ავთანდილ ნასყიდაშვილი, რომელიც სამართალს ეძებს და, როგორც თავად აცხადებს, სამი წელია, ვერ უპოვია, ახალციხეში, ბარათაშვილის ქუჩა #7-ში ცხოვრობს. საქმე, რომლის შესახებაც ის მოგვიყვა, ამჯერად სააპელაციო სასამართლოშია. პირველი ინსტანციის სასამართლომ გასული წლის სექტემბერში ყველაფერი მის სასარგებლოდ გადაწყვიტა, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა და ახლა მეორე ინსტანცია იკვლევს. თუმცა, როგორც თავად გვითხრა, საქმის წარმოება ამჟამად შეჩერებულია. ის პიროვნება, რომელსაც ნასყიდაშვილთან ჰქონდა უშუალოდ დავა გარდაიცვალა, მემკვიდრეობობის დადგენას კი ოჯახი აჭიანურებს და პროცესიც ამიტომ არ გრძელდება..
ავთანდილ ნასყიდაშვილი:
_ ამ საქმეს ნორმალური სასამართლო ერთ დღეში დაასრულებდა, მაგრამ სამი წელია, დავა მიდის და მორალურ ზიანზე რომ აღარაფერი ვთქვა, უამრავი ფინანსური დანაკარგი განვიცადე. საქმე ეხება 113 კვადრატულ მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს ქალაქ ახალციხეში, ბარათაშვილის ქუჩა #7-ში. ეს მიწის ნაკვეთი არის ჩემს ეზოში. როდესაც სახლი ვიყიდე, მეგონა, რომ ესეც ჩემი იყო, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ის მე არ მეკუთვნოდა. დავიწყე გარკვევა, ვისი იყო, რადგან შესყიდვა მინდოდა. ათწლეულების წინათ ჩემი სახლის მოპირდაპირედ ცხოვრობდა ლეონ პაზოევის ოჯახი, მაგრამ საქართველოდან წავიდნენ და აქ ფიზიკურად აღარავინ ცხოვრობდა. სახლის ნანგრევები იყო დარჩენილი და ეს მიწის ნაკვეთიც მათი აღმოჩნდა. მოვძებნე ლევონ პაზოევი და ვუთხარი, რომ მისი სახლისა და მიწის ნაკვეთის შესყიდვა მინდოდა. საკმაოდ ძვირი დამიფასა და ამიტომ უარი განვუცხადე. ერთი წლის შემდგომ მას საქართველოში მემკვიდრეობითი დოკუმენტაციის მოპოვება დასჭირდა. მისი წინაპრები სტალინის დროს გადასახლებული ყოფილან და მთხოვა, ეს ინფორმაცია მეპოვა. თან მითხრა, თუ ამ დოკუმენტაციას მიშოვი და გამომიგზავნი, ჩემს სახლსა და მიწის ნაკვეთს გჩუქნიო. მოვახერხე იმ დოკუმენტების მოძიება, რაც პაზოევებს სჭირდებოდათ და მისი გაგზავნის შემდგომ ნოვოსიბირსკიდან გენერალური მინდობილობა გამომიგზავნეს, რომლითაც მათი ქონების ნებისმიერი სახით განკარგვა შემეძლო _ გაყიდვა, მოხმარება, ჩუქება შვილისთვის და ა. შ. წაგიკითხავთ კიდეც: „ავთანდილ ნიკოლოზის ძე ნასყიდაშვილმა მოამზადოს და შეაგროვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით: ბინა, საცხოვრებელი სახლი, მიმდებარე მისამართზე, საქართველოს რესპუბლიკა, ქ. ახალციხე, ბარათაშვილის ქ. #7. მიწის კანვეთი, მიმდებარე მისამართზე _ ბარათაშვილის ქ #7. მოახდინოს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ობიექტის საკუთრების უფლების, ან მთლიანი წილის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საქართველოს რესპუბლიკაში, ახალციხის საჯარო რეესტრში... ქონების ობიექტის სახელმწიფო რეგისტრაცია ჩემი სახელით: ჩემი სახელით აჩუქოს კახა ნასყიდაშვილს ჩემი კუთვნილი უძრავი ქონება, ყველა ჩემი კუთვნილი წილი საკუთრების უფლებით“ და ა. შ.
ეს მოხდა 2013 წლის მაისის ბოლოს. პაზოევების ბინა დავარეგისტრირე საჯარო რეესტრში, მაგრამ ნაკვეთზე, რომელიც ჩემს ეზოში მდებარეობს, დიდი პრობლემა წარმოიშვა. წინათ არსებული კანონმდებლობით მიწის ნაკვეთების ტექაღრიცხვა ხდებოდა, მერე კანონმდებლობა შეიცვალა და ნაკვეთი საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყო. როცა დასარეგისტრირებლად მივედი, რათა მერე განკარგვის უფლება გამომეყენებინა, მითხრეს, რომ ნაკვეთი უკვე სხვას ეკუთვნოდა.
_ აბა, პაზოევების კუთვნილება იყოო?
_ დიახ, რეალურად ეს იყო პაზოევების და მათ არავისთვის არც უჩუქებიათ და არც მიუყიდიათ. მეზობლად ბეგიშვილები ცხოვრობენ და მათი სახლის ყრუ კედელი ამ ნაკვეთს ესაზღვრება. სწორედ ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი მუშაობს ახალციხის იუსტიციის სახლის მენეჯერად და ეს საქმეც დანაშაულებრივად აქედან გამომდინარე გაკეთდა. ნუგზარ ბეგიშვილმა, ცხადია, შვილის, ნიკოლოზ ბეგიშვილის დახმარებით, საჯარო რეესტრიდან ცნობა აიღო, თითქოს ეს ნაკვეთი, სადაც თავად ცხოვრობს, მეგობრობის ქუჩის მიმდებარე ტეროტორიაა, მაგრამ ხომ გითხარით, სახლს ყრუ კედელი აქვს და მიმდებარე როგორ იქნება? მათ ამ ეზოში თავისი სახლიდან შესასვლელი არასდროს ჰქონიათ. აღმოჩნდა დოკუმენტი, სადაც წერია, რომ 1974 წელს ქალაქის გამგეობამ ბეგიშვილის ამ ყრუ კედლის უკან, სამხრეთით, ერთ მეტრი ადგილი გამოყო და პაზოევები გააფრთხილა, არაფერი დაეთესათ, რომ ბეგიშვილებს სახლში წყალი არ შესვლოდათ. ბეგიშვილებმა ამ ადამიანების წასვლით ისარგებლეს, ერთ მეტრს კიდევ მეტრანახევარი დაუმატეს და თვითნებურად მიაშენეს დამატებითი საცხოვრებელი ფართი, რომელიც აუცილებლად გახდება დასანგრევი. ამის შემდგომ კი მთლიანი ნაკვეთიც მიითვისეს და დაირეგისტრირეს. ეს ყველაფერი 2013 წლის ივნისში მოხდა, როცა ნიკოლოზ ბეგიშვილი იმ უწყების მენეჯერი იყო, სადაც ეს ყველაფერი გაკეთდა. დოკუმენტები რაც მან შეადგინა, ყალბია.
_ თქვენ ნიკოლოზ ბეგიშვილს იმის გამო უჩივით, რომ როგორც აცხადებთ, დოკუმენტაცია გააყალბა, თუ იმ ნაკვეთის მიღება გსურთ, რომელიც პაზოევებმა გაჩუქეს, მაგრამ ბეგიშვილების საკუთრებაში აღმოჩნდა?
_ ორივე ერთად უნდა მოხდეს და დანაშაული არავის არ უნდა ეპატიოს. ყალბი დოკუმენტების შედგენა დანაშაულია და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის. ბეგიშვილებს უფლება არ ჰქონდათ, მიწის ეს ნაკვეთი დაერეგისტრირებინათ. ერთხელ, როცა მათ ვუთხარი, რომ ეს ნაკვეთი ლეონ პაზოევის იყო და მას მისი მითვისების უფლება არ ჰქონდა, იცით, ნიკოლოზ ბეგიშვილმა რა მიპასუხა, _ ხომ იცი, სადაც ვმუშაობო? მართლაც, მას მერე სამართალს ვერ მივაღწიე, სანამ სასამართლოს არ მივმართე. ვისთან არ მივედი, მაგრამ ყველა უკანონობას იცავდა და თეთრზე შავს ამტკიცებდა.
_ მაინც, ვის მიმართეთ?
_ პირველ რიგში, ახალციხის საკრებულოს მიწის კომისიას და ყველა სარწმუნო დოკუმენტაცია წარვუდგინე, რომ ბეგიშვილის რეგისტრაცია ყალბი იყო, მაგრამ მაინც მითხრეს, ბეგიშვილთან თავად შეთანხმდითო. როგორც გავიგე, ამ კომისიის წევრებიდან ზოგი მისი ნათესავი იყო, ზოგი _ მეგობარი და ნაცნობი და ცხადია, დანაშაულზე თვალი დახუჭეს. ამ დაწესებულებაში მეორედ რომ მივედი, განმიცხადეს, მოვიდეს ნუგზარ ბეგიშვილი, თქვას რომ არ უნდა ეს მიწის ნაკვეთი და ამის მერე თქვენზე დავარეგისტრირებთო. ეს მითხრა იმ პერიოდში საკრებულოს მიწის კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ასპანიძემ. სწორედ ასპანიძემ დაურეგისტრირა ბეგიშვილებს ეს ნაკვეთი. ამის შემდგომ მამა-შვილი ბეგიშვილები ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს, ამ საბუთების გაკეთებაში, დაახლოებით, 300 ლარი დაგვეხარჯაო. შევპირდი, რომ ამ თანხას დავუბრუნებდი, როცა კუთვნილი მიწა ჩემი გახდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნუგზარ ბეგიშვილმა მაინც არ დაწერა განცხადება მიწის დათმობის თაობაზე. კიდევ მივმართე მიწის კომისიას. თავმჯდომარე ამჯერად გიორგი გედევანიძე იყო, რომელმაც მითხრა, რომ სასამართლოსთვის უნდა მიმემართა. სანამ სასამართლოში წავიდოდი, იუსტიციის სამინისტროსაც მივმართე და ავუხსენი, რაც იუსტიციის სახლის მენეჯერმა ჩაიდინა. მათაც ვაჩვენე, რომ ყალბი დოკუმენტებით ჩაიგდეს ხელში მიწის ნაკვეთი. მე არ ვიცი, სხვა შემთხვევებში როგორ იქცევიან ისინი დოკუმენტებთან და გაფორმებებთან მიმართებით, მაგრამ ადამიანი, რომელიც ასეთ რამეს ერთხელ აკეთებს, გამორიცხული არ არის, სხვა დროსაც გააკეთოს. მიუხედავად ამისა, იუსტიციის სამინისტრო ამ ფაქტით არ დაინტერესებულა და აბსურდული და არაფრისმთქმელი წერილი მომწერა:
„განგიმარტავთ, რომ იუსტიციის სახლის მენეჯერობა არის წმინდა მენეჯერული ფუნქციის მატარებელი პოზიცია, რომელსაც არავითარი სამართლებრივი შეხება ან გავლენა არ აქვს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებზე“. არადა, აქსიომაა, რომ ამ საქმესთან მიმართებით გაცემულია ყალბი საბუთი. დიახ, იუსტიციის სახლმა დოკუმენტი გასცა, რომ აღნიშნული მიწა მეგობრობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზეა და არის უპატრონო, რაც არასწორია. საკრებულოს კომისიამ კი ეს დოკუმენტი აიფარა წინ და აცხადებდა, ამის საფუძველზე გავაკეთე ესო. პირველი ინსტანციის სასამართლომ პირდაპირ ჩაწერა, მიწა დარეგისტრირდა ყალბი საბუთების საფუძველზე. ნუგზარ ბეგიშვილმა გაყალბებული დოკუმენტაცია წარადგინა, რომლითაც კომისიამ იხელმძვანელა და ამაზე უარესი რა უნდა დაეწერა? სხვათა შორის, იუსტიციის სამინისტროს ვთხოვდი, როცა თქვენი წარმომადგენელი მდგომარეობის შესასწავლად ჩამოვა, იქნებ, მეც მითხრათ-მეთქი. მაგრამ ჩუმად ჩამოვიდნენ. რა გაარკვიეს, არ ვიცი და ზემოთ რომ გაჩვენეთ, ასეთი პასუხი მომწერეს. ამდენად, იუსტიციის სამინისტრომ დამნაშავეს და დანაშაულს დააფარა ხელი.
_ სასამართლომ ამის გამო არავინ დასაჯა?
_ საქმეს იხილავდა ახალციხის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და მან ყალბი დოკუმენტით მიღებული კომისიის გადაწყვეტილება ბათილად ცნო. მოწინააღმდეგემ სააპელაციოში გაასაჩივრა. სააპელაციოს ერთ-ერთ სხდომაზე ბეგიშვილის ადვოკატმა ინტერნეტიდან ამობეჭდილი რაღაც ფარატინა ფურცელი წარმოადგინა, რომლითაც სასამართლო სხდომების გაჭიანურება შეძლეს, რადგან თქვეს, რომ ჩემზე გამოწერილი გენერალური მინდობილობა ეჭვს ბადებდა, ამიტომ უნდა გავარკვიოთო. მოსამართლე ქადაგიძეს შუამდგომლობაც გავუგზავნეთ, სადაც იმ ნოტარიუსის ტელეფონის ნომრებიც წერია, რომლებმაც ეს მინდობილობა დაამტკიცეს, მაგრამ ამის მერე ნუგზარ ბეგიშვილი გარდაიცვალა. ახალციხის ერთ-ერთ ნოტარიუსში საქმე მემკვიდრეობაზე გაიხსნა, მაგრამ არ მთავრდება და საჯარო რეესტრში არ რეგისტრირდება, რაც სასამართლოს გაგრძელებას ხელს უშლის.
_ თქვენ სასამართლოს გაჭიანურებით სხვა რა ზარალი გადგებათ, გარდა იმისა, რომ მიწას დროულად ვერ ირეგისტრირებთ?
_ გენერალურ მინდობილობას ვადა მართლაც გასდის და ახლიდან მომიწევს მისი აღება, წვალება და ფულის ხარჯვა. პაზოევები ნოვოსიბირსკში ცხოვრობენ და შეიძლება, იქ ჩასვლაც კი გახდეს საჭირო. პროფესიით აგრონომი ვარ, მაგრამ ამ საქმის გამო, სიმართლე რომ ვერ დამიმტკიცებია, ადვოკატიც გავხდი და იურისტიც. გაყალბებული დოკუმენტაციით გადაფორმებულ მიწაზე ვედავები და ყველა ყალბისმქნელს ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომაც დაადგინა, რომ დოკუმენტაცია ყალბია და ნაცვლად იმისა, ამის გამო საქმე ცალკე აღიძრას, ყალბი დოკუმენტის შემდგენელნი გამოიძიონ და დასაჯონ, ნიკოლოზ ბეგიშვილს კვლავ იუსტიციის მენეჯერის თანამდებობაზე ტოვებენ და ხელსაც აფარებენ. მოსამართლემ ნუგზარ ბეგიშვილს ისიც კი ჰკითხა, _ თუ შენი იყო ეს მიწა, საიდან შედიოდი, როცა შენი სახლიდან იქ არანაირი კარი არ გადისო? ჩემს სახლზე უნდა გაიაროს, ვინც იქ შევა, სხვანაირად ამ მიწაზე ვერ მოხვდება, მაგრამ მან მოახერხა და სამი მეზობლის ხელმოწერა მიიტანა, რომ ვითომ ის სარგებლობდა. კანონი აქაც დაირღვა. არც ერთი ხელმოწერა არ არის ნოტარიულად დამოწმებული და მიუხედავად ამისა, საკრებულოს მიწის კომისიამ ის მტკიცებულებად მიიღო. არ გაარკვია, ეს მოწმეები მართლაც იყვნენ თუ არა მეზობლები, რადგან რამდენიმე საკმაოდ მოშორებით ცხოვრობს და მათ არ შეეძლოთ ამის დამტკიცება. ყველას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ამ სიყალბის შექმნაში მიიღო მონაწილეობა _ კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეს გასვლითი ღონისძიება არ ჩაუტარებიათ და ნახაზებიც არ გაუკეთებიათ. ასე ჰაერზე და სიყალბეზე გაიფორმეს მიწა, რომელიც სხვას ეკუთვნოდა და ასეთი ყალბისმქმნელები კიდევ რას გააკეთებდნენ, არ ვიცი. მათ მიერ დაკანონებული საქმეები, ცხადია, ყველა შესასწავლია, რადგან არ არის გამორიცხული, მსგავსი დანაშაულებრივი ფაქტები სხვაგანაც აღმოჩნდეს. საქმე იქამდე მიჰყავთ, რომ ნოვოსიბირსკში ჩასასვლელს მხდიან. ამას აკეთებს ხალხი, რომელთაც ყველაფერი გასდის ამ სახელმწიფოში მხოლოდ იმიტომ, რომ თანამდებობა უკავია.
_ პაზოევებმა თუ იციან ეს ამბები?
_ ცხადია, იციან და მეუბნებიან, რომ მაძლევენ უფლებას, პროკურატურაში და ყველგან ვიჩივლო, რათა სიყალბე არ ვაზეიმო. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიწის წარმომავლობის დასადგენად სამხარაულის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. თანხა გადავიხადე და ექსპერტი წავიყვანე, მაგრამ რადგან ეს ნაკვეთი ბეგიშვილებზე არის დარეგისტრირებული, მასზე ექსპერტიზის ჩასატარებლად ამ ოჯახმა თანხმობა უნდა განაცხადოს. ბეგიშვილების მეუღლემ _ მარინა ბეგიშვილმა, ექსპერტი ნაკვეთში არ შეუშვა, ამიტომ თანხაც წყალში გადავყარე და წვალებაც შეგვრჩა მეც და ექსპერტსაც.
ახალციხის სასამართლოში მორიგების საკითხიც დადგა, აქტიც კი დაიწერა, ნუგზარ ბეგიშვილი თანახმა იყო ამაზე, ეს ფურცელი სახლში წაიღო, მაგრამ მერე კვლავ უარი თქვა. როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ მის უკანონობას ვიღაც დააკანონებს და, ჯერჯერობით, ასეც ხდება. დანაშაულს ისინი ახლაც აგრძელებენ, რადგან მემკვიდრეობის გადაფორმების საქმეს აჭიანურებენ, რათა სასამართლომ მერე ეს საქმე ბლომდე არ მიიყვანოს. სამი წელი მიმდინარეობს დავა ვაიჩინოვნიკებისა და ყალბისმქნელების გამო, არადა, ერთ დღეში გადასაწყვეტი საქმეა. მინდა, ყველამ იცოდეს: ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, ბოლომდე მივყვები და თანამდებობებზე მყოფ დამნაშავეების დასჯასა და სიმართლის დადგენას მაინც მივაღწევ!
„ქრონიკა+“-მა ავთანდილ ნასყიდაშვილთან საუბრის შემდგომ გადაწყვიტა, რომ მეორე მხარის აზრი და მისი სიმართლეც მოესმინა. რადგან ნუგზარ ბეგიშვილი ამ დროისთვის გარდაცვლილია, გადავწყვიტეთ, რომ მის ვაჟიშვილს, ნიკოლოზ ბეგიშვილს გავსაუბრებოდით. მით უფრო, რომ ნასყიდაშვილის პრეტენზიები და ბრალდებები სწორედ მის მიმართ არის მიმართული და აცხადებდა: ის რომ იუსტიციის სახლის მენეჯერი არ ყოფილიყო, ასეთი რამ არ მოხდებოდა, სწორედ მან გააყალბა საბუთიო. ბატონ ნიკოლოზ ბეგიშვილს ტელეფონით დავუკავშირდით და საქმის მდგომარეობა ავუხსენით, ასევე ისიც, თუ რა იყო ნასყიდაშვილის ბრალდებები კონკრეტულად მისი და მისი ოჯახის მიმართ. შევთავაზეთ, რომ თუ სურვილი ექნებოდა, სიტყვიერად გაეკეთებინა ნასყიდაშვილის ნათქვამზე კომენტარები, ან დაეწერა და ელფოსტით გამოეგზავნა, მაგრამ მან ავთანდილ ნასყიდაშვილის საუბარზე კომენტარი არ გააკეთა და გვითხრა, რომ ამ საქმესთან კავშირი არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, „ქრონიკა+“ სრულიად იხსნის პასუხისმგებლობას ავთანდილ ნასყიდაშვილის ბრალდებებზე ბეგიშვილების მიმართ და იმ დოკუმენტაციის ავთენტურობაზეც, რომელიც რესპონდენტმა წარმოგვიდგინა.
,,ქრონიკა+”-ს იუსტიციის სამინისტროშიც სურდა სიტუაციის გადამოწმება, მაგრამ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ტელეფონი გაგვითიშა და ესემესის მიწერის შემდეგაც ვერ მივაღწიეთ მასთან დაკავშირებას.
ნელი ვარდიაშვილი