კახეთის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა გლეხი, მისი ნაშრომი, არარეალიზებული მოსავალი, გაუფასურებული ყურძენი და მთავარი დანაპირები _ 1 მილიარდი. „ქრონიკა+“-მა სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა „პაატა ბურჭულაძე _ საქართველოს განვითარების ფონდის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელთან, გიორგი მეგრელიშვილთან. ბოლო პერიოდში გლეხები განსაკუთრებით აგრესიულები არიან არა მარტო ხელისუფლების, არამედ ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურის მიმართ. დაღლილი გლეხის ფიქრები და დარდები კი 2016 წლის შემოდგომის დასკვნა იქნება. სახელმწიფოს და კერძოდ სამინისტროს სტრატეგიული გეგმები საკუთარ ვებგვერდებზე თვალისმომჭრელად ბავშვობის მულტფილმივით გვახარებს, თუმცა სოფლად ჩასულს სხვა სურათი გვხვდება, _ გლეხი შიმშილობს! ყველაზე მეტად სოციალურად დაუცველი დღეს გლეხი აღმოჩნდა.
გიორგი მეგრელიშვილი:
_ თუ გადავხედავთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარ სამოქმედო დოკუმენტს (საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წწ.) და მას სხვა ჩვენი დონის განვითარებადი ქვეყნების სოფლის მეურნეობის სამინისტროების სტრატეგიულ დოკუმენტებს შევადარებთ, არ შეიძლება გული არ აგვევსოს სიამაყით, რომ ჩვენ ვართ აგრარული ქვეყანა, რომელსაც აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების, სოფლად სიღარიბის დაძლევის, ევროკავშირის სტრუქტურებთან ჩვენი სოფლის მეურნეობის დარგების შესაბამისობაში მოყვანისა და სურსათის უვნებლობის მდგრადი პოლიტიკა და განვითარების გეგმა. ცხადია, აღნიშნული დოკუმენტის მომზადებში დიდი სამუშაო, ადამიანური და სამეცნიერო რესურსია დახარჯული.
_ მაგრამ რეალობა რა არის?
_ წლების განმავლობაში უფრო და უფრო გაღარიბებული და დაცლილი სოფლები! სოფლის მეურნეობის უფრო და უფრო შემცირებული წილი მთლიან შიდა პროდუქტში! კონკრეტული დარგები, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო დოტაციის „უხეში ქირურგიული“ ჩარევების ხარჯზეღა არსებობს! რაც, საბოლოო ჯამში, აზიანებს საერთო ეკონომიკას და არასწორად მიმართული დოტაცია აზიანებს თვითონ კონკრეტულ დარგს! ვხედავთ არასწორ, ღია სავაჭრო სივრცეს და არასწორ, ღია ეკონომიკას, რომელიც თავისთავად საფრთხეს უქმნის ეროვნულ აგროწარმოებას, უცხო ქვეყნებიდან უხარისხო „იაფი“, არაკვოტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემოდინებით და ხელს უწყობს ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი სოფლის მეურნეობის კონკრეტული დარგებისთვის წერტილოვან დარტყმებს!
_ ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა სიტყვა კოოპერირება, კოოპერატივები. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ამ თემაზე, თქვენ რას იტყვით?
_ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ საჭიროა ფერმერთა დარგობრივი კოოპერირება, რომ თვითონ ფერმერი გახდეს ადგილობრივ თუ გარე ბაზარზე პროდუქციის მიმწოდებელი, მაგრამ რეალურად ამ მიმართულებით სახელმწიფო არანაირ ნაბიჯებს არ დგამს. აღნიშნულ თემებზე კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები მუშაობენ, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებიან, ამისთვის დიდი მადლობა მათ, მაგრამ ისინი მხოლოდ კონკრეტულად იმ დარგებს აფინანსებენ და ლობირებენ, რომლებიც მათი ქვეყნებისთვის არის სტრატეგიული და საინტერესო. დღეს ვერ ნახავთ ვერც ერთი ევროპული ქვეყნიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში ლობირებას ან ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს მევენახეების კოოპერირებას, რადგანაც მათთვის სტრატეგიულად საინტერესო ვერასოდეს გახდება საქართველოში ღვინის მრეწველობის კიდევ უფრო განვითარება და ევროპის რომელიმე ქვეყანაში ნაწარმოები ღვინის ევროპულ ბაზარზევე ქართული ღვინით ჩანაცვლება. მაგრამ ჩვენთვის ხომ ქართული მეღვინეობა და მევენახეობა სტრატეგიული და უმთავრესი დარგია? რატომ აქამდე თვითონ სახელმწიფო არ ზრუნავს აღნიშნული დარგის რეალურ განვითარებაზე, თუნდაც იგივე ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობით?
_ ფაქტია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სწორედ ღია კარის პრინციპით აქტიურად მუშაობს გლეხებთან.
_ დროდადრო პატარ-პატარა თუ დიდ პრობლემებს ვაწყდებით, რომლის მოგვარება ფერმერებისა და სამინისტროს ყოველდღიური კონსულტაციებით, ერთმანეთთან აზრების გაცვლით და კონკრეტულ შეთავაზებებზე სამინისტროს მყისიერი რეაგირებით არის შესაძლებელი, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან „ღია კარის“ პრინციპის ნაცვლად ძლიერად ჩარაზულ კარს ვხედავთ, სადაც შეღწევა ფერმერებს კი არა, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის ღვაწლმოსილ სპეციალისტებსაც კი უჭირთ, თუ ისინი იქ კონკრეტული პრობლემებით არიან მისული და არა სამინისტროსა და, ზოგადად, მთავრობისთვის ხოტბის შესასხმელად.
_ რა იქნება 2016 წლის რთველზე, თან საყურადღებო სწორედ ის არის, რომ ამ რთველს თან არჩევნებიც ახლავს?
_ ჩვენ ვხედავთ, აშკარად და საჯაროდ როგორ ტუქსავენ სოფლის მეურნეობის მინისტრს და მას ყურძნის ფასით აღშფოთებულ გლეხებთან შეხვედრას უკრძალავენ, იმ მიზეზით, რომ თურმე ეს ყველა გლეხი წინა მთავრობის „გადმონაშთი რამდენიმე ინტრიგანია“. მოვა „რთველი 2016“-ც და ჩვენ კვლავ ამ პრობლემების წინაშე დავდგებით.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვხედავთ განათლების არასწორი რეფორმის გამო დანგრეულ განათლების სისტემას. მართალია, ეს ნგრევა ამ ხელისუფლებას არ დაუწყია და იგი პერმანენტულად ხორციელდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, მაგრამ ის არც ამ ნგრევის შესაჩერებლად გარჯილა. დღესაც კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ შენობაშია „გამაგრებული“, საიდანაც უამრავი ღვაწლმოსილი პროფესორ-მასწავლებელი გამოყარა წინა ხელისუფლებამ, დაანგრია და მიწასთან გაასწორა საქართველოში არსებული ბოლო კვლევითი ცენტრი და ლაბორატორიები, მოსპო დიღომში გაშენებული უნიკალური ვაზის ჯიშების საცავი. თუ ამ ტემპით გაგრძელდა განათლების მიმართულებით „არაფრის კეთება“, ჩვენ, მაქსიმუმ, 10-15 წელიწადში დარგის სპეციალისტებიც აღარ გვეყოლება და ევროპელ პარტნიორებთან სათხოვარი მარტო დარგის აღორძინება არ გვექნება.
_ სად არის ის 1 მილიარდი, რომელიც სოფლის მეურნეობაში უნდა დახარჯულიყო?
_ მილიარდის ნაცვლად ვხედავთ, როგორ ულპებათ მთელ საქართველოში გლეხებს მოყვანილი ხილ-ბოსტნეული ბაღებში და ვერ ვხედავთ გადამამუშავებელი საწარმოების, ან ისევ კოპერირების გზით სამაცივრე საწყობების შექმნის ინიციატივებს სახელმწიფოსგან.
_ ე. ი სრული სიცრუეა?
_ გვესმის საუბარი, რომ აგროტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ მიმართულების ხელშესაწყობად არაფერი კეთდება: მოუწყობელია ინფრასტრუქტურა და გადათხრილი და დაუმთავრებელია გზები, რომელმაც ტურისტები იმ ობიექტებამდე უნდა მიიყვანოს, სადაც ეროვნული აგრონაწარმი რეალიზდება.
ალბათ, ამ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტარული პრობლემების მოუგვარებლობის ფონზე ზედმეტია ვისაუბროთ დარგის ინოვაციური და ტექნოლოგიური განვითარების პრობლემაზე. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა დაახლოებით „გუთანი და კავის“ დონეზეა სხვა ქვეყნებთან მიმართებით. არ განვვითარდებით ტექნოლოგიურად _ ვერ შევძლებთ შიდა და მსოფლიო ბაზარზე კონკურენციას.
მაკა მოსიაშვილი