QronikaPlus
უპრეცედენტო საქმე _ ანსამბლი „წინანდალი“ „სანო სტუდიის“ პირისპირ!

უპრეცედენტო საქმე _ ანსამბლი „წინანდალი“ „სანო სტუდიის“ პირისპირ!

2016-05-14 07:50:36

31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ასმათ კოხრეიძე გადაწყვეტილებას უპრეცედენტო საქმეზე მიიღებს. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე ეხება ფოლკლორულ ანსამბლ „წინანდლის“ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას. ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, რომ  საქართველოში არაერთი ინდივიდუალური თუ მომღერალთა ჯგუფის მიერ შესრულებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები უკანონოდ მზადდება ხმის ჩამწერი სტუდიების მიერ, კომერციული მიზნით იყიდება, ავტორი კი ვერაფერს იღებს. ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრება: _ მკითხველისთვის კარგად გასაგები რომ იყოს, თავდაპირველად გაგაცნობთ ანსამბლის შექმნის მოკლე ისტორიას: 1986 წელს თელავის რაიონში, ლევან აბაშიძის ხელმძღვანელობით, შეიქმნა ფოლკლორული ანსამბლი „წინანდალი“. ანსამბლს დაარსების დღიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა და სათავეში ედგა ლოტბარი ლევან აბაშიძე, რომლის ძირითადი ამოცანა იყო ქართული ხალხური ფოლკლორული სიმღერების აღდგენა-დამუშავება და პოპულარიზაცია. დასახული მიზნის მისაღწევად იგი თავდაუზოგავად შრომობდა შემოქმედებითად, მივიწყებულ ხალხურ ფოლკლორულ სიმღერებს აღადგენდა და მსმენელს ახლებური სახით აწოდებდა. მისმა ინტელექტუალურ-შემოქმედებითმა საქმიანობამ, რომელიც მან ანსამბლ „წინანდალში“ განახორციელა, ძალიან დიდი წარმატება მოუტანა როგორც თავად ლევან აბაშიძეს, ასევე ანსამბლს. ჯერ კიდევ ანსამბლის ჩამოყალიბებამდე და ჩამოყალიბების შემდეგაც აბაშიძე თავად იყო ინიციატორი იმ პირთა შერჩევაში, რომლებიც შეძლებდნენ მისი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციაში დახმარებას. იგულისხმებიან ანსამბლის წევრები, რომლებიც მრავალგზის აღნიშნავენ მის პირად შემოქმედებით წვას ანსამბლის ჩამოყალიბებისა და ფოლკლორული სიმღერების დამუშავების საქმეში. აბაშიძის ხელმძღვანელობით ანსამბლმა იმოგზაურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფესტივალზე, მიღებული აქვს უამრავი ჯილდო. ლევან აბაშიძის ხელმძღვანელობით ინგლისში, უელსის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალზე ანსამბლმა პირველი ადგილი და უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ანსამბლ „წინანდლის“ დისკი გამოცემულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში. აბაშიძის ღვაწლზე საუბრობდნენ და მას აფასებდნენ ცნობილი ქართველი ფოლკლორისტები, კულტურის მოღვაწენი, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვანი. თავად აბაშიძეს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, დიპლომი, სიგელი. ქართული ფოლკლორის განვითარება-პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის 1997 წელს იგი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ლევან აბაშიძე 2009 წელს გარდაიცვალა. სიცოცხლეში მისი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეების ნაბართვის გარეშე ხდება ანსამბლ „წინანდლის“ დისკების კომერციული მიზნით გამოყენება. _ ვინ იყენებს და როგორ აღმოაჩინეს ეს ფაქტი? _ როგორც გაირკვა, ცნობილმა ხმის ჩამწერმა „სანო სტუდიამ“ 2003 და 2012 წელს ანსამბლ „წინანდლის“ დისკების უკანონო დამზადება (რეპროდუცირება) მოახდინა. ეს აღმოაჩინა ლევან აბაშიძის ქალიშვილმა, ჯერ კიდევ, მამამისის სიცოცხლეში. მან ნახა, რომ მაღაზიაში იყიდებოდა ქართული ფირმების მიერ გამოცემული დისკები და საკმაოდ სოლიდური თანხა ღირდა. დისკები ასევე ნახა „ამაზონზე“. ამ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ლევან აბაშიძე ძალიან მალე გარდაიცვალა. როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, ის ამის გამო ძალიან განაწყენდა და აპირებდა, საკუთარი უფლებები დაეცვა, მაგრამ არ დასცალდა. აბაშიძის მომიჯნავე უფლებათა მფლობელებმა 2014 წლის ივნისში მიმართეს სასამართლოს დარღვეული უფლებების დაცვისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებისთვის. „სანო სტუდიის“ იურიდიული დასახელებაა შპს „სატრასტო კომპანია ედემი~ და მეორე ორგანიზაციაა შპს „სანო მულტი მედია“. აბაშიძის  მემკვიდრეები ითხოვენ, რომ მოპასუხეს კომპენსაციის სახით დაეკისროს 30 000 ლარი. საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში ორი წელია, მიმდინარეობს და დღემდე არ დამთავრებულა. ეს გასაგებიც არის, ვინაიდან აღნიშნული კატეგორიის საკითხზე საქართველოს სასამართლოების მიერ ასეთი საქმე დღემდე არ განხილულა და პრეცედენტულობით ხასიათდება. სასამართლოსთვის ადვილი არ არის გადაწყვეტილების მიღება, მით უმეტეს, როდესაც მოპასუხე „სანო სტუდია“ ცდილობს მოსამართლეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. _ ზეწოლაში რას გულისხმობთ? _ როგორც ზემოთ აღვნიშნე, უკვე მეორე წელი სრულდება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელის მემკვიდრეების სარჩელის განხილვა, ცნობილი ხმის ჩამწერი ორგანიზაციის „სანო სტუდიის“ წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში უკანონოდ ყიდდა ამ ანსამბლის შესრულებული სიმღერების აუდიოჩანაწერებს საკმაოდ მაღალ ფასად. სასამართლო პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა, 31 მაისს დამთავრდება. საქმის განხილვის ერთ-ერთ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა ხმამაღლა განაცხადა, რომ თუ სასამართლო დაუშვებს პრეცედენტულ გადაწყვეტილებას და დაიცავს ანსამბლების, აგრეთვე ინდივიდუალურ შემსრულებელთა უფლებებს, მაშინ ხმის ჩამწერი ორგანიზაციები ვეღარ შეძლებენ ასეთი შესრულებების დამზადებას, ლიცენზირებულ დისკებად გასაღებას და საკმაოდ მაღალ ფასებად გაყიდვას, ამით კი შემოსავლები მოაკლდებათ. ეს პირდაპირ უთხრა მოსამართლეს, რომ მიუხედავად კანონით დაცული ობიექტისა, ასეთი ორგანიზაციები არ დაუშვებენ მათი ინტერესების საწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილებებს. აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალური სამართალი, უპირველეს ყოვლისა, აღიქმება როგორც ინტელექტუალური შემოქმედების შედეგი. ამგვარი შემოქმედება სულიერ-გონებრივი შრომის ნიშნით გამოირჩევა. ეს ვითარება განაპირობებს ისეთი უფლებების წარმოქმნას, რომლებიც შემქმნელის პიროვნებასთან ურთიერთკავშირშია და რომლებიც პირად არაქონებრივ უფლებებად იწოდება. ამ უფლებებთან ერთად წარმოიშობა ინტელექტუალურ სამართლებრივი ქონებრივი უფლებები, რომლებიც განსაკუთრებულ უფლებებადაა ცნობილი. შესრულება მომიჯნავე უფლებებიდან ერთადერთია, რომელიც ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობით ხასიათდება და პირად არაქონებრივ უფლებებს უკავშირებს კანონი. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონი შემსრულებლის მიერ შესრულებული ნაწარმოების _ სიმღერის, როლის და სხვ. ასეთ შესრულებაზე განსაკუთრებულ (ქონებრივი) უფლებებს ანიჭებს შემსრულებლებს, ხოლო გუნდური შესრულების შემთხვევაში (ანსამბლი, ორკესტრი და სხვ.) მომიჯნავე, ანუ შემსრულებლის განსაკუთრებული (ქონებრივი) უფლებებს ანიჭებს ასეთი გუნდის, კანონის ტერმინის მიხედვით, შემსრულებელთა კოლექტივის ხელმძღვანელს. ანსამბლ „წინანდლის“ ხელმძღვანელი კი იყო ლევან აბაშიძე. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის მიხედვით საავტორო და მომიჯნავე უფლებები გათანაბრებულია ნივთზე საკუთრების უფლებასთან და მომიჯნავე უფლების მფლობელის (შემსრულებელი, ფონოგრამა, ვიდეოგრამის დამამზადებელი და სხვ.) გარდაცვალების შემთხვევაში, მომიჯნავე განსაკუთრებული (ქონებრივი) უფლებები გადადის მემკვიდრეობით. თეატრალური სპექტაკლის შემთხვევაში შემსრულებლად ითვლება თეატრის დამდგმელი რეჟისორი, ორკესტრის შემთხვევაში _ დირიჟორი, ხოლო ანსამბლის შემთხვევაში ამ ანსამბლის ხელმძღვანელი. _ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრება რომ არ არის დაცული, რა არის ამის მიზეზი? _ მიზეზია ის, რომ კანონი არ მუშაობს. საქართველოში არაერთი ინდივიდუალური თუ მომღერალთა ჯგუფის მიერ შესრულებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერი უკანონოდ მზადდება ხმის ჩამწერი სტუდიების მიერ და იყიდება კომერციული მიზნით. შესრულება, ეს იქნება ინდივიდუალური თუ გუნდური, ეს იქნება ფილმში, სპექტაკლში მონაწილეობა თუ ორკესტრის მიერ შესრულებული ნაწარმოები, თითოეული ასეთი შესრულება და ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება დაცულია კანონით და თითოეულ მათგანს შეუძლია მოითხოვოს, როგორც უკანონოდ დამზადებული ჩანაწერების აკრძალვა, ისე საკმაოდ სოლიდური ოდენობის ფულადი ანაზღაურების დაკისრება დამრღვევისთვის. ეს საქმეც სწორედ ამიტომ არის საინტერესო, რომ საქართველოში არ არსებობს პრეცედენტი, ვინმეს ამ საკითხზე სასამართლოში ეჩივლოს. ჩემი აზრით, ლევან აბაშიძის მემკვიდრეებს ყველა შემოქმედმა ადამიანმა უნდა გამოუცხადოს თანადგომა, რადგან აბაშიძეების საქმის მოგებით დამთავრება მათ გამარჯვებასაც ნიშნავს. სავარაუდოდ, ეს საქმე კიდევ ერთი წელი მაინც გაიწელება, რადგან ერთ-ერთი წაგებული მხარე საქმეს აუცილებლად გაასაჩივრებს ზემდგომ ინსტანციაში. „ქრონიკა+“-ს  ამ საქმით დაინტერესებისთვის დიდ მადლობას ვუხდით. ასეთ შემთხვევებში მედიასაშუალებები ძალიან დიდ როლს თამაშობენ. აუცილებელია, ფართო საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თაობაზე.   „ქრონიკა+“ კომენტარისთვის მერაბ სანოძეს დაუკავშირდა: _ საქართველოში მხოლოდ „სანო სტუდიაა“ გამომცემელი, ოფიციალური „ფაბრიკ რილეიშენ“ საქართველოში მხოლოდ ჩვენ გვაქვს. არ მგონია, რომ მოსამართლემ ჩვენი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან მართლები ვართ და ჩვენ არაფერი მოგვიპარავს. ვინც მედავება, ის არ არის უფლებამოსილი, ამაზე მედავოს. ხალხური მუსიკა არ არის დაცული საავტორო უფლებით. თავიდან ლევან აბაშიძის ქალიშვილი მიჩიოდა იმაზე, რომ მამაჩემის არანჟირებააო. ხალხური ხელოვნება არის ხალხის, ეს ადვოკატმა არ იცოდა, შეცდა და მერე დაიწყო დავა იმაზე, რომ მომიჯნავე უფლებით ეკუთვნის. ეკუთვნის, გასაგებია, მაგრამ 1/8-ის ფასი რამდენიც არის, ალბათ, 70-80 ლარი მოუწევთ. ამიტომ სასამართლო თუ რამეს დაგვავალებს, შევასრულებთ. ყველაზე ცუდი ფაქტი ის არის, რომ აბსოლუტურად უანგაროდ ჩავუწერე ლევან აბაშიძეს ეს ყველაფერი, ის ჩემი მეგობარი იყო, ერთად ვმღეროდით, მაგრამ მისი შვილი არ ვიცი, ვინ არის... ადვოკატი ახელებს მას, რომ „სანო სტუდიას“ საქმეს მოუგებს და ათასებს წაართმევენ. წარმოიდგინეთ, მკვლელობაზე არ ითხოვენ 30 000 ლარს. მოკლედ, რასაც დამავალებს სასამართლო, იმას გავაკეთებ. თუმცა სააპელაციოში მაინც შევიტან, რადგან არ ვარ დამნაშავე. საავტორო უფლებების დაცვას ხელი ვინც მოაწერა, საქართველოში პირველი ვიყავი, მანამდე მოლაპარაკება მქონდა, თანხასაც ვთავაზობდი, მაგრამ არ ისურვა, მეგობრის შვილია და მეც არ ვეპყრობი იმ გოგონას ცუდად, იქნებ, ჭკუა ისწავლოს. სასამართლოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ყველა ვარიანტში გავასაჩივრებ უზენაესში და ევროპის სასამართლოშიც კი, რომ დამჭირდეს.  

                                                                                                        თამარ ბატიაშვილი

   

გაზიარება