QronikaPlus
ფოტორეპორტაჟი „სანდომის“ საწარმოდან _ რას ჭამენ ბავშვები?!

ფოტორეპორტაჟი „სანდომის“ საწარმოდან _ რას ჭამენ ბავშვები?!

2016-05-22 07:47:15

2004 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ყველა ქვეყანას მოუწოდა ადამიანთა პოპულაციის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ხმარებიდან ამოიღონ ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტები. რიგ ქვეყნებში (მაგალითად, დანია) ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტებით ვაჭრობა სასტიკად აკრძალულია, მკაცრად არის შეზღუდული არგენტინასა და ბრაზილიაში, კერძოდ, დაშვებულია 2%-იანი შემცველობა პროდუქტში, რუსეთში _ 8%. რაც შეეხება აშშ-ს, იქ ეტიკეტზე მითითების ვალდებულებაა დაწესებული. ევროკავშირში ერთიანი პოზიციისა და საკანონმდებლო ცვლილების მომზადება 2014 წლიდან დაიწყო და მისი თანდათანობითი აკრძალვის პროცედურა, სავარაუდოდ, 2020 წლამდე გასტანს. საქართველოში ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტებით ვაჭრობა დღესდღეობით საერთოდ არ რეგულირდება.   ლია თოდუა _ ბიოლოგი, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თავმჯდომარე: _ რომელი საკვები შეიცავს ტრანსცხიმებს? _ მარგარინები, სპრედები და მათი გამოყენებით დამზადებული პროდუქტები. მარგარინი არის ქიმიურად დამუშავებული მცენარეული ზეთი. დამუშავების მიზანი არის ცხიმის თხევადიდან მყარ, კარაქისმაგვარ ფორმაში გადაყვანა. ამისთვის კი უჯერი ცხიმები ქიმიურად უნდა გარდაიქმნას ნაჯერ ცხიმებად. მარტო ნაჯერი ცხიმებისგან შემდგარი მასა მაგარი და უხეშია (საცხისებური მასა). იმისთვის, რომ ეს მასა კარაქივით რბილი გამოვიდეს, საჭიროა მასში ზეთის შეზელვა. თუმცა უფრო იაფია ჰიდროგენიზაციის პროცესის „შუა გზაზე“ შეჩერება, როცა უჯერი ცხიმების მხოლოდ ნაწილია ნაჯერ ფორმაში გადასული და ცხიმის მასა ჯერ არ გაუხეშებულა. მეწარმეთა უმრავლესობა სწორედ ასეთ, არასრული ჰიდროგენიზაციის პროცესს იყენებს მარგარინის მისაღებად. პრობლემა ის არის, რომ ასეთი პროცესის შედეგად ცხიმის მასაში დარჩენილი უჯერი ცხიმოვანი მჟავების ნაწილი „გადაიგრიხება“, ანუ ტრანსცხიმებად იქცევა. _ საქართველოში როგორ რეგულირდება აღნიშნული საკითხი? _ იმ ქვეყნებში, სადაც პროდუქტში შემავალი ტრანსცხიმების შესახებ ინფორმაციის ეტიკეტზე დატანა სავალდებულო არ არის (როგორც ეს საქართველოშია), ასეთი პროდუქტი საშიშროებას წარმოადგენს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების  ჯანმრთელობისთვის.   რაც შეეხება, პალმის ზეთს, მასზე ექსპერტები არაერთგვაროვან შეფასებას დებენ. ზოგი მიიჩნევს, რომ იგი მავნებელია, ზოგი ასეთი რადიკალური შეფასებებისგან თავს იკავებს. თუმცა იმდენად, რამდენადაც მის მავნებლობასა და აკრძალვის აუცილებლობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნა არ დევს, „ქრონიკა+“ მხოლოდ ამით შემოიფარგლება. „ქრონიკა+“ ეცდება, სისტემატურად მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ საკვებ პროდუქტებზე, რომელიც საქართველოში იწარმოება (ასევე იმპორტირებულ პროდუქციაზე). რაც მთავარია, ამას ისე გავაკეთებთ, როგორც ყოველთვის _ ფაქტებზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით. ვეცდებით, რომ დასკვნა და შეფასება თავად ჩვენმა მკითხველმა, იგივე მომხმარებელმა გამოიტანოს... ამიტომაც ხსენებულ მასალას რეპორტაჟის სახეს მივცემთ. „ქრონიკა+“ ამჯერად საკონდიტრო საწარმო „სანდომს“ ეწვია, რომელიც მალე „აისო“ სერტიფიკატის აღებასა და რამდენიმე თვეში შოკოლადების საწარმოს გახსნას აპირებს.   მერაბ ვასაძე: _ ჩვენი პროდუქცია მოსახლეობისთვის სრულიად უვნებელია. გამორიცხულია, მასში რაიმე მავნე ინგრედიენტები, ანდა მინარევები შედიოდეს. _ ბატონო მერაბ, ტრანსცხიმებს არ იყენებთ? _ ვიყენებთ მხოლოდ იმ ცხიმს, რაც სრულიად უვნებელია. ერთადერთი, რაც შეიძლება მოუვიდეს ჩვენს პროდუქტს ვადის გასვლის შემდეგ, გახმეს. _ ანუ ბავშვებს თავისუფლად შეუძლიათ მათი მიღება? _ რა თქმა უნდა. ამიტომაც შევიტანეთ განცხადება „აისო“ სერტიფიკატზე და იმედი გვაქვს, რომ მალე ავიღებთ.   „ქრონიკა+“ გთავაზობთ „სანდომის“ საწარმოში გადაღებულ ფოტომასალას, სადაც საკონდიტრო ნაწარმის დამზადების პროცესია ასახული. შეფასებისგან თავს შევიკავებთ, ეს თავად მკითხველმა გააკეთოს. გადავიღეთ საწარმო, სადაც ჰიგიენურ ნორმებს, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესს ვისურვებდით; რაც მთავარია, „სანდომის“ საწყობში ტრანსცხიმებისა და პალმის ზეთის მარაგი აღმოვაჩინეთ. საწარმოს დირექტორს არ დაუმალავს, რომ პროდუქცია მისგან მზადდება.   „ქრონიკა+“ ამის შემდეგ სურსათის უვნებლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, თეა შველიძეს დაუკავშირდა: _ შეიძლება თუ არა საკონდიტრო საწარმოში ფქვილთან, კრემთან, ჟელესთან და ა. შ დაუცველი ხელებით გქონდეს შეხება? _ შეიძლება, თუ ხელები დაბანილია. _ ამას ვინ აკონტროლებს, ხელები დაბანილია თუ არა? _ ამ წესებს საწარმოს ხელმძღვანელობა უნდა იცავდეს. _ ტრანსცხიმების გამოყენებაზე რას გვეტყვით? _ გასაგებია, რომ დანიაში აკრძალულია და ზოგ ქვეყნებში იზღუდება, მაგრამ ჩვენთან აკრძალვის რეგულაციები, ჯერჯერობით, არ არის. საქართველოში დადგენილია პროცენტი და მხოლოდ იმ პროცენტით უნდა გამოვიყენოთ. _ ტრანსცხიმები უნდა იყოს თუ არა მითითებული ეტიკეტზე? _ აუცილებლად, რა თქმა უნდა.    

                                                                                 თამარ როსტიაშვილი

     

გაზიარება