საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, უფროსის პირველი მოადგილე სოსო-იოსებ გოგაშვილი, მოწმენდილ ცაზე ისე გამოჩნდა, როგორც ნაწვიმარზე ახლად ამოსული სოკო. არავინ იცის, საიდან მოვიდა ეს კაცი და საით მიდის. ერთი კი ცნობილია, _ ქიზიყური კლანის ბოლო მედროშე გოგაშვილია. რამდენი ხანი იქნება ის ამ თანამდებობაზე, უცნობია...
ახლა კი ის, რაც „ქრონიკა+“-მა შეიტყო:
2012 წლის მერე კახეთი პოლიტიკური ეპიცენტრი გახდა... ამბობენ, კახელი მმართველები ოჯახისთვის არ ვარგიანო, მაგრამ აქ შევცდით...
ქიზიყში ერთი ხუმრობა იციან: ზუგდიდში მეგრელი რაიკომის მდივნად დაინიშნა და სახლში დარეკა, _ ვინც ჩემიანები ხართ, მოდით, ყველას გასაქმებთო. პარალელურად, წითელწყაროში ქიზიყელი დაინიშნა რაიკომის მდივნად და სოფელში დედას შეუთვალა, _ ჩემს ძმებსა და ნათესავებს უთხარი, ახლა ჩემი დროა და ყოფას ვუტირებო... ეს ხუმრობით, მაგრამ ცხადი კი ის არის, რომ კახეთში ცნობილმა ანეკდოტმა ვერ გაამართლა. როგორც ქიზიყელები იტყოდნენ, სარეველა ბალახივით მოდებული ქიზიყური კლანი არც ისე ადვილად ამოსაძირკვი გახდა ბატონი მოქალაქისთვის... ერთი შეხედვით თამაზაშვილ-ღარიბაშვილის კლანის დასუსტება აუხდენელ სიზმრად დარჩა, მაგრამ რა გამოდგა ასეთი ეს დედოფლისწყარო, რომ სულ სამთავრობო ნაკადი გაზარდა, დღემდე დიდ ამოცანად რჩება...
რას წარმოიდგენდა დიდი ხნის წინ ქიზიყელი გლეხი, რომ ქიზიყური კლანი ასე სიგრძე სიგანეზე გადაიჭიმებოდა? მართალია, ღარიბაშვილი გაქრა, ჯანყარაშვილი აღარ ჩანს, მაგრამ მათი ზურგის ხერხემალი _ იოსებ, იგივე სოსო გოგაშვილი, კვლავ „ცვეტშია“.
გოგაშვილი დედოფლისწყაროს ზემო მაჩხაანიდან არის. ზემო მაჩხაანი აღმოსავლეთ საქართველოს უკიდურეს ნაწილში მდებარეობს. მას განსაკუთრებულად ლამაზ სოფლად ახასიათებენ ქიზიყელები. იგი დედოფლისწყაროს რაიონიდან, დაახლოებით, 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სოფელში დღეს 3000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
სოფელს ერთი განსაკუთრებული ლეგენდა აქვს:
ალაზნის ველზე მტერი შემოსეულა, ქიზიყის სოფლები დაუწვავს, ხალხი დაუხოცავს, ქვა ქვაზე აღარ დარჩენილა, მხოლოდ ერთი ქალი და ბავშვი გადარჩენილან. დედამ, თურმე, ტყეს შეაფარა თავი და შიშით გაზარდა შვილი. ვაჟს ჭაბუკა ერქვა და გვარად მანჩხა იყო. ბიჭი გაიზარდა, გამრავლდა და მის ნაფუძარს მაჩხაანი ეწოდა. ასე გადარჩა ქიზიყი, რომელსაც ძველად კამბეჩოვანი ერქვა ქედმოუხრელობის გამო. სოფელში შემონახულია, აგრეთვე, ძველი სათვალთვალო კოშკი, რომელსაც ბენაანთ კოშკს უწოდებენ. ნამდვილად არ ვიცი, ამ ბენაანთ კოშკზე ამძვრალი გოგაშვილი რაზე ოცნებობდა, ან მის ოცნებაში სუს-ის უფროსის მოადგილეობა, ან შს მინისტრის მოადგილეობა თუ იყო სადმე, ესეც ამოუხსნელი დაგვრჩება, ალბათ, მაგრამ ბენაანთ კოშკზე გაზრდილ ბალღს თუ თანასოფლელები ასე დიდ კაცად ნახავდნენ, ამას ვინ წარმოიდგენდა?!
ალბათ, გოგაშვილის დამსახურებაა, 2015 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის განსაკუთრებული ოდენობა რომ სწორედ მაჩხაანზე დაიხარჯა და არა ქვემო ქედზე.
გოგაშვილების ოჯახის ახლობელი კი ასე იხსენებს დღეს ჟოზეფ ფუშედ მოვლენილ კარდინალის წარსულს:
_ სოსო გოგაშვილს დედოფლისწყაროს რაიონში არავინ იცნობს. პატარაობისას სოფლიდან გაუსვლელი ბიჭი იყო, რაიონში არც დიდი სამეგობრო ჰყავდა და არც არავის ხვდებოდა თვალში...
_ კარგად სწავლობდა?
_ არც ისე, რომ დაგვმახსოვრებოდა სამეზობლოში. გოგაშვილების ოჯახი მატერიალურად არცთუ ისე კარგად ცხოვრობდა. პატარა სახლი ჰქონდათ, ვენახი, ყანა და ოჯახი, ძირითადად, მეცხოველეობით ირჩენდა თავს.
_ ახლა როგორ ცხოვრობენ?
_ ახლა, აბა, რა უნდა გითხრათ? მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინათ სერიოზული ვალები დაიდო ოჯახმა. ბანკში და კერძო მევახშეებთან (გამპროცენტებლები) უზარმაზარი ვალის გამო თავის ჩამოხრჩობამდე იყვნენ მისულები...
_ რისი ვალები ჰქონდათ?
_ რა ვიცი, ოჯახს რას გაუგებ? მაგრამ ისეთები იყვნენ, გარეთ არ იყურებოდნენ.
_ ასე თუ არავინ იცნობდა, დღეს როგორ არის თანამდებობაზე?
_ ზვიადამ გაიყვანა მაგ ადგილზე.
_ ჯანყარაშვილმა?
_ ხო...
_
ე. ი. მეგობრებიც ჰყოლია.
_ ჯანყარაშვილი სოსოს ცოლის ოჯახის, მარტყოფლიშვილების ახლობელია.
_ ცოლი საიდან ჰყავს?
_ აქაურია.
_ მერე, დღესაც უჭირთ?
_ მერე რაღა. დღეს კი ცხოვრობს ყველას გასაკვირად.
თურმე, კაცს, რომელსაც სოფელში „კლიმენტიჩს“ ეძახდნენ, სოფლის „ბოტებიც“ გაიხადა და თანამდებობის პირიც გახდა. მანამდე გასულ წლებში ხან რაზე ჩალიჩობდა და ხან _ რაზე. ხან ყურძნის დამზადებაში შოულობდა ორ კაპიკს, ხან საქონელს ყიდულობდნენ და თბილისში აბარებდნენ, მაგრამ ძირითადი შემოსავალი სისტემატურად არსაიდან ჰქონდათ.
_ ყურძნის დამზადება რაღაა?
_ ქარხნებისთვის ყურძენს აგროვებ და ისე აბარებ, წინა წლებში ასე იყო.
_
ანუ ჩაბარებაში?
_ კი.
_ თბილისში როდიდან გადავიდა?
_ სტუდენტობის მერე, მაგრამ ხან აქ იყო და ხან _ იქით.
გოგაშვილზე საუბარს ქიზიყში იმაზე მეტად ერიდებიან, ვიდრე „ძიგოზე“, „ძიგოს“ კი თამაზაშვილს ეძახიან. უცნაურია, _ ქიზიყი თავისი მეტსახელებით იმაზე მეტს გეტყვის, ვიდრე ვრცელი ავტობიოგრაფია.
ცხოვრება ხომ ურმის ბორბალია?! ხან აღმა მიდის და ხან _ დაღმა. რის ან ვის ხარჯზე აშენებს სოსო ზემო მაჩხაანში დიდ სასახლეს, არავინ იცის. იციან, რომ ფული იშოვა, ბევრი იწვალა და იშოვა. იციან, რომ მის სახლს დაბალი ღობე აღარასდროს ექნება. იციან, რომ სოსო დიდი კაცია და მარანი მარტო რაიონის ცენტრში კი არ უნდა იყოს, აქაც _ მაჩხაანშიც საჭიროა. ალბათ, გოგაშვილმა ისიც იცის, რომ იმ ურმის ბორბალს ორივე მხარეზე ატრიალებს ცხოვრება და სანამ დროა, მანამდე ასწრებს. სოფელმა ბევრი რამე იცის. ისიც იცის, რამდენი ჰქონდა ვალი გოგაშვილებს, სულ რაღაც, 5 წლის წინათ. ისიც იცის, ნასესხები ფული რამდენი აღარ მიუბრუნეს უკან, მაგრამ ჯერ თევზივით ჩუმად არის. ბოლოს აქაც, როგორც ვულკანმა იცის გაღვიძება, ხალხი საუბარს გადაწყვეტს და მერე სოსო ლეგენდად დარჩება...
იყო და არა იყო რა, იყო ერთი „კლიმენტიჩი“. ასე იცხოვრა, თუ ისე იცხოვრა, ბოლოს გამოჩნდება...
P. S. დასასრულ, ბატონო სოსო თუ იოსებ? არ ვიცი, ეს სახელი სტალინის პატივსაცემად დაგარქვეს, თუ ბაბუის... ეჭვი მაქვს, ბაბუათქვენს იოსები არ ერქვა, ეჭვი მაქვს, ვერც სოსელოდ გამოდგებით... არ ვიღებ ქრთამს, ნუ შეეცდებით მოსყიდვას, არ მეშინია ციხის, რადგან იქაც ისე ვგრძნობდი თავს თავისუფლად, როგორც ახლა, ამ წუთში, ჩემს აივანზე, არ მეშინია სიკვდილის, სამსახურიდან ვერავის გამომიგდებთ, თუ ჩემს შვილებს სკოლიდან გამოაყრევინებთ, სახლში ვასწავლი... დღეიდან მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე თქვენი ქიზიყური ხოშებისა და ცოდვების გამოქვეყნებას ვიწყებ... თეთრ ხელთათმანს არ გესვრით... ეს ხელთათმანი უკვე აქეთ ისროლეთ... ასე რომ, შევხდვდებით შემდეგ სამშაბათს იგივე მისამართზე, _ „ქრონიკა+“.
მაკა მოსიაშვილი