QronikaPlus
რატომ ართმევს სახელმწიფო ბაკურიანელებსა და მიტარბელებს კუთვნილ მიწებს?!

რატომ ართმევს სახელმწიფო ბაკურიანელებსა და მიტარბელებს კუთვნილ მიწებს?!

2016-05-29 08:12:40

  ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დღემდე იმ მიწების რეგისტრაციას ითხოვს, რომელიც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში რეფორმის შედეგად მიიღო. ამ საკითხს ისიც ამძაფრებს, რომ 2015 წლიდან ეკონომიკის სამინისტრო ბაკურიანელებისა და დიდი მიტარბელების მამაპაპისეულ მიწებს თავის საკუთრებაში ირეგისტრირებს, სხვადასხვა უწყება კი ნამდვილ მფლობელებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნის. ბორჯომში საჯარო რეესტრთან შეკრული ადამიანების ჯგუფიც გამოჩნდა, რომლებიც რეგისტრაციას მიწის ნახევრის დათმობის სანაცვლოდ სთავაზობენ. „ქრონიკა+“ ბაკურიანელებისა და დიდი მიტარბელების პრობლემებს ადგილზე გაეცნო.   დარეჯან ბარათელი _ ბაკურიანის მკვიდრი: _ 35 წელიწადია, აქ ვცხოვრობ. ჩემი მეუღლე ძირძველი ბაკურიანელი იყო. „იმერლების მთაზე“ მიწის რეფორმის დროს, 1992-1997 წლებში, მიწის ნაკვეთები დაგვირიგეს და 2000 წელს გადმოგვეცა კერძო საკუთრებაში, მაგრამ ჩვენ არანაირი საბუთი არ გვქონდა იმისა, რომ ამ მიწას ვფლობდით. აქ მაქვს სამუშაო სია, სადაც ჩემი მეუღლე 224-ე ნომრად არის დაფიქსირებული. დაბა ბაკურიანის საკრებულოს სხდომის გადაწყვეტილებაც მაქვს, რომ როდესაც ეს ნაკვეთები დარიგდა, მოსახლეობას კერძო საკუთრებაში გადაეცა. „იმერლების მთაზე“ 80-მდე ოჯახი ვართ და აქედან მოყოლებული ვცდილობთ, რომ დავირეგისტრიროთ, მაგრამ უფლებას არ გვაძლევენ. ბარიერი გვხვდება საჯარო რეესტრში. გვეუბნებიან, საგადასახადოდან ცნობა მოიტანეთო, იქ კი გვეუბნებიან, სიაში არ ხართ და თქვენი იდენტიფიკაცია არ ხდებაო. ადრე იდენტიფიკაცია პირადი ნომრით როდის ხდებოდა?! ასეთი სია იყო, როგორიც მე მაქვს. ერთადერთი ეს მიწის ნაკვეთი მაქვს, ზოგმა ოთხჯერ და ხუთჯერ დაირეგისტრირა, მილიონერები გახდნენ, ჩემი მეუღლე კიდევ ამის დარდს შეეწირა. დადიან ვიღაც პიროვნებები და გვთავაზობენ, რომ ჩვენს მიწებს იმის სანაცვლოდ დაგვირეგისტრირებენ, რომ მიწის ნახევარი მათ მივცეთ. არ მინდა, ჭორის დონეზე ვილაპარაკო, მაგრამ როგორც ინფორმაცია გავრცელდა, „იმერლების მთას“ შეგნებულად არ არეგისტრირებენ, ეს პირადად მითხრა ყოფილმა გამგებელმა. ვერაფერი გავაწყვე ამათთან, იმაზეც წავედი, რომ სულ დაკარგვას, გაფორმების სანაცვლოდ მიწის ნახევარი დამეთმო, მაგრამ საგადასახადო სიებში არ ვწერივართ, ესეც მათი მხრიდან გავიგე. საჯარო რეესტრთან არიან შეკრულები, ზემოთ ჰყავთ „კრიშა“, თორემ ესენი მარტო ვერაფერს გააკეთებენ. ესენი აკეთებენ, იმათ აჭმევენ და რა თქმა უნდა, ლუკმის დაკარგვა არ უნდათ. ეს მოდის წინა ხელისუფლებიდან და ახლაც გრძელდება. თუმცა წინა ხელისუფლების დროს ამ დოზით არ იყო. ახლა 40 კაცი დაიჭირეს, ტელევიზიითაც იყო გადმოცემული. სხვისი არ მაინტერესებს, 25 წელია, სახელმწიფომ მაჩუქა მიწის ნაკვეთი და შენ ვინ ხარ, რომ არ მიკანონებ?!   როზა ბობოხიძე _ დიდი მიტარბის მკვიდრი: _ მიტარბში სათიბი მიწა გვაქვს, რომელიც ჩემს დედამთილზე, ვერა ქოქოევზე იყო რეგისტრირებული. რეფორმის დროს მივიღეთ, მაგრამ სათიბ მიწებზე საბუთი არავის გვქონდა. ვინც გაყიდა და ვიღაცას შეეკრა, იმათ საბუთიც აქვთ, გაყიდულიც აქვთ და ფულიც შეჭმული აქვთ, მაგრამ ჩვენ ვერ გავიფორმეთ. 2008 წელს მოგვცეს პასუხი, რომ ჩვენი მიწა ეკონომიკის სამინისტრომ წაიღო, საბუთები ხელახლა შევაგროვეთ, მერე მოწმეები მოითხოვეს, 2-ის ნაცვლად 5 კაცი მივიყვანე, აქედან 3 უკვე გარდაიცვალა, ჩემი დედამთილიც აღარ არის, მაგრამ მაინც ვერ დავირეგისტრირე, ასე ვართ ჰაერში გამოკიდებულები. კი ბატონო, ეკონომიკის სამინისტროს ეგონა, რომ უპატრონო იყო, ახლა ხომ ვეუბნებით, რომ ჩვენ ვფლობდით. ჯერ ერთი, როგორ წაიღო, მამა-პაპის დროინდელი ქოხი იდგა?! საჯარო რეესტრი ამბობს, _ ეკონომიკის სამინისტრომ წაიღო და ვერ დავარეგისტრირებთო. მაქვს საბუთი, რომ მაწერია ნაკვეთი, რომ გადახდილია თანხა და მყავს მოწმეები, რომ ჩემი იყო. მარტო ეს ნაკვეთი კი არა, 10 ჰა ჰქონდა პაპას და ერთი მთლიანი მთა ეკუთვნოდა, ამას არ ვითხოვ, ვითხოვ რეფორმის დროს მიღებულ მიწის ნაკვეთს. თქვენ თვითონ მიხვდით ახლა, სად არის ბარიერი?! პერსპექტივაშია, რომ მიტარბში უნდა გააკეთონ საბაგირო გზა, მშენებლობა უკვე დაწყებულია. თუ ამას აკეთებენ, ნიშნავს, რომ სასტუმროც აშენდება. არ ვიცი, იქ ვინ რას გააკეთებს, მაგრამ მე მჭირდება არსებობა, რომ ძროხა მყავდეს და ბალახი მოვთიბო. სამსახური არ არის, ჩვენს დასაქმებაზე არავინ ფიქრობს და რა გავაკეთოთ?! შევარდნაძე წავიდა, იქიდან დავიწყეთ ბრძოლა, სააკაშვილი წავიდა, ახლა მარგველაშვილია, ესეც თუ წავა, ვიბრძოლებთ, ჯერჯერობით, სიკვდილს არ ვაპირებთ!   ციური ჯეირანაშვილი _ დიდი მიტარბის მკვიდრი: _ მიტარბში მცხოვრები თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანი დარჩა, ჩემი ოჯახის წევრები აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ. რამდენი ხანია ვცდილობთ, როგორმე ვიღაცის შეცდომა გამოვასწოროთ. რეფორმის დროს საგადასახადო სიებში ადგილობრივი მმართველობის ყოფილმა მდივანმა არ შეგვიყვანა, ამის შემდეგ ვერ მივაღწიეთ, რომ ჩვენი მამაპაპისეული მიწები დაგვემტკიცებინა, რომელსაც, ჯერ კიდევ, 1930 წლიდან ფლობდა მთელი ოჯახი და დღესაც ჩვენ ვთიბავთ. ვერ მივაღწიეთ, როგორმე კანონის ფარგლებში მოვაქციოთ და დავირეგისტრიროთ. იმისთვის, რომ მიტარბში იცხოვროს ადამიანმა, აუცილებელია ჰყავდეს საქონელი და ჰქონდეს მიწა, რომ დაამუშაოს. სოფელში მაღაზია არ არის, ტრანსპორტი არ არის, რომ ყოველდღე ბაკურიანში ირბინო და არსებობის საშულება ხომ უნდა გვქონდეს?! ჩვენ დღეს ამის საშუალებას ვერ ვხედავთ. თუ ეს მიწები გაიყიდა და მის გარეშე დავრჩით, არ ვიცი, რა გვეშველება! ფაქტობრივად, არსებობისა და სიცოცხლის საშუალებას გვიზღუდავენ!   მადონა მილდიანი _ ბაკურიანელებისა და დიდი მიტარბელების ადვოკატი: _ წლების მანძილზე ბაკურიანისა და მიტარბის მოსახლეობა დაობს კუთვნილი, რეფორმისეული მიწების რეგისტრაციის საკითხებზე. რამდენიმე მათგანს უფლების დამდგენი დოკუმენტაცია აქვს, მაგრამ ვიღაცის კერძო ინტერესებში ხვდება, ვგულისხმობ ხელისუფლების წარმომადგენლებს. მოგეხსენებათ, ბაკურიანი და დიდი მიტარბი საკურორტო ზონაა და აქედან გამომდინარე, მიწას მაღალი ღირებულება აქვს, შესაბამისად, მავანთა ინტერესესიც მაღალია. სწორედ აქედან გამომდინარე უჭირთ ამ ადამიანებს წლების მანძილზე მისი რეგისტრაცია. იმ დროიდან, როცა ამ მიწებს მაღალი ფასი დაედო, პრობლემები რეგისტრაციასთან დაკავშირებით მაშინ დაიწყო. ხელს უშლიან უფლების დამდგენი დოკუმენტების მოპოვებაში. ვინაიდან დიდი მიტარბი, ძირითადად, ოსი ეროვნების ადამიანებით იყო დასახლებული, ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რაც 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა, მათი უმრავლესობა სოფლიდან  წავიდა, ზოგმა გვერდით მდებარე რეგიონს შეაფარა თავი, სადაც უფრო ნაკლებად იყო მსგავსი ტიპის მოვლენები, ზოგმაც პრობლემებს გაუძლო და სოფელში დარჩა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მათ უჭირთ მიწის რეგისტრაცია იქიდან გამომდინარე, რომ არსებული დოკუმენტაცია ამ პერიოდში განადგურდა. ამ ადამიანებმა თავის გადარჩენა ძლივს შეძლეს და საუბარი აღარ არის, რაიმე სახის იურიდიული დოკუმენტაციის შენახვაზე. ახლა, როდესაც ცდილობენ, რომ ოფიციალურ ორგანოებს მიმართონ და საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები მოიპოვონ, რომელთა შორისაა საგადასახადო სიები, რითაც რეფორმის პერიოდში დგინდებოდა ამ მიწებზე საკუთრების უფლება, გარკვეული სახის ბარიერები ექმნებათ. _ კონკრეტულად, რაზე საუბრობთ და ვისგან იქმნება ეს ბარიერი? _ მიმართეს მუნიციპალიტეტს, საჯარო რეესტრს, ფინანსთა სამინისტროს და ითხოვენ საგადასახადო სიების მიწოდებას, რადგან კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი უფლებადამდგენი დოკუმენტია, რომ შემდგომ საჯარო რეესტრში მოახდინონ მათი ქონების რეგისტრაცია. თავიდან ფინანსთა სამინისტროდან წამოვიდა ასეთი პასუხები, თითქოს ეს არის საგადასახადო სტრუქტურის ფინანსური დოკუმენტი და არაფერი შეხება არ აქვს მიწის რეგისტრაციის საკითხებთან მიმართებით. თუმცა, როდესაც იურისტებმა მიუთითეს, რომ კანონი მოიცავს საგადასახდო სიას, როგორც უფლების დამდგენ დოკუმენტს, შემდგომ ასეთი პასუხები წამოვიდა, რომ ვერ ხერხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება, ანუ არ არის მითითებული მათი პირადი ნომრები, დაბადების თარიღები და ა. შ. თუმცა, როდესაც ერთი ადამიანისთვის ძნელად ხელმისაწვდომია ეს ინფორმაცია იმ მიზეზით, რომ თითქოს იდენტიფიცირება ვერ ხდება, მეორე ადამიანისთვის ხელმისაწვდომია და არ არის საჭირო არც მისი პირადი მონაცემები, არც დაბადების თარიღი. ყველა ერთნაირად არის რეგისტრირებული სახელით და გვარით, მიწის ნაკვეთი აწერიათ და თანხის გადახდის დადასტურებაა მითითებული. გარკვეული პირებისთვის შერჩევით ხდება სიების გაცემა. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა ზოგიერთი ბაკურიანელისა და მიტარბელისთვის და ბუნებრივად გაუჩნდათ პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ თუ ეს სია ვიღაცისთვის ხელმისაწვდომი იყო, რატომ არ უნდა ყოფილიყო დანარჩენისთვის? საინტერესოა ისიც, რომ რიგი ადამიანები ოჯახის წევრებზე ცალ-ცალკე მოიპოვებდნენ ასეთ სიებს და ოჯახი არაერთ მიწას ირეგისტრირებდა რეფორმით მიკუთვნებული უფლებით, არამედ, ოჯახის თითეული წევრი, ანუ გაყალბებული მონაცემები იყო სიებში ჩატანილი და ის ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ფლობდნენ მიწის რეფორმით მიღებულ საკარმიდამო თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, ვერ იღებდნენ საჯარო უწყებებიდან შესაბამის ინფორმაციას და, შესაბამისად, უფლების მოპოვებას. აქედან გამომდინარე, გაჩნდა უარყოფითი მუხტი, როცა შეიცვალა ხელისუფლება, მოიხსნა წინა ხელისუფლების დროინდელი ზეწოლები და ძალადობრივი მეთოდებით აღარ ხდება თუნდაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ამ ადამიანებს იმედი მიეცათ, რომ თავიანთ პრობლემას აშკარად წარმოაჩენდნენ. ბაკურიანელები და მიტარბელები დამიკავშირდნენ და იურიდიული დახმარება მთხოვეს. არსებული კანონმდებლობით ჩიხში იყვნენ უკვე შესულები, მრავალ მათგანს მიწა უკვე დაკარგული ჰქონდა და მიწები ფიზიკური პირების მფლობელობაში იყო დარეგისტრირებული, ზოგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო საკუთრებად, ეს ინდივიდიალური დავა უკვე ძალიან ძვირადღირებული იყო თითოეული მათგანისთვის, უნდა ედავათ დიდი ხნის მანძილზე და, სავარაუდოდ, დადებითი შედეგიც არ დადგებოდა, რადგან ზოგიერთ მიწას უკვე რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს გამოცვლილი. შევთავაზე, რომ ამ საკითხებზე ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატ გედევან ფოფხაძესთან გვესაუბრა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ასევე ბაკურიანსა და დიდ მიტარბს წარმოადგენს. მას ვთხოვეთ, ჩართულიყო ამ საქმეში და სხვადასხვა უწყებისთვის მიეწვდინა ინფორმაცია, რომ სახელმწიფოს კეთილი ნება გამოეჩინა და საკუთრების უფლება დაეცვა, რომელიც დაცული და გარანტირებულია როგორც კონსტიტუციით და შიდა კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო აქტებით და შეთახმებებით. გედევან ფოფხაძემ დახმარება აღგვითქვა, გვთხრა, რომ შეძლების ფარგლებში შეისწავლიდა პრობლემურ საკითხებს და ინფორმაციას მიაწვდიდა როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, რაღაც გზა გამოინახოს. ასეთი ტიპის დავების მოგვარებისთვის იუსტიციის სამინისტროდანაც წამოვიდა ახალი კანონპროექტი, რომელიც მოსახლეობას კუთვნილი უფლებების რეგისტრაციაში დაეხმარება. ეს კანონი მრავალი კუთხით მოგვცემს შემდგომში საშუალებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთები დავირეგისტრიროთ, მაგრამ ამასობაში გვაქვს მეტად რთული საკითხი, რის გამოც მოსახლეობა შეშფოთებულია. _ რას გულისხმობთ? _ ვგულისხმობ იმას, რომ 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის თებერვლამდე ინტენსიურად წავიდა ბაკურიანელებისა და დიდი მიტარბელების მართლზომიერებაში არსებული მიწების დარეგისტრირება, როგორც სახელმწიფოს საკუთრება. მოსახლეობას გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს მიწები მათგან სახელმწიფოს მიაქვს, რომელიც შესაძლებელია აუქციონზე გაიტანონ და გასხვისდეს. შემდეგ იმედიც კი აღარ იარსებებს ამ მიწების დარეგისტრირებისთვის. ამ საკითხებზეც ვესაუბრეთ გედევან ფოფხაძეს და შეგვპირდა, თხოვნით მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს, სანამ არ გაირკვევა ამ მიწების საკუთრების ბედი, არ გაიყიდოს. კარგია ინვესტიცია, კარგია თითოეული დაბისა თუ სოფლის კეთილმოწყობა, მაგრამ ჯერ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული და არ უნდა მოხდეს სხვა სიკეთის მიღება სხვისი ქონების ხელყოფის ხარჯზე. ჩვენი მიზანი ერთია, არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე, საიდანაც დგინდება ამ ადამიანთა ინტერესები, მოხდეს მათი უფლებების რეალიზაცია და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, როგორც მათი საკუთრება. _ მოსახლეობისგან ასეთი ინფორმაცია გაჟღერდა, რომ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ყოველგვარი ბარიერის გარეშე არეგისტრირებს მიწას ნახევარი ფართის დათმობის სანაცვლოდ. რა ხდება? _ ეს ინფორმაცია მეც მივიღე. არის გარკვეულ პირთა წრე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო საჯარო უწყების წარმომადგენელი, საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი პირები და კარგად ფლობენ ინფორმაციას სარეგისტრაციო წარმოების შესახებ. შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ არ შეცვლილა თითოეული თანამდებობის პირი. ამიტომ ამ ადამიანებს გარკვეული კავშირები აქვთ და ამის მეშვეობით არსებულ ინფორმაციას იყენებენ. ის პირები, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ ასეთ საქმიანობაში განთავისუფლებულები არიან სამსახურიდან, მაგრამ ისინი კერძო სამართლის იურიდულ პირებად არიან ჩამოყალიბებულნი და წარსულში მიღებული ინფორმაციით და დოკუმენტაციით, გარიგებებში შედიან მოსახლეობასთან, ეუბნებიან, ჩვენ დაგეხმარებით მიწის რეგისტრაციაში, ოღონდ ნახევარი უნდა დათმოთო. საჯარო რეესტრის საიტზე რომ შეხვიდეთ, ძალიან მრავლად ნახავთ სარეგისტრაციო წარმოებას, როცა კერძო პირები ირეგისტრირებენ 1500, ან 7000 კვ. მ. მიწას და იმავე დღეს იყოფა შუაზე. ეს ფაქტები ამტკიცებს ინფორმაციას ამ გარიგებების თაობაზე და არა ვიღაცის მოტანილი ამბის საფუძველზე ვაცხადებთ. არიან ადმიანები, რომელთაც უჭირთ დათმონ ის მიწის ნაკვეთები, რომელიც წლებია, მათ მფლობელობაშია და ცდილობენ, რომ კანონიერი გზებით მოიპოვონ უფლების რეგისტრაცია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ძალიან გაუჭირდებათ ამ უფლების მოპოვება, ამიტომ მიდიან დათმობაზე და რიგდებიან. _ მე თვითონ მოვისმინე, როდესაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მოქალაქეებს მიუთითებდა, რომ ამ ყველაფერში დამნაშავეა საჯარო რეესტრი და მას, როგორც საჯარო მოხელეს, არ აქვს იმის უფლება, რომ ამაზე ხმამაღლა ილაპარაკოს... კონკრეტულ საქმეში რა შეუძლია და რა როლი აკისრია ამ ადამიანს? _ ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი დაბა ბაკურიანში გახლავთ გოჩა გობრონიძე, რომელიც ცნობილი გახდა მის მიერ გაცემული ცნობებით. მოგეხსენებათ, საჯარო რეესტრს ადგილობრივი სარეგისტრაციო სამსახურები აქვთ და მოცემულ შემთხვევაში რეგისტრაციას ახდენს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური. ვფიქრობ, რომ ამ სამსახურში დარჩენილია ბევრი ისეთი პირი, რომელიც იმათ ეხმარება, ბაკურიანელთა საკუთრების უფლების ხელყოფას ვინც ცდილობს, ან თვითონ არის დაინტერესებული. გვაქვს გარკვეული სახის ინფორმაცია და ეჭვები ამ პირებთან მიმართებით, ზემდგომ ინსტანციებში აქტებიც გავასაჩივრეთ, რომლებიც შემდგომ გაბათილებულია. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები საჯარო რეესტრის ადგილობრივ სამსახურს მიმართავენ და უფლების დამდგენი ყველა დოკუმენტი აქვთ, რომლის მიხედვითაც უნდა დაარეგისტრირონ, მაგრამ ამ სრულყოფილი ინფორმაციის მიუხედავად, დამატებით ითხოვენ, რომ წარმოადგინონ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულიდან ცნობის სახით მიღებული ინფორმაცია, რომ ეს მიწის ნაკვეთები ნამდვილად არის ამ ადამიანთა მფლობელობაში. რაღაც თვალსაზირისით ამას გამართლებაც აქვს, რომ თვითმმართველობიდან მიღებული ინფორმაციით მოხდეს დაზუსტება, რამდენად სწორად და კანონიერად უთითებს ფიზიკური პირი უფლების რეგისტრაციისთვის ზუსტ მისამართს. პრობლემა ის არის, რომ ბაკურიანის რწმუნებულმა გადაწყვიტა, ეს ცნობა თავისი შეხედულებისამებრ გასცეს. ზოგ შემთხვევაში, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, პირდაპირ არტყამს ცნობას ბეჭედს, თუმცა მრავლად არის დავები ამ ცნობიდან გამომდინარე მიწის რეგისტრაციის საკითხებზე. არის შემთხვევები, როდესაც ბატონ გობრონიძეს მიმართავენ და ეუბნებიან, მოწმეებს წარმოუდგენენ, რომ წლებია, მიწის ნაკვეთებს ფლობენ, მაგრამ თავს იკავებს ამ ინფორმაციის ოფიციალურად გაცემაზე, პარალელურ რეჟიმში ამ მიწებს სახელმწიფო თავის სახელზე ირეგისტრირებს და შემდგომ, რა თქმა უნდა, შეუძლებელი ხდება ამ უფლების რეგისტრაცია. ჩემი აზრით, ძალიან მიკერძოებული მიდგომაა. გობრონიძის მიერ გაცემული ცნობებით ფიზიკურმა პირებმა რეგისტრაციაში როგორც სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთები, დაირეგისტრირეს ტყე-პარკები. ამ საქმეში ჩაერია პროკურატურა და იძიებენ, პასუხისგებაშიც არის რამდენიმე პირი მიცემული, ზოგის მიმართ უკვე განაჩენიც არის დამდარი. გოჩა გობრონიძის მიმართ არის თუ არა რაიმე სახის პრეტენზიები, ზუსტი ინფორმაცია პროკურატურიდან არ გამაჩნია, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის ხედვაა, რომ ეს არის გამგეობის წარმომადგენლის მიერ გაცემული ყალბი ინფორმაცია. სახელმწიფო იმიტომ აძლევს ამ უფლებას თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენელს, რომ არ შეიყვანოს საჯარო რეესტრი შეცდომაში და არ დაურეგისტრირდეს ფიზიკურ და იურიდიულ პირს ის მიწა, რომელიც კანონით აკრძალულია _ ტყები, მთები, ზღვები და ა. შ. გამგეობის წარმომადგენელმა ის თუ ვერ განსაზღვრა, რომ ის ტერიტორია, რომელსაც უზომავს, ტყეა და არა სათიბი მიწა, აშკარა მაგალითია და ამიტომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეც. საცოდობაა, როდესაც უყურებ ამ ულამაზეს მხარეს, როგორ ანადგურებენ ტყეებს იმის გამო, რომ რაღაც სარგებელი მიიღონ. ჩემი აზრით, ბატონი გობრონიძე თავის თანამდებობას და მის უფლებამოსილებებს ბოლომდე ვერ აცნობიერებს. ჩვენც გვაქვს მასთან პრეტენზიები, არის შემთხვევები, როდესაც ბატონი გოჩა კონკრეტული ადამიანებისგან ითხოვს მოწმებიის მიყვანას, რიგ შემთხვევებში კი ამის გარეშე გასცემს ინფორმაციას. „ქრონიკა+“ კომენტარისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. რაც შეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს დაბა ბაკურიანში, გოჩა გობრონიძეს, იგი აცხადებს, რომ ის მოქალაქეებს არანაირ ბარიერებს არ უქმნის და ადვოკატის მიერ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.  

                                                                                                             თამარ ბატიაშვილი

   

გაზიარება