QronikaPlus
მარინა კორძაძე:  ,,ადამიანს - ჰაერი, მშენებლობას კი კანონები სჭირდება“

მარინა კორძაძე: ,,ადამიანს - ჰაერი, მშენებლობას კი კანონები სჭირდება“

2016-04-21 08:12:53

საქართველოს მალე მშენებლობის ახალი კოდექსი ექნება. „ეს არის კარგი სიახლე, რადგან ამ კოდექსის მიხედვით, მშენებლობა უნდა აწარმოოს სერტიფიცირებულმა პერსონალმა: არქიტექტორმა, ინჟინერმა, კონსტრუქტორმა. დღეს ნებისმიერი პროფესიის ადამიანს აქვს უფლება, მშენებლობა წამოიწყოს, რადგან არანაირი კონტროლი ამ სფეროში პროფესიისა და კომპეტენციის მხრივ არ არსებობს“, _ აცხადებს ადვოკატი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მარინა კორძაძე. კიდევ რა სიახლეებია განსაზღვრული ამ კოდექსში და რას შეცვლის ის მშენებლობის კუთხით ჩვენს ქვეყანაში, სადაც ეს სფერო საერთოდ მოუწესრიგებელია? ამ საკითხებზე ქალბატონი მარინა დეტალურად გვესაუბრა.   მარინა კორძაძე: _ კოდექსის მოქმედების სფერო არის საქართველოში სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დაგეგმვის სისტემა, რომელიც ამჟამად მოუწესრიგებელია და ეს კანონი მას დაარეგულირებს. ქალაქმშენებლობის გეგმა, მისი იერარქია, შემუშავება, დამტკიცება... ეს ყველაფერი კოდექსის ერთ მიმართულებაშია მოქცეული. მეორე მიმართულება გახლავთ მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები, ასევე სამშენებლო მასალის ხარისხის მიმართ იქნება ძირითადი მოთხოვნები. დღეს სასამართლო წარმოებაში არაერთი დავაა და სამშენებლო სამართალდარღვევები კოდექსით დადგინდება. _ მაინც, რა სახის სამშენებლო დავები იმართება სასამართლოებში? _ ჩემმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „უფლება და თავისუფლება _ 21-ემ“ ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად მემორანდუმი მოამზადა. ამ კამპანიის ფარგლებში სტაჟიორ ადვოკატებს კითხვარები შევუდგინეთ, რომლითაც სასამართლოში მონიტორინგს ჩაატარებენ _ რა ოდენობის სამშენებლო დავები იხილება იქ, რა შედეგებით მთავრდება და ამ საკითხზე შემდგომ უკეთ შემეძლება გესაუბროთ. ამჯერად კი გეტყვით, რომ, ძირითადად, დავები აქვთ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს არქიტექტურის სამსახურთან, რომელიც არის მერიის სსიპ-ი, ასევე მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურთან. შესაბამისად, ამ დავებში ჩართულია მერიაც, რადგან, მოგეხსენებათ, თვითმმართველობის კოდექსში რამდენიმე ცვილილება შევიდა და წინათ თუ შეეძლო კერძო პირს სასამართლოსთვის პირდაპირ მიემართა, ახლა ერთჯერადი გასაჩივრების უფლება უნდა მოიპოვოს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ არ მოეწონება არქიტექტურის, ან ზედამხედველობის სამსახურების გადაწყვეტილებები, მერიას უნდა მიმართოს და მხოლოდ ამის მერე აქვს სასამართლოში გასაჩივრების უფლება. სხვანაირად სამშენებლო დავას სასამართლო წარმოებაში არ მიიღებს. სასამართლო სამშენებლო დავების 70%-ზე საქალაქო სამსახურების დისკრეციულ უფლებას არ არღვევს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 პუნქტის განმარტებას იყენებს. ანუ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს მათ მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტებს და ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახალი განხილვისთვის უბრუნებს. პირს შეუძლია, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს, შემდგომ უზენაესში, სადაც ასევე შეიძლება თქვან, რომ ეს საქმე უკან უნდა დაბრუნდესო. ეს პროცესი დაახლოებით სამი წლის განმავლობაში იწელება და დავა კვლავ ადმინისტრაციულ ორგანოში ბრუნდება, სადაც იგივე გადაწყვეტილებას იღებენ. _ მომჩივანს ჯადოსნურ წრეზე ატრიალებენ? _ დიახ, ასეა და აუცილებლად არის შესაცვლელი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი. ზემოთ აღნიშნული მონიტორინგის მიზანი ის არის, რომ მონაცემების შეჯამების შემდგომ ამ კანონის ცვლილებაც მოხდეს. სამშენებლო კოდექსი აღნიშნულ დავებს ნაწილობრივ დაარეგულირებს და დავების 80% ასეთი შედეგით უკან აღარ დაბრუნდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კოდექსის მიღების შემდგომ სასამართლო სამშენებლო დავებიც მოწესრიგდება. ერთ-ერთი სამშენებლო დავის დროს მოპასუხე ვიყავი. ჩემი მარწმუნებლის წინააღმდეგ კერძო კომპანიამ დავა მოიგო და თქვა, რომ ქონება მიწის ნაკვეთის სახით არასწორად გასხვისდა, შესაბამისად, საკუთრების მოწმობაც გააბათილეთ და არქიტექტურის ბრძანებაცო. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩემ მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო და მოსარჩელის სარჩელი დააკმაყოფილა, მეორე ინსტანციამაც ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იყო კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება და პირველი და მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებები უზენაესმა სასამართლომ გააუქმა. საქმე აპელაციაში დააბრუნა და თან განუმარტა, რაში იყო არასწორი. ამის შემდგომ აპელაციამ იმსჯელა და პროცესი მოვიგეთ. ამასობაში სამი წელი გავიდა. რადგან ჩვენ მოპოვებული გვქონდა მშენებლობის ნებართვა, სასტუმრო უნდა აგვეშენებინა და საძირკველი ამოთხრილი გვქონდა. საძირკველში მშენებლობის ფინანსების, დაახლოებით, 30% იხარჯება, მაგრამ მოსარჩელემ სასამართლოს მშენებლობა სამი წელი შეაჩერებინა, თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ თურმე მართლები ვიყავით. არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 139-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ამბობს: თუ სარჩელის უზრუნველყოფა გაუმართლებელი გამოდგა, პირს შეუძლია, მასზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოსო. ამ მუხლის მიხედვით ჩვენც შევიტანეთ კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი და ზიანის ანაზღაურება დაახლოებით 200 ათასი დოლარის ოდენობით მოვითხოვეთ. რა თქმა უნდა, ამისთვის აუდიტის დასკვნები წარვადგინეთ, სადაც ნათლად ჩანდა, რომ მშენებლობა, რომელიც დაწყებული გვქონდა, უვარგისი გახდა, თანაც შემოსავალი ხომ უნდა მიგვეღო, სასტუმრო თავის დროზე რომ აშენებულიყო?! მოთხოვნა, რა თქმა უნდა, დაგვიკმაყოფილეს, მაგრამ გეკითხებით როგორც ჟურნალისტს, _ ვინ დაუშვა შეცდომა? _ ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვეს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებმა, რომლებმაც არასწორი გადაწყვეტილებები გამოიტანეს და პროცესი გააჭიანურეს. სწორად გამოვიცანი? _ დიახ. ისიც სათქმელია, რომ კომპანია, რომელმაც ჩვენ წინააღმდეგ დავა დაიწყო, ამის შემდგომ ქონების გარეშე დარჩა. რა თქმა უნდა, ორივე ინსტანციის სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილებით შეცდომა დაუშვა. გასაგებია, სამი ინსტანცია იმიტომ არსებობს, რომ უსამართლობამ არ იზეიმოს, მაგრამ ამჯერად პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობ. ვინ აგებს პასუხს ასეთ შემთხვევაში? როგორც წესი, მოსამართლეები ხელშეუხებლები არიან და საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხს არ აგებენ. ის ორგანიზაცია რომ გაკოტრდა, ამაში ლომის წილი იმ მოსამართლეებს აქვთ, რომელთაც შეეძლოთ, თავიდანვე გამოეტანათ კვალიფიციური გადაწყვეტილება და ჩვენი მდგომარეობა აქამდე არ მიეყვანათ. ასეთ შემთხვევაში ხომ არც ჩვენ დავზარალდებოდით და მოსარჩელეც აღარ გაკოტრდებოდა? ეს ახალი სამშენებლო კოდექსი რომ ადრევე გვქონოდა, თუნდაც მხოლოდ ამ საქმეზე, შეიძლებოდა, ასეთი შედეგი არ დამდგარიყო. ნინო გვენეტაძეს სასამართლო ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება უნდოდა, მაგრამ ეს საკითხი შეჩერდა. ამჟამად კი საერთო სასამართლოების კანონით არავის აქვს უფლება, მოსამართლის საქმიანობა შეაფასოს. რადგან ეს საკითხი ასეა, ვიღაცამ მონიტორინგი უნდა ჩაატაროს და სასამართლო დავები და გამოტანილი გადაწყვეტილებები შეაფასოს თუნდაც ამ ერთი კუთხით და ყველა დაინახავს, რა ქაოსიც არის. ბოლოს და ბოლოს, სასამართლო სისტემაში შიდა აუდიტის მაგვარი უწყება უნდა შეიქმნას, რომლის დასკვნებსაც შემდგომ იუსტიციის საბჭო განიხილავს. 16 წელია, ადვოკატი ვარ და ამ პერიოდის განმავლობაში კარგად ვხედავ, რაც ხდება სასამართლო სისტემაში. 7 მოსამართლის ხელში გადის ერთი საქმე და როგორ შეიძლება, აქედან განსხვავებული აზრი არც ერთს არ გააჩნდეს? ამითაც ჩანს, რომ სამშენებლო დავები სასამართლოებში ტრაფარეტულად მიმდინარეობს. _ კიდევ რა სიახლეებს გვთავაზობს ეს კანონი? _ სამშენებლო მასალის ხარისხის მიმართ მოთხოვნები იზრდება. ახლა სამშენებლო ბაზარზე სრული ქაოსია. ურთიერთობა მაქვს კორპორაციულ, პროფესიონალურ კომპანიებთან და ვიცი, როცა საძირკველში ბეტონი ისხმება, მას ლაბორატორიული დასკვნები უნდა ჰქონდეს შემადგენლობის სიმტკიცესა და ხარისხზე. ჩემი კომპანიები ამ ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ დაახლოებით 50% სამშენებლო კომპანიაა, რომელიც საიდან ყიდულობს სამშენებლო მასალებს, არავინ უწყის. ამ კანონის მიხედვით ეს ყველაფერი დარეგულირდება. მშენებლებს სერტიფიცირება დასჭირდებათ, რაც მშენებლობის ხარისხს გააუმჯობესებს. _ ცოტა ხნის წინათ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი პროფესორი სამშენებლო მასალების უხარისხობაზე მიყვებოდა. მან მითხრა, რომ თბილისში, კორპუსების მშენებლობებში, ძირითადად, უცხოეთიდან ჩამოტანილ, იაფად ნაყიდ, გადასაყრელ არმატურას იყენებენ, რომელიც კოროზიას განიცდის და ნაგებობამ სხვა შემთხვევაში თუ 30 წელი უნდა გაძლოს, ამის გამო 10 წელიწადში ინგრევაო. ეს სიმართლეა? _ სამშენებლო მასალები ფართო ცნებაა და ამ სფეროში, როგორც გითხარით, ქაოსი და გაუგებრობაა. ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა ერთ-ერთი ბრძანება, სადაც ამბობს, სამშენებლო ნორმების განსასაზღვრად რუსეთის ფედერაციის სამშენებლო ნორმები გამოიყენეთო. წინათ ჩვენთან მშენებლობის სამინისტრო არსებობდა, რომელიც სსრ კავშირის სტანდარტებით მუშაობდა. ეს სისტემა კი მოიშალა, მაგრამ მას მერე ვაკუუმში დავრჩით და საკუთარი სამშენებლო ნორმები კვლავ არ გაგვაჩნია. ახალი სამშენებლო კოდექსი ამ ნორმების შექმნასთან დაკავშირებით მკაცრ მითითებებს აკეთებს. ერთ მაგალითს გეტყვით: შეამოწმეს ასფალტის ქარხანა. ასფალტის შემადგენლობაში შედის: ბიდონი, ღორღი, ქვიშა და ცემენტი. ქარხანამ საფარი დააგო. მოვიდა საგადასახადო და უნდა, გამოიანგარიშოს, რა მოგება ნახა საწარმომ. მოგებას ითვლიან ასე: შემოსავალს პლუს ხარჯები. ხარჯები რომ იანგარიშოს, კი უნდა იცოდეს, თითოეული მინარევი რა ოდენობით გამოიყენა და ნორმები თუ არ არსებობს, ცხადია, ვერ გამოიანგარიშებს. ამიტომ შემოსავლების სამსახური ექსპერტიზას ნიშნავს, სადაც ასევე რუსეთის ფედერაციის ნორმებს იყენებს. ამ ქვეყანასთან პოლიტიკური ურთიერთობები არ აქვთ და მის ნორმებს იყენებენ, ეს ნორმალურია?! კომპანიებს ურთიერთობები ლაბორატორიებთან აქვთ, ზოგს თავად აქვს შექმნილი ლაბორატორია და კომპანია თავად ადგენს შიდა სტანდარტს, რომელიც ყოველთვის რისკის შემცველია. საგადასახადოსაც შეუძლია, ნორმები ეჭვქვეშ დააყენოს. ცხადია, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ახალი კოდექსი უკვე პარლამენტშია და დაჩქარებული წესით უნდა მიიღონ, რადგან როგორც ადამიანს სჭირდება ჰაერი, ისე სჭირდება ჩვენს მშენებლობას კანონები. უკანონო, უხარისხო და ქაოსური მშენებლობებით, საბოლოოდ მაინც, მოსახლეობა რჩება მოტყუებული. წავიდეთ ერთხელ და გაჩვენებთ, სპორტის სასახლის უკან რა ხდება! იმდენი კორპუსი აშენდა!  გეოლოგიური სამუშაოები მშენებლობის დასაწყისშივე უნდა გაკეთდეს, თუმცა არც ეს კვლევაა ხარისხიანი. ვინმე კითხულობს, ამ ადგილზე მიწისქვეშა კომუნიკაციები ამხელა დატვირთვას უძლებს თუ არა? ამ პროპორციებს ვინმე ანგარიშობს? რა თქმა უნდა, არავინ! _ როგორც ერთ-ერთი სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორისგან ვიცი, სპორტის სასახლის მიმდებარედ მიწისქვეშა წყლებია და მრავალსართულიანი სახლების მშენებლობები არ შეიძლება, თუმცა კორპუსები ერთმანეთის გვერდიგვერდ შენდება. აგერ თქვენც ამბობთ, რომ ეს არაკანონიერია... _ ბოლო დროს მტკვარს დაკვირვებიხართ? სულ ამღვრეულია კომუნიკაციებისგან. დაბინძურებული მდინარე კი ეკოლოგიურად გარემოს წამლავს. მიწისქვეშა კომუნიკაციებს ეს კოდექსი ვერ მოაგვარებს, მაგრამ სამართლებრივად ერთმანეთიდან გამომდინარე ურთიერთობებს დაარეგულირებს. კოდექსი თანდათან დაიხვეწება და ამ კუთხით ქვეყანაში ნორმალური მდგომარეობა შეიქმნება, სხვანაირად, ჩვენი საშველი არ იქნება. ჩვენ გვინდა ხარისხი და უსაფრთხოება, ეს არის ამ კოდექსის მიზანიც. ასევე იცვლება მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები. ახლახან ერთ-ერთი მშენებლობის ნებართვა გაიცა, სადაც წითელი ხაზები ერთმანეთზეა მიბჯენილი და სამეზობლო მიჯნა აღარ არსებობს. წესით და კანონით კი სამეზობლო მიჯნა უნდა არსებობდეს და არ შეიძლება, კორპუსების ერთმანეთთან მიტყუპება. არც ის შეიძლება, ერთი ორსართულიანი სახლი აშენებული იყოს 50 წლის წინათ და ახლა გვერდით 8-სართულიანი აუშენო. ჰორიზონტალური ბჯენი მასზე ზეგავლენას აუცილებლად მოახდენს. ზოგიერთ ადგილას ხმაურიანი ტექნიკის გამოყენებაც კი არ შეიძლება, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთი ფაქტის დროს, ან საძირკვლის საძირკველთან შეხებისას, შენობა დანგრეულა, დაზიანებულა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს თავიდანვე გეოლოგიურ და ზეგავლენის კვლევებს მეზობლებთან მიმართებით, რადგან დავების ძირითადი ნაწილი სწორედ ამის გამო არის. დღევანდელი კანონმდებლობა, რომელიც მხოლოდ საკრებულოსა და მთავრობის დადგენილებები გახლავთ, პირდაპირ მიუთითებს, რომ ზეგავლენის კვლევა უნდა დაჩატარდეს, მაგრამ როცა მშენებლობის ბრძანება გაიცემა, იქ წერია, საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდესო. შე კაი დედმამიშვილო, მიბჯენილი რომ არის წითელი ხაზები ერთმანეთს, ამას რა საჭიროება უნდა? საჭიროება ამოიღე და ვალდებულება ჩაწერე, ხომ შეიძლება?! მაგრამ ასე აწყობთ და აკეთებენ კიდეც. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების, ასევე შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესები საერთოდ იცვლება. სამშენებლო კანონმდებლობაში ყველა საკითხი სამართლებრივად იქნება გაწერილი. ამით უნდა დარეგულირდეს ის ქაოსი, რაც ამ სფეროშია. _ ხომ არ გამოგრჩათ რაიმე, რაც ახალ კოდექსში არის და მნიშვნელოვანია? _ დიახ, კოდექსის მიხედვით მოხდება მშენებლებისა და სამუშაოს მწარმოებლების სერტიფიცირება. ვინ კააკეთებს ამას, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შესაბამისი სამსახური გამოიყოფა. მთავრობა იმ სამშენებლო მასალების ნუსხას შეადგენს, რომელიც სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება. ასევე მოხდება ექპერტების სერტიფიცირება და სამშენებლო საქმიანობაში სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარების წესი, მშენებლობის უსაფრთხოების ნორმები შემუშავდება, რაც მშენებლობის ხარისხს გააუმჯობესებს. ექსპლუატაციაში მიღების წესებიც ცალკე დარეგულირდება და ა. შ. _ როდის გვექნება კოდექსი? _ ის უკვე არის პარლამენტში და როცა პარლამენტი მიიღებს, ამუშავდება კიდეც. ახლა ყველაფერი პარლამენტზეა დამოკიდებული.  

                                                                                                  ნელი ვარდიაშვილი

     

გაზიარება