QronikaPlus
კატასტროფა, რომელიც რაჭის მოსახლეობას ემუქრება!

კატასტროფა, რომელიც რაჭის მოსახლეობას ემუქრება!

2016-05-13 09:43:24

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი, რაჭაში, სოფელ ურავში არსებულ დარიშხანის მიტოვებულ საწარმოზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადგილზე საგანგაშო მდგომარეობაა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო ზომების მიღებას საჭიროებს. ქრონიკა+“- ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება: _ საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ ძალიან მწვავე ეკოლოგიურ პრობლემაზე, რომელიც საქართველოში მრავალი ათეული წელია, სახეზეა და ამ საკითხის  რეალური, საბოლოო გადაწყვეტა დღემდე არ არსებობს. საქმე ეხება რაჭის რეგიონს, სოფელ ურავს, სადაც დღემდე სერიოზული დაბინძურების წყაროს წარმოადგენს დარიშხანი. მსგავსი სიტუაციაა ლენტეხის რაიონში, სოფელ ცანში, სადაც მოიპოვებოდა დარიშხანის შემცველი ნივთიერებები და ამავე ტერიტორიაზე ხდებოდა შემდეგ მისი გადამუშავება. ამ ორივე სოფელში დღმდე ეს პრობლემა ძალიან აქტუალურად დგას, პრაქტიკულად, ბოლომდე მიყვანილი კი არა, საფრთხე შეჩერებულიც არ არის. ყველასთვის ცნობილია, დარიშხანი მომწამლავი ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე მძიმე გავლენას ახდენს, იმუნურ სისტემაზე მოქმედებს და უამრავი დაავადების გამომწვევია. ეს საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს. მთის განვითარებაზე ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს საუბრობენ, თუმცა ასეთი საგანგაშო პრობლემები მოგვარებული არ არის. 2014 წელის იყო ამ საკითხის მოგვარების მცდელობა ჰოლანდიის მთავრობის დახმარებით, ურავში მდებარე საწარმოს შენობის ნაწილი დაანგრიეს, თუმცა ეს პრობლემის მოგვარების მხოლოდ მინიმალური ნაწილია. იქ დარჩა ორი შენობა, სადაც დარიშხანი გადამუშავდებოდა და სადაც დაბინძურების კოლოსალური, კატასტროფული დონეა. ჰოლანდიელების მიერ შესწავლილი საკითხის ანგარიში მეტყველებს იმაზე, რომ თუკი დარიშხანის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 3600 პპმ-ს, აქ არის ადგილები, სადაც დაბინძურების დონე არის ნახევარი მილიონი, ანუ 138-ჯერ მეტია მაქსიმალურად დასაშვებ დონეზე. შესაბამისად, ეს კატასტროფული მაჩვენებელია და სრულიად მიუღებელია, რომ სამუშაოები, რომელიც შარშანწინ დაიწყეს, დღემდე განახლებული არ არის _ ერთი თეთრი არ არის ჩადებული ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამას არ სჭირდება კოლოსალური თანხები საფრთხესთან შედარებით. როგორც ჩემთვის ცნობილია, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზეა საუბარი და ამ თანხით შესაძლებელია ამ პრობლემის ძირითადი ნაწილის მოგვარება, ნარჩენების განთავსება სარკოფაგში, რომელიც ურავი 4-ის ტერიტორიაზე არსებობს. ურავში სულ 4 ობიექტია, 2 სოფლის ტერიტორიაზეა და 2 სოფლიდან მოშორებით. ურავი 1-ია ის საწარმო, რომელზედაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. აქ აუცილებელია დაიწყოს გადაუდებელი სამუშაოები. ამ ობიექტის ასე მიტოვება არის უპასუხისმგებლობის მწვერვალი იმ ქვეყანაში, სადაც 29 მილიონს კონცერტებში ხარჯავენ და სააკაშვილის დროინდელ ფლანგვის მეთოდებს აქტიურად იყენებენ. ეს ობიექტი მომწამვლელია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის და ამ ამბის გახმარეუბის შემთხვევაში რაჭის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო შეამცირებს. _ თქვენი აზრით, შეუძლია ქვეყნის ბიუჯეტს ამ ეტაპზე პრობლემების მოგვარება? _ ჩვენ მოსახლეობა დაგვიკავშირდა, ისინი ითხოვენ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიწყოს ეს სამუშაოები. საჭიროა, რომ ხელისუფლებამ თანხა გაიმეტოს საკუთარი მოსახლეობისა და მთის გადასარჩენად, რომელზედაც ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ძალიან ცოტას აკეთებენ. ეს არ არის იმ მოცულობის თანხა, რომ ვინმემ თქვას შეუძლებელია, ან მიუღწეველია ამის განხორციელება და ძალიან რთული იქნებოდა საქართველოს ბიუჯეტისთვის, რომ დაეფარა. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა არის პრინციპული და იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც, საარჩევნო წელს, იქნებ, არჩევნების ხათრით მიხვდეს ხელისუფლება, რომ ამ საკითხის მიტოვება და შორეულ პერსპექტივაში გადადება ნამდვილად არ შეიძლება. ამ საკითხს ეწირება ადამიანების ჯანმრთელობა, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბავშვებთან დაკავშირებით, არის შემთხვევები, რომელზედაც მოსახლეობა ამბობს, რომ ადამიანების გარდაცვალება კავშირშია ამ საკითხთან. ეს დადასტურებული ფაქტი არ არის, მაგრამ დიდი ალბათობაა, რომ ასეც იყოს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ამ ობიექტმა კიდევ ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა შეიწიროს. განსაკუთრებით საშიში ობიექტია ურავი 2, ეს გახლავთ ნარჩენების საცავი, რომელიც მონგრეულია და ძალიან დიდი საფრთხეა, რომ მდინარე ლუხუნის ადიდების შემთხვევაში, რომლის ხეობაშიც მდებარეობს სოფელი ურავი, მოხდეს ნარჩენების მდინარეში შერევა და ბუნებრივია, ამით სხვა სოფლების მოსახლეობის ჯანმრთელობასაც ემუქრება საფრთხე. ასეა მიტოვებული ეს საცავი, ამ ეტაპზე იქ არ მიმდინარეობს არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს ხელისუფლებამ, რომელიც მოსახლეობას დიდი ხანია ჰპირდება ამ პრობლემების მოგვარებას, სწორედ ახლა, საარჩევნო წელს, უნდა დაანახვოს რაჭის მოსახლეობას, რომ მათზე ზრუნავს. ეს შანსი ახლა უნდა გამოიყენონ და არა არჩევნების შემდეგ. საარჩევნო დაპირებები მრავალი გვინახავს, რომელიც შეუსრულებელი დარჩა. ხელისუფლება არჩევნებიდან არჩევნებამდე უნდა აგვარებდეს პრობლემებს და არა არჩევნების შემდეგ. ვისაც ეჭვი ეპარება ამ პრობლემის სერიოზულობაში, იმის დასტური, რომ ამ სოფლებში საფრთხე არის ძალიან სერიოზული, გეტყვით, ურავის საბავშვო ბაღებში ოფიციალურად, ბავშვებს დამატებით ეძლევათ რძე, რომელიც გახლავთ დაბინძურების გამანეიტრალებელი _ ამ შემთხვევაში მძიმე მეტალების შედარებით მეტი დაცულობის უზრუნველსაყოფად. თუმცა ეს, ბუნებრივია, გამოსავალი და საკითხის საბოლოო გადაწყვეტა არ არის. ამ პრობლემას ხელისუფლება აღიარებს, თუმცა დღემდე არაფერი კეთდება მის მოსაგვარებლად. როგორც ვიცი, ცანაში კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა, იქ დასაწყობებულია დარიშხანი და როგორც ინფორმაცია მაქვს, გაბნევის ფაქტებიც იყო, რაც ძალიან დიდი ზიანის მომტანია. ეს ასევე პრობლემას წარმოადგენს სოფლის მეურნეობისთვის იმიტომ, რომ ამ ტერიტორიაზე მოყვანილი პროდუქტები, ბუნებრივია, ზიანის მომტანია და, შესაბამისად, მათი მიღებაც არ არის რეკომენდირებული. აქაც იგივე ეკონომიკური ზიანის ფაქტორია. როდესაც ვსაუბრობთ, რომ გვინდა გასვლა ევროკავშირის ბაზარზე, ვინც აქამდე არ იცის, ხელისუფლებას მივმართავ, _ უპირველესია მაქსიმალური სისუფთავე. საქართველოს ერთადერთი გზა აქვს, არა სტანდარტის დონეზე მოაგვაროს ეკოლოგიური საკითხები, არამედ სტანდარტზე მაღლა წავიდეს, თუ მას აქვს პრეტენზია, რომ მისი პროდუქცია შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე. კონკურენციას რომ გაუძლოს ქართულმა პროდუქტმა, ამისათვის ჩვენ გამორჩეულები უნდა ვიყოთ. გამორჩეულები კი შეიძლება ვიყოთ სისუფთავისა და უვნებლობის მაღალი სტანდარტებით, ასევე იმ მრავალფეროვნებით, რომელიც ჩვენ გვაქვს. თუმცა საფრთხის წინაშე ვართ და დღითი დღე იკარგება მრავალი კულტურული ადგილობრივი მცენარის ჯიში. ყველაფერს სჭირდება დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია, რომ მოსახლეობამ ეს ჯიშები მოიყვანოს და რაც მთავარია, ეს უნდა ხდებოდეს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და რაოდენობით ვერავის ვაჯობებთ, აქედან გამომდინარე, უნდა ვაჯობოთ განსხვავებული პროდუქციით, სახეობების მრავალფეროვნებით და სისუფთავის მაღალი სტანდარტებით. კიდევ ერთი ძალიან ყურადსაღები ფაქტი ის არის, რომ ამ ხელისუფლებამ თქვა, რომ გარემოს დაცვა იქნებოდა მისთვის პრიორიტეტი. სამწუხაროდ, ას ეარ აღმოჩნდა და ეს ნათლად ჩანს ბიუჯეტის დაგეგმვის დროს. ყველა საქმეს სჭირდება გარკვეული თანხა და არ შეიძლება სხვის იმედად ყოფნა. სამუშაოები, რაც ჩატარდა ურავში, ამის ძირითადი თანხა დაფარა ჰოლანდიის მთავრობამ. იმის იმედზე, რომ ვიღაც გამოჩნდება, ვიღაცას ფულს სთხოვენ და ისე გააკეთებენ საქმეს, არ შეიძლება. ეს დიდი უპასუხისმგებლობაა და სხვის იმედად არ შეიძლება ადამიანების სიცოცხლის დატოვება!  

                                                                                                                თამარ ბატიაშვილი

   

გაზიარება