ერთი კვირის წინ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, დოჰაში ყატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ქართული ცხვრის ყატარსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ექსპორტირების თემა გამოიკვეთა. ჩამოსვლის შემდეგ ამის შესახებ მასმედიას და სრულიად ქართულ საზოგადოებას ეუწყა.
მინისტრის ყატარში ვიზიტისა და იქ დაგეგმილი ქართული ცხვრის ექსპორტის შესახებ საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციამ არაფერი იცოდა. ეს ამბავი მეცხვარეებმა მასმედიის საშუალებით შეიტყვეს. შეიტყვეს და ძალიან აღელდნენ!
„მეცხვარეთა ასოციაციას“ ერთი წელია, რაც თავმჯდომარე არ ჰყავს. წინა თავმჯდომარის, ბექა გონაშვილის განცხადებას გადადგომის შესახებ „ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ:
„5 წლის მანძილზე, რაც ვეცადე, რომ მთავრობას გაეკეთებინა, ყველაფერი უკუღმა აკეთეს. იმათაც და ამათაც ბოლომდე მოსპეს ეს დარგი და მე ამ საცოდაობას ნამდვილად ვერ ვუყურებ.
სამწუხაროდ, დღეს გადავწყვიტე იმ ნაბიჯის გადადგმა, რაზედაც ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ ენთუზიაზმის კიდევ პატარა ნაპერწკლისთვის რაღაცას ან ვიღაცას ჩაუბერია და ისევ გადამიფიქრებია, ამჯერად კი ეს საბოლოოა და აღარაფერი შეიცვლება!
გადავწყვიტე, დავტოვო საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარეობა და მასთან ერთად აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესი.
მიზეზი მრავალია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩემში იმ ენთუზიაზმს ვერ ვხედავ, რომლითაც ყოველდღე ვიღვიძებდი, რომ რამე მეკეთებინა ამ ტიალი დარგისთვის, ბოლომდე ჩამიკვდა.
დიდი ბოდიში მინდა მოვიხადო მეცხავრეების წინაშე, ვისაც ჩემი იმედი ჰქონდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვგრძნობდი ამას, შემზარავი გოგია, საშიშა, ფიდო გაფრინდაული, საღავათა, თვით მამაჩემს და სხვებს მინდა რომ პატიება გთხოვოთ ამ ნაბიჯისთვის.
ზოგადად კი ივერიის გაბრწყინების მომლოდინეობა იქამდე გაგრძელდება, სანამ არჩევნებზე მისულები ჩვენს ბატონებს კი არ ავირჩევთ, არამედ ჩვენს „საჯარო მოსამსახურებს“ და როცა ყველას ეს დამოკიდებულება იქნება, მერე ეშველება ამ ქვეყანას, იქამდე კი ვლოღნოთ ერთმანეთი სუფრაზე გადმოწოდებული განსხვავებულის ქვეშ და „ყველაფერი კარგად იქნება“!!!
დიდი მადლობა ყველა ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის ამ წლების განმავლობაში“.
აი, ასეთი სკანდალური განცხადება დაწერა გადადგომის შესახებ ბექა გონაშვილმა.
„ქრონიკა+“ ერთი წლის შემდეგ ექსკლუზიურად გთავაზობთ ინტერვიუს „მეცხვარეთა ასოციაციის“ აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარესთან ბექა გონაშვილთან სოფლის მეურნეობის მინისტრის ყატარში ვიზიტისა და იქ დადებული ხელშეკრულების შესახებ:
_ ბატონო ბექა, ერთი წლის წინათ თქვენი ნებით გადადექით თუ გაიძულეს? როგორც ჟურნალისტს მაქვს ინფორმაცია, რომ ეს დაკავშირებული იყო საკმაოდ სერიოზულ მიზეზებთან.
_ სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არასდროს არ გადადგმულა, თუ არ ჩავთვლით ვაქცინაციების თემას, რომელსაც სახელმწიფო დღესაც ატარებს. ეს არის და ეს!
_ ოთარ დანელია ყატარში ცხვრის ექსპორტთან დაკავშირებით იმყოფებოდა. ეს სახელმწიფოს მხრიდან შეფასდა, როგორც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი...
_ კაი, კაცო!
_ პოსტზე თქვენი ყოფნის დროს საუბრობდით „ტრასების“ გაყვანაზე, რომელიც მეცხვარეებს საშუალებას მისცემდა, ზუსტად აეთვისებინათ მოხაზული არეალი...
_ ეს ხომ ელემენტარულია, არა?! არადა, ტრასები ჯერ არც არის რეგისტრირებული. რა ევროკავშირთან ინტეგრაციაზეა საუბარი, ანდა დარგის განვითარებაზე, როდესაც გადასარეკი ტრასები ფიზიკურად არ არსებობს? რატომ ეშინია სახელმწიფოს ამ ტერიტორიების მოხაზვა და მათთვის გადასარეკი ტრასების დარქმევა? ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი წესრიგში და ნორმაში იყოს. ამის გამო უსერიოზულეს პრობლემას ვაწყდებით. მაგალითად, მოდის ვიღაც კერძო პირი და გვეუბნება, რომ ეს მისი ტერიტორიაა და ცხვარმა არ უნდა გაიაროს. ამგვარი ფაქტი ახლახან დაფიქსირდა ქვემო ქართლში. თუ ეს პრობლემა ვერ მოგვარდა, სხვა რამეზე მსჯელობა ნაადრევია. ქართული ცხვრის ექსპორტზე მიდიხარ სასაუბროდ და ტრასების საკითხი გადაწყვეტილი არ გაქვს.
_ კი მაგრამ, ამ საკითხზე მსჯელობა თქვენმა ასოციაციამ 2010 წლიდან დაიწყო და ისიც განაცხადეთ, პროცესი რაღაც დონეზე მივაყვანეთო.
_ ჩათვალეთ, რომ ხელახლა გვიწევს იგივე საკითხების გავლა. წინა წლიდან მოყოლებული, სამ-ოთხჯერ გავიარეთ ერთი და იგივე საკითხი. ქმედითი ნაბიჯები რომ გადაიდგას ტრასების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, ამიტომ რომელიმე სახელმწიფო უწყებამ, ანდა კონკრეტულმა პირმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. არავინ იღებს და არც ამის პრეცედენტი ჩანს. სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოდის, ლაპარაკობს, ვიზიტებით ჩადის სხვადასხვა ქვეყანაში და შედეგი სად არის?!
_ შედეგში რას გულისხმობთ?
_ ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული პრობლემები და არა ის, რაც სააგენტოებისა და სოფლის მეურნეობის საიტებზე იდება. ვუკავშირდებით მინისტრს, ვაწვდით საკითხებს, მაგრამ მხოლოდ ზოგადი შეფასებებია. პასუხები, ძირითადად, ასეთ შინაარსისაა, _ ყველაფერი გვარდება, ყველაფერი კარგად არის! ფაქტი კი ის არის, რომ ყველაფერი კარგად არ არის. ახლა ვგებულობ, რომ გრანდიოზული პროექტი იგეგმება ცხვრის ექსპორტთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ჯერ შიგნით არ არის მოგვარებული პრობლემები, რა გრანდიოზულობაზე მელაპარაკებიან? წელს, 10 იანვარს, ერთი რეისი ცხვარი გავიყვანე, 29 იანვარს მეორე რეისი გავუშვი თვითმფრინავით. მე ქართულ ცხვარს ვუშვებ ექსპორტზე. ისინი რას უშვებენ? _ სომხურ და რუსულ ცხვარს! წარმოდგენა არ მაქვს, კონკრეტულად რაზეა საუბრი იმ გრანდიოზულ პროექტში. ის ვიცი, რომ მინისტრი ჩასული იყო და რაღაც საკითხებს ხელი მოეწერა. იქ თუ ვინმეს ბიზნეს-ინტერესებია, ეს ჩემი საქმე არ გახლავთ. მაგრამ არ არის საქმე მთლად ასე კარგად.
_ კერძოდ?
_ ეს ცხვარი ხომ ქართული სახელით გადის სხვა ქვეყანაში და მე ვამბობ, რომ არ არის ეს ქართული ცხვარი. მაგალითად, მარტის დასაწყისში როცა ვიყავი ყაზბეგში, იქ რუსეთიდან შემოყვანილი ცხვარი ვნახე. დაინტერესდით, ერთი, იმ გრანდიოზული პროექტის ფარგლებში ქართული ცხვარი გავა ექსპორტზე ყატარში?! თუ ეს გაკეთდება, ისევ იმ კუთხით, რომ იაფი სომხური ცხვარი გავა საქართველოდან, ეს იქნება არალეგალური და სწორედ ამის წინააღმდეგი ვართ.
_ მინისტრი არალეგალურ საქმეში როგორ წარმოგიდგენიათ?
_ ცოტაა მაგალითები? შარშან საუდის არაბეთის ბაზარი გაიხსნა, მაშინაც ზუსტად ასე იყო, იმ პერიოდში მინისტრის მოადგილე ჩავიდა და მითხრა, რომ კარგი საქმე გაკეთდებოდა. მე მაშინვე ვუთხარი, _ განხილვაში ისეთი ხალხია ჩარეული, რომ საქმეს გააფუჭებენ-მეთქი. ორი თვე არ იყო გასული, აქედან ჩასული ცხვარი საუდის არაბეთიდან უკან რომ მოაბრუნეს _ ქართული ცხვარი შეგვპირდით და სომხურს გვაძლევთო. დიახ, საქართველოში შემოჰყავდათ ან სომხური, ან რუსული ცხვარი, დასვამდნენ გემზე და უშვებდნენ. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ. ჩვენ ვართ მეცხვარეთა ასოციაცია და მეცხვარეები, ვინც ცხვარს ვაწარმოებთ. რანაირად შეიძლება მივესალმო და მხარი დავუჭირო ისეთ უგუნურებას, როცა სხვა ქვეყანა სარგებლობს ჩვენი სახელით? რუსული და სომხური ცხვარი ქართული ცხვრის სახელით გადის.
_ საკმაოდ სერიოზული ბრალდებებია. ე. ი. ყატარში სომხური და რუსული ცხვრის ექსპორტს ქართული ცხვრის ბრენდით აპირებენ?
_ მიმართეთ სომხეთის საბაჟოს, თუ აქვს საქართველოს გარდა 2014-2015 წლებში ექსპორტი განხორციელებული. არ აქვს! ასევე მიმართეთ იორდანიის საბაჟოს და ჰკითხეთ, რომელი ქვეყნებიდან არის იმპორტი განხორციელებული? თუ გეტყვიან, რომ ეს ცხვარი არის სომხეთიდან ან რუსეთიდან, არ მოტყუვდეთ, იმიტომ, რომ ცხვარი არის საქართველოდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მთავრობა თუ ამბობს, რომ ეს არის ტრანზიტი და მე ამას ხელს ვერ შევუშლიო, ტრანზიტი იმას ნიშნავს, რომ საქონელი უნდა შემოდიოდეს სომხური საბუთით, ხომ ასეა?! და თუ ამ ორი ქვეყნის საბაჟოზე ეს იმპორტები, ან ექსპორტი დაფიქსირებული არ არის, ე. ი. ეს ფარსია. თუ ისევ ისეთი რამ მოხდა ამჯერადაც, რაც საუდის არაბეთის შემთხვევაში, ყატართანაც შევრცხვებით და ეს იქნება სკანდალი. ჩემი გადადგომის მიზეზი გახდა ეს და სხვა პრობლემები. ერთ-ერთი მიზეზი კიდევ იყო სახელმწიფოს მიერ გაყალბებული ცხვრის ექსპორტთან დაკავშირებული მონაცემები. შეგიძლიათ, თავად გადაამოწმოთ „საქსტატზე“, რომლის ინფორმაციითაც ცოცხალი ცხვრის ექსპორტი 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, 90%-ით გაიზარდა და 15 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ დროს საზღვრებს გარეთ გასული ცხვრის რაოდენობა გაცილებით მეტია, სადღაც, 170-177 ათასი. 2010 2015 წელს საქართველოდან გავიდა 177 ათასი სული. ოფიციალურ მონაცემებში დაწერეს _ 100 ათასი. შესაბამისად, ექსპორტზე გაყვანილი ცხვრიდან შემოსული თანხა 17 მილიონს აღემატებოდა.
_ თქვენი მონაცემებით, რეალური ციფრები როგორია ცხვრის ექსპორტთან მიმართებით?
_ 2009 წელს ექსპორტზე 266 000 ცხვარი გავიდა, 2010 წელს _ 178 000, 2011 წელს _ 155 000, 2012 წელს _ 170 000, 2013 წელს _ 160 000.
_ ე. ი. მონაცემები ყალბდება, რატომ?
_ რომ უჩვენონ, რა კარგად არის ყველაფერი. ქართული ცხვრის მთავარი უპირატესობა, გემოსთან ერთად, სიიაფე და საქართველოდან არაბულ ქვეყნებში ტრანსპორტირების დაბალი ღირებულება იყო. გაზრდილი მოთხოვნის გამო 5 წლის წინათ ადგილობრივ ბაზარზე ცხვრის ფასი 60 ლარიდან 120 დოლარამდე გაიზარდა. ფასის გაზრდას რეალიზაციის პრობლემა მოჰყვა და ქართულმა ცხვარმაც თანდათან ბაზარზე პოზიციები სხვა ქვეყნებს დაუთმო. არადა, ქართული ცხვარი იგივე ბიოპროდუქტია. ის ეკოლოგიურად სუფთა საძოვრებზე იკვებება. საქართველოში საძოვრებს სასუქებით არ ანაყოფიერებენ და არც პესტიციდებით ამუშავებენ.
_ დღესდღეობით რა სტატუსით მოქმედებთ?
_ ასოციაციის წევრი ვარ, ახლო მომავალში ვაპირებთ, რომ შევიკრიბოთ და ახალი თავმჯდომარე ავირჩიოთ. იმედი გვაქვს, რომ ასეთ მსურველს ვიპოვით. ასოციაცია არსებობას გააგრძელებს და მე მის შემადგენლობაში ყოველთვის ვიქნები. ასოციაციას, ჯერჯერობით, ახალი თავმჯდომარე არ ჰყავს. ვერავინ ვერ ავირჩიეთ. მოვალეობის შემსრულებელი ისევ მე ვარ. 2 წელზე მეტია, სახელმწიფო უწყებასთან კონსულტაციები არ გვქონია.
მიხეილ სოხაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქვეყნის მთავარი ვეტერინარი:
_ ბატონო მიხეილ, მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გადასარეკი ტრასების არარსებობაზე საუბრობს და კიდევ იმაზე, რომ ამ საკითხის გარშემო ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. მაგალითად, ტრასების რეგისტრაციის თემა ჰაერში კიდია.
_ რეგისტრირებას რაც შეეხება, ეს ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა. ჩვენ ბიოუსაფრთხოება და საძოვრების უვნებლობის საკითხი გვეხება.
_ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ ის, რომ საქართველოდან ქართული ცხვრის მაგივრად სომხური და რუსული ცხვარი გადის, მხოლოდ ქართული სასაქონლო ბრენდირების ქვეშ. რაც მთავარია, გონაშვილის აზრით, გამორიცხული არ არის, რომ ახლახან ყატარში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, შესაძლოა, ეს პრეცედენტი ისევ განმეორდეს.
_ სურსათის ეროვნული სააგენტო ამ განცხადებას არ ეთანხმება. საექსპორტო ბაზრებზე ქართული ცხვარი მაღალი მოთხოვნით სარგებლობს და სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის ამ იმიჯის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ღონისძიებები ხორციელდება და არსებობს გარკვეული პირობები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულოა.
_ კი მაგრამ, როგორ გაკონტროლდება, რომ ცხვარი ქართულია და არა, დავუშვათ, სომხური?
_ თუ საქართველოდან რუსული ან სომხური ცხვარის ექსპორტი მოხდება, მას აუცილებლად ექნება საქართველოს ვეტერინარიული და ჯანმრთელობის შესახებ სერტიფიკატი, მაგრამ ადგილწარმოშობის სერტიფიკატში აუცილებელია მითითებული იყოს _ სომხური ან რუსული. ასე რომ, გარჩევა არც ისე რთულია.
თამარ როსტიაშვილი