შეიარაღებული ძალები და, ზოგადად, თავდაცვის სისტემა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რგოლია, რადგან სწორედ ისაა სტაბილურობისა და დაცულობის გარანტი. ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საკუთარი სიცოცხლე დათმონ, სათანადო დაფასება და ყურადღება სჭირდებათ.
თეიმურაზ ბუაჩიძე 2003 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებშია. მან 2011 წლს თავისი ნებით დატოვა შეიარაღებული ძალების რიგები, თუმცა რა მიზეზით, მთავარი კითხვის ნიშნის შემცველი სწორედ ეს არის. იგი უკვე 3 წელია, კუთვნილ თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს და „ქრონიკა+“-სთან რამდენიმე საგულისხმო გარემოებაზე საუბრობს:
თეიმურაზ ბუაჩიძე:
_ 2003-დან 2011 წლამდე შეარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე ვმსახურობდი. 2003-2005 წლებში მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამზარეულოს მზარეული, 2006-2007 წლებში კი ერაყში ვიყავი მომარაგების ჯგუფში; 2010-2011 წლამდე პირველი და მეორე კლასის მომარაგების საველე სასადილოს უფროსი ვიყავი და საწყობი მებარა. მიღებული მაქვს მადლობები, ჯილდოები უმწიკვლო სამსახურისთვის და საბრძოლო იარისთვის.
2011 წლის 29 დეკემბერს, კონტრაქტის პირობის დარღვევის გამო, გამათავისუფლეს. მაშინ ჩვენი ბრიგადის მეთაური შამათავა იყო. დავალება უნდა გაგვევლო, წყალში ხტომა დაახლოებით 15 მეტრიდან, რომელიც ვერ გავიარე, ამიტომ იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. ასეთი რამ არც ერთ შეარაღებულ ძალებში არ ჩატარებულა, მით უმეტეს, ჩვენ, უზრუნველყოფის ბატალიონს არ გვეხებოდა, მაგრამ მთლიან ბრიგადას გაგვატარეს წყალში ხტომა. ნაწილმა ეს შეძლო, ნაწილმა _ ვერა, მე იმის გამო, რომ ომში კონტუზია მქონდა მიღებული, ვერ შევძელი, დაახლოებით 15 მეტრიდან გადმოვმხტარიყავი, თან პერიოდულად მკურნალობის კურსს გავდიოდი.
_ როდის დაიწყეთ აღდგენის თაობაზე მიმართვა?
_ 2013 წელს თურქეთში ვიყავი და ოჯახმა მაცნობა, რომ შეიარაღებულ ძალებში აღდგენა იწყებოდა. მაშინვე ჩამოვედი, მე-4 ქვეითი ბრიგადის უფროსობას მივმართე, სადაც აღდგენის თაობაზე თანხმობა განმიცხადეს. გავიარე სამედიცინო კომისია, 6 ივნისს საბუთები გამოითხოვეს. შემდეგ საჰაერო თავდაცვის ბრიგადაში გადამამისამართეს, მაგრამ მაშინ გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა შეიცვალა, ვახტანგ კაპანაძე დაინიშნა და ამის შემდეგ ჩემს აღდგენას ველოდები.
_ ხელმეორედ თუ სცადეთ ნორმატივების ჩაბარება?
_ 2014 წლის 28 ნოემბერს აღდგენის თაობაზე ფიზმომზადება და ფსიქოლოგიური ტესტირება გავიარე, საბრძოლო მომზადების კურსი აღარ შემეხო, იმიტომ, რომ ერაყში ვიყავი ნამყოფი, მანამდეც გავლილი მქონდა, ამიტომ მარტო ფიზმომზადება და ფსიქოლოგიური ტესტი გავიარე. იმავე წლის 22 დეკემბერს ხელმეორედ გამატარეს ეს ტესტირება, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
აღდგენის თაობაზე ირაკლი ალასანიასაც, თინა ხიდაშელსაც, პრეზიდენტსაც, გიორგი დოიაშვილსაც მივმართე, მაგრამ ყველა განცხადებაზე ერთი და იგივე პასუხი მივიღე, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ამჟამად მიმდინარე საშტატო სტრუქტურებში გაწვევა-დანიშვნის პროცესები შეჩერებული იყო.
პირადად შევხვდი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძეს, რომლის იმედიც მქონდა, რადგან 2008 წელს, ომის დროს, კონტუზია მივიღე, საავადმყოფოში ვიყავი, ვმკურნალობდი, მან იცოდა ამის შესახებ, თუმცა არანიარი შუამდგომლობა და დახმარება არ გამიწია. 2015 წლის 25 მაისს ასევე პირადად შევხვდი რომან ჯოხაძეს, გენერალური შტაბის მოადგილესაც, რომელმაც მითხრა, რომ ჩემს საქმეს გაარკვევდა და როცა შიარაღებულ ძალებში დანიშვნები დაიწყებოდა, მეც დავინიშნებოდი.
ბოლოს, 2015 წლის 14 დეკემბერს გიორგი დოიაშვილთან განცხადება გავაგზავნე. ამ წერილზე პასუხი კი 2016 წლის 4 თებერვალს მივიღე: „ბატონო თეიმურაზ, თქვენი 2015 წლის 14 დეკემბრის განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში თქვენი გაწვევის საკითხი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას განხილვისა და რეალიზების გარეშე დარჩა“. ამ პასუხს ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი დოიაშვილი.
***
საინტერესოა, რის გამო ეუბნებიან უარს ყოფილ სამხედრო პირს, რომელიც ომის დროს ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდა და დაჭრილები გამოჰყავდა, რომელმაც ამავე ომში კონტუზია მიიღო, რომლის იმედიც ნებისმიერი გარემოების დროს შეიძლება სახელმწიფოს ჰქონდეს?!
ვითარება თითქოს მარტივად გასაგები, თუმცა კითხვის ნიშნის შემცველია.
თეიმურაზ ბუაჩიძე ამბობს, რომ 2011 წელს მას წყალში ხტომის ნორმატივების ჩაბარება მოსთხოვეს, რომელიც, თავად თავდაცვის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციითაც, მსგავსი ტიპის სამხედრო პირს არ ევალებოდა.
მისივე თქმით, ან უნდა გადმომხტარიყო დაახლოებით 15 მეტრიდან, ან დაეტოვებინა სამუშაო ადგილი, თუმცა ამ სიმაღლიდან გადმოხტომა ვერ შეძლო, მით უფრო, ომში მიღებული ტრავმის გამო. თან სამხედრო მზარეულს წყალში ხტომის ვალდებულება არ გააჩნია. ამიტომ თავად დაწერა განცხადება, დაარღვია კონტრაქტი და დატოვა ადგილი.
მას შემდეგ 3 წელიწადია, აღდგენას ითხოვს. წერილობით მიმართა თავდაცვის ახლანდელ და ყოფილ მინისტრებს, მე-4 ბრიგადის ხელმძღვანელს, რომელთაც დახმარება აღუთქვეს, თუმცა, რეალურად, არაფერი განხორციელდა.
დოკუმენტები, რომელიც ბუაჩიძემ საკუთარი საუბრის დასამოწმებლად „ქრონიკა+“-ს წარუდგინა, ათობით განცხადებას, დაბრუნებულ პასუხს, მიმართვას, ნამსახურეობის გამო მადლობის ფურცლებსა და ექიმის ცნობებს წარმოადენს.
სამხედრო უწყებაში ყოფილ პოზიციაზე აღარ იღებენ, მაგრამ მისთვის უკვე მთავარია, ნებისმიერ თანამდებობაზე მიიღონ. ერაყსა და 2008 წლის ომში ნამყოფ ქართველ ყოფილ სამხედროს ყურადღებას არავინ აქცევს, მით უფრო მაშინ, როცა მისი მეუღლე II ჯგუფის ინვალიდია და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
მის წერილებს რეაქცია არ მოჰყოლია არც პრეზიდენტ მარგველაშვილის, მინისტრ ხიდაშელის, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, რომან ჯოხაძის, არც ყოფილი მინისტრების და გენერალური შტაბის ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპერტამენტის უფროსის მოდაგილის, პოლკოვნიკ დოიაშვილის მხრიდან.
„ქრონიკა+“-მა თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე საინტერესო და საქმისთვის მნიშვნელოვანი კითხვით მიმართა:
_ რა ნორმატივების შესრულება ევალებოდა 2011 წელს პირველი და მეორე კლასის მომარაგების საველე სასადილოს უფროსს? კონკრეტულად, უნდა შეესრულებინა თუ არა მას დაახლოებით 15 მეტრიდან წყალში ხტომა?
პასუხი: „აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნული პირი, პირველ რიგში, არის სამხედრო მოსამსახურე და სწავლებების/წვრთნების დროს ვალდებულია, შეასრულოს დასმული ამოცანები და დადგენილი ნორმატივები. გარდა ამისა, სამხედრო მოსამსახურის ვალდებულებები გაწერილია როგორც საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებში, აგრეთვე მასთან გაფორმებულ კონტრაქტში. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის ბრძანებას 15 მ-დან წყალში ხტომასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტში მსგავსი ბრძანება არ არსებობს“.
სამინისტრომ, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა საქმისთვის აუცილებელი მასალების მოწოდების საკითხში, ასევე მოგვაწოდა სამხედრო სამსახურში შესასრულებელი ნორმატივების ნუსხა, სადაც არც არის აღნიშნული სიმაღლიდან წყალში ხტომის ვალდებულების შესახებ, რაც იმთავითვე ეჭვს იწვევს, _ მაშ, რატომ აიძულებდნენ საველე მომარაგების უფროსს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახტომი ზოლიდან გადმოხტომას და, რეალურად, რა მოტივით დატოვა მან სამხედრო სამსახური?
საინტერესოა ასევე, ვისი უშუალო ბრძანებით დაევალათ 2011 წელს ამგვარი დავალების შესრულება და რატომ წაუყენეს ულტიმატუმი ამ ადამიანებს?
სამინისტროს ოფიციალური პასუხი:
„მოქალაქე თეიმურაზ ბუაჩიძემ 2011 წელს საკუთარი სურვილით დროზე ადრე შეწყვიტა (დაარღვია) კონტრაქტი. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას მოსამსახურის ინიციატივით მხარეთა შეთანხმების და/ან კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში) თანახმად განთავისუფლდა. ბრძანებას ხელს აწერს მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, ბაჩანა ახალაია. თეიმურაზ ბუაჩიძის წერილში, რომლითაც მან საქართველოს თავდაცვის მინისტრს, თინათინ ხიდაშელს მიმართა, მითითებულია, რომ 2011 წელს მას მაშინდელი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა აიძულეს კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტა და რომ შეიარაღებული ძალების დატოვება არ იყო მისი პირადი სურვილი და ინიციატივა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ მომხდარ ფაქტზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით თეიმურაზ ბუაჩიძეს სრული უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები თავიანთი კომპეტენციისა და ფუნქციების ფარგლებში მზად არიან, 2011 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყონ“.
თეიმურაზ ბუაჩიძე:
_ როდესაც მთავრობა შეიცვალა და სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა, მინდოდა, სასამართლოშიც შემეტანა განცხადება, მაგრამ მოწმედ არავინ დამიდგა, ყველამ თავის შეკავება არჩია, ამიტომ აზრი აღარ ჰქონდა. თანაც ჩემს წერილებზე ისეთი პასუხები მომდის, რომ, ფაქტობრივად, ვერ გავასაჩივრებ.
საბოლოოდ კი, ბუაჩიძე ითხოვს, გაარკვიოს, თუ რატომ ჰპირდებოდნენ მას აღდგენას, რატომ აძლევდნენ იმედს, რომ ერთ სტრუქტურაში სხვადასხვა განყოფილებას შორის დაატარებდნენ და 3 წლის მანძილზე რატომ ვერ მოიძებნა მისთვის რაიმე პოზიციაზე სამსახრური მაშინ, როდესაც საკმარისი გამოცდილებაც და ცოდნაც ჰქონდა?
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ბრიგადის გენერალი, ამირან სალუქვაძე:
_ დოკუმენტების გაცნობის შემდეგ ჩემს პასუხს ორ ნაწილად გავყოფდი.
პირველი: რამდენად სამართლიანია ორთავე მხარის პოზიციები სამართლებრივად; და მეორე: მორალური მხარე. წარმოდგენილ საბუთებში ჩანს, რომ ბატონი ბუაჩიძე მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, რაც მის სასარგებლოდაა. საბრძოლო მოკვლევის საბუთებში ჩანს, რომ მან ჭურვის აფეთქების შედეგად კონტუზია მიიღო. ამავე დროს არსად ჩანს, რომ ის კონტუზიის, ან სხვა რაიმე მძიმე დაზიანების გამო მკურნალობდა.
შესაძლოა, მან სპეციალურად 2008 წელს არ დააფიქსირა ეს, რათა ჯანმრთელობის გამო შეიარაღებული ძალებიდან არ დაეთხოვათ. ვფიქრობ, ამ საკითხის მოკვლევა რთული არ უნდა იყოს. რაც შეეხება სიმაღლიდან წყალში გადმოხტომას, არსებული ნორმატივებით სამხედრო მოსამსახურეებს, მით უმეტეს, ჭრილობამიღებულ მზარეულს, ასეთი ნორმატივის ჩაბარება არ ევალება. არც კი ვიცი საქართველოში ისეთი ადგილი, სადაც 15 მეტრიდან წყალში გადახტომა ჯარისკაცს დასჭირდება. არიან სპეციალური ქვედანაყოფები. მათთვის, ალბათ, ასეთი ნორმატივები უპრიანია, მზარეულისთვის კი რა გითხრათ?..
თუმცა წარმოდგენილ საბუთებში არსად ჩანს, რომ მას ასეთი ნორმატივების ჩაბარება მოსთხოვეს და ზუსტად ამ მიზეზით გაწყდა მასთან ხელშეკრულება, ან იძულება, რათა მას თავად გაეწყვიტა ხელშეკრულება. თუ მთელმა ბრიგადამ გაიარა ეს მომზადება, ნუთუ 2-3 მისი კოლეგა არ მოიძებნა, რათა დაედასტურებინა ეს ყველაფერი? მე მის სიტყვებს ეჭვქვეშ არ ვაყენებ. უბრალოდ, ამ საკითხს დადასტურება ესაჭიროება. სხვაგვარად არ შეიძლება, თავდაცვის სამინისტროს, როგორც უწყებას, რაიმე პრეტენზია წავუყენოთ.
მეორე ნაწილს რაც შეეხება. რამდენიმე წელია, ეს ადამიანი სამსახურში აღდგენას ითხოვს, წერს წერილებს. როგორც ჩანს, ის რამდენჯერმე გაატარეს სხვადასხვა ტესტირებაზე, შემდეგ კი უარი უთხრეს.
მივმართავ გენერალური შტაბის შესაბამის სტრუქტურებს და სამხედრო მოსამსახურეებს: რატომ აწვალებთ ასე ადამიანს? ის ხომ თქვენი ყოფილი თანამებრძოლია? ბევრს საკვებს გიმზადებდათ ომამდეც. როგორც საბუთებშია, ომის დროს, ომის შემდეგაც დაჭრილები გამოჰყავდა ბრძოლიდან და სხვა ფუნქციებს ასრულებდა როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მისიებში. რატომ აწვალებთ და არბენინებთ ხაშურიდან თბილისში წლების განმავლობაში ისედაც მატერიალურად შეჭირვებულ ადამიანს? ან დაეხმარეთ და მოუგვარეთ პრობლემა, ან კიდევ ისეთი პასუხი გაეცით, რომ წერტილი დაესვას საკითხს.
მე მესმის თქვენი, რომ ასეთი ადამიანები ბევრნი არიან და ყველას ვერ აღადგენთ. მესმის, რომ ოპტიმიზაცია მიმდინარეობს. ეს არაა სიახლე, რაც თავი მახსოვს, სულ ოპტიმიზაცია და რეორგანიზაციაა. ახალი თანამშრომლების მიღება კი როდის შეწყვეტილა? იცით, სანამ ჯარში მსახურობთ, თქვენ არ გესმით ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა პრობლემები. არ გესმით მანამ, სანამ თქვენ არ შეგეხებათ. თქვენც იქნებით მის სიტუაციაში და დაგჭირდებათ როგორც სახელმწიფოს, ასევე თქვენი ყოფილი თანამებრძოლების ყურადღება.
იმ ოცამდე წერილში კი, რომელიც მას უწყებამ მისწერა, ცივი ბიუროკრატია იგრძნობა. ბატონებო, ყველაფერი არაა თავდაცვის მინისტრის, ან გენერალური შტაბის უფროსის გადასაწყვეტი. მიიღეთ გადაწყვეტილებები თქვენს დონეზე, კანონის ფარგლებში. კანონით ყველაფერი ნორმაშია, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც, ბატონი ბუაჩიძის სიტყვებით, 2011 წელს მოხდა. რატომ აგზავნით, კიდევ ვიმეორებ, მატერიალურად შეჭირვებულ თქვენს ყოფილ თანამებრძოლს სასამართლოში კიდევ ახალი ხარჯების გასაწევად? ისედაც გასწია ხარჯები, იმდენჯერ ჩამოვიდა თბილისში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტესტების ჩასაბარებლად. თქვენ თვითონ გამოიკვლიეთ და თუ მართალს წერს, მაშინ სამართლიანად მოექეცით, თუ არ დადგინდება მისი სიტყვები, მაშინ სხვა საქმეა.
მე ვიცნობ უწყების ხელმძღვანელობას, როგორც სამინისტროს, ასევე გენერალური შტაბის და ვიცი, რომ, მიუხედავად მიმდინარე რეორგანიზაციებისა, ერთი-ორი ადამიანის საკითხს ისინი ყოველთვის გადაწყვეტენ დადებითად, თუ დაუსაბუთებთ.
რამდენად დადებითად გადაწყვეტენ უწყების ხელმძღვანელები აღნიშნული ყოფილი სამხედროს პრობლემას, ეს მხოლოდ დროის საკითხია. თეიმურაზ ბუაჩიძე კი ყოველდღე ელოდება ზარს, რომელიც კვლავ ქართველი ჯარისკაცების ჯანსაღად კვებისა და ზრუნვის მოვალეობას დააკისრებს. ის კი ამისთვის სრულ მზადყოფნაშია.
ნინო ტაბაღუა