კახეთში მოღვაწე ბიზნესმენი მერაბ ფერაძე კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელ კარლო ჯამბურიას ბიზნესსაქმიანობის ხელშეშლაში ადანაშაულებს, რის გამოც წარმოებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობის დარეგისტრირებას ვერ ახერხებს.
„ქრონიკა+“-ს მერაბ ფერაძე ესაუბრება:
_ 51 წლის გახლავართ, დავიბადე და ვცხოვრობ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში. 1983 წლის შემოდგომიდან 2012 წლამდე ვმოღვაწეობდი რუსეთის ფედერაციაში. როდესაც 45 წელი შემისრულდა, ვიგრძენი, რომ სამშობლო მჭირდებოდა და, შესაბამისად, ჩემი გამოცდილებისა და ინვესტიციის საქართველოში დაბანდება გადავწყვიტე. შევქმენი ქართული ოჯახი და დღეს ვარ ოთხი შვილის მამა. დავფუძნდი ჩემს კუთხეში, რათა ბიზნესსაქმიანობა გამეგრძელებინა ჩემი კუთხის ასაღორძინებლად და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, _ როცა რაიონში ჩამოვედი, ბევრი უმუშევარი იყო და მოსახლეობას გვერდით დგომა სჭირდებოდა. როცა საქართველოში საცხოვრებლად გადმოვედი, მაშინებდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მუშაობას არ დამაცდიდა და ფულს წამართმევდა, მაგრამ მაინც ჩამოვედი. დღეს 15 სახეობის სხვადასხვა წარმოება მაქვს სოფლის მეურნეობაში, სასტუმრო, რესტორანი, სამედიცინო კლინიკა, სპორტული კლუბი „ჰერეთი“ და ა. შ. ეს ყველაფერი ხდება ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში, ჩემს სოფელში. ნამდვილად უკან დამდევდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, თუმცა, ბოლოს, ხელი ჩამომართვეს და მითხრეს, _ თავს განებებთო. როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ბიზნესის გაფართოება დავიწყე: შევისყიდე მიწები, საქონლისა და ფრინველის ფერმები გავაკეთე, კლინიკის აშენება დავიწყე, ქვის სამტვრევი ვიყიდე. სახელმწიფომ ხრეშის ამოღებისა და დამუშავების ლიცენზია მომცა, მაგრამ გამგეობა დღემდე არ მაძლევს მიწას იჯარით, რომ ეს სამუშაოები ვაწარმოო. ამ პერიოდში, პარალელურად, ჩემმა მეზობელმა, მალხაზ ნადირაძემ, რომელიც, ამავდროულად, ჩემი მეუღლის ბიძაა, მთხოვა, რომ მისთვის მიწა გამეცვალა, რომელიც ჩემი ნაკვეთის გვერდით მდებარეობს. ახლობელი იყო და დავთანხმდი, უკეთესი მიწა მივეცი. ამ მიწაზე გამგეობამ მშენებლობის ნებართვა მომცა და შენობა ავაგე. ამის შემდეგ ნადირაძე მეუბნება, მიწის გაცვლა აღარ მინდაო. ვუთხარი, _ იმ მიწაზე უკვე შენობა დგას-მეთქი, _ არ მაინტერესებს, უნდა დაანგრიოო. არადა, მიწებს რომ ვცვლიდით, არქიტექტურის სამსახური საქმის კურსში ჩავაყენეთ, მოვიდნენ, ჩვენი მიწები გამიჯნეს და პარალელურად გაფორმება დავიწყეთ. სამოქალაქო კოდექსი ავიღე, სადაც ამოვიკითხე, რომ თუ მე გადავედი მალხაზ ნადირაძის ნაკვეთში და არ ვიცოდი, ამის შესახებ დროზე რომ არ განაცხადა, კომპენსაციის ხარჯზე ნადირაძემ უნდა ითმინოს. ამის მიუხედავად, ნადირაძემ 2013 წელს გურჯაანის სასამართლოში მიჩივლა. მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილი პირდაპირ მეუბნება, _ თქვენ აქ რატომ მოხვედით, გგონიათ, ამ საქმეს მოიგებთო?! _ თან მიკროფონებია ჩართული. როგორც ცივი წყალი გადაგასხან, ისე დამემართა, მაშინ მივხვდი, სად მივედი! პირველი გადაწყვეტილება ჯაშიაშვილმა დაუსწრებლად მიიღო, _ შენობა დაანგრიეთო. ადვოკატთან ერთად მეუბნება, _ თქვენ რა გგონიათ, დაუსწრებელი რომ არ ყოფილიყო გადაწყვეტილება, ისე მოიგებდითო?! მერე სასამართლო ჩატარდა, მოსამართლე ხმას არ მაღებინებდა, _ დაგაჯარიმებ და დაგაპატიმრებო! ავტეხე ჩხუბი და ვუთხარი, _ დამაპატიმრეთ-მეთქი! გავედი გარეთ, სასამართლოს თავმჯდომარეს დავუძახე, დამადეს ბორკილები, ჩემი თხოვნით დამაპატიმრეს და ქვემოთ ჩამიყვანეს. მანდატურები მიშვებდნენ, მაგრამ არ გამოვედი. სხვა გზა არ ჰქონდათ, ითათბირეს და გურჯაანის პოლიციაში გადამიყვანეს. მეორე დილით სასამართლოში მიმიყვანეს, ერთდღიანი სასჯელი მომისაჯეს და გამომიშვეს. სოფელში ჩავედი თუ არა, განცხადება დავწერე და მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მივმართე. 3-4 დღის შემდეგ დამიბარეს და პრემიერის ადმინისტრაციაში რამდენიმე ადამიანი შემხვდა. მითხრეს, _ ჩვენ უკვე ყველაფერი გავარკვიეთ, რა კარგ საქმეებს აკეთებ და რა კარგი პიროვნება ხარ, დაველაპარაკებით კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილს და დაგეხმარებითო. მართლაც, 2-3 დღის შემდეგ კახეთის სოდ-ის უფროსი მოვიდა, რომელიც ჩვენი შორეული ნათესავი იყო, წამიყვანა და შიოლაშვილს შემახვედრა. გუბერნატორი დამპირდა, რომ ყველაფერში დამეხმარებოდა.
_ რას გულისხმობდა დახმარებაში, სასამართლომ თქვენი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და შიოლაშვილი როგორ შეცვლიდა?
_ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე და დღემდე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ავტომატით ხომ არ დავადგები მოსამართლეს, რომ სხდომა დავანიშნინო?! ასეთ დღეში ვარ!.. რაც შეეხება შიოლაშვილს, როგორც გითხარით, დახმარებას დამპირდა. თავის კაბინეტში ყურში ჩამჩურჩულა, _ ლაგოდეხის გამგებელი უნდა შევცვალოთ და როგორც კი ამას გავაკეთებთ, მიწას მერე გაგიფორმებთო. ზუსტად 9 თვე ველოდე, რომ გამგებელი შეეცვალათ. დააყენეს კარლო ჯამბურია, კახა კალაძის ნათესავი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ, თურმე, ჩვენ ავირჩიეთ გამგებელი, რომელსაც თავისი ხელფასის აღების უფლების მეტი არაფერი აქვს. გუბერნატორი და გამგებელი რომ კიდევ შევაწუხე, შიოლაშვილი ჩამოვიდა, ჩემს კაბინეტში ხალხი მოიწვია, მე პირის გაღების უფლებაც არ მომცა და ამბობს, _ ბატონი მერაბი ისეთ რამეებს აკეთებს, როგორ შეიძლება, რომ ამის გაფორმებაზე ანერვიულებთ, ამ საქმეს მე ვუხელმძღვანელებო... კარლო ჯამბურია ფეხზე იდგა, გაწითლდა, გაყვითლდა... ჩემი ადვოკატი იქ იყო და გუბერნატორმა მიმართა, _ ქალბატონო თამარ, როცა საჭირო იქნება, დამირეკეთო, _ ასეთი კონცერტი ჩაატარა. გავიდა რამდენიმე დღე და ჩემთან „ნაციონალები“ მოვიდნენ, რომლებიც დღესაც გამგეობაში მუშაობენ: ლაგოდეხის ყოფილი პროკურორი, ჯამბურიას მოადგილე სოსო ტყემალაძე, სხვა ჩინოვნიკები, რომლებიც მანამდე სისხლს მიშრობდნენ და მითხრეს, _ ჩვენ უნდა მოგეხმაროთ ამ ყველაფრის გაფორმებაშიო. ვეღარ მოვითმინე და იქიდან სულ გინებით გავუშვი. ავდექი და ბიძინა ივანიშვილს მივმართე ღია წერილით. აღარ გავჩერდები და ჩემი უფლებების დასაცავად ვიბრძოლებ!
_ გამოგეხმაურათ ივანიშვილი?
_ არა, ჯერ ერთი კვირაა, რაც მივწერე. შიოლაშვილების, ჯამბურიებისა და სხვა ამგვარი ხალხის გამო საქართველოში ბიზნესმენებს არ უნდა ეშინოდეთ ჩამოსვლა და ბიზნესის წარმოება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის. რაში შემიშალეს ხელი, ეს რომ ჩამოვთვალო, თქვენი გაზეთის 3-4 ნომერი არ ეყოფა. პირდაპირ ვაცხადებ: ხელს კი მიშლიან ადგილზე, მაგრამ კარლო ჯამბურიას არაფერი შეუძლია, გუბერნატორი მიშლის ხელს!
_ რა ინტერესი აქვს კახეთის გუბერნატორს, მით უმეტეს, დახმარებას თუ დაგპირდათ?
_ ის ინტერესი აქვს, რომ მათიანად არ მოვიაზრები. აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არც პარტიის შექმნას ვაპირებ და არც რომელიმეს წევრობას. მე ვარ მწარმოებელი და მწარმოებლად დავრჩები, პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს. ვფიქრობ, რომ ჩემგან ფული უნდათ და ამიტომ მაწვალებენ! მე მათთვის ფულის გადამხდელი არ ვარ! სახელმწიფოს გადასახადებს ვუხდი, როგორც წესია! შემოვიდა საგადასახადო, შეგვამოწმა და რაღაც წვრილმანებზე 24 ლარით დაგვაჯარიმა, მეტი არაფერი. ჩემს კომპანიებში მარტო 30 სალარო აპარატი მუშაობს, 15 სხვადასხვა სახის ბიზნესი მაქვს. რაც შეეხება ჩემს მოწინააღმდეგე მხარეს, ჩემს მეზობელსა და ჩემი მეუღლის ბიძას, ისიც ამათთან არის შეკრული და ჩემ საწინააღმდეგოდ ამუშავებენ. აბა, სხვა რას მივაწერო, რომ 4 წელიწადია, სასამართლო გადაწყვეტილებას არ იღებს, ჩვენს საქმეში ყველაფერი გარკვეულია და ძალიან მარტივია გადაწყვეტილების მიღება, _ თუ მტყუანი ვარ, დამანგრევინონ შენობა, არსებობს ექსპერტიზისა თუ სხვადასხვა სახის დასკვნა, მაგრამ არ სურთ! ნადირაძეს არაფრის გაყიდვა და არაფერზე მოლაპარაკება არ უნდა! მედიაციაშიც ვიყავით, 2-3 თვე დავკარგეთ. რაზე მოვურიგდე, კაცი არ ამბობს! რაღაც 200 კვ.მ. მიწას მედავება იმ დროს, როცა საქმეში მილიონ დოლარზე მეტი მაქვს ჩადებული და სხვადასხვა სახის ბიზნესს ვაწარმოებ! ფული არ უნდა, დაანგრიოსო, მაგრამ რომ დავანგრიო, სასამართლომ ხომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება?! პირდაპირ ვამბობ, _ ეს ამბავი შიოლაშვილიდან მოდის! თავს იმით იმართლებენ, თითქოს მე უკანონოდ ვაშენებ და მონოპოლიის ხელში ჩაგდება მინდა! ამ დროს ერთი ბარი არ დაგვირტყია მშენებლობისთვის მათი ნებართვის გარეშე! ამ ერთ შენობაზე სასამართლოში რომ მაწვალებენ, ეს პრობლემა ცალკეა და სხვა შენობები რომ მაქვს აშენებული, იმასაც ვერ ვარეგისტრირებ, საკუთარ მიწაზე ავაშენე და ვერ ვაფორმებ! არ მინდა, აჯანყებები მოვაწყო! არ მინდა, ის 300 ადამიანი, რომელიც დასაქმებული მყავს, გარეთ გამოვიყვანო და შიოლაშვილს მივაყენო ფიწლებით, რომ მე-3 სართულიდან გადმოაგდონ! დავიღალეთ, ყველაფერს ხომ აქვს დასასრული და, ბოლოს და ბოლოს, მიიღონ გადაწყვეტილება!
წაკ.
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის კახეთის გუბერნატორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა:
_ მერაბ ფერაძის ბრალდებები აბსურდულია. კახეთის გუბერნატორი არავის უშლის ხელს ბიზნესსაქმიანობაში. ამ ადამიანს პრობლემები აქვს კანონთან. როგორც წესი, როდესაც მშენებლობას იწყებ, ჯერ ნებართვა უნდა მიიღო. თუ ნებართვის გარეშე დაიწყე მშენებლობა, შემდეგ ხდება კანონთან შეუსაბამობა. რა შუაშია აქ გუბერნატორი?! რაც შეეხება იმას, რომ მერაბ ფერაძე ირაკლი შიოლაშვილს შეხვდა, რომლის შემდეგაც დახმარების თაობაზე დაპირებები მიიღო, სიცრუეა და ასეთი ფაქტი არ მომხდარა.
„ქრონიკა+“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კარლო ჯამბურიას დაუკავშირდა:
_ ბატონი მერაბი გავიცანი, როდესაც გამგებელი გავხდი და მისგან გავიგე, რა პრობლემებიც ჰქონდა. როდესაც ეს საკითხები მოვიკითხე, გამოიკვეთა შემდეგი: ამ ადამიანს სხვადასხვა ადგილზე წამოწყებული აქვს მშენებლობები, რომელსაც კანონიერ ენაზე უკანონო მშენებლობებს ეძახიან. ზოგან ისეთი მშენებლობაა, როდესაც მიწა მას არ ეკუთვნის, ზოგ ადგილზე მას მიწა ეკუთვნის, მაგრამ მუნიციპალიტეტში არანაირი პროექტი არ წარუდგენია, რითაც შეიძლება ამ მშენებლობებზე ნებართვის გაცემა. ასეთი პროცედურა არსებობს, რომელსაც კანონმდებლობა ითხოვს, _ ადამიანი, რომელიც აპირებს რაიმე მშენებლობის წამოწყებას, პირველ რიგში, მიწა უნდა იყოს მისი საკუთრება, შემდგომ კი მან უნდა წარმოადგინოს პროექტი, თუ რის გაკეთებას აპირებს. ამას წარმოადგენს ჩვენს სამსახურში არქიტექტორთან, პროცედურის გავლის შემდეგ კი გამგებელი ნებართვას აძლევს. ასე უნდა დაიწყოს ნებისმიერი მშენებლობა. როგორც გავარკვიე, ბატონ მერაბს ასეთი რამ არ წარმოუდგენია, სანამ მშენებლობას დაიწყებდა. შემიძლია დაგისახელოთ, მე რომ გავხდი გამგებელი, იმ პერიოდში რა ობიექტების აშენება დაიწყო: 3-სართულიანი სასტუმრო, სადაც რესტორანიც აქვს სოფელ აფენში, ამ ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობდა, როდესაც გამგებელი გავხდი. მან შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოგვიდგინა, რასაც კანონი ითხოვს. აქედან გამომდინარე, ეს ქონება დავურეგისტრირეთ და შესაბამისად, მისი საკუთრება გახდა. შემდეგი ობიექტია მაღაზიები, რომელიც გზის პირასაა განთავსებული, რესტორნის მოპირდაპირე მხარეს. ამ მაღაზიების მშენებლობა უკვე დასრულებულია. სასტუმროსა და მაღაზიებს შორის სხვაობა ის არის, რომ მაღაზიის მშენებლობა დასრულებულია და უკვე ფუნქციონირებს, ხოლო სასტუმრო არ იყო დასრულებული და კიდევ შეეძლო დოკუმენტების წარმოდგენა, რომ მასზე დაგვემტკიცებინა. დასრულებულ ობიექტზე წარმოგვიდგინა შესაბამისი დოკუმენტაციები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც მას უნდა წარმოედგინა, ეს იყო საგზაო დეპარტამენტიდან ნებართვა. საგზაო დეპარტამენტიდან ჩვენ უარი მოგვივიდა ამ მშენებლობის დაკანონებაზე, რაც ჩვენთვის იმის საფუძველია, რომ ნებართვას ვერ ვიძლევით. შემდეგი საწარმო გახლავთ ქვის სამტვრევი სოფელ გიორგეთის ტერიტორიაზე. ქვის სამტვრევი მან სახელმწიფო მიწაზე გააკეთა, შესაბამისად, ამ კონკრეტულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართოს, აქ მუნიციპალიტეტი არაფერ კავშირშია. ბატონმა მერაბმა სოფელ გიორგეთში ასევე ააშენა რესტორნები ეკონომიკის სამინისტროს მიწაზე. როგორც მახსოვს, ბოლო პერიოდში ეს მიწა, თავისი შენობა-ნაგებობებით, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გამოიტანა, მაგრამ მონაწილეობა არავინ მიიღო და აუქციონი არ შედგა. შესაბამისად, ამ საკითხზე მან უნდა მიმართოს ეკონომიკის სამინისტროს. გიორგეთში მას ასევე აქვს მშენებლობა წამოწყებული, რომელიც სახელმწიფო მიწაზეა და ასევე ამ მშენებლობაზეც ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართოს. კიდევ მეექვსე ობიექტია: რამდენიმე დღის წინ ბატონი მერაბი უკანონოდ შევიდა მუნიციპალიტეტის სტადიონზე თავისი ტექნიკით, ცენტრალური ნაწილი ამოთხრა და გააფუჭა, ამის გამო მივმართეთ შესაბამის უწყებებს. გადაწყვეტილებას ისინი გამოიტანენ.
ბატონ მერაბს კონკრეტულად ამ საკითხებზე გუბერნატორთან არ შევხვედრივარ, მაგრამ პირადად რამდენჯერმე შევხვდი, ჩემთანაც იყო მოსული გამგეობაში და მის მშენებლობებზე გვქონდა საუბარი, თუ რა საბუთები უნდა მოეტანა და რა ნაბიჯები უნდა გადაედგა. მანამდე რა მოლაპარაკება ჰქონდა გუბერნატორთან, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. აღნიშულ საკითხზე თუ რამე კითხვის ნიშნები დაგებადებათ, მზად ვარ, ჩამობრძანდეთ და ადგილზე ვნახოთ ობიექტები. თითოეულ მათგანზე მასალას მოგაწვდით. ჩემი მიზანი ის არის და ბატონი მერაბისთვის არაერთხელ მითქვამს: თუ დიდი ფული აქვს, სჯობს, რის მშენებლობასაც აპირებს, კანონის ფარგლებში განახორციელოს, პროექტი წარმოადგინოს და ყველანაირად მზად ვართ, ხელი შევუწყოთ. შეგიძლიათ მოიკითხოთ, ლაგოდეხში ვინმესთვის თუ შეგვიქმნია პრობლება მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, ან ექსპლუატაციაში მიღებაზე და ა. შ. მით უმეტეს, თუ ადამიანს უნდა, დიდი ბიზნესი აწარმოოს, პირიქით, მზად ვართ, დავეხმაროთ, რაც შეიძლება მოკლე ვადებში გავცეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომ მან აწარმოოს ბიზნესი, შემოსავალი მოუტანოს სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეები დაასაქმოს. სანთლით ვეძებ ისეთ ბიზნესმენებს, რომლებიც ჩვენს მუნიციპალიტეტში საქმეს გააკეთებენ.
თამარ ბატიაშვილი