„ქართული ოცნების“ ყრილობას და სხვადასხვა რეგიონიდან მხარდამჭერების შეკრებას სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრადიციული ფონი ახლდა – მმართველი გუნდის შეკრებამდე ნახევარი საათით ადრე, შენობის გარეთ ხმაური ატყდა.
„ქართული ოცნების“ წევრი, დევნილთა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, დავით ფაცაცია, ქალბატონებს ალყაში მოექციათ და საყვედურობდნენ:
_ ათი წელი გავიდა, როდემდე უნდა ვიყოთ ამ დღეში?!
_ წასასვლელი არსად გვაქვს, როდის უნდა შევიდეთ ჩვენს ბინებში?! _ ჰკითხა მეორე ქალბატონმა პარტიულ ფერებში გამოწყობილ „მეოცნებეს“.
_ დაგიძახებენ, თქვენი დროც მოვა და გაგიკეთებენ, _ უპასუხა ფაცაციამ.
მან „ქრონიკა+“-ის კითხვებისთვის თავის არიდება სცადა და სპორტის სასახლეში შესვლამდე ქალბატონები მისთვის ჩვეულ მშვიდ ტონალობაში დააიმედა:
_ ალბათ, ერთი წლის ვადაში გააკეთებენ, ალბათ, ზუსტად არ ვიცი. ბოდიშს გიხდით, უნდა შევიდე, ხომ გამოგხედეთ აქ? _ ფაცაცია მართლაც ერთადერთი იყო, თუნდაც, ხელისუფლების საშუალო რგოლიდან, ვინც დემონსტრანტებთან გაჩერდა და მათი პრობლემები მოისმინა.
_ თქვენ პარლამენტარი ხართ? _ დააწია კითხვა კოალიციის წარმომადგენელს აქციის ცნობისმოყვარე მონაწილემ. დავითის ოცნება _ წარმოედგინა ხელისუფლება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ამ ეტაპისთვის, მისივე პარტიის სახელწოდების მსგავსად, ოცნებად დარჩა. ალბათ, მაინც ადვილია, ორი-სამი წუთით შეჩერდე მთავრობის უნიათობით განრისხებულ ადამიანებთან, როცა მაღალ თანამდებობებზე არ გიმუშავია და როცა პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე სხვათა კისერზეა.
_ აქ რატომ მოხვედით, რას აპროტესტებთ? _ ვკითხეთ წინა ხაზზე მდგომ, ყველაზე აქტიურ ქალბატონს.
ნუნუ გობეჯიშვილი:
_ ჩვენ „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულები ვართ, აქ მდგომი ადამიანების უმრავლესობამ სააკაძის მოედანზე მდებარე პირველ და მეორე კორპუსში შევიძინეთ ბინები. ჩვენგან 80%-ს სრული საფასური აქვს გადახდილი. ძალიან ცოტას დარჩა შესატანი, ისიც თანხის ნაწილი.
_ „ცენტრ პოინტის“ საქმიანობის შესახებ `ქრონიკა+~ თვეების წინათაც აქვეყნებდა სტატიებს, იქნებ, გვითხრათ, რა სიტუაციაა დღეს?
_ სააკაძის მოედანზე, იქ, სადაც, წესით და რიგით, უკვე უნდა ვცხოვრობდეთ, სასტუმროს აშენება იგეგმება _ არც ანაზღაურებას გვპირდებიან. არანაირი კომპენსაცია.
_ რა გაძლევთ იმის მტკიცებით ფორმაში თქმის უფლებას, რომ საცხოვრებელი კორპუსისთვის განკუთვნილ კონსტრუქციას სასტუმროდ გადააკეთებენ?
_ აქ უნდათ სასტუმროს აშენება და ჩვენი გადაგდება, პროექტიც გვაჩვენეს. მერიაშიც იციან ეს. ან თანხა დაგვიბრუნონ, ან ინვესტორებს მისცენ საშუალება, რომ შემოვიდნენ. კორპუსი კარკასის მდგომარეობაშია, მაგრამ ეს კარკასი რომ სასტუმროდ გადაკეთდეს, ბოლო იმედიც ამოგვეწურება.
„ქრონიკა+“-მა იქვე, აქციის ეპიცენტრისკენ გადაინაცვლა. ლურჯ მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები პერიოდულად ჩერდებოდნენ და გაშლილ ტრანსფარანტებს აკვირდებოდნენ, სადაც მათივე რჩეული პარტიის წევრები იყვნენ გამოსახულნი.
ეკატერინე შაფათავა _ საპროტესტო ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორი:
_ დღეს მთავრობის ყრილობაზე სპეციალურად მოვედით, ვინაიდან „ოცნების“ თერთმეტი დეპუტატი თავდებად დაუდგა თაღლითებს 2013 წელს. რუსუდან კერვალიშვილს, მაია რჩეულიშვილსა და ივანე ცაგურიას პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, რამაც სასამართლო პროცესი შეაფერხა. თაღლითები ციხეში რომ ჩამსხდარიყვნენ, სასამართლო ვალდებული იქნებოდა, წელიწადნახევრის განმავლობაში განაჩენი გამოეტანა, დღეისთვის კი პროცესი უვადოდაა გადადებული და 5000-ზე მეტი ოჯახის ბედი ჰაერშია.
ლაშა ჩხარტიშვილი _ უფლებადამცველი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი:
_ ლაშა, ერთ დროს, თავადაც ამ ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი, დღეს აქ რამ მოგიყვანათ?
_ პრინციპებს პოლიტიკური ამინდის მიხედვით არ ვიცვლი! ამ ხალხთან ერთად ვიდექი ისე, როგორც სხვა ჯგუფებთან. ესენი ყველაზე მსხვილი ფინანსური აფერის მსხვეპლნი არიან. რჩეულიშვილების კლანის თაღლითობამ, დაახლოებით, 6200 ოჯახი დააზარალა. სააკაშვილის პერიოდშიც ამას ვაკეთებდი და ახლაც ამას ვამბობ! მოქმედი ხელისუფლების ბრალეულობა კი ის არის, რომ აქაც, სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით არაფერი გააკეთეს. თითქოს 2013 წლის დასაწყისში ხალხის პრობლემებზე საუბარი დაიწყეს, სამართლებრივად ჩაუდგნენ თავდებად „ცენტრ პოინტის“ წარმომადგენლებს, მაგრამ შედეგი სახეზეა _ უმოქმედობა.
სპორტის სასახლის გვერდზე, უშუალოდ, ღონისძიების დასასწრებად მისული ადამიანების ჩასაწერად დავიძარით. საპროტესტო აქციის მონაწილეების ხმა იქვე, დინამიკებიდან გამოსულმა პატრიოტულმა სიმღერებმა გადაფარა, _ თავისუფლება რომ ლომთა ხვედრია, რამდენჯერმე მოგვასმენინეს. ჩვენი ხვედრი კი იმ დღეს კითხვებზე საპასუხოდ მიღებული დუმილი იყო. არაერთი მცდელობის მიუხედავად (ხელისუფლების ოცდაათამდე მხარდამჭერთან ვცადეთ გასაუბრება!) მხოლოდ რამდენიმემ გამოთქვა სურვილი პრესასთან მოკლე კომენტარის გაკეთებაზე. თუმცა სახელისა და გვარის დასახელებისგან მათაც თავი შეიკავეს.
_ ახალგაზრდები ვართ და მოვედით...
_ კი ბატონო, რა გზავნილებს ელოდებით დღევანდელი ყრილობიდან?
_ აუ, ძმურად, იღებ?
_ ვიდეო არ გავა, მხოლოდ ხმას ვიწერთ, რომ გავშიფროთ და ტექსტი გამოვაქვეყნოთ.
_ ანუ თქვენ რისთვის გჭირდებათ ეს ყველაფერი, ინტრიგა რომ იყოს?
_ ჩვენ დავწერთ იმას, რასაც გვეტყვით.
_ არა, არ გინდათ, რააა... იქნებ, იქით ჰკითხოთ, ისინი გიპასუხებენ.
ახალგაზრდების მეორე ჯგუფსაც მივუახლოვდით, საუბარი დაიწყეს, თუმცა იმედები მალევე გაგვიცრუვდა, არც მათ ისურვეს რამის თქმა. ერთ-ერთმა, 20 წლამდე ყმაწვილმა კი პრესკარტაც მოგვთხოვა. შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ დამემშვიდობა. კიბეებთან მოძრაობისას რამდენიმე პირი სწრაფი ნაბიჯით მოგვიახლოვდა, ისინი ყოფითი მეტყველებით აღფრთოვანებას გამოხატავდნენ ყრილობაზე მისული ადამიანების გამო:
_ აუ, რა კაია, რომ არ გავბანძდით და ხალხი მოვიდა.
_ აბაა, რას ისეირებდნენ „ნაცები“, ცარიელი დარბაზი რომ ენახათ? _ გამოეპასუხა თანმხლები.
_ ეს ხალხი კაია, რომ გარეთ დგას, შეიქმნას „ვიდი“, რომ ბევრი ვართ და ადგილი არაა.
მათ მოსაწვევები წარადგინეს და სწრაფად აუყვნენ კიბეებს.
ერთადერთი დემონსტრანტი, რომელიც უყოყმანოდ დაგვთანხმდა, რომ აზრი ღიად გამოეთქვა, ყრილობაზე მარნეულიდან ჩამოსული ახალგაზრდა ომარ ირიშოვი იყო. მან ქართული არ იცოდა, რის გამოც საუბარი რუსულად წარიმართა:
_ გატყობთ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ხართ, რის მოსმენას ელოდებით თქვენი ლიდერებისგან?
_ ოთხი წელი უკეთესი იყო. მინდა, კიდევ უკეთესი გახდეს ცხოვრება.
_ თქვენი აზრით, საქართველოში ახლა უკეთესად ვცხოვრობთ?
_ დიახ, უკეთესად ვცხოვრობთ. სააკაშვილის დროს ამბობდნენ, რომ დემოკრატია გქვონდა, თუმცა, რეალურად, დემოკრატია არ ყოფილა, ახლა თავისუფლად ვცხოვრობთ. ჩვენ ამას ვხედავთ და ამიტომ ჩამოვედით მარნეულიდან.
ამასობაში კი 4 საათი გახდა. უკვე შევნიშნეთ, რომ ღონისძიება ქართული პუნქტუალობისთვის დამახასიათებელ საუკეთესო ტრადიციებში, მინიმუმ, ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყებოდა. ხუთის ოცი წუთისთვის გარეთ, დაახლოებით, 200-მდე ახალგაზრდა დარჩა, მათ პარტიის სიმბოლოებიანი მაისურები ეცვათ და რკინის გადასატან ჯებირებთან იდგნენ, რამდენიმე ადგილზე კი დაცვის თანამშრომლებსა და სამთავრობო აქტივისტებს შორის დაძაბული საუბარი გაიმართა:
_ რატომ ვერ შემოდიან ეს ადამიანები, იქნებ, გვითხრათ? _ ვკითხეთ სპორტის სასახლის კიბეებზე მდგარ შუა ხნის მამაკაცს, რომელიც მობილურ ტელეფონზე ნერვულად საუბრობდა. პასუხად _ დუმილი. ქალბატონი მომიტრიალდა და მითხრა, _ არ გვიშვებენ, შვილო, ეკრანზე რატომ უნდა ვუყურო გამოსვლას ამ მზეში, როცა აქ მოვედი?
ანალოგიური სცენა განმეორდა იქვე, 5-10 მეტრში. იქაც ამშვიდებდნენ მხარდამჭერებს:
_ რა ხდება, ქალბატონო არ გიშვებენ?
_ რა ვიცი, შვილო, არკვევენ, მოსაწვევები უნდა გქონდეთო. თქვენ საიდან ხართ? _ მივიღეთ საპასუხო კითხვა.
_ „ქრონიკა+“-დან...
_ დედა, გაჩერდი, არ გინდა, ნუ ლაპარაკობ, _ უთხრა გოგონამ ინტერვიუსთვის გამზადებულ მშობელს.
უფრო მოცილებით კი ადამიანები მოსაწვევებს ითხოვდნენ. ვისაც ზედმეტი ჰქონდა, უცხოებსაც უწილადებდნენ. სპორტის სასახლის წინ ადამიანთა რაოდენობა შეთხელდა. მონიტორი ისეთ ადგილზე იყო დამონტაჟებული, რომ პირდაპირ მზე აცხუნებდა და იქ გამოტანილი გამოსახულება მკრთალად ჩანდა. ხუთი საათისთვის კი ასზე მეტი აქტივისტი შენობის გარეთ დარჩა. ზოგიერთმა მათგანმა ძეგლის ქვემოთ, მეტროსკენ ჩასასვლელ კიბეებზე ჩამოსხდომა ამჯობინა მონიტორის ყურებას, ზოგიერთიც სახლში წავიდა.
საინტერესოა მხოლოდ ერთი კითხვა, _ წავა თუ არა „ოცნება“ სახლში შემოდგომას?!
ზაზა სვანაძე