QronikaPlus
ექსკლუზიური ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან - ,,ღარიბაშვილის მომავალზე ვერაფერს გეტყვით“...

ექსკლუზიური ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან - ,,ღარიბაშვილის მომავალზე ვერაფერს გეტყვით“...

2016-04-21 08:20:23

ერთად დაიწყეს და ცალ-ცალკე აგრძელებენ. კოალიცია „ქართული ოცნება” დაიშალა. „თავისუფალი დემოკრატები” პირველები წავიდნენ, „რეაპუბლიკური პარტია” წავიდა და დარჩა, „ეროვნულმა ფორუმმა” კოალიცია, უმრავლესობა და საპარლამენტო პოსტები ერთდროულად დატოვა. ღას ფიქრობს კოალიციის დაშლაზე, პირადი ცხოვრების ფირების გავრცელებაზე, გიგი კალანდაძის დაკავებასა და ბარბარე რაფალიანცის მკვლელობაზე, დადიოდა თუ არა `მასტერასთან” ერთად პანკისში და რატომ არ აპირებს ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის აღდგენას? `თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის, ირაკლი ალასანიას ექსკლუზიური ინტერვიუ   _ ბატონო ირაკლი! ალბათ, დღევანდელი დღით უნდა დავიწყოთ იმიტომ, რომ კოალიცია, პრაქტიკულად, დაიშალა, თუმცარესპუბლიკურმა პარტიამთანამდებობები შეინარჩუნა. რატომ იყოდემოკრატებისთვისსავალდებულო, რომ კოალიციიდან გამოსვლის შემდეგ თანამდებობები დაეტოვებინათ და რატომ არ აქვს იგივე პასუხისმგებლობარესპუბლიკურ პარტიას“? _ ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, რომ როდესაც კოალიციის დატოვების გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოხდა. გახსოვთ, როდესაც ხუთი უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს, საფრანგეთში თავდაცვის შეიარაღებაზე ხელშეკრულების ხელმოსაწერად ვიყავი ჩასული. ეს გადაწყვეტილება ჩემთან ერთად მთელმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მიიღო, მთელმა გუნდმა და აქედან გამომდინარე, მთლიანად მოვიხსენით პასუხისმგებლობა იმ კურსზე, იმ პოლიტიკაზე, რასაც „ქართული ოცნება“ აგრძელებდა. ამდენად, არა მარტო სამთავრობო თანამდებობები დავტოვეთ, არამედ ჩვენმა პარლამენტარებმა საპარლამენტო კომიტეტებიც კი დატოვეს. აბსოლუტურად სწორად მივიჩნიეთ, რომ რადგან აღარ ვიყავით და აღარ ვიზიარებდით იმ პოლიტიკას, საითკენაც „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავდა, ეს სწორი ნაბიჯი იყო. სიმართლე გითხრათ, დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი გაურკვევლობაშია, როგორ შეიძლება, არ იყო კოალიციაში, კოალიციის გარეთ კენჭისყრას აპირებდე და, ამავდროულად, თანამდებობები შეინარჩუნო? ეს არის „რესპუბლიკელების“ არჩევანი, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი შეფასებები უკვე გავაკეთეთ. პრაქტიკულად, კოალიცია არ არსებობს. კოალიცია არის ძალიან სუსტი და შიდა უთანხმოებები დღეს უკვე ჩვენი ქვეყნის მართვაზეც გადმოვიდა. ყოველდღიურად ვხვდები საზოგადოებას, გუშინ ვიყავი ბორჯომში, ახალციხეში. საზოგადოება მართლაც ფიქრობს, რომ კოალიცია და მთავრობა ცალკე სამყაროში ცხოვრობს თავისთვის და ყველა დანარჩენი _ ჩვენ, საზოგადოება და ხალხი _ აბსოლუტურად ცალკე და უპატრონოდ არის მიტოვებული, სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანა შიდა დაპირისპირებებსა და კვოტებს გადააყოლეს. რეალურად, კვოტები ვერ გაიყვეს. _ ხომ არ არის ეს ივანიშვილის მანევრი, არჩევნების წინ კოალიცია დაშალოს, ამის შემდეგ ეს სუბიექტები კულისებიდან ცალკე დააფინანსოს რომ მომავალ პარლამენტში ახალი უმრავლესობა მიიღოს? _ შეიძლება, ეს ასეც იყოს, გარკვეულწილად, კოალიცია შეიქმნა ერთი ძალის _ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გავერთიანდით. გახსოვთ, ერთ-ერთი წამყვანი როლი ამ ყველაფერში „თავისუფალ დემოკრატებს“ ჰქონდა. ახალ არჩევნებს ვუახლოვდებით, შეიძლებოდა ეს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს ისე გაეკეთებინათ, როგორც ცივილიზებულ სამყაროში და ნორმალურ ქვეყნებში ხდება, წინასწარ გამოეცხადებინა, რომ ჩვენ აღარ ვაპირებთ ერთად კოალიციაში გასვლას, საზოგადოებაში განხეთქილება და გაურკვევლობა არ შეეტანათ, მაგრამ, როგორც ვატყობ, ეს ხელისუფლების სტილი არ არის. აქედან გამომდინარე, თქვენი ეჭვი აბსოლუტურად საფუძვლიანია, როცა ამბობთ, რომ შეიძლება ეს კონკრეტული ელექტორატის ფრაგმენტაციისთვის იყოს გამიზნული, ეს იქნება ლიბერალურ ელექტორატში, თუ კონსერვატიულ ელექტორატში... მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ჩემი გადმოსახედიდან, „ქართულ ოცნებას“, პრაქტიკულად,  უმრავლესობაში ყოფნის შანსი არ გააჩნია. ამას ის განწყობები პირდაპირ მეუბნება, რასაც ყოველდღიურად ვხედავ საზოგადოებაში. ის განწყობები კიდევ უფრო დამძიმდა სოციალურ ფონთან ერთად და ასევე, პრაქტიკულად, იმ პროცესებთან ერთად, რასაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ, _ პოლიტიკური ავანსცენა სიბინძურის, ტალახის სროლის ადგილად იქცა. ხალხს ეს არ მოსწონს, ყელში ამოუვიდა. _ რასაკვირველია... ჩანაწერებზე  საზოგადოების რეაქციაზე ვისაუბრებთ. ახლა მინდა გკითხოთ მომდევნო მთავრობაზე, რომელიც, რეალობიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნება კოალიციური. გეთანხმებით, რომქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, უმრავლესობაში ვეღარ იქნება. მოიაზრებთ თუ არა თქვენს პარტნიორად იგივერესპუბლიკელებსდა გექნებათ თუ არა მათთან წინასაარჩევნო კონსულტაციები, რაკი ისინი დამოუკიდებლად კენჭისყრას აპირებენ?.. _ დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მინდა დაგიდასტუროთ, რომ ასეთი კონსულტაციები არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გვქონია, მათ შორის, არც „რესპუბლიკელებთან“. რომელიმე მხარის მიერ ინიცირებული არ ყოფილა და არც სამომავლოდ ვგეგმავთ. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებზე „თავისუფალი დემოკრატები“ დამოუკიდებლად გავიდეთ, მიგვაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად ის დრო, როდესაც დამოუკიდებლად შეგვიძლია ძლიერი წარმომადგენლობა გვყავდეს და გამარჯვებით შევიდეთ პარლამენტში. არაერთხელ მითქვამს, რომ დაველოდებით, თუ ვის აირჩევს ჩვენთან ერთად ხალხი, საზოგადოება, ვის მისცემს ნდობის მანდატს და პარლამენტში, ბუნებრივია, იმ ჯგუფებთან გვექნება კონსულტაციები, ვისთანაც ღირებულებითი თავსებადობა გვაქვს. ძალიან მინდა, რომ შემდეგი კოალიციები, რომელიც საქართველოში შეიქმნება, არ იყოს ვიღაცის წინააღმდეგ, რომ ისინი ღირებულებით თანხვედრას ეფუძნებოდეს. აქვე კიდევ უფრო შორს წავალ, _ სადაც ჩავდივარ, საზოგადოებას ერთ რამეს ვპირდები: ჩვენ მიერ დაკომპლექტებული მომდევნო მთავრობა, ჩვენი მონაწილეობით, პროფესიონალების მთავრობა იქნება. იქ შეიძლება აბსოლუტურად არაპარტიული ადამიანებიც იყვნენ, იმიტომ, რომ ამ კრიზისიდან ქვეყანას, მხოლოდ და მხოლოდ, პროფესიონალები გამოიყვანენ, რომლებსაც სწორი ეკონომიკური ხედვის დადება შეუძლიათ. ჩვენ პრეტენზია და იმის ამბიცია გვაქვს, რომ ასეთი გუნდის შეკვრა შეგვიძლია. _ ბატონო ირაკლი, სჯობს, კითხვები დაგისვათ, ვიდრე დავიტოვოთ: „რესპუბლიკური პარტიაიყო თუ არა ივანიშვილის მოკავშირე თქვენ წინააღმდეგ, როცა გარკვეული ტიპის კომპრომატები _ დაკვეთილი მასალები, ჭორები და . . გავრცელდამონაწილეობდნენ თუ არა ამ პროცესშირესპუბლიკელები“, რომ კოალიციაში პროდასავლური ძალა, „თავისუფალი დემოკრატები“, მათი კონკურენტი არ ყოფილიყო და ისინი უალტერნატივო აღმოჩენილიყვნენ ივანიშვილის კარზე?.. _ არა მგონია... _ არ გინდათ დაიჯეროთ, თუ?.. _ რა ინფორმაციაც მაქვს, ეს ასე არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ როდესაც კოალიცია დავტოვეთ, ბუნებრივია, მათ არსებული ვითარებით ისარგებლეს და მთავრობაში საკუთარი წარმომადგენლობა გაიფართოვეს. რა თქმა უნდა, ეს არ მომხდარა მხოლოდ „რესპუბლიკელების“ ინიცირებით, ასეთი შეთავაზება მათ ივანიშვილმა გაუკეთა _ ვინც არის დღეს როგორც კოალიციის, ასევე ჩვენი ქვეყნის არაფორმალური მმართველი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, იქ ინტერესების თანხვედრა ივანიშვილსა და „რესპუბლიკელებს“ შორის იყო. შემდეგ, უბრალოდ, დროთა განმავლობაში, ალბათ, პროპორციებზე ვეღარ შეთანხმდნენ და იმიტომაც მივიღეთ კოალიციის შიგნით დღევანდელი კრიზისი. პირდაპირ გეტყვით: ყველაფრის ინიციატორი და სულისჩამდგმელი თავად ივანიშვილია. ბევრი რამის გამო და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თემა, რაზედაც ჩვენ ვერ შევთანხმდით, გახლდათ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ფორმებზე შეთანხმება. რასაც ვაკეთებდი, მას არ უნდოდა, რომ ბოლომდე მიმეყვანა. _ თუ პოლიტიკურ სპექტრზე ვისაუბრებთ, ერთ კითხვას დაგისვამთ, _ კიდევ ერთი პარტია, რომელიც კოალიციიდან მიდის, „ეროვნული ფორუმია“. თქვენ, ზოგადად, „ფორუმთანურთიერთობები არ გიჭირთ. არის ინფორმაცია, რომ კახა შარტავა პოლიტიკაში ბრუნდება. განიხილავთ თუ არა სამომავლო პერსპექტივაში, ვთქვათ, „ფორუმთანრაიმე ტიპის კონსულტაციებს? _ „ფორუმთან“ ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. მის ლიდერებთან, ბატონ კახასთან, ბუნებრივია, სიამოვნებით განვიხილავ ყველანაირი ფორმის ურთიერთობას პარლამენტში, მაგრამ პარლამენტამდე, ანუ არჩევნებამდე, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, არავისთან არ იგეგმება არანაირი კონსულტაციები, იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად ვაპირებთ გასვლას. _ ბატონო ირაკლი, ქვეყნის საგარეო კურსი, ყველაზე მნიშვნელოვანი ვექტორი, დღეს უკვე ძალიან აქტიურად დგას დღის წესრიგში და ეს, ალბათ, პირდაპირპროპორციულია იმისა, რაც თქვით, რომ ბიძინა ივანიშვილთან  ერთ-ერთი უთანხმოების საგანი თავდაცვისუნარიანობის თემა იყო. ფიქრობთ თუ არა, რომ რუსული ძალები ერთ ფრონტზე უკვე ჯგუფდებიან და, ასევე, მინდა გკითხოთ ყოფილი პრემიერის, ღარიბაშვილის პოლიტიკურ მომავალზე, _ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდება? _ მე ღარიბაშვილის მომავალზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ საკმაოდ გააზრებულად მინდა გითხრათ, რომ რუსეთის მხრიდან მხარდაჭერილი ძალები, ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ მათთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები, რა თქმა უნდა, მეტი აგრესიულობით ყოველდღე ზრდიან საკუთარ აქტივობებს. სიმართლეს გეტყვით: მთავრობაში ყოფნის დროსაც, როდესაც ხშირად ჩემი ინიცირებით უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობდა, ძალიან კონკრეტულ შეკითხვებს ვსვამდი, თუ რატომ არ აქტიურობს კონტრდაზვერვის სამსახური? ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა გვინდა, რუსეთთან თანამშრომლობის პერსპექტივებს ვეძებთ, მაგრამ, ბუნებრივია, არა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხარჯზე. როდესაც ვხედავთ, რომ, პრაქტიკულად, რუსული სპეცსამსახურების ფული ასე ღიად ტრიალებს ჩვენს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში, სად არიან, სად იყურებიან და რატომ არ მოქმედებს კონტრდაზვერვის სამსახური? ამ შეკითხვაზე, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გასაგები პასუხი ვერც ერთხელ ვერ მივიღე. საუბრობდნენ, რომ ისინი მუშაობენ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ნამუშევარი ვარ უშიშროების სამსახურში, ჩემი პირველი სფერო, რომელშიც ფეხი ავიდგი, სწორედ უშიშროების სამსახური, კონტრდაზვერვის სისტემა იყო. კარგად ვიცნობ პროფესიონალ ადამიანებს, რომლებიც კონტრდაზვერვის სამსახურში გვყავს და რომლებსაც საუკეთესო გამოცდილება აქვთ, მაგრამ მათ ზემოდან პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ, რომ ყველა ბერკეტი აამოქმედონ. ჩვენ ყველა მიმართულებიდან უნდა ვიყოთ დაცული, მათ შორის, სადაზვერვო სპეცსამსახურების აქტიურობებისგან საქართველოში. როდესაც არასამთავრობო სექტორში, პოლიტიკაში რუსული ფული ასე ტრიალებს, ეს ძალიან დიდი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის. შეგახსენებთ ლავროვის განცხადებას, კარასინის ბოლოდროინდელ  განცხადებას, რომელიც უშუალოდ  საარჩევნო სეზონის დაწყებას უკავშირდება... იქ იყო პირდაპირი მინიშნება, თუკი საქართველოს ხელმძღვანელები, პოლიტიკური ლიდერები ისე არ მოიქცევიან, არ იმსჯელებენ და მათი რიტორიკა მათთვის სასურველი არ იქნება, შეიძლება ამას ორმხრივ ურთიერთობაში კონკრეტული შედეგები მოჰყვეს. ეს იყო საარჩევნო პროცესებზე და ელექტორატზე გავლენის მოხდენის პირდაპირი მცდელობა. _ გუშინ საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოსმენა ჩავარდა. ვფიქრობ, ყველას გამოგვრჩა მისი სკანდალური განცხადება, რომ ქვეყანაში არა მხოლოდ რუსული სპეცსამსახურები, არამედ სხვა ქვეყნის სპეცმსახურების წარმომადგენლებიც მუშაობენ. მიმაჩნია, რომ ამ განცხადების შემდეგ ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ მთავრობაში, მინიმუმ, პარლამენტში მაინც, მსჯელობა დაიწყებოდა. რა ინფორმაციას ფლობს უშიშროების მინისტრი და რას ნიშნავს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლების ქვეყანაში ყოფნის დადასტურება? მე მინდა, თქვენ, როგორც არა პოლიტიკოსმა, არამედ უშიშროების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ეს პრობლემა შეაფასოთ... _ თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ სადაზვერვო საქმიანობა ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა, რამდენ ხანსაც იარსებებს სახელმწიფო, იმდენ ხანსვე იარსებებს ეს პროფესია... ანუ ჩვენ ირგვლივ მეგობარი ქვეყნებიც, ბუნებრივია, ჩვენზე, ჩვენს შიდა პოლიტიკაზე, ეკონომიკურ ვითარებაზე ინფორმაციის შეგროვებას ცდილობენ. დღეს ეს უფრო სხვა პროცესშიც გადავიდა. ინტერნეტ სივრცეში ღია ინფორმაცია იმდენად დიდია, რომ ხშირად, პროგნოზების გასაკეთებლად, ამ ქვეყანაში პოლიტიკური, ან ეკონომიკური პროცესი როგორ წავა, აღნიშნული სივრცის ანალიზიც საკმარისია. მაგრამ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის რუსეთი, ტრადიციული ქვეყნები, სხვა მეზობლებიც, ბუნებრივია, აგენტურულ დაზვერვასაც იყენებენ. ამას თუ გულისხმობდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, მას ისიც უნდა ეთქვა, რომ ქართული სპეცსამსახურები სათანადოდ ან უმკლავდებიან, ან ვერ უმკლავდებიან ამ საფრთხეებს. საერთოდ, მინისტრსაც თუ სააგენტოს ხელმძღვანელსაც საზოგადოება იმიტომ უხდის ხელფასს, იმიტომ აფინანსებს კონტრდაზვერვის საქმიანობას, რომ უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი. ასეთი შეგრძნება, მე პირადად, არ მაქვს... _ არც არავის აქვს... _ დიახ, არც არავის აქვს ჩვენს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის საკითხები, რომელზედაც საპარლამენტო გზით საზოგადოებრივი კონტროლი უნდა განხორციელდეს. ის, რაც მოხდა გუშინ, ჩემთვის აბსოლუტურად სამარცხვინო იყო, როდესაც მმართველმა გუნდმა კვორუმისთვის დეპუტატების სათანადო შემადგენლობა ვერ მოაგროვა, რომ პირველად მოესმინათ უსაფრთხოების სააგენტოს ანგარიში. რა თქმა უნდა, შემთხვევით არ მომხდარა, ეს ერთი უბედურებაა და მეორე მხრივ, თუკი მოსმენა ჩააგდე, ეს ნიშნავს, რომ მმართველ კოალიციას, იმ დეპუტატებს, რომლებმაც კვორუმი ვერ მოაგროვეს, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე აბსოლუტურად არ გააჩნიათ პასუხისმგებლობის განცდა. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, მინდა, თქვენი შეკითხვა შევკრა და ასე გიპასუხოთ, _ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ისეთ გეოპოლიტიკურ ადგილზე და ისეთი მდებარეობა გვაქვს, რომ ყოველთვის დაგვჭირდება ძალიან ძლიერი, მობილიზებული სპეციალური სამსახური, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სტრუქტურების სადაზვერვო საქმიანობისგან თავი დავიცვათ. მათ შორის, კიდევ უფრო დიდი საფრთხეა ტერორიზმი, რომელიც დღეს ევროპაში დავინახეთ. პრაქტიკულად, კარგად დაფინანსებულ და წელში გამართულ ქვეყნებშიც კი ინფორმაციების გასვლის,  უსაფრთხოების სამსახურებს შორის ამხელა პრობლემები აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, უნდა ვისწავლოთ და დასკვნები გავაკეთოთ. ქვეყანაში დღევანდელი პოლიტიკური ვითარება ისეთია, რომ ივანიშვილი ქვეყანას და სპეცსამსახურს პირდაპირ, არაფორმალურად მართავს... _ ბატონო ირაკლი, ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვით, რომ ივანიშვილს პირადი მსახური ჰყავს უსაფრთხოების სისტემაში, რომელსაც პირადად აძლევს დავალებებს... ვის გულისხმობდით? ფაქტია, რომ მხოლოდ მინისტრი არ გიგულისხმიათ... _ მინისტრიც, რა თქმა უნდა, მისი ერთგულებით გამოირჩევა, იგი მისი დაცვის თანამშრომელი იყო, მაგრამ, ასევე, უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეა იოსებ გოგაშვილი, რომელიც დაკავებულია, კონკრეტულად, პოლიტიკური პოლიციის  შექმნითა, პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალით, მიყურადებით და მათი მონიტორინგით, მას აქვს ჩაბარებული ის სფერო, რასაც ძველად, სააკაშვილის დროს, ამირან მესხელი განკარგავდა... _ რაღაცით გვანან ერთმანეთს სოსო გოგაშვილი და ამირან მესხელი, იმიტომ, რომ არც ერთს წარსული  ბიოგრაფია არ გააჩნია... გოგაშვილი უჩინოდ მივიდა სისტემაში და რამდენიმე თვეში პოლკოვნიკი გახდა... _ აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს ადასტურებს იმას, რომ ყველა მავნე ტრადიცია, რომელიც იმ 9-წლიანმა რეჟიმმა დაამკვიდრა სააკაშვილის დროს, მერაბიშვილის დროს, ადეიშვილის დროს, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს აბსოლუტურად იგივე ფორმით გრძელდება და ეს არის სწორედ ის, რაც კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას, როგორც საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიმართ და პოლიტიკურ ძალებს შორის, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც... _ ყველაზე მტკივნეულ და მნიშვნელოვან თემასთან მივედით, იმიტომ, რომ დღეს კიდევ ერთი დაანონსებული პირადი ცხოვრების ფირი გამოქვეყნდა. ერთადერთი პოზიტივი, ალბათ, ის არის, რომ მასალა სწრაფად დაიბლოკა, თუმცა მუქარა რეალურად შესრულდა. საკმარისად დიდი დრო გავიდა, როგორ ფიქრობთ, გამოძიებას რამე პერსპექტივა აქვს, დასახელდებიან კონკრეტული პირები, თუ, უბრალოდ, ეს მორალური ტერორი 2016 წლის შემოდგომამდე გაგრძელდება?.. _ აბსოლუტურად ამაზრზენია, რაც ხდება, მაგრამ ასევე კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმ უსუსურობისა და არაპროფესიონალიზმისა, რომელიც დღეს ხელისუფლებაში სუფევს. მგონია, რომ რახან განმეორდა და ეს მუქარა მორალურმა ტერორისტებმა შეასრულეს, ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობის პირველმა პირებმა უნდა აიღონ... _ თუმცა თქვენ ამბობდით, რომ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობა შეიძლება აქ არ ყოფილიყო... რაკი ფირების გასაჯაროება გაგრძელდა, მიგაჩნიათ, რომ ეს მთელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა? _ ამ შემთხვევაში... პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანაში, ფორმალურად, პოლიტიკურ კლიმატსა და საზოგადოების დაცულობაზე პასუხს აგებს პრემიერ-მინისტრი და კონკრეტული უწყების ხელმძღვანელი, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი, პროკურატურა... პროკურატურა, რომელსაც გამოძიება მიჰყავს, პროკურატურა, რომელმაც 2013 წელს საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, როდესაც ეს მასალები განადგურდა, რომ 5 თვეში გამოიძიებდა ამ  დანაშაულს. რეალურად, დღემდე გამოუძიებელია, ამდენად, პრემიერ-მინისტრსა და უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელს პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რომ პრევენცია არ მოხდა... _ თქვენ იყავით ხელისუფლებაში, იყავით თავდაცვის მინისტრი, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პორტფელი გქონდათ ჩაბარებული და მთავარი პრობლემა, რაც არსებობდა, ეს გახლდათ სამართლიანობის აღდგენა. იყო თუ არა შიდა კულისებში, მაგალითად, მთავრობის სხდომაზე, ან ძალოვანი მინისტრების შეხვედრების დროს იმაზე საუბარი, რომ ის პირები, რომლებიც დაკავებულები იყვნენ პირადი ცხოვრების ფირების შანტაჟით, მიყურადებებით, გვარები შემიძლია დაგისახელოთ _ ვაჟა ლელუაშვილი და სხვები, რატომ შეიფარეს ეს ადამიანები პოლიტიკურად? რეალურად, მივიღეთ სურათი, რომ არათუ დამკვეთები, რიგითი შემსრულებლებიც კი, დაუსჯელები არიან... _ როცა თავდაცვის სამინისტროში მივედი, თვალში საცემი იყო: სამხედრო პოლიციაში დაგროვილი მასალები, რომელიც აღვწერეთ და პროკურატურას გადავეცით, სადაც სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები იდო, აღმოჩნდა, რომ ამას არა მარტო უშიშროებაში, სამხედრო პოლიციაშიც სისტემური ხასიათი ჰქონდა. ეს გახლდათ სისტემური დანაშაული, დანაშაული, რომელიც მაშინ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაუშვა და დავალება გასცა, რომ სპეციალური აგენტურული წყაროები შეეძინათ, რომლებიც იმით იყვნენ დაკავებულები, რომ მათთვის საინტერესო გამოჩენილი ადამიანები ყველა სფეროდან გადაეღოთ. ეს სისტემა, თანაც ჯალათობრივი, ამავდროულად, პოლიტიკური დაკვეთის შედეგად ხორციელდებოდა... ეს სისტემა ჩამოყალიბდა იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვის ყველა შესაძლო მთქმელი ადამიანი კომპრომეტირებული ყოფილიყო და მასზე სამხედრო პოლიციასა თუ სპეცსამსახურებში მასალები დაედოთ. ეს რომ გადავეცით, ბუნებრივია, პროკურატურას პერიოდულად ვახსენებდით, რატომ არ მიდის გამოძიება, რატომ არ არის დაკავებული ხალხი, რა ეტაპზეა გამოძიება? პირადად, როგორც მახსოვს, იმ გამოძიების შედეგად, დღემდე, პრაქტიკულად, არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. ასევე შეგახსენებთ ერთ თემას: თქვენ ძალიან კარგად იცით ბატონი თეთრაძის მკვლელობის საქმე... როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, ეს საქმე ჩემს ყურამდე მოვიდა. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ განგაში ავტეხეთ, რომ ეს ადამიანი პატიმრობაში მოკლეს, ძალიან ცინიკურად გაუსწორდნენ და გულმა ვერ გაუძლო. შემდეგ როდესაც მოვედით, თანამდებობიდან ყველა გავუშვი, ვინც იმ დროს ამ საქმესთან ახლოსაც კი იყო. ხელს არ ვადებდი, მაგრამ ვინც ახლოს ჩაიარა ამ საქმესთან, მივიჩნიე, რომ უწყებაში მუშაობის მორალური უფლება არ უნდა ჰქონოდა, ვიდრე სრულად არ გამოიძიებდნენ. ყველა იმ ადამიანზე პროკურატურიდან პასუხი მომივიდა, რომ ამათ არაფერი ჩაუდენიათ. რეალური დამკვეთი და ორგანიზატორი დაკავებული არ არის, ამიტომ ეს იყო ის საქმეები, რომლებიც იმ დროსაც ბადებდა მრავალ შეკითხვას პროკურატურის მიმართ, მაგრამ, ბუნებრივია, ცალკე გამოძიებას ვერ ჩავატარებდი. ძირითადად, ჩემი საქმე იყო ჯარის კეთილდღეობა, ჯარის ხელფასების მომატება, რაც გავაკეთეთ კიდეც, _ 25%-ით მოვუმატეთ ყველა ჯარისკაცს ხელფასი; ნატოში ინტეგრაცია, შეიარაღების მოპოვება, ანუ ამ საქმეებზე ვიყავი გადართული, შემოტევებს ვიგერიებდი. რა თქმა უნდა, ამაზე არაერთხელ მისაუბრია ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთანაც... ძალიან მკვეთრადაც მისაუბრია, ბუნებრივია, არა მარტო ამ თემაზე, არამედ სხვა შემოტევებზეც ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ და ჩემს მიმართაც. ბუნებრივია, ეს საუბრები და ურთიერთობა იმით დასრულდა, რაც ნახეთ, _ ჩვენ დავტოვეთ კოალიცია და ახლა დამოუკიდებლად ვართ პოლიტიკურ სივრცეში. ჩემთვის მიუღებელი იყო სკამის შენარჩუნების ხარჯზე ღირსების დაკარგვა _ ეს ერთი! ჩემთვის მიუღებელი იყო, სკამის შენარჩუნების ხარჯზე მიმეტოვებინა ის ხუთი უდანაშაულო ადამიანი ციხეში, რომელიც ჩემ გამო, პოლიტიკური ზეწოლის გამო, დაიჭირეს! ჩვენ სხვანაირად ვერ ვიცხოვრებთ და ამიტომაც ვართ პოლიტიკაში სუფთა ხელებით... _ ბატონო ირაკლი, როცა პოლიტიკურ დაკავებაზე საუბრობთ, თქვენი ოპონენტები ხშირად გიხსენებენ გიგი კალანდაძის დაკავებას, იმასაც გიხსენებენ, რომ სწორედ ეს იყო პოლიტიკური დაკავება. რას იტყვით? _ იმას გეტყვით, რომ ეს არ იყო პოლიტიკური დაკავება. ღამის 3 თუ 4 საათზე პროკურორმა, დამირეკა და ამიხსნა, რომ ასეთი და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. იმას ნამუსი მაინც ეყო, რომ საქმის კურსში ჩავეყენებინე, რომ ამაღამ ვაპირებთ დაკავებასო. სასტიკად გავაპროტესტე, რაც არ უნდა იყოს, როგორი გენერალიც არ უნდა იყოს, ის ოფიცერია, ჩვენი შეიარაღებული ძალების გენერალია. სამსახურში უნდა მოვიდეს, დაველაპარაკები და წესისა და რიგის მიხედვით აუხსენით, რაზეც ბრალს სდებთ-მეთქი... _ ანუ პროკურატურას საშუალება არ მიეცით, ოჯახში ღამით მისულიყო?.. _ რა თქმა უნდა... ოჯახში შესვლას აპირებდნენ. იმ დროს პროკურატურის ქმედებაში ეჭვს ვერ შევიტანდი. ახალი ცვლილებები განხორციელდა, წინასწარ ხომ ვიცოდი, რა დანაშაულებები მოხდა სამხედრო პოლიციაში (ზემოთ მოგიყევით), ამიტომ ვერანაირად ვერ ვიტყოდი, რომ დანაშაულში ვიღაც არ იყო ჩართული. ამაზე თავს ვერ დავდებდი, თუმცა ადამიანს იმის პატივი მაინც შევუნარჩუნე, რომ ოფიცერი სამსახურში გამოვაძახებინე... თქვენ გახსოვთ, ქალბატონი წულუკიანიც მოვიდა, როგორც იუსტიციის მინისტრი, უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირს ბრალს რაში სდებდა, მას უნდა გაეცნო. გიგი კალანდაძეს დავპირდი, პირდაპირ ვუთხარი, _ სხვა უფლება არ გვაქვს, ახლა ასე უნდა მოვიქცეთ, მაგრამ თუ უდანაშაულო ხარ, აუცილებლად გვერდში დაგიდგები-მეთქი. სამწუხაროდ, მან მერე სხვა გზა აირჩია, „ნაციონალებთან“ ერთად პოლიტიკაში გადავიდა და უღირსი შეფასებაც გააკეთა, თითქოს მას მოვთხოვე, რომ ყოფილ მინისტრზე ჩვენება მიეცა, რაც ღმერთია მოწმე, რომ არ ყოფილა, მაგრამ არ დაგიმალავთ და მიმაჩნია, რომ შეიძლებოდა ის გამოძიება ისე დაწყებულიყო, რომ კალანდაძე არ დაეკავებინათ. თუკი დანაშაული  დამტკიცდებოდა, მერე წაეყენებოდა ბრალი. _ თუმცა, რეალურად, ვერც კალანდაძის საქმე მიიყვანეს ბოლომდე. _ საერთოდ, პროკურატურის ერთი საქმე არ მახსოვს, ამ ბოლო დროს, რეალურად, ბოლომდე მიყვანილი. თუ არის გამოძიებული, მხოლოდ სანახევროდ. მაგალითად, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის განხორციელების შესახებ დააკავეს ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილია, როგორც შეკვეთის განმხორციელებელი, მაგრამ გამოძიება წინ არ მიდის. _ ამ კითხვის დასმას ვაპირებდი ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმასთან დაკავშირებით, რაკი ახსენეთ, აქვე ჩაგეკითხებით, _ კულისებში ვრცელდება ხმები რომ

გაზიარება