QronikaPlus
რა შეცვალა საპროტესტო აქციებმა უნივერსიტეტებში?

რა შეცვალა საპროტესტო აქციებმა უნივერსიტეტებში?

2016-05-08 08:01:14

ბოლო ერთი თვეა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორები სისტემური ცვლილებისთვის იბრძვიან. საპროტესტო აქციების გამო რამდენიმე კორპუსში სასწავლო პროცესებიც შეწყდა. რეორგანიზაცია, რომელსაც ისინი ითხოვდნენ, დაწყებულია. თუმცა პრობლემათა სია ჯერ კიდევ ძალიან გრძელია. სწორედ ამიტომ ,,ქრონიკა+“ დაინტერესდა, რა ხდება სასწავლებლებში, რეალურად რაზე სწუხან სტუდენტები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების მესამე კურსის სტუდენტ ლევან ლომიძისთვის მიუღებელია ის ფორმა, რომლითაც პროფესორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ: „რეფორმა და ცვლილება ყველა ცოცხალ ორგანიზმს სჭირდება, მათ შორის, უნივერსიტეტს, მაგრამ ის ფორმა, რომლითაც პროფესორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ჩემთვის მიუღებელია. უნივერსიტეტში სწავლის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, ლექცია-სემინარები მხოლოდ იმ სტუდენტებს უცდებათ, რომლებსაც ეს პროფესორები ასწავლიან. მათ პრობლემები გამოცდებზეც შეექმნათ, რადგან საერთოდ არ ჩატარებიათ“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის მეორე კურსის სტუდენტი, კახა მთვარაძე, მთავარ პრობლემად იმას მიიჩნევს, რომ მთავრობა სტუდენტების მიმართ გულგრილია და ისინი არავის ანაღვლებს: „პრობლემა არის ის, რომ მათთან ამ ენით გვიწევს კომუნიკაცია და სხვანაირად ვერ ვაგებინებთ.  აუცილებლად დესტრუქციული ქმედებებია საჭირო, რომ ყურადღება მოგვაქციონ და ჩვენც იძულებული ვართ, რომ ასე მოვიქცეთ. ამდენი აქცია გავმართეთ. გვეგონა, აღარ იყო საჭირო ასეთი ქმედებები და დიალოგის რეჟიმში მოგვარდებოდა ყველაფერი. რატომღაც, ისევ გულგრილად მოგვეკიდნენ. ჩვენც ისევ ძველ ფორმას მივმართეთ და ისინიც კვლავ დაფაცურდნენ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს გულგრილობა? არავის ვანაღვლებთ. თუ დაკვირვებიხართ, სანამ უკიდურესობამდე არ დაიძაბება სიტუაცია, ხმის ამომღები არავინაა, შემდეგ ჩვენს რაღაც მოთხოვნებს კი იმიტომ ასრულებენ, რომ მათვე აწყობთ და სიტუაციის დალაგება უნდათ. იგივე გიორგი გაფრინდაშვილის გადადგომა ჩვენზე მეტად სამინისტროს აწყობდა. მათი მიზანი უნივერსიტეტში ავისმომასწავებელი და დამაბეჩავებელი სიმშვიდის შენარჩუნებაა და არა განათლებისკენ, როგორც უნივერსიტეტის მთავარი იდეისკენ სწრაფვა და ამიტომაც გვაქცევენ ყურადღებას, რომ ამ სიმშვიდეს ვარღვევთ“.   სტუდენტებისთვის მთავარ პრობლემას ყოველთვის სახელმძღვანელოების ხელმიუწვდომლობა და არასათანადო სწავლების დონე წარმოადგენდა. ჩვენი რესპონდენტების თქმით, საქართველოს უნივერსიტეტებში ეს პრობლემები დღესაც მწვავეა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, ქეთევან სამხარაძემ „ქრონიკა+“-თან აღნიშნა: „უამრავი პრობლემაა და ეს პრობლემები, სამწუხაროდ, ლოკალური არაა და ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს მოიცავს. არის სახელმძღვანელოებზე ხელმისაწვდომობის, ან მშობლიურ ენაზე არარსებობის პრობლემა, ასევე ინფრასტრუქტურის პრობლემა, პრაქტიკული სამუშაოები ვერ ტარდება. არაპროფესიონალები გვასწავლიან. არაფერს გვაძლევს გამოცდები, რადგან ისეა საგანმანათლებლო სტრუქტურა გადანაწილებული, რომ სტუდენტი რეალურად გამოცდიდან გამოცდამდე სწავლობს და, საბოლოო ჯამში, არაფერი რჩება. უნივერსიტეტი მოტივირებულია არა განათლების ან მეცნიერების განვითარებაზე, მიწოდებაზე, არამედ დიპლომების დარიგებაზე. გამოსავალი მხოლოდ სისტემის ცვლილება და განათლების რეფორმა, პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსება და გარე რეფერირებაა“. მსგავსი პრობლემის წინაშე დგას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ ყუფარაძეც: „ვერ ვიტყვი, რომ ატრიბუტიკის სახით დიდი ფუფუნება გვაქვს. ესაა სწორედ ის აქტიური პრობლემა, რომელზედაც ნებისმიერი ჩემი კურსელი თუ სხვა კურსელები ილაპარაკებდნენ. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, „არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის“ ფაკულტეტს საჭირო ატრიბუტიკა: დაფები, სახაზავები, „რეიშინა“ და ა. შ. თითქმის არ გააჩნია. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი ის, რაც ადგილზე სამუშაოდაა საჭირო და რასაც ლექტორები ითხოვენ. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდილებას, ვერ ვიტყვი, რომ არ არის, მეორე კურსიდან უკვე  თავისუფლად შესაძლებელია არდადეგებზე 1-3-კვირიანი პრაქტიკების მიღება სხვადასხვა ქალაქში, რაშიც მენეჯერის სამსახური გვეხმარება“. ეს მხოლოდ ის მცირე ჩამონათვალია სტუდენტურ პრობლემათა იმ გრძელი სიიდან, რომლის წინაშეც სტუდენტები დგანან. ისინი ამ ყველაფრის მიზეზად მთავრობის უნიათობას ასახელებენ. თუმცა იმედი აქვთ, რომ სტუდენტური ძალით საგანმანათლებლო სფეროში ცვლილებებს შეიტანენ.  

                                                                                                               მარიამ ბუღაძე

 

გაზიარება