რატომ ეწინააღმდეგებიან მესტიის რაიონის, ჭუბერის თემის მკვიდრნი „ნესკრაჰესის“ მშენებლობას? რა კონკრეტულ პრობლემებს ქმნის აღნიშნული პროექტი? მოჰყვა თუ არა პასუხი მათ საპროტესტო განცხადებებს პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვების სახელზე? რა მეთოდებით აპირებენ ადგილობრივი აქტივისტები ბრძოლის გაგრძელებას? რა არის მათი ბოლო მოთხოვნები და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს სად ხედავენ?
ამ და სხვა კითხვებით „ქრონიკა+“-მა ჭუბერის თემის ადგილობრივ მოსახლეს, ნაფიცთა საბჭოს წევრს _ გია ანსიანს მიმართა:
_ ბატონო გია, ამჟამად ადგილზე რა მდგომარეობაა?
_ თვითონ აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მოსაკვლევი სამუშაოები მიმდინარეობსო. რეალურად, მძიმე ტექნიკა შემოიყვანეს და ადგილზე მუშაობენ.
_ რატომ ეწინააღმდეგებით ჰესის მშენებლობას?
_ იმიტომ, რომ დღემდე სრულ გაურკვევლობაში, ვაკუუმში ვიმყოფებით. არაფერი არ ვიცით, აზრზე არ ვართ, რა გველის და რა გვემუქრება აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით. მოკლედ, პროექტის ხან ერთ რუკას აგზავნიან და ხანაც _ მეორეს, სადაც ჩვენი ადგილი ვერაფრით გაგვირკვევია.
თავიდან იმით დაიწყეს, რომ საცხოვრებელი ადგილიდან აყრა ერთ ოჯახს შეეხებოდა. ახლა უკვე სამ ოჯახზე საუბრობენ. ჩვენი ინფორმაციით, კიდევ 50 ოჯახის აყრაზე არის საუბარი. მოკლედ, დაზუსტებით ვერაფერი გავარკვიეთ. სრულყოფილი გეგმის შესახებ ვეკითხებით, არ აქვთ. თვითონვე აცხადებენ, რომ ეს გეგმა ჯერ არ გვაქვსო და მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია. ახლა აქ კორეული კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ. შეხვედრა გვქონდა. მათ ეცინებათ იმის გაგონებაზე, რომ ქართულ მხარეს ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები ჩამოყალიბებული არ აქვს. როგორ შეიძლება, მილიარდიანი პროექტი გეგმის გარეშე დაიწყო? მისი შინაარსი (თუკი არსებობს) ჩვენამდე არ მოაქვთ და ამიტომ არ ვიცით, რეალურად წინ რა გველოდება.
_ მკითხველს რომ განვუმარტოთ, ეს მშენებლობა, კონკრეტულად, რომელ დასახლებებს შეეხება?
_ ეს ჭუბერის თემში ხდება. სოფელ ლეკულმახეში ეს პროცესი ოთხ ოჯახს და სოფელ ლახამში 50 ოჯახს ემუქრება. მათ, პრაქტიკულად, არც ეუბნებიან, რომ აყრაში ხართო.
_ ვინ მართავს აღნიშნულ პროცესს?
_ ამას ვერც გაიგებ _ შავები, თეთრები თუ წითლები. ყველა მართავს, თუკი ვინმე დაინტერესებულია ამ მშენებლობით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ! აბსოლუტურად ყველა, ვისაც კი ამაზე ფულის შოვნა სურს!
_ ადგილზე სოფლების მკვიდრთა უმრავლესობა აღნიშნული მშენებლობის წინააღმდეგია?
_ ჩვენ ამაზე ფარული წესით შიდამოკვლევა ჩავატარეთ. ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 80% ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია. დაახლოებით 10% მერყეობს და ვერ გადაუწყვეტია, აშენდეს თუ არა. ასევე 10%-ია, ვისაც დასაქმებას ჰპირდებიან და მშენებლობის მომხრედ გამოდის.
_ საწინააღმდეგო პოზიცია როგორია, კიდევ რა პრობლემებს ქმნის ჰესის მშენებლობა?
_ იმდენ პრობლემას ქმნის, რომ ამ შეცდომის გამო შეიძლება მთლიანად დასავლეთ საქართველო დავკარგოთ. რეალურად იმხელა რისკებია, კალაპოტი რომ გაარღვიოს, ენგურსაც გახეთქავს და მთელ დასავლეთ საქართველოს დაღუპავს.
_ როგორ ფიქრობთ, ამ შესაძლო რისკის ფაქტორებს რატომ არ ითვალისწინებენ?
_ აბა, რა გითხრათ?! ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, აქაც, ალბათ, ამასთან გვაქვს საქმე. ამ პროცესის სხვა ახსნა შეუძლებელია.
_ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ჰესის მშენებლობა რა ტიპის გავლენას მოახდენს?
_ როგორც თავადვე უწერიათ, იქნება ტემპერატურის მომატება, დასალევი და სარწყავი წყლის დეფიციტი, ზვავსაშიში და მეწყერსაშიში ადგილების მომრავლება. ასევე ნადირის განადგურება, თევზის _ კალმახის განადგურება, _ აბსოლუტურად არაფერი კარგი ამ პროცესის შედეგად არ მოხდება. თუ რამე კარგი პერსპექტივაა, ამაზე იქ არაფერი წერია. ერთადერთი, იმას და ამას დავასაქმებთო. რა ვიცი, ოთხი წლის განმავლობაში თუ ვინმეს დაასაქმებენ, სხვაზე ვერაფერს გეტყვით. ასევე ოთხას ჰექტარზე დაახლოებით 50% წითელ წიგნში შეტანილი ხეებია. ეს მთლიანად უნდა გაიჩეხოს და განადგურდეს. და ამის საპირწონედ რას მოგვიტანს, ეს რეალურად არავის მოეხსენება.
_ პროექტში ამდენი ზიანის ფონზე სიკეთეები რა წერია, რაც ჰესის მშენებლობას გაამართლებს, რაც იმ ყველაფერს გადაფარავს?
_ ჩვენი მთავარი მოთხოვნა სწორედ ამის გარკვევაა: რა სარგებელს მოუტანს „ნესკრაჰესი“ ჩვენს თემსა და ქვეყანას, ეს რომ საპირწონე გახდეს იმისა, რა ზიანსაც აღნიშნული ჰესი მოგვიტანს? მაგრამ რამდენიც ცუდია აღნიშნული, სიკეთე იმის ნახევარიც არ არის მონიშნული. ერთადერთი ის არის, რომ ვიღაც ძალიან გამდიდრდება. ვისაც ფული აქვს, უფრო მეტი ექნება. ეს ელექტროენერგია 36 თეთრი ჯდება. გათვლილია, რომ მილიონ ნახევარზე მეტი თუ ჯდება ამ ელექტრონეერგიის მეგავატი, ის უკვე წამგებიანია. აქ, დაახლოებით, 3 მილიონ 600 ათასი ჯდება ერთი მეგავატი. ახლა დათვალეთ, 2 მილიონ 100 ათასით მეტი გამოდის, ვიდრე ნორმა უნდა იყოს. ე. ი. ყველაფერი ისევ ქართველი ერის კისერზე გადავა, რომ აღნიშნული 35 თეთრი 35 წლის განმავლობაში ვიხადოთ. მერე ცოტა, დაახლოებით, 5 თეთრით გაიაფდება. ესაა აღნიშნული ჰესის პლუსი, თუ ასეთად შეგვიძლია აღნიშნული მოვიხსენიოთ. მოკლედ, ვიღაცის მიერ შეგნებულად მოგონილი სისულელეა, მეტი არაფერი.
_ ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია როგორია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?
_ არ შემოდიან ჩვენთან კომუნიკაციაში და სხვა რა მოგახსენოთ? ხომ იცით, დღეს ისეთი დროა, რომ ყველა ფულის შოვნის ინტერესზე არის გადართული. და მათაც მთელი კუთხე ფულად ინტერესებში გაცვალეს. ყველამ დაგვივიწყა, დეპუტატმაც და სხვებმაც.
_ პოლიტიკურ ოპოზიციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ გქონიათ ამ პრობლემებზე უშუალო საუბარი?
_ არა, რადგან ამ შემთხვევაში სხვა რამეს მოგვაწერენ. თუ ოპოზიციასთან დავდგებით, მაშინ დააბრალებენ, რომ ისინი არიან ამ პროტესტის წარმმართველები. ამიტომ არც პოზიცია გვინდა და არც ოპოზიცია. ჩვენ თვითონ ამ საქმის ოპოზიცია ვართ და ამ პროცესში არც პარტიები და არც სხვა არავინ არ გვჭირდება.
_ განაცხადეთ, რომ საპროტესტო აქციების გამართვას აპირებთ; რა ხდება აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით?
_ აქცია დავიწყეთ და ახლაც ჭუბერის გზა გადაკეტილი გვაქვს. ამ წუთში კორეული კომპანიის წარმომადგენელი, მათი ერთ-ერთი მთავარი მენეჯერი გაჩერებული გვყავს. ის გაკვირვებულია, რადგან მთელი ეს სიტუაცია ავუხსენით. თურმე, ჩვენები ატყუებენ. ახლა მათ საქმის არსი თავიდან ბოლომდე ავუხსენით და არ ვიცით, ამას რა მოჰყვება. ძალიან გაბრაზებულები კი ჩანან და დანარჩენს ვერ ვხვდებით. მათი ენა არ ვიცით და ვერაფერს მოგახსენებთ.
_ ვისი მენეჯერია?
_ თვითონ ინვესტორი კომპანიის მთავარი მენეჯერია. გადაკეტილ ჭუბერის გზაზე დღე-ღამის მორიგეობა გვაქვს დაწესებული. გზა, პრაქტიულად, გადაკეტილი გვაქვს და არც გავხსნით. გიორგობაა და მაინც არ ვხსნით, სანამ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ მივაღწევთ.
_ იქნებ, თქვენი მოთხოვნები კონკრეტულად ჩამოაყალიბოთ?..
_ პირველ რიგში, ალტერნატიული ვარიანტი, რომ ჩვენი საცხოვრებელი ადგილები არ დაიტბოროს და არ მოგვიწიოს მოსახლეობის ნაწილს კუთხიდან სხვაგან გადასახალება; მეორე _ რა სარგებელს მოუტანს ეს მთელ ერსა და ქვეყანას, რომ იყოს საპირწონე იმისა, როცა აღნიშნულ მშენებლობას ამდენი უარყოფითი მხარე აქვს? მესამე _ ეს არის გეოლოგიური დასკვნა ამ ჰესთან დაკავშირებით; და მეოთხე _ საჯარო განხილვა. ყველა დასხდეს მაგიდასთან, სამთავრობო და არასამთავრობო, ყველა კომპეტენტური პირი და ერთად განვიხილოთ, თუ რა სიკეთე მოაქვს და რა ზიანი ამ ჰესს. ამ ეტაპზე ეს ოთხი ძირითადი მოთხოვნა გვაქვს.
_ ამ მოთხოვნებით უკვე მიმართეთ პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს?..
_ ჩვენ 18 აპრილს მივწერეთ წერილები ყველა იმ ბანკს, ვინც ეს მშენებლობა უნდა დააფინანსოს, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს, პლუს პრემიერ-მინისტრს, სახალხო დამცველს და საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიას, სამთავრობო თუ არასამთავრობო ყველა ორგანიზაციას და ქვეყნის მოსახლეობას. ამისთვის, სულ რაღაც, ნახევარ საათში 400 ხელმოწერა გავაკეთეთ, რადგან გვეჩქარებოდა, 25-მდე გვინდოდა პასუხის მიღება. ამ ხელმოწერებით ზემოაღნიშნულ ადრესატებს ყველას ერთად მივმართეთ.
_ რა პასუხები მიიღეთ?
_ არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ერთადერთი, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა ნახევარი საათის წინ დამირეკა და მთხოვა ელფოსტა, რომ პასუხი გადმოგცეთო. ჯერ არ მიმიღია, რადგან, როგორც მოგახსენეთ, აქცია გვაქვს, გზა გადავკეტეთ. მივიღებ პასუხს და ამაზე მერე მოგახსენებთ.
_ ამ სიტუაციაში გამოსავალი რა არის?
_ გამოსავალი ის არის, რომ ადგნენ, აქედან წავიდნენ და მოგვშორდნენ! თავი დაგვანებონ, ნუ გაგვწირავენ და გვაცხოვრონ საკუთარ მიწაზე!
შეგახსენებთ, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ფართო შენიშვნებიდან მცირე და საგულისხმო ამონარიდი ასეთია:
„ცალკე უნდა აღინიშნოს ჰესის ზემოქმედების რისკი სოფელ ნაკიზე (ნაკრა). ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ჰესის ექსპლუატაციის ფაზაზე სოფელ ნაკის მოსახლეობას შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას სოფლის ჩრდილოეთით გამავალმა ღვარცოფულმა მდინარე ლექვედერმა, რომელიც მდინარე ნაკრას მარჯვნიდან ერთვის. მდინარის ხეობა ძლიერ ეროზირებულია და უხვი ატმოსფერული ნალექის დროს წარმოიქმნება ღვარცოფული ნაკადები დიდი რაოდენობის მყარი ნატანით.
დღეისთვის მდინარე ნაკრას ხეობაში ჩამოტანილი მყარი ნატანი ნაკრას წყლით ირეცხება და, შესაბამისად, ღვარცოფული ნაკადის სოფლის მიმართულებით გავრცელების რისკი მცირდება. იმის გამო, რომ ნაკრას ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ კაშხლის ქვედა ბიეფში გატარებული იქნება მხოლოდ „ეკოლოგიური ხარჯი“, მდინარე დაკარგავს მდინარე ლექვედერის მიერ ჩამოტანილი მყარი ნატანის ტრანსპორტირების უნარს, რაც ზრდის ღვარცოფული ნაკადების სოფლის მიმართულებით გავრცელების რისკს.
მიუხედავად აღნიშნულისა, რატომღაც, ანგარიშში მსგავსი სცენარის განვითარების რისკი არ არის შეფასებული, როგორც მაღალი. სოფელ ნაკის მოსახლეობის განცხადებით, სოფლის ჩრდილოეთით მდინარე ლექვედერის გარდა კიდევ ერთი, გაცილებით უფრო დიდი ღვარცოფული მდინარე ლექნაშერა მდებარეობს, რომელიც საერთოდ არ არის ნახსენები „გზშ“ ანგარიშში, რაც ანგარიშის სერიოზულ ნაკლოვანებას წარმოადგენს. ამასთან, ეს ფაქტი მთლიანად ეჭვქვეშ აყენებს საშიში გეოდინამიკური პროცესების შეფასების სანდოობას.
ადგილობრივების განცხადებით, ორივე აღნიშნული მდინარე საკმაოდ აქტიურია და თითქმის ყოველ წელს ჩამოაქვს დიდი ოდენობის მყარი ნატანი. ბოლოს, 2010 წელს, მდ. ლექნაშერამ მთლიანად დაფარა სოფლის სასაფლაო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. 2001 წელს კი მდინარე ლექვედერმა წაიღო ადგილობრივი მოსახლის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი და ტრაქტორი, რომლის ნარჩენების პოვნა დღემდე ვერ მოხერხდა.
აღნიშნულის ფონზე სრულიად ნათელია, რომ საპროექტო არეალის დეტალური გეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებს“.
დასკვნის სახით „მწვანე ალტერნატივა“ აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი:
„1. არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებს;
2. არ ასაბუთებს, რომ მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს;
3. არ ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების, ან თავიდან აცილების ღონისძიებებს;
4. პროექტზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის გაცემის შემთხვევაში უხეშად დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა, ვინაიდან იგი გამოიწვევს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობის შემცირებას, მათი საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესებას;
5. არ მოიცავს პროექტის დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზს, შესაბამისად, არ არის შეფასებული პროექტის არც ეკონომიკურ და არც ენერგეტიკულ ფაქტორებზე (ტარიფი, მიწოდების პირობები) ზემოქმედების საკითხები. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია მოკლებულია სათანადო ანალიზს და ეფუძნება მხოლოდ ანგარიშის ავტორების ვარაუდებს;
6. პროექტი არ შეესაბამება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკასა და ევროკავშირის სტანდარტებსა და ნორმებს.
გელა მამულაშვილი