„ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს“, _ ეს განცხადება აშშ-ს თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილემ, მაიკლ კარპენტერმა გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ამის მიუხედავად, საქართველოს ყველა მექანიზმი აქვს, რომ ინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს.
„ნატოსა და საქართველოს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. საქართველო ნატოს ავღანეთის მისიაში შეიარაღებული ძალების მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია. მან იქ 850 ჯარისკაცი წინაპირობების გარეშე გააგზავნა. ქართველი ჯარისკაცები ძალიან უნარიანი მეომრები არიან. დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს ავღანეთსა და იქამდე ერაყში. საქართველო ნატოს ერთადერთი არაწევრი მოკავშირეა, რომელიც ნატოს სამხედრო მისიაში მონაწილეობს. ამგვარად, საქართველო ნატოს სხვადასხვა ინიციატივაში აქტიურადაა ჩართული. ველოდები, რომ ვარშავის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ივლისში გამოქვეყნდება, ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველ პაკეტზეც იქნება საუბარი, ნატოელი მოკავშირეები კი ორმხრივ ფორმატებში ითანამშრომლებენ საქართველოსთან. შევეცდებით, დავეხმაროთ საქართველოს, მათ შორის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში. საქართველომ გრძელი გზა გაიარა. დღეს ის ბევრად უფრო თავსებადია ნატოსთან, რასაც ნატოს მისიებში მისი მონაწილეობა ადასტურებს. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დავუჭერთ მხარს“, _ აღნიშნა თავდაცვის მდივნის მოადგილემ.
რას უნდა ელოდოს საქართველო ვარშავის სამიტიდან? რა რისკების წინაშე აყენებს საქართველოს ნატოს ეგიდით ჩატარებული წვრთნები? ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-თან ექსპერტმა სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში, თამაზ იმნაიშვილმა ისაუბრა:
_ მაიკლ კარპენტერმა თქვა, რომ საქართველო მაპს ვერ მიიღებს, მაგრამ იქვე გააგრძელა, რომ გავაღრმავებთ ურთიერთობასო. ეს გასაგებიც იყო, მანამდე სხვებმაც თქვეს, მაგალითად, ნატოს წარმომადგენელმა საქართველოში. ამ შეთხვევაში, მაპი, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკური საკითხია. გლობალური პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არანაირ საშუალებას არ აძლევს დასავლეთს, პრიორიტეტული გახადოს საქართველოსთვის მაპის მინიჭება. ამაზეა საუბარი და აქედან გამომდინარე, მის გარეშე დავრჩებით. თუმცა ამის საპირისპიროდ არსებობს მედლის მეორე მხარე. ჩვენ ადრე ვისაუბრეთ, რა პრიორიტეტები დასახა იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის კონფერენციაზე, რომლის პრაქტიკული განხორციელება უკვე დაიწყო ბალტიის, აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთთან და უკრაინასთან მოსაზღვრე ქვეყნებში, ეს გამოიხატება დამატებითი შეიარაღებისა და სამხედრო ძალების შეყვანაში და მუდმივად განთავსებაში. ერთი პროცესია შავ ზღვაზე უპირატესობის მოპოვება, მეორე პროცესია, ახლა რაც ხდება. ადრეც გითხარით, სავარაუდოდ, „აბრამსებს“ დატოვებენ-მეთქი. ახლა ჩამოსულია 7 „აბრამსი“, ჯავშნიანი მანქანები როგორც მუხლუხოიანი, ისე ბორბლებიანი, პრაქტიკულად, ეს ყველაფერი აქ დარჩება. საქართველომ ნატოს ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობები უნდა გააღრმავოს და ჩვენ ამას ყველანაირად ხელს შევუწყობთო, _ ეს იყო კარპენტერის ფრაზები. ამ თემაზე ადრეც ვისაუბრეთ, რომ თუ ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ან საერთოდ, ნატოს წევრები ვერ გავხდებით, ჩვენი უსაფრთხოების ქუდის შექმნის ძალიან კარგი მექანიზმია ორმხრივი ურთიერთობები ცალ-ცალკე ქვეყნებთან, მაგალითად, პოლონეთთან, აშშ-სთან და ა. შ. კარპენტერმა ეს აზრი წინ წამოსწია და პრიორიტეტად გამოაცხადა საქართველოსთან ურთიერთობა.
დღეს დგას აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური საკითხები, დგას თურქეთის საკითხი, რაც გუშინ უფრო გამძაფრდა, როდესაც პრემიერი დავით ოღლუ გადადგა. ერდოღანმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც, პრაქტიკულად, იმას ნიშნავს, რომ ევროპას ღიად დაუპირისპირდა. თქვა, ევროპა წავიდეს თავისი გზით, ჩვენ წავალთ ჩვენი გზითო. თურქეთს ომი აქვს ქვეყანაში და ეს ერთი-ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელიც, პრაქტიკულად, რუსეთის ინსპირირებულია. ამავდროულად, ევროპის ერთიანობის საკითხი დგას. ასევე თვითონ ნატოში დგას ძალიან სერიოზული პრობლემა, რომ უნდა შეიცვალოს მისი დებულება, წესდება და ა. შ., რადგან თავიდან ბოლომდე, პრაქტიკულად, ის არის მოუქნელი და ბიუროკრატიული აპარატი. ისლამური სახელმწიფოსა და სირიის პრობლემებია, ყარაბაღის საკითხი, რომელიც ძალიან სერიოზულია და ამ თემაზე ვისაუბრეთ უკვე. პროცესები ზუსტად ისე მიდის, რომ სომხეთის პრეზიდენტმა კანონპროექტი შეიტანა პარლამენტში, აღიარონ ყარაბაღის დამოუკიდებლობა, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ფართომასშტაბიანი ომი. 5-დღიანმა ომმა აჩვენა, რამდენად ძლიერია აზერბაიჯანი სომხეთთან შედარებით და დიდი შანსია, იარაღით გადაწყდეს უპირველესად იმ ხუთი რაიონის ბედი, რომელიც სომხეთს ოკუპირებული აქვს. არ გამოვრიცხავ, აზერბაიჯანელებს იარაღით გადააწყვეტინონ მთიანი ყარაბაღის ბედი. ამ ფონზე საქართველოს პრიორიტეტად წამოწევა უდიდესი შეცდომა იქნებოდა წმინდა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ეს არის სწორი გადაწყვეტილება. სწორი გადაწყვეტილებაა ის, თუ საქართველო-აშშ-ს ჩარჩო-ხელშეკრულების ფორმატში ჩვენ დავიწყებთ ამ ურთიერთობის გაღრმავებას სამხედრო-პოლიტიკური კუთხით და პარალელურ რეჟიმში დავიწყებთ ასეთი ხელშეკრულებების გაფორმებასა და გაღრმავებას ისრაელთანაც კი.
_ ამ პროცესების ფონზე როგორ უნდა მოიქცეს საქართველო?
_ საქართველომ ძალიან წყნარად და ისე უნდა აკეთოს საქმე, რომ არ იყვიროს! ამერიკასთან, პოლონეთთან, ან ნატოს წევრ სხვა რომელიმე ქვეყანასთან ჩვენი ურთიერთობის აწყობა საერთაშორისო იურიდიული თვალსაზრისით, რუსეთს ხელში ვერანაირ ბერკეტს ვერ აძლევს გარდა იმისა, რომ ყვირილი დაიწყოს, _ თქვენ ცუდები ხართო და ა. შ. არ აქვს არანაირი იურიდიული ბერკეტი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ჩარჩო-ხელშეკრულებების გაფორმებას. ჩვენი ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი რომ არის, მას იურიდიული საფუძველი აქვს, თუნდაც ეს არის 1991 წელს გენბორკიზე მიღებული შეთანხმება, რომ აღმოსავლეთში გაფართოება საერთოდ არ უნდა მომხდარიყო, მით უმეტეს, კავკასიაში. ამის იურიდიული საფუძველი რუსეთს ხელში უჭირავს, მაგრამ ამ მიმართულებით მას არაფერი გააჩნია, რადგან თვითონ აქვს გაფორმებული სომხეთთან ასეთი ტიპის ხელშეკრულება და სრულიად სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდება, თუკი იტყვის, რომ მას აქვს, ხოლო საქართველოს იგივე უფლება არ გააჩნია. ეს რუსეთისთვის პოლიტიკურად წამგებიანი თამაში იქნება. კარპენტენის ეს განცხადება მერკანტილებისთვის და ასეთი ტიპის კომფორმისტებისთვის დროშა იქნება, ეს ხელისუფლება როგორ ცუდად მოიქცა, წააგო და ა. შ. სინამდვილეში, ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. 8-9 ივლისს ვნახავთ, როდესაც ვარშავის სამიტი იქნება, რა გაცხადდება საქართველოსთან მიმართებით იმის სამაგიეროდ, რომ მაპს ვერ ვიღებთ. ეს იქნება ძალიან სერიოზული, ქმედითუნარიანი განცხადებები, რომელსაც გარკვეული ღონისძიებები მოჰყვება. მანამდეც იქნება ბევრი რაღაცები და ამას დავინახავთ ძალიან მალე, ივლისი შორს არ არის. კიდევ ვიმეორებ: ეს სწორი გადაწყვეტილებაა როგორც გეოპოლიტიკური, ისე სამხედრო, გეოეკონომიკური თვალსაზრისითაც კი. უბრალოდ, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და სწორად ახსნის პრობლემა აქვს ამ ხელისუფლებას, რაც ქვეყანაში ძალიან ცუდ აჟიოტაჟს ქმნის, რომ ნატოში არ გვიღებენ, ამიტომ თავი დავანებოთ და გავიქცეთ რუსეთში...
_ ნატოს წვრთნებთან დაკავშირებით ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ სინამდვილეში ეს გადაიქცევა სამხედრო ბაზად. ამაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმაც კიდევ ერთელ ისაუბრა. გარკვეულ რისკებთან ხომ არ გვაქვს საქმე?
_ ეს აზრი არსებობს, მაგრამ ამ განცხადებამ ჩაიარა. საქართველოში ეს წვრთნები პირველად არ ტარდება, თუმცა მასშტაბებით ყველაზე დიდია. შარშან, მაგალითად, გარკვეული ტიპის ჯავშანმანქანები იყო და ისინი აქ დარჩა, ახლა „აბრამსები“ შემოიტანეს, ტანკები, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ისინი დარჩება. არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, თავისთავად, პოლიტიკური ჟესტია. ეს არ არის საფრთხე, ეს არის რისკი. ექსპერტებისა და პოლიტიკოსების დიდ ნაწილს არ ესმის, რას ნიშნავს საფრთხე, რისკი და გამოწვევა, ამის დეფინიცია არ იციან. მათ რომ მოუსმინო, ამბობენ, გველოდება საფრთხე, რუსეთი შემოვარდება ახლა ენგურის, ან ცხინვალის გავლით დედას უტირებს, გაანადგურებს ამერიკელებს და დაღუპავს მთელ საქართველოს! ასეთი წარმოდგენა აქვთ იმიტომ, რომ სწორად მიწოდებული ინფორმაცია არ გააჩნიათ. ხელისუფლების ძალიან დიდი სისუსტეა ინფორმაციის სწორად ვერმიწოდება. რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამ რისკს რუსეთი გადაყლაპავს. იქნება პოლიტიკური განცხადებები ლავროვის, შეიძლება შოიბუს დონეზეც, პუტინი ამაზე განცხადებას, ალბათ, არ გააკეთებს, მაგრამ ვინც გააკეთებს, ისიც განცხადებად დარჩება. შეიძლება ამან ის გამოიწვიოს, რომ კიდევ გააბან სადღაც მავთულხლართი.
თამარ ბატიაშვილი