QronikaPlus
სკაიპით დანიშნული ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე სამ თვეში იმპიჩმენტს ელოდება?!

სკაიპით დანიშნული ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე სამ თვეში იმპიჩმენტს ელოდება?!

2016-05-14 08:07:22

„თანამდებობები არის დროებითი, მარადიული არის უფალი და სამშობლო!“ _ ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გადადგომის დროს გააკეთა. ღარიბაშვილის პრემიერობის მარადიულობა ამით დასრულდა. მას მერე კახეთში ბევრი რამ მოხდა, ბევრი მარადიული მიხვდა, რომ დროებითი ყოფილა... ახმეტის საკრებულოს „რასკლადიც“ კახური კლანის დაკომპლექტებულად ითვლება. დღეს მათ მარადიულობასა და დროებითობაზე მოგიყვებით... დაახლოებით ორი წლის წინათ კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, _ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2014 წლის 13 ივლისს, საღამოს, საკრებულოს წევრები მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბექა ბაიდაურის კაბინეტში დაიბარეს. შეხვედრაზე სკაიპით კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი ჩაერთო და დეპუტატებს მოსთხოვა, საკრებულოს თავმჯდომარედ გელა ჯუგაშვილი აერჩიათ, მოადგილედ კი თამაზ წითელაური უნდა ყოფილიყო. გუშინდელ შეხვედრამდე „ქართულ ოცნებას“ ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარედ კოალიციის წევრი, ბიძინა ჭიჭიკლიშვილი ჰყავდა შერჩეული, თავმჯდომარის მოადგილედ კი ზაქარია ქინქლაძის კანდიდატურა განიხილებოდა. ახლად არჩეულმა საკრებულოს წევრებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გუშინ გამგებლის კაბინეტში დაბარებისა და გუბერნატორისგან მითითებების მიღების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს. როგორც მაშინ გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, ის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში არ ერევა: „არანაირ მითითებას ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. თვითმმართველობის საკითხებში საერთოდ არ ვერევი. არც შეხვედრაში მიმიღია მონაწილეობა და არც სკაიპით მქონია ჩართვა“. ორი წლის შემდეგ კი: საკრებულოს ათმა წევრმა თავმჯდომარესა და მის მოადგილეს უნდობლობა 28 აპრილს გამოუცხადა. განცხადებას ხელს აწერს: „ბურჯანაძე _ დემოკრატების“ 5 წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ 4 და „ლეიბორისტული პარტიის“ ერთი წევრი. ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე თანამდებობიდან ვერ გადააყენეს. ახმეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას, თანამდებობიდან გადაეყენებინათ ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი. საკრებულოს 30 წევრიდან სხდომას 25 დეპუტატი დაესწრო, კენჭისყრაში 23-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა. კენჭისყრის შედეგად გელა ჯუგაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგი იყო, 1 ბიულეტენი კი გაბათილდა. თითქმის იგივე შედეგი განმეორდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ წითელაურის უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაშიც. 11 ხმით 10-ის წინააღმდეგ წითელაური დაკავებულ თანამდებობაზე დარჩა. როგორც ახმეტის საკრებულოს წევრმა ირაკლი უჯირაულმა განაცხადა, კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ დეპუტატებზე „ზეწოლას ნამდვილად ჰქონდა ადგილი“. ახლა კი რას ამბობს კანონი? თვითმმართველობის კოდექსისის მიხედვით: მუხლი 34. 1. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი; 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია. „ქრონიკა+“-ს ირაკლი უჯირაული ესაუბრება: _ ბატონო ირაკლი, რა გახდა საფუძველი საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გადაყენების მოთხოვნისა? _ როცა აღნიშნული საკითხის მოთხოვნით შევედით, კონკრეტულად არ დაგვისაბუთებია. _ რატომ? ხომ არ ჩანს ისე, რომ მიზეზი არ გქონდათ და როგორც ოპოზიციას მოგინდათ და მოითხოვეთ? _ კონკრეტულად კანონი გვეუბნება. ეს არის პოლიტიკური საკითხი, ამიტომ არ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ ის იყოს თავმჯდომარე და ვითხოვთ გადარჩევას. _ მხოლოდ პოლიტიკური საკითხის გამო? _ თავმჯდომარე და მოადგილე დამოუკიდებლობას და გამართულ მუშაობას ვერ უზრუნველყოფენ, ანუ უუნაროები არიან. _ თუმცა შედეგი მაინც იგივე დარჩა. _ 16 ხმა სჭირდებოდა, ანუ ჯუგაშვილმა და მისმა მოადგილემ ლეგიტიმაცია დაკარგეს. ამ ადამიანს უმრავლესობა მხარს არ უჭერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მორალურად  გავიმარჯვეთ, იგი უმრავლესობის თავმჯდომარე აღარ არის. _ დეპუტატთა ნაწილი არ მოვიდა, თქვენ კი თქვით, რომ მათზე ზეწოლა იყო. _ ზოგს სთხოვეს, არ მოხვიდეთო, ზოგი საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, თუმცა მათი იმედი ვიღაც-ვიღაცებს არ ჰქონდათ და სთხოვეს, რომ არ მოსულიყვნენ. კენჭისყრაში მონაწილოება არ მიიღო „ფორუმმა“ და ზემო ალვანის მაჟორიტარმა „ქართული ოცნებიდან“. _ სამომავლოდ რას გეგმავთ? _ დავაკვირდებით, როგორი ვითარება იქნება და გამორიცხული არ არის, გავიმეოროთ. თუმცა მოვუწოდებ, კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნა შეასრულონ, იყვნენ დამოუკიდებლები და კანონს დაემორჩილონ, იყვნენ თავისუფლები. _ და მაინც, კვორუმი რომ სრულად შემდგარიყო, რა მოხდებოდა? _ ზუსტად ვიცი, კვორუმი რომ შემდგარიყო, მათ გადაყენებას ვერაფერი დაუდგებოდა წინ. გაბათილებული ბიულეტენი კი, რომელზედაც ორივე პასუხი იყო შემოხაზული, იმის ნათელი მაგალითია, რომ მმართველი ძალისთვის არასანდო პირმა ხელისუფლებას ამ ქმედებით დაუმტკიცა, რომ ზეწოლამ შედეგი გამოიღო და ბიულეტენი სწორედ ამიტომ დანიშნა.   „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის ხელმძღვანელის, შაქრო ტერტერაშვილის შეფასება კი ასეთია: _ მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების დროს მოტივაციის დასახელებას, ჩვენ არაერთხელ, საჯაროდ განვაცხადეთ რომ, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე სრულად დაქვემდებარებულები არიან ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების ბრძანებებს. მათ არ გააჩნიათ ელემენტარული პრინციპულობა თვითმმართველი ერთეულისა და მისი მოსახლეობის ინტერესის სასარგებლოდ და უუნარობის კლასიკურ ნიმუშს წრმოადგენენ. _ იქნებ, სიტუაცია იცვლება, საკრებულოს მუშაობა უკეთესად მიდის, მაშინ? _ მათ ორი წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ თავიანთი შესაძლებლობები ეჩვენებინათ, რაც ამ ხნის განმავლობაში ვერ შეძლეს. ვფიქრობთ, რომ მომდევნო პერიოდიც უუნარობისა და მონური მორჩილების სამთვიანი გაგრძელება იქნება. ჩვენ თუ ვნახავთ, რომ რამე სასიკეთოდ შეიცვლება, რაშიც პირადად ეჭვი მეპარება, მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ მათ მიერ დაწყებულ ყველა სასიკეთო მიმართულებას. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ კანონმდებლობით მონიჭებულ ყველა უფლებას უუნარობისა და მონური მორჩილების დასასრულებლად.   ახმეტის დარჩენილი საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ჯუგაშვილი, „ქრონიკა+“-თან გულწრფელი აღმოჩნდა და საინტერესოდაც გვესაუბრა (სტილი დაცულია): _ ხუთი დეპუტატიდან ოთხმა, ვინც სხდომაზე არ მოვიდა, შემომითვალა, რომ ჩვენ მაგაში მონაწილეობას არც მივიღებთ და არც გელას გადაყენებას დავუჭერთ მხარსო. იმ ორს, ვინც კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, შეგიძლიათ, თავად გაესაუბროთ. _ კი, ოღონდ 10-მა დაგიჭირათ მხარი. _ არა, მე თვრამეტმა სხვადასხვა ფორმით დამიჭირა მხარი, ანუ 10-ს პლუს ორი და ერთი და პლუს ხუთი. რაც შეეხება ოპოზიციას, იმათ რომ შემოიტანეს ეს საკითხი, სუფთა პოლიტიკური მოტივიაო, ჩვენაო არანაირი პრეტენზია არ გვაქვს გელასთანო, პოლიტიკური მოტივიაო. _ ანუ კმაყოფილი ხართ? _ ყველაზე მეტად იცით, რა მიხარია? _ თავისუფლება და დემოკრატია. ოღონდ, ახლა არ დამიწყოთ, ოოჰ-ჰოოვო და ისაო და რაღაცებიო. მთავარი მიღწევა ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სულ თავისუფლებაა. იქ რომ დაიწყეს საუბარი, ზეწოლებს ახდენენო, აბა, დაასახელონ მიზეზი, ან რამე. ეს მათთვის დაზეპირებული შაბლონია. ეს არის საკრებულო, სადაც შეხლა-შემოხლა არ ყოფილა, მე ამას ყველაფერს ვაბალანსებ. ეს არის ყველაზე მეტი მიღწევა! _ სამი თვის შემდეგ იმპიჩმენტი რომ მოითხოვონ, ესეც თქვენი მიღწევა ხომ არ იქნება? _ რა თქმა უნდა, ესეც ჩემი მიღწევა იქნება. კანონიერად მოითხოვონ და რა პრობლემაა? _ დემოკრატიული პროცესებია ეს. ჩემთვის თანამდებობა არაფერი არ არის, მთავარია პიროვნული ურთიერთობები, ცხოვრებისეული პრინციპები. ეს იმპიჩმენტი ახლა კი არ მოხდა, ერთი წლის წინათ დაიწყო და ერთი წლის წინათვე უნდოდათ ჩემი მოშორება, მაგრამ...   P. S. პოლიტიკური ამნეზიის რა გითხრათ, მაგრამ სკაიპით დანიშნული ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე სამ თვეში იმპიჩმენტს ელოდება. როგორც სხდომაზე მითხრა, სამი თვე გამოსაცდელი ვადა აქვს.  

                                                                                                            მაკა მოსიაშვილი

 

გაზიარება