QronikaPlus
რა დაასრულებს ყარაბაღის გაჭიანურებულ კონფლიქტს?

რა დაასრულებს ყარაბაღის გაჭიანურებულ კონფლიქტს?

2016-04-25 10:47:52

1994 წელს გაფორმებული „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების შემდეგ მთიანი ყარაბაღის სომხურ-აზერბაიჯანულმა კონფლიქტმა ახალი ძალით იფეთქა. როგორც ხდება ხოლმე, მხარეებმა ცეცხლის თავდაპირველ გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს და „საქმეს მიხედეს“. რამდენიმედღიანი ომის (როგორც ნებისმიერი სისხლიანი დაპირისპირების) შედეგი შემზარავია _ ორივე მხარეს ათულობით დაღუპული უწვერულვაშო ახალგაზრდა და ასევე უდანაშაულო მშვიდობიანი მცხოვრები. განხორციელებული შეტევის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანმა მცირე ტერიტორიები დაიბრუნა, რაზედაც სომხეთის პრეზიდენტს ამგვარი შეფასება ჰქონდა, _ რაღაც 200 მეტრი აიღეს და აქედან თითოეული მეტრი ერთი ჯარისკაცი დაუჯდათო. ოფიციალური ბაქო, მოლაპარაკების გზით, რეალური შედეგის მიუღწევლობის შემთხვევაში, უფლებას იტოვებს, რომ ერევნის მიერ 20 წლის წინათ ოკუპირებულ მიწებს სამხედრო ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. ასეთი განცხადებები აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ორ ათულ წელზე მეტია, ისმის. ჯერ კიდევ მამა, ჰეიდარ ალიევი, მოსახლეობას ყოველი ახალი წლის ხანქენდში (სტეპანაკერტის აზერბაიჯანული სახელწოდება) შეხვედრას ჰპირდებოდა. „ერის მამამ“ ხელისუფლება და აღნიშნული პროპაგანდისტული სტილიც შვილს გადააბარა, ილხამმა კი რეფერენდუმი ჩაატარა და, ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის გარეშე, ქვეყნის სამუდამო ლიდერად გამოაცხადა თავი. როგორ ჰგავს პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესები ერთმანეთს. შიდა თუ გარეული მტრის ხატი ის განტევების ვაცია, რომლითაც ნებისმიერი ხელისუფლება დივიდენდების მიღებას ცდილობს. ეს განსაკუთრებით ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანზე ითქმის, სადაც გადაუწყვეტელი კონფლიქტი წლების განმავლობაში მმართველი კლანების წისქვილზე ასხამს წყალს. აბა, გამოიცანით, ამ ყველაფერს ოსტატურად ვინ იყენებს? ვინ იჭყლიტება ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად, ესეც არავისთვის არ უნდა იყოს გამოცანა. მთიანი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე აზერბაიჯანული რაიონები სომხეთისგან რომ ამდენი ხნის განმავლობაში ოკუპირებულია, ამაზე არავინ დაობს. ისიც ცხადია, რომ კონფლიქტი გაყინულია და, ადრე თუ გვიან, გალღვება, გამომდინარე შედეგებით. კიდევ რამდენი თაობა შეეწირება ამ საქმეს, ესაა აქ მთავარი საკითხავი. აბა, ჰკითხეთ, ერთი, ნებისმიერ, ცოტა დისტანციაში მყოფ სომეხს ან აზერბაიჯანელს, თუ სურს ომი და მეზობელთან დაუსრულებელი თავპირისმტვრევა. არა და არა. მაგრამ ე. წ. მასა ხომ ყოველთვის მარიონეტის როლშია ძლიერთა ამა ქვეყნისათა წინაშე. ვიღაცებს ხომ გეოპოლიტიკური პრობლემები აქვთ გადასაწყვეტი, ამბიციები დასაკმაყოფილებელი, ბაქოსა და ერევნის ინტერესები აქ რა მოსატანია. ბოლო სისხლისღვრას აზერბაიჯანში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება უსწრებდა წინ. ეროვნული ვალუტა მანათი ძლიერ დაეცა. მისი მსყიდველუნარიანობა შემცირდა. რასაკვირველია, ამაზე მსოფლიოში ნავთობის ფასის დაცემამ იმოქმედა, ბაქოს ძირითადი შემოსავლები კი აქედან აქვს. მოსახლეობის უკმაყოფილება სულ უფრო თავს იჩენდა. იყო საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის დედაქალაქსა და სხვა რეგიონულ ცენტრებში. ადამიანები გაუსაძლის რეალობაზე საუბრობდნენ, _ საბანკო პროცენტების გადახდა შეუძლებელი გახდა, ხალხი, ლამის, პურს ვეღარ ყიდულობდა. მდგომარეობა კრიტიკული ხდებოდა. ხელისუფლებამ მიტინგები აღკვეთა. რაიონებში აქტივისტებს აკავებდნენ და ემუქრებოდნენ, რომ ნებისმიერი ოპოზიციური აქტივობა მათ იზოლირებას გამოიწვევდა. ამან პირველ ეტაპზე შედეგი გამოიღო. მთავრობა სიტუაციის შემსუბუქებას ეცადა _ ხელფასები, პენსიები მცირედ მოუმატა, მაგრამ შემდეგ თვეებში მომატებული თანხის ნაწილი მოსახლეობისგან უკანვე ამოიღო. ამაზედაც ხმა არავის ამოუღია, მაგრამ ყველა ხვდება, რომ მდგომარეობა რთულია. ამ სიტუაციაში სოციალური აფეთქება ნებისმიერ წუთს არის მოსალოდნელი. რას შეუძლია ამ დროს მოსახლეობის უცბად კონსოლიდირება, გაჭირვების დავიწყება და, წესით, ხელისუფლებისთვის განკუთვნილი აგრესიის სხვისკენ მიმართვა? რასაკვირველია, აქ გამოსადეგი ისევ მტრის ხატია, რომელიც იქვე, გვერდითაა და შენი ტერიტორიებიც ოკუპირებული აქვს. ეს ფაქტორი ხომ ყოველთვის, თუნდაც დროებით, ერის გამაერთიანებელი იყო. ბოლო კონფლიქტის დაწყებისას ერთ-ერთი ამერიკული სადაზვერვო ორგანიზაციის დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც შავით თეთრზე წერია: ქვეყნის შიგნით არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლება, უბრალოდ, იძულებული გახდება, წლის მეორე კვარტლის დასაწისში ყარაბაღის ფრონტზე რადიკალური ნაბიჯები გადადგას. ისე აგიხდეთ ყველაფერი. მცირე სამხედრო კამპანია სწორედ მეორე კვარტლის დასაწყისს დაემთხვა. დასახული მიზანი მიღწეულია, დღეს აზერბაიჯანული საზოგადოება ისეა კონსოლიდირებული და ალიევის ხელისუფლების გარშემო გაერთიანებული, რომ მტერს შეშურდება. აღარავის ახსოვს მანათის კატასტროფული დევალვაცია, ფასების მატება, ათწლეულების განმავლობაში კორუფციაში ჩაძირული ხელისუფლება; უფრო სწორად, სახელისუფლებო კლანი, რომელიც ყველაფერზე ზრუნავს, საკუთარი მოსახლეობის რეალური საჭიროებების გარდა. ნავთობით მდიდარ ქვეყანაში დამწყები მასწავლებლის ხელფასი დღემდე 200 ლარს არ აღემატება. პენსია არც თუ მნიშვნელოვანია, ვინც კარგ დროს გავიდა, მხოლოდ ის იღებს შედარებით ნორმალურ დახმარებას. უმუშევრობა არ აღმოფხვრილა, ახალგაზრდა აზერბაიჯანელების უმეტესობა მეზობელ რუსეთში, ან თურქეთში გარბის, რომ რამენაირად საარსებო წყარო გამოძებნოს. დედაქალაქ ბაქოს სწრაფი განვითარება საერთოდ არ აისახება რეგიონებზე, სადაც მოსახლეობას თვიდან თვემდე თავის გატანა უწევს. ამ სიტუაციაში როდემდე უშველის მარდამწვანე ხელისუფლებებს ცოცხალი მტრის ხატი, ესეც საკითხავია. მით უმეტეს, შვილი ალიევი „კაგებშნიკ“ მამასთან შედარებით მაინც რბილ ლიდერად მიიჩნევა, მისი მინისტრების უმეტესობა კი მამის დროსაც მუშაობდა კაბინეტში. ამასობაში, ამ მინისტრებიდან ერთ-ორი საჩვენებლად დააპატიმრეს, რომელთა ქონება, მაგალითად, ფულადი სახსრები, წონით დაითვალეს. სხვანაირად შანსი არ ჰქონდათ, მისი რეალური პარამეტრები დაედგინათ. ამ დროს, ხალხი იმაზე ნერვიულობს, ფქვილი და შაქარი როგორ შეიძინოს. ეს არის კლასიკური მაგალითი, როცა ე. წ. საერთაშორისო თანამეგობრობა და ქვეყნის ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ პირშეკრულია. აქედან გამოსავალი, ჯერჯერობით, არ ჩანს. დიდად არ განსხვავდება არსებული რეალობა მეზობელ სომხეთში. როგორც ცნობილია, იქაც ხელისუფლება ყარაბაღის ფრონტიდან წამოსულთა ხელშია და დღემდე ერევანში სწორედ მათ მიჰყავთ პარადი. სომხეთში კარგი ცხოვრება რომ ყოფილიყო, დღეში, დაახლოებით, 500 ადამიანი მარტო რუსეთისკენ არ გაემგზავრებოდა (წარმოიდგინეთ, ასეთი სტატისტიკაც კი არსებობს). სამაგიეროდ, გავერანებული არცახი (ყარაბაღის სომხური სახელწოდება) არის შესანარჩუნებელი, _ დედა სამშობლო ყველას უხმობს. წლები გადის და არანაირი რადიკალური რეფორმები, ყველაფერი ძველებურადაა. ევროკავშირთან დაახლოებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, კრემლში ხომ ყველაფერს ხედავენ, ყველაფერს ამჩნევენ. თავის დროზე, პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა მცირე დათმობის გაკეთება დააპირა ყარაბაღის ფრონტზე და ევროკავშირთან მეტი დაახლოება. მაშინვე ხელისუფლებიდან მოაშორეს და მის ადგილას ისევ ყარაბაღელი ქოჩარიანი მოიყვანეს. ამ ყველაფერს „უფროსი ძმა“ მართავს და მის გარეშე ხომ ნაბიჯი ვერ გადაიდგმება. საგულისხმო ფაქტია: ბოლო დღეებში სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. მეორე დღესვე გამოდის ცნობილი როგოზინი და აცხადებს, რომ მოსკოვი ბაქოს ჩვეულებრივად მიაწვდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეიარაღებას, რადგან „აზერბაიჯანი რუსეთის სტრატეგიული მეგობარიაო“. აზერბაიჯანი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი რომ ყოფილიყო, სწორედ მისი დახმარებით ოც წელზე მეტია, ყარაბაღი სომხეთის მიერ დაპყრობილი იქნებოდა? მოსკოვი მხოლოდ მართვად ქაოსს ცნობს და ამ თვალსაზრისით ბაქოცა და ერევანიც ყურებით ჰყავს გამოჭერილი და საშველი არ ჩანს. აზერბაიჯანის ხელისუფლება რუსულ იარაღს ყიდულობს და ფიქრობს, სომხეთს დაუპირისპირდეს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მისი ყველაზე ერთგული მოკავშირეა, _ რუსეთის სამხედრო ბაზები ხომ მხოლოდ იქ არის? აბა, თუ გამოიანგარიშებთ რამე დასკვნას ამ საზარელი კავკასიური ლაბირინთიდან? არადა, კვანძი გასახსნელია, ეს საზოგადოებებმა უნდა აკეთონ და არა ყურებით გამოჭერილმა ხელისუფლებებმა, თორემ ისევ თაობები შეეწირება საქმეს, რომელსაც, _ სამშობლო გვიხმობს ჰქვია. ბევრი პარალელის გავლება შეიძლება საქართველოსთან და წლების განმავლობაში აქ მიმდინარე პროცესებთან. ალბათ, დაახლოებით იგივე მეთოდი გამოიყენეს 2012 წლის არჩევნებისას, როცა მტრის ხატის ფსიქოზისას სრულიად უქნარა ხელისუფლება მოიყვანეს ვიღაცებმა ქვეყნის სათავეში. მაშინაც ციხის კადრებისა და სხვა ნომრების (მაგალითად, ბავშვის დაღუპვა კახეთში) შედეგად, საზოგადოება უცებ დაიზაფრა და ივანიშვილის „ქართული ოცნების“ გარდა თვალწინ სხვა ვერავინ და ვეღარაფერი დაინახა. შეცდომებით დახუნძლულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი მტრის ხატის როლი ხუთიანზე შეასრულა. რა მიიღო ამით ქვეყანამ, ამაზე ნუ გავჩერდებით. მოკლედ, _ ასწლოვანი ხე _ ზღვაში, პინგვინი _ სოლოლაკის ქედზე და თოფაძე-მეჭიაური _ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში... აქედან რა დასკვნები უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, ამაზე მიახლოებითი პასუხი, ალბათ, ზემოთაა. ძლიერი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, პარტიების, გათვითცნობიერებული მოქალაქეების გარეშე ნებისმიერი ძირმომპალი პოლიტიკური ძალა ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან მანიპულირებას და ქვეყნის მორიგ უფსკრულში გადაჩეხვას მთელი ძალით შეეცდება. ამიტომ ჩვენ ყველამ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენივე ქვეყნის წინაშე. არადა, ძლივს სწორ გზაზე ვდგავართ, ბებერი ევროპა ხელს აღარ გვკრავს, როგორც ამას წარსულში აკეთებდა. რაც შეეხება მეზობლების დაუსრულებელ კონფლიქტს, ამაში ნამდვილად სწორია ნებისმიერი ხელისუფლების პოლიტიკა _ ჩაურევლობა და მაქსიმალური მცდელობა, რომ ჩვენი მეზობელი, მეგობარი ერები დასხდნენ მოლაპარების მაგიდასთნ და ამ ურთულესი პრობლემიდან გამოსავალი მოძებნონ. შორეულ ნათესავზე ახლობელი ხომ ხშირად მეზობელი უფროა, რადგან გასაჭირისას უპირველესად მისი იმედი შეიძლება გქონდეს. სამი ერი განწირულია ერთმანეთის გვერდიგვერდ საცხოვრებლად. ადრე თუ გვიან, კონფლიქტი დასრულდება, მხარეები შერიგდებიან და თბილისმა ამაში, მხოლოდ და მხოლოდ, გამაერთიანებელი, პოზიტიური როლი უნდა შეასრულოს. არსებული გამოცდილება სხვა გზაზე დადგომის უფლებას, უბრალოდ, არ მოგვცემს. დაბოლოს, ცნობისთვის: ბრძოლა ყარაბაღისთვის, ჯერ კიდევ, XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო, რომელიც მაშინ აზერბაიჯანის გამარჯვებით და მასზე კონტროლის დაწესებით დასრულდა. 1921 წელს რუსეთმა კავკასიის სამივე სახელმწიფო: სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო. საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ ყარაბაღი სომხეთის სსრ-ს გადაეცა, რასაც დიდი საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა აზერბაიჯანში; ხოლო ერევანში ისევ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება მიმდინარეობდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 1921 წელს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს გადაეცა. 1923 წელს ტერიტორია მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონად გადაიქცა და აზერბაიჯანის სსრ-ში შევიდა. ამ დროისთვის ყარაბაღის მოსახლეობის 94% სომეხი ეროვნების იყო. ავტონომიური რეგიონის დედაქალაქი შუშიდან ხანქენდში გადაიტანეს, რომელსაც სომხური მხარე სტეფანაკერტს უწოდებს.  

                                                                                                                         გიორგი მეფარიძე

 

გაზიარება