„ღარიბაშვილზე ჭკვიანის“ რეპლიკის დასტურად, _ ენმ ოდესიდან იმართებაო, _ „ქართული ოცნების“ მომხრეებს გასულ კვირას კიევში ორი ვიზიტი მოჰყავთ, რომელთა შესახებ ოფიციალურად არ გაცხადებულა: კიევში თითქმის ერთდროულად გაემგზავრნენ გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია.
როგორც წესი, ასეთი მგზავრობის მიზანი, უმეტესწილად, სააკაშვილთან შეხვედრებია ხოლმე, მაგრამ ძალიან ხშირად ჭირს იმის გარკვევა, ეს შეხვედრა წინასწარ შეთანხმებულია თუ არა?
როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში წინასწარი შეთანხმება არსებობდა _ სხვაგვარად ვაშაძე არ გაირჯებოდა და თავად არ გაფრინდებოდა კიევში. გავიხსენოთ ენმ-დან „გირჩის“ შემადგენლობის წასვლა _ მაშინ მომავალმა გირჩელებმა სააკაშვილთან პირადად სცადეს ურთიერთობის გარკვევა და კიევში გაფრენას პალიკო კუბლაშვილი გეგმავდა, მაგრამ მისგან თანხმობა ვერ მიიღეს: საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა ყოფილი თანამებრძოლების მიღება დაბლოკა.
თუმცა ისიც გასახსენებელია, რომ მაშინ მიხეილ სააკაშვილმა ბევრად უფრო მსუბუქი განცხადება გააკეთა, ვიდრე ენმ-დან ვაშაძის წასვლის დროს, როცა პირდაპირ განაცხადა, რომ ამგვარი პერიოდული გასვლა ენმ-დან „ოლიგარქის წესებით თამაშია“. ანუ პირველ შემთხვევაში რასაც არა უშავდა, ის საპრობლემო გახდა მეორეჯერ და ეს გასაგებიცაა _ გამონაკლისების პრეცედენტებად ქცევა ყოველთვის ბევრად უფრო საშიშია.
გიორგი ვაშაძის საქებრად ის უნდა ითქვას, რომ მან კიევში სააკაშვილთან შეხვედრის მკაცრად გასაიდუმლოება შეძლო: არც თვითონ და არც ოდესის გუბერნატორს განცხადებები აღარ გაუკეთებიათ. ჩვენი წყაროს ცნობით, ვაშაძემ კიევში „რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა“, ანუ შეთანხმება თავდაუსხმელობის, ან მომავალში რაიმე სახით თანამშრომლობის შესახებ ვერ შედგა.
სამაგიეროდ, ვაშაძემ დაბრუნებისთანავე აქტიურად გააგრძელა ის, რაც წასვლამდე, ჯერ კიდევ, 10 მაისს, თბილისში დაიწყო: მასობრივი დისკუსიების მოწყობა თბილისსა და რეგიონებში. მეტიც, ჩამოსვლისთანავე მან ახალი და მთავარი ოფისის გახსნაც დააანონსა. ასე შეემატა საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს კიდევ ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია „ახალი საქართველო“.
როგორც სათაურიდან ჩანს, „ვაშაძის პარტიის“ მთავარი სამიზნე მაინც ენმ-ს ამომრჩეველთა ის ნაწილია, რომელიც ახლისკენ, განახლებისკენ მანიაკური ლტოლვითა და ახალი სახეების ისტერიული მოთხოვნით გამოირჩევა. ამ მხრივ ვაშაძემ, დიახაც, კარგად დაიჭირა ამომრჩევლის ამ ნაწილის განწყობა და, როგორც ენმ-ს ძველ მომხრეებად და მხარდამჭერებად მიჩნეულთა სოციალურ ქსელებში აქტიურობა ცხადყოფს, მათი გული მოიგო კიდეც.
შესაძლოა, სწორედ ვაშაძემ, თავისი ცნობილი განცხადებით, _ ათეულში მქონდა ადგილი გარანტირებული, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან პარტიის განახლება არ ხდებაო, სათავე დაუდო ჭორებს იმის თაობაზე, რომ ენმ-ს სიის პირველ ოცეულში ძველი სახეები და პარტიის ცნობილი ლიდერები იქნებიან. საბოლოოდ დამტკიცებული ენმ-ს სია უკვე არსებობს, თუმცა მანამდე არაერთხელ გავრცელდა „სარწმუნო წყაროებზე“ დაფუძნებული ცნობები, სადაც პირველ ათეულში გიგა ბოკერია, ხოლო ოცეულში გოგორიშვილი, მაჭავარიანი და ბოკუჩავა ფიგურირებენ.
საბოლოოდ, ენმ-ს პირველი ათეულის სიამ ბევრ შეკითხვას გასცა პასუხი და რადიკალურად განწყობილთა უმრავლესობაც კი დააშოშმინა. სიის ამ ნაწილში არსადაა, ჭორების თანახმად, „უზურპატორად“ მიჩნეული გიგა ბოკერია და, საერთოდ, ენმ-ს ძველი, აქამდე ცნობილი სახეებიდან მხოლოდ დათო ბაქრაძე და სერგო რატიანი გვევლინებიან _ სიის გამხსნელი ბაქრაძითა და ათეულის ჩამკეტი რატიანის სახით.
ენმ-ს მომხრეებმა სიის ათეულში, ძირითადად, რამდენიმე ადამიანი მოისაკლისეს, აქედან უმრავლესობა, თითქოს, შეთანხმდა, რომ ათეულში გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი უნდა დასახელებულიყვნენ. ბევრმა „ნამეტნავად“ მიიჩნია მეორე ნომრად ელენე ხოშტარიას დასახელება, სააკაშვილთან დაკავშირებით მისი განცხადებების გამო. როგორც გახსოვთ, ელენე ხოშტარიამ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული აქციების დროს განაცხადა, რომ სააკაშვილი საერთოდ არ უნდა ერეოდეს ქართულ პოლიტიკაში და „უკრაინას მიხედოს“. თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სიაში ყოველ გადაადგილებასა და ცვლილებებზე სააკაშვილი საქმის კურსში იყო და ის მისი ვიზირებულიცაა, უნდა ითქვას, რომ ხოშტარიას დასახელება პირველ ნომრად მხოლოდ სააკაშვილის მხრიდან პირადი წყენის უგულებელყოფაზე მეტყველებს.
ენმ-ს მომხრე რადიკალური ჯგუფი კი სიაში რომან გოცირიძის დასახელებასა და მეოთხე ნომრად მის აღზევებას იწუნებს, რადგან მიიჩნევს, რომ ის „პუტჩისტი იყო“. არა, გოცირიძეს ავტომატით ხელში რუსთაველზე არ ურბენია _ ის უზენაესი საბჭოს ერთ-ერთ განცხადებაშია მოხსნიებული, როგორც პუტჩისტების მხარდამჭერი, ისევე როგორც, მაგალითად, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, აკაკი ბაქრაძე, ნოდარ ნათაძე, აკაკი ბობოხიძე და სხვები.
ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბოლო დროს აქტიური პირების ასეთი ჩართულობა ენმ-ს წინასაარჩევნო კამპანიაში და, საერთოდ, მათი თანხმობა, ჩაეწერათ სიაში, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არა იმდენად სააკაშვილის, რამდენადაც ადგილზე ენმ-ს მართვაში პასუხისმგებლობის ამღები გიგა ბკერიას ფაქტორმა განაპირობა.
გიგა ბოკერია აღმოჩნდა სწორედ ის პირი, ვის ირგვლივაც ეს ადამიანები გართიანდებიან და დღეს ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არა ბოკერია, პირველი ათეული არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ბოკერია უარს ამბობს სიტუაციის მიხედვით მოქმედებაზე, მას არ უყვარს ხუშტურებით გადაწყვეტილების მიღება, შუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს და არგუმენტირებულად უმტკიცოს საწინააღმდეგო სააკაშვილსაც კი, რის გამოც ხმები იმის თაობაზე, რომ მან „მიშას პარტია აახია“, პერიოდულად ჩნდება. სინამდვილეში კი ის, რაც ენმ-ში მიმდინარეობს, პარტიისთვის აბსოლუტურად ნორმალური პროცესია.
თუ ენმ-ს ერთიანი სიის პირველ ათეულზე, ასე თუ ისე, საერთო აზრი არსებობს, ძალიან დიდი ვნებათაღელვა, სავარაუდოდ, წინაა მეორე ათეულთან დაკავშირებით, სადაც შედიან რეგიონული და თბილისის ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პირებიც.
ალბათ წლევანდელი წინასაარჩევნო სეზონი პირველია, როცა ენმ-ს ორგანიზაციების მიერ კანდიდატების წარდგენის პროცესში ცენტრალური ოფისის გავლენის კვალი მინიმალური იყო. ესეც სწორედ „უზურპატორი“ ბოკერიას დამსახურებაა, თუმცა ენმ-ს მომხრები ამბობენ, რომ ზოგ შემთხვევაში, იქნებ, ჩაურევლობას ჩარევა თუ არა, მითითება მაინც სჯობდა?
მაგალითად, ზუგდიდის შემთხვევაში, სადაც ადგილობრივმა ორგანიზაციამ სრულიად გაუგებარი არჩევანი გააკეთა სამი დასახელებულიდან ერთის შემთხვევაში: ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც კანდიდატადაა წარდგენილი, 2012 წელს, ჯერ კიდევ, ხელისუფლების შეცვლამდე დაინიშნა განათლების ადგილობრივი რესურსცენტრის დირექტორად, მაგრამ მან მუშაობა ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც არათუ დაუბრკოლებლად გააგრძელა, წინა ხელისუფლების კრიტიკაც ხმამაღლა დაიწყო, ხოლო პირველი „ცვლილება“, რაც სამუშაო კაბინეტში მოახდინა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კედლიდან სააკაშვილის ფოტოს გაქრობა იყო. მართალია, მარგველაშვილის ფოტო არ ჩამოუკიდებია, სამაგიეროდ, მაშინ განათლების მინისტრად მყოფ „მარგველას“ დიდებული დახვედრა მოუწყო და დითირამბული სიტყვითაც მიმართა.
არასდროს, არსად მას არ გაუპროტესტებია მარგველაშვილის, როგორც განათლების მინისტრის მიდგომა თუნდაც კახა ბენდუქიძის მიერ დაარსებული უმაღლესი სასწავლებლების მიმართ. სამაგიეროდ, როცა 2014 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს, „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულმა, ისევ ენმ-ს მიაკითხა და, აი, აღზევდა კიდეც...
მოკლედ, კითხვის ნიშნები, ჯერ კიდევ, არსებობს, მაგრამ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ალბათ, კონსოლიდაცია უფროა საჭირო, ვიდრე უკვე გადაწყვეტილი ამბების განხილვა. არის თუ არა ენმ-ს სია „გამარჯვების სია“, როგორც მას ბევრი უწოდებს, შემოდგომაზე გამოჩნდება.
ლაშა ბერულავა