QronikaPlus
,,გამგებელიც კი არ ვიცით, ვინ არის?!“

,,გამგებელიც კი არ ვიცით, ვინ არის?!“

2016-05-21 10:43:25

წერილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის კომენტარით დავიწყებთ: ”ძალიან კონკრეტულ შემთხვევას გეტყვით. ბატონი ბიძინა მირეკავს დაახლოებით თვენახევრის წინ. ოჯახთან ერთად ყოფილა დავით გარეჯში და მეკითხება - ნოდარ გზა არ ვარგა და გეგმაში ხომ არ გაქვთ გზის შეკეთებაო? ვუპასუხე: არ გვაქვს-მეთქი. მითხრა - კარგი მაშინ არაფერიო. როცა გექნებათ გეგმაში, მაშინ გააკეთეთო. ვუთხარი - რას ჰქვია ბიძინა? იმიტომ კი არა, რომ შენ დამირეკე, ვერ ვასწრებ ყველა გზაზე გავლას და არ ვიცოდი, რომ გზა არ იყო. შენ დამირეკავდი თუ ნებისმიერი გარეჯელი, როგორ შეიძლება ქართველებს გარეჯამდე მისასვლელი გზა არ ჰქონდეთ, მე მაგას გავაკეთებთქო ვუთხარი. მაპატიეთ უხეშ გამოთქმაზე - ახლა ვინმე თახსირი იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა ნოდარ ჯავახიშვილს და იმიტომ გაკეთდა გზა. არა გენაცვალე”. 17 შინდისელი გმირის ქუჩაზე ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ერთი მხარე შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გადის, შენობის მეორე მხარე კი ვიწრო ჩიხს ესაზღვრება. ცნობისმოყვარეობამ მძლია და შევუხვიე. პირველი რამდენიმე მეტრის გავლისას ვიფიქრე, გზის მონაკვეთი მალე დასრულდებოდა, თუმცა დაკლაკნილ ქუჩას ბოლომდე გავუყევი და, ფაქტობრივად, კილომეტრი ფეხით ვიარე. ფერდობებზე შეფენილ სახლებს ფრთხილად ვათვალიერებდი, სიარულის პარალელურად ხშირ-ხშირად ქვემოთაც ვიყურებოდი, რადგანაც ქვიაშიან და მოუწესრიგებელ გზაზე სიარულისას სიფრთხილე გამომეჩინა. თავს უკანაც ვატრიალებდი, რომ ფეხის მოტეხას გადარჩენილი სწრაფი სიჩქარით მომავალ ტრანსპორტს არ ვემსხვერპლე. დაძაბულ სიარულს ცენტრალურ გზაზე გამოსვლა ვარჩიე, მაგრამ დავიკარგე. სახლებზე არც ქუჩის დასახელება იყო მითითებული და არც რაიმე ტიპის ამოსაცნობი თუ საგზაო ნიშანი შემხვედრია. ერთ-ერთი სახლის აივანზე ექვს წლამდე ბავშვი შევნიშნე. პატარას ვთხოვე, უფროსებისთვის დაეძახა. _ აქ ცხოვრობთ? _ ვკითხეთ ახალგაზრდა ქალბატონს, რომელიც აივანზე მალევე გამოვიდა _ დიახ, გისმენთ. _ „ქრონიკა+“-დან გაწუხებთ, ამ გზასთან დაკავშირებით მასალას ვამზადებთ. იქნებ, ორი სიტყვით გვითხრათ, გიჭირთ აქ გადაადგილება? _ ამ ქუჩაზე თუ ქალი ცხოვრობს, ქუსლიანი ფეხსაცმელები უნდა დაივიწყოს. თავადაც ხედავთ, რა სიტუაციაა, გაუსაძლისი ვითარებაა. _ თქვენ ჩაგვეწერებით? _ აი, ქვემოთ ჩაბრძანდით, (თითით მიგვანიშნებს ერთ სახლზე), იქ ცხოვრობს ქალბატონი, რომელიც ჩვენი გზის საქმეზე მერიაში დარბოდა, ის უკეთ გეტყვით. მითითებული სახლის ჭიშკარზე ვაკაკუნე, თუმცა არავინ გამომხედა. უკან ამოსულმა ერთ-ერთ ეზოში მოხუცი ქალბატონი შევნიშნე, მან მეზობლებს დაუძახა, _ თამუნა, გამოხედეთ, ჟურნალისტები არიან. თამუნა მიქაბერიძე: _ მერიაში ბევრჯერ დავწერეთ განცხადება, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. წლებია, ასეთი სიტუაციაა, უკვე აღარც გვაკვირვებს ეს გზა, შევეჩვიეთ კიდეც. ქალბატონი კარინა: _ ახლად აშენებულ კორპუსს ხომ ხედავთ? ერთი დაასრულეს, გვერდზე ჯერ კარკასია, იმასაც რომ დაამთავრებენ, მერე აქეთ წამოვლენ. ეტაპობრივად დაგვაკმაყოფილებენ ყველას. მასეთ კორპუსში მოგვცემენ ბინებს, თუ დაიწყო დროზე მშენებლობა. ამბობენ მალე იქნებაო. თამარი: _ მგონი, ჩვენამდე არც მოვლენ, ამიტომ ვერ აგებენ გზას, აქ მშენებლობები თუ წავა, რა აზრი აქვს რამის გაკეთებას? _ თუმცა ცენტრალური ქუჩიდან აქამდე 300 მეტრია, დარწმუნებული ხართ, რომ ამ ადგილებითაც დაინტერესდებიან მშენებლები? _ ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს, იმედია, აქამდეც ჩამოვლენ.   ქალბატონებთან დაცილების შემდეგ მოპირდაპირე სახლს მივადექი, მაგიდასთან მსხდარი ახალგაზრდები შევნიშნე: ომარ ახოიშვილი: _ 21 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს, სულ ასეა! ვინ არ შევაწუხეთ, რამდენჯერ არ დავწერეთ განცხადება გამგეობაში, მაგრამ არაფერი. _ წეღან საუბრობდით, რომ სახლთან ავტომობილის დაყენება გიჭირთ, კიდევ რა პრობლემებს გიქმნით ასეთი გარემო? _ ავტომობილს აქ ვერ ვაყენებ, ფეხით მიწევს სიარული, ხან 100 მეტრის იქით ვაყენებ, ხან 200 მეტრის იქით. ქვემოთ არის ვულკანიზაცია, იქიდან ამ პატარა გზაზე დიდი მანქანები სწრაფად ამოდიან, ტროტუარი არ გვაქვს, ადამიანი ღობეს უნდა გაეკრას, როცა ავტომობილი მოდის. სტუმრებისთვისაც მოუხერხებელია აქ ამოსვლა. _ თუ მიმართეთ ვინმეს გამგეობაში და რა გითხრეს? _ მერიას 2011 წელს მივმართეთ, კანალიზაციის მილის შეკეთება გვინდოდა, ამ გახეთქილი მილის გამო გზა დაიწია. მერიიდან ერთი პატარა მონაკვეთი კი შეაკეთეს, თუმცა უშედეგოდ, მთლიანი სისტემაა გამოსაცვლელი. უკვე 2012 წელს უბანმა ჩვენი ხარჯებით გავაკეთეთ დარჩენილი.   თენგიზ ახოიშვილი, ომარის ძმა: _ არ ვიცი, ზუსტად ვინ არის გამგებელი, მაგრამ აეროდრომის დასახლებისთვის ვერავინ მოიცალა. 2010 წელსაც ჩვენი ხარჯებით გავაკეთეთ, ტრაქტორი დავიქირავეთ და ხრეში გადავაყარეთ გზას. წვიმამ ქვიშა სულ ჩარეცხა. ჩარეცხილმა ხრეშმა ახალი პრობლემები შექმნა, გზაზე პატარ-პატარა ბორცვები გაჩნდა. _ ბოლო პერიოდში თუ უკავშირდებოდით მერიის წარმომადგენლებს ამ თემაზე? _ ჩვენ სულ ვახსენებთ მათ თავს, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოა. 2015 წელსაც შევიტანეთ განცხადება. გვითხრეს, რომ წლის ბიუჯეტში ამ საქმისთვის თანხები გათვალისწინებული არ არისო. არც ის უთქვამთ, 2016 წელს გავაკეთებთო. უბრალოდ, შეგვპირდნენ, რომ დაათვალიერებდნენ და ვითარებას შეისწავლიდნენ.   ზაზა ოკინაშვილი: _ მილები 60-იან წლებში ჩაყარეს, ერთმანეთს აცდენილია, გზა დაწეულია. ეს საფეხურები ადრე არ იყო, პირდაპირ შედიოდნენ სახლში, მაგრამ, დროთა განმავლობაში, სამი-ოთხი კიბის დამატება გახდა საჭირო. რემონტის გაკეთებას არავის ვთხოვთ, ქუჩა გაკეთდეს. ფეხითაც და მანქანითაც გავლა გვიჭირს.   თენგიზ ახოიშვილი: _ მხოლოდ მანქანების პრობლემაც არ გვაქვს, გზაზე რატომ უნდა გავიყვანოთ ბავშვები? გამონაბოლქვს ხომ არ ვასუნთქებთ? ისევ უბანში სჯობია სუფთა ჰაერზე, აქ ხეები მაინცაა, მაგრამ შეუძლებელია გავლა.   ზაზა ოკინაშვილი: _ ათი მთავრობა შეიცვალა და ჩიჩუას ქუჩისთვის ვერავინ მოიცალა. თავიდან, კომუნისტების დროიდან, აეროდრომის დასახლება იმიტომ დაარქვეს, რომ 60-იანი წლებიდან, სანამ მასივი აშენდებოდა, აქ აეროდრომი იყო, მერე ქუჩები დაიყო. ძირითადად, აქ კახელები ვცხოვრობთ. ფაქტობრივად, ქალაქია ქალაქში. ხუთი და ათი ოჯახი რომ იყოს, კიდევ ჰო...   გზას ვაგრძელებ, დაღმართზე გოგონა შევნიშნე ბავშვთან ერთად: _ აქ ბევრი სტუდენტი ვცხოვრობთ. გვრცხვენია მეგობრების ჩამოყვანა. თუ ტაქსით მოვდივართ, მძღოლები გვეჩხუბებიან, _ ეს სად ჩამოგვიყვანეთო?! ზოგიერთი ფულის დამატებასაც გვთხოვს. ცუდ ამინდში სუფთად სახლში შემოსვლა შეუძლებელია.   ზაქარია გულუაშვილი: _ წლებია, ასეა! კანალიზაციაა შესაცვლელი და ვერ შეიცვლებაო... 22 წელია, აქ ვართ, ბევრჯერ ყოფილან, მოსულან, მაგრამ... ჯერ სააკაშვილი გვატყუებდა, ახლა _ ესენი.   ლაურა ჯანიაშვილი: _ არჩევნებთან დაკავშირებით მოდიან ხოლმე დეპუტატობის კანდიდატები სხვადასხვა პარტიიდან, ყველა რაღაცას გვპირდება, მაგრამ არაფერი კეთდება. ამას წინათ მთავრობის წარმომადგენლებმა გამოგვიარეს და გვითხრეს, ასე ზერელედ ვერ დავაგებთო. _ ზერელედ დაგებაში რა იგულისხმეს? საერთოდაც, როდისთვის შეგპირდნენ გზის შეკეთებას? _ პირველ ეტაპზე კომუნიკაციები უნდა შეიცვალოს, ძალიან დიდი თანხებია ამისთვის საჭირო, შემდეგ შეიძლება ასფალტის საფარზე ფიქრიო, ამის საშუალება კი ახლა არ გვაქვსო. ეს კომუნიკაციები, მართალია, დიდი ხნის წინათ უნდა გამოეცვალათ, მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა შეკეთდეს? მეტროდან ორის ფეხის ნაბიჯში ვართ, ეს ადგილი ქალაქის ბოლო ნამდვილად არ არის, ვარკეთილის ცენტრალური ნაწილია. სოფლებშიც არაა ასეთი ქუჩები...   ნანული რეხვიაშვილი: _ ჩვენც გვინდა, რომ ქალაქის მცხოვრებლებად ჩაგვთვალონ. ახლა არა უშავს, სიმშრალეა, მაგრამ როცა წვიმს, განსაკუთრებით ზამთარში, აქეთ გამოვლა შეუძლებელია! ბავშვები ხან სკოლაში არიან წასაყვანი, ხან _ ბაღში და გვიჭირს. შვილო, ძალიან ვეხვეწებით, რამე გააკეთონ!  

                                                                                                        ზაზა სვანაძე

     

გაზიარება