QronikaPlus
ცაიტნოტი ვაშაძისთვის და მთავარი წინასაარჩევნო ინტრიგა _ ენმ-ს სია

ცაიტნოტი ვაშაძისთვის და მთავარი წინასაარჩევნო ინტრიგა _ ენმ-ს სია

2016-05-13 10:23:20

გასულ კვირას ენმ-დან გიორგი ვაშაძის წასვლა ლამის იყო, იმაზე მსჯელობამ გადაწონა, მართლა თქვა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა ვაშაძის ნაბიჯის შემდეგ, რომ ის, რაც მან გააკეთა, ბიძინა ივანიშვილის თამაშია. ბევრს ამაში ეჭვი იმიტომ ეპარებოდა, რომ სააკაშვილს ეს განცხადება „ფეისბუქის“ გვერდზე არ გამოუქვეყნებია, უბრალოდ, ენმ-ს ვებგვერდის საშუალებით გამოეხმაურა პარტიიდან ვაშაძის გასვლას. სააკაშვილმა კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა: მისი პირადი გვერდი „ფეისბუქზე“, სადაც ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებად იდება ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებული მასალები, შიდაპარტიული კინკლაობის ადგილი არ არის. ის ვერ მისცემდა ნოყიერ ლუკმას უკრაინელ პრორუსებს, რომლებიც აუცილებლად დასცხებდნენ ყიჟინას და იტყოდნენ, _ ეს კაცი აქ რას გაგვიკეთებს, საკუთარი პარტიისთვის ვერ მოუვლიაო. არადა, მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი ვაშაძეს ადრე საუბარი ჰქონდათ და ამ საუბრიდან გამომდინარე, ვაშაძის მიერ ენმ-ს დატოვება საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. უფრო დეტალურად ამ საუბრის შესახებ: ის, რა თქმა უნდა, კიევში შედგა და გიორგი ვაშაძეს სააკაშვილისთვის უთქვამს, _ ცალკე გასვლას და პარტიის ჩამოყალიბებას ვგეგმავ, რადგან ენმ-ში გასაქანი არ მაქვსო. და მისი აქტივობის შემფერხებლად პირდაპირ გიგა ბოკერია დაუსახელებია. რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილს მიუხვედრებია, რომ თუ ვაშაძესა და ბოკერიას შორის არჩევანის გაკეთება დასჭირდებოდა, ის ამ უკანასკნელს არ გაწირავდა. იქვე დაუყოლებია, რომ ცალკე წასვლა და პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბების მცდელობა მისი მხრიდან შეცდომა იქნებოდა და ურჩევნია, რომ პარტიაში დარჩენილიყო და იქ გამოეცადა ძალები. მაგრამ რამდენიმე მართლაც ნიჭიერი ახალგაზრდისა და მის უკან მდგომი, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ორგანიზაციისა და მედიასაშუალების განმკარგავ ვაშაძეს უკვე საშველს არ აძლევდა იმაზე ფიქრი, რომ ცალკეც შეეძლო ფრთების გაშლა და გააკეთა ის, რაც გააკეთა. თუ ენმ-ს ოფიციალურ ვერსიას დავუჯერებთ, გიორგი ვაშაძე პარტიიდან სიის გამო წავიდა: მიაჩნდა, რომ ათეულში მოხვედრას იმსახურებდა და საბოლოოდ, უარი თქვა მეთერთმეტე ნომრად მის ჩასმაზე. თავად ვაშაძე ამბობს, რომ სიაში ადგილი გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არ არის. ჯერ ერთი, სიაში გარანტირებული ადგილით არავინაა, რადგან ის დღეში რამდენჯერმე იცვლება და მეორეც, თუ სიის გამო არ წასულა, წასვლა ვაშაძეს მანამდეც შეეძლო. კაცმა რომ თქვას, გიორგი ვაშაძის პარტიიდან გაშვების საკითხი ადრეც არაერთხელ მდგარა დღის წესრიგში, თუმცა ვერ გადაწყვეტილა. ჩვენი ინფორმაციით, ეს თემა ენმ-ში სამჯერ განიხილეს, ერთხელ თავად ვაშაძის ინიციატივით. ორჯერ მის წასვლას ვიზირება სწორედ მიხეილ სააკაშვილმა არ მისცა, ხოლო მესამედ, ცოტა ხნის წინათ, როცა თავად მან დასვა საკითხი, რომ ან უფრო მეტად თავის გამოჩენის საშუალებას მისცემდნენ, ან წავიდოდა, ისევ სააკაშვილმა მას უკრაინაში უხმო. ასე რომ, თუ ახლა გიორგი ვაშაძე ბრტყელ-ბრტყელი წინადადებებით ლანძღავს ენმ-ს, ეს მიხეილ სააკაშვილის კისერზეა, განსხვავებით ზურა ჯაფარიძისგან, რომელიც, სხვათა შორის, გიგა ბოკერიას რჩეული იყო. თანაც მნიშვნელოვანი განსხვავებაა _ ჯაფარიძე სიის გამო არ წასულა და როცა წავიდა, ენმ-ს ლანძღვა არ დაუწყია. ვაშაძე კი დადგა და ხან ლაივში, ხან ჩანაწერებში საჯარო გახადა პარტიის შიდა სამზარეულო, სადაც, აღმოჩნდა რომ, არც ისე უჩვეულო პროცესები მიმდინარეობს. დიახ, არ მოგესმათ: ენმ-ში ნამდვილად არაფერი ხდება უჩვეულო და ისეთი, რაც პარტიის დეგრადაციას, დაშლას, შესუსტებას მოასწავებდეს. ერთი მხრივ, აბსოლუტურად გასაგებია ენმ-ს მხარდამჭერთა შფოთვა იმის გამო, რომ პარტიიდან ენერგიული და აქტიური სახეები მიდიან, მაგრამ, მეორე მხრივ, ესეც ჯანსაღი პროცესია და ენმ ისეთივე განსაწმენდელ გზას გადის, როგორიც პორტირებული ქოცების დროს გაიარა. ენმ-ს შიდა კულუარების დეტალებს ქვემოთ უფრო დაწვრილებით მოგიყვებით, მანამდე კი ორი სიტყვა იმის შესახებ, თუ რას შეიძლება აპირებდეს გიორგი ვაშაძე? დავიწყოთ იმით, რომ მისი წამოსვლისთანავე გაჩნდა მინიშნებები იმის თაობაზე, რომ გიორგი ვაშაძე ვანო ჩხარტიშვილის სიძეა _ გიორგი ვაშაძის ცოლი დიდი ვანოს დისშვილი გახლავთ და ის კარგა ხნის განმავლობაში შემოსავალს სწორედ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიისგან იღებდა, რაც ასახულია კიდეც ვაშაძის დეკლარაციაში. რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ვაშაძეს ფინანსური კუთხით? რაც უნდა იძახოს, რომ ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები უდგანან მხარში, ყველამ კარგად ვიცით, რომ პოლიტიკაში ფულია საჭირო: ოფისები, მედია, ორგანიზაციები _ ეს ყველაფერი სოლიდურ ბიუჯეტს მოითხოვს. არცთუ ცოტა ბიუჯეტი სჭირდება ასევე საარჩევნო კამპანიას და თუნდაც ფეისბუქზე დარეკლამებული ვაშაძის გვერდი, რომლის რეკლამა-მოწოდება ახალ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ ნებისმიერ აქტიურ ფეისბუქელს უხტება კედელზე, იმაზე მიანიშნებს, რომ რეკლამის დამკვეთმა ფული არ დაიშურა, რათა დიდი აუდიტორია მოეცვა. ამ მხრივ აქამდე გამორჩეული ლეონიდ ჩერნოვეცკი იყო. ვაშაძეს არც ადრე აკლდა რეკლამა ფეისბუქზე, ახლა კიდევ უფრო მეტად მოინდომებს. დასაფინანსებელია სატელევიზიო კლიპებიც, რომლებიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, უნდა მოიფიქრონ ახალი ორგანიზაციის სახელი, სლოგანი, გახსნან ოფისები, გააწევრიანონ ადამიანები, იმუშაონ ცნობილ, ან ახალ სახეებზე, მათ წარმოჩენაზე _ დრო ცოტაა, მაგრამ, ეტყობა, ფული _ ბევრი. თუმცა შეკითხვა: „საიდან ფული?“ ჯერჯერობით, აქაც ისევე აქტუალურია, როგორც „გირჩთან“ მიმართებით. თუ ვაშაძის წასვლა ჩხარტიშვილის თამაშია, ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ვარაუდი მართლდება და ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ივანიშვილის თამაში გამოდის. „პოსტ სკრიპტუმთან“ ინტერვიუში სააკაშვილმა ეს ხმაურიანი დემარშები იმ სამხედრო თვითმფრინავის მანევრს შეადარა, რომელიც სითბური რაკეტის კვალის ასარევად და მის „მოსატყუებლად“ სხვადასხვა მისამართით ფრქვევად მაშხალებს ისვრის. ეს სამხედრო მანევრი ხშირად გამართლებულია: „დედამიწა-ჰაერი“ ტიპის რაკეტისთვის მიზიდულობის ძალა თვითმფრინავის ძრავიდან გამოყოფილი სითბური სიგნალებია და მისი მიზანიც სწორედ ძრავია, მაგრამ გატყორცნილი მაშხალები იმაზე მეტ სითბოს გამოყოფს, ვიდრე ძრავი და „დედამიწა-ჰაერის“ რაკეტებს თავიანთკენ იზიდავს. ჯამში, რაკეტა სწორედ მაშხალებისკენ მიილტვის, თვითმფრინავი კი დაუზიანებელი რჩება. ეს ჰქონდა მხედველობაში სააკაშვილს, როდესაც თქვა, რომ ივანიშვილი _ თვითმფრინავია, ხოლო ენმ-დან ხმაურით გასულები _ სითბური მაშხალები, რომლებსაც ყურადღება გადააქვთ. ვის ხმებს შეიძლება უმიზნებდს ვაშაძე? რამდენად მომზადებული იყო ადრიდანვე ახალი პოლიტიკური პარტიის შესაქმნელად? წაართმევს თუ არა ელექტორატს ის ენმ-ს, ან, ზოგადად, პროდასავლურად და ანტირუსულად განწყობილ პოლიტიკურ პარტიებს? პასუხი მარტივია: ვაშაძის შესაძლო ხმები უფრო იქნება ენმ-ს მომხრეებზე გათვლილი, ვიდრე „გირჩის“, ანუ ვაშაძემ უფრო შეიძლება დააზარალოს ენმ, ვიდრე „გირჩმა“. რატომ? „გირჩმა“ თავიდანვე განაცხადა, რომ მისი მიზანი არაა ენმ-ს ხმების „დათრევა“ და ის იმ 60%-ზე „ინადირებს“, ვინც გადაუწყვეტელია და ვისაც არჩევნებში მონაწილეობა არავის სასარგებლოდ არ სურს. ვაშაძემ განაცხადა, რომ ითანამშრომლებს სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, მაგრამ რომელიმე პარტიასთან არ გაერთიანდება. ვაშაძის უკან მდგომი ახალგაზრდები აქამდე მუდამ ენმ-ს სახელით მოქმედებდნენ. მათ შორის ისეთებიც არიან (მაგალითად, მერიის ყოფილი თანამშრომლები), რომლებიც წლებია, ხალხთან, მოსახლეობასთან ურთიერთობენ _ მერიაში ყოფნის დროსაც და მერეც. მაგალითად, რამდენიმე აქტიურ ახალგაზრდას თბილისის მოსახლეობის იმ ნაწილში, სადაც თავად ცხოვრობენ, მოქმედი ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელზე, ან უბნიდან მაჟორიტარად არჩეულ „ოცნების“ წევრ საკრებულოელზე მეტი რეიტინგი აქვთ. ისინი არასდროს იზარებდნენ საქმეების გადადებას და ადგილზე მისვლას მაშინ, როცა, ვთქვათ, რომელიმე კორპუსის მცხოვრებლები დახმარებას სთხოვდნენ იმის გამო, რომ წყლის ტუმბო გადაიწვა, მერია კი დახმარებას არ ჩქარობს. ეს ახალგაზრდები ადგილზე მიდიოდნენ, თავად უკავშირდებოდნენ მერიას, შეკრებდნენ მოსახლეობას და იმდენს აღწევდნენ, რომ თბილისის მერია, მოსალოდნელი აქციის შიშით, სასწრაფოდ შეფუცხუნდებოდა და ხელოსანთა ბრიგადას ადგილზე აგზავნიდა. ეს აქტივობა პერსონალურად ამ ბიჭებს, საერთო ჯამში კი _ ენმ-ს ეწერებოდა, ისევე, როგორც პარტიულად სწორედ ენმ-ს ეწერება ნიკა მელიას მსგავსი აქტივობები (მაგალითად, ღამის საათებში თბილისის ზღვის უბანში ჩასახლებულ დევნილთა კორპუსში მელიას ხმაურიანი მისვლა გავიხსენოთ). ასე რომ, „ვაშაძის ხალხს“, როგორც მათ უწოდებენ, ხმების წართმევის კუთხით ენმ-სთვის თბილისში სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია, „გირჩისგან“ განსხვავებით. საკმარისია მხოლოდ, იმ ახალგაზრდებმა მოსახლეობას უთხრან, რომ ისინი ენმ-ში აღარ არიან და მათი პრობლემების მოგვარება გიორგი ვაშაძეს უკავშირდება... თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ენმ-ში გიორგი ვაშაძის აქტივობებს ახალი მოძრაობის შესაქმნელად დიდად სერიოზულად არ აღიქვამენ. იქ ისევ ამბობენ, რომ დღეს ლოგიკურად არსებობს ორი პოლიტიკური პოლუსი და ყოველგვარი ახალი ცენტრის შექმნა არის ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა. იმას, რაც ახლა ხდება, ბევრი 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ეროვნული მოძრაობის ფრაგმენტირებას ადარებს. ამ შედარების მომხმობები ამბობენ, რომ წლების შემდეგაც იგივე ხდება: მაშინაც არსებობდა ორი პოლიტიკური პოლუსი: კომპარტია და ეროვნული მოძრაობა. ფრაგმენტირდა ეროვნული მოძრაობა და ის დაიყო კონგრესად, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის მომხრეებად და მრგვალი მაგიდის მომხრეებად. საბოლოოდ, მხოლოდ ზვიად გამსახურდიას პერსონალურმა ავტორიტეტმა გადაწყვიტა ქვეყნის ბედი ისე, რომ ხელისუფლებაში ეროვნული ძალა მოსულიყო, თუმცა ამის შემდეგ გეგმა „ბ“ ამოქმედდა _ გამსახურდიას დისკრედიტაციის მცდელობები, მისი გუნდის შიგნიდან რღვევა, საბოლოოდ კი სამხედრო გადატრიალება და პირველი პრეზიდენტის ჯერ განდევნა, მერე დევნა და მერე მკვლელობა... მიხეილ სააკაშვილის მინიშნებებშიც სწორედ ეს ისმის: აირჩიეთ ორი პოლიტიკური პოლუსიდან ერთი და ნუ დაიბნევითო. თუ გახსოვთ, თავისებურად და ემოციურად 1990 წლის არჩევნების წინ ზვიად გამსახურდიამაც იგივე თქვა: ორი გზა არსებობს _ ქრისტესი და ბარაბასი, აირჩიე, ქართველო ეროო!.. მაშინ ის სტადიონიდან ხელში ატატებული გამოიყვანეს, თუმცა, სულ რაღაც, ერთ წელიწადში გამოჩნდა, რა გზა აარჩევინეს ქართველი ერის ნაწილს... მოკლედ რომ ვთქვათ, გიორგი ვაშაძის პარტიული ამბიციები უკვე აღარ არსებობს. ენმ-ს შიდა განხეთქილება ან დაპირისპირება სამომავლოდ, სავარაუდოდ, აღარ ემუქრება. ერთადერთი, რაც შეასაძლოა, უკვე იქცა ლოკალური დაპირისპირების საფუძვლად, საპარლამენტო სიებია. სიები ჯერ ფორმირებული და გამოქვეყნებული არ არის და, ჩვენი ინფორმაციით, 20-21 მაისს იქნება მზად, ადრე გამოცხადებული 15 მაისის ნაცვლად. მღელვარება სიების გამო უკვე პიკს აღწევს. მხარდამჭერთა ნაწილი დაპირებულ ახალ სახეებს ითხოვს, მეორე ნაწილი ამბობს, ახალ სახეებში რა ყრიაო? სიის ათეული კი დღეში რამდენჯერმე განიცდის ცვლილებას, _ ხან ვინ მოექცევა სათავეში და ხან _ ვინ. არიან პირები, რომლებიც უკვე გარანტირებულად მოიაზრებიან პირველ ათეულში. მაგალითად, ელენე სამადაშვილი და რომან გოცირიძე. დანარჩენები ხან აქეთ ჯგუფდებიან, ხან _ იქით, თუმცა, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ენმ-ს სიამ დიდი ცვლილება განიცადა იმ კუთხით, რომ პარტიის ძველი, გამოცდილი სახეებიდან ზოგი საერთოდ არ არის (მაგალითად, ნუგზარ წიკლაური), ხოლო ვინც არის, უკანაა გადაწეული. ყველაზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია სიაში და, სავარაუდოდ, პირველ ოცეულში ხათუნა გოგორიშვილისა და მიხეილ მაჭავარიანის ყოფნამ. სწორედ ეს ორი სახეა ყველაზე მეტი დავის საგანი, მაგრამ მხოლოდ ენმ-ს გამოცდილმა მხარდამჭერებმა იციან, რომ სიაში, თანაც გამსვლელში, ორივე საჭიროა. ბოლოს და ბოლოს, პარლამენტში ყოფნა თუ იქ მუშაობასაც გულისხმობს, ვინ იმუშავებს საარჩევნო კოდექსთან, საპროცედურო საკითხებთან, ზოგადად, არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე? რა თქმა უნდა, ახალ სახეებში ხათუნა გოგორიშვილის შემცვლელის პოვნა გაჭირდება. გაჭირდება ამ კუთხით მიშა მაჭავარიანის დონის გამოცდილი ახალი სახის პოვნაც. ამიტომაც პარტიის ვერტიკალი ერთხმად თანხმდება, რომ ეს ორი ადამიანი იქ უნდა იყოს, სადაც არის, ამას კი ენმ-ს მხარდამჭერთა ნაწილი არ იზიარებს. სხვა საკითხი და თემაა სიაში, ვთქვათ, ელენე ხოშტარიას ჩასმა. ენმ-ს ბევრ მომხრეს დღემდე ვერ მოუნელებია მისი ფრაზა, _ მიშამ უკრაინას მიხედოს, მას ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმებაო. მოგეხსენებათ, ასეთ ფრაზებზე სააკაშვილი არათუ მტკივნეულად რეაგირებს, მათ იმახსოვრებს კიდეც და ის თავდაპირველად სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა სიაში ხოშტარიას ჩასმისა, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, ამის აუცილებლობაში ისევ გიგა ბოკერიამ დაარწმუნა. და საერთოდ, თუ ვინმეს უსმენს და ვინმეს აზრს ითვალისწინებს მიხეილ სააკაშვილი, ეს სწორედ ბოკერიაა, რაც ენმ-ს მხარდამჭერთა ნაწილს, მაინცდამაინც, არ მოსწონს _ სულ უფრო და უფრო იზრდება იმ „ნაციონალთა“ რიცხვი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბოკერიას „მიშას ჩაჩოჩება“ უნდა. არადა, სინამდვილეში, ბოკერია ხუშტურებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას არ იღებს თავის თავზე. ის პარტიის შიგნით, პოლიტსაბჭოზე თემების გავლისა და გადაწყვეტილების მიღების მომხრეა. ჩვენი ინფორმაციით, პარტიის წევრებისთვის ენმ არც არასდროს ყოფილა იმდენად ღია, როგორც ახლა: მაგალითად, გიგა ბოკერია ვერავის წარადგენს სიაში ჩასაწერად, ვთქვათ, თბილისის ორგანიზაციიდან, თუ იმ კონკრეტულ ადამიანს არ აქვს ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობის აბსოლუტური მხარდაჭერა. ასე რომ, ენმ-ს წევრებს უწევთ ჯერ იქ გაძლიერება, სადაც არიან, რომელ ორგანიზაციასაც წარმოადგენენ _ სხვაგვარად პარტიულ ვერტიკალში და, მით უმეტეს, სიაში ვერ მოხვდებიან. ეს სიაში ისე მოხვედრის შესაძლებლობას გამორიცხავს, როგორც თინა ბოკუჩავასა და მარიამ საჯაიას მიეცათ. პარტიული გადანიწილების ეს მოდელი აპრობირებულია დასავლეთში და წარმატებულად მუშაობს _ პარტიის წევრის პოპულარობისა და ავტორიტეტის საზომი ის ორგანიზაციაა, სადაც საქმიანობს: უკრაინაში ჩასვლა, სააკაშვილთან სელფის გადაღება და ფეისბუქზე გამოქვეყნება საზომი არ არის... სიების ფორმირების პროცესში აქტიურადაა ჩართული თავად მიხეილ სააკაშვილი. ეს გასაგებიცაა: ის აქ არ არის და მოუსვენრადაა, ხან ვინ უნდა სიაში და ხან _ ვინ, ხან ვის ჩააწერინებს და ხან ვის ამოაგდებინებს სხვადასხვა მოსაზრებით, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველაფერი, საბოლოოდ, მაინც პოლიტსაბჭოზე წყდება, სადაც ყველა წინადადებას კენჭი ეყრება. ჩვენი ინფორმაციით, ენმ-ს სიებში ინტრიგა მაინც დამალულია. სიების ვერსიების ყოველ გამოქვეყნებაზე კი ის პირები ნერვიულობენ, რომლებიც იქ ვერ მოხვდნენ _ ვერსიების დონეზე ვამბობ, თორემ, სინამდვილეში, სულ რამდენიმე კაცმა იცის პარტიის ვერტიკალში, როგორ გამოიყურება სია, ვინაა პირველ ათეულში და ვინ _ მესამეში. ინტრიგა მაისის შუა რიცხვებამდე შენარჩუნდება, სიის გამოქვეყნების მერე კი მის ავკარგზე მსჯელობა და გარჩევები გველოდება... მთავარი პოლიტიკური ინტრიგა დღეს ქვეყანაში არა სხვა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ „რადარებიდან გამქრალი“ ენმ-ს საარჩევნო სიაა...  

                                                                                                                     ლაშა ბერულავა

   

გაზიარება