ადვოკატმა ზურაბ თოდუამ „ქრონიკა+“-ს განუცხადა, რომ იგი დამნაშავე პოლიტიკური ძალის მიერ უკანონოდ გასამართლებულ, საპატიმროებში გაშვებულ და ქონებაჩამორთმეულ რამდენიმე პიროვნებას იცავს, რომელთა მიმართაც ამჟამადაც არანაკლები უსამართლობა ხორციელდება.
ზურაბ თოდუა:
_ ერთ-ერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გახლავთ ცნობილი კომპანია „მაგნატის“ დამფუძნებელი და მეპატრონე ჯემალ ლეონიძე, რომელსაც ყოფილმა ხელისუფლებამ მოგონილი ბრალდებით 10 წელიწადნახევარი პატიმრობა მიუსაჯა, 30 მილიონ დოლარად შეფასებული 47 ბენზინგასამართი სადგური ჩამოართვა და საპყრობილეში ჩასვა. ლეონიძის დაპატიმრების შემდეგ, რადგან კომპანიას სხვადახვა ბანკის ვალი ჰქონდა, მას ეს ქონება გაუყიდეს. ფაქტობრივად, კომპანია „გალფმა“ ის ხელისუფლებისგან იჩუქა.
_ „გალფი“ რა შუაშია, იქნებ, უკეთ აგვიხსნათ?
_ ლეონიძე მოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს, თითქოს მან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით შეიძინა მიწის ნაკვეთები. ეს იყო ზურაბ ადეიშვილის მიერ კარგად დამუშავებული სქემა, რომლითაც არასასურველ ადამიანებს აპატიმრებდნენ. კომპანია „მაგნატი“ ქართული ნავთობპროდუქტების ბაზარზე მეექვსე მოთამაშე იყო, რომელიც ნავთობპროდუქტების ბაზრის 13-14 პროცენტს ფლობდა და ყოველთვიურად ახდენდა, დაახლოებით, 6 მილიონამდე ლიტრი საწვავის რეალიზებას, რაც იმდროინდელმა ხელისუფლებამ საკუთარი კონტროლის ქვეშ ვერ მოაქცია. როცა ბაზარი „გალფმა“, „სოკარმა“, „რომპეტროლმა“ და „ლუკოილმა“ დაინაწილეს, მათ მეხუთე-მეექვსე მოთამაშე აღარ სჭირდებოდათ და პროკურატურის მეშვეობით მისი შევიწროება დაიწყეს. „მაგნატის“ ქონება „გალფმა“ მესამედ ფასად შეიძინა. მან 47-ვე ბენზინგასამართი სადგური იყიდა კარგ მდგომარეობაში, სადაც მხოლოდ საწვავის მიწოდება იყო საჭირო.
საქართველოს პარლამენტმა ჯემალ ლეონიძე პოლიტპატიმრად ცნო და 2013 წლის იანვარში პატიმრობიდან გაათავისუფლა, რის შემდგომაც სამართლიანობის აღდგენის იმედით დავა დავიწყეთ. ამას ინდულგენციების სახით უხვად არიგებდა ამჟამინდელი ხელისუფლება მოსვლის წინ. სანამ პოლიტპატიმრები საპატიმროებიდან განთავისუფლდებოდნენ, ჯემალ ლეონიძის სარჩელი ევროპის სასამართლოში გავგზავნეთ. მას შემდეგ, რაც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში საქმეები გაცხრილა და, როგორც ამბობენ, ათასობით საქმიდან მხოლოდ 500 დატოვა, ლეონიძის საქმე სტრასბურგმა წარმოებაში დაიტოვა და იგი ამ სასამართლოდან ვერ გამოაძევეს. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს.
_ თუ ასეა, ამჟამად პრეტენზიები ვის მიმართ გაქვთ?
_ საინტერესო ამბები მოხდა ამ პიროვნების ირგვლივ ქართული სასამართლოს სინამდვილეში: იმჟამინდელი ხელისუფლების დროს, აღნიშნული ბიზნესის გარდა, ლეონიძეს ჩამოართვეს სხვა უძრავი ქონებები _ ოჯახის პირადი საკუთრებები, მანქანები, მიწის ნაკვეთები, აგარაკი და საცხოვრებელი სახლიც კი. ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქალაქ მცხეთაში, რომელიც მილიონ ნახევარ ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული. დაპატიმრების შემდგომ ბანკმა ის სასწრაფოდ გაიტანა აუქციონზე და გამარჯვებულად გამოცხადდა იმჟამინდელი ხელისუფების ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალის, ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელის, მთავარი პროკურატურის გენინსპექციის ყოფილი უფროსის მოადგილის, დავით ჩხიტუნიძის სიდედრი _ კვანტალიანი. ეს ის ცნობილი ჩხიტუნიძეა, რომელსაც ადეიშვილისგან გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირებისადმი სასათბურე პირობების შექმნა ჰქონდა დავალებული. მისმა სიდედრმა მესამედ ფასად შეიძინა აუქციონით ეს სახლი, თუმცა ვფიქრობ, რომ, ფაქტობრივად, ის ჩხიტუნიძემ იყიდა.
სასამართლომ წარმოებაში მიიღო აუქციონის უკანონოდ ცნობის შესახებ ჩვენი სარჩელი. ქალბატონმა კვანტალიანმა, ანუ ჩხიტუნიძემ, იგრძნო მოახლოებული საშიშროება და ქონება კვანტალიანის ქალიშვილზე, ნათია ჩაჩუაზე გააჩუქა. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოვიგეთ ეს საქმე. ნათია ჩაჩუას, რომელიც თითქოს კეთილსინდისიერი მყიდველი იყო, მაინც შეეშინდა სააპელაციო სასამართლოსი და ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა, თითქოს სახლი ვინმე ნოზაძეზე გაყიდა. აღმოჩნდა, რომ ნოზაძე ჩხიტუნიძის მეგობარია და მეზობელი და ესეც ფიქტიურად მოხდა. სააღსრულებო ბიუროს მუდმივად ვაფრთხილებდით, რომ კვანტალიანი, ჩაჩუა და ჩხიტუნიძე ერთი გუნდი იყო და ისინი თვალთმაქცურ გარიგებებს დებდნენ, რათა სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება არ მომხდარიყო და საკუთარი ქონება მესაკუთრეს არ დაბრუნებოდა. სააღსრულებომ ჩვენი მითითებები ყურად არ იღო და როცა უკვე სააღსრულებო ფურცელი გამოიწერა და პროცესი დაიწყო, მისი აღსრულება შეუძლებელი გახდა დღევანდელი სააღსრულებო ბიუროს უნიათობით. უკანონო აუქციონის წესით სხვის ქონებას დაუფლებულმა კვანტალიანმა, იმისათვის, რომ ეს ქონება სასამართლოს გადაწყვეტილებით არ წართმეოდა, კეთილსინდისიერი შემძენები „შვა“, რა თქმა უნდა, მოჩვენებითად. მან ქონება ქალიშვილს აჩუქა, რომელიც, თითქოს, არანაირ კავშირში არ იყო აუქციონთან, ქალიშვილმა კი ვიღაც ნოზაძეზე გაყიდა. ახლა ეს ადამიანი ამბობს, რომ კეთილსინდისიერი მყიდველია და სააღსრულებოც, თითქოს, კეთილსინდისიერ მესაკუთრეზე სასამართლო გადაწყვეტილებას არ აღასრულებს.
_ ვერ გავიგე, სააღსრულებო ბიუროსთვის სასამართლო გადაწყვეტილება უზენაესი არ არის?
_ უზენაესმა სასამართლომაც დატოვა ძალაში ჩვენი სასარგებლო გადაწყვეტილება, მაგრამ სააღსრულებო ბიურომ, რომელიც საჯარო რეესტრის სიპია, საჯარო რეესტრს მიმართა, _ ეს ქონება ჯემალ ლეონიძისა და მისი მეუღლის სახელზე აღნუსხეო. საჯარო რეესტრმა კი უპასუხა, _ ვერ აღვნუსხავ, რადგან ეს ქონება ვინმე ნოზაძეზეა რეგისტრირებული, რომელიც კეთილსინდისიერი მესაკუთრეაო. საჯარო რეესტრისა და სააღსრულებო ბიუროს ქმედებები უნიათობის უშესანიშნავესი მაგალითია. როცა ჩვენ მას ვეუბნებოდით, ასე მოხდება და ჩათვალეთ ეს, როგორც თვალთმაქცური გარიგებაო, სააღსრულებო ბიურო, როგორც ყოფილი რეჟიმის დროს იქცეოდა, ახლაც ისევე იქცევა და ორივე სახელმწიფოს დაზარალებას ცდილობს. ისეთ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება, საჯარო რეესტრი არ განახორციელებს აღმასრულებლის მითითებას, რაც მოსალოდნელია. ჯემალ ლეონიძეს, როგორც დაზარალებულ მხარეს, სრული უფლება აქვს, სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ბიუჯეტმა ლეონიძეს მილიონ ნახევარი ამერიკული დოლარი უნდა გამოუყოს, რათა მან სასამართლო გადაწყვეტილებით მიღებული ქონების სანაცვლო ანაზღაურება დაიკმაყოფილოს. უნიათო სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლების გამო, რომლებიც დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დროინდელ, გაქსუებული ჩინოვნიკების ქონებას მფარველობენ, ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს ფული? ეს არის მავნებლური, საბოტაჟური დამოკიდებულება. საჯარო რეესტრსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული არიან ადამიანები, რომლებიც, ჯერ კიდევ, კრიმინალებს მფარველობენ და სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას არ ასრულებენ. დადგენილია, რომ აუქციონი უკანონოდ ჩატარდა და ამის შედეგად მიიღო ეს ზარალი ჯემალ ლეონიძემ. სასამართლოც ეუბნება, კეთილი ინებეთ და აღასრულეთ სამართლიანობაო, მაგრამ პასუხობენ, ვერ აღვასრულებთ, რადგან ქონება სხვის სახელზეა რეგისტრირებული და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ჩატარებულ აუქციონთან და კვანტალიანთანო, რაც არის აბსურდი და ერთი გუნდის თამაში, ხრიკი. დღევანდელ ხელისუფლებაშიც ამ კრიმინალებს სათანადო მფარველები აღმოაჩნდათ.
პირდაპირ ვაცხადებ: დამნაშავე რეჟიმის ყოფილ ჩინოვნიკებს დღეს სხვადასხვა სტრუქტურაში, მათ შორის, სააღსრულებო ბიუროსა და საჯარო რეესტრში ჰყავთ „კრიშები“, მფარველები და ისინი კანონს კი არა, კვლავ ამ ყოფილი ჩინოვნიკების დავალებებს ასრულებენ. ყველანაირად უშლიან ხელს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას. იუსტიციის მინისტრის მოადგილე სარჯველაძე სააღსრულებო ბიუროს აკონტროლებს და რა ვიფიქრო, თქვენ მირჩიეთ.
კიდევ ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით, რაც ლეონიძეს ამ ხელისუფლების პირობებში ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით გაუკეთეს: იმისათვის, რომ ლეონიძემ ზარალის ანაზღაურების თაობაზე დავა დაიწყოს, ამ შემთხვევაში 47 ბენზინგასამართი სადგურის წართმეულ ქონებებს ხანდაზმულობის ვადა გაუგრძელეს, _ 6 წლიან ვადაში არ მოგიმართავს და სარჩელი წარმოებაში არ უნდა იქნეს მიღებულიო. თუ სახელმწიფომ ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ცნო, აღიარა, რომ მისი განაჩენი უკანონო გზით დადგა, რატომ ვრცელდება მასზე ხანდაზმულობის ვადა? სამართლიანობის აღდგენის ეგიდით მოსული ხელისუფლება უფლებადარღვეულ ადამიანებს ხანდაზმულობის ვადებით ესაუბრება. მიმაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლების ეს დაპირება ფიქციაა, მორიგი სატყუარა, პოლიტიკური ხრიკია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადები სარჩელის მიმართვისთვის, რათა სასამართლოს მეშვეობით მაინც დაიბრუნოს თავისი დარღვეული უფლება. ეს ადამიანი იყო საპატიმროში, ხელბორკილებით ჰყავდათ ჩამოკიდებული, როგორ უნდა გამოეყენებინა მას პატიმრობის პირობებში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დავებისთვის განკუთვნილი უფლებები? ცხადია, ვერ გამოიყენებდა, რადგან სხვანაირად ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. თუ მართლაც არის ეს ხელისუფლება სამართლიანობის აღმდგენი და დაპირების აღმსრულებელი, პოლიტპატიმრებისთვის მაინც ხანდაზმულობის ვადა არ უნდა გახდეს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. არც პროკურატურის მეშვეობით აღადგენენ სამართლიანობას და ამის გაკეთებას სასამართლოშიც უშლიან ხელს, _ არ მოგიმართავთ სარჩელით განსაზღვრულ ვადაში და აქედან გამომდინარე, თქვენს სარჩელს ვერ განვიხილავთო. დასცინიან ამ ადამიანებს.
_ კიდევ რომელი ყოფილი პოლიტპატიმრის საქმეშია ამგვარი უსამართლობა?
_ მეორე პოლიტპატიმარია ილია დალაქიშვილი, რომელიც ზურაბ ადეიშვილის პირადი პატიმარი იყო. ის და მამამისი ორჯერ დააპატიმრეს. პირველი პატიმრობა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ მას ოჯახის წევრი მიუგზავნეს და უთხრეს, _ სტრასბურგიდან საჩივარი გამოიტანე და მუშაობა განაგრძე, ხელს არავინ შეგიშლისო. დაიჯერა დალაქიშვილმა, გამოიტანა სასარჩელო განცხადება ევროსასამართლოდან და ამ ფაქტიდან ერთი წლის თავზე კიდევ დააპატიმრეს თავისი კომპანიის 28 თანამშრომელთან ერთად. თანამშრომლებზე განხორციელებული არაადამიანური მოპყრობით _ დაშინებით, მუქარით, შანტაჟით, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა, მიაცემინეს ჩვენებები, რომ თითქოს დალაქიშვილი ქვეყნის ეკონომიკას ანგრევდა.
ილია დალაქიშვილმა ბათუმის ყოფილი ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ყაზახებისგან ერთ-ერთი სამუშაო შეიძინა _ ნავთობის რეზერვუარები უნდა გამოერეცხა, ნარეცხი მასალა გადაემუშავებინა და შეხედულებისამებრ გამოეყენებინა. ეს ჩაუთვალეს კონტრაბანდად, შემოსავლების დაფარვად, ლეგალიზაციად, ფულის გათეთრებად, ყალბი დოკუმენტების შექმნა-გამოყენებად და 58 წელი მიუსაჯეს, ბოლოს კი, რადგან მეტი არ შეიძლებოდა, 30 წელი დაუტოვეს. გარდა ამისა, 7 მილიონის პირადი ქონება ჩამოართვეს, რაც ჰქონდა ნაშრომ-ნაამაგარი. ეს ყველაფერი მოწმეებზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად მოხდა.
_ მოწმეებზე ზეწოლები რომ ხორციელდებოდა, ამის დამტკიცება შეგიძლიათ?
_ დიახ, მაგრამ დღეს ამას არ ითვალისწინებენ. ორ მთავარ მოწმეს _ ნიკოლაიშვილსა და ფანცულაიას, თითქოს დოკუმენტზე 4 თვით ადრე ჰქონდათ ხელი მოწერილი, პატიმრობიდან ამ „აღიარების“ სანაცვლოდ გაათავისუფლეს, დალაქიშვილს კი მარტო ამ დეტალის გამო 6 წელი გამოუტანეს და 365 ათასი ლარიც გადაახდევინეს. როცა ის პატიმრობიდან განთავისუფლდა, ეს მოწმეები სასამართლოს საჯაროდ მოუყვნენ, თუ რა პირობებში მიაცემინეს ჩვენებები. ამ ჩვენებების საფუძველზე მოვითხოვე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება იმ პროკურორებისა და გამომძიებლების წინააღმდეგ, რომლებმაც ეს ადამიანები აიძულეს, ასეთი ჩვენებები მიეცათ დალაქიშვილის წინააღმდეგ. ჩემდა გასაოცრად აღმოჩნდა, რომ ის პროკურორები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ზეწოლებს პატიმრების მიმართ, დაწინაურებულები არიან.
მაშინ დიმიტრი ფაღავა რიგითი პროკურორი იყო, დღეს კი საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უროსის მოადგილე გამხდარა. ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა პატიმრების უკანონო საპროცესო შეთანხმებებს და პატიმრებიდან ცრუ ჩვენებების გამოძალვას. ეს არის კურიოზი. რამდენიმე დღის წინათ მომწერეს, თითქოს გამოძიებით დაადგინეს, რომ ამ მოწმეებმა ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი დოკუმენტებს. ეს არის ცინიზმი! პატიმარმა, მუქარებისა და ზეწოლების გარეშე, ნებაყოფლობით მოაწერა ხელი ყალბ დოკუმენტს და ისინი ამას იჯერებენ? სწორედ ამის შემდეგ ეს პატიმრები პატიმრობიდან გაათავისუფლეს და დალაქიშვილი პატიმრობაში დატოვეს. ესეც შემთხვევით მოხდა? დღევანდელი პროკურატურა იზიარებს და აგრძელებს ამ ყველაფერს და დანაშაულის ნიშნებს ვერ პოულობს.
ერთ-ერთი პროკურორი, რომელიც ამ საქმეებში უშუალოდ მონაწილეობდა, ახლა ქალაქის პროკურორის მოადგილეა _ მერაბ ჯერენაშვილი. იმ პროკურორებისა და გამომძიებლების მეშვეობით და მათზე დაყრდნობით, რომლებიც 9 წლის განმავლობაში უკანონობებს სჩადიოდნენ, დღეს ხალხს ჰპირდებიან სამართლიანობის აღდგენას. ამათ უნარი არ გააჩნიათ სამართლიანობის აღდგენისა და არც სურთ. ფაღავა პირადად ხელმძღვანელობდა კრიმინალურ ჯგუფს, რომელიც ადამიანებს ჩვენებებს სძალავდა. დაბეჭდილი და მის მიერ აკრეფილი ტექსტები 8 პატიმარს მიუტანეს მისსავე კაბინეტში და ამის მტკიცებულება მაქვს. პატიმრებმა იქვე მოაწერეს ხელი, გლდანის ციხეში. სად მოხდებოდა ეს, თუ არა პროკურორის კაბინეტში? მეორე დღესვე მიიღეს მათ თავისუფლება. უშუალოდ ვინც დაბეჭდა, ის მაშინ გამომძიებელი იყო, დღეს კი არის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ახლა გეკითხებით: ამ განყოფილებამ უნდა გამოიძიოს ილია დალაქიშვილის წინააღმდეგ ჩადენილი უკანონო ქმედებები, როცა დანაშაულის ჩამდენი უშუალოდ ამ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს? ხომ „გამოიძია“ კიდევაც. მითხრა, _ თქვენ მიერ დასახელებულმა ადამიანებმა ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი ამ უკანონობასო.
კიდევ ერთ საქმეზე მინდა მოგიყვეთ: მალხაზ ბაბლიძე „მაგნატის“ დირექტორი იყო. როცა ლეონიძე დაიჭირეს, მან გაქცევა მოახერხა და ქვეყანა დატოვა. პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭების შემდეგ, 2013 წლის იანვარში, საქართველოში ჩამოსვლა მოახერხა და მის მიმართ აღძრული საქმის ხელახალი გამოძიება ითხოვა. მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ერთადერთ ჩვენებას ემყარებოდა, თითქოს ის საქმის კურსში იყო იმ ქმედებებზე, რომელსაც, თურმე, ლეონიძე სჩადიოდა. ამის გამოძიება უკვე 3 წელზე მეტია, მიმდინარეობს და ჯერ ერთი მოქმედებაც არ ჩაუტარებიათ, არავინ დაუკითხავთ. თუმცა დაჰპირდნენ, რომ ჩამოხვალთ, ყველაფერს გამოვიძიებთო. ეს საქმეც სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტს გადაეცა, თუმცა თაროზე უდევთ. როცა რამეს ვეკითხები და წერილს ვუგზავნი, ადეიშვილის დროს მიღებული ტექსტით მპასუხობენ, _ მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების შესახებ გეცნობებათო. ანუ არაფერი არ შეცვლილა, ყველაფერი ძველებურად არის.
_ დეპარტამენტის თანამშრომლები ვინ არიან?
_ ეს დეპარტამენტი კბილაშვილის გენპროკურორობის დროს შეიქმნა და „სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი“ დაერქვა, ხალხი მას ირაკლი ნადარეიშვილის დეპარტამენტს უწოდებს, რადგან ხელმძღვანელი ის არის. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ დასაქმებულია 30 ადამიანი და მათ შესანიშნავი სამუშაო პირობები აქვთ, უზრუნველყოფილნი არიან ტექნიკით და ა. შ. მათი საქმიანობა სამი წლის მანძილზე მხოლოდ 12 მანქანისა და ბიჟუტერია-ოქროს ნივთების დაბრუნებით შემოიფარგლა. სერთო ჯამში, რაც სამი წლის განმავლობაში დეპარტამენტის შენახვა დაუჯდა ბიუჯეტს, ამ თანხით 10-15 დაზარალებულის დაკმაყოფილება გახდებოდა შესაძლებელი. საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ და ბიუჯეტს დიდი თანხებიც უჯდება ამ დეპარტამენტის შენახვა. არადა, მათ 2003-12 წლებში ჩადენილ უკანონობებზე გამოძიება აქვთ დავალებული, სხვა არაფერი. ყველა საქმეზე ამბობენ, მიმდინარეობს გამოძიებაო, თუმცა არც ერთი არ დაუმთავრებიათ და თაროებზე უდევთ. თანამდებობებს ბოროტად იყენებენ ყოფილი დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის პირობებში შექმნილი სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსით, რომლითაც ვადები არ არის დადგენილი. ადეიშვილმა ვადები გააუქმა და ესენი კიდევ ამ მუხლს არ აუქმებენ. „მიმდინარეობს გამოძიება, შედეგების შესახებ გეცნობებათ, ნუ გვაწუხებთ“, _ დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა. ევროსასამართლო განმარტავს, რა არის გონივრული ვადა. ეს არ უნდა იყოს ის ვადა, შემდგომ რომ შეუძლებელი გახდეს ჭეშმარიტების დადგენა. რაც უფრო გადის დრო, მით ძნელია სამართლიანობის დადგენა, მაგრამ როცა გამოძიება თვეში ერთ მოწმეს მაინც არ დაკითხავს, ეს არ არის გონივრული ვადა? ეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი გარემოების ბოროტად გამოყენებაა, სადაც ვადები გაუქმებულია.
ნელი ვარდიაშვილი