QronikaPlus
ვის დაცვას აპირებს მინისტრი მღებრიშვილი?

ვის დაცვას აპირებს მინისტრი მღებრიშვილი?

2016-05-08 09:19:54

უდავოა, რომ ქვეყნის მასშტაბით საგრძნობლად იმატა დანაშაულთა რიცხვმა, რაც მოქალაქეებს არა მხოლოდ დისკომფორტს უქმნის, არამედ დიდი საფრთხის წინაშე აყენებს მათ კონსტიტუციურ უფლებებს _ სიცოცხლის, მშვიდ გარემოში სწავლა-განათლების მიღების უფლებას და ა.შ. საზოგადოებაში უკვე გაჩნდა დაუცველობისა და შიშის სინდრომი. როდესაც კანონდამცველებზე ვიწყებთ ფიქრს, თავში პირველად მაინც საპატრულო პოლიციის ინსპექტორები და მათი „პირნათლად“ შესრულებული სამუშაოები წარმოგვიდგება, რომლებიც უხვად ჩამოსათვლელია. ამ დღეებში შს მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიციელებზე მიზანიმიმართული თავდასხმა დაიწყო და ის ყოველთვის დაიცავს მათ. მინისტრის პათოსი ცუდი არ რის, თუმცა გასარკვევია, კონკრეტულად ვის დაცვას აპირებს მღებრიშვილი? იმ პოლიციელებისას ხომ არა, რომლებიც კანონს არღვევენ და პოლიციის მუნდირს არცხვენენ? მამუკა ნოზაძე _ ადვოკატი: _ წავიკითხე შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც პოლიციელებს იცავს. ის ამბობს, რომ თითქოს, პოლიციელების მიმართ, ბოლო პერიოდში, მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს და იგი დაიცავს მათ. მიმაჩნია, რომ შს მინისტრი ამ განცხადებით ცდილობს, პოლიციელებს რწმენა გაუმყაროს, რომ ისინი მარტო არ არიან იმ ქმედებებში, რომელსაც კანონიერად სჩადიან, მაგრამ ხშირად _ უკანონოდაც. ბოლო პერიოდში, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ყოველდღე გვესმის და ისედაც ვხედავთ, რომ პოლიციელები არ იქცევიან კანონის შესაბამისად. ისინი ეთიკის ნორმებს არღვევენ. არის შემთხვევები, როცა კონკრეტული ადამიანები მათ ღიად ადანაშაულებენ მათ მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის, მაგრამ დღემდე არ დამდგარა შესაბამისი გადაწყვეტილება ამ პოლიციელების მიმართ. ვერც იმას ვხედავთ, რომ როდესმე პოლიციელები პასუხისგებაში იყვნენ მიცემულნი. ყველამ იცის იმ ცნობილი ფაქტის შესახებ, რომელიც პოლიციელების მხრიდან განხორციელდა ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ. მას პოლიციაში ფიზიკურად გაუსწორდნენ იმის გამო, რომ კონკრეტული პირის ინტერესებს იცავდა. ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ადვოკატებს, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელს ზაზა ხატიაშვილს, რომ მდინარაძეზე მოძალადე პოლიციელი დასჯილიყო. არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოხატეს შეშფოთება ამ ფაქტის გამო და მხოლოდ ამის მერე, რამდენიმე დღის შემდგომ, ეს პოლიციელი დააკავეს. თუმცა სულ მალე ეს პიროვნება პატიმრობიდან გაათავისუფლეს და მას აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეუცვალეს. ეს ხდება მაშინ, როცა ვხედავთ, რომ სასამართლოებში, არაძალადობრივ, ინტელექტუალურ დანაშაულებებზე საქმეები ძალიან მკაცრად ირჩევა და მოსამართლეებიც პირებს ყველაზე მძიმე სასჯელს უფარდებენ _ პატიმრობას. ამას სისტემური ხასიათი აქვს. როცა პოლიციელის ძალადობის მსხვერპლი ხდება ადვოკატი, ჩნდება აზრი, რომ იმ ქვეყანაში არ არის არც დემოკრატია და არც კიდევ კანონი და ტოტალური სახელმწიფოა. ბოლო პერიოდში პოლიციელები უკანონობებს რიგითი მოქალაქეების მიმართაც სჩადიან, რაც მათ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გამოიხატება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ პოლიციელები ხშირად ადამიანებს იმ მიზეზით აკავებენ, თითქოს მათ ხმას აუწიეს და წინააღმდეგობა გაუწიეს. არადა, საქმეში არ ჩანს არანაირი წინააღმდეგობა. ვისაც გაუმართლებს, ჯარიმით ათავისუფლებენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც პოლიციელთა ჩვენებების საფუძველზე აღუძრეს სისხლის სამართლის საქმე. არადა, ეს ჩვენებები პოლიციელების მოგონილი და შეთითხნილი იყო. ამის შედეგად გამამტყუნებელი განაჩენები გამოდის და ამ ადამიანებს ციხისთვის წირავენ. არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, პოლიციელს უფლება აქვს, რომ ნებისმიერი ადამიანის მიმართ განახორციელოს ანგარიშსწორება. ფაქტობრივად, ჩვენ ამ მხრივაც ვართ საბჭოთა კავშირში. რაც ხდებოდა მაშინ, იგივე ხდება დღესაც, მაშინაც არ იყო სამართლიანი სასამართლო და დღესაც ასეა. ამიტომ, ბუნებრივია, პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე რომ გამოაქვთ ადამიანების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენები.  სასამართლოებში დამკვიდრებულია ძალიან მავნე ტრადიცია _ ხშირ შემთხვევებში მოწმეები სამართალდამცველები არიან, რომლებიც არაობიექტურები ბრძანდებიან. რომც სურდეთ ობიექტური ჩვენების მიცემა, ამას ვერ მოახერხებენ, რადგან ხელმძღვანელებს ექვემდებარებიან და რასაც ისინი ეუბნებიან, იმას აკეთებენ კიდევაც. _ ანუ პოლიციელები მოწმეებად არ უნდა გამოდიოდნენ სასამართლოში? ამას მეუბნებით? _ რა თქმა უნდა, პოლიციელი უნდა იყოს მოწმე, თუ ის შეესწრო გარკვეულ მოვლენას, ან ფაქტს, მაგრამ ის არ უნდა ცდილობდეს, რომ ფაქტებისა და მოვლენების არასწორი ინტერპრეტირება, დრამატიზირება მოახდინოს და საკუთარი ჩვენება ადამიანის წინააღმდეგ გამოიყენოს, რაც ძალიან ხშირია. ამ გაზეთის თითოეულ მკითხველს ან უშუალოდ აქვს გადახდენილი, ანდაც შესწრებია ისეთ ფაქტს, როცა მოქალაქე პოლიციელს უხსნის, რომ მის მიმართ იგი არაკორექტულია, იქცევა არაკანონიერად და ა. შ. როცა პოლიციელს არგუმენტი არ გააჩნია, ის ეუბნება, _ თქვენ მე წინააღმდეგობას მიწევთ და ამ მოტივით დაგაკავებთო. ეს არის იმის შედეგი, რომ პოლიციელს განუსაზღვრელი უფლებები აქვს. აბულაძემ პოლიციელების მიმართ დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც ორი პოლიციელი გარდაიცვალა. მაშინ აქტიური საუბარი დაიწყო პოლიციის შესახებ და სისხლის სამართლის  კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რათა პოლიციელის უფლებები უფრო მეტად ყოფილიყო დაცული. რამდენიმე ჟურნალისტი აჰყვა ამას, მათ შორის, ცნობილი სახეებიც იყვნენ და კანონის გამკაცრება მოითხოვეს. ისინი არ ითვალისწინებდნენ იმას, რომ საზოგადოება არაერთ პოლიციელს იცნობს, რომელთაც კრიმინალი, მკვლელობა, ყაჩაღობა, ქურდობა ჩაიდინეს, მაგრამ ამის გამო კანონის გამკაცრების მოთხოვნით არავინ გამოსულა. ერთჯერადი შემთხვევის გამო არ შეიძლება უაპელაციოდ კანონის გამკაცრების მოთხოვნა. ასეთ ცალკეულ შემთხვევებს, საზოგადოების აჟიტირებას, პოლიცია მშვენივრად იყენებს, რათა კანონის სიმკაცრე მოითხოვოს და მათი უფლებების კიდევ უფრო მეტი დაცვა. პოლიციელიც ჩვეულებრივი ადამიანია და როცა ამას ხედავს, ის თავის სამსახურებრივ მდგომარეობას ბოროტად იყენებს. _ გეთანხმებით, რომ ხშირ შემთხვევაში, პოლციელებთან შეპასუხება მოქალაქის მხრიდან და იმის მოწოდება, რომ ის სამართლიანად არ იქცევა და იმ მომენტში არ იცავს კანონს, შეიძლება მან დაუმორჩილებლობად მიიჩნიოს. ასეთი შემთხვევა მეც მქონდა. ერთ-ერთ რეგიონში, ავტომანქანით მოძრაობის დროს, პატრულმა გამაჩერა და მითხრა, რომ მოძრაობის წესი დავარღვიე. შევეკამათე, რადგან ისე არ მოვქცეულვარ, რასაც ის მეუბნებოდა, მაგრამ მას ჩემი წინააღმდეგობრივი აზრი არ მოეწონა და მითხრა, რომ დაუმორჩილებლობის მოტივით სამართალდარღვევის ოქმს შემიდგენდა. ე. ი. მოქალაქეს პატრულ-ინსპექტორთან შესიტყვებისა და აზრის გამოთქმის უფლება ეკრძალება? ან ეს დაუმორჩილებლობაა? _ რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. დაუმორჩილებლობაა ის, როცა პოლიციელი მოქალაქეს მიმართავს, რომ მან განახორციელოს გარკვეული ქმედება _ მანქანა გააჩეროს, ავტომანქანიდან გადმოვიდეს და ამას არ აკეთებს, როცა პოლიციელი უხსნის, რის გამო გააჩერა და ვთქვათ, ამ დროს გაიქცეს, ან ბოლომდე მიაყვანინოს მოქმედებები, რასაც ის მიიჩნევს მიზანშეწონილად. ან კიდევ, თუ პოლიციელი გადაწყვეტს პირის დაკავებას და მან შეუშალა ხელი ხელბორკილის დადებაში და ა. შ. თუმცა პრაქტიკაში ამკვიდრებენ იმას, რომ თითქოს პოლიციელთან მოქალაქის მიერ აზრისა და პოზიციის გამოხატვა დაუმორჩილებლობაა. ასევე როცა პირს პოლიციელი შეურაცხყოფას აყენებს და ამის გამო მოქალაქე პროტესტს აცხადებს, თურმე, დაუმორჩილებლობაა და წინააღმდეგობის გაწევა, რაც ცხადია, ასე არ არის. სავალალოა ის ფაქტი, რომ პატრულ-ინსპექტორებს სამხრე კამერები აქვთ, მაგრამ როცა სასამართლოში დავები მიმდინარეობს, პოლიციელები უპასუხიმგებლოდ აცხადებენ, რომ იმ დღეს სამხრე კამერა დამჯდარი იყო, ჩართვა ვერ მოახერხა და ა. შ. ეს არის დაუშვებელი. სახელმწიფომ იმიტომ გაიღო კამერების შესყიდვისთვის ხარჯები, რომ პოლიციელისა და მოქალაქის ურთიერთობის ყველა დეტალი ჩაწერილი და ასახული უნდა იყოს. თუ სისხლის სამართლის, ან სამართალდარღვევის ფაქტს აქვს ადგილი, ამით დაფიქსირდება, რეალურად ვინ დაარღვია კანონი, მაგრამ ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა პოლიციელები ამბობენ, სამსახურში დილით ისე გავედი, რომ სამხრე კამერა არ შემიმოწმებიაო. მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობდი და სამხრე კამერა დაზიანდა, ან ელემენტი დაჯდაო. ეს არის უპასუხისმგებლობა და შს სამინისტროს შესაბამისი რესურსი აქვს იმისათვის, რომ პროცესი გააკონტროლოს და არც ერთი საპატრულოს მორიგე თანამშრომელი სამხრე კამერის გარეშე არ ამუშაოს. თუ მაინც მოხდა ასეთი შემთხვევა და კამერა დაჯდა, მისი გამოცვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რათა არ გახდეს საზოგადოების დავის საგანი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციელები ცუდად მოიქცნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებსა და ადმინისტრაციულ საქმეებს პოლიციელთან წინააღმდეგობის გაწევასთან დაკავშირებით საკმაოდ სპეციფიკურად იხილავენ. მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას ითვალისწინებენ და საზოგადოების წარმომადგენლების პოზიციის გაზიარება არ ხდება. ზურაბ მარიამიძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხი განიხილა გორის რაიონის მოსამართლე დავით პაპუაშვილმა და მოსამართლემ პირდაპირ გააკეთა ასეთი ჩანაწერი: პოლიციელი არის ის ობიექტური პირი, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს, ამიტომ მისი ჩვენება უფრო სანდოა და ამიტომაც ეჭვის შეტანის უფლება სასამართლოს არ აქვსო. ეს გახლავთ სასამართლოს მხრიდან ძალიან ცუდი განაცხადი. როდესაც ნეიტრალური მოწმეები არსებობენ, როცა ვიდეოკადრები ადასტურებს იმას, რომ პირი პოლიციელს ეკითხება, ვის ესაუბრება და პოლიციელი არ ეუბნება თავის სახლსა და გვარს, რის შემდგომაც ეს ადამიანი განაგრძობს გზას, ეს არ წარმოადგენს დაუმორჩილებლობას. თუმცა სასამართლომ მაინც ასე მიიჩნია. თუ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებებით არ განახორციელა თავისი კონტროლი პოლიციელების ქმედებაზე, არ შეაფასა ფაქტი ობიექტურად და რეალურად, ძალიან ცუდი შედეგი დაგვიდგება. ხშირ შემთხვევაში პოლიციელების თავნებობა სწორედ სასამართლო კონტროლის არქონის გამო ხდება, რაც ასევე დანაშაულის წაქეზებაა და დაუშვებელია. შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელების უმიზეზო დაცვა კი არ უნდა დაიწყოს, მან ყურადღება უნდა მიაქციოს პრესაში დაბეჭდილ ყველა ფაქტს და იგი შეისწავლოს, რაც ასევე არ ხდება. წეღანაც გითხარით, პოლიციელი, რომელმაც ადვოკატი სცემა, არ დაუსჯიათ. მის ადგილზე რიგითი მოქალაქე რომ ყოფილიყო, კანონის უმკაცრესი ნორმებით დაისჯებოდა. იყო ასეთი ფაქტიც: მოქალაქე პროტესტს გამოხატავდა, რომ ელექტროსადენი, რომელიც მის სახლთან გადიოდა, მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებდა. ამის გამო ის პოლემიკაში შევიდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან, რის გამოც პოლიციამ ეს ადამიანი დააპატიმრა. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმი შეუდგინეს პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის და საქმე სასამართლოში შევიდა. აქაც აშკარაა, რომ პოლიციელებმა სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენეს. საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა პოლიციელები ცინიკურად იქცევიან, რასაც პოლიციის ეთიკის კოდექსი კრძალავს. _ რას გულისხმობთ? _ ისინი მოქალაქეებს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ფრაზებით მიმართავენ. ადამიანის დამცირება და მსგავსი მოპყრობა არაადამიანური და ღირსების შემლახველი ქმედებაა. ასეთი პოლიციელები მკაცრ სასჯელს იმსახურებენ, რაც ასევე არ ხდება. სხვათა შორის, ეს გახლავთ ერთ-ერთი მუხლი, რომელზედაც არანაირი ხანდაზმულობა არ ხორციელდება. პოლიციის კანონი და კონსტიტუცია პოლიციელს ავალდებულებს, რომ იყოს თავაზიანი, განსაკუთრებული, გულისხმიერებით გამოირჩეოდეს მოალაქეების მიმართ და ა. შ., თუმცა ამას არავინ ასრულებს. ამჟამად წარმოებაში მაქვს გიორგი კვაჭანტირაძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რომელიც გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ამ პიროვნებას პოლიციელები შეედავენ სხვა პირზე საჭის გადაცემის გამო, რაც არარეალურია. კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ საჭესთან თვითონ იჯდა და ითხოვს, რომ მტკიცებულება აჩვენონ, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ წარუდგინეს. როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება, მისი გასაჩივრება შეიძლება პოლიციის ზემდგომ ორგანოებში, მაგრამ თუ იქაც არ დააკმაყოფილეს, მაშინ საჩივრდება სასამართლოში. სამინისტროს ზედა რგოლებში ყველა შემთხვევის დროს პოლიციელის მუნდირს იცავენ და იგივე გადაწყვეტილებას იღებენ. რამდენიმე დღის წინათ პროცესი იყო, სადაც პოლიციელებიც მოვიდნენ, რომლებიც ისეთი ზიზღით და გამომწვევად ექცეოდნენ ამ ადამიანს, ადვილად წარმოვიდგინე, როგორ მოექცეოდნენ, როცა ის გააჩერეს და ადმინისტრაციული დარღვევის ოქმი შეუდგინეს. ამიტომ მინისტრის მხრიდან პოლიციელებისადმი თავგადაკლული ადვოკატირება არ არის სწორი. მან უფრო აქტიურად უნდა აამოქმედოს გენერალური ინსპექცია არა მუნდირის დასაცავად, არამედ ადამიანის უფლებების მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთ კონკრეტულ საქმეზე გეტყვით, რომელიც მოვიგე: ეს გახლავთ გიორგი მიქიაშვილის საქმე. ამ პიროვნებას პოლიციამ ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა _ პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის თაობაზე და დააჯარიმა კონკრეტული ქმედების გამო. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლიციელებს გადაღებული არ ჰქონდათ ვიდეოკადრები და ფრაგმენტული ჩანაწერი იყო _ რაც უნდოდათ, ის ჩაიწერეს და განვითარებული მოვლენები სრულად არ ასახეს ვიდეოფირზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ პოლიციის პიზიცია გაიზიარა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ საქმე საქალაქოს უკან დაუბრუნა და მოსამართლემ პირდაპირ მიუთითა, რომ არ იკვეთებოდა გიორგი მიქიაშვილის მხრიდან რაიმე კანონდარღვევის ფაქტი. მან სასამართლოს დაავალა, რომ ყველაფერი ობიექტურად შეესწავლა.      სამწუხაროდ, საქალაქო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება გამოიტანა და მეორე ჯერზე მოგვიწია სააპელაციო სასამართლოში წასვლა, სადაც დაადგინეს, რომ გიორგი მიქიაშვილის არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია და მის მიმართ საქმე შეწყვიტა. მან ასევე მნიშვნელოვან დარღვევებზე მიუთითა ოქმის შედგენასთან დაკავშირებით, ფაქტის არარსებობაზე და ა. შ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიქიაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, დამამცირებელ და ღირსებაშემლახველ მოპყრობას. ეს მოხდა ორი წლის წინათ, მაგრამ დავა დღემდე მიმდინარეობს და ჩვენ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ვთხოვთ ამ ეტაპზე შს სამინისტროს, რადგან მიქიაშვილი საბოლოოდ გამართლდა. მისმა დამ, ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა მოითხოვა, დაწყებულიყო გამოძიება და პოლიციელები დასჯილიყვნენ. სამედიცინო ცნობაც გვაქვს, რადგან მას სხეულზე ესკორაციები ჰქონდა. ახლა გიორგი მღებრიშვილის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ყველა ასეთ ფაქტს მიაქციოს ყურადღება და ასეთი ზოგადი ფრაზებით და განცხადებებით არ შემოიფარგლოს. კარგად შეამოწმოს, მის უწყებაში რა სახის განცხადებები შედის, ნუ ჩაიკეტება შიშის კოლბაში და გამოიხედოს გარეთაც, რათა დაინახოს, რა ხდება ქვეყანაში. მინისტრის გამოსვლა ნამდვილად არ იყო სამართლიანი. _ რა შემთხვევაში მიიჩნევა, რომ საპატრულო პოლიციის ავტომანქანები საგზაო მოძრაობის წესებს არღვევენ, იქნებ, ესეც გვითხრათ? მათ გზაზე ყველანაირი მოქმედების უფლება აქვთ? _ ოპერატიული დანიშნულებიდან გამომდინარე პოლიციას უფლება აქვს, მოძრაობის წესებიც დაარღვიოს, თუმცა მათი წესრიგის დარღვევა განპირობებული უნდა იყოს უკიდურესი აუცილებლობით და ფორსმაჟორული სიტუაციით. ამ დროს მათ უნდა ჰქონდეთ ჩართული შესაბამისი მაშუქები და სიგნალები, სხვა შემთხვევაში, ცხადია, მათ არ აქვთ უფლება, მოძრაობის წესები დაარღვიონ და საავარიო სიტუაციები შექმნან. ჩვეულებრივ სიტუაციაში კი ის უნდა დაექვემდებაროს იმ კანონებს, რომლითაც რიგითი მოქალაქეები სარგებლობენ, მაგრამ ისინი ყოველთვის საკუთარი სურვილისამებრ იქცევიან. ბუნებრივია, ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს შსს გენერალურმა ინსპექციამ, რასაც არ აკეთებს. ამ შემთხვევაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების როლიც. _ რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ? _ საზოგადოებამ უნდა დააფიქსიროს სამართალდარღვევის ყველა ფაქტი ნებისმიერი საშუალებით, ვიდეოკამერით, ფოტოაპარატით, ტელეფონით და კადრები უნდა მიაწოდოს შს სამინისტროს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც რეაგირებას მოახდენს თოთოეულ დარღვევასთან დაკავშირებით და დამრღვევ პოლიციელებს პასუხს მოსთხოვს. სამწუხაროდ, საზოგადოება ფიქრობს, მე ნუ შემეხებიან და იმის იქით ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო. ასე ჩვენ ვერ შევქმნით სამართლიან სახელმწიფოს და მუდმივად პოლიციური ტერორის ქვეშ ვიქნებით.  

                                                                                                            ნელი ვარდიაშვილი

 

გაზიარება