QronikaPlus
თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილის და იოსებ გოგაშვილის დაკითხვას ითხოვდა?!

თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილის და იოსებ გოგაშვილის დაკითხვას ითხოვდა?!

2016-04-21 08:28:16

ტანმაღალი ლირიოდენდრონი, ანუ ტყის დედოფალი და ინტერნეტში გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების ფირები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მთავარი ინტრიგაა. ხე დაბინავებულია, პირადი ფირების გამოქვეყნება კი შემუშავებული გეგმის მიხედვით მიდის. რუსები, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა, საკონსტიტუციო სარჩელი და ქვეყნის არევის გეგმა. ე. წ. კახური შეთქმულების ყველა ეტაპზე ერთი და იგივე პერსონები ფიგურირებენ, თუმცა ბევრად უფრო „ჭკვიანები“, რომლებმაც იყნოსეს, რომ კახური კლანი წაგებულ პარტიას თამაშობს, ნელ-ნელა განზე გადგნენ. საქართველოს მეთერთმეტე და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ისტორიაში ჰაკიმ ფაშას სახელით შევა. მას უნიკალური შანსი ჰქონდა, წარმატებული ყოფილიყო, რადგან კომპრომეტირებული წარსული ზურგს არ უმძიმებდა და ბიძინა ივანიშვილის უსიტყვო ნდობით სარგებლობდა. კარიერისკენ მიმავალ გზაზე ჯერ მეგობრები ჩამოიშორა, მერე საკუთარი ცოლის ნათესავების მძევალი გახდა. საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ქართუში“ სწორედ ზვიად ჯანყარაშვილმა მიიყვანა.  სწორედ ამას ამადლიდა ბოლომდე და მუდმივად ახსენებდა, რომ ივანიშვილის თვალთახედვის არეში მისი დამსახურებით მოხვდა. ბევრად უფრო გაცნობიერებულები იმასაც ამბობენ, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილს დაუკლია მონდომება, მან წარმატებით ჩამოიშორა კონკურენტები „ქართუში“ და მისი ინტრიგების წყალობით არაერთი ადამიანი წავიდა იქიდან, მათ შორის, დღევანდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც მთავრობაში ყოფნის პირველივე დღიდან მთავარ კონკურენტად მიიჩნევდა. არის თუ არა ფირების გამოქვეყნება ექსპრემიერის შურისძიება პოლიტიკურ მტრებზე? ამაში ეჭვი არც საზოგადოებას ეპარება და, როგორც ჩანს, არც ხელისუფლებაში მყოფ ცალკეულ პირებს. ღარიბაშვილის გარემოცვა მიიჩნევს, რომ მათ შიდაკოალიციური ბრძოლა „რესპუბლიკელებმა“ მოუგეს, ამიტომ შურისძიებისთვის საკმარისი მოტივი ნამდვილად აქვს. ისევე როგორც, ჯერ კიდევ, მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი ალასანიას ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად განიხილავდა, მისი პოსტიდან გადაყენების დღეს კი მთავრობის სხდომაზე პოლიტიკოსისთვის სრულიად შეუფერებელი ლექსიკით შეამკო. ღარიბაშვილი ბჭობდა, ივანიშვილი იცინოდაო, _ კონკურენტი მოშორებული ეგონა, არადა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მომენტალურად დაიწყო ე. წ. კახელების კლანის დასუსტება, _ თანამდებობიდან გადააყენეს ზვიად ჯანყარაშვილი და მინისტრების პორტფელებს ამ კლანის მინისტრები ჩამოაშორეს, გასული წლის დეკემბერში კი თავად ღარიბაშვილიც დაემშვიდობა პოსტს. გასულ კვირას კავკასიაში ომი დაიწყო, აზერბაიჯან-სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის წლების განმავლობაში დაკონსერვებული კონფლიქტი განახლდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრის ოფიციალურ მიზეზად სწორედ რეგიონში შექმნილი მძიმე მდგომარეობა დასახელდა. მართალია, მედიაში დილით გავრცელებულ ინფორმაციას არც კანცელარიაში ადასტურებდნენ და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მაგრამ შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ: უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი ვახტან გომელაური, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, საგარეო დაზვერვის შეფი დავით სუჯაშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი. კულუარებში უკვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სწორედ ამ შეხვედრის ბოლოს თავდაცვის მოქმედ მინისტრს, თინა ხიდაშელს, თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წასვლას შესთავაზებდნენ. ვინ და რა ფორმით შესთავაზა თავდაცვის მინისტრს გადადგომა, „ქრონიკა+“-ის წყარო ვერ აკონკრეტებს, მაგრამ რამდენიმე დეტალმა დახურული შეხვედრიდან მაინც გამოჟონა: თინა ხიდაშელს პრემიერ კვირიკაშვილისთვის კატეგორიულად უთქვამს, რომ თანამდებობიდან გადადგომას ვიღაცის შანტაჟისა და ულტიმატუმების გამო არ აპირებს, რომ დროულად გამოიძონ, ვინ სპეკულირებს პირადი ფირების თემით, _ ისედაც ყველაფერი ცხადყოფს, რომ ამას კახელები აკეთებენო. ხიდაშელის პასუხად გიორგი კვირიკაშვილს ჯერ ხუთწუთიანი პაუზა გაუკეთებია, მერე კი თავდაცვის მინისტრისთვის კითხვა დაუბრუნებია, _ რას გვთავაზობთ, ირაკლი ღარიბაშვილი დავიჭიროთო? პრემიერის რეპლიკა თინა ხიდაშელს უპასუხოდ დაუტოვებია და ამჯერად უკვე ვახტანგ გომელაურისთვის უთქვამს, _ მარტო ღარიბაშვილი კი არა, შენი მოადგილე გოგაშვილიც საქმეშია და სულ ზეპირად ვიცი, რას და რა ფორმით აკეთებს ჩემ წინააღმდეგო. ვახტანგ გომელაურს საკუთარი მოადგილე დაუცავს, _ გოგაშვილი არაფერ შუაშიაო. მაგრამ არც თინა ხიდაშელს დაუთმია, _ სხვა და საჭირო დროს ფაქტებს დაგიდებთო. სიტუაცია საკმაოდ დაძაბულა, თავდაცვის მინისტრი ისევ პრემიერს მობრუნებია, _ ის მაინც გაარკვიეთ, ღარიბაშვილის ოჯახის მეგობრებმა საიდან იციან, როდის და ვისზე რა უნდა გამოქვეყნდეს, წინასწარ რომ აანონსებენო. მაგალითისთვის ნავთობისა და გაზის კორპორაციის პიარი, ნინო ჯღარკავა და მისი ფეისბუქ-პოსტები მოუყვანია, რაზედაც გაოცებულ კვირიკაშვილს უკითხავს, _ ეს ნინო ჯღარკავა ვინღაა, თუ დასაკითხია, დაჰკითხეთო. ასე იყო თუ ისე, დახურული სხდომა მხოლოდ იმ შედეგით დასრულდა, რომ პრეზიდენტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი გამოაცხადა. იმთავითვე ცხადი იყო, _ თარიღი მხოლოდ იმიტომ დასახელდა, რომ წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოცხადებულიყო და ის მინისტრები, რომლებზედაც დათო ბერძენიშვილი მედიაში საუბრობდა, რომ საარჩევნო სიაში იქნებოდნენ, თანამდებობიდან უმტკივნეულოდ წასულიყვნენ. დახურული სხდომიდან მეორე დღეს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ პარტიაში მოქმედი მინისტრების მონაწილეობით საარჩევნო კონსულტაციები დაიწყო და თუკი ისინი საარჩევნო სიაში იქნებიან, თანამდებობებს დატოვებენ კიდეცო. თუმცა უმტკივნეულო გადაადგილება არ მოხერხდა, მესამე სექტორსა და მედიას გაახსენდა, რომ კანონი სულ სხვა რამეს ითვალისწინებს: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა არჩევნებამდე ორი თვით ადრე უნდა გამოაცხადოს. თინა ხიდაშელი, ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი _ საქართველოს მთავრობაში ცივი ომის ეპოქა დაიწყო. მოიგებენ თუ წააგებენ ამ რაუნდს „რესპუბლიკელები“?  

                                                                                                                        ელისო კილაძე

   

გაზიარება