როგორია საქართველოში სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა რეალური სტატისტიკა? რამდენად დამაკმაყოფილებელია შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობა? რამდენად ასრულებს ქვეყანა ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს? როდის ჩამოყალიბდება ქმედუნარიანი შრომის ინსპექცია და მთავრობას რა დამოკიდებულება აქვს პრობლემასთან?
ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს ესაუბრება:
_ ბატონო ირაკლი, რა სტატისტიკა არსებობს სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა თაობაზე?
_ საქართველოში ფაბრიკა-ქარხნების ნაკლებობის მიუხედავად, სამუშაო ადგილებზე დაშავებულ-დაღუპულთა სტატისტიკა მზარდია. 2007 წლიდან დღემდე გარდაცვალების 365 შემთხვევაა. ეს ის მოკრძალებული მონაცემია, რომელიც პროფკავშირებს აქვს. თორემ, რეალურად, სახელმწიფო ინსპექციის არქონის გამო, ამ კუთხით, რეალური სურათი არც არის წარმოდგენილი. ჩვენ გარდა შსს-ს საერთო მონაცემები აქვს და ამ თვალსაზრისით სხვა აღრიცხვა არ კეთდება. მაგრამ კრიტიკას ვერ უძლებს არა მხოლოდ შრომის ინსპექციასთან დაკავშირებული საკითხები, არამედ ყველა ის ნეოლიბერალური მიდგომა, რაც ძველი ხელისუფლების დროს იყო და ახლაც შემორჩენილია. ვეჭვობ, რომ ეს საკმაოდ მყარი იდეოლოგია გახლავთ იმ ადამიანებისა, რომლებიც მმართველობაში არიან. ეს ტენდენცია აშკარად შეინიშნება.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნაწილობრივად უფასო ჯანდაცვაა, განათლების საკითხები შეიძლება უკეთესად რეგულირდება (ვიდრე ეს ადრე ხდებოდა), მეორე მხრივ, შრომის ინსპექცია, შრომის კოდექსის მუხლების იმპლემენტირება რომ არ მიმდინარეობს და ხალხი ამით ვერ სარგებლობს, იმაზე მიუთითებს, რომ სრულ კატასტროფასთან, კვლავ ნეოლიბერალიზმთან გვაქვს შეხება. უბრალოდ, წინა ხელისუფლების დროს ამ კუთხით უზრდელები და თავხედები იყვნენ; ესენი კი უფრო რაფირინებულად საუბრობენ. ეს არის ამ ყველაფრის მთელი ალია-ბალია.
ამ ყველაფერს მოწმობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა და ევროკავშირის რეკომენდაციებიც საქართველოსთან მიმართებით. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველომ კვლავ არ გამოიყენა შანსი, მოქალაქეებთან გარკვეული თანხვედრა ყოფილიყო, მათი პოზიციები დაახლოებულიყო; დიალოგის გზით გადაწყვეტილიყო საჭირბოროტო საკითხები და არა ისევ ბარიკადებზე დგომით, როგორც ეს წლის განმავლობაში ვიხილეთ ტყიბულში, ქსანში, ჭიათურაში, ზესტაფონში, ფოთში და უამრავ სხვა საწარმოში. ჩვენი სტრუქტურის წარმომადგენლები გითხარით, თორემ საქართველოს მოქალაქეებს უამრავი სპონტანური გაფიცვაც უხილავთ, რაც ბუნებრივი პროტესტი გახლავთ იმ დასარქველებული უსამართლობის, არაცივილიზებული ნორმებისა და სტანდარტების წინააღმდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით და, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე შეინიშნება.
_ ბრძანეთ, რომ დაშავებულ-დაღუპულთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა?
_ ვინც ხელისუფლებაში არის, მას არ აქვს შექმნილი რეალური, ქმედითი შრომის ინსპექცია, რომელიც ზუსტ მონაცემებს დადებს. ეს ამბიცია უნდა ჰქონდეს მთავრობას, მათ, ვინც ხელისუფლებაში იმყოფებიან. მათი პასუხისმგებლობაა მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ძველებს, ზოგადად, ეს შეხედულება ჰქონდათ და ამის დეკლარირებასაც ახდენდნენ, რომ ეს ყველაფერი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს; და თუ ადამიანი ხედავს, რომ საფრთხეა, იმ სამსახურს თავი უნდა დაანებოს და საერთოდ ნუ იმუშავებსო. აი, ასეთი ლოგიკა იყო. რასაკვირველია, ესენი იგივეს არ იმეორებენ, რადგან წინამორბედებს ამის გამო ბევრი მოხვდათ, მაგრამ რეალურად იგივეს აკეთებენ. არ იმეორებენ, მაგრამ არც არაფერს ცვლიან. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, სხვა ვისი უნდა იყოს? ეს სფერო სამმხრივი კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს. გარკვეულწილად, მეურვეობა უნდა ხორციელდებოდეს როგორც დამსაქმებლების, ასევე პროფკავშირების მხრიდან. რასაკვირველია, აქ წამყვანი რგოლი მთავრობა და შრომის სამინისტროა.
_ რას აკეთებს ამ ფონზე შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, თქვენი დაკვირვება როგორია?
_ ნეტავ, ამ შეკითხვას მე დავსვამდე და მოვისმენდე კიდეც ამაზე პასუხს. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ვიცი, რომ ოფიციალურად ამ დეპარტამენტს თანამშრომლებიც არ ჰყავს. მგონი, არც უფროსი, თუ არ ვცდები, მოვალეობის შემსრულებელია.
_ ეს რამდენად არის იგივე ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულება, რა ხდება ამასთან დაკავშირებით?
_ ნამდვილად არ არის შესრულება. ხელისუფლებას ჩემზე წყდება გული, რომ იქ პეტრიაშვილი ამცნობს ამერიკელებსა და ევროპელებს, თორემ ჩვენ ასეთი პრობლემები არ გვექნებაო. სულ ტყუილად აქვთ ასეთი დამოკიდებულება. აქ უამრავი საელჩო, ინსტიტუტი, ორგანიზაციაა, რომლებიც აკვირდებიან როგორც ასოცირების ხელშეკრულებას, ასევე სხვა საკითხებს. ბუნებრივია, ამას არც ჩვენ ვმალავთ და ინფორმაცია ვრცელდება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოქალაქეების სამოქალაქო თვითშეგნება, ჩართულობა და სოლიდარობის ხარისხი არ არის იმ დონის, რასაც ვისურვებდით, ჩვენც ამ პროცესს ხელს არ ვაკლებთ. ამას ნამდვილად ვაღიარებთ, რომ ადამიანებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ გაიგოს იმ სიმახინჯეების შესახებ, რაც ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში ხდება.
_ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის დასკვნები ახსენეთ, მათ ბოლო დოკუმენტებში რა მთავარი აქცენტებია?
_ დასკვნები ერთი ერთზეა ჩვენს მონაცემებთან. აი, მაგალითად, თქვენთან ჩემს წინა ვრცელ ინტერვიუს თუ გადახედავთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ყველაფერს იდენტურად იმეორებს; და იქ არაფერი იმისგან განსხვავებული არ წერია, რაზედაც მე თქვენ ინტერვიუში გესაუბრებოდით. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ პროფკავშირები, რომ ეს რაღაც მონიტორინგის სამსახური სრული აბსურდია. საუბარია იმაზე, რომ მეწარმე ხუთი დღით ადრე უნდა გააფრთხილონ და ა. შ. რეალურად კი ეს შრომის ინსპექცია უკბილებო ორგანიზაცია არ უნდა იყოს და მას სანქციების დაწერის უფლება უნდა ჰქონდეს, თუ ადამიანმა დააშავა... ამიტომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს სტრუქტურა შრომის ინსპექციად არ მიიჩნია, როგორც ჩვენს ხელისუფლებას უნდოდა, რომ ეს გაეყიდა, რომ მათ შრომის ინსპექცია უკვე ჰქონდათ.
_ თუნდაც ასოცირების ხელშეკრულებით რა ეტაპზე უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა და შეიქმნას ქმედითი შრომის ინსპექცია?
_ ამ კონტექსტში ასოცირების ხელშეკრულებას და სახელმწიფო დეპარტამენტს რა უნდა, ნაკლებად მაინტერესებს. სახდეპიც, ასოცირების ხელშეკრულებაც, ევროკავშირიც და ა. შ. ეს არის ჩვენს ხელში ბერკეტი, რომელიც სწორად უნდა გამოვიყენოთ. სიმართლე გითხრათ, პროფკავშირები ამ კუთხით სპეკულირებს კარგი გაგებით, თუ შეიძლება სიტყვა სპეკულირებას კარგი გაგება ჰქონდეს. ევროკავშირი, სახდეპი და აღნიშნული საერთაშორისო ნორმები იმიტომ მინდა, რომ ისინი ჩვენს შეხედულებებს ემთხვევა, თუ როგორ უნდა ცხოვრობდნენ ჩვენივე მოქალაქეები ამ ქვეყანაში. თორემ მათ რა უნდათ, ჩვენ არ უნდა გვაინტერესებდეს. იმის გულისთვის კი არ უნდა ვიღვაწოთ, აქ კანონები და ნორმები ვცვალოთ, რომ მათ მოგვიწონონ, გვითხრან, _ კარგი ბიჭები ხართო, არამედ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, უპირველესად, ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ. XXI საუკუნეში ადამიანს იმის განცდა უნდა ჰქონდეს, რომ როდესაც სახლიდან სამსახურში მიდის, უკანაც მშვიდობით დაბრუნდება.
დღეს აქ ეს განცდა დაკარგულია. ბუნებრივია, აქ სახელმწიფო დეპარტამენტი დამეხმარება, თავისუფალი ვაჭრობის კუთხით, გარკვეულწილად, ჩვენი ჩართულობა იქნება, ამას გამოვიყენებთ და ა. შ. მთავარია, იმ ნორმებსა და სტანდარტებს მივებათ, ჩვენივე მოქალაქეების საკეთილდღეოდ და არა იმისთვის, მათ თავზე ხელი გადაგვისვან, _ ეს რა კარგი ბიჭები ყოფილხართო.
საზოგადოების ნაწილი უფრო მეტად ზრუნავს იმაზე, თუ ასოცირების ხელშეკრულებით რა იქნება და იმას ვერ ხვდება, რომ იმ ხელშეკრულებაში საკუთარი თავი უნდა დაინახოს. ზოგადად რომ ვთქვათ, ჩვენ ვაშანტაჟებთ ძლიერებს ამა ქვეყნისა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაში რაც წერია, ამას რატომ არ ითვალისწინებთო. თორემ, რეალურად, ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდება. მაგალითად, ზეგანაკვეთური შრომა ევროპელებს კი არა (და მისი ანაზღაურება), ეს ხომ ჩვენ გვჭირდება? უბრალოდ, იმ მექანიზმებს ვიყენებთ, _ ა, ბატონო, ევროკავშირო, თუ არ გინდა, რომ მონური შრომის შედეგად იყოს პროდუქცია შენთან შემოსული ამ თავისუფალი ვაჭრობის შედეგად, აგერ ჩვენთან სწორედ ასეთი მონური შრომის შედეგად იქმნება აღნიშნული პროდუქცია. რადგან ხაზს ვუსვამ: ზეგანაკვეთურ შრომას ადამიანებს არ უხდიან! ჩვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. მაგალითად, მაღაროებთან, იგივე მარგანეცთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკაში შედის. იმაზე ვსაუბრობთ, რომ აქ ადამიანებს დასდევენ და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც სწორედ ამას ამბობს, რომ ადამიანებს დევნიან კაზრეთში, საქართველოს რკინიგზაში და სხვაგან. ეს იმის გამო, რომ XXI საუკუნეში გაბედეს და დამსაქმებლის საწინააღმდეგოდ, ანუ მისი ნების გარეშე პროფკავშირი ჩამოაყალიბეს.
წარმოგიდგენიათ, აქ საერთოდ რაზე გვაქვს საუბარი?! რომელ შრომის ინსპექციაზე და მსგავს მოთხოვნებზეა ლაპარაკი, როდესაც ასოცირების თავისუფლება ქვეყანაში უზრუნველყოფილი არ არის?! და ადამიანებს სამსახურიდან იმის გამო ათავისუფლებენ და საყვედურს იმის გამო უცხადებენ (ზესტაფონის ფეროში, ჭიათურაში, კაზრეთში, საქართველოს ფოსტაში, რკინიგზაში), რომ ისინი დამსაქმებლის ნებას არ დაყვნენ, არ შევიდნენ ჯიბის პროფკავშირებში, რომელიც არაფერს აკეთებს. უბრალოდ, უკანა თათებზე დგას და კვერს უკრავს დამსაქმებლის სრულ სისულელეებს.
მაგალითად, ეს ხდება საქართველოს ფოსტაში, სადაც მას 850 ათასი მოვუგეთ უკანონოდ განთავისუფლებულთა აღდგენის სასამართლო პროცესებზე. აი, იმ პროფკავშირს ვეწინააღმდეგებით და ამას ოკეანის გაღმიდან უნდა ეუბნებოდნენ საქართველოს მთავრობას? ეს ხომ სახელმწიფო საწარმოებია _ საქართველოს ფოსტაც, რკინიგზაც. ასევე დიდი ბოდიში, თუ ვინმეს კაზრეთში „არემჯი გოლდი“ და „კუპერი“ რაღაც კერძო ბიზნესი ჰგონია, ამაშიც ძალიან შემცდარა.
ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად მენეჯმენტი ისე იცვლება, როგორც ეს მთავრობას აწყობს და უნდა. ასე რომ, ამ ყველაფრით სახელმწიფო არის დაკავებული. ჩვენი პრემიერი კიდევ დადის და ბიზნესს ფიანდაზები უნდა დავუგოთ, ჩვენი გადამრჩენიაო. ეს ბიზნესია ჩვენი გადამრჩენი, რომელიც მისსავე მოქალაქეებს ასე ატერორებს?
_ ხელისუფლების პოზიცია შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით როგორია, თქვენთან მოლაპარაკებებში რას ამბობს?
_ გვაცალეთ, ყველაფერი კარგად იქნებაო, სულ ეს სიტყვები გვესმის. ახლა აქ ბიზნესი უნდა შემოვიდეს და მერე უკვე სტანდარტები და ა. შ. და იმას ვერ ითავისებენ, რომ აქ ასეთი სპონტანური გაფიცვებია, ბარიკადებზე დგომა და ა. შ. ხოლო აქ შემოტყუებულ ე. წ. ბიზნესს ვერანაირი პოლიციური რეჟიმი (რაც უნდა ამრავლონ ეს პოლიციელები) ჩვენგან თავის დასაცავად ვერ უშველის, რადგან, საბოლოო ჯამში, ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ წავა.უბრალოდ, ეს ყველაფერი დროის ფაქტორთან არის დაკავშირებული. კერძოდ, როდის მოვა ხალხი პოზიციაზე, რომ თავისი თავი და უფლებები დაიცვას? ამიტომ ვფიქრობ, რომ დრო ხელისუფლებაზე ნამდვილად არ მუშაობს.
რაც უფრო მალე მოეგებიან გონს და რეალური სოციალური დიალოგი ექნებათ პროფკავშირებთან, გაითავისებენ დასაქმებული ადამიანების უფლებებს (ის, რაც აღიარებულია და ეს დეკლარირებულად მათაც გაკეთებული აქვთ, ეს იქნება შრომის ინსპექცია თუ სხვა საკითხები), მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვისაც. პროფკავშირები ნამდვილად არ არის იმის მოსურნე, რომ ვინც ადრე იყვნენ, ისინი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს. ეს ჩვენი პოზიციაა, რადგან მათგან უფრო მეტი სიმწარე გვახსოვს. მაგრამ არც ამათთვის კვერის დამკვრელები ვიქნებით, რადგან განათლებასა და იდეოლოგიურ საკითხებში მათაც სერიოზული პრობლემები აქვთ.
ვიმედოვნებ, რომ ამ რეალობას გაითავისებენ. რახან ბედმა გაუღიმათ და ხელისუფლებაში არიან, არ იფიქრონ, რომ ყველაფერი იციან. სამწუხაროდ, მათ შესაბამისი ცოდნა არ გააჩნიათ და თქვენ მიერ ნახსენები ევროკავშირისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნები სწორედ ამაზე მეტყველებს.
_ სად არის გამოსავალი ამ სიტუაციაში, რომ პროცესებს ახალი ბიძგი მიეცეს და ელემენტარული გარანტიები შეიქმნას?
_ გამოსავალი პოლიტიკურ ნებაშია, რომელიც, უპირველესად, განათლებიდან მოდის. საკუთარივე თავისთვის უნდა ზრუნავდნენ, თვითონ რომ იყვნენ ბედნიერები, ჩემთვის ნუ იზრუნებენ და საქართველოს მოქალაქეებზე. ამისთვის შესაბამისი განათლება უნდა შეიძინონ და ამას ბევრი არაფერი უნდა. თუნდაც თქვენ მიერ ჩაწერილი ინტერვიუს ნაწილი მოისმინონ და თვალები ფართოდ გაახილონ, _ ეს არის გამოსავალი _ პოლიტიკური ნება, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩვენს კეთილდღეობას განსაზღვრავს. ხელისუფლებამ ამ ყველაფრისთვის სათანადო მექანიზმები უნდა შეიმუშაოს.
გელა მამულაშვილი