ორი წლის წინათ საქართველოს მთავრობაში უცხოელი დონორების დახმარებით ნაგავსაყრელების მოწყობის სახელმწიფო გენერალური გეგმის განხილვა დაიწყო.
დღეისათვის საქართველოში მხოლოდ ორი _ თბილისისა და რუსთავის სანიტარიული ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს და ნარჩენების მხოლოდ 40%-ს გადაამუშავებს, ხოლო დანარჩენი 60% უკონტროლოდ იყრება და გარემოს აბინძურებს.
ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2015 წლიდან საქართველოში ამოქმედებულ „ნარჩენების მართვის კოდექსს“ უკავშირდება.
2015 წლის 13 თებერვალს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის #217 განკარგულებით შეიქმნა სპეციალური კომისია, თბილისის მერიაში მყარი ნარჩენების გადამუშავების სფეროში ინვესტიციების განხორციელებისთვის ინტერესთა გამოხატვის შესახებ. სულ მერიაში 13 განაცხადი შევიდა. საბოლოოდ, კომისიამ მხოლოდ 4 შეარჩია. მათ შორის იყო „გლობალ გრინ ენერჯის“ 600 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიციის პროექტიც. დაიწყო ერთწლიანი მარათონი, რომელიც იმით დასრულდა, რომ „გლობალ გრინ ენერჯის“ პროექტს თბილისის მერიამ უარი უთხრა. აღნიშნულ საკითხზე ნარმანიას უწყებამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა: „თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2015 წლის პირველ მარტს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა დედაქალაქში ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 13-მა კომპანიამ. ინტერესთა გამოხატვის მიხედვით უპირატესობა მიენიჭებოდა ისეთ კომპანიას, რომელიც არ მოითხოვდა გადასახადს ნარჩენების გადამუშავებისთვის, შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის ბოლო ეტაპზე გადავიდა ორი კომპანია: შპს „კა დე ვე ჯორჯია“ და შპს „GLOBAL GREEN ENERGU GROOP “.
ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტაციის მიხედვით მონაწილე კომპანიებს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 90 დღეში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის დეტალური ბიზნესგეგმა და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა წარმოედგინათ, რომელსაც შესაბამისი უწყებათაშორისი კომისია განიხილავდა, ასევე კომისიის გადაწყვეტილებით კომპანიებს რეკომენდაცია მიეცათ, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დეტალური ბიზნესგეგმა მოემზადებინათ დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიების მიერ (Deloite,Ernst&Young,PricewaterhouseCoopers KPMG). Qreen Energy -მა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ამასთან, ბიზნესგეგმა არ იყო შესრულებული დედაქალაქის მერიის მოთხოვნის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ Green Energu-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერც იმას ადასტურებდა, თუ როგორ და რა ფინანსური წყაროებით შეძლებდა კომპანია 600 მილიონი ევროს ინვესტირებას დედაქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე კომპანიას კომისიამ არაერთხელ მიმართა.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე უწყებათაშორისმა კომისიამ უპირატესობა მიანიჭა ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე მეორე კომპანია „კა დე ვე ჯორჯიას“, რომელიც დედაქალაქში ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას განახორციელებს. ამ დროისთვიის გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტი გადაგზავნილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, რათა გარემოზე ზემოქმედების ანგარიში მომზადდეს, რის შემდეგაც დაიწყება პროექტის განხორციელება“, _ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
არაოფიციალური ცნობით და „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ბიზნესგეგმა და დაუსაბუთებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა არაფერ შუაშია, შპს „კა დე ვე ჯორჯიას“ უკან მმართველი პარტიის ინტერესები დგას და კონკრეტულად, 78-მილიონიან პროექტს პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი და თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე ლობირებენ, თავად თბილისის მერს კი მისსავე უწყებაში ბევრს არაფერს ეკითხებიან. მაგრამ რაკი საბოლოო დოკუმენტაციაზე სწორედ მან უნდა მოაწეროს ხელი, სამართალდამცველი ორგანოების დაინტერესების შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ არა მხოლოდ ნარმანიას, არამედ კომისიის სხვა წევრების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.
„ქრონიკა+“-ის კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციას ნაწილობრივ შპს „GLOBAL GREEN ENERGU GROOP “-ის წარმომადგენელი, ავთო ენუქიძეც ადასტურებს:
_ თბილისის მერიამ სექტემბერში ოთხი საერთაშორისო სააუდიტორო კომპანია მოგვცა, რომელსაც შესაბამისი ფინანსური დასკვნა უნდა დაეწერა. დარჩენილი სამი კომპანიიდან ორმა ეს დასკვნა დავაწერინეთ, რაშიც საკმაოდ სოლიდური თანხა _ 150 000 დოლარი გადავიხადეთ. მესამეს ეს დასკვნა არ წარმოუდგენია, თუმცა კონკურსში მონაწილეობა ბოლომდე გააგრძელა. მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბარია, მხოლოდ და მხოლოდ, იმაზე, რომ ეს ძალიან დიდი თანხაა და ინვესტიცია საიდან უნდა მოიტანოთო? ჩვენ დმატებით წარვადგინეთ, რას გამოიმუშავებს აღნიშნული ქარხანა. ეს არის ძალიან თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც მსოფლიოში მეოთხე იქნება: დგება ორი პლაზმური რეაქტორი, გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, გაზს, ორთქლს, დიზელს. ბიზნესგეგმაში ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი. დღეს დაისვა კითხვა, რომ დიზელის ფორმულა ზუსტად არ გაქვთ გამოყვანილიო. იმას არც კი ითვალისწინებენ, რომ მსოფლიო ბაზარზე დიზელის ფასი მერყეობს და ეს ფორმულა მაშინ გამოიყვანეს, როცა ბიზნესგეგმა გაკეთდა. კომისიის წევრების უმეტესობას წაკითხულიც არ ჰქონდა, რა წარვადგინეთ. ბოლოსაც იმიტომ წაიკითხეს, რომ თემა გავამწვავეთ. მეორე კითხვა ასეთია, _ რატომ იხარჯება უცხოეთში ტრენინგზე 35 მილიონი დოლარიო?
_ ბატონო ავთო, ეს ხომ ბიუჯეტის ფული არ არის, თქვენი ფულია. არც თანამონაწილეობას ითხოვთ თბილისის მერიიდან?
_ ეს არის კერძო ფული. ვისი ფულია, ამასაც მოგახსენებთ, იმიტომ რომ გვაიძულეს, დოკუმენტები კიდევ ერთხელ მოგვეტანა, რადგან თბილისის მერიაში წარდგენილი დოკუმენტები დამალეს. რა არის ეს ტრენინგი, აგიხსნით: 200 ქართველი ამერიკაში ბაკალავრის დიპლომით უნდა წავიდეს, სამი წელი ისწავლოს, მეორე დიპლომი მიიღოს, იმიტომ რომ პლაზმურ რეაქტორზე მუშაობა ისწავლოს. ესენი კიდევ ამბობენ, ფულს ხომ არ ათეთრებენო. როდესაც ამ ინვესტიციაში კომპანია „ორაკლი“ ფულს დებს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი დიდი საფინანსო ინსტიტუტია, აღარ ვსაუბრობ „რემ კაპიტალზე“, რომლის ოფიციალური დოკუმენტი თან მაქვს, ამ დროს ნარმანია მეუბნება, რომ დოკუმენტები არ მინახავს, თბილისის მერიაში დაიკარგაო, რომელ ფულის გათეთრებაზე მელაპარაკებიან?! 300 მილიარდი აქვს „რემ კაპიტალს“ წლიური ბრუნვა! კიდევ ერთი არაბული კომპანია ჩავრთეთ, სად წავიდა ეს დოკუმენტები? ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია? კომისიის სხდომაზე ვიცე-მერს „სტოსი“ მიჰყავს, იმდენს ლაპარაკობდა, ბოლოს ნარმანიამ უთხრა, _ გასაგებია, სხვებსაც მიეცით აზრის გამოხატვის საშუალებაო. ძალიან სასაცილო სიტუაციაში არიან პირველი სხდომიდან მოყოლებული. როცა ჩვენი გეგმის პრეზენტაცია დაიწყო, პროექტორი გაითიშა, ბოლოს კი ის მივიღეთ, რომ 600 მილიონი ევროს ინვესტიციას 78 მილიონი დოლარის ინვესტიცია ამჯობინეს. საკრებულოს დეპუტატი გულიკო ზუმბაძე კომისიის წევრიც კი არ არის, რატომ აკეთებს საჯარო განცხადებებს, საიდან იცის, რა შემომთავაზეს და რა არ წარვადგინე? ყველა დოკუმენტი ხელზე მაქვს, ყველა პირობა დავაკმაყოფილეთ.
_ არსებობს მოსაზრება, რომ თქვენს კონკურენტ კომპანიას მაღალი რანგის თანამდებობის პირები ეხმარებოდნენ. დასახელებულია დეპუტატ გიორგი ვოლსკის გვარი. რა შეგიძლიათ მითხრათ?
_ მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა: გეთანხმებით, რომ გონივრული ეჭვი არსებობს. გეტყვით იმას, რაც ჩემთვისაა ცნობილი. ნარმანიას გაცნობის შემდეგ, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული საკითხის პირადად გადაწყვეტა მას არ შეუძლია. მეორეც: ოთხი-ხუთი თვის წინათ შეიცვალა ვიცე-მერი, დიმიტრი ქუმსიშვილის ადგილზე გიორგი ლილუაშვილი დანიშნეს, რამაც არსებობა გაგვიხანგრძლივა. მან ერთ-ერთ სხდომაზე კომისიის წევრებს უთხრა, _ წაკითხულიც კი არ გაქვთ პროექტი და წაიკითხეთო. ამ მოტივით სხდომა ორჯერ გადაიდო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღევანდელ მერიაში ლილუაშვილის წესიერებაში დარწმუნებული ვარ და მისი გვერდის ავლით ნარმანიას საკითხის გადასაწყვეტად საკმარისი ძალა არ იქნებოდა. ამიტომაც ვეჭვობ, რომ ამ ამბის უკან ვიღაცები ნამდვილად დგანან, ეს ახლა ვოლსკია, კალაძეა, პრეზიდენტია თუ ვინმე სხვა, რომლის საახლობლო წრეა ლაშა აბაშიძე, დაბეჯითებით ვერ ვიტყვი. სულ 30 დღე იყო საჭირო იმის დასტურად, შევასრულებდით თუ არა წარმოდგენილ პირობას კონკურსში გამარჯვების შემდეგ. დავით ნარმანიას ვუთხარი, _ უნიკალური შანსი გაქვს, დედაქალაქის ისტორიაში შეხვიდე და ქალაქს 600 მილიონი ევროს ინვესტიცია მოუტანო, 30 დღეა შენს თავზე, თუ ვიტყუებით, გამოჩნდება, ასე რამ შეგაშინა-მეთქი? კოლმეურნეობის თავმჯდომარეა და არა თბილისის მერი. არაფრის გადამწყვეტი ეგ არაა. არც ხალხის დასაქმება აინტერესებთ! 1500 კაცს მშენებლობაზე ვასაქმებთ, 1700 კაცს _ მოგვიანებით, როცა ქარხანა ამუშავდება. მათი საშუალო ხელფასი 2000 ლარი იქნება. შეაყარე კედელს ცერცვი! ერთი შეშინებული პატარა ბიჭია! კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, 30 დღის განმავლობაში, ბიუჯეტში 12 მილიონი ევრო უნდა შეგვეტანა. თუ ვერ შევიტანდით, ავტომატურად წყდებოდა ხელშეკრულება. ჩვენი ინვესტორები ლონდონში, ტემზის ნაპირას აშენებენ მსგავს ქარხანას. გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი არის ნული, აქაც კი კონკურენტზე უკეთესი პოზიცია გვაქვს.
_ რას აპირებთ?
_ როგორც კი ოფიციალურ წერილს მივიღებ, სასამართლოში სარჩელს შევიტან, ბოლომდე ვიბრძოლებ, სადაც ხმა მიმიწვდება, ყველგან ვიტყვი, რომ ქალაქს პატრონი არ ჰყავს!
ელისო კილაძე