეში“ და ცნობა მომიტანეთ, რომ ეპილეფსია აქვსო. მივედი წნორის „არქიმედეში“, მაგრამ იქ რა მოხდა, არ ვიცი, რადგან მითხრეს, ლაგოდეხიდან ან თბილისიდან უნდა მოიტანო ცნობა, რომ ნამდვილად აქვს ეპილეფსიაო. წავიყვანე, გადავუღე თავის სურათი, 70 ლარი ფული დავხარჯე და ლაგოდეხის „არქიმედეში“, საბუთი ავიღე, რომლითაც მერე ფორმა ასი მომცეს, მაგრამ არაფერში გამომადგა და ეს ფულიც უაზროდ დამახარჯინეს. _ სოფელში სოციალური დახმარება აღარავის აქვს? _ ვინც ამ თვეში გადაამოწმეს, ყველას მაღალი ქულა მოუვიდა. თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც მანქანებიც უდგათ სახლში, მათი შვილები თბილისში ცხოვრობენ და რეალურად არაფერი უჭირთ, მაგრამ დახმარებას აძლევენ. ვიხვეწები, არ მინდა ფული, ეპილეფსიის წამალი მომეცით-მეთქი. ლალის ყოველდღოურად სჭირდება წამალი. დღეში სამჯერ წამალი რომ არ მივცე, გაითიშება და მომიკვდება, მაგრამ სამჯერ უკვე ვეღარ ვაძლევ. სააღდგომოდ როგორც ინვალიდ ბავშს ერთი ტომარა ფქვილი და კვერცხი მისცეს, დანარჩენი ამ ბავშვისთვის არაფერი მიუციათ, 22 წლის ხდება. პირველი ჯგუფის ინვალიდი ბავშვი ექიმთან რომ მიმყავს „არქიმედეს“ კლინიკაში, ყველაფერში ფულს ვიხდით და წამალსაც თავად ვყიდულობთ. როცა ვეღარ ვწვდებით, ბავშვი ნახევრად უწამლოდ მყავს დარჩენილი.   სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირის „ქალთა სახლის“ ხელმძღვანელმა ნანა ნანობაშვილმა არსებული მდგომარეობის გამოსავლის შესახებაც გვესაუბრა. მისი თქმით, სოციალური დახმარებებისთვის საჭირო ქულების დათვლა ამჟამად ცუდი სისტემით ხდება. სანამ იგი ადგილობრივად არ განისაზღვრება, ვინ საჭიროებს სოციალურ დახმარებას და ვინ _ არა, ამ საქმეს არაფერი ეშველება.   „ქრონიკა+“ სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურს დაუკავშირდა და აღნიშნულ ფაქტებზე კომენტარი სთხოვა. როგორც მოვიანებით  გვითხრეს, წერილში მოყვანილი კონკრეტული პიროვნებების მონაცემები შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ქიტესა დემეტრაშვილს სოცაგენტმა მართლაც მაღალი ქულა დაუწერა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითად არის მონიშნული: „თუ ასეა, როგორც თქვენ აღწერთ, მან განცხადება უნდა დაწეროს, შშმ პირის სტატუსი წარმოადგინოს და კიდევ გადაამოწმებენ. რაც შეეხება ფეხის პროთეზს, ამაზეც გვაქვს პროგრამა და თანადაფინანსებით ამ საკითხის მოგვარებაში სახელმწიფო დაეხმარება“. კუპრაშვილთან დაკაშვირებით კი ვერ დაგვალკვალიანეს და ყველაფერი ქულებისმთვლელ, უტყვ პროგრამას დააბრალეს. რაც შეეხება ბატიაშვილებს, სოცაგენტს უწერია, რომ მათ ყოველთვიურად აქვთ შემოსავალი, კახეთში _ მიწის ნაკვეთები, ითვლება, რომ მშივრები არ არიან და ამიტომაც არ მოხვდნენ სოციალურად შეჭირვებულთა სიაში.  

                                                                                                                 ნელი ვარდიაშვილი

გაზიარება