გასულ კვირას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ხმაური იყო. ჯანდაცვის მინისტრის საკომიტეტო მოსმენა 2015 წელს მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების გაწეულ საქმიანობას შეეხო. დავით სერგეენკომ იმ გეგმებზეც ისაუბრა, რის განხორციელებასაც წელს აპირებს, თუმცა დაგეგმილი რეფორმებით დარბაზში მსხდომთაგან ცოტა თუ დაინტერესდა. პოლიტიკურ-პარტიული დებატების ფორმატში წარმართული დისკუსია ქართული პარლამენტისთვის ჩვეულ ტრადიციებში დასრულდა. კითხვები შეეხო „სოციალური დახმარების სისტემას“, „საყოველთაო ჯანდაცვას“, თუმცა თითის გაშვერისა და ურთიერთბრალდებების ფონზე. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებებზე საუბარი მაინც უჭირს, ვინაიდან კოალიციის საამაყო უწყებამ ნაწილი ბრალდებების საპასუხოდ შეცდომები აღიარა.
აკონტროლებს თუ არა სახელმწიფო პრეპარატების ხარისხს? ვინ არეგულირებს ფასებს ფარმაცევტულ ბაზარზე? სად გადის ზღვარი შხამსა და წამალს შორის?
„ქრონიკა+“ „ლიბერალ დემოკრატების“ მრჩეველს ჯანდაცვის საკითხებში, სოფიო ჩვამანიას ესაუბრება:
_ ამ ინტერვიუს ფარგლებში, მოლაპარაკების დაწყებისთანავე გკითხეთ პროფესია, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მკითხველების წინაშე წარგვედგინეთ. კიდევ ერთხელ რომ გვითხრათ, _ რა შეხება გაქვთ სამედიცინო სფეროსთან?
_ პროფესიით ფარმაცევტ-ტექნოლოგი გახლავართ, დაცული მაქვს ხარისხი. „FDA“ ეს არის სახელმწიფო უწყება („Fოოდ ანდ დრუგ ადმინისტრატიონ“), რომელიც ხარისხს აკონტროლებს. არა მარტო პრეპარატებისა და კოსმეტიკური საშუალებების, არამედ საკვების. აი, ამ ხარისხის კონტროლის სისტემაზე მინდა გესაუბროთ.
_ ყურადღებით გისმენთ, იქნებ, გაგვარკვიოთ, რა ხდება ამ მიმართულებით დღეს ჩვენს ქვეყანაში?
_ სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი ხარისხის კონტროლის სისტემა, რომელიც სრულად და ეფექტიანად გააკონტროლებს საკვების ხარისხს, მაგრამ არსებობს „მომხმარებელთა ფედერაცია“, რომელიც სუსტად ასრულებს თავის მოვალეობას, ის ირიბად აკონტროლებს საკვების ხარისხს.
_ რამდენადაც ვიცი, თქვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან კითხვები გაქვთ, თუ მოისმინეთ წინა კვირას სერგეენკოს მოხსენება პარლამენტში?
_ მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გასულ ცხრა წელიწადს ყველაფერი იდეალურად იყო, თუმცა ცხრა წლის შემდეგ კიდევ ოთხი წელი გავიდა. რა თქმა უნდა, მოვისმინე მინისტრის გამოსვლა. ფაქტია, ბატონმა სერგეენკომ მთელი რიგი მიმართულებით ჩავარდნები აღიარა, თუმცა მთავარზე აქცენტი არ გაკეთდა.
_ თქვენი აზრით, რაზე უნდა ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს?
_ საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს, თუ რაზეა საუბარი, დროში უკან უნდა გადავინაცვლოთ: „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო, როცა ჯანდაცვის მიმართულებით მთელი რიგი რეფორმების გატარება გადაწყვიტა. რეფორმა, ბუნებრივია, მისასალმებელია და რიგი მიმართულებებით წარმატებები ნამდვილად იყო, თუმცა უკუჩვენებებსაც ვხედავთ. მივყვეთ მთავარს: 2013 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო ახალი ინიციატივების გაჟღერებას შეუდგა, იმავე წლის შემოდგომიდან ქართულ მედიაში გაჩნდა პუბლიკაციები სათაურით: „ჯანდაცვის სამინისტრო წამლების ხარისხის ამაღლებას აპირებს“.
_ მოჰყვა თუ არა პუბლიკაციებს რეალური შედეგი?
_ შედეგი? შედეგად მივიღეთ ოლიგოპოლია _ ამ სიტყვას ბევრი განმარტება აქვს, თუმცა, ძირითადად, ასე ხსნიან: ოლიგოპოლიაა, როცა ბაზარზე ცოტა გამყიდველია. შესაბამისად, მოლაპარაკებისა და შიდა გარიგებების გზით მათ შეუძლიათ ფასებისა და შემოთავაზებული საქონლის ხარისხის გაკონტროლება. ანუ როცა რამდენიმე მოთამაშე ერთმანეთში მონოპოლიას ინაწილებს. დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე კაპიტალიზმი ველური ფორმებით მძვინვარებს.
_ ე. ი. 2013 წელს დაანონსებული ხარისხის გაუმჯობესება სამთავრობო ბლეფი აღმოჩნდა?
_ დარღვევები, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ხდება, თითქოსდა ყურადღების მიღმაა და თქვენი კოლეგებისთვის, როგორ ვთქვა, ალბათ, კომერციულ თემას არ წარმოადგენს. საყვედურში არ ჩამომართვათ, მაგრამ მედიის წარმომადგენლები ნაკლებად იყურებით ამ უწყებაში. მიჩნეულია, რომ სერგეენკო მთავრობის დიდი გამარჯვებაა, სისტემაში არსებული გამარჯვებები კი მხოლოდ მასთანაა პერსონიფიცირებული, თუმცა კულისებში სულ სხვა ვითარებაა.
_ უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას გვიმალავენ? რა არ ვიცით მოსახლეობამ?
_ ჯანდაცვის მინისტრი, თანამდებობაზე დანიშვნიდანვე, მუდმივად საუბრობდა ჯანდაცვის ხარისხის კონტროლის სისტემის გამკაცრების აუცილებლობაზე. მან განაცხადა საქართველოში საერთაშორისო დონის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვის შესახებ. საინტერესოა, რა გაკეთდა ამ მიმართულებით? 2013 წელს სერგეენკომ დააანონსა, რომ შექმნიდა და აამუშავებდა ხარისხის კონტროლის სისტემას. ორი წელი აშენებდა, მაგრამ დღეს არც მოიხსენიებს ამ ლაბორატორიის არსებობას და ძველებურად აპირებს, საზღვარგარეთულ ლაბორატორიებს გადაუგზავნოს მედიკამენტები შესამოწმებლად.
_ აქამდე სად ამოწმებდნენ საქართველოში დამზადებულ მედიკამენტებს?
_ აქამდეც საზღვარგარეთ აგზავნიდნენ, თუმცა ამ თემას მოგვიანებით მივუბრუნდები. ზოგადად, ხარისხის კონტროლის სისტემაში მთავარი შემადგენელი ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაა. ამ ტიპის ლაბორატორიებში მოწმდება პრეპარატის ხარისხიანობა. ჩემი ინფორმაციით, ასეთი ლაბორატორიების აგება და ფუნქციონირებაში მოყვანა 15-დან 50 მილიონი დოლარის ფარგლებში ჯდება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით თანხები გამოიყო.
_ ინტერვიუს ჩაწერამდე საპარტნიორო ფონდიდან გამოყოფილი თანხები ახსენეთ...
_ ფონდმა ფინანსური რესურსები გაიღო იმისთვის, რომ მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია შექმნილიყო, რათა ამ კომპანიას დაბალ ფასად შემოეტანა წამლები. მათ ამ საქმისთვის ახლად დაარსებულ კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ ოცდაათი მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყვეს.
_ რა კომპანიაა ეს და ვინ მართავს მას?
_ ეს არის მედიკამენტების იმპორტიორი ფარმაცევტული კომპანია. იგი თავის მიზნად ისახავს ქართულ ბაზარზე იაფი მედიკამენტების შემოტანას. ზუსტად რომ ვთქვათ, ამ კომპანიამ განაცხადა, რომ ბაზარზე არსებულ ფასზე 80%-ით ნაკლებად, ანუ 20%-ად შემოიტანდა. აქვე გეტყვით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰუმანითი ჯორჯიას“ უკან საგანელიძის ინტერესები დგას, მასთან დაახლოებული პირები მართავენ კომპანიას.
_ პრაქტიკაში როგორ განხორციელდა მათი განცხადებები?
_ დავინტერესდი, საკითხი გამოვიკვლიე, რამდენიმე სააფთიაქო ქსელში ვიყავი _ ადგილზე, თვითონ აფთიაქებში და აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიამ მართლაც განახორციელა ფასდაკლება, მაგრამ, ძირითადად, 50-%-ის ფარგლებში.
_ რა დასკვნების გაკეთების საშუალებას გაძლევთ თქვენ მიერ წარმოებული დაკვირვება?
_ ეს ფაქტი სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომელზედაც მინდა, საზოგადოების ყურადღება გავამახვილო. წამლის დაბალი ფასი რის ხარჯზე იქნა განპირობებული? მედიკამენტის ფასის დაწევა შეგვიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის ხარისხი ცუდი, ან ძალიან ცუდი იქნება. იმ ლოზუნგით, რომელიც მათ განაცხადეს, ხელმისაწვდომი ფასი პრეპარატის ხარისხის ხარჯზე უნდა აისახოს.
_ ფასის დაწევას მოსახლეობის დიდი ნაწილი მიესალმება, თუმცა, ბუნებრივია, ეს არ უნდა მოხდეს ხარისხის დაწევის ხარჯზე. როგორ ფიქრობთ, რატომ შემოიტანა ასე დაბალ ფასად აღნიშნულმა კომპანიამ წამლები?
_ ძალიან საფუძვლიანი ეჭვი მაქვს _ ჩვენს მოქალაქეებს დაბალხარისხიან პრეპარატებს აწვდიან. აქვე მოვიშველიებ „ბიზნეს კურიერში“ გასულ სიუჟეტს, რომელშიც „პეესპეს“ დამფუძნებელი, ბატონი კახა ოქრიაშვილი იყო მიწვეული. მან ივარაუდა, რომ „ჯენერიკული“ პრეპარატები, რომელსაც „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოიტანს, არ შედის იმ ხუთასი საწარმოს ჩამონათვალში, რომელთაც საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის სერტიფიკატები აქვთ (FDA, GMP, IშO).
_ ეს პროფესიული ტერმინებია, რომელსაც ყველა ვერ გაიგებს. იქნებ, უფრო გასაგებად აგვიხსნათ, ვინ გასცემს სერტიფიკატებს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე?
_ ზოგადად, წამალს პლანეტის ყველა კუთხეში ამზადებენ. ბოლოს და ბოლოს, არსებობენ ექიმბაშებიც, რომლებსაც ინდივიდუალური რეცეპტები აქვთ, მაგრამ მათ პროდუქციას მსოფლიო ბაზარი ხომ არ აღიარებს? როცა შემოგაქვს პრეპარატი და ის საწარმო, სადაც პრეპარატია დამზადებული, არ არის სერტიფიცირებული შესაბამისი მაკონტროლებლების მიერ, ეს უკვე მიგვანიშნებს, რომ მისი პროდუქცია უხარისხოა. ანუ უკეთეს შემთხვევაში ეს წამალი ადამიანს ვერ განკურნავს.
_ მივუბრუნდეთ სახელმწიფო ხარისხის ლაბორატორიის თემას. დაწესებულება რეალურად ფუნქციონირებს, თუ ეს ჯანდაცვის სამინისტროს შექმნილი მითია?
_ ნუ ამბობენ, არსებობსო. ჯერ რიხით დააანონსეს, _ აი, რაც მაშინ არ გაკეთდა, აგერ კეთდებაო, ხალხის სამსახურში ვართო. მერე ორი წელი გადის და ამბობს, რომ სამხარაულს არ აქვს საერთაშორისო სერტიფიკატიო. ანუ ლაბორატორია ნახსენებიც არაა. ზუსტად მაგას ვითხოვთ, გამოვიდეს და თქვას, არსებობს თუ არა რეალურად.
_ კონკრეტული ისტორია თუ გსმენიათ ამ დაწესებულების შესახებ?
_ მთავარი ქიმიკოსისგან კულუარულად შევიტყვე, რომ მას, თურმე, ინსტრუქციები, დირექტივები მისცეს, რომელი დასახელების მედიკამენტი უნდა მოეწონებინა და რომელი _ არა. შესარჩევი იყო როგორც ექსპორტიორი, ისე იმპორტიორი მწარმოებლების მედიკამენტები. შედეგი ძალიან ცუდი დადგა. ბევრი პრეპარატი დაიწუნეს, მაგრამ ამ ქიმიკოსის მტკიცებით, მოწონება-დაწუნება მოხდა არა წამლების ქიმიური შემადგენლობისა და ვარგისიანობის, არამედ მავანთა დაკვეთით. ფაქტის შემდეგ მთავარმა ქიმიკოსმა ქალბატონმა აღარ მოისურვა ლაბორატორიასთან საქმის დაჭერა და წამოვიდა. ამ თემამ მაშინ სკანდალი გამოიწვია, თუმცა მედიით არ გასაჯაროებულა.
_ შეგიძლიათ გვითხრათ, სად არის ეს შენობა და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ დაწესებულების სრული დატვირთვით ფუნქციონირებაზე?
_ ამ ლაბორატორიის ადგილმდებარეობა ნამდვილად არ ვიცი, თუმცა იმას კი დაზუსტებით გეტყვით, რომ ბიუჯეტიდან სახსრებიც გამოიყო აღნიშნული სისტემის დანერგვისთვის. გადის დრო და ბატონი სერგეენკო, აგერ უკვე, 2016 წლის 8 იანვარს იმაზე ლაპარაკობს, რომ აქამდე ხარისხის კონტროლი, თურმე, არჩევითად, ადგილობრივ, სამხარეულის სახელობის ლაბორატორიაში ხორციელდებოდა, რომელიც საერთაშორისოდ აკრედიტირებული არ არის.
_ ვფიქრობ, ამ განცხადებით არაერთი უწყება უნდა დაინტერესდეს...
_ ნამდვილად! დღემდე გამოცანად რჩება, რატომ არ გვაქვს საერთაშორისო დონის ლაბორატორია? ამ სისტემის დანერგვას როცა აანონსებდნენ და როცა თანხები გაიხარჯა მისი შექმნისთვის? ადგილობრივი წარმოების პრეპარატები კვლავაც საერთაშორისო ლაბორატორიაში რატომ მოწმდება? თუ არსებობს ეს ლაბორატორია, რატომ მიგვაქვს შესამოწმებლად სხვაგან? ანუ სახსრები ფუჭად გაიხარჯა? თუ იმ მიზეზით ვერ ამუშავებენ, რომ მონოპოლისტებს შეეკრნენ? როცა ვამბობთ, რომ იცით, რა, მე გავაგზავნი გერმანიის ლაბორატორიაში და დაველოდები, როდის ჩამომივა პასუხი, არის თუ არა რომელიმე პრეპარატი ვარგისიანი, თან არჩევითად, შენ უკვე კორუფციული სისტემის შექმნას აანონსებს.
_ სერიოზული ბრალდებები გაქვთ. თუ ფლობთ ინფორმაციას, რა რესურსები გამოიყო საქართველოში ასეთი ლაბორატორიის ასაგებად? კონკრეტული თანხა ვიცით?
_ ამ საკითხში, ალბათ, ფინანსთა სამინისტროა კომპეტენტური. ზემოთაც აღვნიშნე, რომ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დონის სახელმწიფო ლაბორატორია ძვირი დაჯდებოდა. აქ ერთ და ორ მილიონზე საუბარი არ არის.
_ ზოგადად, რით ამზადებენ უხარისხო წამლებს?
_ არსებობს პრეპარატის ფალსიფიკაციის ხუთი ტიპი: პირველი _ როდესაც აქტიური ნივთიერება საერთოდ არ არის პრეპარატში; მეორე _ როდესაც აქტიური ნივთიერება დაბალი დოზირებით არის; მესამე _ როცა წამალი არ არის ქიმიურად სუფთა ინგრედიენტებისგან შემდგარი; მეოთხე _ დარღვეული ტექნოლოგია; მეხუთე _ როცა არის უხარისხო შეფუთვა.
_ შემადგენლობაზე გავიგე, მაგრამ თუ შესაფუთი მასალა უხარისხოა, ესეც პრეპარატის ვარგისიანობაზე აისახება?
_ თუ პრეპარატი ვარგისიანია, მაგრამ უხარისხო შეფუთვაშია, ეს აფუჭებს ხარისხს. მაგალითად, პრობლემაა: თუ შეფუთვაზე მინიშნებულია ვარგისიანობა ხუთი წელი, ის ივარგებს ხუთი თვე, ვინაიდან ვერ გადაიტანს ტემპერატურის ცვლილებას, მასზე მოხვედრილ შუქს, ტენიანობას და სხვა გარე ფაქტორს. ე. ი. ცუდად სორტირებული წამლით განკურნების ეფექტს ვერ მივიღებთ.
_ როგორ არჩევენ ევროპულ კვლევით ცენტრებში გასატან პრეპარატებს?
_ სახელმწიფო თვითონ უკვეთავს რომელიმე საზღვარგარეთის აკრიდიტებულ ხარისხის ლაბორატორიას, რომელშიც პრეპარატების ხარისხი მოწმდება. შესამოწმებელი წამლების სიას ინდივიდუალურად ადგენენ, რაც დამატებით თანხების ზრდას იწვევს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის.
_ რომელი წამლებია ხარისხის კონტროლს მიღმა? შეგიძლიათ, კონკრეტული პრეპარატები დაასახელოთ?
_ არც ერთი პრეპარატი არ კონტროლდება. თქვენ გესმით, რომ არ არის ხარისხის კონტროლის სისტემა, თვითონ მინისტრი აღიარებს ამას. ახლა, 2016 წელს, ეს თემა ვითომ აქტიური გახდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, 8 იანვარს ითქვა, რომ, აი, ჩვენ გავამკაცრებთ წამლების კონტროლს და ევროპაში გავაგზავნითო. ფაქტია, სამინისტრო ვერ მუშაობს. სად გაიფლანგა მაშინ ეს ფული? იქნებ, ახსნას ვინმემ, რა გარიგებებთან გვაქვს საქმე? რატომ ვერ იმუშავა ამ ლაბორატორიამ?
_ აქამდე ვინმემ არ გამოიძია ეს თემა?
_ ერთ-ერთმა ონლაინ სააგენტომ ჩაატარა მოკვლევა. ახლავე გეტყვით მასალის სათაურს (რესპონდენტი ტელეფონს იღებს და მისთვის სასურველ ბმულს ეძებს, _ ავტ.): „რატომ არის საქართველოს ბაზარზე ასეთი მაღალი ფასები პრეპარატებზე?“ გავიგე, რომ ამ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების იდეა მაშინ გაჩნდა, როცა „ეგზაჯორჯიას“, რომელიც მედიკამენტების იმპორტით არის დაკავებული, ჯანდაცვის სამინისტროდან ეწვივნენ. გამოირკვა, რომ საქმე ეხებოდა ფარმაცევტულ ბაზარზე მონსტრი კომპანია „ჯიპისის“ საჩივარს. სწორედ მან შეიტანა საჩივარი „ეგზაჯორჯიას“ წინააღმდეგ. სამინისტროს წარმომადგენლები კი ამ კომპანიაში შემოწმების მიზნით შევიდნენ. მინისტრს კითხვას დავუსვამ, _ არის თუ არა ხარისხის კონტროლის სისტემა საქართველოში? თუ ამბობს, რომ არ გვაქვს, რატომ არ არის და რატომ გვიწევს ამ სერვისის განხორციელება საზღვარგარეთ?
_ როგორც ვხვდები, ხარისხის კონტროლის დანერგვისთვის იბრძვით.
_ ჩემი სურვილი აბსოლუტურ თანხვედრაში იყო ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვის შესახებ. ეს სისტემა უნდა დანერგილიყო და ასეთი ლაბორატორია აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავმოყვარე სახელმწიფოს, რომელსაც სახელმწიფოებრიობაზე აქვს პრეტენზია. რა თქმა უნდა, მე გვერდში ვუდგავარ ჩემს ხალხს, ჩემი ქვეყნის ინტერესებს, ვინაიდან არ მსურს, რომ ადამიანებმა საჭიროების შემთხვევაში უხარისხო წამალი მიიღონ. არ მინდა, რომ ჩემს ხალხზე ასეთი გენოციდი ხორციელდებოდეს.
_ საინტერესოა, თქვენი შეფასება რეცეპტით გასაცემი წამლების შესახებ.
_ რაც შეეხება წამლების ურეცეპტოდ გაცემის ინსტიტუტს, რომელიც ამ მთავრობამ 2015 წლის პირველ სექტემბერს შემოიღო, ამ ეტაპისთვის არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად და ამას თვითონაც მიხვდნენ, როცა აფთიაქებში ექიმები შემოიყვანეს, რომლებიც ადგილზევე წერენ მედიკამენტს; ან შექმნეს ასეთი ჯანდაცვის მოწინავე სისტემების ბიურო, სადაც რეგისტრირდებიან, აფთიაქიდან რეკავ და ინიშნება პრეპარატი. იმის თქმა მინდა, რომ ეს სისტემა არ იყო მზად ამ ინსტიტუტის დასანერგად, აფთიაქებში ადგილზე ვერ წერენ პრეპარატებს, ეს გაუმართლებელია იმიტომ, რომ გამართული სადაზღვევო სისტემა არ გვაქვს.
_ სოფიო, ჯანდაცვის სამინისტროსთან თუ გქონიათ შეხება? ბატონ სერგეენკოს პირადად იცნობთ?
_ სერგეენკოს პირადად არ ვიცნობ, ამ უწყებასთან შეხება არ მქონია. მე კერძო სექტორში, წამლის მწარმოებელ ქარხანაში ვმუშაობდი. მთავარი ტექნოლოგი და შემდეგ უკვე საწარმოს დირექტორი ვიყავი. თავს შევიკავებ კონკრეტული კომპანიების დასახელებისგან...
_ რატომ?
_ ამ ეტაპზე არ მსურს ლაპარაკი...
_ და ის კომპანია, თუ კომპანიები, სადაც მუშაობდით, დახურეს?
_ არ დაუხურავთ, ჩემი მიზეზებით წამოვედი.
_ რეზიუმე გავაკეთოთ, რას ვეუბნებით ჯანდაცვის უწყებას? თქვენი მთავარი მესიჯები.
_ მთავარი მესიჯი არის, რომ გამოვიდეს სერგეენკო და ყველაფერი განგვიმარტოს. ჯანდაცვის სისტემის მთავარი დასაყრდენი არის ეფექტიანი, ხარისხიანი წამალი და კვალიფიციური ექიმი, თუმცა რამდენადაც კვალიფიციური მედიკოსი არ უნდა იყოს, თუ ჩვენ პაციენტებს უხარისხო წამალს მივაწვდით, მკურნალობა ვერანაირ შედეგს ვერ მოგვცემს. ამიტომ მინდა მივმართო ბატონ მინისტრს: საჯაროდ გააკეთოს განმარტება, თუ არსებობს ეს ლაბორატორია, რატომ გაგვაქვს მედიკამენტები საზღვარგარეთ შესამოწმებლად?! ნუ შექმნის იმის ეჭვს, რომ მონოპოლისტებთან გარკვეული კორუფციული გარიგებები არსებობს. მთელი ცხოვრება ვიბრძვი ჩემი ხალხისთვის და ამ სფეროში ბრძოლას გავაგრძელებ, რომელსაც აუცილებლად მივიყვან ბოლომდე.
„ქრონიკა+“, პირველ რიგში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. მათი პრეს-სამსახურისგან შემდეგი პასუხი მივიღეთ:
„წამლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები რეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობით, რაც გულისხმობს რისკის შეფასებაზე დაფუძნებული ლაბორატორიული კონტროლისა და სადისტრიბუციო ჯაჭვის ადმინისტრაციული კონტროლის მექანიზმებს. ამ მიმართულებით აქტიური ღონისძიების განხორციელება დავიწყეთ 2015 წლიდან და ლაბორატორიული კონტროლით გამოვლინდა 9 შემთხვევა სარეგისტრაციო ნიმუშების წუნდების შესახებ. 2016 წელს ეს პროცესი გაფართოვდება, რაც იქნება ბაზარზე ხარისხიანი წამლის დაშვების ერთ-ერთი ბერკეტი. ამავდროულად, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ჯანმოს მიერ აკრედიტებულ საერთაშორისო ლაბორატორიებთან თანამშრომლობით, ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის განხორციელების მიზნით. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში 2014 წლიდან ახორციელებს ლაბორატორიული კვლევის მომსახურების შესყიდვას სსიპ ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან. წამლის ხარისხის სახელმწიფო ლაბორატორია დღეის მდგომარეობით, ჯერჯერობით, არ არის ჩამოყალიბებული, ეს მოითხოვს სათანადო ფართში საერთაშორისო სტანდარტების აპარატურით ლაბორატორიის აღჭურვასა და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მომზადებას. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.
რაც შეეხება ფარაცევტულ ბაზარს, საქართველოში ამ პროდუქტის რეგისტრაციით დაინტერესებული იურიდიული, თუ ფიზიკური პირების ოდენობა რამდენიმე ასეულს ითვლის, ხოლო საცალო და საბითუმო რეალიზატორების რიცხვი 4500-ს აჭარბებს (მათ შორის 1300-ზე მეტი საბითუმო რეალიზატორია). ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა ადასტურებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა და მისი აღსრულების მექანიზმი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს, დამკვიდრდნენ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, რაც წამლის ფასებთან დაკავშირებით, დღეს არსებული პრობლემის გადაჭრისა და კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბების ქმედითი ბერკეტია. კონკრეტულად თუ ერთ კომპანიის, სს „ჰუმანითი ჯორჯიას“ საქმიანობაზე გვეკითხებით, იგი საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი შემოსულია და მათივე განცხადებით, სერიოზული პროექტის განხორციელებას გეგმავენ. სს „ჰუმანითი ჯორჯიას“ ლიცენზიის მფლობელობის ქვეშ დარეგისტრირებული პრეპარატების ხარისხთან, ან გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიები, დღეის მდგომარეობით, სააგენტოში არ შემოსულა. ბოლოსკენ კი პაციენტის მკურნალობისას ჭარბი მედიკამენტების დანიშვნა შესაძლოა, გამოწვეული იყოს არაერთი მიზეზით. პოლიპრაგმაზიის შესახებაც გავაკეთებთ კომენტარს: ავადმყოფებისთვის გაუმართლებლად მრავალი წამლისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა კომპლექსურად გადასაწყვეტი საკითხია. სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით, თუმცაღა, მხოლოდ რეგულაციებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება პრობლემას ვერ გადაჭრის. ამ კუთხით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის გაფართოება, ჯანდაცვის ელექტრონული სისტემების განვითარება, კონკურენტუნარიანი ფარმაცევტული ბაზრისათვის ხელშეწყობა“.
ჯანდაცვის სამინისტროსგან მოპოვებული კომენტარის შემდეგ „ქრონიკა+“ კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიასგანაც“ შეეცადა პასუხების მიღებას. მათ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ტელეფონის ნომერზე ოპერატორმა ქალბატონმა გვიპასუხა. „ჰუმანითი ჯორჯიას“ წარმომადგენელმა გვითხრა, რომ კომპანიის პიარი მაისამდე შვებულებაში იმყოფებოდა. ქალბატონმა ჩვენი ნომერი ჩაიწერა, მიუხედავად ამისა, კომუნიკაცია მორიგ ჯერზე არ შედგა, რის შემდეგაც რედაქცია დავით საგანელიძესთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. „ქრონიკა+“ მობილური ტელეფონის საშუალებით მთელი დღის განმავლობაში ურეკავდა უმრავალესობის წევრს, მის პირად ნომერზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსაც აგზავნიდა, მაგრამ ბატონმა საგანელიძემ არც ამის შემდეგ გვიპასუხა. უკვე მოგვიანებით დავით საგანელიძის დავალებით საპარტნიორო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსი, ვახტანგ კუპრავა დაგვიკავშირდა, რომელიც არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას „ქრონიკა+“-ის უახლოეს ნომერში დაგვპირდა.
ზაზა სვანაძე