გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##11-14.
საქართველოში 1937 წლის რეპრესიებთან, ძირითადად, ლავრენტი ბერიას სახელი ასოცირდება. სწორედ მას უკავშირებენ ტერორს და უამრავი ადამიანის განადგურებას. თავისთავად ცხადია, რომ ტერორის საერთო სქემას სტალინი ადგენდა და მის გარეშე ბერია საქართველოში რამე მნიშვნელოვან ნაბიჯს ვერ გადადგამდა. იგი არ იყო დამოუკიდებელი ფიგურა, მაგრამ თავად რეპრესიების სპეციფიკიდან გამომდინარე, ბერიას საკუთარი ინიციატივით მოქმედების მცირე დიაპაზონი მაინც ჰქონდა.
ბერიას უდიდესი ნიჭი ჰქონდა ვითარების მიხედვით ლავირებისა და მოვლენების წინასწარ განჭვრეტის. სხვანაირად წარმოუდგენელიც იყო, გადარჩენილიყო. სტალინი თავისი ეჭვიანი ბუნებიდან გამომდინარე არავის ენდობოდა და არავის ინდობდა. რეპრესიების დროს უამრავი ისეთი ადამიანი დახვრიტეს, რომლებსაც ეგონათ, რომ სტალინთან მეგობრობა აკავშირებდათ. სტალინს მეგობრები არ სჭირდებოდა. მას საერთოდ აღიზიანებდა ისეთი პირები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ბელადთან ძველი ნაცნობობა, ან რევოლუციურ მოძრაობაში მათი ერთობლივი საქმიანობა რაღაც პრივილეგიებს ანიჭებდა. სტალინს მხოლოდ ბრძანებების უსიტყვო შემსრულებლები სურდა. სწორედ ამას მიხვდა ბერია. ლავრენტი პავლეს ძემ ნათლად გააცნობიერა, რომ ცოცხალი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩებოდა, თუ სტალინთან ურთიერთობას უსიტყვო მორჩილებაზე ააგებდა. და კიდევ ერთი: ბერიამ დროზე შეიგნო, რომ სტალინს ძალიან სიამოვნებდა ხოტბა და საკუთარი პერსონის უზომო განდიდება. ბელადი მტკივნეულად განიცდიდა სხვათა დამსახურების ხაზგასმას, რადგან მიიჩნევდა, რომ ასეთი მიდგომა, მისი, როგორც ქვეყნის ერთპიროვნული მმართველის მნიშვნელობის დაკნინებას იწვევდა.
ვინ იყო, საერთოდ, ბერია? როგორ აღმოჩნდა იგი საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელის პოსტზე და როგორ მოახერხა მან თანამდებობის შენარჩუნება დესპოტი მმართველის პერიოდში?
ლავრენტი პავლეს ძე ბერია 1899 წელს სოხუმის რაიონის სოფელ მერხეულში, გლეხის ოჯახში დაიბადა. 1917 წელს ბაქოში გაემგზავრა და პოლიტექნიკურ სასწავლებელში ჩაირიცხა. სწორედ აქ გაწევრიანდა იგი კომუნისტურ პარტიაში, როდესაც, სულ რაღაც, 18 წლის იყო. სპეცსამსახურების საქმიანობისადმი მისი ინტერესი, ჯერ კიდევ, ბაქოში სწავლის დროს გამოვლინდა. 1919 წელს ბერია აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის კონტრდაზვერვაში აგენტად მუშაობდა. მოგვიანებით, იგი იტყვის, რომ მუსავატური აზერბაიჯანის კონტრდაზვერვასთან თანამშრომლობას კომპარტიის დავალებით დასთანხმდა. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, უცნობია. თუმცა აშკარაა, რომ ბერია ორმაგ თამაშს ეწეოდა და ინტრიგების ხლართვის შესაშური ნიჭი ჰქონდა.
მას ნებისმიერი ვითარების სათავისოდ გამოყენება შეეძლო. 1920 წლის აპრილში, როდესაც აზერბაიჯანში მე-11 წითელი არმია შევიდა და ბაქოში ბოლშევიკური ხელისუფლება დამყარდა, ბერია კომუნისტების უპირობო მხარდამჭერთა რიცხვში აღმოჩნდა. იგი ბოლშევიკური პარტიის კავკასიის საოლქო კომიტეტის დავალებით საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის მიავლინეს, მაგრამ ჟორდანიას მთავრობამ ლავრენტი მალე დააკავა და ქვეყნიდან გააძევა.
იმავე წელს ბერია საქართველოში კვლავ დაბრუნდა და ლაკერბაიას გვარით რუსეთის საელჩოში დაიწყო მუშაობა. აქ იგი გავლენიან კომუნისტს, სერგეი კიროვს დაუახლოვდა, რომელიც იმ პერიოდში რუსეთის ელჩი იყო თბილისში.
საქართველოს წინააღმდეგ დაზვერვითი საქმიანობის ბრალდებით ბერია ხელმეორედ დააპატიმრეს და ამჯერად უკვე ქუთაისის ციხეში მოათავსეს. იგი ცნობილ ქართველ რევოლუციონერთან, საშა გეგეჭკორთან ერთ საკანში აღმოჩნდა. ბერიას კარიერულ წინსვლაზე ამან უდიდესი გავლენა იქონია. გეგეჭკორს ციხეში მისი ძმისშვილი, ნინა გეგეჭკორი აკითხავდა. სწორედ ასეთ ვითარებაში გაიცნო ლავრენტიმ თავისი მომავალი მეუღლე. შემდგომში იგი ხშირად ხვდებოდა ნინას საშა გეგეჭკორის კონსპირაციულ ბინაში. საბოლოოდ, ახალგაზრდა გოგონა ისე მოიხიბლა, რომ სახლიდან გაიქცა და ბერიას ცოლად გაჰყვა.
ქუთაისის ციხიდან ბერია საქართველო-რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად გაათავისუფლეს. ამ ხელშეკრულებით რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას ცნობდა. შეთანხმება, ასევე, ციხიდან ყველა ბოლშევიკის განთავისუფლებას და ქვეყანაში კომპარტიის საქმიანობის ლეგალიზაციასაც ითვალისწინებდა.
ბერია ციხიდან გამოუშვეს და საქართველოდან კვლავ გააძევეს. იგი ისევ ბაქოში აღმოჩნდა. კიროვთან და გეგეჭკორთან ახლო ურთიერთობის წყალობით, სულ მალე, მან პირველი სერიოზული თანამდებობა მიიღო _ ლავრენტი აზერბაიჯანის „ჩეკას“ პასუხისმგებელ მდივანად დანიშნეს. ახალ სამსახურში თავი ისე გამოიჩინა, რომ ბოლშევიკური პარტიის კავბიუროს ხელმძღვანელის, სერგო ორჯონიკიძის ყურადღებაც კი მიიპყრო.
ბერია კარიერისტის კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენდა. გარეგნულად იგი მგზნებარე კომუნისტი გახლდათ, მაგრამ ფანატიზმისგან შორს იყო და კომუნიზმის `ნათელი~ იდეალები არ აღელვებდა. მის მიზანს ყოველთვის თანამდებობა და საზოგადოებაში გავლენის მოპოვება წარმოადგენდა. მას საჭირო ადამიანებთან დაახლოების ფენომენური ნიჭი ჰქონდა. ორჯონიკიძესთან ისეთი ურთიერთობა დაამყარა, რომ მოკლე დროში სერგოს საუკეთესო მეგობრად გადაიქცა.
ორჯონიკიძის მეშვეობით ბერია, სულ მალე, აზერბაიჯანის „ჩეკას“ საიდუმლო-ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილე გახდა, ერთ თვეში უკვე აზერბაიჯანის „ჩეკას“ უფროსის მოადგილედ დანიშნეს. სერგოს მიმართ მის პირფერობას და მაამებლობას საზღვარი არ ჰქონდა. თავის შვილს ორჯონიკიძის პატივსაცემად სერგოც კი დაარქვა. ორჯონიკიძე ბერიას საკუთარ მოსწავლედ მიიჩნევდა და ყველანაირად ხელს უწყობდა მის კარიერულ ზრდას.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სერგო ბაქოდან თბილისში გადაბარგდა და ამიერკავკასიის ფაქტობრივი მმართველი გახდა. რა თქმა უნდა, ორჯონიკიძემ თბილისში ბერიაც წაიყვანა და „ჩეკაში“ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნა. 1922 წლისთვის ლავრენტი საქართველოს „ჩეკას“ უფროსის მოადგილედ წარადგინეს. სწორედ ბერიას მიერ შექმნილი სისტემის წყალობით შეძლეს ბოლშევიკებმა 1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის მიერ დაგეგმილ აჯანყებაზე წინასწარი ინფორმაციის მიღება. თავისი პროტეჟეს პროფესიონალიზმით აღფრთოვანებულმა სერგომ ეს ინფორმაცია მოსკოვს აცნობა. ბერიას პერსონით კრემლში სერიოზულად დაინტერესდნენ. 1926 წელს მას საქართველოს მთავარი პოლიტიკური სამმართველო ჩააბარეს და პარალელურად საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელობაც დაეკისრა.
1926 წელს, სტალინის მითითებით, ორჯონიკიძე საქართველოდან გაიწვიეს და სამუშაოდ ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში, ცოტა ხანში კი მოსკოვში გადაიყვანეს. ორჯონიკიძის მოსკოვში გადასვლის შემდეგ ლავრენტისა და სერგოს ურთიერთობა არ შეწყვეტილა. სამსახურის საქმეებზე მოსკოვში ჩასული ბერია ყოველთვის სერგოსთან ჩერდებოდა. გარეგნული სიამტკბილობის მიუხედავად, ბერიას მხრიდან ორჯონიკიძესთან სიახლოვეს მხოლოდ მერკანტილური საფუძველი ჰქონდა. თავისი ბუნებიდან გამომდინარე ბერია სერგოს კარიერული ტრამპლინისთვის იყენებდა. მისი მთავარი მიზანი სტალინთან დაახლოება იყო.
1929 წლის ზაფხულში სტალინი დასასვენებლად წყალტუბოში ჩამოვიდა. მასთან ერთად ორჯონიკიძეც იყო. წყალტუბოში ბელადის დაცვას, რა თქმა უნდა, ბერია პირადად ხელმძღვანელობდა.
მან იცოდა, რომ ბელადი ძველ ქართველ ბოლშევიკებს არ სწყალობდა და სტალინთან შეხვედრისთვის წინასწარ მოემზადა. შინსახკომის აპარატის გამოყენებით იგი დიდი ხანია, პარტიულ თანამდებობებზე მყოფი პირების აგენტურულ თვალთვალს აწარმოებდა და ქართველი ბოლშევიკების თითქმის ყველა საიდუმლო იცოდა.
სერგოს დახმარებით იგი წყალტუბოში სტალინთან აუდიენციაზე მოხვდა, სადაც ბელადს ქართველ ბოლშევიკზე სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა და მათზე კომპრომატებით სავსე საქაღალდე გადასცა. სტალინმა ბერია დაიმახსოვრა. შემდგომ დღეებში იგი ლავრენტის კიდევ რამდენჯერმე ესაუბრა და აღმოაჩინა, რომ ბერიას მისი სურვილების ამოცნობის შესაშური ნიჭი ჰქონდა. იგი პირველივე სიტყვიდან ხვდებოდა, თუ რა სურდა ბელადს და რაც მთავარია, ბერია, სტალინის მსგავსად, ვერ იტანდა საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენის მქონე ძველ ბოლშევიკურ გვარდიას. ლავრენტიმ ბელადზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ეს იშვიათი შემთხვევა იყო _ როგორც წესი, სტალინი ახალ გაცნობილ ადამიანებს ყოველთვის ეჭვით უყურებდა.
სტალინთან შეხვედრამ შედეგი სულ მალე გამოიღო. 1931 წელს ბერია პარტიულ სამუშაოზე გადაიყვანეს და ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მეორე მდივნად დანიშნეს. ყველასთვის უცნობი ჩეკისტის ასეთი პარტიული აღზევება ძველი ქართველი ბოლშევიკებისთვის შეურაცხმყოფელი გამოდგა. მამია ორახელაშვილმა, რომელიც მაშინ ამიერკავკასიის პარტორგანიზაციის პირველი მდივანი იყო, სტალინს პირისპირ შეხვედრაზე პირდაპირ განუცხადა, რომ ამ ვიგინდარასთან მუშაობას არ აპირებდა. მსგავსი პოზიცია ჰქონდათ სხვა ძველ ბოლშევიკებსაც. თუმცა სტალინს მათი აზრი არ აინტერესებდა. ორ თვეში ამიერკავკასიის პარტიულ ორგანიზაციას ორახელაშვილის ნაცვლად უკვე ბერია ხელმძღვანელობდა. მამია ორახელაშვილი, ლავრენტი ქართველიშვილი, ლევან ღოღობერიძე და სხვა უკმაყოფილო ბოლშევიკები საქართველოდან მოსკოვში ნაკლებად მნიშვნელოვან სამუშაოზე გადაიყვანეს, სადაც ისინი სტალინის უშუალო თვალთახედვის არეში მოექცნენ.
ამიერკავკასიაში საკადრო როტაციამ ორჯონიკიძის უკმაყოფილება გამოიწვია. შერისხული ბოლშევიკების უმრავლესობა სერგოს ახლო გარემოცვას წარმოადგენდა. ორჯონიკიძემ ამ ბოლშევიკების დახმარებით საქართველოში საბჭოთა წყობა დაამყარა და მათთან ერთად გადაიტანა ახალი სისტემის დანერგვის მთელი სიმძიმე. იგი სტალინის გადარწმუნებას პირადად შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბელადი კომპრომისზე არ წავიდა და სერგოს ნათლად აგრძნობინა, რომ ამბიციებით გატენილი ძველი ბოლშევიკები მას არ სჭირდებოდა. სერგო სტალინს ვერც გადაარწმუნებდა _ ორახელაშვილის, ქართველიშვილისა და ღოღობერიძის ჩანაცვლება იმპულსური ნაბიჯი კი არა, მიზანმიმართული აქცია იყო. ამ როტაციით სტალინმა ყველას ნათლად დაანახვა, რომ ბელადის კრიტიკით დაკავებული ძველი გვარდიის დრო წავიდა და ბერიას სახით მათი ადგილი სტალინის მიმართ უსიტყვოდ მორჩილ თაობას უნდა დაეკავებინა. სტალინის ასეთი ნეგატიური პოზიციის მიუხედავად, სერგომ ძველ თანამებრძოლებთან მეგობრობა არ გაწყვიტა და მათთან ღიად ურთიერთობდა. ეჭვიანმა სტალინმა ორჯონიკიძის ასეთ მოქმედებაში ღია გამოწვევა დაინახა.
ამიერკავკასიის პარტიულ იერარქიაში მომხდარმა საკადრო გადაადგილებამ ორჯონიკიძესა და ბერიას შორის ურთიერთობაშიც გააჩინა ბზარი. თუმცა ბერიას ეს დიდად არც ანაღვლებდა _ მას ახალი მფარველი გამოუჩნდა და ეს მფარველი თავად სტალინი იყო. მეტიც, ლავრენტიმ მომენტალურად იგრძნო, რომ შერისხულთა პროტექციითა და მათთან დემონსტრაციული ურთიერთობით ორჯონიკიძემ სტალინის გაღიზიანება გამოიწვია და ყოფილი მფარველის წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვას შეუდგა. სტალინის საამებლად ლავრენტიმ ორჯონიკიძე უყოყმანოდ გაწირა. ბერიას საიდუმლო მითითებით შინსახკომმა ორჯონიკიძეზე კომპრომატების შეგროვება და ბინძური ჭორების გავრცელება დაიწყო. ვიწრო წრეში ბერია სერგოს აგინებდა და მასზე დაცინვით საუბრობდა.
ლავრენტიმ იცოდა, როგორ ესიამოვნებინა სტალინისთვის. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ამიერკავკასიის ხელმძღვანელი ბელადს ტელეფონით ანგარიშს აბარებდა. სახლში მხოლოდ მაშინ მიდიოდა, როდესაც გაიგებდა, რომ მოსკოვში სტალინმა კრემლი დატოვა.
ბერია უყურადღებოდ არც სტალინის დედას, კეკეს ტოვებდა. მოხუც ქალს სოლიდური პენსია დაუნიშნა, საცხოვრებლად რუსთაველის გამზირზე გადმოიყვანა და პერსონალური მანქანა მიამაგრა. 1935 წელს სტალინი თბილისში ჩამოვიდა. ბერიამ ამით ისარგებლა და რევოლუციის შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრის ორგანიზება შეძლო.
გაზეთი `ზარია ვოსტოკა~ ამ შეხვედრის შესახებ წერდა:
`ამხანაგი სტალინი თბილისში.
17 ოქტომბერს დილით, დედის მოსანახულებლად, თბილისს ჩამოვიდა ამხანაგი სტალინი. დედა-შვილი ერთად იყო მთელი დღის განმავლობაში. 17 ოქტომბერს ღამით ამხანაგი სტალინი მოსკოვს გაემგზავრა~.
ცოტა ხანში ბერიას როლი კიდევ უფრო გაიზარდა. მისი მეთაურობით საქართველოში მნიშვნელოვან წიგნზე დაიწყო მუშაობა. ამ ნაშრომს ამიერკავკასიაში ბოლშევიკური მოძრაობის ისტორია უნდა აესახა. წიგნის იდეა სტალინს ეკუთვნოდა. ბერია ბელადის სურვილს მაშინვე მიხვდა. ნაშრომს ამიერკავკასიის რევოლუციურ მოძრაობაში სტალინის წამყვანი როლი უნდა ეჩვენებინა. წიგნისთვის მასალების შეგროვება და დამუშავება ცეკას აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების უფროსს, ერიკ ბედიას დაევალა. სამეცნიერო რედაქტირება უნივერსიტეტის რექტორს, მალაქია ტოროშელიძეს მიანდეს.
ნაშრომი ერთ წელიწადში დასრულდა. ამ წიგნის მიხედვით ამიერკავკასიაში ჭეშმარიტი ბოლშევიკი მხოლოდ სტალინი იყო. ძველი კომუნისტები ან გაკვრით იყვნენ ნახსენები, ან საერთოდ არ ფიგურირებდნენ. სტალინი კმაყოფილი დარჩა. ნაშრომის ფაქტობრივი ავტორი ერიკ ბედია იყო, მაგრამ წიგნის ყდაზე მხოლოდ ბერიას გვარი ეწერა. ბელადის სანქციით ეს წიგნი საბჭოთა კავშირში მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდა და პარტიული ორგანიზაციებისთვის მისი შესწავლა სავალდებულო გახდა.
სტალინის მსგავსად დითირამბების მოსმენა ბერიასაც მოსწონდა. ლავრენტის უყვარდა, როდესაც მას ეპირფერებოდნენ. იგი თავად ქმნიდა საკუთარ კულტს საქართველოში. ბერიას სახელი დაარქვეს ქუჩებს, მოედნებს, სტადიონებს, კოლმეურნეობებს. პოეტები სადიდებელ ლექსებს უწერდნენ, მხატვრები მის პორტრეტებს ქმნიდნენ.
თავდაპირველად ბერია სოლოლაკში, ენგელსის ქუჩაზე ცხოვრობდა. 1936 წლისთვის იგი ქვემო ვერაზე, ცისფერი მონასტრის სიახლოვეს, ვაჟა-ფშაველას (დღევანდელი ქიაჩელი) ქუჩის 7 ნომერში დასახლდა. ბერიას მეხუთე, ბოლო სართული ეკავა. რესპუბლიკის პარტიული ხელმძღვანელი ექვსოთახიან აპარტამენტებში ცხოვრობდა. მისი აივნები ცალი მხრიდან ვერის აღმართს, მეორე მხრიდან კი ვაჟა-ფშაველას ქუჩას დაჰყურებდა. სადარბაზოსთან მუდამ დაცვა იდგა. ბერია დილის 10 საათზე მანქანაში ჯდებოდა და სამსახურში მიდიოდა. სახლში ღამის ორ საათზე ბრუნდებოდა.
ბერიასგან ორი სართულით დაბლა სერგო ორჯონიკიძის უფროსი ძმა, პაპულია ცხოვრობდა. მეზობლებს ერთმანეთი გულზე არ ეხატებოდათ. პაპულია ლავრენტის ,,ჟულიკს“ ეძახდა და კიბეებზე შეხვედრისას ქედმაღლურად უყურებდა. ორჯონიკიძეს სოფლიდან ნათესავები ხშირად აკითხავდნენ. სადარბაზოსთან მდგარი ბერიას დაცვა სტუმრებისგან საბუთებს ითხოვდა და ზევით არ უშვებდა. ამით უკმაყოფილო პაპულია მეზობლის მისამართით ხშირად იგინებოდა.
პაპულია ორჯონიკიძე ამიერკავკასიის რკინიგზაში პარტორგანიზაციის ხელმძღვანელად მუშაობდა. მას სულ ორი კლასის განათლება და ტელეგრაფისტის კურსები ჰქონდა დამთავრებული. ნადირობა და ქეიფი უყვარდა. დიპლომატია მისთვის უცხო იყო. ბერიას საქვეყნოდ აგინებდა, სტალინს ულვაშიან ღორს ეძახდა და თუ საჭიროდ მიიჩნევდა, თავის გავლენიან ძმასაც შეუკურთხებდა. როდესაც ვინმე ეკითხებოდა: `თქვენ სერგოს ძმა ბრძანებით?~ იგი ქედმაღლურად პასუხობდა: `არა, ეს სერგოა ჩემი ძმა!~ 1936 წლის აგვისტოში ტროცკისტული მოძრაობის ლიდერების (კამენევი, ზინოვიევი) წინააღმდეგ გამართული ღია პროცესისა და მათი დახვრეტის შემდეგ სტალინმა ყველა ოპოზიციონერის ლიკვიდაცია დაიწყო. ბელადი მეორე ღია სასამართლოს ამზადებდა. ამ პროცესის შემდეგ ქვეყანაში ტროცკის, ზინოვიევისა და კამენევის ყველა მომხრე უნდა დაეპატიმრებინათ. ბელადის მოთხოვნით შინსახკომმა საბჭოთა კავშირში კიდევ ერთი არალეგალური ცენტრი აღმოაჩინა. ამ ცენტრის ხელმძღვანელად სტალინმა სერგო ორჯონიკიძის მოადგილე, იური პიატაკოვი შეარჩია, რომელიც 1936 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს.
ორჯონიკიძე მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი იყო. მისი უწყება საბჭოთა კავშირში ინდუსტრიალიზაციის ურთულეს გეგმას ახორციელებდა. 1927 წელს ბოლშევიკებმა საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციის გეგმა შეიმუშავეს, რომელიც სამოქალაქო ომის შემდეგ დასუსტებული ეკონომიკის განვითარებას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ითვალისწინებდა. ჩამორჩენილი, აგრარული ქვეყანა ინდუსტრიულ სახელმწიფოდ უნდა გადაქცეულიყო. ეს გეგმა ისეთი გიგანტური სამრეწველო ობიექტების შენებას გულისხმობდა, რომლებიც მთლიანად დააკმაყოფილებდა საბჭოთა კავშირის სამხედრო და სამოქალაქო მოთხოვნებს. სერგო სწორედ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა.
ისევე როგორც სხვა დარგებში, სტალინი მავნებლების დასახელებას მრეწველობაშიც ითხოვდა, მაგრამ სერგო ამის წინააღმდეგი გამოვიდა. იგი საკუთარი უწყების პრესტიჟს იცავდა და წლობის განმავლობაში მისი ძალისხმევით აწყობილი სისტემის დანგრევას არ თანხმდებოდა.
პიატაკოვის დაპატიმრებით სტალინმა სერგო ორჯონიკიძეზე ზეწოლა გააძლიერა. პიატაკოვს უნდა ეღიარებინა, რომ არალეგალური ორგანიზაციის მეშვეობით საბჭოთა კავშირის მძიმე მრეწველობაში მავნებლობას და საბოტაჟს ხელმძღვანელობდა. თუმცა პიატაკოვი გაჯიუტდა და გამოძიებას საჭირო ჩვენებას არ აძლევდა. მოადგილის დაპატიმრება ორჯონიკიძემ ძალიან მძიმედ განიცადა. ისევე როგორც ძველი ქართველი ბოლშევიკების შემთხვევაში, საქმის გარკვევას სტალინთან ცდილობდა. ბელადსა და მას შორის ზედმეტად მკვეთრი საუბარიც კი შედგა.
სერგოსა და სტალინს შორის გამართული საუბრიდან ცოტა ხნის შემდეგ ორჯონიკიძის ძმა _ პაპულია, თბილისის რაიკომში გამოიძახეს. რაიკომის ხელმძღვანელმა, ვალერიან ბაქრაძემ, პაპულია უცნაურ ვითარებაში მიიღო. ბაქრაძეს საკუთარი პისტოლეტი დაეშალა და მის აწყობას `უშედეგოდ~ ცდილობდა. პირველმა მდივანმა ნიმუშისთვის პაპულიას პირადი იარაღი სთხოვა. როგორც კი პაპულია პისტოლეტის გარეშე დარჩა, ბაქრაძის კაბინეტში შინსახკომის თანამშრომლები შემოვარდნენ. ბუნებით ფიცხმა პაპულიამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ბაქრაძის კაბინეტში ხელჩართული ჩხუბი ატყდა. პაპულია მუშტებს იქნევდა და ერთ-ერთ ჩეკისტს მასიური საფერფლით თავიც კი გაუტეხა, მაგრამ, საბოლოოდ, ვერაფერს გახდა. იგი დააპატიმრეს და ციხეში გადაიყვანეს. პაპულიას ანტისაბჭოთა აგიტაციისა და ტროცკისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდება წაუყენეს.
უცნობია, თუ ვისგან მოდიოდა პაპულიას დაპატიმრების ბრძანება. სავარაუდოდ, სერგო ორჯონიკიძეზე ზემოქმედების მიზნით, ეს ბრძანება პირადად სტალინმა გასცა. არც ის არის გამორიცხული, რომ ასეთი სქემა ბერიამ მოიფიქრა, რომელიც პაპულიას ვერ იტანდა. ფაქტი ერთია: სტალინის სანქციის გარეშე ორჯონიკიძის ძმის დატუსაღებას ვერავინ გაბედავდა.
საქართველოს შინსახკომის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ბოგდან ქობულოვის 1955 წელს მიცემული ჩვენებიდან: ,,საქართველოში ყველამ იცოდა, რომ პაპულია ლაქლაქა და თავქარიანი ადამიანი იყო. მას კონტრრევოლუციური საქმიანობის არც უნარი და არც ნიჭი გააჩნდა. რა თქმა უნდა, ეს ბერიამაც იცოდა. ამის მიუხედავად სწორედ ბერიას მითითებით დააპატიმრეს იგი“.
პაპულიას საქმეს შინსახკომის სატრანსპორტო განყოფილება იძიებდა. მის გასატეხად გამომძიებელი ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდებს იყენებდა, მაგრამ პატიმარი აღიარებით ჩვენებას მაინც არ იძლეოდა. მაშინ შინსახკომმა პაპულიას პროვოცირება სცადა და საკანში სპეციალური აგენტი შეუგზავნა.
ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში ვარლამ ჭკუასელი ჩიჟოვის ფსევდონიმით შინსახკომზე უკვე ორი წელი მუშაობდა. სპეცსამსახური მას პროვოკატორის როლში იყენებდა. ჭკუასელი ნაცნობებთან და თანამშრომლებთან პოლიტიკურ თემებზე საუბარს განზრახ იწყებდა, პროვოკაციულ შეკითხვებს იძლეოდა და ყველაფერს იმახსოვრებდა. შემდეგ საუბრის შინაარსს წერილობითი ფორმით შინსახკომს გადასცემდა. ამ სამუშაოსთვის აგენტს სპეციალური ფონდიდან ფულადი პრემიით ახალისებდნენ.
1936 წელს ჭკუასელი შინსახკომში გამოიძახეს და უთხრეს, რომ მისი ფუნქცია დროებით შეიცვლებოდა. ვარლამს ციხის აგენტობა დაავალეს. ჭკუასელის მიზანი პაპულია ორჯონიკიძის პროვოცირება იყო. ერთ-ერთ დაკითხვაზე ორჯონიკიძეს ჭკუასელი დაუპირისპირეს, რომელსაც იგი სამსახურიდან იცნობდა.
ვარლამ ჭკუასელის დაკითხვის ოქმიდან: ,,მითხრეს, რომ პაპულიასთან დაპირისპირებისას მე ყალბი ჩვენება უნდა დავადასტურო. მეც დავადასტურე. ვთქვი, რომ პაპულია ჩემი მეგობარი იყო ტროცკისტულ საქმეებში. ამაზე პაპულიამ შემომხედა და თქვა, _ ეს ადამიანი მეცოდებაო“.
პაპულიას საქმის გასამყარებლად შინსახკომმა დაპატირებების სერია წამოიწყო. სპეციალურად ორჯონიკიძისთვის გამოძიებამ ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში შენიღბული ტროცკისტული ორგანიზაცია აღმოაჩინა, რომლის წევრი პაპულიაც იყო.
სერგო ორჯონიკიძის შემთხვევაში ბერია განსაკუთრებული ცინიზმით მოქმედებდა. ადამიანი, რომლის წყალობითაც მან კარიერა გაიკეთა და დიდი ხნის განმავლობაში ღიად ეპირფერებოდა, თვალის დაუხამხამებლად გაწირა. 1936 წლის ოქტომბრის ბოლოს სერგო ორჯონიკიძე კურორტ კისლოვოდსკში მეუღლესთან ერთად ისვენებდა. 24 ოქტომბერს მას 50 წელი შეუსრულდა. სერგოს იუბილე საბჭოთა კავშირში ფართოდ აღინიშნა. ორჯონიკიძეს ბანკეტი გაუმართეს და საზეიმო საღამო მოუწყვეს. პიონერებმა მის წინაშე ფიცი დადეს. სერგო ორჯონიკიძეს იუბილეზე მრავალი საჩუქარი გადასცეს, მათ შორის, ერთი განსაკუთრებული იყო. იგი თბილისიდან ლავრენტი ბერიამ გაუგზავნა. 50 წლის იუბილეზე სერგომ ბერიასგან საჩუქრად პაპულიას დაკითხვის ოქმები მიიღო.
1937 წლის იანვარში კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით პაპულიას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ციმბირის ბანაკებში გადაიყვანეს. ძმის სასამართლო ორჯონიკიძემ მტკივნეულად განიცადა. სტალინთან უსიამო ლაპარაკი ჰქონდა. პაპულიასთან პაემანს და ბერიას პასუხისგებაში მიცემას ითხოვდა. სტალინმა სერგოს მოთხოვნის საპასუხოდ ის დაკითხვის ოქმები გაუგზავნა, სადაც დაპატიმრებულები სერგო ორჯონიკიძის კონტრრევოლუციურ საქმიანობაზე საუბრობდნენ. ამაზე სერგო კიდევ უფრო გაბრაზდა. ბელადს ტელეფონში უყვიროდა და გინებაც კი გაუბედა.
1937 წლის იანვარშივე მოსკოვში მეორე ღია პროცესი გაიმართა. ასამართლებდნენ ტროცკისტული ცენტრის წევრებს. განსასჯელებს უამრავი ბრალდება წაუყენეს: საბოტაჟი და მავნებლობა წარმოებაში, შპიონაჟი გერმანიისა და იაპონიის სასარგებლოდ, ტერორისტული აქტების მომზადება სტალინზე და მთავრობის სხვა წევრებზე. განსასჯელებმა ყალბი ბრალდებები აღიარეს. ამის სანაცვლოდ, მათ სიცოცხლის გარანტია ცეკას წევრებისგან მიიღეს. პიატაკოვს ასეთი გარანტია სერგო ორჯონიკიძემ მისცა. თავის მოადგილეს სერგო ციხეში ესტუმრა და ჩვენების აუცილებლობაში დაარწმუნა.
ასეთი გარანტიების მიუხედავად, ყველა დახვრიტეს. სიკვდილის წინ პიატაკოვმა სტალინს წერილი მისწერა, სადაც წერდა, რომ სიცოცხლის საფასურად მზად იყო, ყველა მსჯავრდადებული საკუთარი ხელით დაეხვრიტა.
1937 წლის 23 თებერვალს კომპარტიის პლენუმი უნდა გამართულიყო, სადაც მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი სერგო ორჯონიკიძე ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი იყო. სტალინის მოთხოვნით სერგოს თავის უწყებაში მავნებლობის შესახებ ფართო მოხსენება უნდა წაეკითხა. ამ მოხსენების შემდეგ სტალინს ფართომასშტაბიანი რეპრესიებისთვის ხელ-ფეხი ოფიციალურად გაეხსნებოდა, მაგრამ სერგო გაჯიუტდა და სტალინის მოთხოვნას პრინციპულად დაუპირისპირდა. სტალინისა და ორჯონიკიძის დაპირისპირება ღია ფაზაში გადავიდა.
ჯერ კიდევ 1936 წლის ბოლოს მძიმე მრეწველობის სფეროს დაპატიმრებების სერიამ გადაუარა. ორ თვეში ციხეში 600-მდე პასუხისმგებელი მუშაკი აღმოჩნდა. სერგო ამ რეპრესიებს ეწინააღმდეგებოდა. იმ ქარხნებში, სადაც შინსახკომის მონაცემებით მავნებლები მოქმედებდნენ, ორჯონიკიძემ საქმის გასარკვევად საკუთარი კომისიები გაგზავნა. მათი დასკვნა სერგომ 17 თებერვალს მიიღო. კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზებულ მავნებლობას ადგილი არ ჰქონდა. ხშირ შემთხვევაში საწარმოებში მომხდარი ავარიების ძირითადი გამომწვევი მიზეზი მომსახურე პერსონალის არასაკმარისი პროფესიონალიზმი და დაუდევრობა იყო. ამის თაობაზე ორჯონიკიძე სტალინს ესაუბრა და განუცხადა, რომ ყრილობაზე სწორედ ამ მონაცემებით გააკეთებდა მოხსენებას. სტალინი იმედგაცრუებული დარჩა. სერგო ბელადის მიერ დაწერილ რეპრესიების სცენარს თავდაყირა აყენებდა.
1937 წლის 18 თებერვალს, პლენუმამდე 7 დღით ადრე, ორჯონიკიძე სახლში მკვდარი იპოვეს. მის საწოლთან პისტოლეტი ეგდო. სამთავრობო წრეებში თვითმკვლელობის ვერსია გავრცელდა, გაზეთებში კი დაიწერა, რომ ორჯონიკიძეს გულმა უმტყუნა.
ბერია ორჯონიკიძის დასაფლავებაზე მოსკოვში გაემგზავრა. მთავრობის სხვა წევრებთან ერთად იგი სამგლოვიარო ღონისძიებას დაესწრო, შემდეგ კი პლენუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
თუმცა ბერიასა და ორჯონიკიძეების ისტორია ამით არ დასრულებულა. მისთვის ერთ დროს სათაყვანებელი მფარველის ოჯახის წევრებს ბოლომდე მისდია და მთლიანად გაანადგურა. 1937 წლის აგვისტოში პაპულია ორჯონიკიძე ციმბირის ბანაკიდან ეტაპით თბილისში გადმოიყვანეს და ახალი ბრალდება წაუყენეს. საქართველოს შინსახკომმა პაპულიას ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადების განზრახვის აღიარება მოსთხოვა. მორალურად გატეხილი ორჯონიკიძის წინააღმდეგ ფიზიკური ზემოქმედების მეთოდები გამოიყენეს და პაპულიამ ბრალი აღიარა. საგანგებო ,,სამეულმა“ ორჯონიკიძეს დახვრეტის განაჩენი გამოუტანა. საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა სერგო გოგლიძემ საბრალდებო დასკვნა 1937 წლის 9 ნოემბერს დაამტკიცა. პაპულია იმავე დღეს დახვრიტეს.
პაპულიას შემდეგ, როგორც ხალხის მტრის მეუღლე, დააპატიმრეს მისი ცოლი ნინა. გამოძიება მას ანტისაბჭოთა საქმიანობაში და ბერიას წინააღმდეგ განზრახულ ტერორისტულ აქტში ქმრის თანამოაზრეობაზე გამოტეხვას ცდილობდა, მაგრამ ნინამ დანაშაული არ აღიარა. 1938 წლის 29 მარტს საგანგებო ,,სამეულმა“ ნინას ციმბირის ბანაკებში 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, როგორც ქმრის შემთხვევაში, ბერიამ ვერც ამჯერად მოისვენა. იმავე წლის ივნისში საგანგებო ,,სამეულმა“ ხელმეორედ განიხილა ნინა ორჯონიკიძის საქმე და დახვრეტის განაჩენი გამოიტანა. ნინა 15 ივნისს დახვრიტეს.
მოსკოვში დააპატიმრეს სერგო ორჯონიკიძის კიდევ ერთი ძმა კონსტანტინე, მაგრამ იგი ,,შედარებით“ იოლად გადარჩა. ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით 1939 წელს კონსტანტინე ციხეში გამოკეტეს, სადაც იგი სტალინის სიკვდილამდე იმყოფებოდა.
გაგრძელება მომდევნო ნომერში
მიხეილ ბასილაძე