რატომ მიესალმება ,,ქართული ოცნების” დაშლას პოლიტოლოგი, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით საქართველო უფრო მიუახლოვდა იმ ნორმალური ცხოვრების წესს, რასაც პარლამენტი ითვალისწინებს. კერძოდ, ბატონი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ პარლამენტი, უპირველესად, საზოგადოების ინტერესებს, მის პოლიტიკურ ორიენტაციებს უნდა ასახავდეს. ხოლო ეს პარლამენტი სწორედ ამ კოალიციურობის გამო საზოგადოების სურათს არ იძლეოდა.
რა პროგნოზებს აკეთებს პოლიტოლოგი, როგორი საარჩევნო გარემო იქნება და ვის რა შანსები აქვს.
რამაზ საყვარელიძე _ პოლიტოლოგი:
_ კოალიციის დაშლას მივესალმები, ოღონდ არა სუბიექტების ინტერესების გამო. წლების განმავლობაში ერთი და იგივე ხდება _ რომელიღაც ერთი პარტია კოალიციის დასაყრდენია და მერე დანარჩენი ამ პარტიის გარშემო კონცენტრაციას იწყებს, რასაც კოალიციას არქმევენ.
გასხოვთ, ასეთი იყო ზვიადის დროს „მრგვალი მაგიდა“, მერე შევარდნაძის დროს „მოქალაქეთა კავშირმა“ რამდენიმე პარტია გააერთიანა და პარლამენტში ყოველთვის ვიღებთ რაღაც დიდ პოლიტიკურ ჯგუფს, რომლის უმრავლესობა (ამ სიტყვის მაქსიმალური გაგებით) მერე რასაც უნდა, იმას აკეთებს; არანაირი დებატები, რაც ჩვეულებრივი რამ უნდა იყოს საპარლამენტო ცხოვრებისთვის. კომპრომისები არ ხდება, რადგან ეს საჭირო არ არის.
მგონი, მომავალ პარლამენტში ბლოკის გარეშე შესვლა (რეალურად, ეს კოალიცია არც იყო, ბლოკს წარმოადგენდა) მხოლოდ უკეთესობას მოუტანს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას, თორემ ცალკეულ პოლიტიკურ გუნდს შეიძლება სირთულეები გაუჩინოს, რაც ბუნებრივი იქნება.
_ ვისთვის გაუმჯობესდება სიტუაცია და ვისთვის _ პირიქით?
_ უპირველესად, ქვეყანა იგებს. პარტიებს რაც შეეხება, რასაკვირველია, არ აგებს (იგებს თუ არა, სხვა საკითხია) „ქართული ოცნება“. გამორიცხული არც ისაა, რომ პოლიტიკურად ასე დაწმენდილი სახით „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს კიდეც. პოლიტიკურ დაწმენდაში იმას ვგულისხმობ, რომ „ქართული ოცნება“ სხვადასხვა პოზიციის პოლიტიკოსების გაერთიანება იყო, რაც ბევრ გაუგებრობას აჩენდა. თუ ასეთი განსხვავებული პოზიციები არ გაერთიანდა, „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება მოიგოს.
_ „რესპუბლიკელებს“ რაც შეეხება?
_ „რესპუბლიკელებს“ შანსი აქვთ. ჩემი აზრით, მათთან დაკავშირებით საქმე მთლად ისე არ არის, როგორც ამბობენ, _ თითქოს, „რესპუბლიკელებმა“ ყველანაირი პერსპექტივა დაკარგეს. ჩემი აზრით, პერსპექტივა არც ერთ პარტიას არ დაუკარგავს. დარჩენილ პერიოდში ნებისმიერ პარტიას შეუძლია მნიშვნელოვანი რეიტინგული წისვლა ჰქონდეს.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, ერთ დღეში და ერთი განცხადებით (ქაჯები უნდა წავიდნენო), იპოდრომი ხალხით გაავსო. ასე რომ, იმისდა მიხედვით, რა მოძრაობა გაკეთდება პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველა პარტიას აქვს იმის შანსი, რომ ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი გახდეს.
_ რამდენად გაამართლებს, როცა არჩევნებში დამოუკიდებლად გადიხარ და მანამდე ხელისუფლებაში რჩები?
_ ეს მიდგომა ბოლო ხანებში გახდა სალაპარაკო, ოღონდ გაუგებარია, რატომ? საითკენაც მივდივართ (ანუ საპარლამენტო რეპუბლიკებში), მთელ ევროპაში პორტფელები სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს შორის არის გადანაწილებული, რომლებიც საარჩევნო პროცესში ერთმანეთის ოპონენტები არიან, მაგრამ პროცესის დასრულების შემდეგ უკვე კოალიციაში პარტნიორობენ.
ანუ ისეთივე სურათია, როგორც ევროპულ სინამდვილეში. ოღონდ იქაურ სინამდვილეში კითხვა არ ისმის, თუ როგორ შეიძლება ერთმანეთთან ადრე დაპირისპირებულ პარტიებს პორტფელები ჰქონდეთ. ჩვენ რატომ ვსვამთ ამ კითხვას, ეს გაუგებარია.
თან ეს ცოტა „ნაციონალების“ შემოგდებული თემა მგონია. ესეც პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, რომ ყველა ნაბიჯის დრამატიზაცია მოახდინონ. ამ ნაბიჯში მსგავსი სწორედ რომ არაფერია.
ამ ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს დრამატიზმი არ აკლია, მაგრამ ამ ნაბიჯში, მგონი, სრულიად გარკვეულია ის, თუ რას ნიშნავს თანამდებობების არდატოვება. კოალიციის წევრები აგრძელებენ ერთად ყოფნას, სანამ ამ პარლამენტის ვადა არ გავა, ეს არის და ეს.
_ რა საარჩევნო პერსპექტივები აქვთ პარტიებს კოალიციის შიგნით და გარეთ?
_ ვიმეორებთ იმას, რაც უკვე „რესპუბლიკელებთან“ დაკავშირებით ვთქვით. თუკი ამომრჩევლის გულის ოქროს გასაღები იპოვეს, ყველა ძალას აქვს შანსი, რომ ძალიან მცირე ხანში საჭირო ხარისხის რეიტინგი მიიღოს.
თუკი ისევე დარჩნენ, როგორც დღეს არიან, რასაკვირველია, გაუჭირდებათ არათუ ბარიერის გადალახვა, არამედ პოლიტიკაში თავისი ადგილის შენარჩუნება. მერე შეიძლება არც ოპოზიციად აღარ დასჭირდეს არავის.
ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია მათთვის ამ არატიპურ სიტუაციაში (ალბათ, ელოდნენ, რომ კოალიციურ თანამშრომლობას გააგრძელებდნენ) თითოეული მათგანი როგორ მოძებნის თავის ადგილს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში.
_ იგივე დამოკიდებულება ვრცელდება თუ არა „ნაციონალებზე“, „თავისუფალ დემოკრატებზე“, ნინო ბურჯანაძის პარტიაზე?..
_ ნინო ბურჯანაძის პარტია ყოველთვის ყურადღებას იმსახურებდა. ეს, ძირითადად, ლიდერის ფიგურის გამო ხდება, ბურჯანაძე მძიმეწონოსანი პოლიტიკოსია. ოღონდ მათზეც, ჯერჯერობით, იგივე ითქმის, რაც სხვებზე.
ჩემი აზრით, ამ პარტიაშიც ნაკლები აქტივობაა. ლიდერის პოტენციალის რეალიზაციას კი ცოტა მეტი მოქმედება სჭირდება.
შესაბამისი აქტიურობის შემთხვევაში, ბურჯანაძის პარტიასაც პერსპექტივები აქვს.
ანალოგიურად შანსი აქვს ირმა ინაშვილის ახალგაზრდა პარტიას, „პატრიოტთა ალიანსს“. ანუ, ჯერჯერობით, პერსპექტივა ყველას აქვს.
ოღონდ, ამ მხრივ, ცოტა ნაკლები უნდა ითქვას „ნაციონალებზე“, რადგან ბევრი სხვისგან განსხვავებით, „ნაციონალებს“ ქართული პოლიტიკური სივრცე იცნობს და „ნაციონალებმა“ ამ ხნის განმავლობაში ვერ მოახრხეს, ოდნავ მაინც შეეცვალათ საზოგადოების მხრიდან მათდამი დამოკიდებულება.
უკმაყოფილება იყო მათი აგრესიულობის გამო, ეთიკის ნორმებს ხშირად არღვევდნენ და ა. შ. მაგრამ „ნაციონალებმა“ ასეთივე სტილით გააგრძელეს მუშაობა. დღესაც მსგავს რეჟიმში აგრძელებენ და ეს ის აქტივობაა, რომელიც შეიძლება უარესი შედეგის მომტანი იყოს.
ჩუმად რომ ყოფილიყვნენ და ხალხს, მეტ-ნაკლებად, დავიწყებოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ პარტიის შეცდომები, შეიძლება ამით მათთვის უფრო სასარგებლო ფონი შექმნილიყო.
_ „თავისუფალ დემოკრატებს“ რაც შეეხება?..
_ მათაც აქვთ შანსი, ისევე როგორც, მეტ-ნაკლებად, ყველას. ახლა ერთნაირი ფორმულით რატომ გპასუხობთ: ძალიან ხშირად ასეთი პროგნოზები ამის ხარჯზე კეთდება ხოლმე, _ ანალიტიკოსი დაითვლის, თუ რა პოლიტიკური განწყობილებებია საზოგადოებაში უფრო აქტუალური და შესაბამისად, რომელი პოლიტიკური პარტია პასუხობს აღნიშნულ განწყობილებებს.
საქართველოში ეს ცოტა ძნელი ამბავია, რადგან აქ უკვე დიდი ხანია, პოლიტიკური პლატფორმა ბევრს არაფერს ნიშნავს _ პარტიას მხარს უჭერენ არა იმიტომ, რომ მისი პლატფორმა მოსწონთ, არამედ რაღაც ბევრი სხვა მოტივით, რომელშიც პოლიტიკური პლატფორმა არაფერ შუაშია. ანუ ხმაურიანი განცხადებით, შთაბეჭდილების მოხდენის უნარით და ა. შ.
ამომრჩევლის ასეთი დამოკიდებულების ფონზე, რასაკვირველია, შთაბეჭდილების მოხდენას ვადა თითქმის არ აქვს. ძალიან მცირე ვადებშიც შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება მოახდინო, რომ ამომრჩევლის შენდამი დამოკიდებულება გაათმაგდეს. და ეს არ არის პრობლემა.
რახან ქართული პოლიტიკისთვის პოლიტიკური პლატფორმების ჭიდილი დიდად დამახასიათებელი არ გახლავთ, ამიტომ შთაბეჭდილების მოხდენის შანსი ყველას დაახლოებით ერთნაირი აქვს.
გერა მამულაშვილი