გაგრძელება. დასაწყისი იხ. ,,ქრონიკა+“ ##11-16.
ზახარ ივანიჩ შაშურკინი _ ადამიანი, რომლის სახელიც მჭიდროდ უკავშირდება საქართველოში 1937 წლის რეპრესიების ისტორიას. იგი არ იყო გამომძიებელი, იგი არ მოითხოვდა პატიმრებისგან ყალბ აღიარებით ჩვენებებს. შინსახკომის თანამშრომლები მისთვის არ წარმოადგენდნენ ავტორიტეტს. მას არ აშინებდა შინსახკომის ფორმა _ პირიქით, უფრო ,,ჩეკისტებს“ ეშინოდათ მისი. შაშურკინი თბილისის შინსახკომის შიდა ციხის კომენდანტი გახლდათ.
სტალინის პერიოდის შინსახკომის ციხეებში კომენდანტი ხელშეუხებელი, შეუცვლელი ადამიანი იყო. ამ თანამდებობაზე მხოლოდ გამოცდილი, განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირი ინიშნებოდა. კომენდანტის დაქვემდებარებაში იყვნენ ციხის ზედამხედველები. კომენდატურა უზრუნველყოფდა გამომძიებელთა ყველა იმ განკარგულების აღსრულებას, რომელიც ციხის შიდა რეჟიმს უკავშირდებოდა. მას ეხებოდა პატიმართა მიღება, მათი ბადრაგირება, საკნებში განაწილება, ციხეში წესრიგის დაცვა, პაემნის ორგანიზება, ამანათების დარიგება. და რაც ყველაზე მთავარია _ სწორედ ციხის კომენდანტს მოჰყავდა სისრულეში სასიკვდილო განაჩენი. კომენდანტის ძირითად ფუნქციას სწორედ ეს წარმოადგენდა. იგი ჯალათი იყო!
ზახარ შაშურკინი ასტრახანელი თათარი იყო. იგი ღარიბ ოჯახში დაიბადა. როდესაც 18 წელი შეუსრულდა, წითელ არმიაში მოხალისედ ჩაეწერა. 1920 წელს მე-11 არმიასთან ერთად აზერბაიჯანში აღმოჩნდა. ბაქოში შაშურკინს `ჩეკაში~ მუშაობა შესთავაზეს და სწორედ იქ გაიცნო თავისი მომავალი მფარველი _ ლავრენტი ბერია.
პატარა ტანის გახლდათ და მოკლედ შეჭრილ ულვაშებს ატარებდა. პროლეტარული წარმოშობის მიუხედავად, იგი თავისი გვარით ამაყობდა. შაშურ _ თათრულად მეფეს ნიშნავდა. იმ პერიოდში ,,ასტრახანელი მონარქის“ მთელ ქონებას მხოლოდ წითელარმიელის დაძონძილი ტანსაცმელი და ოფიცრის ნახმარი ჩექმები შეადგენდა.
როდესაც ბერია საქართველოში გადაბარგდა, ცოტა ხანში შაშურკინიც თან წაიყვანა. ზახარი ჯერ უმნიშვნელო სამუშაოებს ასრულებდა, მაგრამ ბერიას დაწინაურების პარალელურად ისიც წინ მიიწევდა. ბერიას რეკომენდაციით ზახარი შინსახკომის შიდა ციხის კომენდანტად დაინიშნა. მასზე ბედნიერი ადამიანი ქვეყანაზე არ დადიოდა. ზახარ ივანიჩი მნიშვნელოვანი პირი გახდა. ერთადერთი ავტორიტეტი მისთვის მხოლოდ ბერია იყო. შაშურკინი მის სახელს აღმერთებდა და ლავრენტი პავლოვიჩის ბრძანებებს დაუფიქრებლად ასრულებდა.
ბერიას დახმარებით შაშურკინმა სამსახურთან ახლოს _ ძერჟინსკის 11 ნომერში სამოთახიანი ბინა მიიღო. ზახარ ივანიჩს პერსონალური ავტომობილი დაუნიშნეს. მძღოლი კომენდანტს მოწიწებით ესაუბრებოდა და პატივისცემის ნიშნად მანქანის კარს უღებდა.
დისციპლინის მოყვარულ ზახარ ივანიჩს სახლში ყაზარმული მდგომარეობა ჰქონდა დამყარებული. ცოლი მარია მის ბრძანებებს უსიტყვოდ ემორჩილებოდა. სათანადოდ იყო გაწვრთნილი შაშურკინის გერი, 8 წლის ანტონიც. როდესაც ზახარ ივანიჩს ეძინა, ბინაში სრული სიჩუმე იდგა. მარია და მისი შვილი სასადილო ოთახში სკამზე გაუნძრევლად ისხდნენ.
შაშურკინის ბუნებაზე საკმაოდ კარგად მეტყველებს ცოლის მოყვანის ისტორია: ერთხელ ციხის ზედამხედველმა სტეპან კოვშოვმა შაშურკინი თავის ახლობლებთან წვეულებაზე დაპატიჟა. ზახარი მასპინძლებს საერთოდ არ იცნობდა, თუმცა კომენდანტი ამის გამო უხერხულობას ნაკლებად გრძნობდა. იგი ფიქრობდა, რომ შინსახკომის ფორმა ყველაფრის უფლებას აძლევდა.
კომუნალურ ბინაში წვეულება დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც მთვრალი შაშურკინი წამოდგა, მის წინ მჯდომ ახალგაზრდა ქალს ხელი ჩაავლო და სუფრიდან გაიყვანა. ქალს მარია ერქვა და წვეულებაზე ქმართან ერთად იყო მოსული. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ხმის ამოღება ვერც მარიას ქმარმა, გურგენმა გაბედა. შაშურკინმა ქალს განუცხადა, რომ ამიერიდან მისი ცოლი იქნება და სახლში წაიყვანა.
სამსახურის საქმეებზე ოჯახში არასოდეს საუბრობდა. ცოლს მხოლოდ ის უნდა სცოდნოდა, რომ იგი პარტიის მნიშვნელოვან დავალებას ასრულებდა, რომელიც დიდ ენერგიას და სრულ მობილიზაციას მოითხოვდა.
სახლში მკაცრ შაშურკინს მეზობლებში კეთილი და გულღია ადამიანის სახელი ჰქონდა. მუდამ მომღიმარი ზახარ ივანიჩი შეხვედრისას სალამს პირველი იძლეოდა, მხიარულ ისტორიებს ყვებოდა და ეზოში ბავშვებს ეთამაშებოდა. შინსახკომელის ფორმაში გამოწყობილი მეზობელი, რომელსაც ფანჯრის რაფაზე ქოთნის ყვავილები ჰქონდა ჩამწკრივებული, ერთი შეხედვით, გულითადი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
მაგრამ, ჯერჯერობით, თავი დავანებოთ ზახარ შაშურკინს. მის საქმეებზე ცოტა მოგვიანებით გავაგრძელებთ თხრობას. ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ ტერორის ერთ ეპიზოდზე, რომლის შესახებაც ნაკლებად არის ცნობილი. საქმე ეხება თავად შინსახკომის სტრუქტურაში ჩატარებულ რეპრესიებს და ამ ისტორიაში შაშურკინს მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა.
სტალინის მიერ დაგეგმილი წმენდა საზოგადოების ყველა ფენას ეხებოდა და ამ თვალსაზრისით გამონაკლისს არც ის ორგანო წარმოადგენდა, რომლის ხელითაც ხორციელდებოდა რეპრესიები.
საქართველოს შინსახკომის თანამშრომელთა შორის აქტიური დაპატიმრებების სერია 1937 წლის ზაფხულში დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს დაჭერები მოსკოვში მიმდინარე ანალოგიური პროცესის გამოძახილი იყო. შინსახკომის სტრუქტურაში რეპრესიების დაწყებას 1936 წელს მიეცა ბიძგი, როდესაც საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი, ჰენრიხ იაგოდა, სტალინის შერისხულთა სიაში აღმოჩნდა. სწორედ იაგოდამ განახორციელა რეპრესიების ძირითადი ეტაპი. იგი ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირში ფართომასშტაბიანი ტერორის პირველ ეტაპს. იაგოდა იძიებდა სერგეი კიროვის მკვლელობის საქმეს. მისი უშუალო მონაწილეობით მომზადდა და ჩატარდა კიროვის მკვლელობის შემდეგ, კამენევ-ზინოვიევის პირველი გახმაურებული პოლიტიკური პროცესი. თუმცა, როგორც ირკვევა, იაგოდა ბელადის მითითებებს დიდი ენთუზიაზმით არ ასრულებდა და პარტიის ხელმძღვანელის ბრძანებებს შინაგანად ეწინააღმდეგებოდა კიდეც. ეჭვიანი ბუნების სტალინმა იაგოდას ყოყმანი მაშინვე იგრძნო და იგი თავიდან მოიშორა.
1936 წლის სექტემბერში, როდესაც რეპრესიების პროცესი ახალი დაწყებული იყო, სტალინმა პოლიტბიუროს წერილი გაუგზავნა, სადაც იაგოდას მოქმედებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა და მის შეცვლას ითხოვდა: ,,მიმაჩნია, რომ აუცილებელია შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად, იაგოდას ნაცვლად, ეჟოვი დავნიშნოთ. ტროცკისტული ბლოკის გამოაშკარავების საქმეში იაგოდა ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე. შინსახკომმა ამ საქმეში ოთხი წლით მაინც დაიგვიანა“.
სტალინის წერილზე პოლიტბიურომ მყისიერი რეაგირება მოახდინა. 1936 წლის 27 სექტემბერს იაგოდა თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად სტალინის ერთგული ნიკოლაი ეჟოვი დანიშნეს. იაგოდა ფოსტისა და ტელეგრაფის კომისრად გადაიყვანეს, მაგრამ საქმე ამით არ დასრულებულა. 1937 წლის აპრილში იაგოდას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. იაგოდა იმ ციხეში აღმოჩნდა, სადაც ცოტა ხნის წინათ მისი ბრძანებით დაკავებული კამენევი და ზინოვიევი იმყოფებოდნენ. საქმემ კომიკური სახე მიიღო _ გამოძიების მოთხოვნის შემდეგ იაგოდამ აღიარა, რომ არა მარტო კიროვის, არამედ კუიბიშევის, გორკისა და მენჟინსკის მკვლელობებშიც მონაწილეობდა. ერთწლიანი საგამოძიებო პროცესის შემდეგ იაგოდა დახვრიტეს.
სწორედ იაგოდას დაპატიმრების შემდეგ დაიწყო შინსახკომის თანამშრომელთა მასობრივი რეპრესიები. გამომძიებლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ პატიმრების წამებაში, მსხვერპლის როლში თავად აღმოჩნდნენ. ყოფილი კოლეგები მათ ზუსტად ისეთივე სისასტიკით ექცეოდნენ.
საქართველოს შინსახკომში თანამშრომელთა დაპატიმრებისთვის სამზადისი 1937 წლის მარტში დაიწყო. ბერიას დავალებით მთელ ამ პროცესს ბოგდან ქობულოვის მე-4 საიდუმლო პოლიტიკური განყოფილება ამზადებდა.
შინსახკომი პირობითად ათ განყოფილებად იყოფოდა. საქმეების ფაბრიკაციასა და ტერორში თითქმის ყველა მათგანი იყო ჩართული. გამონაკლის წარმოადგენდა მხოლოდ ორი განყოფილება: ეს იყო სარეგისტრაციო მერვე განყოფილება, სადაც სტატისტიკა და არქივი შედიოდა და მეცხრე სპეცგანყოფილება, სადაც საიდუმლო შიფროგრამებზე მუშაობდნენ. საჭიროების მიხედვით იყენებდნენ მეშვიდე განყოფილებასაც, რომლის მოვალეობაში შედიოდა საზღვარგარეთ სადაზვერვო საქმიანობის წარმოება _ ისინი პროფესიონალი მზვერავები იყვნენ, როგორც წესი, მათ შიდა სამზარეულოსთვის არ აცდენდნენ და რეპრესიებში მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს რთავდნენ.
ტერორის კამპანიაში სრულფასოვნად მონაწილეობდა მესამე კონტრდაზვერვის განყოფილება, მეექვსე სატრანსპორტო განყოფილება (ბრძოლა მავნებლებთან სატრანსპორტო სისტემაში) და მეხუთე განსაკუთრებული განყოფილება, რომელიც შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო ფლოტს კურირებდა. მაგრამ 1937 წლის რეპრესიების დროს შინსახკომში წამყვანი ადგილი მე-4 საიდუმლო პოლიტიკურ განყოფილებას ეკავა.
მე-4 განყოფილების მიერ შინსახკომის თანამშრომელთა წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ მის შესახებ მხოლოდ ქობულოვთან დაახლოებულმა რამდენიმე თანამშრომელმა იცოდა. მათ რიცხვში შედიოდნენ: ალექსანდრე ხაზანი, გიორგი პარამონოვი, კონსტანტინე სავიცკი და ნიკიტა კრიმიანი. ისინი ბოგდან ქობულოვის პირად გვარდიას წარმოადგენდნენ და მათ ბერიაც ახლოს იცნობდა.
სწორედ ისინი აწარმოებდნენ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს 1937 წლის რეპრესიების დროს. მათ ხელში გაიარა ყველა ძველმა ქართველმა ბოლშევიკმა: ბუდუ მდივანმა, მამია ორახელაშვილმა, პეტრე აღნიაშვილმა, მიხეილ ოკუჯავამ, მამია ქართველიშვილმა და ა. შ. ქობულოვის ხელმძღვანელობით მათ ჯერ შეიმუშავეს, შემდეგ კი პრაქტიკაში დანერგეს რეპრესიების ძირითადი სისტემა საქართველოში.
ამ ოთხეულში განსაკუთრებით ხაზანი გამოირჩეოდა, რომლის მიერ გამოწერილი ორდერის საფუძველზე საქართველოში 1400-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. იგი ოდესელი ებრაელი გახლდათ. 30-იანი წლების დასაწყისში ხაზანი ოდესიდან ამიერკავკასიის შინსახკომში მიავლინეს, სადაც მე-4 განყოფილებაში ჩაირიცხა.
1920-იანი წლების ბოლოს ხაზანი ტროცკისტულ ოპოზიციასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ შემდეგ შინსახკომის სტრუქტურაში დაიწყო მუშაობა და ყოფილ თანამოაზრეებს დაუნდობლად სდევნიდა. მას აშკარად არაჯანსაღი ფსიქიკა ჰქონდა. თავისუფლებაზე მყოფ მოქალაქეებს ფარულ ტროცკისტებად მიიჩნევდა და ყველას ეჭვით უყურებდა. კაბინეტში სპეციალურ კარტოთეკას ინახავდა. ორი ათასზე მეტ დოსიეში ინფორმაცია იმ პირებზე ირიცხებოდა, ვისაც ხაზანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვედრია.
პატიმრებს პირველივე დაკითხვაზე სცემდა. როდესაც მთავარ ჩვენებას მიიღებდა, საქმეს უკვე მისი თანაშემწეები ასრულებდნენ. ხაზანი აკონტროლებდა ციხეში დამსმენთა სისტემას. პატიმრების რიცხვიდან სუსტი ნებისყოფის ადამიანებს არჩევდა და საკნებში აგენტებად იყენებდა.
ხაზანი მიიჩნევდა, რომ პარტიის მტრები და კონტრრევოლუციონერები შინსახკომის სტრუქტურაშიც მრავლად იყვნენ და სრულიად იზიარებდა ბერიას დირექტივას შიდა წმენდის ჩატარების შესახებ.
როდესაც მე-4 განყოფილებამ შიდა რეპრესიების მომზადების ბრძანება მიიღო, ხაზანის წინადადებით ქობულოვმა საიდუმლო ბრძანება გამოსცა, რომელიც მხოლოდ ქობულოვის განყოფილების თანამშრომლებს გააცნეს. ეს ბრძანება გამომძიებლებს ტროცკიზმის ბრალდებით დაკავებული პატიმრისთვის სპეციალური კითხვის დასმას ავალდებულებდა. კითხვა შემდეგი სახით იყო ფორმულირებული: `რა იცით შინსახკომის თანამშრომელთა კონტრრევოლუციური საქმიანობის შესახებ და ვინ შეგიძლიათ კონკრეტულად დაასახელოთ ამ კუთხით?~ მე-4 განყოფილებამ შინსახკომის თანამშრომლებზე ფარულად ინფორმაციის შეგროვება დაიწყო.
ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებაში, შინსახკომის სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ქიშპი, ინტრიგების ხლართვა და დაპირისპირება ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. ამ თვალსაზრისით მე-4 განყოფილება ყველაზე მეტად მე-6 სატრანსპორტო განყოფილებასა და მე-3 კონტრდაზვერვის განყოფილებას მტრობდა. მე-6 განყოფილებას მიხეილ ძიძიგური ხელმძღვანელობდა. ძიძიგური გაუნათლებელი, უხეში და პრეტენზიული ადამიანი იყო. ყველას ზევიდან უყურებდა. თანამშრომლებს არც კი ესალმებოდა. საბჭოთა ტიპის ახალი ბატონი იყო. წვერის გასაპარსად ყოველდღე სახლში დალაქი აკითხავდა, თუმცა მასაც ამრეზით ექცეოდა. ერთხელ თმის შესაკრეჭად მისულმა დალაქმა თავისი პალტო ძიძიგურის სამხედრო ფარაჯის გვერდით დაკიდა. ძიძიგურმა ეს ისე იუკადრისა, რომ დალაქი კინაღამ დააპატიმრეს.
დავითაშვილის ქუჩაზე ძიძიგურს ძვირფასი ავეჯით გაწყობილი ხუთოთახიანი ბინა ჰქონდა. დასვენების დღეებში სატრანსპორტო განყოფილების ხელმძღვანელი სახლში სტუმრებს იღებდა და ბილიარდის თამაშით იქცევდა თავს.
თავის დროზე, იგი ამიერკავკასიის იუსტიციის სახალხო კომისრის მოადგილე გახლდათ, შემდეგ მთავარი პოლიტ-სამმართველოს საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების უფროსი იყო, ბოლოს კი საქართველოს შინსახკომის მე-6 განყოფილების ხელმძღვანელად გადაიყვანეს.
1937 წელს ძიძიგურის მეთვალყურეობითა და პირდაპირი მითითებით ხდებოდა საქმეების ფაბრიკაცია და აღიარებითი ჩვენებების გამოძალვა. მისი განყოფილება იძიებდა სერგო ორჯონიკიძის ძმის _ პაპულია ორჯონიკიძის, ძველი კომუნისტის, მიხეილ ოკუჯავას (პოეტ გალაკტიონ ტაბიძის ცოლისძმა), ამიერკავკასიის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ლევან აღნიაშვილის საქმეებს. ნებისმიერი საქმიდან შინსახკომის თანამშრომლები პირად სარგებელს იღებდნენ და ამ თვალსაზრისით გამონაკლისს არც ძიძიგური წარმოადგენდა. მაგალითად, 1936 წლის ნოემბერში, მიხეილ ოკუჯავას დაპატიმრების შემდეგ, მისი ბინა ძიძიგურმა მიისაკუთრა და იქ სოფლიდან ჩამოსული ნათესავები შეასახლა.
იგი არც თავის ერთგულ თანამშრომლებს ივიწყებდა. დაპატიმრებული აღნიაშვილის ბინა ძიძიგურის თანამშრომელს გადაეცა. აღნიაშვილი, რომელიც 1932 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო, სახლში უძველესი ხელნაწერების კოლექციას ინახავდა. ამ კოლექციას ახალი მეპატრონეები უბრალო ქაღალდად ხმარობდნენ. ბინის დიასახლისი შვილს ხელნაწერებში გახვეულ კარაქიან პურს ატანდა სკოლაში.
საერთოდ, დაპატიმრებული პირების ძვირფასი და გამოსადეგი ნივთების მისაკუთრება შინსახკომის თანამშრომლებს შორის გავრცელებული პრაქტიკა იყო. კონფისკაციის შემდეგ ეს ნივთები შინსახკომის სპეცმაღაზიებში ნაწილდებოდა, რომელიც შიდასაუწყებო ობიექტს წარმოადგენდა და მხოლოდ შინსახკომის თანამშრომლებს ემსახურებოდა. სპეცმაღაზიაში ნივთები კაპიკებად იყიდებოდა და მათ გამო შინსახკომის მაღალჩინოსანთა მეუღლეები ერთმანეთში ჩხუბობდნენ.
მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ძიძიგურს. თავის დროზე იგი ბაქოში მუსავატურ პოლიციაში მსახურობდა და საკმაოდ კარგად იცნობდა ბერიას. თავისთავად ცხადია, რომ მუსავატურ დაზვერვაში მუშაობის შესახებ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავდა, მაგრამ ეს ამბავი 1928 წელს მაინც გახმაურდა და იგი პარტიიდან გარიცხეს. მაშინ ძიძიგურს ბერიამ უპატრონა და სამუშაოდ ბანდიტიზმის განყოფილებაში გადაიყვანა, შემდეგ კი პარტიაშიც აღადგინა.
1934 წელს ბერიამ ძიძიგურს აცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის წარდგენას ფიქრობდა. თანამშრომლები ძიძიგურს ულოცავდნენ და მის წინაშე მლიქვნელობდნენ, მაგრამ ბერიამ უეცრად გადაწყვეტილება შეცვალა და ძიძიგურის ნაცვლად კომისრად სერგო გოგლიძე დანიშნა. ბერიასა და ძიძიგურს შორის ურთიერთობა გაფუჭდა.
ამას ისიც დაემატა, რომ ძიძიგური ბერიას პირად მოწინააღმდეგე ტიტე ლორთქიფანიძესთან ღიად ურთიერთობდა. თავის დროზე ლორთქიფანიძეს ამიერკავკასიის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის პოსტი ეკავა, მაგრამ ბერიასთან დაპირისპირებას ვერ გაუძლო და სამუშაოდ ყირიმის შინსახკომის უფროსად გადაბარგდა. ძიძიგური ყირიმში ტიტეს ხშირად აკითხავდა და ორჯერ ოჯახიც კი ჩაიყვანა დასასვენებლად. ამიტომ ლოგიკურად ჩანს, რომ მე-4 განყოფილებამ ძიძიგურზე დარტყმა, სავარაუდოდ, სწორედ ბერიას მითითებით დაიწყო.
დარტყმის მეორე ობიექტი კონტრდაზვერვის მე-3 განყოფილება და მისი უფროსი პეტრე მხეიძე გახლდათ. მხეიძე საკუთარი საქმისა და პარტიის ფანატიკური ერთგული იყო. იგი იდეური ბოლშევიკი გახლდათ. წარმოშობით აზნაურთა ფენას ეკუთვნოდა, მაგრამ კომუნისტური მოძღვრებით, ჯერ კიდევ, 16 წლის ასაკში მოიწამლა. 1918 წელს უკვე პარტიის წევრი გახდა. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყების ჩაქრობაში. საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება პარტიამ უყურადღებოდ არ დატოვა და იგი შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა.
1937 წლის რეპრესიებში მხეიძის განყოფილებას ერთ-ერთი საკვანძო ადგილი ეკავა. მხეიძე ძიებას აყალბებდა, მაგრამ სჯეროდა, რომ ამას ქვეყნისა და პარტიის სასიკეთოდ აკეთებდა. პირადი ცხოვრება საერთოდ არ აინტერესებდა, ამის გამო მეუღლესთან მუდმივი უკმაყოფილება ჰქონდა. თავის ერთადერთ შვილსაც კი იშვიათად ხედავდა. მთელ დროს შინსახკომში ატარებდა და რაც უფრო რთული იყო საქმე, მით უფრო აზარტში შედიოდა.
სწორედ მხეიძის განყოფილება იძიებდა რუსთაველის თეატრის მსახიობთა საქმეს. მისი პირადი მითითებით დააპატიმრეს რეჟისორი სანდრო ახმეტელი, მისი მეუღლე თამარ წულუკიძე და თეატრის 20-მდე თანაშრომელი. მის ანგარიშზეა ცნობილი მეცნიერის, საქართველოს ბაქტერიოლოგიის ფუძემდებლის, გოგი ელიავას დაპატიმრება და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში განხორციელებული დაჭერების მთელი სერია.
შინსახკომის თანამშრომელთა შორის რეპრესიების აქტიური ფაზა 1937 წლის ზაფხულში დაიწყო. პირველ რიგში ბერიას ძველი მოწინააღმდეგე, ტიტე ლორთქიფანიძე დააპატიმრეს. 22 ივნისს უკრაინის შინსახკომმა ქართველი კოლეგებისგან ლორთქიფანიძის დაპატიმრების მოთხოვნა მიიღო. ლორთქიფანიძის საქმე კრიმიანს მიჰყავდა. როდესაც ტიტე ამიერკავკასიის შინსახკომს მეთაურობდა, მაშინ კრიმიანი უბრალო ოპერრწმუნებული იყო. დერეფანში ლორთქიფანიძესთან შეხვედრისას სუნთქვა ეკვროდა და სალამს სმენაზე გაჭიმული აძლევდა, ახლა კი მის წინაშე გაჭიმული თავად ლორთქიფანიძე იდგა. ყოფილ უფროსს კრიმიანი პირადად სცემდა და მისგან საქართველოს შინსახკომში არალეგალური ორგანიზაციის მეთაურობის აღიარებას ითხოვდა.
ხანგრძლივი წამების შემდეგ ლორთქიფანიძემ დაკითხვის ოქმს ხელი მოაწერა, სადაც თანამზრახველებად შინსახკომის თანამშრომელთა 20-მდე გვარი იყო მითითებული. კონტრდაზვერვის შეფს პეტრე მხეიძეს და სატრანსპორტო უწყების უფროსს მიხეილ ძიძიგურს ამ სიაში წამყვანი ადგილი ეკავათ.
როდესაც 1937 წლის 7 ივლისს მხეიძის კაბინეტში საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლები შევიდნენ და მას დაპატიმრების შესახებ აუწყეს მხეიძემ ყურებს არ დაუჯერა. დასაპატიმრებლად მოსულ სერგო დავლიანიძესთან დილით იგი შინსახკომის სასადილოში საუზმობდა. საუზმეზე ერთმანეთში ჩვეულებრივად საუბრობდნენ, დავლიანიძე რაღაცაზე იცინოდა კიდეც. მხეიძემ გახუმრება სცადა, მაგრამ კოლეგები არ ხუმრობდნენ. კონტრდაზვერვის უფროსს იარაღი ჩამოართვეს და კომენდატურაში გადაიყვანეს.
იმავე დღეს დააპატიმრეს მიხეილ ძიძიგურიც. გამომძიებლის როლში მრისხანე ძიძიგური დამყოლი პატიმარი გამოდგა. პირველივე დაკითხვაზე კრიმიანმა ძიძიგური უმოწყალოდ სცემა. სატრანსპორტო განყოფილების უფროსი თავის დასაცავად მაგიდის ქვეშ შეძვრა, რითაც გამომძიებლებში მხიარულება გამოიწვია. იგი სწრაფად გატყდა და ძიებას საჭირო ჩვენება მისცა. ძიძიგურმა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრებად შინსახკომის 30-მდე თანამშრომელი დაასახელა.
დაპატიმრებამდე კრიმიანს ძიძიგურთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. იცნობდა მის მეუღლე მარიას და 9 წლის ვაჟს ომარსაც. სატრანსპორტო განყოფილების უფროსის ოჯახში წვეულებებზე კრიმიანი ხშირად დადიოდა და ბილიარდის ბურთებსაც აზარტით აგორებდა. როდესაც ძიძიგური დააპატიმრეს, დავითაშვილის ქუჩაზე მდებარე 5-ოთახიანი ბინა, გოგლიძის ბრძანებით, კრიმიანს გადაეცა. ძიძიგურის ოჯახი ღია ცის ქვეშ გამოყარეს. დაკითხვებზე პატიმრად ქცეულ თანამშრომელს კრიმიანი ეუბნებოდა, რომ მისი ოჯახის წევრები კარგად იყვნენ, მათ ყურადღებას აქცევდა და ყოველდღე აკითხავდა.
ძიძიგურისგან განსხვავებით პეტრე მხეიძემ ჩვენებებს ხელი არ მოაწერა. იგი დაპატიმრებას გაუგებრობად მიიჩნევდა და განთავისუფლების იმედი ჰქონდა. როდესაც საკანში შეიყვანეს, კონტრდაზვერვის უფროსი იმ პატიმრების გარემოცვაში აღმოჩნდა, ვის საქმეებსაც იგი უშუალოდ იძიებდა. მხეიძეს ვერ წარმოედგინა, რომ მას ბოლომდე გაწირავდნენ. გოგლიძის სახელზე უამრავ განცხადებას წერდა. კომისარს ტროცკისტთა საქმის გახსნაში თავის დამსახურებას ახსენებდა, ამტკიცებდა, რომ იგი უდანაშაულოა და ტიტე ლორთქიფანიძეს წყევლიდა:
პეტრე მხეიძე: ,,მხეცივით ვზივარ საკანში მავნებლებისა და დივერსანტების გვერდით. მაგალითად, ჩემს საკანში იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი კომისარი მამალაძე. მამალაძის საქმეს მე ვიძიებდი, ახლა კი მის გვერდით ვარ. რატომ მამყოფებთ დამნაშავეების გარემოცვაში, როდესაც უდანაშაულო ვარ?
თუ შეიძლება, ჩემი კუთვნილი ხელფასიდან მომცეთ თუთუნის შესაძენი თანხა. თამბაქო თავდავიწყების საშუალებას მაძლევს. ვფიქრობ, თამბაქო ფუფუნება არ არის, რომ ამ თხოვნაზე უარი მითხრათ“.
იგი დაპატიმრების შემდეგაც გამომძიებლად რჩებოდა. ხაზანს, რომელსაც მხეიძის საქმე მიჰყავდა, საკნის საუბრებით და პატიმართა განწყობის ამსახველი ინფორმაციით საკუთარი ინიციატივით ამარაგებდა:
პეტრე მხეიძე: ,,გაცნობებთ ჩემს თანასაკნელ ვლადიმერ ქარუმიძესთან საუბრის შინაარს. 8 აგვისტოს მან განმიცხადა, რომ დაკითხვის დროს გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა. მე მას ვურჩიე, რომ თუ იგი სიმართლეს ამბობს, მაშინ ამის შესახებ წერილი უნდა დაწეროს გოგლიძის სახელზე“.
შინსახკომში მუშაობა საშიში გახდა. ჩეკისტები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ხელშეუხებელნი იყვნენ, საკნებში ჩასვეს. ის, ვინც ადრე დაკითხვას აწარმოებდა, ახლა თავად წერდა აღიარებით ჩვენებას. თავისუფლებაზე დარჩენილი გამომძიებლები დაპატიმრებულ კოლეგებზე დასმენების წერას ერთმანეთს ასწრებდნენ. ერთმანეთს უნდობლად უყურებდნენ, დერეფანში საუბრებს გაურბოდნენ და ყველაფერზე ეჭვს გამოთქვამდნენ. კონტრდაზვერვისა და სატრანსპორტო განყოფილებებში თითქმის ყველა თანამდებობის პირი აიყვანეს. აპატიმრებდნენ როგორც ქვეგანყოფილების ხელმძღვანელებს, ასევე უბრალო გამომძიებლებსა და სამეურნეო ნაწილის თანამშრომლებსაც.
ძიძიგურთან ერთად ციხეში ჩასვეს, სატრანსპორტო განყოფილების ექიმი ივანე ნიკოლაიშვილი. ნიკოლაიშვილი მე-6 განყოფილების სამედიცინო ნაწილს ხელმძღვანელობდა და განყოფილების უფროსთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. ძიძიგური მას ოჯახის პირად ექიმად იყენებდა. დაკითხვაზე ძიძიგურმა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრად ნიკოლაიშვილიც დაასახელა. იგი 15 ივლისს დააპატიმრეს და აღიარებით ჩვენებას მისგან პირველივე დაკითხვაზე მიაღწიეს. ნაცემმა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში ძიძიგურმა იგი ძალდატანებით ჩაითრია. საკანში ნიკოლაიშვილმა გოგლიძის სახელზე მონანიების წერილი დაწერა, სადაც სიცოცხლის შენარჩუნებას ითხოვდა:
ივანე ნიკოლაიშვილი: `გთხოვთ, განმაცალკევოთ ამ ცოფიანი ძაღლების ჯგუფისგან, როგორც არა აქტიური წევრი. ძიძიგურს მუშათა სისხლით სურდა დიადი სტალინის საქმის ჩახრჩობა, მაგრამ პარტიისა და შინსახკომის მახვილმა მზერამ მას ამის საშუალება არ მისცა. გთხოვთ, მომხსნათ ხალხის მტრის სამარცხვინო სახელი და სიცოცხლე შემინარჩუნოთ. დამასაქმეთ, სადაც გსურთ. სიამოვნებით შევასრულებ ნებისმიერ სამუშაოს და არ შევარცხვენ თქვენ მიერ ნაჩუქარ სიცოცხლეს~.
ზაფხულის განმავლობაში შინსახკომში 40-ზე მეტი თანამშრომელი დააპატიმრეს. რამდენიმე თვეში ყოფილ თანამშრომლებზე საქმის გამოძიება უკვე დასრულებული იყო. მათ უმრავლესობას დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს.
ახლა კი უკვე დროა, თბილისის შინსახკომის შიდა ციხის კომენდანტს, ზახარ შაშურკინს დავუბრუნდეთ. განაჩენის გამოტანის შემდეგ პატიმარი უკვე მთლიანად კომენდანტის განკარგულებაში იყო და იგი მხოლოდ განაჩენის აღსრულებისთვის აუცილებელ ბრძანებას ელოდა.
პატიმართა დიდი ნაკადის გამო შინსახკომის ციხეში სიკვდილმისჯილთათვის ცალკე საკანი არ არსებობდა. საკანში როგორც დასახვრეტად განწირული ადამიანი, ასევე, ჯერ კიდევ, ძიების პროცესში მყოფი პატიმარი იჯდა. როდის გაიყვანდნენ დახვრეტაზე მსჯავრდადებულს არავინ იცოდა.
ის პატიმარი, რომელიც ციხეში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, დახვრეტის სამზადისს დილიდანვე ხვდებოდა. პირველი ნიშანი სატვირთო მანქანის გამოჩენა იყო. ძრავის ხმაური იმ პატიმრებს ესმოდათ, რომელთა სარკმლებიც ციხის ეზოში გადიოდა. მანქანა დილის 11 საათზე მოდიოდა. მის საბარგულზე ჯარისკაცები ბარებს და ნიჩბებს ტვირთავდნენ.
ნახევარი საათის შემდეგ სატვირთო ავტომობილი ციხის შიდა ეზოს ტოვებდა _ ეს იმას ნიშნავდა, რომ სპეციალური კონტინგენტი საფლავის გასათხრელად წაიყვანეს. დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ მანქანა უკან ბრუნდებოდა და საბარგულიდან ბარების დაცლას იწყებდნენ.
დღის 5 საათზე, შაშურკინის განკარგულებით, კომენდატურის თანამშრომელი ყველა საკანში შედიოდა და პატიმართა გვარებს აზუსტებდა. ვის გაიყვანდნენ, არავინ იცოდა. ზოგიერთი პატიმარი ნერვულ დაძაბულობას ვერ უძლებდა და ჭკუიდან იშლებოდა.
შუაღამისას სატვირთო მანქანა კვლავ მოდიოდა. ღამის სიჩუმეში სამხედროების გადაძახილი და მკვეთრი ბრძანებების ხმა ისმოდა. დახვრეტის ოპერაციას თავიდან ბოლომდე შაშურკინი ხელმძღვანელობდა.
ყველა საკანის წინ ორი ჯარისკაცი იდგა. კარის გაღებასთან ერთად კომენდატურის თანამშრომელი პატიმრის გვარს ასახელებდა, რომელიც გარეთ უნდა გამოსულიყო. ვინც ბრძანებას არ ემორჩილებოდა, ან შიშისგან ისტერიკაში ვარდებოდა, დერეფანში ძალით, სპეციალური რკინის კაუჭის საშუალებით გაჰყავდათ.
საკნებიდან გამოთრეულ პატიმრებს კომენდატურის შენობაში ხელებს უკრავდნენ და სატვირთო ავტომანქანის საბარგულზე აჰყავდათ. პატიმრებს თბილისიდან 18 კილომეტრში, სოღანლუღის სიახლოვეს, ღია მინდორში ხვრეტდნენ. მანქანიდან პირველი შაშურკინი ჩამოდიოდა. გზაში ზახარ ივანიჩი ყოველთვის ერთ ბოთლ არაყს სვამდა.
თამარა ტესტოვა (ექთანი): ,,დახვრეტაზე ყოფნა თითქმის ყოველ ღამე მიწევდა. ჩემს მოვალეობაში შედიოდა შინსახკომის იმ თანამშრომლებისთვის დახმარების აღმოჩენა, რომლებიც დახვრეტების დროს ცუდად ხდებოდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც პატიმართა დიდი პარტიის დახვრეტისას კომენდანტ შაშურკინს გული წაუვიდა. დახვრეტას ესწრებოდნენ გამომძიებლები: ხაზანი, კრიმიანი, სავიცკი და პარამონოვიც. დახვრეტის წინ ისინი სიკვდილმისჯილებს სცემდნენ“.
ევტიხი სურმავა (ზედამხედველი): ,,პატიმრებს დიდ ჯგუფებად ხვრეტდნენ. განსაკუთრებით შემზარავი ის იყო, რომ საფლავთან მდგომი ზოგიერთი პატიმარი ჯალათებს გვეძახდა. იყო შემთხვევები, როდესაც ლოზუნგებს ყვიროდნენ: ,,გაუმარჯოს ლენინ-სტალინის პარტიას, ჩვენ უდანაშაულოდ ვიღუპებით“.
1937 წელს სოღანლუღის მინდორში ერთ ღამეს 40-მდე პატიმარი იხვრიტებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც სიკვდილმისჯილთა რიცხვი დღეში 300 ადამიანს აჭარბებდა. დახვრეტის ყველა ოპერაციას შაშურკინი პირადად ხელმძღვანელობდა.
1937 წლის 15 სექტემბრის ღამეს შაშურკინს სიკვდილმისჯილთა მორიგი პარტია გადაჰყავდა. დახვრეტის ოპერაცია კომენდანტისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. ადამიანებს ავტომატურად ესროდა და ამას აუცილებელ სამუშაოდ მიიჩნევდა. თუმცა 15 სექტემბერი შაშურკინისთვის განსაკუთრებული დღე იყო _ მას სოღანლუღში დასახვრეტად საკუთარი ნაცნობები მიჰყავდა. სატვირთოს საბარგულში, სხვა პატიმრებთან ერთად, სიკვდილმისჯილი შინსახკომის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. კომენდანტი სამსახურში მათთან ყოველდღე ურთიერთობდა. ზოგიერთი მისი კარგი ნაცნო