QronikaPlus
 „კაბელების საქმეზე” ნოდარ ხადური და ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაეკითხათ!

„კაბელების საქმეზე” ნოდარ ხადური და ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაეკითხათ!

2016-05-21 11:16:16

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე. წ. კაბელების საქმის ხუთივე ფიგურანტს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში სასამართლოდან გადაიყვანეს. ის, რომ კაბელების საქმე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური შურისძიება იყო, სადავოდ არავის გაუხდია. მთავარმა პროკურატურამ და სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სურვილების ნოტარიუსის ფუნქცია წარმატებით შეასრულეს. სისხლის სამართლის საქმეში რამდენიმე მოწმის _ დავით ხუბულურის, გურია შენგელიას, გოჩა გოთოშიას, ლევან ბუჩუკურის, კონსტანტინე გოთუას, გიორგი ჯალიაშვილისა და დავით ბოლქვაძის იდენტური ჩვენებები დევს. მოგვიანებით, დამოუკიდებელი ექსპერტი მარიკა ტოკლიკიშვილი, რომელსაც ექსპერტად მუშაობის 14 წლის სტაჟი აქვს, მათ შორის, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებებში და 4 წელი დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში, დაწერს, რომ „ორი სხვადასხვა მოწმე, ესე იგი ორი დამოუკიდებელი პიროვნება, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ისტორიას აღწერს და ერთ სიტუაციურ გარემოს, შეუძლებელია, მათი აზრის აწყობის სტრუქტურა, ლექსიკა და აზრის გაფორმება აბსოლუტურად ერთნაირი იყოს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ შვიდივე მოწმის დაკითხვის ოქმი არის ერთი პიროვნების სამეტყველო ქცევა და მის მიერ გადმოცემული ზეპირი ტექსტის ერთიანობა. ერთმანეთის იდენტურია დავით ხუბულურის, გიორგი ჯალიაშვილისა და გურია შენგელიას მოწმის სახით დაკითხვის ოქმების ძირითადი ნაწილი; ერთმანეთის იდენტურია ლევან ბუჩუკურისა და კონსტანტინე გოთუას მოწმის სახით დაკითხვის ოქმების ძირითადი ნაწილი; ერთმანეთის იდენტურია გოჩა გოთოშიასა და დავით ბოლქვაძის მოწმის სახით დაკითხვის ოქმები. მეტყველების სპეციფიკის გათვალისწინებით დავით ხუბულურის, გურია შენგელიას, გოჩა გოთოშიას, ლევან ბუჩუკურის, კონსტანტინე გოთუას, გიორგი ჯალიაშვილისა და დავით ბოლქვაძის ჩვენებები ერთმანეთის იდენტური და ერთი პიროვნების ნააზრევია“. რა დარღვევებია „კაბელების საქმეში“ და როგორ შეკერა საქმე მთავარმა პროკურატურამ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებსაც ფინანსებთან საერთოდ არ ჰქონიათ შეხება? ადვოკატ ლევან სამუშიას ექსკლუზიური ინტერვიუ „ქრონიკა+“-ს: _ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დამირეკა. მას სასამართლოდან შეატყობინეს, რომ ხვალ 10-ის ნახევარზე სასამართლოს განაჩენის გამოცხადება იქნება (ინტერვიუ ჩაწერილია კვირას, _ რედ.). ჩვენი მოლოდინი არის, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი: ეს იქნება გამამართლებელი განაჩენი, მე ვლაპარაკობ სამართლებრივ ჭრილში. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, ერთი მტკიცებულებაც კი, რაზედაც შესაძლებელია სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს დაეყრდნოს, არ არსებობს... პირველივე დღიდან ჩავერთე ამ საქმეში, როდესაც ბრალდებულები დააკავეს. შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეს სამართალთან, სამართლიანობასთან და კანონთან კავშირი არ ჰქონია, მაგრამ, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, სასამართლოს იმედი გვაქვს. ეს იმედი გამომდინარეობს მხოლოდ იქიდან, რომ ვერც ერთი მოწმე, ვერც ერთი მტკიცებულება სასამართლოზე ბრალდებულების წინააღმდეგ წარმოდგენილი ვერ იქნა. ბუნებრივია, როგორც ადვოკატი, შეიძლება სუბიექტური ვიყო, იმიტომ, რომ მხარე ვარ, მაგრამ ნებისმიერ ექსპერტს შეუძლია შეაფასოს როგორც ჩვენი დასკვნითი სიტყვა, ისევე ბრალდების მხარის სიტყვა, წარმოდგენილი მტკიცებულებები. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები სასამართლო პროცესს მუდმივ რეჟიმში აკვირდებოდნენ. ისინი თავის სიტყვას შემდგომში იტყვიან. ასე მგონია, სახალხო დამცველის წარმომადგენელიც დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას. ვერანაირ მტკიცებულებას ვერ მიაგნეს... ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, ერთადერთი, გამამართლებელი განაჩენის იმედი გვაქვს. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, იმ დანაშაულის ჩადენას, რომელიც სურვილი რომ ჰქონოდათ, არ შეეძლოთ, ჩაედინათ... _ რას გულისხმობთ, დეტალურად აგვიხსენით... _ რას ვგულისხმობ - 182-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი ნიშანი ამ შემთხვევაში არის: ის თანხები, რასაც ამ შემთხვევაშიც პიროვნებას ედავებიან, მართლზომიერ მფლობელობაში, ან განკარგვაში უნდა ყოფილიყო. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანს უნდა შეეძლოს ამ თანხის განკარგვა, მის მართლზომიერ მფლობელობაში ფინანსები ერთი საათით, ერთი წუთითაც მაინც უნდა იყოს, რომ მან ეს თანხა გაფლანგოს. ამ შემთხვევაში ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებიდან არც ერთ მათგანს ამ თანხასთან, საერთოდ, შეხება არ ჰქონია. არც ერთი მათგანის მართლზომიერ მფლობელობაში თანხა არ ყოფილა. ამ თანხის გამოყოფა მოხდა შემდეგნაირად: საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ბატონმა ნოდარ ხადურმა (ეს ოფიციალური დოკუმენტით დადასტურებულია და საქმის მასალებშიც დევს), საქართველოს მთავრობას კონკრეტული თანხის გამოყოფის შესახებ მიმართა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. ბუნებრივია, როდესაც მთავრობას მიმართავენ, ინიციატორი მხარე ვალდებულია, პროექტი შეისწავლოს, მთავრობაც ვალდებულია, იმსჯელოს და, შესწავლილი საქმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღოს. 2013 წლის 26 დეკემბერს მოხდა შემდეგი: ფინანსთა მინისტრმა მთავრობას თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით მიმართა. მიიჩნიეს, რომ თანხის მიზნობრიობა დადასტურებული იყო და მოთხოვნებს შეესაბამებოდა. საქართველოს მთავრობამ  იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით იმსჯელა და დაადგინა, რომ თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი პროექტის განსახორციელებლად თანხა გამოეყოფოდა. აღნიშნული თანხის გამოყოფაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერაა. _ ფინანსთა მინისტრი ხადური, ან ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არის თუ არა დაკითხული ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით? _ ბუნებრივია, ისმის კითხვა, _ ამ ხალხს თანხასთან შეხება საერთოდ არ ჰქონია, ისინი თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ტექნიკურ საკითხებს განსაზღვრავდნენ, რა სჯობია და როგორ. თანხა გამოიყო ბატონი ნოდარ ხადურის შუამდგომლობით და მთავრობის დადგენილებით. არც ბატონი ნოდარ ხადური და არც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაკითხულები არ არიან, რაზედაც ჩვენი პროტესტი გამოვთქვით, გამომძიებელს ვკითხეთ, რომ რატომ არ დაკითხეთ ეს ხალხი? არც ბატონი ალასანია დაუკითხავთ აღნიშნულ საკითხზე. თავდაცვის სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროს გადასცა, ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული პროექტი შეისწავლა, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ეს თანხა უნდა გამოყოფილიყო და მთავრობას მიმართა. ვიმეორებ: ხალხს იმ დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რა დანაშაულის ჩადენაც არ შეეძლოთ! მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანს რომ მოედავო ქურდობას თბილისში და ის ადამიანი ამ დროისთვის იმყოფებოდეს ან ქუთაისში, ან ზუგდიდში და სხვაგან... ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე. ამაზე  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ქ-ნ თოდუას დასკვნა არსებობს, რომ გამორიცხულია აქ 182-ე მუხლის გამოყენება და არ შეიძლება, ამ ადამიანებს 182-ე მუხლით ჩადენილი დანაშაული შეეფარდოთ ბრალად. შესაბამისად, არ არსებობს მოტივი, არ არსებობს მიზანი და რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, ბრალდების მხარემ ამ შემთხვევაში დასკვნით სიტყვაში მოტივად ის მიუთითა, რომ თითქოს ჩვენმა დაცვის ქვეშ მყოფებმა (გასაგებია, მათ არ შეეძლოთ და ვერ მიანიჭებდნენ უპირატესობას „სილქნეტს“), თითქოს, უპირობო კეთილგანწყობის მოსაპოვებლად „სილქნეტს“ უპირატესობა მიანიჭეს. რას ნიშნავს „უპირობო კეთილგანწყობა“? მათ იქიდან სარგებელი არ მიუღიათ და არც ელოდებოდნენ. ბრალდების მხარე ამას ვერც უარყოფს და თვითონაც ადასტურებს. ანუ გამოდის, რომ ამ ხუთმა ადამიანმა, კარგი გამარჯობა რომ ეთქვათ „უპირობო კეთილგანწყობით“, შეიძლება თქვენმა მკითხველმაც არ დაიჯეროს, მაგრამ დასკვნით სიტყვაში ზუსტად ასე წერია, რომ ამათი მოტივი თურმე იყო  „უპირობო კეთილგანწყობის“ მოპოვება „სილქნეტისგან“... და რატომ არ უნდა ყოფილიყო მაშინ „უპირობო კეთილგანწყობის“ მოპოვება „დელტაკომისგან“, „კავკასუსისგან“ და სხვა კომპანიებისგან? შემიძლია გითხრათ სხვა ფაქტიც, რომ ამ შემთხვევაში ეს არ ყოფილა ტენდერი, ეს იყო ფასთა გამოკითხვა, ვინაიდან აქ საიდუმლო შესყიდვების შესახებ წესი მოქმედებს. ეს საიდუმლო ობიექტია და ბუნებრივია, კანონი ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურს სრულ უფლებას აძლევდა, რომ ერთ პირთან მოლაპარაკებით გაეფორმებინა კონკრეტულად ხელშეკრულება, ეს იქნებოდა „სილქნეტი“, „დელტაკომი“, „კავკასუსი“, „სპეცკავშირმშენი“, თუ ნებისმიერი კომპანია... მაგრამ ეს ასე არ მომხდარა. თავდაცვის სამინისტროში პირველი ფაქტი იყო, რომ კონკურენტული გარემო შექმნილიყო, ფასები დაწეულიყო. ფასთა გამოკითხვა ჩაატარეს, რომელ კომპანიებსაც კი სახელმწიფო საიდუმლოებაზე კონკრეტული მიმართულებით დაშვება ჰქონდა, წერილი ყველას დაუგზავნეს და უთხრეს, რომ თქვენი ფასი გაგვაგებინეთო. ბუნებრივია, ყველამ სხვადასხვა ფასი დაასახელა: ერთმა მაღალი, მეორემ დაბალი, სხვამ საშუალო, ვისაც რისი შესაძლებლობა ჰქონდა. ამ ადამიანებს ედავებიან, რომ თქვენ არაკეთილსინდისიერად მოიქეცითო. სად არის ლოგიკა? როდესაც ერთ პიროვნებას შეეძლო დაეძახა ნებისმიერი კომპანიისთვის და ეთქვა, _ მოდი, რა, შენთან ვაფორმებ ხელშეკრულებასო და საერთოდ, ეს ფასთა გამოკითხვა არ ჩაეტარებინათ... ანუ ზედმეტი თავის ტკივილი გამოვიდა იმისთვის, რომ ბიუჯეტის თანხები დაზოგილიყო. ახლა რაც შეეხება თავად  სახელმწიფო პოზიციას: ეს იმ დონის პროექტია, რომ ამ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, მილიონობით ლარის მოგება ნახა სახელმწიფო ბიუჯეტმა, კონკრეტულად, თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებით, მაგრამ აქ მთავარი ფაქტორია _ სამხრეთის მიმართულებაზე სრულიად სახელმწიფო ხელისუფლების აპარატის ყველა სამინისტრო უფასოდ გადაერთვებოდა. ე. ი. ამ შემთხვევაში რა ხდებოდა? _ კონკრეტულად X კომპანიები შემოსავალს კარგავდნენ, ვინაიდან ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძალიან დიდ თანხებს ღებულობდნენ, დიდ თანხებზეა საუბარი... _ და არა უფასო მომსახურებაზე, როგორც გვეუბნებოდნენ... _ არავის არანაირ უფასო მომსახურებას არავინ უწევს დღეს, გამორიცხულია... როდესაც პროკურატურის მხრიდან საუბარი იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს „დელტაკომი“ უფასო მომსახურებას უწევდა, ყურადღება მიაქციეთ, 2013 წლის იანვრამდე ინფორმაციას ვთხოვდით პროკურატურას. ამის შესახებ შუამდგომლობით მივმართეთ რამდენიმე უწყებას, `დელტაკომმა~ უარით გვიპასუხა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია საერთოდ არ მოგვაწოდა, უპასუხოდ დატოვა ჩვენი წერილი. პროკურატურას მოვთხოვეთ, რომ თქვენი კანონისმიერი ვალდებულებაა, ყოველმხრივი ობიექტური გამოძიების ჩატარება, გამოითხოვეთ და გავიგოთ, ერთი, რა ფასად ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს „დელტაკომი“? დაიკითხა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ლექსო  ბატიაშვილი, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ამ პერიოდში გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა „დელტაკომთან“ და კოლოსალურ თანხაზე _ 100 ათასებზე იყო საუბარი, ყოველთვიურ  მომსახურებაზე, როდესაც ახლა კონკრეტულად სახელმწიფო მთელი ამ მაგისტრალის მომსახურებაში 1000 ლარს იხდის. „დელტაკომის“ წარმომადგენელიც დაიკითხა. მან ვერ უარყო, რომ იქ 200 ათასზე და მეტზე იყო საუბარი, მაშინ როცა ამ ხელშეკრულებით  მომსახურება 1000 ლარი ჯდება. გარკვეულწილად, „დელტაკომის“ პოზიციაც მესმის, ის კარგავს თავის ფინანსურ რესურსებს, უკვე დღესაც მოუწევთ სამხრეთის მიმართულებით უფასო მომსახურებაზე გადართვა, ვინაიდან ეს პირდაპირი გაფლანგვა იქნება. თუ სახელმწიფო ორგანიზაციებმა ეს არ გააკეთეს, ვინაიდან უკვე არსებობს სრულიად უფასო, თავისუფალი, თავისი გარანტიით 21-წლიანი მომსახურება, 21-წლიანი იჯარის ხელშეკრულება, კაბელის წვერები თავდაცვის სამინისტროს, ანუ სახელმწიფოს საკუთრებაშია. „დელტაკომი“ ამბობდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფასოდ ვემსახურებოდი, ანუ თავდაცვის სამინისტროსო. როდესაც ფასთა გამოკითხვა გამოცხადდა, ყველაზე დაბალი ფასის მქონე წინადადება სააქციო საზოგადოება „სილქნეტმა“ წარადგინა, ოთხი ალტერნატიული წინადადება იყო და ამ შემთხვევაში რისი უფლებაც ჰქონდა, თავდაცვის სამინისტროს შესთავაზა, რომ თუ ჩემი პირობები მისაღები იქნება, აღნიშნულ წინადადებას წარმოგიდგენთო. ასევე შესთავაზეს „სპეცკავშირმშენმა“,  `დელტაკომმა~ და სხვა კომპანიებმა. _ ლევან, „დელტაკომმა“ ფასთა გამოკითხვის დროს რა შესთავაზა თავდაცვის სამინისტროს, ფასიანი თუ უფასო მომსახურება? _ არავითარი უფასო მომსახურება არ ყოფილა... „დელტაკომი“ სიძვირით მეორე იყო, პირველი _ „სპეცკავშირმშენი“. ჩვენს საქმეში ორივე მომჩივანი კომპანიაა. მათი არგუმენტია: ჩვენ რომ გვცოდნოდა, თავდაცვის სამინისტროს ამ შემთხვევაში მაგისტრალი, ანუ თხრილი საკუთრებაში არ უნდოდა, მათ უფასოდ შევთავაზებდითო. 5 სექტემბრის სხდომაზე ეს წინადადება ყველას თვალწინ გასაჯაროვდა და ყველასთვის ცნობილი იყო, რა შესთავაზა „სილქნეტმა“ თავდაცვის სამინისტროს. თვითონ მათაც არ უარყვეს და აღიარეს, რომ იქ გამარჯვებული არ გამოცხადებულა. ბუნებრივია, ვერც გამოცხადდებოდა. სხვა კომპანიებს უთხრეს, რომ თუ რამე დამატებით წინადადებები ჰქონდათ, წარმოედგინათ. ანუ მთელი თვენახევარი, ორი თვის განმავლობაში „დელტაკომს“ სრული შესაძლებლობა ჰქონდა, თავისი წინადადების, ფასის, პროექტის კორექტირება მოეხდინა და   თავდაცვის სამინისტროსთვის წარმოედგინა... ექსპერტიზის დასკვნა, ბრალდების მხრიდან რაც დაიდო, მხოლოდ და მხოლოდ, „დელტაკომის“ ზეპირსიტყვიერ განცხადებაზეა დაფუძნებული, რომელიც შემდგომ წერილობით ასახეს. პირველად წერილიც არ არსებობდა, მტკიცებულებაც არ არსებობდა, რომ ის თავდაცვის სამინისტროს უფასოდ მოემსახურებოდა. ექსპერტიზას კითხვაც არ გასჩენია... _ თავდაცვის სამინისტროს როგორ უნდა გაეგო, რომ „დელტაკომს“ მსგავსი წინადადება ჰქონდა, თუ ეს არ იქნებოდა ან წერილობით, ან ზეპირსიტყვიერად უშუალოდ სამუშაო პროცესში წარმოდგენილი? _ ზუსტად მაგაზეა საუბარი. „დელტაკომისა“ და „სპეცკავშირმშენის“  წარმომადგენლებს ვკითხეთ, _ თქვენგან რომელიმემ ზეპირსიტყვიერად, ან წერილობით მიმართეთ თუ არა სახელმწიფო სტრუქტურას, ამ შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს, შესყიდვების დეპარტამენტს, მინისტრს, მინისტრის მოადგილეს, რომელიმე სტრუქტურულ ერთეულს? არსებობს თუ არა მიმართვა, რომ თქვენ („დელტაკომს“ ვეკითხები) თავდაცვის სამინისტროს უფასო მომსახურება შესთავაზეთ? მათ განაცხადეს, _ არა, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებდითო. თურმე, გულში ჰქონიათ ამის გაკეთების სურვილი, მაგრამ თავდაცვის სამინისტროსთვის არ შეუთავაზებიათ. აქ უფრო კურიოზული ფაქტი მოხდა: როდესაც მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობდა, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ჩვენთვის ყველასთვის მოულოდნელად, „დელტაკომიდან“ ოფიციალური მეილით მის სახელზე გაგზავნილი წერილი წარმოადგინა. იგი არის კავშირგაბმულობის თანამშრომელი, ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. წერილში „დელტაკომი“ თვეში 80 ათას ლარად სთავაზობდა მომსახურებას თავდაცვის სამინისტროს. რა უფასო მომსახურებაზე იყო საუბარი, როცა წერილში 80 ათას ლარს სთავაზობს?! სანამ ეს პროექტი, ანუ ფასთა გამოკითხვა დაიწყებოდა, „დელტაკომი“ 80 ათას ლარს ითხოვდა მომსახურებაში. მათ რომ ჰკითხოთ, ისინი თითქოს ქველმოქმედები არიან და უფასოდ შეეძლოთ თავდაცვის სამინისტროსთვის მომსახურება. ბუნებრივია, ამ ფაქტს ბრალდების გაცხარებული პროტესტი მოჰყვა. სასამართლომ ეს მტკიცებულება დაუშვა, რომელიც მსჯელობის საგანი გახდა. ისმის კითხვა, _ ერთ შემთხვევაში საუბარია 200 ათასზე მეტ თანხაზე, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ემსახურება, მეორე შემთხვევაში საუბარია, რომ თავდაცვის სამინისტროს „დელტაკომი“ თვითონ სთხოვს 80 ათას ლარს თვეში მომსახურების სახით და კონკრეტულ  შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო არა მარტო მომსახურებაში, არამედ იჯარაში იხდის თვეში 1000 ლარს 21 წლის განმავლობაში. 21 წლის განმავლობაში გადაამრავლეთ თვეში 1000 ლარი, რა თანხა გამოდის და თვეში, მინიმუმ, 80 ათასი ლარი, რა თანხა გამოდის! მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით რამხელა თანხები არის დაზოგილი. _ ანუ, რეალურად, ამ მონაცემებით ჩანს, რომ ეს საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი. ხედავთ თუ არა აქ პოლიტიკურ მოტივს და, კონკრეტულად, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ მიმართულ ფაქტორებს? _ როგორც ადვოკატმა არ მინდა, პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ამ საქმეს კანონთან, სამართალთან და სამართლიანობასთან შეხება არ გააჩნია. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, სხვა დაინტერესებები არსებობს, ვინაიდან აქ, ამ ხალხზე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჯილდოა გადასაცემი, არათუ რაიმე გამოძიების დაწყება იყო საჭირო აღნიშნულ შემთხვევაში. ერთ ფაქტსაც მოგიყვებით: „სპეცკავშირმშენის“ წარმომადგენელი ბატონი ავთანდილ ჭოლოკავა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებით ადრე ნასამართლევი პირია. ბატონმა ირაკლი სესიაშვილმა სწორედ ეს პირი შეახვედრა ირაკლი ალასანიას. თავდაცვის მინისტრმა მას უთხრა, რომ თქვენი პოზიცია ჩამოაყალიბეთ და მოგვაწოდეთ, რას აპირებთო? ჭოლოკავა ამბობს, რომ მე თავდაცვის სამინისტროსთვის წერილობით არ მიმიმართავსო.  კავშირგაბმულობის დეპარტამენტსა და შესყიდვების დეპარტამენტს დაესიზმრებოდა, რას ფიქრობდა ირაკლი სესიაშვილის პროტეჟე? ბატონი ჭოლოკავა ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროსა და კერძო კომპანია „სუპერტივს“ შორის შუამავალი ვიყავი, იქიდან გარკვეული მოგებაც უნდა მენახაო. ამ შემთხვევაში „სუპერტივი“ იდგა ამ პროექტის უკან. ბუნებრივია, სასამართლოში „სუპერტივის“ წარმომადგენელი გამოვიძახეთ. „სუპერტივის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „სუპერტივი“ ამ პროექტის და, საერთოდ, ჭოლოკავას შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. ანუ ეს ბრალდებაც, საერთოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოტანილი ბრალდებაა. პირველსავე სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ ჭოლოკავა ცრუ ჩვენებას იძლეოდა, ვინაიდან ჭოლოკავა ასახელებდა კონკრეტულ კომპანიას, რომელიც ამ შემთხვევაში ამ პროექტის გაყვანაში უნდა დახმარებოდა, ხოლო კერძო კომპანია „სუპერტივი“ ამბობდა, რომ საერთოდ არც ჭოლოკავასთან ჰქონდა შეხება და წარმოდგენაც არ გვაქვს, რა პროექტიაო... _ ირაკლი სესიაშვილის პოზიცია როგორი იყო? _ ცოტა უცნაური ფაქტია, რომ ბატონმა სესიაშვილმა პირდაპირ ჩაისვა მანქანაში ავთანდილ ჭოლოკავა, მინისტრთან ისე მიიყვანა, რომ ამ პროექტის უკან ვინ იდგა, არ გამოიკითხა. მან განაცხადა, რომ უკვე თავდაცვის სამინისტროს უნდა გამოეკითხაო. _ ლევან, პარლამენტის დეპუტატის ფუნქციებში როდის მერე შედის მსგავსი ტიპის ქმედებები? _ ვიღაცა უნდა ჩაისვას მანქანაში და მინისტრთან მიიყვანოს... _ ბუნებრივია, დავინტერესდით, თუ რა ინტერესი ჰქონდა ბატონ სესიაშვილს ამ შემთხვევაში, რომ თავდაცვის სამინისტროში ვინმე ავთანდილ ჭოლოკავა მიიყვანა, იმიტომ, რომ მან საერთოდ არ იცოდა მისი არსებობის შესახებ. მან მიიყვანა, დაინტერესება გამოთქვა, შემდგომაც კითხულობდა ამ პროექტის შესახებ (სასამართლოს მიცემულ ჩვენებაში განაცხადა) ისე, რომ ამ პროექტის რეალურობის შესახებ თავიდანვე კითხვებიც არ გასჩენია და არც შეუსწავლია, მაგრამ თავი დავანებოთ სესიაშვილის მომენტს. თუ ნება იყო გამოხატული და სესიაშვილი ამბობს, მას კეთილი ნება ჰქონდა, რომ სახელმწიფოს ესარგებლაო, ეს უკვე მისი პოზიციაა, მაგრამ როგორც ბატონმა სესიაშვილმა განაცხადა, კარგ პროექტთან გვქონდა საქმეო... თუ ასეთი კარგი პროექტი იყო ჩამოყალიბებული, ბატონ ჭოლოკავას თავდაცვის სამინისტრომ უთხრა, რომ განცხადება მოიტანეთ, რას აპირებთ, განვიხილავთ და გიპასუხებთო. ავთანდილ ჭოლოკავამ განაცხადა, რომ განცხადება არ შემიტანიაო. მეტიც, პროცესზე თქვა: შემდგომ ფასთა გამოკითხვაში მე კი მივიღე მონაწილეობა, მაგრამ გამარჯვების სურვილიც არ მქონდაო, რომც გამემარჯვა, ალბათ, ვერ გავაკეთებდი და არც გავაკეთებდიო. ასეთ არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე, ასეთ არასერიოზულ ბრალდებებს ეფუძნება დღეს ბრალდება და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის თავისუფლების აღკვეთას ითხოვენ! ამ შემთხვევაში პატიმრობას, გამამტყუნებელ განაჩენს ითხოვენ, რაც 7-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, როდესაც ამ ხალხს არაფერთან არ ჰქონია შეხება, საერთოდ არც თანხა ყოფილა ამათი, არც განკარგვაში ყოფილა და საერთოდ არ ვიცი, რაზე შეიძლება იყოს საუბარი! _ მოწმეების ჩვენებებზე ვისაუბროთ. ვნახე დოკუმენტი, სადაც ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ სხვადასხვა ტიპის მოწმეების ჩვენებები, ფაქტობრივად, იდენტურია. _ კი ბატონო! ეს გამოძიების მიმდინარეობაა. თუ რა დარღვევებით და რა ტენდენციურობით ტარდებოდა გამოძიება, ამაზე ის ექსპერტიზა მიუთითებს, რაზედაც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება. 7-8 ადამიანი ერთნაირად მეტყველებდა, ერთნაირად აზროვნებდა და წერდა, წერტილი და მძიმეც ერთნაირად ეშლებოდათ და გრამატიკული შეცდომებიც ერთნაირი იყო. ეს მეტყველებს გამოძიების მიმდინარეობაზე. აუცილებლად უნდა დავაფიქსირო, რომ ეს არ არის ჩვენი წამყვანი ფაქტი, უბრალოდ, ერთ-ერთი რიგითი ფაქტია, დასტური იმისა, თუ როგორ მიმდინარეობდა გამოძიება და თუ რასთან გვქონდა საქმე... _ ლევან, თქვენს კითხვებზე მოწმეებმა რა უპასუხეს, როცა სასამართლოზე ანალოგიური შეკითხვები დაუსვით? _ არაფერი... ჩვენ, უბრალოდ, ვეკითხებოდით, რომ, დავუშვათ, მეტყველებასთან დაკავშირებით იყო რაღაც სიტყვა, როდესაც ადამიანს შეგეშლება, ხომ? თქვენ ასე მეტყველებთ? ის ამბობდა, _ არა. ანუ ცხრა ადამიანს, შვიდ ადამიანს ეს სიტყვა ჰქონდა შეშლილი. მერე სასამართლოზე მოვიდნენ და ჩვეულებრივად, აბსოლუტურად გამართული, ადამიანური ენით მისცეს ჩვენება, ერთი პროცენტიც არ იყო მათ ჩვენებებში ბრალდებისთვის სასარგებლო. ეს მიუთითებს ბრალდების სტილზე, ტენდენციურობაზე, თუ როგორ მოქმედებს ბრალდება, თუ როგორი დაინტერესება იყო აღნიშნული საქმის მიმართ. _ თუ ხვალ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, როგორი იქნება თქვენი ტაქტიკა? _ უბრალოდ, წარმოდგენაც კი მიჭირს, რომ ხვალ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. მაშინ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა, სამართალი და, საერთოდ, სასამართლო, არ არსებულა... რაღაც მაღალ ევროპულ სტანდარტებზე და თუნდაც დაბალ ევროპულ სტანდარტებზეც არ შეიძლება საუბარი, ვინაიდან ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლემ პირდაპირ თქვას, _ მტკიცებულებების გარეშე არ ჩაუდენია ამ ხალხს  დანაშაული, მაგრამ მაინც უნდა გავამტყუნოო. დაახლოებით ასე რომ ვთქვათ უბრალო ენაზე. ერთი პროცენტიც რომ იყოს მოსამართლე სამართლიანი, ამ შემთხვევაშიც კი გამორიცხულია, გამამტყუნებელი განაჩენი დაფიქსირდეს. კიდევ ერთი დეტალი: ბრალდების მხარე ედავებოდა მაგისტრალის გაყვანას... ჯერ ერთი, მაგისტრალზე საუბარი არ ყოფილა, არამედ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მიყვანაზე. თურმე, მიყვანა უნდა იგულისხმოს საზოგადოებამ შესყიდვაში. სადაც საუბარი იყო აპარატურის შეძენაზე, იქ აპარატურა იქნა შეძენილი, თურმე თავდაცვის სამინისტროს თავისი ძალებით შეეძლო გაეყვანა 450 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი. თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი მინისტრის მოადგილე ბროლაძე დაიკითხა, რომელიც აღნიშნულ საკითხს კურირებდა; თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაიკითხა; ყველა სამშენებლო ბრიგადის წარმომადგენელი დაიკითხა, რომლებმაც გამორიცხეს, რომ მათ საერთოდ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანის გამოცდილებაც არ ჰქონდათ, საერთოდ არ იცოდნენ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი რა იყო და მეორეც, თვითონ განაცხადეს, რომ მათ იმდენი სამუშაო ჰქონდათ, რომ თვითონ ვერ აუდიოდნენ. ე. ი. თავდაცვის სამინისტროში სრულად უნდა შეჩერებულიყო სამუშაოები და მთელი შემადგენლობა მიწის თხრაზე უნდა გადასულიყო. თავდაცვის სამინისტროში ყველა თანამშრომელმა კატეგორიულად გამორიცხა, რომ მათ ეს მაგისტრალი გაეყვანათ. მეტიც, მაგისტრალის მომსახურება სპეციფიკურია, რაც თავდაცვის სამინისტროს ძალებს აღემატებოდა. თვითონ თავდაცვის სამინისტროში ვინც ამ სფეროში მუშაობდა, განაცხადეს, რომ ჩვენ ამ მაგისტრალს ვერც მოვემსახურებოდით და მის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდითო. მაგრამ პროკურატურა უკვე სახელმწიფო უწყებას, თავდაცვის სამინისტროს ეუბნება, თქვენ არ იცით, თორემ ამას შეძლებდით და გააკეთებდითო... ვერაფერს ვხვდები!..

გაზიარება