იოსებ გრიშაშვილის გადმოცემით, ხრიდოლი იყო შერკინების წესი, ერთგვარი დუელი, სადაც გამომწვევი დაჩაგრულ მდგომარეობაში იყენებდა თავს და ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მოქმედ მეტოქეს. ხრიდოლში გამომწვევი გამორჩეულ მებრძოლს წარმოადგენდა. ამ წესით ბრძოლა, ერთგვარი, ოსტატობის დონის მაჩვენებელიც იყო, რადგან ხრიდოლის წესით მებრძოლს უნდა დაემარცხებინა უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მეტოქე და დამარცხების შემთხვევაშიც კი არ დაერღვია ხრიდოლის წესები. ხრიდოლის ბრძოლის წესში ასახულია ქართველობის ისტორია.
თელავი-ახმეტის ხრიდოლი
გასული წლებისგან განსხვავებით, წელს კახეთს პარლამენტში 8 მაჟორიტარი დეპუტატი აღარ ეყოლება. წინასაარჩევნოდ ზოგს გული აუჩქარდა, ზოგს ნერვები არ ეყო, ზოგიც მიხვდა, რომ მისმა პოლიტიკურმა კარიერამ, კახურად რომ ვთქვათ, ჩაილურის წყალი დალია. თელავის მერს ვერ გაუმართლა და ბოლოს მიხვდა, რომ რამდენი ფოტოც არ უნდა გადაიღოს „კასკით“, ჩოხა-ახალუხით, ან მაუზერით, მისი ადგილი პოლიტიკაში 2016 წლიდან აღარ არის. პარლამენტარობას ვინ ჩივის, ანალოგიურ ბედშია ახმეტის გამგებელი ბაიდაურიც, _ ვერც ის გახდება სამომავლოდ პოლიტიკური ფიგურა და, ალბათ, ძველ საქმიანობას დაუბრუნდება და სპორტსკოლაში ძიუდოს გაკვეთილებს ჩაატარებს. სამაგიეროდ, თელავი-ახმეტის ზონაზე „ქართული ოცნებიდან“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატი, გელა სამხარაული იყრის კენჭს, „პატრიოტთა ალიანსიდან“ მირიან ყარაულაშვილს ასახელებენ, არც პეტრე ცისკარიშვილი ჩამორჩება სიას და იგი „ნაციონალური მოძრაობიდან“ შემოვა, ბურჭულაძის დაურეგისტრირებელი მოძრაობის სახელით ზურაბ ქიბროწაშვილმა უკვე წინასაარჩევნო მსვლელობა დაიწყო. ქიბროწაშვილს საკმაოდ მსუყე ბიოგრაფია აქვს: იგი 2003-2006 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, აგრეთვე, _ საკრებულოს თავმჯდომარეც, მოგვიანებით, ძმებ გაჩეჩილაძეებს შეუერთდა. არის გელა სამხარაულის ბიძაშვილი და ბიძაშვილ-მამიდაშვილური ხრიდოლი სასიამოვნო სანახავი რამდენად გახდება, ამას მომავალი გვიჩვენებს. ოთარ კვირიკაშვილი „ალასანიას პარტიის“ კანდიდატი იქნება, „რესპუბლიკელებიდან“ ზაქრო ქინქლაძე მოგვევლინება. ამბობენ, ზვიადაური ფარ-ხმალს არ ყრის და ისევ ოცნებობს პარლამენტარობაზეო.
თელავი-ყვარლის ზონა
როგორც ჩანს, ვანო გალახვარიძე „ბურჯანაძის პარტიას“ განუდგა და ახლა ბურჭულაძის მოკავშირეა, შესაბამისად, ამბიცია იმისა, რომ იგი მალე პარლამენტარობას მოითხოვს, ბუნებრივია. გარდასულ წლებში გალახვარიძე ჯერ „კონსერვატორი“ იყო, შემდეგ „ქრისტიან-დემოკრატი“, მოგვიანებით, ბურჯანაძის წევრი, 2010 წლის შემდეგ კი საკრებულოს წევრია სხვადასხვა პარტიული მანდატით; „მრეწველებიდან“ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე იყრის კენჭს, რომელიც თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, სამხარაულის ცოლისძმაა; „ლეიბორისტული პარტიიდან“ საკრებულოს წევრი გია გორთამაშვილი შეერკინება მოწინააღმდეგეებს; „ნაციონალურ მოძრაობას“ გიორგი ბოტკოველი ეყოლება კანდიდატად; „ალასანიას პარტია“ ჯერ შერჩევაშია; რესპუბლიკური პარტიის“ სახელით დეპუტატობას კახეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, დღეს საკრებულოს წევრი, გელა აზიკური ეცდება; „პატრიოტთა ალიანსიდან“, სავარაუდოდ, საკრებულოს წევრი გია ძამუნაშვილი დასახელდება. აი, ბურჯანაძის სახელით ყოფილ პარლამენტარ თამაზ ხიდაშელზე მიდის მსჯელობა.
გურჯაანის ხრიდოლი
თუმცა ბედმა გაუღიმა გურჯაანს, _ გურჯაანის გამგებელ გივი გერგიძეს, რატომღაც, ერთადერთ და უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებენ რაიონის „ქართული ოცნების“ ოფისში, ოღონდ ბიძინა რას ფიქრობს, ეს ჯერ არ იციან.
ამავე რაიონში „რესპუბლიკური პარტიიდან“ კენჭს იყრის ზურაბ ყვირალაშვილიც, რომელიც დღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა და „რესპუბლიკურ პარტიას“ წარმოადგენს. ტრადიციულად, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის კანდიდატი კვლავ გიორგი ღვინიაშვილი იქნება. თუ გავიხსენებთ აწ გარდაცვლილი ზურაბ დანელიშვილის ღია წერილს თინა ხიდაშელთან, მივხვდებით, რომ გურჯაანში ყველაფერი არც ისე სწორად არის დაწყობილი, როგორც შორიდან ჩანს. დანელიშვილი, სამწუხაროდ, რამდენიმე თვეა, გარდაიცვალა, მისი ღია წერილის მცირე ამონარიდი კი ამას გვეუბნება: „გამარჯობა, ქალბატონო თინა. გურჯაანიდან გწერთ, ზურაბ დანელიშვილი, თქვენი პარტიის ყოფილი წევრი 2008 წლიდან 2012 წლის დეკემბრამდე. შეგახსენებთ ჩემ მიერ პარტიის დატოვების მიზეზს: 2012 წლის ნოემბერში, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სხვა წყაროებიდან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზვიად ყვირალაშვილი, საკრებულოში მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ ოდიოზურ წევრებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა მათი პორტირების მიზნით და რომ ამისთვის გურჯაანში ორჯერ საიდუმლოდ იმყოფებოდა ბატონი დავით ბერძენიშვილი“.
გურჯაანში არავის უკვირს „რესპუბლიკელებისა“ და „ნაციონალების“ მჭიდრო კავშირი, მათი პოლიტიკური საბრძოლო ხელოვნება კი, როგორც ჩანს, ხრიდოლის წესებს სცილდება.
ლაგოდეხის ხრიდოლი
ლაგოდეხში ისეთივე სურათია, როგორც გურჯაანში, ოღონდ აქ ერთი განსხვავებაა, _ ლაგოდეხის მაჟორტარი დეპუტატობისთვის „ქართული ოცნებიდან“ გამგებელთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარეც ემზადება. გამგებელი კარლო ჯამბურია კახი კალაძის ნათესავია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე კი „ქართული ფორუმის“ წევრია და „ფორუმის“ მოთხოვნის შესაბამისად, იგი კანდიდატი იქნება. ლელოს ბურთს „ფორუმი“ უფრო მარიფათიანად იხმარს თუ „ოცნება“, ამას შემოდგომას ვნახავთ. მაგრამ ამავე პოლიტიკურ ლელოზე სხვა კანდიდატებიც გვევლინებიან: მამალაძის პარტიიდან ბიძინა ქურდაშვილი სახელდება; ყოფილი პარლამენტის დეპუტატი დავით კაპანაძე, სავარაუდოდ, „რესპუბლიკური პარტიიდან“ იყრის კენჭს; „ბურჯანაძის პარტიის“ სახე ლაგოდეხში კვლავ ისაკო ცქიფურიშვილი იქნება; ვახტან მჭედლიძე „ალასანიას პარტიის“ კანდიდატი იქნება; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა ნოზაძე იყრის კენჭს. სია გრძელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველგან, სადაც საქართველოა, მეორე ტური ჩატარდება.
P. S. ჩამოთვლილ ოთხ საარჩევნო ზონაზე მეორე ტური ყველაგან გარდაუვალია. თუმცა რა უჯდება ეს ბიუჯეტს, ჯერ კიდევ დაუდგენელია, ფინალში კი სურათი ასეთია: პოლიტიკური ხრდოლი კახეთში აქტიურ ფაზაში გადავიდა, დაიწყო კომპრომატებისა და წამოძახებების სეზონი. ასი ყური და ასე თვალი უნდა გქონდეს კაცს, რომ ყველაფერი დაინახო და დაიმახსოვრო, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც წინ გვაქვს.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, დავით ქევხიშვილს, ყვარლის ყოფილ გამგებელსა და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელს უკვე ჰქონდა შეხვედრა კვირიკაშვილთან. ქევხიშვილი ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსის, ჩუბინიძის კადრია. საუბრის თემა კახეთის გუბერნატორის ჩანაცვლებაზე იყო. ქევხიშვილმა ძველი ხრიდოლის მეთოდები გამოიყენა, მხოლოდ ცალი ხელი აჩვენა მეტოქეს, ახლა კი ჩუბინიძის დახმარებით შიოლაშვილის იპონს გეგმავს და თავად სურს გუბერნატორობა. შეგახსენებთ: დავით ქევხიშვილი პოლიციის ძალით გამოიყვანეს კაბინეტიდან და ხეულიგნობისთვის სასამართლოში უჩივლეს, მისი დაკავების პროცესში კი საკრებულომ მის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და იგი მოხსნა, თუმცა ქევხიშვილმა გაასაჩივრა და თითქმის ერთი წლის მერე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაამტკიცა, რომ უკანონოდ გადააყენეს. ცნობილია, რომ ქევხიშვილი ზედელაშვილთან შიოლაშვილთან დაპირისპირებულ მხარედ მიიჩნეოდა, ჩუბინიძის მფარველობამ კი მაშინ ივანიშვილთან ვერ უშველა. სამაგიეროდ, ხრიდოლს სხვა მეთოდებიც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური საბრძოლო ხელოვნება სხვა წესებსაც იცნობს...
მაკა მოსიაშვილი