რა არის პიარი?! რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, მკვლევრებს ამ ტერმინის 600-ზე მეტი ფორმულირება აღმოუჩენიათ. საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც მეცნიერების დარგი, ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამს. ეს პროგრესულად განვითარებადი დისციპლინა არაერთ სფეროსთან არის გადაჯაჭვული, რომელიც მოიცავს კორპორაციულ თუ ფინანსურ კომუნიკაციებს, სხვადასხვა ტიპის პროდუქციის პოპულარიზაციას, მასმედიასთან ურთიერთობას, ამა თუ იმ პერსონის ლობირებას, საზოგადოებრივი აზრის შექმნას, კრიზისულ სიტუაციათა მართვას და ა. შ. უამრავ განმარტებათა შორის ჩვენს ქვეყანაში პიარს, ძირითადად, მაინც პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ.
საშემოდგომოდ დანიშნული არჩევნების წინ კი ტელეკამერებთან გააქტიურებული ქართველი პოლიტიკოსები ხშირად გვახსენებენ თავს. ვინ როგორ ურთიერთობს ხალხთან? რატომ უშვებენ პოლიტიკოსები შეცდომებს მოქალაქეებთან კომუნიკაციისას? სად გადის ზღვარი სიმართლესა და ბლეფს შორის?
„ქრონიკა+“ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროს პარტნიორს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს _ კახა მაღრაძეს ესაუბრება:
_ ბატონო კახა, ზოგად ტენდენციებზე დაკვირვებით გავაანალიზოთ ვითარება, დავიწყოთ წინა ხელისუფლებაზე საუბრით: როგორ პიარს აწარმოებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“?
_ თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურ, საჯარო ტექსტებში ძალიან ხშირად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდა. ურთიერთგამომრიცხავი იყო არცთუ იშვიათად მათ მიერვე გადადგმული ნაბიჯებიც.
_ „ნაცები“ და მიშა პიარზე იდგნენო, ქვეყანა პიარით იმართებოდაო, _ ამ ტიპის გამონათქვამები თუ ბრალდებები გაგონილი გექნებათ. მართლა ასე კარგად ფლობს სააკაშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის ტექნოლოგიებს?
_ „ნაცების“ პიარი ეფუძნებოდა მათი საქმიანობის ცალსახა, პოზიტიური გზით წარმოჩენას, რაც ხდებოდა მასმედიის გამოყენების გზით. დოქტრინებზე მეტად ხალხს ადამიანური ქცევები ამახსოვრდება ამა თუ იმ მოღვაწის ბიოგრაფიიდან. სააკაშვილი საკმაოდ აგრესიული პოლიტიკოსი იყო, _ ერთ დღეს ხალხს ჩაეხუტებოდა, მეორე დღეს გამოდიოდა და ვიღაცებს ეუბნებოდა, ჩასარეცხები ხართო, ზოგს მაიმუნს ეძახდა, ვიღაცებს _ ზანგებს. მას დღემდე მიაჩნია, რომ ეპატაჟური ქცევები პოლიტიკურ დივიდენდებს მიაღებინებს. ამ სტრატეგიამ უკრაინაში რამდენად გაამართლა, ვერ გეტყვით. არ ვიცნობ იქაურ სიტუაციას. საბოლოო ჯამში, მე მაინც ვფიქრობ, ის დიდ პოლიტიკოსად ვერ დარჩება. რაც შეეხება მის პარტიას, არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში გადაბარგებულებმა მთავრობის შეცდომებზე დაიწყეს აქცენტების გაკეთება, ასე ვთქვათ, მუდმივი კრიტიკის სტრატეგია შეიმუშავეს, პარალელებს ავლებენ: რა კეთდებოდა მათი მმართველობის დროს კარგად და რა ვერ კეთდება დღეს. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისინი გავლენებს ფლობდნენ მედიაზე, ბევრნაირ ტექნოლოგიას იყენებდნენ, თუმცა, მოგვიანებით, თვითონვე აღიარეს, _ გამჭვირვალე კომუნიკაციის თვალსაზრისით პრობლემები გვქონდაო. წინა ხელისუფლების მიერ საინფორმაციო სივრცე პოზიტივზე საუბრით იყო გაჯერებული. როგორც კი „ქართული ოცნების“ სახით ძლიერი ოპონენტი გამოუჩნდათ, პიარმა ვეღარ იმუშავა.
_ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთის ძლიერი მეტოქეები არიან?
_ ფაქტია, „ქართულ ოცნებამდე“ ასეთი რესურსების მქონე კონკურენტი წინა ხელისუფლებას არ ჰყოლია, ოპონენტი ძლიერი იყო მატერიალურადაც და პოლიტიკურადაც. 2004 წლიდან 2012 წლამდე ასეთი ძლიერი პოლიტიკური ოპოზიცია მაშინდელ მთავრობას არ ჰყოლია. შედეგიც ლოგიკური დადგა.
_ რაზე დგას „ნაცების“ პიარსტრატეგია დღეს?
_ „ოცნებასთან“ დამარცხების შემდეგ მათ ხისტი ოპონენტის როლი დაიჭირეს. ისინი ოპოზიციური ტრიბუნიდან არანაირ შეცდომას არ პატიობენ მთავრობას. აქცენტებს აკეთებენ შეუსრულებელ დაპირებებზე.
_ თქვენი აზრით, 2012 წლის შემოდგომაზე ციხის კადრები რომ არ გავრცელებულიყო, ივანიშვილის გუნდი შეძლებდა უმრავლესობით მოსვლას?
_ ღიად პოლიტიკურ განცხადებებს მაინც მოვერიდები. თუმცა მიმაჩნია, რომ უკეთესი იქნებოდა, დამნაშავეები დროულად დაესაჯათ, გადაეყენებინათ კონკრეტული პირები, ასეთ შემთხვევაში მათ კიდევ ექნებოდათ დარჩენის შანსი. თუმცა მაშინ რაღაც არეული სტრატეგია ჰქონდათ: ხან ამბობდნენ, კადრები ნამდვილი არააო, ხანაც სისტემურ დანაშაულს აღიარებდნენ. ამ კადრებამდე კარგა ხნით ადრე გაკეთებული მოწოდებები, _ ჩვენ ყველას დავსჯით! _ არაერთგვაროვან გამოხმაურებებს იწვევდა, რის გამოც საზოგადოებისთვის ბევრ საკითხთან დაკავშირებით მოუწიათ პასუხის გაცემა.
_ ახლა სახელისუფლებო გუნდი შევაფასოთ: რამდენად მიაქვს მას სათქმელი მოსახლეობასთან?
_ რაც ყველაზე მეტად არ მომწონს, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სურვილი, უფრო სწორად, იმაზე აპელირება, რომ ბევრ რამეს ვაკეთებთ და ვერ ვაჩენთო. ზოგჯერ იმაზეც წუხან, _ პიარი არ გვივარგაო. როცა ახალი მოსულები იყვნენ, პირველ პერიოდში საერთოდ ინერტულები ჩანდნენ. თითქოს სტერეოტიპი ჩამოყალიბდა: „ოცნების“ ხელისუფლება არ არის პიარზე დამოკიდებულიო. მაგრამ ამის გარეშე XXI საუკუნეში ნებისმიერი ხელისუფლება მოწყდება ხალხს.
_ შევადაროთ მაშინდელი და დღევანდელი მედიაგარემო. ივანიშვილს ფინანსები არ უჭირს, თუმცა „მეცხრე არხი“ დახურა. „ინფო-9“ დღეს სიმბოლურად ფუნქციონირებს, „ჯიდიესს“ კი მაღალი რეიტინგი არ აქვს. ანუ არ აინტერესებთ მედია?
_ მასეთ რაღაცასაც ვერ ვიტყვი. ზოგადად, დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციური მედიის დეფიციტს არ განიცდის. ინფორმაციის მოწოდების თვალსაზრისით მრავალფეროვნება გვაქვს. აგერ თქვენ ხართ, სხვები არიან, არსებობს ონლაინ სააგენტოები, არის კრიტიკა, არის კითხვები.
_ გეთანხმებით, კრიტიკა არის, მაგალითად, იმავე ივანიშვილის მიმართ არსებობს კითხვები „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. სხვადასხვა ვერსიაზე დაყრდნობით, ამბობენ, რომ მას ქიბარ ხალვაშის ხელით სურს ერთ-ერთი მსხვილი ქართული ტელეკომპანიის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
_ სამწუხაროდ, ამას ვერ შევასაფებ, რატომ უნდა გააკეთოს ეს? სინფორმაციო სივრცე რომ დაიხუროს? დღეს მზარდი ინტერესია ქსელების მიმართ. განსხვავებით წინა პერიოდისგან, აქტიურად დამკვიდრდა ინტერნეტმედია. ძალიანაც რომ მოინდომოს ვინმემ, ერთფეროვან ინფორმაციას მაინც ვერ მოგვახვევენ თავს. კვლევას რომ ვატარებდით, საზოგადოებრივი კვლევების ეფექტიანობის კუთხით დადგინდა, რომ „რუსთავი 2“ წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს.
_ თქვენი დაკვირვებით, სახელმწიფო უწყებები რამდენად გახსნილად ეკონტაქტება საზოგადოებას?
_ არსებული ხელისუფლების წარმომადგენლები იმდენ პრესრელიზს ავრცელებენ საჯარო უწყებებსა თუ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ჩართული ადამიანების ხელით, რომ მეტი თუ არა, ნაკლები ჩართულობა არ გვაქვს წინა წლებთან შედარებით.
_ როგორ ფიქრობთ, მავანთათვის რატომ ასოცირდება პიარი ტყუილთან? რისი ან ვისი ბრალია ეს?
_ გეთანხმებით, პიარი გაზვიადებასთან, თვალებში ნაცრის შეყრასთანაა გაიგივებული. 90-იანი წლებიდან დაიწყო ასეთი ასოციაციები. პოლიტიკოსების ნაწილმა ასეთი სახით წარუდგინა აუდიტორიას ეს ტერმინი. უნდა ვაღიაროთ, დღემდე საკმაოდ გამყარებული სტერეოტიპებია შექმნილი. სამწუხაროდ, ჩვენი საქმიანობა ერში ჯადოქრობასთან არის ასოცირებული. ბევრს ჰგონია, ჯოხის ერთი მოქნევით წარმატებული გახდება, რაც, ბუნებრივია, გადაჭარბებულია. ყველა ტიპის აუდიტორიაში ასე ჰგონიათ, თუმცა ყველაზე მეტად სწორედაც რომ პოლიტიკოსებს და ბიზნესმენებს სჭირდებათ პიარი, მაგრამ ბევრი მათგანი თანხის გადახდას ამ საქმისთვის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ან არ აღიარებს ამ სფეროს.
_ რა არის პიარი?
_ სხვადასხვა საერთაშორისო დონის მკვლევრები პიარს 600-ნაირად განმარტავენ. მოკლედ რომ ვთქვათ, სოციალური მეცნიერების დარგია. სხვადასხვა ჯგუფში განსხვავებულია მისი აღქმა.
_ რით გამოირჩევა ქართული პიარი სხვა დანარჩენისგან?
_ ქართული პიარი ეს არის ცალსახად დადებითი კუთხით პერსონის წარმოჩენა. ზოგადად, ამ დარგის სპეციალისტი მედიით საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმოჩენის რეპუტაციული მენეჯერია. ცალმხრივი ინფორმირება არ არის რეპუტაციის შექმნისთვის საკმარისი. დიალოგის ტიპის კომუნიკაციაა აუცილებელი.
_ რა განსხვავებაა შავსა და თეთრ პიარს შორის?
_ შავი პიარი ხშირად მიზანმიმართულ ცილისწამებას გულისხმობს, ძირითადად, ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას ნიშნავს ვისიმე დისკრედიტაციის მიზნით. რაღაც ლეგენდები გამიგია, როგორ მიმდინარეობდა რუსეთის გუბერნიებში წინასაარჩევნო კამპანიები, როგორ იყენებდნენ ამ ტიპის პიარტექნოლოგიებს.
_ რა მიზნით იყენებენ შავ პიარს?
_ კონკურენტების დასაძირად. განზრახ ცილისწამება, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ეს, კანონით დასჯადი ქმედებაა. ყველას ვეუბნები, შავი პიარი არ არსებობს-მეთქი. კი იყენებენ ვიღაცები, პირდაპირ ვთქვათ _ მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ბიზნესმენებიც კონკურენტების წინააღმდეგ, მაგრამ დაუშვებლად მიმაჩნია. ეს არის საინფორმაციო კამპანია ჩემთვის მიუღებელი ფორმებით. მე თვითონ ამის მცოდნე არ ვარ. ეს კულუარულ- პარტიული ბრძოლაა, სადაც კომუნიკაციის კომპონენტი ნაკლებია.
_ როგორ უნდა დაიცვას თავი ადამიანმა, თუ მის წინააღმდეგ ნეგატიური ხასიათის კამპანიას ააგორებენ?
_ ზოგჯერ ბრალდებებს არ პასუხობენ, რაც არ მგონია მართებული. ისე კი ნებისმიერი უნდა იყოს მზად ამისთვის. ანტიკრიზისული გეგმა უნდა ჰქონდეს ყველას შემუშავებული, განსაკუთრებით პოლიტიკურ მოღვაწეებს. ხშირად ამას კონკურენტები აკეთებენ, ან სულაც ჟურნალისტმა შეიძლება არასწორად გაიგოს ნათქვამი, ან, უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანი რაღაცას იტყვის და შემდეგ აგორდება, პოპულარული ადამიანები ამ მხრივ მაინც დაუცველები არიან, მაგრამ მტრის დარტყმების საპასუხოდ გამზადებულები უნდა იყვნენ.
_ როგორია სოციალური ქსელების როლი ამა თუ იმ პიროვნების გაშავებაში? და ზოგადად, ფეისბუქზე რაიმე ტიპის დაკვირვება თუ გიწარმოებიათ?
_ ადამიანის გაშავებისთვის ფეისბუქსაც იყენებენ და სხვა მეთოდებსაც. ფეისბუქის როლი ჩვენს საზოგადოებაში დღითი დღე იზრდება. ჟურნალ „ფოკუსის“ დამატებაში ჩემი საავტორო სტატია გამოქვეყნდა ამ სოციალურ ქსელზე, თუმცა იქ უფრო პირადული შეფასებები მქონდა. ახალი ამბებს ინტერნეტიდან ვგებულობ, რომლებიც, თავის მხრივ, ტრადიციულ მედიასაშუალებებს ეყრდნობიან. ყველა ამბობს, რომ ტელევიზორს აღარ უყურებს, ეს რაღაც მოდად დამკვიდრდა. ამის მიუხედავად ტელევიზიებისა და გაზეთების მიერ მოპოვებული ინფორმაციები ბევრად სანდოა, გადამოწმებულია. მათ აქვთ დრო ინფორმაციების მოპოვებისთვის, გადამუშავებისთვის, _ გაზეთის ჟურნალისტი ამ ყველაფერს გადაამოწმებს. თქვენც ხომ ამოწმებთ? სოციალური ქსელების აუდიტორიისთვის მაინც უფრო სანდოა ტრადიციული მედიასაშუალებები. საქართველოში რამდენიმე საინფორმაციო საშუალებაა, რომელთა სანდოობის ხარიხსი მაღალია. ქართული ტელევიზიების ნდობა უფრო მეტად შეიძლება, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს.
_ ზოგადად, ყველა მთავრობას ჰყავს ძლიერი და სუსტი სახეები. მაგალითად, დღეს სოციალურ ქსელებში აქტუალურია უმრავლესობის ერთ-ერთი დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის კრიტიკა, რომლის გამონათქვამებსაც უმალვე იტაცებენ, მის კარიკატურებს აქვეყნებენ, ასეთი რამ სხვების შემთხვევაშიც ხდება. როგორ ფიქრობთ, ეს მიზანმიმართული კამპანიების შედეგია?
_ არ მგონია, მიზანმიმართული კამპანია, ვფიქრობ, უმეტესობა სპონტანურად, ბუნებრივად აკრიტიკებს. საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში მეჭიაურის გამოსვლებს ხისტად აკრიტიკებენ, ახლახან კი საერთოდაც „ქართული ოცნებიდან“ წასვლა გადავწყვიტეო, გაგვიმხილა. ეს განცხადება ახალი პოლიტიკური პარტიის დაანონსებას ჰგავდა. ფბ-ბატალიები 2012 წლისთვის ყველაზე მოთხოვნადი იყო. მაშინ ეს შედარებით ახალი ხილი გახლდათ, იქმნებოდა ჯგუფები, რაღაც გუნდები, შემდეგ ადამიანებს ქსელებში ლანძღავდნენ: შენ „ნაცი“ ხარ, შენ „ქოცი“ ხარ, მიდიოდა ომი. თუმცა ზოგჯერ ამ ყველაფერს კამპანიური ხასიათიც ჰქონდა და კოლექტიურ ქმედებებსაც ვაწყდებოდით.
_ სოციალურ ქსელებში ქართულენოვანი მომხმარებლების დიდი ნაწილი მეჭიაურზე არანაკლებად აკრიტიკებს კიევის ყოფილ მერს, ლეონიდ ჩერნოვეცკის. მისი ფეისბუქგვერდის მიმართ უფრო სარკასტული დამოკიდებულება აქვთ. რა არის ამის მიზეზი?
_ მე მგონი, მისი აქტიურობა ვირტუალურ სივრცეში ცოტა მოძველებული იყო. დღევანდელი ქართული აუდიტორია ვერ დასჯერდება მეთოდებს, რომლითაც 90-იანი წლების ბოლოში კიევის მერის საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ურთიერთობდნენ.
_ ამ ინტერვიუს დასაწყისში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვრცლად ვისაუბრეთ, თუმცა ქვეყნის პოლიტიკური პალიტრა საკმაოდ მრავალფეროვანია. შევაფასოთ სხვა ჯგუფების პიარაქტივობები. დავიწყოთ „ლეიბორისტული პარტიისგან“.
_ „ლეიბორისტები“, მგონი, თემების ძებნაში არიან. ბოლო პერიოდში მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ონლაინ კაზინოებს და საფინანსო ინსტიტუტებს უკავშირდება, კერძოდ კი ონლაინ სესხებს. როგორც წესი, „ლეიბორისტების“ კომუნიკაცია გრძელვადიან ხასიათს არ ატარებს, განსხვავებით წინა წლებისგან. დღეს ეს პარტია მხოლოდ მათი ლიდერის აქტიურობაზე გახდა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, როგორც ცნობილია, მათი ძირითადი არხი ხალხთან საკომუნიკაციოდ „ობიექტივია“. ძირითადად, ამ ინტერნეტ-ტელევიზიას ითვისებენ ამ ეტაპზე. წამყვან არხებზე მათი სახეები მაინც ნაკლებად არიან წარმოდგენილნი და თუ მაინც ახერხებენ ცენტრალურ არხებზე გამოჩენას, დიდწილად საგარეჯოს არჩევნებზე საუბრობენ. სხვა წამყვანი თემა მათგან ვერ მოვისმინე. ძალიან ზოგადი პატრიოტული მოწოდებებით გამოირჩევიან.
_ ირაკლი ალასანიას გუნდზე რას გვეტყვით? „თავისუფალი დემოკრატები“ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეები არიან ოპოზიციურ სპექტრში.
_ ალასანიას გუნდის წამყვანი თემა ე. წ. კაბელების საქმეა. ეს გასაგებიცაა, ალასანიას თანაგუნდელები დაკავებულნი არიან და ისინიც ცდილობენ ამ თემის მედიით ტირაჟირებას, თუმცა ხალხთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
_ „ეროვნული ფორუმი“ და საზოგადოებასთან ურთიერთობა?
_ „ეროვნული ფორუმის“ ბალანსზე ნაკლები აქტიურობაა, ზემოთ ნახსენები პარტიებისგან განსხვავებით. თქვენ გსმენიათ რამე მათ შესახებ? კოალიციიდან რომ გავიდნენ, ეგ გვაცნობეს ამას წინათ. „ფორუმზე“ თუ რამეს სამომავლოდ გავიგებთ, შემდგომ შევაფასოთ.
_ თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, შეგიძლიათ რეკომენდაციები მისცეთ ფორუმელებს? ვთქვათ, გუბაზ სანიკიძეს შეგიძლიათ ურჩიოთ, პიართან მიმართებით კონკრეტულად როგორი ნაბიჯები გადადგას?
_ მე ამაში ფულს ვიღებ, ასეთ რჩევებს საგაზეთოდ ვერ ჩამოვარიგებ, თან დიდად მომხრე არც ვარ ადამიანების გადაკეთების. პიარში მთავარია, შენი საქმიანობის პოზიტიური კუთხე მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინო და თემების ნიველირება მოახდონო.
_ თემას ცოტა გადავუხვიეთ, მაგრამ ამ კითხვაზეც საინტერესო იქნება თქვენი პასუხი: თუ არსებობს გამზადებული სქემები, რომელთა თანმიმდევრულად შესრულების შემთხვევაში ნებისმიერი ტიპის ადამიანისთვის პოპულარობა გარანტირებულია?
_ ასეთი სქემები არ არსებობს. ვთქვათ, ამას და ამას გააკეთებ და ხვალ ყველაზე პოპულარული გაიღვიძებ, რადგანაც ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. ამ ტიპის მზა მეცნიერული რეცეპტები რომ არსებობდეს, ამას პარტიები გამოიყენებდნენ. ხალხი ყველა კატეგორიის ადამიანს არ მიიღებს, რაც არ უნდა პიარტექნოლოგები დაახვიო თავს.
_ რა შეცდომებს უშვებენ, ძირითადად, პოლიტიკური ორგანიზაციები და მათი ლიდერები ხალხის გულის მოსაგებად გასავლელ გზაზე?
_ ჩვენს საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური ძალებისთვის რესურსები არსებობს. პარტიებმა ეს უნდა გამოიყენონ. მე ვისურვებდი, რომ ისინი მეტად იყვნენ ფოკუსირებული კონკრეტულ აუდიტორიაზე.
_ არ შემიძლია არ გკითხოთ ბოლო პერიოდში მიმრავლებულ ახალბედა პარტიებზე. ყოფილი ხელისუფლების ნაწილმა დააფუძნდა პარტია „გირჩი“. სულ ახლახან პაატა ბურჭულაძე გამოვიდა ავანსცენაზე. არიან უფრო მოკრძალებული რესურსებისა და რეიტინგის მქონე სუბიექტები, ვთქვათ, გიორგი ვაშაძის სახით. რამდენად აქვთ მათ შანსი, ამომრჩევლის გულები რომ მოიგონ? დავიწყოთ „გირჩის“ პიარსტრატეგიის შეფასებით.
_ ასე რომ შევაფასო, _ „გირჩის“ პიარი ვარგა თუ არა, არაპროფესიონალურად გამომივა. მათი კომუნიკაცია მაინც განსხვავებულია გაბატონებული ტენდენციებისგან. ისინი ხაზს უსვამენ, რომ სხვანაირები არიან და ეს, ალბათ, საინტერესოა, თუმცა როგორ იმოქმედებს მათ პოლიტიკურ გეგმებზე, ძნელი სათქმელია. პაატა ბურჭულაძე დიდი ხანია, ამ ნაბიჯის გადადგმას აპირებს, ამიტომ მე ვერ გავიგე შემზადების საჭიროება. ჯერ ფონდის თემები წამოიწია, შემდეგ გამოგვიცხადეს, პოლიტიკაში მოდისო. რა გამოიკვეთება და როგორ, დრო გვაჩვენებს. თავად პარტიას კარგი სახელი აქვს, _ „სახელმწიფო ხალხისთვის“. ვფიქრობ, ბატონი ბურჭულაძე საინტერესო პოლიტიკური ფიგურა იქნება. სხვებსაც აქვთ შანსები, თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამენ. ზოგადი განცხადებები შეიძლება კომერციულად მომგებიანი იყოს, მაგრამ მაინც მოკლევადიანი ეფექტი აქვს _ ვიწრო ჯგუფებზე მუშაობის პრაქტიკა ჩვენში ნაკლებია. ნებისმიერი პროდუქტის თავიდანვე ფართო აუდიტორიაზე გათვლა მაინც არასწორია. მარტივ მაგალითს მოვიყვან: ლიმონათის მწარმოებლებიც ასე უდგებიან საქმეს _ ჩვენი აუდიტორიაა, ვთქვათ, მშობელი და ბავშვი, თუმცა კი ლიმონათს ყველა ვსვამთ; შემდეგ ეტაპობრივად ზრდიან არეალს, ერთვებიან სხვა აუდიტორიებზეც და ეფექტიც არ აყოვნებს.
_ სამთავრობო ჯგუფებს მივუბრუნდეთ: მათგან ყველაზე გამორჩეული მაინც „რესპუბლიკური პარტიაა“.
_ „რესპუბლიკელებმა“ არსებობის მანძილზე დიდი ისტორია გაიარეს, აქვთ ცნობადობა, ქართული აუდიტორია ყოველთვის აქცევს ყურადღებას ადამიანურ რესურსს, სპიკერები ჰყავთ და რესურსებს სწორად იყენებენ.
_ პოლიტიკოსების გარეგნულ მხარეზე რას გვეტყვით? როგორ უნდა გამოიყურებოდნენ ისინი ვიზუალურად? გარწკვეულწილად ესეც ხომ განაპირობებს მათ წარმატებას?
_ მე ამის სპეციალისტი არ ვარ. ერთი შეხედვით, არ შემიმჩნევია, რომ ვინმე ბომჟივით გამოიყურებოდეს. სიმართლე გითხრათ, ასეთ რამეებს დიდ ყურადღებას არ ვუთმობ. ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, სანდო კომუნიკაცია. კარგი ვიზუალური ეფექტი თუ სხვა რაღაცით გამყარებული არაა, შედეგს ვერ იძლევა.
_ და მაინც, ქალი პოლიტიკოსების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია მათი ვუზუალური მხარე, ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ნინო ბურჯანაძეა, რას იტყვით მასზე?
_ ჩემი საქმიანობა არ არის, რომელიმე პოლიტიკოსს ვურჩიო, შეიღებოს თუ არა თმა. ქალბატონი ბურჯანაძე ბოლო პერიოდში ნაკლებად ჩნდება მედიით. ალბათ, ჯერ წინასაარჩევნოდ არ დაუწყია მუშაობა, ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხებზე მათი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან საერთოდ არანაირი აქტივობა არ შემიმჩნევია ამ ბოლო დროს.
_ ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე რას გვეტყვით?
_ ზედმეტად თავდაჯერებული ჩანდა. ღარიბაშვილმა თავი დაგვამახსოვრა, როგორც გაბრაზებულმა პოლიტიკოსმა. მისი კომუნიკაცია აგებული იყო „ნაცების“ კრიტიკაზე. ხისტი პოლიტიკოსის ნიშა მოირგო.
_ ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ გადავიდეთ ჩრდილოელ მეზობელზე. რას გვეტყვით რუსულ პროპაგანდაზე? რა ხრიკებს იყენებს ამ ქვეყნის მეთაური, რომ უფრო საინტერესოდ წარმოჩნდეს პუბლიკის წინაშე?
_ რუსულ პროპაგანდისტულ არხებს თვალს არ ვადევნებ. რაც შეეხება პუტინს, მას ორი-სამი სიტყვით დავახასიათებდი: ამ ორი-სამი სიტყვიდან ერთი ისეთია, რომ საჯაროდ ვერ წარმოვთქვამ.
_ შეგიძლიათ გვითხრათ, რომელ პარტიას უჭერთ მხარს? და აქვე: თუ გითქვამთ უარი რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან თანამშრომლობაზე?
_ ორივე კითხვაზე მაქვს ერთი პასუხი _ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.
_ როგორი შემოდგომა გველოდება პიართვალსაზრისით?
_ ჯერ რეალურად მარათონი არ დაწყებულა. მართალია, აქა-იქ რამდენიმე ყრილობა ჩატარდა, თუმცა ძირითად პოლიტიკურ პარტიებში სიები არ შედგენილა. წინ დიდი გადანაწილებები გველის. ჩემი პროგნოზი ასეთია: ძალიან აქტიური შემოდგომა გველის, იმდენად აქტიური, რომ პარტიები უფრო მეტად დააბნევენ ამომრჩევლებს, ვიდრე მათ აზრის ჩამოყალიბებაში დაეხმარებიან. თითოეულ სუბიექტს დიდი ძალისხმევის შედეგად მოუწევს ამომრჩევლის მიყვანა ურნებთან. წინასაარჩევნოდ, ისევე როგორც ცხოვრებაში, ზოგადად, გულწრფელობაა მნიშვნელოვანი, პოლიტიკოსთა ქმედებები სანდოობით უნდა იყოს გაჯერებული.
ზაზა სვანაძე