კიკეთში მცხოვრებმა ზურაბ კვესელაძემ 6 წლის წინათ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მისი მამა-პაპის დანატოვარი მიწის ნაწილი საჯარო რეესტრმა მალულად სხვა პიროვნებას მიაკუთვნა. მიუხედავად იმისა, რომ კვესელაძემ ამ ფაქტის შესახებ ყველა შესაბამის უწყებას აცნობა, დღემდე სამართალი ვერ იპოვა.
„ქრონიკა+“-ს ზურაბ კვესელაძე ესაუბრება:
_ კიკეთში ვფლობ მამაპაპისეულ მიწას, მამაჩემს ოფიციალურად 2200 კვ.მ. მიწის ფართი ეწერა, მაგრამ 80-იან წლებში სოფლის საბჭოს თავმჯდომარემ მამაჩემისგან ფარულად მიწის ნაწილი გაასხვისა. მაშინ კიკეთი გარდაბნის რაიონს ეკუთვნოდა და როდესაც ეს ფაქტი ჩვენთვის ცნობილი გახდა, აღმასკომში ვიჩივლეთ. შემდეგ წერილი მოგვივიდა, რომ მიღებული იყო არაკანონიერი გადაწყვეტილება, უნდა გაუქმებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა, ვინც მიწა გაასხვისა. მეურნეობის დირექტორი თავად მოვიდა, აღმასრულებელი მოიყვანა, ღობე მოშალეს და ტერიტორია დაგვიბრუნეს, თუმცა შემდეგ არც მეურნეობის დირექტორმა და არც სოფლის თავმჯდომარემ არ მომცეს ცნობა, რომ მამაჩემს 2200 კვ.მ. ეწერა, ისარგებლეს 1956 წლის მონაცემებით და 1600 კვ.მ. მიწის ფართი მაწერია. სინამდვილეში, უნდა მქონდეს 2200 კვ.მ., ამის დამადასტურებელი ყველანაირი საბუთი მაქვს. შემდეგ ამ 1600 კვ.მ. მიწის ნაწილიც ჩუმად გამისხვისეს.
_
როდის აღმოაჩინეთ, ვინ გაასხვისა?
_ 2010 წელს მოდის მეზობელი და მეუბნება, _ ზურა, რა პატიოსანი კაცი მგონიხარ და ეგ რა გიქნიაო? შევწუხდი, ვერ მივხვდი, ეს კაცი რას გულისხმობდა. მითხრა, _ ჩემი მიწა შენ დაგირეგისტრირებიაო. ცხოვრებაში სხვისი არაფერი მიმითვისებია და რად მინდოდა იმის მიწა?! ავდექი და მეორე დღეს საჯარო რეესტრში ერთად წავედით. იქ ვუთხარი, _ ჩვენ ერთმანეთთან შეხება არ გვაქვს და ძალით რატომ ქმნით პრობლემებს-მეთქი? ამ კაცს მიწა მაინც არ დაურეგისტრირეს და დღესაც ასეა. ეს იმიტომ ხდება, რომ მაშინ ჩემს აზომვით ნახაზს უნდა ჩამოაჭრან 15 მ, მას დაურეგისტრირონ და მთლიანად ახალი აზომვითი ნახაზები უნდა შეიქმნას. იმავე წელს გავიგე, რომ ახლა ჩემი მიწა იყო გასხვისებული. ჩავედი გარდაბანში, მაშინ სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი ზურაბ ქოროღლიშვილი იყო. ვკითხე, _ რის საფუძველზე გაასხვისეთ ჩემი მიწა-მეთქი? მიპასუხა, _ მაგის თქმის უფლება არ მაქვსო. იძულებული გავხადე, მიღება-ჩაბარების აქტი და აზომვითი ნახაზი მოეცა. გარდაბნიდან თბილისში, საჯარო რეესტრის ცენტრალურ ოფისში წამოვედი, სადაც განმიცხადეს, რომ გარდაბანში გაცემული აზომვითი ნახაზი ყალბი იყო და ნამდვილი მომცეს. თბილისში მოცემული აზომვითი ნახაზი საკადასტრო სამსახურის უფროსთან, ქალბატონ ელენესთან მივიტანე, მანაც განაცხადა, რომ ყველაფერი სწორი იყო. ამ ქალბატონმა გარდაბანში ქოროღლიშვილთან დარეკა და უთხრა, _ გირჩევნია, გაასწორო, თორემ ამ საქმეზე ციხეში წახვალ, რა ყალბ ნახაზებს აძლევთ ამ კაცსო?! იმან რა უპასუხა ტელეფონში, ვერ გავიგე. ქალბატონმა ელენემ მითხრა, _ დაწყნარდი, ნუ ნერვიულობ, ჩემ გარეშე აქ ვერავინ ვერაფერს შეცვლის და ამის უფლებას არავის მივცემო. სინამდვილეში, ამ ქალბატონმა საქმე ხომ გახსნა?! მთელი ღამე არ დამეძინა, ჩემს სიძეს დავურეკე და ვუთხარი, _ თუ ვინმეა ამ საქმეში ჩარეული, მოხსნიან ამ ქალბატონს, ან სხვაგან გადაიყვანენ, ან შვებულებაში გაუშვებენ-მეთქი. მეორე დღეს მე და ჩემი სიძე საჯარო რეესტრში ერთად წავედით. ვიკითხეთ ქალბატონი ელენე და გვითხრეს, _ შვებულებაში გაუშვესო. ჩემი სიძე იცნობდა საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილეს, გვარად ნოზაძეს, ავუხსენით მდგომარეობა, კომპიუტერის მეშვეობით პროგრამაში შევიდა და ნახა, რომ ყველაფერი სწორი იყო. ნოზაძის ძმაც იქ მუშაობდა, იმასთანაც მივედით, ნახა და სწორი იყო, მაგრამ მაშინ მე არ ვიცოდი, რომ ჩემი სახელით რაღაც განცხადება დაწერეს.
_ რა განცხადება იყო და ვინ დაწერა?
_ როცა მიწის რეგისტრაცია გავაკეთე, არავითარი განცხადება არ დამიწერია. რატომ უნდა დამეწერა განცხადება კორექტირების შესახებ?! 2011 წელს აღმოჩნდა ჩემი სახელით დაწერილი განცხადება, ვითომ მე თვითონ მოვითხოვე კორექტირება. ეს განცხადება ყალბია! სადაც ხელი მიმიწვდა მივწერე: წულუკიანს, სახალხო დამცველმაც იცის ეს ამბავი. როცა ნოზაძემ ეს განცხადება ამოიღო, ვუთხარი, _ ყალბია-მეთქი, მანაც ქოროღლიშვილს დაურეკა და უთხრა, _ ამ კაცს ანდერძისმიერი მემკვიდრეობა აქვს და რაც არ უნდა გააკეთო, მაგას ხომ ვერ გადაახტებიო?! იმან იქიდან რა უთხრა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, იმის შემდეგ უშედეგოდ ვიბრძვი.
_ ე. ი. გარდაბნის საჯარო რეესტრის განყოფილებაში თქვენს მიწაზე სხვა მონაცემებია და ცენტრში _ სხვა?
_ ადრე ასე იყო, ახლა თბილისშიც გაყალბებულია. საკადასტრო კოდი ხომ აქვს მიწას, გარდაბანმა რომ მომცა ამონაწერი, სხვა საკადასტრო კოდია და თბილისმა რომ მომცა, იმას სწორედ ჰქონდა მიწერილი. ეს საკადასტროს უფროსთან წავიღე და ვკითხე, _ შესაძლებელი იყო თუ არა ერთსა და იმავე მიწას სხვადასხვა საკადასტრო კოდი ჰქონოდა? მითხრა, _ არა, ჩემს პრაქტიკაში ასეთი რამე არ ყოფილაო. თბილისში რომ მომცეს სწორი აზომვითი ნახაზი, მიწის მზომელებთან წავედი, ნახაზის ქსეროასლი არ გამიკეთებია. იქ შეკამათება მოგვივიდა და ამ ჩხუბში ის ნახაზი ყალბით შემიცვალეს, ამისთვის ყურადღება მაშინვე არ მიმიქცევია. ახლა ის ნამდვილი ნახაზი არქივში დევს, მაგრამ ჩემთვის ხელმიუწვდომელია. როდესაც გარდაბანში რეესტრის სამსახურის უფროსი კახა ქარელი გახლდათ, მაშინ ყველაფერი სწორად იყო, მიწა მან დამირეგისტრირა. მე ის მიკვირს, რატომ მალავს საკადასტროს უფროსი სიმართლეს?! ქოროღლიშვილი რომ შეიცვალა, იმის ადგილზე მაია მაისურაძე მოვიდა. მივმართე. სხვათა შორის, ძალიან შეწუხდა, _ ეგ როგორ იკადრაო?! მაგრამ რა გამოვიდა? მერე თვითონ წერს განცხადებას და კორექტირებას ითხოვს. მესაკუთრე მე ვარ, ჩემს რეგისტრაციას კანონი უნდა იცავდეს, სანამ ბათილად არ ჩაითვლება, რომელსაც სასამართლო უნდა.
_ ვინ და რატომ უნდა იყოს დაინტერესებული? ვინ გიშლით ხელს?
_ არ ვიცი, ფაქტია, 6 წელია, სამართალი ვერ ვიპოვე. დღე და ღამე ამაზე ვარ გადაგებული, სხვას ვერაფერს ვაკეთებ. ჯერ კიდევ „ნაციონალების“ დროს პროკურატურაში ვიჩივლე, კარგა ხნის შემდეგ გამოძიებაზე უარი მითხრეს, სოფო საჯაია იყო გამომძიებელი. „ოცნება“ რომ მოვიდა, კბილაშვილისა და წულუკიანის დახმარებით ძველი თბილისის პროკურატურაში საქმე აღიძრა და 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე პასუხი არ მაქვს. ახალი ყალბი აზომვითი ნახაზია გაკეთებული შეცვლილი კოორდინატებით. ეს ინფორმაცია მივაწოდე წულუკიანსაც, საჯარო რეესტრსაც, ფოტოებიც წარვადგინე და განვაცხადე, რომ ყალბია და რეგისტრაცია არ მოხდეს. ვის აღარ მივმართავ: იუსტიციის მინისტრს, მის მოადგილეს, სახალხო დამცველს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, უარყოფითი პასუხი არავისგან მიმიღია, გენინსპექციიდანაც მივიღე წერილი, რომ არანაირი სხვა რეგისტრაცია არ არსებობს, თქვენი რეგისტრაცია სწორია, რომელიც 2009 წლის 27 ივლისს გააკეთეო. თეორიულად ასე აცხადებენ, მაგრამ მიწა წართმეული მაქვს და ვერ ვსარგებლობ. ჩემი მოთხოვნაა, დამიბრუნდეს დარეგისტრირებული მიწა, რომელიც მე მეკუთვნის, არავის არაფერს ვართმევ და სხვისას არაფერს ვითხოვ! გაასწორონ ნახაზები და ყველას მისცენ თავისი მიწა!
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
თამარ ბატიაშვილი